თორნიკე შარაშენიძე: „თუ სააკაშვილს სურს „ქართული ოცნების“ რღვევა, უნდა ჩამოვიდეს“

2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნები ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული და სიმბოლური მნიშვნელობის სახელით შევა. ცხადია, ამ შემთხვევაში იგულისხმება ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები. ჩვენ ვნახეთ მაქსიმალურად მობილიზებული სამთავრობო გუნდი და ასევე დარაზმული გაერთიანებული ოპოზიცია, გადამწყვეტ დღემდე კი იყო „ქართული ოცნებისთვის“ დამახასიათებელი ბინძური და შავი პიარი ოპონენტის წინააღმდეგ. „ნაციონალური მოძრაობა“ თავის გამარჯვებაში დარწმუნებული იყო, თუმცა მეგრულად ამღერებამ ყოფილ პირველ ლედის, სანდრა რულოვსს, ვერ უშველა და გაერთიანებულ ოპოზიციას მარცხთან შეგუება მოუწია. არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კი გამოჩნდა, რომ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ოპოზიციაშიც აზრთა სხვადასხვაობა იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს შორის აღმოჩნდენ ისეთებიც, რომლებსაც რევოლუციისადმი განსაკუთრებული სენტიმენტები აქვთ და ხელმეორედ უნდათ, რევოლუციით ხელისუფლებაში დაბრუნება , თუმცა კალენდარზე 2019 წელია და, როგორც ჩანს, ხალხი ამას სათანადოდ იაზრებს.

რა ტენდენციები გამოვლინდა შუალედური არჩევნების შედეგით? რამდენად ქმედითუნარიანია დღეს ოპოზიცია? რა როლს თამაშობს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მიხეილ სააკაშვილი? გაჭრის თუ არა ბიძინა ივანიშვილის ჩვეული ხრიკები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე? და როგორია დღეს საზოგადოების დაკვეთა?
აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა:

_ იყო ასეთი მოსაზრება, რომ შუალედური არჩევნები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების რეპეტიცია იქნებოდა. ამ გადმოსახედიდან როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ეს არჩევნები შემდეგი საპარლამენტო არჩევნების რეპეტიცია?
_ პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო გარკვეული სახის რეპეტიცია. თუ არაფერი შეიცვალა, 2020 წელს ისევ გვექნება სამარცხვინო პროპაგანდა. მთავრობის მხრიდან უფრო სამარცხვინო, თორემ ოპოზიციას ნამდვილად არ აუგორებია ვინმეს წინააღმდეგ ორგანოებით ვაჭრობა. თუ ასე გაგრძელდა, ეს ყველაფერი დაემსგავსება არათუ სამარცხვინო არჩევნებს, არამედ უფრო სამოქალაქო ომს. სავარაუდოდ, თუ პროცესები ასე წავიდა, ისევ იქნება რესურსების მობილიზება და რესურსები, გაცილებით მეტი, რა თქმა უნდა, მთავრობას აქვს. პრაქტიკულად, ყველაფერი ხელისუფლების მიერ კონტროლდება _ არა მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსი, არამედ ბიზნესიც. რეალურად, ქვეყანაში ვერც ერთი მსხვილი ბიზნესი ვერ ბედავს ოპოზიციის დაფინანსებას. ეს არის ტიპური რუსული ავტორიტარული მოდელი, როცა ბიზნესი არსებობს, მუშაობს, მაგრამ ეკრძალება პოლიტიკაში ჩარევა _ სწორედ ეს ხდება ჩვენთან.
_ როგორ ფიქრობთ, შუალედური არჩევნების შედეგებზე იქონია თუ არა გავლენა სანდრა რულოვსის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კამპანიამ? ვგულისხმობ „ორგანოებით ვაჭრობას“.
