ენძელა მაჭავარიანი: „ივანიშვილის ღვაწლით ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწერა პოლიტიკური ქულა და მოვიდა ხელისუფლების სადავეებთან“

როგორ აფასებს შუალედური არჩევნების შედეგს „ქართული ოცნების“ დეპუტატი? რა შეცდომებს ხედავს და როგორ საქართველოში სურს მას ცხოვრება?!

„ქრონიკა+“-ის კითხვებს უპასუხა პარლამენტარმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ენძელა მაჭავარიანმა:

_ ქალბატონო ენძელა, ახლახან დასრულდა შუალედური არჩევნები. თქვენ ზესტაფონში აქტიურად იყავით ჩართული საარჩევნო კამპანიაში და მხარს უჭერდით „ქართული ოცნების“ კანდიდატს. როგორ შეაფასებდით იმ შედეგს, რაც კონკრეტულად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ზესტაფონში? 
_ ზესტაფონმა ძალიან მაღალი პოლიტიკური კულტურა აჩვენა არჩევნების დღეს. განსაკუთრებულად, ერთი ფაქტი მინდა აღვნიშნო, რომელიც, ალბათ, არც ერთი არჩევნების დროს არ დაფიქსირებულა: ერთი ოჯახიდან დედა და შვილი იყო სხვადასხვა პარტიიდან კანდიდატებად წარმოდგენილი… და რატომ გავუსვი ხაზი ამ ფატს?! პარტიამ, ვინც არ უნდა დააყენოს კანდიდატად, მოგეხსენებათ, ჩვენ იმერლები ვართ და მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ადამიანი ზოგჯერ მაინც ნათესავს აძლევს ხმას. შესაძლებელია, რომ ამ ფაქტმაც დაგვაკარგვინა ხმები და მოხდა ისე, რომ ხმების 50.76% მივიღეთ და გავიმარჯვეთ კიდევაც; „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა კი ხმების 34.26% აიღო. კმაყოფილი ვარ იმ შედეგით, რაც დადგა. ჩემს მშობლიურ ქალაქში უაღრესად კულტურული და განათლებული ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც, ვფიქრობ, რომ იმსახურებენ ღირსეულ ადამიანს ქალაქის ხელმძღვანელად. ვფიქრობ, სწორედ ასეთი ადამიანია ბატონი გიორგი გოგლიჩიძე.
ზესტაფონი საოცარი ქალაქია, ულამაზესი ბუნებით, უაღრესად კეთილი და ინტელექტუალი, იუმორით სავსე ადამიანებით, თუმცა ქალაქი ძალიან მოუვლელია და მის მკვიდრთ ბევრი პრობლემა აქვთ. გიორგის არჩევით ხალხს იმედი დაუბრუნდება და მჯერა, რომ ჩემს მშობლიურ ზესტაფონში რაღაც შეიცვლება.
დასაწყისში მკითხეთ, როგორ ვაფასებ არჩევნების შედეგს? _ ჩვენ რომ კარგად გვემუშავა, შუალედური არჩევნები საჭირო აღარ იქნებოდა. არ მინდა, იდეალისტი ვიყო, რადგან თუ ადამიანი და პარტია ვერ დაინახავს, რა შეცდომები აქვს, რა თქმა უნდა, ვერც გამოასწორებს! მე „ქართული ოცნების“ გუნდში რესურსს ვხედავ, რომ ის ყველაფერს გააკეთებს ადამიანების სასიკეთოდ და რაზედაც ხალხს გული წყდება, იმ პრობლემებს უმოკლეს დროში მოაგვარებს.
როდესაც ზესტაფონში ამომრჩეველთან შემაჯამებელი შეხვედრა ტარდებოდა, პარტიული ხელმძღვანელები ჩამოვიდნენ: ირაკლი კობახიძე, კახი კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი. მოსახლეობასთან შეხვედრისას ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა შეცდომებზე და ერთ-ერთ პირველ ადგილზე თავს მოხვეული კოჰაბიტაცია დააყენა: ეს გზავნილი ზესტაფონიდანაც წამოვიდა და მისი შინაარსი ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ. ბუნებრივია, მოვლენები ისე უნდა განვითარდეს, რომ ამით ადამიანები არ დაზარალდნენ. აუცილებელია, ამ კუთხითაც რაღაც ცვლილებები დაიწყოს.
