ლარის გარდაცვალების ანატომია _ რატომ არაფერს აკეთებს ხელისუფლება ეროვნული ვალუტის გადასარჩენად?

ეროვნული ვალუტა კომაშია. ზოგადად, ლარმა გაუფასურება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დამთავრებისთანავე დაიწყო, წლევანდელი 19 მაისის შუალედური არჩევნების შემდეგ კი გაუფასურების ყოველგვარი რეკორდი მოხსნა. პოლიტიკურ წრეებში დადის ხმა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება გაგრძელდება, რაც, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ ერთი დოლარი სამი ლარი გახდება. ყველაფერ ამაზე პასუხისმგებლობას, წესით და რიგით, ხელისუფლება უნდა იღებდეს, მაგრამ საქართველო ხომ პარადოქსების ქვეყანაა. ჰოდა, ისიც პარადოქსია, რომ მმართველი გუნდი ლარის გაუფასურებას მშიერ ხალხს აბრალებს, ანუ „ოცნების“ „ვერხუშკაში“ ამბობენ, _ აი, მოსახლეობა კურსით მუდმივად რომ ინტერესდება, ლარი ამიტომაც უფასურდებაო.

ხელისუფლება ლარის გაუფასურების კიდევ ერთ მიზეზად გარე ფაქტორებსა და მძიმე მემკვიდრეობასაც ასახელებს. ასე, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლისას, პრემიერმა ბახტაძემ სიტყვა-სიტყვით განაცხადა:
„ჩვენ ვიმკით ძალიან მძიმე მემკვიდრეობის შედეგებს. საქართველო არის მცირე ეკონომიკა და ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ჩვენ ისტორიულად გვერგო, არის ის, რომ ქვეყანა კატასტროფულად იყო დამოკიდებული იმპორტზე. ამას უწოდებენ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს და ჩვენ გვქონდა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პარამეტრი მსოფლიოში. როდესაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 12 და 13%-ია, წარმოუდგენელია, სიღარიბის დაძლევაზე ვისაუბროთ… ამ პრობლემას დაემატა მეორე – უპასუხისმგებლობა, ეს იყო დოლარიზაციის მაღალი განაკვეთი. საქართველოში, ფაქტობრივად, ყველა სესხი დოლარში გაიცემოდა. ამან გამოიწვია ის, რომ თითოეული ჩვენგანისთვის ყოველდღიური ცხოვრების წესად იქცა, ვუყურებთ რა არის კურსი. ეს აისახება ნეგატიურად“.

რეალურად, რა ხდება _ რატომ უფასურდება ლარი და ეშველება თუ არა რამე ეროვნულ ვალუტას? _ „ქრონიკა+“ საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სენსიტიურ თემაზე ეკონომიკის დოქტორს, „ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემიის“ დამფუძნებელ რატი აბულაძეს ესაუბრა:
_ 2012 წლიდან მოყოლებული, ლარის გაუფასურება აღარავის უკვირს, მაგრამ ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტა, პრაქტიკულად, გაკუპონდა. ხელისუფლება ამას თურქული ლირის გაუფასურებითა და ლარის ე. წ. თავისუფალი ცურვით ხსნის, ოპოზიცია კი ყველაფრის მიზეზად 19 მაისის არჩევნებს ასახელებს. რატი, რეალურად, რა ხდება, ლარმა გაუფასურების ისტორიულ ნიშნულს რატომ მიაღწია?
_ 2019 წელი ლარის კურსისთვის ცუდად დაიწყო. ყოველდღე ვხედავთ მცირე, თუმცა გაუფასურების დინამიკას, რომელიც „წითელ ხაზებს“ უახლოვდება.
აღსანიშნია მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოკლევადიანი რყევებიც, რაც შეშფოთების საფუძველია.
ლარის კურსის ცვალებადობაზე მოქმედი ფაქტორებიდან შეიძლება გამოვყოთ: ქვეყნის საგადასახდელო ბალანსი, პოლიტიკური არასტაბილურობა, სახელმწიფო ვალი, საპროცენტო განაკვეთები და მოლოდინები, როცა კურსის ცვლილებები ეკონომიკის საწყისებს არ ეფუძნება. გასათვალისწინებელია რეზერვების დაგროვების პროცესისა და უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე გაზრდილი მინიმალური სარეზერვო ნორმის გავლენაც. ასევე გასათვალისწინებელია უცხოურ ვალუტებზე დამოკიდებულება, ლოკალური თუ გლობალური ფაქტორები.