_ არა მხოლოდ სანდრაზე, არამედ სხვაზეც! ბევრ იდიოტს ნამდვილად სჯერა მსგავსი რაღაცების! უფრო მეტად ის არ მომწონს, რომ ამას პოლიტიკოსები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ, ვიდრე ის, რომ ამას ხალხი იჯერებს. არ მგონია, ასეთმა ჭორმა გადამწყვეტი გავლენა მოახდინა ზუგდიდში ჩატარებული არჩევნების შედეგზე. სანდრას დამარცხება განაპირობა, პირველ რიგში, იმან, რომ თვითონ ქალაქ ზუგდიდში ის არ არის ისე პოპულარული, როგორც ეს შეიძლება, „ნაცონალური მოძრაობის“ ბევრ მომხრეს ჰგონია. სანდრა სოფლებში ბევრად პოპულარულია, ქალაქში კი ის არ არის პოპულარული. სანდრა სიმპათიებს იმსახურებს, ბოლოს და ბოლოს, მეგრულიც კი იცის, მაგრამ იქაური არ არის და ამ შემთხვევაში, ალბათ, უფრო მეტი შანსი ნიკა მელიას ექნებოდა, როგორც წარმოშობით მეგრელს. მესამე და გადამწყვეტი ფაქტორი, ამ შემთხვევაში, ალბათ, ადმინისტრაციული რესურსის სრული მობილიზება იყო, მთელი პარლამენტი ზუგდიდში ჩავიდა. საბოლოო ჯამში, ალბათ, სწორედ ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი, რომ მთელი სახელმწიფო მობილიზდა ზუგდიდისთვის.
_ ნიკა მელიამ არჩევნების შემდეგ განაცხადა: თუ ოპოზიცია ამბობს, რომ ქუჩაში გამოდის, უნდა გამოვიდეს და ამომრჩეველი იმედგაცრუებული არ უნდა დატოვოს. თითქოს გაჩნდა განცდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით გარკვეული დაპირისპირებაა, ასევე არჩევნებამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატად ზუგდიდში სწორედ ნიკა მელია განიხილებოდა. როგორ ფიქრობთ, რა პროცესი მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძროაბაში“?
_ დიახ, მეც გავიგე, რომ სწორედ ნიკა მელიას კანდიდატურა განიხილებოდა. ალბათ, სიმართლეა. შესაძლოა, მელია განიხილებოდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც სანდრა დასახელდა, რაც, რა თქმა უნდა, მელიას არ მოეწონა, რადგან ის მიიჩნევდა, რომ თვითონ ჰქონდა შანსი, გამხდარიყო ზუგდიდის მერი. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებას, ზოგადად, დაპირისპირება და უთანხმოება ყველა პარტიის შიგნით არის და, მათ შორის, ბუნებრივია, „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. მით უმეტეს, წაგებული არჩევნების შემდეგ ყველა ერთმანეთს ადანაშაულებს წაგებაში და ეს ჩვეულებრივი ამბავია. არა მგონია, რომ რაიმე სახის მწვავე დაპირისპირება იყოს. ჩემი აზრით, ისეთი დაპირისპირება, რომელიც პარტიაში სერიოზულ რღვევებს გამოიწვევს, გამორიცხულია.
_ რაც შეეხება მთაწმინდის არჩევნებს, სადაც ყველაზე დაბალი იყო ამომრჩევლის აქტივობა, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ამომრჩევლის ნიჰილიზმი? გარკვეულწილად ამაზე იმოქმედა თუ არა იმან, რომ გირგვლიანის საქმის ადვოკატი შალვა შავგულიძე იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების გვერდით ვიხილეთ?
