რომან გოცირიძე: „ოპოზიციას ხალხი არ გამოჰყავს, ხალხს გამოჰყავს ოპოზიცია“

2019 წლის შუალედური არჩევნები მიჩნეული იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გენერალურ რეპეტიციად და შედეგებმა შესაბამისი დასკვნების გამოტანის საშუალება მისცა როგორც მმართველ გუნდს, ასევე ოპოზიციას. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მოსახლეობაში საპროტესტო მუხტი არ არის და ოპოზიციამაც ვერ შეძლო რადიკალური ნაბიჯების გადადგმა. ხალხი ქუჩაში, უბრალოდ, არ გამოვიდა.

რა დასკვნები გამოიტანა გაერთიანებულმა ოპოზიციამ? როგორია მისი სამოქმედო გეგმა? რა სახის კრიზისია „ნაციონალურ მოძრაობაში“ და როგორ გზით გააგრძელებენ ბრძოლას ისინი?
აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს ესაუბრა:

_ ბ-ნო რომან, როგორ შეაფასებთ შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდს? განსაკუთრებით საინტერესოა, ზუგდიდის შემთხვევაში, როგორ ცდილობდა მმართველი გუნდი ქულების დაწერას?
_ ჯერ მინდა, არჩევნების შედეგებზე გავამახვილოთ ყურადღება: ზუგდიდში სანდრას მიერ აღებული 43% არის ძალიან მაგარი შედეგი. 43%-დან 51%-მდე მხოლოდ 8%-ია. ეს ნიშნავს, რომ სანდრას გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა, ისეთ ვითარებაში, როდესაც სიკვდილ-სიცოცხლის მნიშვნელობას ანიჭებდა ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდში სანდრას დამარცხებას, ვინაიდან სანდრას გამარჯვებით, ფაქტობრივად, ივანიშვილი მიიღებდა კიდევ ერთ დასტურს იმისას, რომ მისი პოლიტიკური სიცოცხლე დამთავრებულია. ეს იქნებოდა კიდევ ერთი დასტური, რადგან ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ძალიან სწრაფად მიდის დაღმავლობისკენ და ხელისუფლებას კარგავს. არჩევნების შემდეგ ჩატარებული ორი კვლევაც ამაზე მიუთითებს, სულ ბოლო კვლევით კი ვნახეთ, რომ ივანიშვილი არის საქართველოში ნომერ პირველი ნეგატიური ფიგურა რეიტინგის მიხედვით. მასზე უარყოფითი რეიტინგი საქართველოში არავის აქვს. როდესაც ამაყობდა ე. წ. ჭარბი ნდობით, ამ ჭარბ ნდობას ახსენებდა მაშინაც კი, როდესაც მას უკვე ნდობა დაკარგული ჰქონდა და, ფაქტობრივად, ეს გამონათქვამი ნდობის შესახებ გადაიქცა სასაცილო ფრაზად. ამ გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ნეგატიური შეფასება მიიღო საქართველოში განხორციელებულმა პოლიტიკამ. გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი გზით მიდის. რეალურად, ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ხალხმა უთხრა, რომ თქვენ ხართ არასწორები, თქვენი გზა არ არის სამართლიანი, თქვენ ასცდით იმ გზას, რომელიც ქვეყანასა და ხალხს მიგვიყვანს კეთილდღეობამდეო. რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს, ზუგდიდში არჩევნებმა ნათლად გვაჩვენა ივანიშვილის მიერ დანერგილი საარჩევნო ტექნოლოგიის ბუნება: ტოტალური კონტროლი, დასვლა თითოეულ, კონკრეტულ ამომრჩევლამდე და მასზე წერტილოვანი ზემოქმედება. ამ მექანიზმის ძალაში მოყვანას სჭირდება დიდი ფული, ბევრი დაქირავებული შემსრულებელი და ადმინისტრაციული რესურსი (თავისი ძალოვანი შემადგენლით). ზეწოლის მთავარი იარაღია დაშინება. შიშის მთავარი ობიექტია