ბუნებრივია, მიზეზების ძებნას ყოველთვის პროცესის რაღაც ფორმით გამართლებისკენ მივყავართ, თუმცა ვერანაირი შეფასება ვერ გადაფარავს იმ რეალობას, რაც არის _ გაუფასურებული ლარი, გაძვირებული პროდუქტი, სოციალური უიმედობა „გადაღლილი“ მმართველობითი გარემოსა და გლობალური გამოწვევებისადმი მოწყვლადობის გამო.
_ ხელისუფლებას აქვს თუ ლარის გადარჩენის ბერკეტი?
_ მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასა და მმართველობით საქმიანობაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ლარის პროფილი. მხედველობაში მისაღებია ეკონომიკური აქტივიზაცია, უცხოური ვალუტის წყაროები (ინვესტიციები, კრედიტები, გრანტები, ექსპორტი, გზავნილები), მონეტარული ინექცია, სავალუტო რეზერვები, სავიზო რეჟიმის შემსუბუქება, ტურიზმის ზრდა.
თავის მხრივ, აღსანიშნია ეროვნული ბანკის ხელში არსებული ინსტრუმენტებიც: სახაზინო ფასიანი ქაღალდები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, თუმცა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკური და მმართველობითი გარემოს ეფექტიანი მუშაობის გარეშე ვერაფერს გახდება.
_ ლარის გაუფასურებას მოჰყვება თუ არა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე და, ზოგადად, ფასების ზრდა?
_ ჩვენი სამომხმარებლო პროდუქციის დიდი ნაწილი იმპორტირებულია, რომლის ადგილობრივით ჩანაცვლების რესურსი მცირეა. შესაბამისად, გაცვლითი კურსის ცვლილების გადაცემა ფასებსა და ტარიფებზე ხდება. თუ რყევები მოკლევადიანი არ იქნა, ვალუტის კურსის გაუფასურება გავლენას იქონიებს საწვავისა და ყოველდღიური მოთხოვნის პროდუქციის ფასის ზრდაზე. ფასების ზრდის თანმდევი შედეგები კი მძიმედ აისახება საზოგადოების სოციალურ მდგომარეობაზე.
გასათვალისწინებელია, რომ კურსისა და ფასის „უწესრიგობა“ საზოგადოების ვნებათაღელვის საფუძველია. როდესაც საწვავზე, ენერგომატარებლებსა და საკვებ პროდუქტებზე ფასები იზრდება, ეს გავლენას ახდენს ცხოვრების, ბიზნესის კეთების ხარჯზე, სესხის პროცენტზე, იპოთეკური კრედიტის დანახარჯზე, ნებისმიერ ეკონომიკურ ასპექტსა და მთლიან ეკონომიკაზე.
მხოლოდ ვალუტის კურსის, ასევე საწვავის ფასის სტაბილურობა და განსაზღვრულ დიაპაზონში „მერყეობა“ ქმნის საზოგადოებისა და ეკონომიკის განვითარების პირობებს.
_ ამ ფონზე უნდა გადაიხედოს თუ არა 2019 წლის ბიუჯეტი?
_ აღსანიშნია, რომ 2019 წლის ბიუჯეტში სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობის გადაანგარიშებისას გამოყენებული კურსი, დღეს არსებულ კურსთან შედარებით, საგრძნობლად დაბალია. ამიტომ თუ ლარის კურსის მოქცევა განსაზღვრულ დიაპაზონში არ მოხერხდა, სავალუტო კურსის ცვლილება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ვალის მოცულობაზე, რაც, ბუნებრივია, ცალკეული მაჩვენებლის კორექტირების საფუძველი უნდა გახდეს, თუმცა ქვეყანაში ზოგადად სტრატეგიული დოკუმენტების გადახედვისა და კორექტირების პრაქტიკა სუსტია.
_ სამთავრობო ხარჯების შემცირება ლარს გაამყარებს?
