გურამ ლურსმანაშვილი: „გავწევრიანდით საბჭოში, რომლის წევრებსაც საერთოდ არ სწამთ ქრისტე ღმერთი და მოსკოვიდან იმართებიან“

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცალკეული მესვეურების რუსული ინტერესების შესახებ არაერთხელ თქმულა. ამჯერად ამ თემას ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრიზმაში განვიხილავთ. აღნიშნულ საკითხზე „ქრონიკა+“-ს თეოლოგი გურამ ლურსმანაშვილი ესაუბრა:

_ საზოგადოების ფართო ფენებისთვის, მრევლის უმეტესობისთვის, ჯერაც ბურუსით მოცული რჩება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს (ემს) დატოვების მოტივაცია. ამ ინტერვიუში ვრცლად შევეხოთ თემას.
_ სანამ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს დატოვებაზე ვისაუბრებთ, უპრიანი იქნება, მოკლედ თავად ამ ორგანიზაციის რაობაზე ვთქვათ. მოგეხსენებათ, XX საუკუნე, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი, საერთაშორისო ორგანიზაციების დაფუძნებითა და გაძლიერებითაც გამოირჩევა. მესამე მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად ეკლესიების წინანდელისგან განსხვავებული აქტივობა გახდა აუცილებელი. მეორე მხრივ, მსოფლიო აღარ იმყოფებოდა შუა საუკუნეებში, არც რომის იმპერია არსებობდა, რომლის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილი მკაფიოდ იყო ერთმანეთისგან რელიგიური მოტივით გამიჯნული; წინ წამოწია მიგრაციის თემა და, შესაბამისად, სხვადასხვა მრწამსის ადამიანებმა ერთ სოციალურ გარემოში დაიწყეს ცხოვრება, აქედან გამომდინარე, კონფესიებსაც ერთობლივად მოუხდათ ისეთ საკითხებზე ემსჯელათ, რაც ადრე აზრადაც არავის მოსვლია.
_ რას გულისხმობ?
_ იურიდიული საკითხები, ეკოლოგია, მშვიდობის გავრცელება, ბიოეთიკა, ადამიანის უფლებები და ა. შ. _ დაახლოებით ამ განზრახულობით ჩამოყალიბდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭო. 1948 წელს ამსტერდამში პირველი კონფერენცია ჩატარდა და მასში 147 ეკლესია (დღეს ემს-ში 345 ეკლესიაა, _ ავტ.) მონაწილეობდა, ორგანიზაციის ჩამოყალიბების ოფიციალურ თარიღადაც ეს მოვლენა მიიჩნევა. ამავე შეხვედრაზე მიიღეს კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც: „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო (ემს) არის თანამეგობრობა იმ ეკლესიებისა, რომლებიც აღიარებენ იესო ქრისტეს ღმერთად და მაცხოვრად“. საუბრით თავი რომ არ მოგაბეზროთ, ეკლესიათა მსოფლიო საბჭო არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საეკლესიო ეკვივალენტი.
_ ამ საბჭოს ქართველი და ჩრდილოელი მოწინააღმდეგენი აცხადებენ, რომ მისი მიზანია „ეკუმენიზმში ჩათრევა“. რამდენად აქვს საფუძველი ამ მოსაზრებას?
_ საქართველოში მიზანმიმართულად ვრცელდება ნარატივი: ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მიზანი მართლმადიდებელ ეკლესიათა „ეკუმენიზმში ჩათრევაა“, რომ არამართლმადიდებლებთან ევქარისტიული კავშირი დავამყაროთ. სისულელეა! ეს იგივეა, გაეროზე ვთქვათ, რომ მისი მიზანი ყველა ერისა და სახელმწიფოს ერთმანეთში აღრევაა და არა მათი გამორჩეულობისა და განსაკუთრებულობის ხაზგასმა. საბჭოს დაარსებიდანვე მასში აქტიურად მონაწილეობს კონსტანტინოპოლის ეკლესია. რაც შეეხება რუსეთს, იგი 1961 წელს ჩაერთო ამ მოძრაობაში და ლოგიკურიცაა, რომ საქართველოს ეკლესიასაც მალე მოუწია მასში ჩაბმა.
_ ანუ?