პიროვნების ან მისი ახლობლების მიერ სამუშაოს დაკარგვა არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ კერძო სექტორში, საფრთხის შექმნა პირადი ბიზნესისათვის და პერსპექტივის მოსპობა. ზეწოლას ახორციელებს ყველა, ვისაც კი როგორ შეუძლია: სახელმწიფო ადმინისტრაცია, სასულიერო პირები, პედაგოგები, კრიმინალი, სანათესავო-სამეზობლო, დამსაქმებელი და ა. შ. მოსყიდვა (ფულით, საქონლით, სახელმწიფოს ხარჯზე დასაქმებით და ა. შ.) ამ ტექნოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
ტექნოლოგიის ბოლო სტადიაა სხვადასხვა სახის მანიპულაცია უშუალოდ არჩევნების პროცესში: მომხრეების მიწერა, მოწინააღმდეგეების განეიტრალება, მაგალითად, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების დროებით ჩამორთმევით, სხვის ნაცვლად ხმის მიცემა, ბიულეტენების ჩაყრა და ა. შ. ეს გაყალბების სისტემა რომ აამუშაო, უნდა გყავდეს ძალიან ბევრი დაქირავებული პირი, შეიძლება ამ პირს სახელად ერქვას: კოორდინატორი ან ვინმე ავტორიტეტული პირი, რომელიც ფულით ან სხვა ბერკეტებით ზემოქმედებს, ანუ ისინი იყვნენ აქტივობებისთვის დაქირავებული ადამიანები. ისინი ყველა მიმართულებით მუშაობდნენ, მათ შორის, ფეიქ (ყალბი) ფეისბუქებით, რომლითაც ავრცელებდნენ ჭორებს, რომ თითქოს მიშამ ბინა იყიდა, სანდრამ ვიღაცას ორგანოები ამოაცალა და ა. შ. 25 წლის წინათ საქართველოში პირველად ჩამოსულმა სანდრამ, რომელიც მაშინ სწავლობდა ქართულს და ქართულ სინამდვილეს, თავის წიგნში ერთი პატარა აბზაცი დაწერა ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით, რომელიც შემდეგ შავი პიარისთვის გამოიყენეს, მიუხედავად იმისა, რომ სანდრამ განმარტა, რასაც გულისხმობდა. წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ ინტერესებს ატარებდა სახელისუფლებო მედია, მათ შორის, სხვადასხვა სააგენტო, რომელიც საზოგადოებას ეგონა, რომ დამოუკიდებელი იყო… და უცებ გადაიქცნენ საველე აქტივისტებად, ისინი შეიარაღებულები იყვნენ კამერებით და ყველა ფეხის ნაბიჯზე, მაშინაც, როცა მე ვიყავი ზუგდიდში ჩასული და სანდრასთან ერთად ვმოძრაობდი, ყველა გადაადგილებას აფიქსირებდნენ. ამის მიხედვით კი ამზადებდნენ სანდრას საწინააღმდეგო სხვადასხვა კლიპს.
_ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ მსგავს მეთოდებს იყენებდა. ოპოზიციამ ეს ძალიან კარგად იცოდით, რატომ არ შეხვდით სათანადოდ მომზადებული ამ ყველაფერს?
_ ჩვენ ამ ყველაფერს მაქსიმალურად მომზადებულები დავხვდით. ძალიან ძლიერი საარჩევნო კამპანია ჩატარდა, როგორც თბილისში, ასევე ზუგდიდში. ნუ გგონიათ, რომ 43% წარუმატებლობაა. რა თქმა უნდა, ზუგდიდში გამარჯვება იქნებოდა ძალიან სერიოზული წარმატება და „ქართული ოცნების“ დასამარების დასაწყისი, მაგრამ ნურავინ იტყვის, რომ ეს შედეგი წარუმატებელი იყო. ჩვენ მივაღწიეთ ძალიან დიდ წარმატებას, რაც გამოგვადგება სამომავლოდ, 2020 წლის გადამწყვეტი არჩევნებისთვის. გამოგვადგება იმ კუთხით, რომ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია გაყალბების მექანიზმების შესახებ.
_ გასაგებია, რომ ამ 43%-ით კმაყოფილები ხართ და წარმატებად მიიჩნევთ, მაგრამ რა გააკეთეთ იმისთვის, რომ 51% მიგეღოთ?