_ მთავრობის საბიუჯეტო ხარჯების შემცირების ღონისძიებები, ე. წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკა, ერთ-ერთი აქტივობაა, რომელსაც უფრო ქართული ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მოაქვს პოლიტიკური დივიდენდები, ვიდრე _ ლარის გამყარების პროცესზე გავლენისთვის. ამიტომ იმაზე საუბარს, რომ ბიუჯეტის ფული „რომელი ჯიბიდან“ გაიხარჯება, სჯობს, მუშაობა ეკონომიკის აქტივიზაციისა და ბიუჯეტში შემოსავლის მიღების ახალი წყაროების შექმნაზე დაიწყოს.
_ ლარის გაუფასურების თანმდევი ყველაზე ნეგატიური შედეგი რა შეიძლება იყოს?
_ კურსის გაუფასურება აისახება ფასების ზრდაზე. ფასის ზრდა იწვევს ვაჭრობის მოცულობის, ბიზნესის მოგების შემცირებას, მწარმოებლურობის დაცემას. ფასების ზრდა ჭამს მოსახლეობის შემოსავლებს.
კურსის გაუფასურებით ზარალდება როგორც საზოგადოება, ისე ბიზნესი და სახელმწიფო (გამონაკლისია ბანკები). არაპროგნოზირებადი ფინანსური სივრცე გავლენას ახდენს ინვესტორების ინტერესებსა და საინვესტიციო პროექტებზეც.
თეორიულად, კურსის გაუფასურება ექსპორტის ზრდაზე ახდენს გავლენას, თუმცა საქართველოში საექსპორტო პოტენციალის მქონე ბიზნესიც ზარალობს.
ჯამში, ლარის გაუფასურება ხალხისთვის დიდ პრობლემებს ქმნის და გამოსავალს ახალ პოლიტიკურ მოცემულობასა და ახალი ეკონომიკური პოლიტიკის შექმნაში ვხედავ.
დღეს ქვეყანას სჭირდება: პოლიტიკური სიტყვის ფასის გაზრდა, ხოლო საწვავისა და საკვების ფასის _ შემცირება!
_ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ქვეყანაში არასაიმედო საინვესტიციო გარემოსაც ქმნის. ამის გამო ინვესტიციების შემცირებას ხომ არ უნდა ველოდოთ?
_ ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ქართული საინვესტიციო გარემო მიმზიდველია, თუმცა ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური პლატფორმა სათანადოდ ვერ მუშაობს. ამის შედეგია შემცირებული ინვესტიციები (პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ 2018 წელს 1.232 მლნ. დოლარი შეადგინა).
ინვესტორებს უყვართ პროგნოზირებადი გარემო, ანუ გარემო, სადაც ფინანსური, ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოს მიმართ ნდობა მაღალია.
ინვესტორების აქტივობაზე გავლენას ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა და განსაზღვრული „თამაშის წესები“, რომელიც სტიმულირებს ბაზარს, ბიზნესს, ინოვაციას; განსაზღვრავს დარგის განვითარებისთვის საჭირო ეკონომიკურ სტიმულებს; აფართოებს საერთაშორისო სავაჭრო გარემოს და ქმნის კაპიტალდაგროვების შესაძლებლობებს. ასევე აღსანიშნია საგარეო ვალის სიდიდე და მის მომსახურებაზე გადახდილი თანხები.
რაც უფრო დიდია მომსახურებაზე გადახდილი თანხები, მით მეტი რესურსი აკლდება ინფრასტრუქტურულ პროექტებსა თუ სხვა პროგრამების დაფინანსებას, რაც, ჯამურად, საზოგადოებას აკლდება.
ამასთან აღვნიშნავ, რომ საქართველოში როგორი პროგნოზირებადიც საფინანსო სექტორია, ისეთივე პროგნოზირებად ეკონომიკისა და პოლიტიკის შექმნას თამამი ცვლილებები სჭირდება.
_ ზოგადად, რა აფერხებს საქართველოში ეკონომიკის განვითარებას?
_ ეკონომიკის განვითარებაზე გავლენას ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა, სამთავრობო პროგრამების განხორციელება, პროექტების შესრულება, პოლიტიკური და მმართველობითი რესურსის პროდუქტიულობა.
აღსანიშნია, რომ ქვეყანაში გვყავს ძლიერი პოლიტიკური და მმართველობითი რესურსი, როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციურ და საზოგადოებრივ სივრცეში. დასაფასებელია პოლიტიკური აქტორების სახელმწიფოებრივი ძალისხმევა. მხედველობაშია მისაღები ეკონომიკური სუვერენების როლი ქვეყნის განვითარებაში, თუმცა ქვეყნის განვითარებას განაპირობებს სწორედ პოლიტიკური ისტებლიშმენტის (ოპოზიციისა და ხელისუფლების) მუშაობა, რომლის შესაძლებლობების ზღვარი გავლებულია, სულისკვეთება კი _ სუსტი.