როცა ხალხი ღარიბაშვილის ამ სიტყვებს ისმენდა, სცენაზე პარტიის ლიდერებთან ერთად ბრძანდებოდა ეტლით მოსარგებლე მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე, რომელიც „ნაცების“ ხელისუფლებამ შშმ პირად აქცია. რისთვის დააპატიმრეს გიორგი გოგლიჩიძე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს?! _ მხოლოდ იმიტომ, რომ მისი სახელი და გვარი ერთ-ერთი ბიზნესმენის სახელსა და გვარს ემთხვეოდა, რომელმაც გაასწრო და ქვეყნიდან გაიქცა… უდანაშაულო ადამიანი სრულიად უსაფუძვლოდ აწამეს და ციხეში გააუბედურეს. ინტერნეტში ყველაფერია, თუკი მკითხველი დაინტერესდება და ნახავს, რა საშინელებები გაუკეთეს გიორგის. ახალგაზრდა კაცი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი გახდა, რომელსაც ორი მოზარდი შვილი ჰყავს. ისინი იმ დროს ძალიან პატარები იყვნენ. წარმოუდგენელი სისასტიკე იყო, რაც „ნაციონალურმა“ რეჟიმა გოგლიჩიძეების ოჯახს გადაატანინა იმ დროს. ასეთი ბევრი ისტორია იყო და ჩვენ, რაც არ უნდა ვთქვათ, რომ ბევრი რამე გაკეთდა მაშინ, ბუნებრივია, ყოველთვის ჩნდება კითხვა, _ ვისთვის აკეთებდნენ? ვისთვის უნდოდათ დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო? როცა 300 000 პრობაციონერი, თითქმის ნახევარი საქართველო ციხეში ჰყავდათ გამოკეტილი, ხოლო მეორე ნახევარი მათი ჭირისუფალი იყო?!. სწორედ ასეთი უსამართლობის გამო ქართველმა ხალხმა 2012 წელს უარი უთხრა „ნაციონალურ მოძრაობას“ და იგი ისტორიის სანაგვეზე გაისტუმრა.
_ შალვა შავგულიძეზე მინდა გკითხოთ: ის შუალედურ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუპირისპირდა. ყოფილი თანაგუნდელის ამ გადაწყვეტილებას როგორ აფასებთ? 
_ რა უნდა ვთქვა იმაზე მეტი, რასაც თავად მისი არჩევანი და გადაწყვეტილება ამბობს მასზე?.. ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია და გულდასაწყვეტია მისი ეს გადაწყვეტილება. შალვა შავგულიძე თბილისში 2012 წელს ჩემი მაჟორიტარი დეპუტატი იყო და საარჩევნო უბანზეც კი ვიყავი მის გვერდით. ჩემთვის დიდი გულის ტკივილია ის, რომ შალვა შავგულიძემ ეს ნაბიჯი გადადგა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: შალვა შავგულიძის გადაწყვეტილებით სრულიად გაოგნებული ვარ.
_ მხოლოდ შალვა შავგულიძე არ დგას იმ ადამიანთა რიგებში, რომელმაც „ქართული ოცნება“ დატოვა. 2012 წელი რომ გავიხსენოთ, თავად ბიძინა ივანიშვილი ძალიან ამაყობდა შალვა შავგულიძის მიღწევებით „გირგვლიანის საქმეში“… 
_ თქვენ რასაც მეუბნებით, ეს არის ბელეტრისტიკა და ამაზე საუბარი რომ დავიწყოთ, წითელ პარასკევამდე ვერ დავამთავრებთ. შალვა შავგულიძის გამარჯვება 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტით იყო გამოწვეული და იმედია, ჩემი ეს მოსაზრება არავის ეწყინება. იმ დროს ბიძინა ივანიშვილი ძალიან ცუდად იცნობდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებას, რადგან ის არ ცხოვრობდა საქართველოში. ეს არ ნიშნავს, რომ მას რაიმეში ვადანაშაულებ, უბრალოდ, ივანიშვილის ღვაწლით ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწერა პოლიტიკური ქულა და მოვიდა ხელისუფლების სადავეებთან. ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე მეც მქონდა შემოთავაზებები პოლიტიკური გაერთიანებებისგან, ვთქვათ, შევარდნაძის გუნდში, ასევე შემოთავაზება მქონდა ზურაბ ჟვანიას მხრიდან და არასოდეს ჩავრთულვარ აქტიურ პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილი კი ჩემთვის არის ის პიროვნება, ვის გვერდითაც შემიძლია ვიბრძოლო და მქონდეს იმედი! _ მას განსაკუთრებულად უყვარს სამშობლო და ამიტომაც გადადო თავი 2012 წელს და ეს ქვეყანა გაათავისუფლა. ძალიან ბევრი რამ დადო ყოფნა-არყოფნის სასწორზე: თავისი ადამიანური, მატერიალური რესურსი, ოჯახის უსაფრთხოება და ა. შ.
ამიტომ ბოლომდე ვენდობი მას და მზად ვარ, მთელი ჩემი შესაძლებლობები გავიღო და როგორც შემიძლია, მის გვერდით დავდგე, რათა ამ ქვეყანაში ყველა ადამიანმა შეძლოს ღირსეული ცხოვრება.
თუ მკითხავთ: საქართველოში რა არის ყველაზე დიდი პრობლემაო?! _ გიპასუხებთ, რომ ეს არის სიღარიბე… მე მრავალგზის რეპრესირებული ოჯახიდან ვარ და ამიტომ ჩემს მშობლებს ნულიდან მოუწიათ ცხოვრების დაწყება… ბებიაჩემი მეუბნებოდა, _ რაც უნდა კარგად ცხოვრობდე დღეს, შეიძლება, ხვალ აღარაფერი გქონდესო, მაგრამ შენს განათლებას, იმას, რაც ტვინში და თავში გაქვს, ვერავინ წაგართმევსო…
_ „ქართული ოცნების“ შიდა დაპირისპირებაზე მინდა გკითხოთ, რადგან ვხედავთ, როგორ ტოვებენ მმართველ გუნდს ცნობილი სახეები, თუმცა ასევე ვხედავთ ძველი სახეების დაბრუნებას, მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილს… ეს ყველაფერი რას უნდა ნიშნავდეს?! 