_ ეს დეტალი რომ კარგად გავიგოთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი წვრილმანია გასააზრებელი: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ოფიციალური კრემლისთვის რეალურად არანაირ ეკლესიას არ წარმოადგენს, ესაა ერთ-ერთი ძალიან შემოსავლიანი და გავლენიანი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელსაც ჰყავს საკუთარი მინისტრი _ პატრიარქის სახით და გავლენიანი აპარატი _ სინოდის სახით. ესაა სტრუქტურა რიგითი სამინისტროს მსგავსად, რომლის მუშაობის მთავარი მიმართულება ქვეყნის შიგნით და მის გარეთ საკუთარი მმართველი ძალისა და იდეოლოგიის გავრცელება და სახელისუფლებო მოქმედებათა რელიგიური საბურველით „გაპრავებაა“, რისთვისაც შესაბამისი მატერიალური, იდეოლოგიური თუ ინტელექტუალური რესურსი აქვს. აქედან გამომდინარე, საკუთარი გავლენის ქვეშ მყოფ ადგილობრივ ეკლესიებსაც შესაბამისი მისია აკისრიათ.
_ რა მისიაზე საუბრობ?
_ პირველი: საკუთარ მრევლში კრემლისგან წამოსული იდეოლოგიური პროპაგანდა გაატარონ; მეორე: საერთაშორისო ასპარეზზე იყვნენ რუსეთის ეკლესიის პოზიციებისთვის ხმის მიმცემნი. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის ეკლესია ემს-ში გაწევრიანდა, ლოგიკურიცაა _ საკუთარი პოზიციისადმი მხარდამჭერი ეკლესიები სჭირდებოდა, თან სასურველი იქნებოდა, ასეთი მხარდამჭერები ისტორიული პრივილეგიების მქონენიც ყოფილიყვნენ, რაც მათ ხმას წონას გაუზრდიდა. ეს როლი კი „გვერგო“ საქართველოსა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიებს. 1962 წლის 4 მაისს უწმინდესმა ეფრემ II-მ ემს-ს წევრობაზე თანხმობის წერილი გაუგზავნა. 1977 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გახდა, რომელსაც ძალიან კარგად მოეხსენებოდა საერთაშორისო ტრიბუნის როლი. იგი პატრიარქობამდე, 1960-იანი წლებიდან, მონაწილეობდა ამგვარ საერთაშორისო ღონისძიებებში. აღსაყდრებიდან 2 წელიწადში მოხდა უმნიშვნელოვანესი ფაქტი: იამაიკაში მიმდინარე ემს-ს სხდომაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ემს-ს ერთ-ერთ თავმჯდომარედ აირჩიეს. აი, რას წერდა ამ ფაქტზე მაშინ „ჯვარი ვაზისა“: „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტად არჩევა უდიდესი მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში. ქართული ეკლესიის არსებობის მთელ მანძილზე ასეთი აღიარება არ რგებია არც ერთ მწყემსმთავარს“.
_ რამდენად მისაღები იყო ეს ფაქტი რუსული მხარისთვის, ანუ საბჭოთა კავშირისთვის?
_ ამ ფაქტზე რუსულ მხარეს პროტესტი არ გამოუთქვამს. მიზეზი მარტივია, _ ილია II, რა თქმა უნდა, ეროვნებით ქართველი იყო, მაგრამ რადგან იმ პერიოდში საქართველოს ეკლესია არ იყო დამოუკიდებელი _ ავტოკეფალიური და არც საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო არსებობდა, ოფიციალურ „ბეიჯებზე“, მიღებებზე, დასახელებებზე უწმინდესის სახელთან ყოველთვის ეწერებოდა სსრკ, ეროვნებით ქართველის დაწინაურება კი რუსული იდეოლოგიური მანქანისთვის დიდ პრობლემას თითქმის არც არასდროს წარმოადგენდა. პრობლემა მაშინ გაჩნდა, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ჩვენი პატრიარქი ოფიციალურად დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელი _ ავტოკეფალიური ეკლესიის წარმომადგენელი გახდა, ეს უკვე პრობლემა იყო რუსეთისთვის და შესაბამისმა რეაგირებამაც არ დააყოვნა.
_ რას გულისხმობ?
_ საბჭოთა კავშირის დანგრევამდე ემს-სთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, ვიღებდით მისგან სხვადასხვა სახის ჰუმანიტარულ თუ მატერიალურ დახმარებას, ვმონაწილეობდით ღონისძიებებში, ამაზე ოფიციალურ რუსეთს არანაირი პრობლემა არ ჰქონია. შემდეგ დაინგრა საბჭოთა კავშირი, რასაც მალევე მოჰყვა ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარება და ვიმეორებ _ რუსულმა რეაგირებამაც არ დააყოვნა. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ემს-ს გარდა ჩვენ ასევე „ევროპის ეკლესიათა კონფერენციის“ წევრებიც ვიყავით. თუ ემს გაეროს საეკლესიო ეკვივალენტია, ეეკ ევროკავშირის მსგავსი საეკლესიო გაერთიანებაა. საკმაოდ ვაქტიურობდით კიდეც, _ რად ღირს თუნდაც ეეკ-ს გენერალური მდივნის, დოქტორ გლენ უილიამსის ვიზიტი საქართველოში 1980 წელს, თუმცა 1997 წელს ამ ორგანიზაციიდანაც გამოვედით.