დღეს მსოფლიო აქცენტს კოსმოსსა და ხელოვნურ ინტელექტზე აკეთებს, ჩვენ კი სოფლებში ტრაქტორის, ბანკომატისა თუ ინტერნეტიზაციის პრობლემა ვერ გადაგვიჭრია.
პრობლემებზე როგორ შელამაზებულადაც უნდა ვისაუბროთ, ფაქტია: პრობლემები ყველა სფეროსა და ყველა ეკონომიკურ სექტორში გვაქვს. არადა, პრობლემების გადაჭრის უნარის მქონე რესურსი ან სამსახურიდან გააქციეს, ან _ ქვეყნიდან!
_ რატი, ერთ-ერთ წერილში ამბობთ, რომ საზოგადოების მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონს „პოლიტიკური ღირებულება“ აქვს. რას გულისხმობთ, ანუ მძიმე სოციალური პირობებისთვის ხელისუფლებას პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს?
_ ქვეყანაში არიან უმუშევრები და უიმედო დასაქმებულები, რომელთა შემოსავლები მიზერულია. ფაქტოლოგია ადასტურებს, რომ საქართველოში საშუალო სტატისტიკური მოქალაქის შემოსავალი ან მხოლოდ საკვებსა და გადასახადებს სწვდება, ან იმასაც ვერა.
ამასთან, რაც უფრო მძიმეა საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური ფონი, მით მარტივია მმართველობითი პროცესი, მცირეა მოთხოვნათა სპექტრი, იოლია ლეგიტიმაციის მოპოვება, ადვილია საკუთარი საკადრო პოლიტიკის შექმნა და დემოკრატიული პროცესების „ინდივიდუალიზება“. მართალია, პროტესტი და კრიტიკა არსებობს, მაგრამ ხმა სუსტი და უშედეგოა (თუმცა გარკვეულ ზღვრამდე).
როდესაც ოჯახი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება, მისი საზოგადოებრივი აქტივობა სუსტია, ვერ ვითარდება, ხელს ვერ უწყობს შვილების ნათელ მომავალს, ვერ ქმნის პროდუქტს.
სწორედ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების სიღრმე განსაზღვრავს სახელმწიფოს მართვასა და მშენებლობის პროცესში ჩართულობას, ანგარიშვალდებულებისა და ღიაობის ხარისხს, მმართველობითი პროცესების მონიტორინგისა და შეფასების მასშტაბებს. პრაქტიკულად, აღნიშნული პირი ბიუჯეტის რესურსზე ხდება დამოკიდებული. ამასთან, თითოეული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური ფონის შესაბამის პირობებს პოლიტიკური და მმართველობითი გარემო ვერ ქმნის. გარდა ამისა, მათ ძალაუფლების შედეგებსა და ეფექტიან მუშაობაზეა დამოკიდებული ოჯახების კეთილდღეობა. მხოლოდ სოციალური დახმარებებით სიღარიბე ვერ აღმოიფხვრება.
შესაბამისად, მიმაჩნია, რომ საზოგადოების მიერ უნდა გამკაცრდეს პოლიტიკური და მმართველობითი შედეგებისადმი დამოკიდებულება. ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს სახელმწიფო ინსტიტუტები. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც ვერაფერს ქმნიან, უნდა შეიზღუდონ და საზოგადოებრივი კომისიის მიერ შეფასდნენ.
აქვე მოვიშველიებ აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, რონ პოლის სიტყვებს: „თუ გინდა, რომ მთავრობა შეზღუდო, შეუზღუდე ფულის კეთების ძალაუფლება“.
_ დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, სამუშაო ადგილების შექმნის პირობას დებს, მაგრამ ეს პირობა არ სრულდება. რატომაა საქართველოში ტოტალური უმუშევრობა?
_ სამუშაო მხოლოდ ინიციატივებით, იდეების გაჟღერებითა და პოლიტიკური „კეთილხმოვანებით“ არ იქმნება.
_ აბა, სამუშაო ადგილები რით უნდა შეიქმნას?