_ რაც გავაკეთეთ, ის რომ არ გაგვეკეთებინა, განმეორდებოდა 2016 წელი. 2016-ში სანდრამ გაიმარჯვა, თუმცა ორი უბანი დაარბიეს, საარჩევნო ყუთები გაიტაცეს და მეორე ტური დაინიშნა. მეორე ტურში კი მონაწილეობას აზრი არ ჰქონდა, რადგან განმეორდებოდა ის, რაც პირველ ტურში მოხდა. ამ შუალედურ არჩევნებზე კი მსგავსი რამის გაკეთება ვერ გაბედეს. ყველა არჩევნების წინ ხელისუფლების მთავარი დემაგოგიური ლოზუნგი იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების დროს არეულობას აპირებს. ამ შიშის ფაქტორს ქმნიდნენ ყალბი აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით, იგონებდნენ ტყუილებს, მაგალითად, ჭიკაიძის ცნობილი ფრაზა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ 1000 საბურავი აქვს გადამალული და რუსთაველზე მათი დაწვა უნდათო. ეს ფრაზა შემდგომში საარჩევნო სიცრუის ეტალონად გადაიქცა. წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობისგან“ ბოროტებისა და ქვეყნის გადამტრიალებლის, მათ შორის, არაძალადობრივი გზით გადამტრიალებლის ხატის შექმნით ზაფრავდნენ ამომრჩეველს. ახლაც გაითამაშეს ეს კარტი, თქვეს, რომ ზუგდიდში 5000 კაცი ჩადიოდა და რა უნდა ამდენ ხალხს ზუგდიდშიო, ქალაქის დამხობას აპირებენო? სინამდვილეში, საქმე ძალიან მარტივადაა, _ ზუგდიდში იყო 107 საარჩევნო უბანი, თითოეულ უბანზე რომ 30 კაცი დააყენო, ეს უკვე 3000 კაცია. გარდა ამისა, ჩვენ თითოეულ უბანზე გვყავდა ოფიციალური წარმომადგენლები საარჩევნო კომისიიდან, მათ შორის, მეთვალყურეები, ცესკოს მიერ რეგისტირებული ადამიანები. წარმოვიდგინოთ, რომ ერთ უბანზე, დაახლოებით, 40-50 კაცი იყო, რაც საბოლოოდ 5000 გამოდის. არჩევნები დასრულდა, მაგრამ ქალაქი დაამსხვრიეს და ნაცარტუტად აქციეს? როგორც ჩანს, შუალედურ არჩევნებზე ამ ლოზუნგმა არ იმუშავა. ხალხმა დაინახა, რომ მსგავსი შიშის შექმნა არ არის პროდუქტიული. ამიტომაც როგორც არ უნდა თქვან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არეულობას აპირებს და რა ფირიც არ უნდა დაამონტაჟონ, ხელისუფლების ეს ხრიკი, რომელიც შიშის ატმოსფეროს ქმნიდა ქვეყანაში, განეიტრალებულია. რაც შეეხება სანდრას, ის იყო განსაკუთრებულად ძლიერი კანდიდატი, ის ასოცირდებოდა ასევე მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც ქართულ პოლიტიკაში უპირობო ლიდერია და მისი რეიტინგი ბევრ რამეს ნიშნავს. ამიტომ არის 43%.
რაც შეეხება მთაწმინდას, მთაწმინდაზე ოპოზიციურმა კანდიდატებმა გაცილებით მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა. დაახლოებით, 15% მიიღო აშკარა ოპოზიციის კანდიდატმა, როგორიც იყო „გირჩი“, ელისაშვილის პარტია, ოპოზიციურად განწყობილი მემარცხენე ორიენტაციის პარტია, მათ საკმაოდ დიდი რაოდენობის ხმა მიიღეს. სახელისუფლებო წარმომადგენლებმა და მასთან ასოცირებულმა კანდიდატებმა კი ნაკლები მიიღეს. ეს რომ საპარლამენტო არჩევნები ყოფილიყო, მაშინ გამოდს, რომ მთაწმინდაზე, თბილისის გულში, გაიმარჯვა ოპოზიციამ. ზუგდიდში რომ საპარლამენტო არჩევნები ყოფილიყო, ამ ფორმატში სხვა პარტიებიც გამოჩნდებოდნენ და ამომრჩევლის დიდი ნაწილი სწორედ ოპოზიციის მიმართულებით წავიდოდა, განსაკუთრებით ისინი, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს. ანუ მომლოდინე, პასიური ამომრჩევლების ხმები არის გადამწყვეტი საქართველოში ახალი ხელისუფლების ფორმირებისთვის. არჩევნებზე არ მოვიდა ის ხალხი, ვინც „ქართული ოცნებისგან“ იმედგაცრუებულია, იგივე დაამტკიცა NDI-ის კვლევებმა.
