გიგა კობალაძე:„რუსეთი საავტორო უფლებებშიც ცდილობს გავლენის მოპოვებას!“

„საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია“ ქვეყანაში ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე საავტორო და მომიჯნავე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ მართვას ახორციელებს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ასეთი ტიპის ორგანიზაციები მართავენ საავტორო უფლებებს, რაც ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, წარმოადგენენ ავტორებს, ამ ავტორების სახელით გასცემენ ნებართვას გამომყენებელზე, მეორე მხრივ კი, ამ ლიცენზიის საფუძველზე, გამომყენებლებს საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ტარიფების შესაბამისად ახდევინებენ ჰონორარს, რასაც უნაწილებენ ავტორებს.
„საავტორო უფლებათა ასოციაციის“ ხელმძღვანელობა ბოლო პერიოდში რუსულ საფრთხეზე საუბრობს.
როგორც ჩანს, რუსეთი მოსკოვში მოღვაწე ქართველი მომღერლების სახელით ცდილობს, საერთაშორისო არენაზე საქართველოს, საავტორო უფლებების მიმართულებით, რეპუტაცია შეულახოს.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ თავმჯდომარე გიგა კობალაძე:
_ „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია“ 1999 წელს დაარსდა, თუმცა ასოციაციამ აქტიური მუშაობა 2012 წლიდან დაიწყო. 2015 წლიდან საავტორო უფლებების დაცვის მიმართულებით ჩვენი ორგანიზაცია რეგიონში ლიდერის პოზიციაზეა, რაც ჩვენი მუშაობის ღია და გამჭვირვალე პროცესმა მოიტანა. ჩვენი ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობა არის ის, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებით დაცული ობიექტების გამომყენებლებზე გამოყენებისთვის გავცეთ ლიცენზიები, რის საფუძველზეც უნდა შევაგროვოთ ჰონორარი და შემდეგ იგი გავუნაწილოთ უფლების მფლობელებს, ავტორ-შემსრულებლებს. ეს ორგანიზაცია მოქმედებს არა მარტო საქართველოს მოქალაქე ავტორების სახელით, არამედ მთელი მსოფლიოს ავტორთა და შემსრულებელთა სახელით. ამ შემთხვევაში აქ მოქმედებს ტერიტორიულობის პრინციპი და საქართველოს ტერიტორიაზე ეს ორგანიზაცია ვალდებულია, რომ წარმოადგინოს და დაიცვას მთელი მსოფლიოს რეპერტუარი.
_ როგორ, რა ფორმით?
_ ეს ხდება მარტივი სქემის მიხედვით: ყველა ქვეყანაში არსებობს მსგავსი ტიპის ორგანიზაციები, რომელთაც ერთმანეთთან გაფორმებული აქვთ ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები. ამ ხელშეკრულებების საფუძველზე იღებენ ვალდებულებას, რომ საკუთარ ტერიტორიაზე წარმოადგინონ დანარჩენი მსოფლიოს რეპერტუარი. მსგავსად ჩვენ გვაქვს გაფორმებული 210 ასეთი ხელშეკრულება, რომლითაც ვფარავთ თითქმის მთელ მსოფლიოს და 5 მილიონზე მეტ უფლების მფლობელს. მათი სახელით ვმოქმედებთ საქართველოს ტერიტორიაზე, გავცემთ ნებართვებს, ანუ ლიცენზიებს და ვაგროვებთ ჰონორარებს. გარკვეული ჰონორარი რჩება საქართველოში და ქართველ ავტორ-შემსრულებლებზე ნაწილდება, რომლებიც არიან ამ ორგანიზაციის წევრები. ასეთია, დაახლოებით, ადგილობრივი 2000 წევრი და ჰონორარის ნაწილი იგზავნება იმ ორგანიზაციებში, რომლის წევრებიც არიან ამა თუ იმ ქვეყნის ავტორები. უკვე 20 წელი შესრულდა, რაც ეს ორგანიზაცია არსებობს, თუმცა განსაკუთრებით აქტიური გახდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც შეგროვებული ჰონორარის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად, სტატისტიკურად თუ ვიტყვით, მთელი 12 წლის განმავლობაში, 1999-იდან 2012 წლამდე, საშუალოდ, წელიწადში გროვდებოდა 250 ათასი ლარი ჰონორარის სახით და 2018 წელს შევძელით 5 მილიონ 100 ათას ლარამდე შეგროვება. დაახლოებით, 20-ჯერ გაიზარდა შეგროვებული და გადახდილი ჰონორარის ოდენობა.
_ ლიცენზიას რა სეგმენტზე გასცემთ?