_ არა მგონია, ამომრჩევლის ნიჰილიზმი შალვა შავგულიძისა და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანებით ყოფილიყო გამოწვეული იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ არჩევნებზე იგივე ელისაშვილი, თუნდაც „გირჩის“ ამომრჩეველიც ძალიან ცოტა მივიდა. ასე რომ, არა მგონია, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანებას რაიმე სახის ნიჰილიზმი გამოეწვია. ამასთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაცია გასწია „ქართულმა ოცნებამ“ და რა არ დააბრალეს შავგულიძეს, თუმცა არ მგონია, რომ ამ გაერთიანებამ შავგულიძეს ავნო, უფრო არგო იმიტომ, რომ სხვა თუ არაფერი, შავგულიძემ ისარგებლა „ევროპული საქართველოს“ პარტიული რესურსებით. მთლიანობაში, მთაწმინდამ აჩვენა ის, რომ ამომრჩევლის უმრავლესობა მთლიანად პოლიტიკით არის დაღლილი და იმედგაცრუებული. უფრო მეტი ამომრჩეველი რომ მისულიყო, კახაძე ყველა ვარიანტში წააგებდა. კახაძემ მთაწმინდაზე ადმინისტრაციული რესურსის ხმები აიღო, დღეს მთაწმინდაზე „ქართული ოცნების“ მომხრეები თუ არის დარჩენილი, ალბათ, დაახლოებით, 15%-ია, მეტი არ მგონია. რაც შეეხება დაბალ აქტივობას, ამ რეალობას ამომრჩევლის მხრიდან პოლიტიკის მიმართ მთლიან აპათიას ვაბრალებ.
_ მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტურია დანიშნული. როგორ ფიქრობთ, რა შანსები აქვს შალვა შავგულიძეს? რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მას დამოუკიდებელმა კანდიდატებმა და, მათ შორის, პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“
მხარი არ დაუჭირეს? პოლიტიკურად რამდენად სწორი იყო მათი ეს ნაბიჯი?
_ ზოგს რა მიზეზი აქვს, ზოგს _ რა. ზოგი დაბოღმილია, ზოგიც იპრანჭება. ამ პროცესს ასე შევხედოთ. კონკრეტულად არ დავასახელებ, ვინ როგორ. ჩემი აზრით, ახლა მთავრობა მთაწმინდაზე რესურსების სრულ მობილიზაციას დაიწყებს. თუ ოპოზიცია, თავის მხრივ, მოახერხებს ამომრჩევლის მობილიზაციას, მაშინ ის მოიგებს და თუ ეს ვერ შეძლო, ასეთ შემთხვევაში, წააგებს, რადგან მთავრობა რესურსებით მოიგებს.
_ რამდენად ადეკვატური და თანმიმდევრულია ოპოზიცია თავის მოქმედებებში? შუალედური არჩევნების შემდეგ იყო განცდა, რომ საპროტესტო ტალღა დაიწყებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. საზოგადოებაში არ არის საპროტესტო მუხტი თუ ოპოზიცია ვერ მოქმედებს სათანადოდ?
_ პირველ რიგში, ხალხში არ არსებობს საპროტესტო მუხტი. ხალხს რევოლუციას არსებული სიტუაცია და „ქართული ოცნება“ ურჩევნია. ამას „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრი ითვალისწინებს, თუმცა, როგორც ჩანს, ვიღაც-ვიღაცები აშკარად ილუზიაში არიან. მოწოდება იმის შესახებ, რომ გამოდით და ხელისუფლება დაამხეთო! _ სისულელეა. ეს არ მოხდება. ჯერ ერთი, ხელისუფლების დამხობა და კიდევ ერთი რევოლუციის მოხდენა სახელმწიფოსთვის ნამდვილად არ არის კარგი. მეორე მხრივ, ამის არანაირი მუხტი არ არსებობს. ჩემი აზრით, ოპოზიციამ შეცდომების ბოლომდე გააზრება მაინც ვერ შეძლო. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება. ოპოზიციის დიდი ნაწილი ძველი ილუზიებიდან გამოსვლას ვერ ახერხებს, ბევრს კი ივანიშვილი, რატომღაც, შტერი ჰგონია. საბოლოო ჯამში, ეს იწვევს შეცდომებს და ამის გამო აგებენ არჩევნებს. ამასთანავე, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ არჩევნები მაინც ძალიან უთანასწორო პირობებში ტარდება. თუმცა ეს, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია შეცდომებს არ უშვებს. ასევე აუცილებელია აღვნიშნოთ: ოპოზიციის აპელირება იმაზე, რომ ივანიშვილი არის რუსეთის მონა _ არ მუშაობს. მოსახლეობის ნაწილს ამის, უბრალოდ, არ სჯერა ან არ აინტერესებს. ეს სწორედ ის ერთ-ერთი დიდი შეცდომაა, რომელსაც უშვებს თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი ლიდერი.