_ გუნდის შიდა პროცესებში არ ვარ ჩართული და არ ვიცი, რა დაპირისპირებაზე მეკითხებით. საერთოდაც პარლამენტარებზე მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი გუნდია. პრობლემა იყო მართვის დეფიციტი და სწორედ ამის გამოსწორებას ცდილობს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საუკეთესო მენეჯერია და ზუსტად ვიცი, ის შეძლებს გუნდის გაერთიანებასა და გაძლიერებას.
_ ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ გაუარესდა: ადამიანები ქვეყნიდან გარბიან, რადგან აქ გაუსაძლის სიღარიბეში უწევთ ცხოვრება. ოპოზიციური ძალებიდან უკვე ისმის მესიჯები, რომ ივანიშვილი უნდა ჩამოაგდონ. რამდენად რეალისტურია მათი ეს სურვილი?! 
_ უკაცრავად და სად არის ბიძინა ივანიშვილი? „ნაციონალურმა მოძროაბამ“ საიდან უნდა ჩამოაგდოს?! ივანიშვილმა ეს პრობლემები რომ დაინახა, იმიტომ გახდა აუცილებელი მისი პოლიტიკაში მობრუნება. ჩვენ მივიღეთ შუალედური არჩევნები. მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ნიჰილისტურად არიან განწყობილი, რადგან როდესაც ჩვენი გუნდი ხელისუფლებაში მოვიდა, ძალიან დიდი მოლოდინი იყო, ყველას ეგონა, ერთ დღეს გაიღვიძებდნენ და ციდან რძე ჩამოიღვრებოდა. რა თქმა უნდა, ეს არ მომხდარა და არც მსგავსი დაპირებები ყოფილა. მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოწვევის დეპუტატი ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ ყოველთვის შეიძლება უფრო მეტის გაკეთება. არც მე მაქვს დალხენილი ცხოვრება, იგი არ შეცვლილა პარლამენტში მოსვლის შემდეგ, ზუსტად იგივე პირობებში ვცხოვრობ დღესაც, როგორშიც მანამდე ვცხოვრობდი, ხშირად ვსარგებლობ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და კარგად ვხედავ, რა აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.
_ მოსახლეობა ხედავს, როგორ მდიდრდებიან საჯარო მოხელეები ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, როგორ იშენებენ ფეშენებელურ სახლებსა და ა. შ. 
_ ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ეს და ვფიქრობ, რომ ისეთი ადამიანები არ უნდა იყვნენ სისტემაში, რომლებმაც საერთოდ არ იციან, რა არის გაჭირვება. ხშირად მსაყვედურობენ, ამ სიღარიბეს და სიდუხჭირეს ნუ უკეთებ აფიშირებასო… მაგრამ დღეს, როდესაც ამაზე თვითონ მთავრობამ დაიწყო საუბარი, თავად პრემიერმა მამუკა ბახტაძემაც დაუფარავად დაიწყო ამ პრობლემებსა და გამოწვევებზე ლაპარაკი, ეს უკვე იმედის მომცემია. მიმაჩნია, რომ არის თემები და პრობლემები, რომლის გამოსწორებაც შესაძლებელია და როგორც ვიცი, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და მოსახლეობა ძალიან მალე დაინახავს შედეგს.
_ 2020 წლის არჩევნები კარზეა მომდგარი. რას ფიქრობთ, რა შანსები ექნება „ქართულ ოცნებას“? 
_ შუალედურმა არჩევნებმა დაგვანახა, რომ მიუხედავად ბევრი პრობლემისა, ჩვენ პატიოსნად მივიღეთ ის პროცენტები და მოსახლეობამ კიდევ ერთხელ მოგვანიჭა ნდობის მანდატი. შესაბამისად, მგონია, რომ „ქართული ოცნება“ ისევ მოვა უმრავლესობით. ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც კიდევ შეუძლია ბევრი რამის გაკეთება ამ ქვეყნისთვის, ივანიშვილს ძალიან უყვარს საქართველო, მისი ფესვები, მას ეცოდება გაჭირვებული ადამიანები და ყველაფერს გააკეთებს, რომ ხალხმა ამ ქვეყანაში ღირსეულ პირობებში იცხოვროს.
მისგან დახმარებას არ უნდა ელოდონ, ქართველს ხალხს არ სჭირდება დახმარება, მას სჭირდება სამუშაო ადგილები და ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ ახსოვთ, პოლიტიკასა და სახელმწიფო მართვაში ცალ-ცალი კალოშით რომ მოვიდნენ და დღეს, როგორც ცხონებული ნოდარ დუმბაძის ილიკო ამბობდა, _ ტყავის პალტოსა და რეზინის ჩექმებში არიან გამოწყობილები.

ლევან ქემოკლიძე