_ ჩვენი ორგანიზაცია ერთადერთია, რომელსაც კანონით აქვს მინიჭებული ეს სტატუსი და აბსოლუტურად ყველა სფეროს მოიცავს. ჩვენ ლიცენზიებს გავცემთ, დაახლოებით, 45 სეგმენტზე, ვინც იყენებს საავტორო და მომიჯნავე უფლებას. ეს არის კაფე-ბარები, რესტორნები, სასტუმროები, თეატრები, კინოთეატრები, კონცერტები, ტელეკომპანიები, რადიო-კომპანიები და ა. შ. როდესაც გავცემთ ლიცენზიას, ეს კომპანიები დაწესებულ საფასურს იხდიან და ინფორმაციას გვაწვდიან გამოყენებული ნაწარმოებების შესახებ. თუ მუსიკაზე ვისაუბრებთ, მაგალითად, რესტორანმა, რომელმაც პირობითად გადაიხადა 100 ლარი, ის გვაწვდის ინფორმაციას, თუ რომელი მუსიკალური ნაწარმოებები გამოიყენა ე. წ. ლაივ შესრულებისას.
_ რესტორნებს ან თუნდაც ბარებს ეს ყველაფერი აწყობთ?
_ ეს არის კანონის მოთხოვნა. თავიდან თანამშრომლობა მძიმედ მიდიოდა, სანამ ცნობიერება დაბალი იყო და ინფორმაცია არ ჰქონდათ, თუმცა 2-3 წელი შევალიეთ იმას, რომ ეს ინფორმაცია ყველასთან მიგვეტანა, აგვეხსნა და შემდგომში უკვე თანამშრომლობა დაიწყეს. დღეს ობიექტის გახსნამდე წინასწარ გვიკავშირდებიან და ლიცენზიას იღებენ, რომ კანონი არ დაარღვიონ.
_ თუმცა არის რესტორნები და ბარები, რომლებსაც არანაირი ხელშეკრულება თქვენს ორგანიზაციასთან არ აქვთ დადებული და მღერიან იმას, რასაც მოისურვებენ. ამ შემთხვევაში რა ხდება?
_ ასეთი ადგილი ბევრი აღარ არის. თბილისი და აჭარის რეგიონი თითქმის ამოწურულია. ბუნებრივია, დრო გვჭირდება, რომ ყველასთან გავაფორმოთ ხელშეკრულება და გავცეთ ლიცენზია
_ ლიცენზიის არქონის შემთხვევაში რა ბედი ელის ამა თუ ობიექტს, ანუ ჯარიმდებიან?
_ წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ რიგში, ეს ითვლება კანონდარღვევად და მივდივართ სასამართლოში. დაახლოებით 50-70 სასამართლო პროცესი გვაქვს ხოლმე წლის განმავლობაში და სასამართლო აწესებს ჯარიმას (კომპენსაცია), რომელიც საკმაოდ მაღალია. კანონით კომპენსაცია არის, მინიმუმ, ათმაგი ოდენობა იმისა, რასაც მოსარგებლე გადაიხდიდა, კანონი რომ არ დაერღვია.
_ დაახლოებით რა რაოდენობისაა ის თანხა, რომელსაც მოსარგებლეები იხდიან?
_ სეგმენტების მიხედვითაა. რესტორნებს ერთი დათვლის მეთოდოლოგია აქვთ, სასტუმროებს _ მეორე დათვლის მეთოდოლოგია, რადიოებს _ მესამე და ა. შ. გადახდა ტარიფების მიხედვით ხდება.
_ თქვენ წამოიწყეთ კამპანია #არაინტელექტისოკუპაციას. სად და რა ფორმით ხედავთ საფრთხეებს?!
_ ისტორია დაიწყო 2017 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთის ავტორთა საზოგადოებამ (RAO) დააფუძნა ევრაზიის უფლების მფლობელთა საზოგადოებების კონფედერაცია (EACOP). რუსეთმა კონფედერაციაში შეიყვანა ხუთი ქვეყანა: აზერბაიჯანი, სომხეთი, ხაზახეთი, ყირგიზეთი და ბელარუსი. პარალელურ რეჟიმში RAO-მ შექმნა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების საკოორდინაციო ცენტრი (IP CHAIN), რომელმაც კონფედერაციის წევრ ქვეყნებში შეგროვებული ჰონორარისა და ამ ჰონორარის მფლობელთა შესახებ ინფორმაციის გაკონტროლება დაიწყო.
ევრაზიული კავშირი EACOP-ი დაფუძნდა ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის (CISAC) საპირწონედ და კონკურენტად. CISAჩ-ი წარმოადგენს მუსიკის სფეროში მსოფლიო გაერთიანებას, რომელშიც გაწევრიანებულია მსოფლიოს 239 ორგანიზაცია და საქართველოც მისი წევრია.
