ზვიად ბერაძე: „წაგებულ ომში ორდენებს და მედლებს არ იღებენ!“

zv

ორმოცი დღე არც ბევრია და არც ცოტა.

სიცარიელე და დიდი ტკივილი – ამ ორმოცმა დღემ კიდევ უფრო გაამძაფრა უშენობა.

როცა მეგობარს კარგავ, ძნელია სიტყვებით იმ განწყობის გადმოცემა, რასაც უმისოდ განიცდი.

დრო ყოველთვის არც მკურნალია და არც სევდა მიაქვს შორს.

წავიდა ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ერთი გულიანი ქართველი და თან წაიღო ქვეყნისა და უსამართლობის დარდი.

უცნაური პრინციპების ადამიანი იყო, აგვისტოს ომის დროს, კოდორის ხეობიდან იქ ჩარჩენილი თანამებრძოლები რომ ჩამოიყვანა, რამდენიმე დღეში თანამდებობაც დატოვა, მანამდე ღირსების ორდენი და შინაგან საქმეთა მინისტრის გამოგზავნილი საათი იმერეთის სამხარეო სამმართველოში მიიტანა, – წაგებულ ომში ორდენებს და მედლებს არ იღებენო.

დიდი გულის ბიჭი იყო. 46 წლის მანძილზე ბევრი რამე მოასწრო, უამრავი ალალი ცრემლი და სინანული წაჰყვა იმქვეყნად. უცნაური ბედისწერა დაჰყვა.

წელიწადი და რვა თვე გლდანის ჯოჯოხეთში გაატარა. 26 მაისის აქციების დაწყებამდე დააპატიმრეს, დაპატიმრების წინა დღეს ვნახე. დიდხანს ვილაპარაკეთ – არ დამიმალავს, ვუთხარი, რომ სააკაშვილის რეჟიმი სახელმწიფო გადატრიალების გეგმას ამუშავებდა და ამ გეგმაში მთავარი სამიზნე სწორედ ყოფილი პოლიციელები იყვნენ. საიდუმლოდ გამიმხილა, – ყველაფერი ვიცი, ორი დღის წინ აეროპორტის გზაზე ბაზას მივაგენი, მაღლიდან გადავიღე, რობოკოპებს და ზონდერებს ავარჯიშებენ 26 მაისის აქციის დასარბევად, როგორც ჩანს, სამაგალითოდ დაგვსჯიან, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ. მე, ნინოს დეიდაშვილმა, უკან რომ დავიხიო, არ იქნება ეგ ამბავი, ხალხი მე მიყურებს, როგორ მოვიქცევი, თავს შევაკლავ და ბოლომდე ვიდგები აქციაზეო. აქციაზე ვერა, მაგრამ გლდანის ციხეში ბოლომდე და გაუტეხავად იდგა. რამდენჯერმე შესთავაზეს საპროცესო გარიგება, შეწყალების თხოვნაც უპირობო განთავისუფლების სანაცვლოდ. არ გატყდა, უკან არ დაიხია. ციხიდან ღირსეული კაცის სახელით გამოვიდა და ზუსტად წელიწადსა და რვა თვეში ჩიტივით გაფრინდა, თან ბევრი გულის ტკივილი და იმედგაცრუება წაიღო. ყველაზე მთავარი უსამართლობის განცდა იყო. სამართლიანობის აღდგენაზე წუხდა. გულით ვეებერთელა დარდს დაატარებდა, მაგრამ პოლიტპატიმრებს ამხნევებდა, ომახიანად შეუძახებდა ხოლმე, – ნუ გეშინიათ, ბიჭებო, ყველაფერი კარგად იქნებაო!

წავიდა ვალმოხდილი საკუთარი ქვეყნის წინაშე.

წავიდა გულიანი, სამშობლოზე შეყვარებული ქართველი.

წავიდა და დატოვა ტკივილი და სიცარიელე.

ძნელია, როცა სიყრმის მეგობარს კარგავ! ძნელია, როცა საიმედო ადამიანი გტოვებს! ძნელია, როცა რეალობა ასეთი მკაცრია და მისი შეცვლა შენს ძალებს აღემატება!

შენ იქნები ჩვენთან ერთად ჩვენ გვერდით ყველა წარმატებასა და მარცხში…

მსუბუქი იყოს შენთვის მშობლიური მიწა!

ელისო კილაძე

„ქრონიკა+“  ზვიად ბერაძის წერილს აქვეყნებს, რომელიც ციხიდან გამოუგზავნა შვილს:

10705285_10204076981420222_1429343568_n

გამარჯობა, ჩემო ვაჟკაცო, ვახვახო!