_ რატომ 1997 წელს? ამ დროს ქვეყანა, ასე თუ ისე, იწყებს რუსული გავლენებიდან თავის დაღწევას. ერთგვარი სიმშვიდეც კი მკვიდრდება და საქართველო უკვე უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია.
_ დიახ, ლოგიკური კითხვაა: რატომ, მაინცდამაინც, 1997 წელს? საბჭოთა კავშირის დანგრევით და კრემლში შექმნილი არეულობით რუსეთის მეზობელმა სახელმწიფოებმა და ეკლესიებმა დრო იხელთეს და თავისუფლება მოიპოვეს. 1996 წელს უკვე ფინეთისა და ესტონეთის ეკლესიების ავტონომიის სტატუსი ცნო კონსტანტინოპოლმა, რასაც მოსკოვის მხრიდან ცალმხრივი სქიზმაც მოყვა. რაც შეეხება საქართველოს, ამ დროს ჩვენთან სიტუაცია, მეტ-ნაკლებად, უკვე დასტაბილურებულია და საგარეო პოლიტიკური კურსის ვექტორების დანახვაც შესაძლებელია. რუსეთს უკვე ოკუპირებული აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები, შესაბამისად, რაც უფრო ნაკლები საერთაშორისო ტრიბუნა ექნება საქართველოს ან მის ეკლესიას, რომლის ავტორიტეტიც იმ პერიოდში, დღევანდელისგან განსხვავებით, მატულობდა, მით უკეთესი რუსული ინტერესებისთვის. კიდევ ერთი უმთავრესი საკითხი: ამ პერიოდში, ემს-ს წევრთა რიცხვი შესამჩნევლად გაზრდილია _ 300-ზე მეტი, მათგან მართლმადიდებლური კი მხოლოდ 14 იყო. შესაბამისად, პირდაპირი კენჭისყრის დროს, რუსული მხარისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებისთვის, მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ორით მეტ ხმას მიიღებდა თუ ნაკლებს. აქედან გამომდინარე, რუსულმა მხარემ გადაწყვეტილების სხვა ტიპით მიღების წინადადება წამოაყენა, რომელშიც მართლმადიდებელ ეკლესიებს უპირატესობა ექნებოდათ. ამაში საქართველოსა და ბულგარეთის ეკლესიებმა რუსეთს მხარი ავუბით, თუმცა ეს ინიციატივა, რა თქმა უნდა, არ მიიღეს. შესაბამისად, სასურველი გადაწყვეტილების მიღებისთვის წევრ ეკლესიებთან სხვა მიდგომებით უნდა ემუშავა რუსეთს და საქართველოს ადგილი ამ სივრცეში, უბრალოდ, აღარ იყო.
_ კიდევ უფრო დავაკონკრეტოთ: რუსული მხარისთვის რატომ იყო საჭირო, რომ საქართველოს ეკლესია ემს-დან გამოსულიყო?
_ პირველი: საქართველოს ეკლესია და სახელმწიფო უკვე დამოუკიდებელი იყო და რუსული მხარის ინტერესებში არ შედიოდა დამოუკიდებელი საქართველოსა და მისი ეკლესიის წინსვლა; მეორე: საქართველოში უკვე გაჩნდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები. შესაბამისად, რუსეთს არ სურდა, რომ საქართველოს დამატებითი საერთაშორისო ტრიბუნა ამ პრობლემაზე სასაუბროდ გამოეყენებინა; მესამე: არამართლმადიდებელი ეკლესიების რაოდენობისა და ხმის მიცემის სისტემის გამო, საქართველო ვეღარ გამოდგებოდა რუსეთისთვის „ხმის მიმცემად“ და, შესაბამისად, რუსულ ინტერესებში ჩვენი იქ ყოფნა აღარ შედიოდა; მეოთხე: ემს-დან გამოსვლა დააზარალებდა საქართველოს ეკლესიის საერთაშორისო ავტორიტეტს; მეხუთე: ფინეთისა და ესტონეთის ეკლესიათა მაგალითებმა, ასევე უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა, რუსულ „დერჟავას“ უჩვენა, რომ მეზობელ ეკლესიებში გავლენების შესანარჩუნებლად აუცილებელი იქნებოდა მათი საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა და მესიანური იდეების წინ წამოწევა.