_ თქვენ ამბობთ, რომ ოპოზიცია სათანადოდ ვერ აფასებს ივანიშვილის შესაძლებლობებს და მათი განცხადება იმის შესახებ, რომ ივანიშვილი რუსეთის მონაა _ არ მუშაობს. მაშინ როგორ უნდა იმოქმედოს ოპოზიციამ? რა სჭირდება იმისთვის, რომ თუნდაც საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი გაჩნდეს?
_ ოპოზიციამ კონკრეტულ პრობლემებზე უნდა ისაუბროს, 7 წელი იმაზე აპელირებამ, რომ ივანიშვილი რუსეთის მონაა, გაცილებით ნაკლები შედეგი მოიტანა, ვიდრე, მაგალითად, „რუსთავი 2-ის“ მიერ გაკეთებულმა სიუჟეტმა, სადაც „ქართული ოცნების“ კორუმპირებული ჩინოვნკების სასახლეები იყო ნაჩვენები. ამ სიუჟეტის ჩვენებამ გაცილებით მეტი შედეგი მოიტანა. ასეთ რაღაცებზე უნდა გააკეთოს ოპოზიციამ აქცენტი და არა იმაზე, რომ ივანიშვილი საქართველოდან უნდა წავიდეს. მსგავსი სახის ისტერიკა არ მუშაობს.
_ აცდენილია თუ არა საზოგადოების მაჯისცემას მიხეილ სააკაშვილი მაშინ, როდესაც ის საზოგადოებას მოუწოდებს ქუჩაში გამოსვლისა და რადიკალური ქმედებებისკენ? რამდენად უარყოფით როლს თამაშობს მისი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში ოპოზიციის კონსოლიდაციის კუთხით?
_ ბუნებრივია, აცდენილია, რადგან დიდი ხანია, ქვეყანაში არ არის ნამყოფი, ამიტომ მსგავსი რამ ნებისმიერ ადამიანს დაემართებოდა. შორიდან რევოლუციისკენ მოწოდებები არ მუშაობს, თუ გინდა, რაღაც მოახდინო, უნდა ჩამოხვიდე. დისტანციურად ვის მოუხდენია რევოლუციები?
_ მას არგუმენტი აქვს, რატომაც ვერ ჩამოდის, როგორც ამბობს, ჩამოსვლის შემთხვევაში დააპატიმრებენ…
_ საინტერესოა, ეს დაპატიმრება ვის უფრო მეტ დისკომფორტს მოუტანს?! გაცილებით უფრო მეტ დისკომფორტს სწორედ მთავრობას მოუტანს. გასაგებია, რომ ის ასე მარტივად გარეთ ვერ ივლის, მაგრამ ციხეშიც ვერაფერს დაუშავებენ. „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან დიდი რისკი იქნება, რომ მას ციხეში რამე დაუშავოს. ციხეში სააკაშვილის ყოფნა „ოცნებას“ უფრო დააზარალებს. ციხეში ყოფილი პრეზიდენტის ჩასმა, რომელსაც კავშირები აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, „ოცნებისთვის“ კატასტროფა იქნება და შესაძლოა მართლაც დაიწყოს „ქართული ოცნების“ რღვევა, როგორც ეს სააკაშვილს უნდა. ასე რომ, თუ მას სურს, დააჩქაროს რღვევა, ჩემი აზრით, უნდა ჩამოვიდეს.
_ სააკაშვილთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში, გაჩნდა მოსაზრება, რომ თუ ის არ გაიწევა გვერდით და არ ჩამოშორდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მაშინ ეს ხელს შეუშლის ოპოზიციის კონსოლიდაციას. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
_ თუ ის გაიწევა, ეს ისე უნდა მოხდეს, რომ მისი მომხრეები მაინც მივიდნენ არჩევნებზე, მაგრამ, ამავე დროს, არ უნდა შეაშინოს ნეიტრალური ამომრჩეველი, ბალანსი უნდა დაიცვას. ვფიქრობ, რომ იმის მიუხედავად, გამოჩნდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ტელევიზიაში, მისი ამომრჩეველი მაინც „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემს ხმას. მისი ტელევიზით გამოჩენა კი უფრო აფრთხობს ნეიტრალურ ამომრჩეველს, ვიდრე მობილიზაციას უწევს მის მომხრეებს. მისი მომხრეები ისედაც მობილიზებულები და მოტივირებულები არიან.
_ ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ შუა უნდა გაიკრიფოს და უკვე ყველასთვის კარგად ცნობილია მისი ეს საარჩევნო მეთოდი. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთი ერთზე დარჩენილ „ქართული ოცნებას“ კი უპირატესობის მოპოვება აღარ უჭირს. გაჭრის თუ არა ივანიშვილის ეს ხრიკი, თუ ოპოზიციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სათანადოდ ვერ იმოქმედა?
_ ვფიქრობ, თუ ოპოზიციამ სათანადოდ ვერ იმოქმედა, ივანიშვილი 2020 წელსაც მოიგებს არჩევნებს. ჯერ ერთი, მოსახლეობის დიდი ნაწილი ისევ ფიქრობს, რომ რევოლუციასა და არეულობას ისევ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა ურჩევნია. მეორე მხრივ კი უთანასწორო პირობებია, მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსი, მაჟორიტარული სისტემა, ეს ყველაფერი კი ძალიან დიდ ფორას აძლევს ბიძინა ივანიშვილს. ასე რომ, თუ იგივე სიტუაცია იქნება და რესურსების დონე ვიღაცებს მოსწონს თუ არ მოსწონს, დიდი შანსია, „ქართულმა ოცნებამ“ ისევ მოიგოს.
_ თქვენ ახსენეთ მაჟორიტარული სისტემა, ამ საკითხის მოსაგვარებლად ოპოზიცია გაერთიანდა და ხელმოწერებს აგროვებს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოში მოთხოვნას შეიტანს, შესაბამისად, შესაძლებელია, მაჟორიტარული სისტემა პროპორციულით შეიცვალოს. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ოპოზიციის ეს გეგმა?
_ ხელმოწერები მოგროვდება, მაგრამ „ქართული ოცნება“ გამოსავალს მოძებნის და ყველაფერს პროცედურულად გაწელავს. მათ შორის, კონსტიტუციურად ამას დიდი დრო მიაქვს და შანსი არაა, მაჟორიტარული სისტემა დათმონ. ვფიქრობ, არავითარ შემთხვევაში არ დათმობენ.
_ გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხს განიხილავს. აწყობს თუ არა „ქართულ ოცნებას“ ამ მოცემულობაში ვადამდელი არჩევნები?
_ პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებიც, ალბათ, 2020 წელს ვეღარ მოხვდებიან „ქართული ოცნების“ სიაში. სწორედ, ეს ადამიანები ასე მარტივად არ დათმობენ თავიანთ დარჩენილ დროს. მათ ჯერ კიდევ დარჩათ წელიწად-ნახევარი. რის სანაცვლოდ დათმობენ ამ დროს?! ჩემი აზრით, მათთან მოლაპრაკება ასე მარტივი ნამდვილად არ იქნება. რაც შეეხება ოპოზიციას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არც მათთვის არის მომგებიანი იმიტომ, რომ ოპოზიციას დრო სჭირდება, მათ ამ დროის სახით გარკვეული შანსი ეძლევათ იმისთვის, რომ დალაგდნენ და მობილიზდნენ. ამასთანავე, ყოველი ახალი თვე, ყოველი ახალი წელი „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ მუშაობს, რომელსაც ჰყავს ძალიან არაკომპეტენტური გუნდი საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ხალხი ამას, რა თქმა უნდა, ხედავს.

ნენე ინჯგია