_ სამუშაო ადგილების შექმნას სჭირდება სახელმწიფო პროგრამები, პროექტები, საზოგადოების ეკონომიკური აქტივიზაცია. ამასთან, პროგრამები და პროექტები უნდა იყოს განხორციელებული და ბოლომდე მიყვანილი.
ქვეყანას მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი აქვს ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტების, პროგრამული პროდუქტებისა და მომსახურების, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, მანგანუმისა და ქიმიური მრეწველობის პროდუქცის, უმაღლესი განათლებისა და მომსახურების სხვა სახეების ექსპორტის მიმართულებით, თუმცა საქართველოში ყველაფრის იმპორტი ხორციელდება, მათ შორის, მმართველობითი საქმიანობისაც ე. წ. აუთსორსინგის სახით. ამასთან, ქვეყანაში არაეფექტიანი პოლიტიკური და მმართველობითი საქმიანობის შედეგად ინტელექტუალები და აკადემიური სექტორი ან სამსახურიდან გარბის, ან _ ქვეყნიდან, ძირითადად, სხვა ქვეყნებში იმ მმართველობითი პროცესების განსახორციელებლად, რომლის აუთორსინგსაც ვახორციელებთ. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს ქვეყნის საკადრო რესურსით „მიზანმიმართულ“ გაღარიბებასთან.
ქვეყანაში გარკვეული რეფორმები ტარდება, თუმცა რეფორმის შედეგები არ ვიცით. სახელმწიფო უწყებები უფრო მეტად საუბრობენ ზოგადად დაფინანსებასა და ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფაზე, ვიდრე კონკრეტული პროგრამის განხორციელებაზე, რომელიც ფინანსებითაა უზრუნველყოფილი.
ამასთან, არ ვიცით თითოეული პროგრამის შედეგი და მისგან მიღებული ეკონომიკური ეფექტები.
ჩვენ გვაქვს მმართველობითი ქარიზმის, კომპეტენციებითა და პრობლემების აკადემიური მიდგომებით გადაჭრის დეფიციტი!
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სოციალური და ეკონომიკური პრობლემები ჩაშენებულია პოლიტიკურ კონტექსტში. სპორტში არსებობს ასეთი ტერმინი: „äûõàíèе“, პოლიტიკურ გარემოშიც ასეა: „äûõàíèе“ აღარ აქვთ, მალე იღლებიან და პასიურობენ. სწორედ ახალი პოლიტიკური მოცემულობის პირობებშია შესაძლებელი ეკონომიკურად და სოციალურად ძლიერი საზოგადოების შექმნა.
_ ოდესმე ლარი იმ ნიშნულს თუ დაუბრუნდება, რაც, ვთქვათ, 2012 წლამდე იყო?
_ კი, დაუბრუნდება, თუ ეკონომიკასა და ეკონომიკურ რიტმში რევოლუციას მოვახდენთ.
საზოგადოების აქტივიზაცია, ქვეყნის განახლება-გარემოს გამოცოცხლება და ლარის გამყარება ახალი პოლიტიკური არქიტექტორებითა და ახალი პოლიტიკური მოცემულობითაა შესაძლებელი.
_ ისე, ლარის გაუფასურება არის თუ არა ეროვნული ბანკის კისერზე?
_ საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული, ტექნიკური და მეთოდოლოგიური ხასიათის მიდგომები ეკონომიკურად და მორალურად მოშლილი მოცემულობის შეცვლისთვის საკმარისი არასდროს იქნება.
ლარის კურსზე პასუხისმგებლობა თანაბრად ეკისრება ეროვნულ ბანკს, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს. რადგან: პარლამენტი განსაზღვრავს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს; ეროვნული ბანკი, პარლამენტის მიერ განსაზღვრული ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკით ახდენს ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შენარჩუნებას. ასევე მის ხელთ არსებული მონეტარული ინსტრუმენტებით უზრუნველყოფს ფასების სტაბილურობას; მთავრობა, ეკონომიკური პოლიტიკით ქმნის ეროვნული ვალუტის სიჯანსაღის პირობებს.