_ მაგრამ ეს ყველაფერი ხომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დამაზიანებელი იყო? მეტიც, მოსკოვი ამ ინტერესებს ღიად ვერ გამოხატავდა, ვერ გააჟღერებდა, ჩვენს ეკლესიაში მოკავშირეების გარეშე შედეგსაც ვერ მიაღწევდა.
_ დიახ, გეთანხმებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საჭირო იყო კარგად ორგანიზებული პროვოკაციის მოწყობა, რომ „ჩვენით დაგვეტოვებინა“ ემს და რუსეთი მშრალად გამოსულიყო. ასეც მოხდა, _ გამოჩნდა ქართველი ბერების ჯგუფი, რომელიც „სქიზმით დაიმუქრა“, თუ საქართველოს ეკლესია არ დატოვებდა „ეკუმენისტურ საბჭოს“.
_ როგორი იყო მისი უწმინდესობის პოზიცია?
_ დიახ, საინტერესოა პატრიარქ ილია II-ის გამოხმაურება: „აღმოჩნდნენ ისეთი ბერები, რომლებმაც მოითხოვეს, რომ საქართველოს ეკლესია გამოსულიყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან. ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში საქართველოს ეკლესია შევიდა უწმინდესისა და უნეტარესი ეფრემ მეორის დროს 1962 წელს. ეს იყო დიდი მოვლენა. ყველა მართლმადიდებელი ეკლესია არის წევრი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსი… რას ემსახურება ემს? ან რა არის ემს? მაცხოვარი ლოცულობს მამაზეციერის წინაშე: „დაე, ყოველნი ერთნი იყვნენ“. აი, ამაზე არის დაყრდნობილი ეს მოძრაობა და ამის გარდა, კვერექსშიც არის „ყოველთა ერთობისათვის უფლისა მიმართ ვითხოვოთ“. სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ასეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაცია დავტოვეთ. მეტიც, ამ ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ 2004 წელს ჩვენი ეკლესია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რელიგიათა საბჭოში გაწევრიანდა. თუკი ემს არის გაეროს საეკლესიო ანალოგი, ეეკ კი ევროკავშირის, დსთ-ს რელიგიათაშორისი საბჭო ამავე ორგანიზაციის რელიგიური ვარიანტია, რომლის ცენტრიც მოსკოვში მდებარეობს და მასში დსთ-ს წევრი რელიგიური ლიდერები შედიან, მათ შორის, მუსლიმები, ბუდისტები და ა. შ. ე. ი. ჩვენ „ანტიეკუმენისტური მოტივებით“ დავტოვეთ საბჭო, რომლის წევრებიც ქრისტეს ღმერთად აღიარებდნენ და გავწევრიანდით საბჭოში, რომლის წევრებსაც საერთოდ არ წამთ ქრისტე ღმერთი და მოსკოვიდან იმართებიან.
_ როგორი იყო ამაზე საერთაშორისო რეაქცია?
_ თემას არ განვავრცობ, თუმცა ზემოთ საერთაშორისო იმიჯის დაზიანება აღვნიშნე, რაც ემს-ს დატოვებამ გამოიწვია. სიტუაციის უკეთ საილუსტრაციოდ პროტოპრესვიტერ გიორგი ცეცისის წერილს გაგახსენებთ, რომელიც მან მას შემდეგ გამოგვიგზავნა, რაც კრეტის კრების გამართვის წინ რუსული პოზიცია ღიად დავაფიქსირეთ: „საქართველოს ემს-დან გასვლამდე ზუსტად ერთი წლით ადრე, პატრიარქ ილია მეორის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აღნიშნულ ორგანიზაციაში, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილებოდა საქართველოს ეკლესიისთვის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის გაგრძელების შესაძლებლობა, რომელსაც ორი წლის მანძილზე უკვე აფინანსებდა მსოფლიო ეკლესიათა საბჭო, მათ შორის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს ხელშეწყობითაც, „საერთაშორისო მართლმადიდებლური დახმარების ფონდისა“ და საქართველოს ეკლესიის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ლაზარეს“ მონაწილეობით“.
_ გმადლობთ, საინტერესო საუბრისთვის.

გეგა სილაგავა