როგორ ხარ, შვილო? ხომ ხარ ყოჩაღად? სიმართლე რომ გითხრა, არ მინდოდა, აქ რომ გენახე, მაგრამ შენ უკვე დიდი ხარ და სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორო. ცხოვრებაში ყველაფერს ვაჟკაცურად უნდა შეხვდე, ანუ არ უნდა გატყდე სულიერად. შენ ეკლესიაში დადიხარ და როგორც შენი ხნის ბავშვს შეეფერება, იცი, რა არის სულიერება. ვახო, შენ რომ გინდა, სტიქაროსანი გახდე, მეც ძალიან მინდა და გახდი! ამით დიდად გამახარებ. ნაირა ბებო მასაჟებს გაგიკეთებს, მალე აღარ დაგჭირდება და შეგიყვან სპორტში. რაგბი გინდა? კი ბატონო, რაგბიში შევიდეთ, ჭიდაობას ისურვებ? – იქ შევიდეთ. მოკლედ, შენ აირჩიე და დანარჩენი ჩემზე იყოს. ახლა რაც შეეხება სწავლას – მე ვერ ავიტან, რომ შენ კარგად არ ისწავლო. ხომ ხედავ, რამოდენა ბიბლიოთეკა მაქვს, მე ეგ წაკითხულ-დამუშავებული მაქვს, აწი შენი რიგია. ხომ არ გეუბნები, ყველა საგანი ათიანზე ისწავლე, რომელი საგნებიც გიყვარს, ის ისწავლე. დანარჩენს მიყევი ისე, როგორც მასწავლებელი მოგთხოვს, ტირილით არ იტირო, გოგოებს შენი ცრემლი არ დაანახო. მე გავიგე, რომ შენს ტოლებში ვერავინ ვერ გერევა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე დაჩაგრო. თუ ჩხუბი მოგივა, როცა დაამთავრებ, შეურიგდი ამხანაგს და იმეგობრე. ყველასთან უნდა იმეგობრო შენს ასაკში. ჩხუბს იმიტომ არ გიშლი, რომ უნდა დაიხარჯო მაგ ასაკში, რომ დიდობაში არ მოგიწიოს მაგის კეთებამ. ახლა რაა… დაჯი ბებოს დაუჯერე, დედიკოსაც და ვიკა დეიდასაც (ახლა მთლად ყველაფერს ნუ დაუჯერებ, ხომ იცი, ქალები არიან და შენ კაცი  ხარ) და კიდევ, რაო, რა გავიგე? მარტო ვერ იძინებსო? ბიჭო, შენი ხნის უკვე ვნადირობდი და ლოგინში რისი გეშინია? ცოლი ხომ არ გინდა, მამა? არც ეგაა პრობლემა, მაგრამ ჯერ სწავლა, ვარჯიში და ეკლესია.

ვახო, აბა, იფიქრე კარგად და მერე მითხარი, სასულიეროში რომ გააგრძელო სწავლა? არ გაძალებ, შენ როგორც გინდა, ისე იქნება, ერთი რამ დაიმახსოვრე, ვახო – არასოდეს თქვა ტყუილი, ვინმეზე რამე ტყუილი არ მოიგონო. მასეთი კაცი არავის უყვარს. არც მე არ მინდა ასეთი არავინ. შენს ამხანაგებს არ აწყენინო. ყველა გიყვარდეს. გოგონებს სათუთად მოექეცი, არ წაეჩხუბო, არ აატირო. მარიამს და ანას მოეფერე. მარიამი ყველაზე კარგი ბავშვია ამ ქვეყანაზე. როგორც მე გასწავლე, ის ვარჯიშები გააკეთე დილით და საღამოს. არ დაიძინო ისე, თუ ლოცვებს არ წაიკითხავ და ლოცვების გარეშე არ გამოხვიდე სახლიდან. ჯვარი გულიდან არ მოიშორო, სულ გეკეთოს – დაბანის დროსაც და ძილშიც. სკოლაში თუ დაგიშლიან ჯვარს, ბიძაშენს უთხარი და ის მიხედავს. ამ ასაკში მეტი არ მოგეთხოვება. ესენი გააკეთე. ახლა რაც შეეხება უცხო ენებს – ინგლისურზე რომ დადიხარ, კარგია, მაგრამ მარტო სიარული არ კმარა, უნდა ისწავლო. ინგლისური ძალიან კარგად უნდა იცოდე. რუსულს დედაშენი გასწავლის. ეგეც უნდა იცოდე. შენ რომ გაიზრდები საინსტიტუტოდ, მაშინ აქ დალაგებული ცხოვრება იქნება და აღარ დაგჭირდებათ სამშობლოდან გადახვეწა. მე მაინც არ გაგიშვებ სხვაგან. ესაა ჩვენი ქვეყანა და ღვთისმშობელმა თავის სამწყსოდ აირჩია ის. ასე რომ, აქაურობას არ უნდა მოვწყდეთ, ეს გახსოვდეს. არ ვთვლი საჭიროდ აგიხსნა, რატომ ვარ მე აქ. ჯერ ეს არ უნდა იცოდე. ეს რომ ახლა აგიხსნა, ვიღაცის და რაღაცის მიმართ სიძულვილი დაგებადება გულში და ასეთი ადამიანი დაჩაგრულია ცხოვრებაში. მარტო ერთს გეტყვი – აქ იმიტომ ვარ, რომ ტყუილი თქვეს, იცრუეს, თითქოს იყო ის, რაც არ ყოფილა. უნდა მიხვდე ამით, რამდენად საშინელია ტყუილი და მისი მოგონება სხვის მიმართ. შენ ერთი რამ იცოდე – მე მთელს საქართველოში მყავს მეგობრები, ძალიან ბევრი მიცნობს და იმას ვერავინ გეტყვის, მამაშენი ცუდი კაცი იყო, ცუდი საქმეები აკეთაო. ჩემი განვლილი გზა შენ ცხოვრებას გაგიადვილებს. გლეხი კაცი გიყვარდეს სულ. აი, რაჭაში რომ გიყვარს რაინდი ბაბუა, უჩა ბიძია – ესენი გლეხები არიან, პატიოსანი ხალხი. მაგათნაირებმა მოაღწევინეს აქამდე ჩვენს საქართველოს. აბა, შენ იცი, ვახო, კაცურად იყავი. მარიკუნას და ანას მიხედე. მერე კიდე მოგწერ და დაგირეკავ.

შენი მამა

14.06.2012 თბილისი.

გლდანის მე-8 საპყრობილე.

q1

q2