EACOP-ის დაფუძნების შემდეგ რუსეთმა, მასში გაწევრიანების მიზნით, ზეწოლა დაიწყო საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციზეც (GCA). მოლაპარაკებას აწარმოებდა და თბილისში, ოთხკაციან ამალასთან ერთად, პირადად შემხვდა ანდრეი კრიჩევსკი, რომელიც ერთდროულად არის RAO-ს, EACOP-ის, IP CHAIN-ისა და კიდევ რამდენიმე, ამ სფეროში მოქმედი რუსული კომპანიის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი. ამაში მას ეხმარებოდა კიდევ ერთი, RAO-ს ქუდქვეშ შექმნილი რუსული ორგანიზაციის (FONMIX) ქართველი წარმომადგენელი, ალექსანდრე (ბაკუნა) გვარიშვილი, რომელიც ასევე რამდენჯერმე შემხვდა ამ მიზნით. ეს ბატონები დაჟინებით ცდილობდნენ ჩემს დარწმუნებას, რომ გვესარგებლა IP CHAIN-ის ტექნიკური მხარდაჭერით და შევსულიყავით ევრაზიულ კავშირში, რაზედაც, რა თქმა უნდა, უარი მიიღეს, რადგან ამით შესუსტდებოდა საქართველოს, როგორც რეგიონში ლიდერი ქვეყნის როლი მსოფლიო არენაზე და განვითარების არსებული დინამიკა შეფერხდებოდა და უკუსვლის პრინციპით.
უარით გაღიზიანებულმა რუსეთმა უკვე მრავალგზის ნაცად, ციხის შიგნიდან გატეხის მეთოდს მიმართა. დასაყრდენად ალექსანდრე (ბაკუნა) გვარიშვილის დახმარებით მოძებნა რუსეთის მიმართ სენტიმენტურად განწყობილი ქართველი მომღერლები, დავით ხუჯაძე და აჩი ფურცელაძე, რომელთა მეშვეობითაც დაიწყო ჩვენი დისკრედიტაცია და ამ გზით საავტორო უფლებების სფეროში არეულობის შეტანა. ამ ბატონებმა დააფუძნეს ორგანიზაცია, რომელმაც თითქოს უნდა მართოს ქართველი მუსიკოსების საავტორო უფლებები და შეაგროვოს მათი ჰონორარი, რაც, სხვა ფაქტორებს რომ თავი დავანებოთ, შეუძლებელია თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ორგანიზაციას ამის იურიდიული უფლებამოსილება არ გააჩნია. სატელევიზიო ინტერვიუებში ეს ბატონები არც მალავენ ამ ორგანიზაციის რუსულ ფესვებს, მეტიც, მიიჩნევენ, რომ რუსეთი უკეთ შეძლებს ქართველთა ჰონორარის შეგროვებას. დაიწყო ინფორმაციის გავრცელება, რომ თითქოს ჩვენ არ ვმუშაობთ გამართულად, გამჭვირვალედ და ა. შ. არადა, სწორედ გამჭვირვალობაა ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, რის გამოც ასოციაცია დღესდღეობით პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ლიდერის პოზიციას იკავებს და ბევრი კომპონენტით არ ჩამოუვარდება ევროპის მრავალ ქვეყანასაც.
სიტუაციის სიმძაფრიდან გამომდინარე, საჭიროდ მიმაჩნია, რეალური ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას და ყველა ხელოვანს, ვინც შეიძლება აღმოჩნდეს რუსული პროპაგანდის მსხვერპლი და დაიჯეროს ეს სიცრუე.
საავტორო უფლებების სფეროში რუსული ინტერესების გატარება ნიშნავს უკვე არსებული სისტემისთვის გამოუსწორებელი დარტყმის მიყენებას და პირველ რიგში ქვეყნის იმიჯის შელახვას როგორც ჩISAC-ის, ასევე მთლიანად ევროპული თანამეგობრობის თვალში, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. გარდა ამისა, ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ჰონორარის შეგროვების პროცესზე და ამ ჰონორარის დრამატულად შემცირებას გამოიწვევს. რუსეთმა ეს 2013 წელს უკვე გააკეთა უკრაინაში, რაც, სამწუხაროდ, შეძლო და უკრაინა დღემდე იმკის შედეგებს.
უკრაინის საავტორო უფლებების ორგანიზაცია (UACRR) 2013 წლამდე რეგიონში ლიდერის პოზიციაზე იყო. რუსეთმა, ზუსტად იგივე მეთოდების გამოყენებით, უკვე არსებული ორგანიზაციის დასუსტების მიზნით, შეძლო უკრაინაში კანონის შეცვლა და შექმნა თავდაპირველად ორი, ხოლო, საბოლოო ჯამში, 19 დამატებითი ორგანიზაცია, რომელმაც ხელოვნურად შეამცირა ტარიფები და რასაც სიტუაციის უკიდურესად გაუარესება და შეგროვებული ჰონორარის ათჯერ შემცირება მოყვა. შედეგად, უკრაინამ არათუ დაკარგა ლიდერის პოზიცია, არამედ აღმოჩნდა ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყანათა შორის.
მჯერა, რომ გვეყოფა გონიერება, გავითვალისწინოთ უკრაინის მაგალითი და თავიდან ავიცილოთ ინტელექტუალური საკუთრების ოკუპაცია.

გიორგი საკარული