აღვნიშნავ, რომ ეროვნული ბანკის ძალისხმევის შედეგად შეიცვალა გარემო, სადაც კრედიტორები უფრო მომგებიან მდგომარეობაში იყვნენ მოქალაქეების გაკოტრებით, ვიდრე მისი გადახდისუნარიანობით. დასაფასებელია მისი ნორმატიული აქტივობები (გარკვეული ნორმატიული ცოდვების გარდა), თუმცა ასევე ყურადსაღებია შემდეგი გარემოება:
მედიაში ხშირად ჟღერდება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირთა შეფასებები, რომლის მიხედვითაც, ლარის კურსის გაუფასურების ფუნდამენტური მაკროეკონომიკური საფუძვლები არ არსებობს. ამის მიუხედავად, კურსი მაინც უფასურდება, თან დინამიკაში.
ისმება ლეგიტიმური კითხვა: რა ხდება? როდესაც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია სპეკულაციურ შეტევებზე, რატომ არ შეისწავლია მას? კომისიის მიერ ასეთი მიზეზების შესწავლა და კონკრეტული დასკვნების გაკეთება ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია.
_ ხელისუფლება ამბობს, რომ ლარის კურსზე საინფორმაციო შეტევა ახდენს გავლენას. ასეა?
_ საინფორმაციო გარემოს როლი მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ქვეყნის ფინანსური გარემოს გამოწვევების დაძლევაში (ისევე, როგორც სხვა სახელმწიფოებრივი პრობლემების წამოწევასა და დაძლევაში). სწორედ საინფორმაციო გარემოს აქტივობის დამსახურებაა, რომ სახელმწიფო მყისიერად ახდენს რეაგირებას ეკონომიკურ და პოლიტიკურ გამოწვევებზე. საინფორმაციო გარემო ქმნის პირობებს, რომ მთავრობამ გაითვალისწინოს საზოგადოების იდეები და რეკომენდაციები. ამასთან, თავის მხრივ, მმართველობით და პოლიტიკურ გარემოს მოდუნებისა და პასიურობის შესაძლებლობას არ აძლევს.
ლარის კურსზე გავლენას ახდენს არსებული ეკონომიკური პოლიტიკა, სავაჭრო შეთანხმებები, ეკონომიკური და პოლიტიკური კონფრონტაცია, პოლიტიკური და მმართველობითი გარემო.
საზოგადოების მოლოდინებსა და ნდობაზე გავლენას ახდენს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირთა საქმიანობის შედეგები, ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა, სახელმწიფოს ძირითადი პრობლემების მასშტაბები და გადაჭრის შესაძლებლობები.
_ დედოლარიზაცია, რაც ხელისუფლებამ ზარზეიმით დაიწყო, ლარის გადარჩენის ერთ-ერთი გზაა?
_ დედოლარიზაცია ლარის გამოყენების ზრდის პროცესია. იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტისადმი ნდობა და მისი გამოყენება გაიზარდოს დოლართან მიმართებით, ადგილი არ უნდა ჰქონდეს მკვეთრ მერყეობებს, ინფლაცია ზომიერი უნდა იყოს, თუმცა ეროვნულ ვალუტაში დომინირებას ზრდის მთავრობისადმი ნდობის ზრდაც.
ლარის გადასარჩენად რეგულირების გზები არასაკმარისია. უცხოურ ვალუტაზე რომ არ ვიყოთ დამოკიდებული, საჭიროა ქვეყნის ეკონომიკური აქტივიზაცია. ასევე საჭიროა შევქმნათ იმდენი პროდუქტი და მომსახურება, რომელიც ადგილობრივ მოთხოვნასაც დააკმაყოფილებს და ექსპორტზეც გავა, რაც შეამცირებს ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულებას სხვა ქვეყნებზე და გაზრდის სხვა ქვეყნების დამოკიდებულებას ჩვენს ქვეყანაზე. ეს კი ეროვნული ვალუტის ძლიერებას უწყობს ხელს.
ჯამში, ლარის, ეკონომიკის, ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გამოსავალი საზოგადოების მიერ ახალი პოლიტიკური მოცემულობის ფორმირებაა. სწორედ ახალი პოლიტიკური არქიტექტორების მიერ ახალი პოლიტიკური ვექტორებით არის შესაძლებელი ქვეყნის განახლება. სწორედ მათ მიერ, თითოეულ დარგში ქმედითი რეფორმებისა და პროგრამების გატარებით არის შესაძლებელი, განმტკიცდეს სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერე და მოგვარდეს საქართველოს ძირითადი პრობლემები: სიღარიბის აღმოფხვრა და ტერიტორიების დაბრუნება.

გიორგი აბაშიძე