_ ნუ დაგვავიწყდება, რომ არჩევნებზე არმისულ ამომრჩეველს „ნაციონალური მოძრაობაც“ არ მოსწონს…
_ ამ ამომრჩევლებში არიან ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ „ქართული ოცნება“ და არასდროს დაუბრუნდებიან მას. შესაძლებელია ისიც, რომ დიდ ნაწილს არ მოსწონდეს გაერთიანებული ოპოზიცია. უამრავ პატარა პარტიას, რომელიც ხელისუფლების ოპოზიციაში არის, უჩნდება ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა. მათთვის ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი არის ის რეზერვი, რომელიც 3%-ის გადალახვის შანსს აძლევს. დღეს ზუგდიდმა და მთაწმინდამ გვაჩვენა, რომ ხელისუფლება იცვლება კოალიციური ოპოზიციური გაერთიანებებით. არ გვეყოლება რომელიმე პარტიის დომინირებით შექმნილი ხელისუფლება, თუმცა, ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ყველაზე დიდი ელექტორატი ექნება _ ერთ-ერთი გადამწყვეტი სიტყვის მთქმელი, მაგრამ მას არ ექნება ის საკმარისი რესურსები, რომ დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს მთავრობა. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ჩვენ პირველად ვხედავთ ევროპული ყაიდის მმართველობის ჩამოყალიბებას, სადაც კოალიციური მთავრობა ქმნის პარლამენტს და პარლამენტი ქმნის კოალიციურ მთავრობას, სადაც შესაძლებელია იყვნენ განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის პარტიები. ევროპაში ასეა, ეს პარტიები კი ერთმანეთს უფრთხილდებიან. საკმარისია დაიშალოს საპარლამენტო კოალიცია და იშლება მთავრობაც. ეს თითქმის ყოველ წელიწადს ხდება იტალიაში და ძალიან ხშირია, როდესაც ახალი არჩევნები ინიშნება იმის გამო, რომ საკმაოდ ჭრელი ხელისუფლებაა. ჩვენ ეს ჯერ არ გამოგვიცდია. როგორი ჭრელიც არ უნდა იყოს იდეოლოგიურად მომავალი ხელისუფლება, ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება ივანიშვილის ჩამოშორება. ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ დღეს ქვეყნის განვითარების მუხრუჭია. ეს არის ძალა, რომელმაც 7 წლის განმავლობაში აჩვენა, რომ თავისი პოლიტიკით ქვეყანა უკან მიჰყავს. მაგალითად, საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ საქართველოში დღეს 39 000-ით ნაკლები სამუშაო ადგილია, ვიდრე 2015 წელს იყო. როგორადაც არ უნდა იმანიპულირონ სხვა ეკონომიკური მაჩვენებლებით, ამას ვერაფერი გადაწონის. ქვეყანა არ ვითარდება. კი, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, მაგრამ უფრო მეტი იკარგება. 2015 წელს საქართველოში დასაქმებული იყო 1,733 მილიონი ადამიანი, 2016 წელს _ 1, 717 მილიონი, 2017 წელს _ 1,706 მილიონი, 2018 წელს _ 1,694 მილიონი. მაჩვენებელი ყოველწლიურად კლებულობს. მაშინ, რატომ ამბობენ, რომ უმუშევრობა მცირდება? თუკი ასეა (რისიც არ მჯერა), ეს გამოწვეულია იმით, რომ მცირდება სამუშაო ძალა, ე. წ. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა გადის ხალხი ქვეყნიდან. 2015 წელს სამუშაო ძალა შეადგენდა 2,018 მილიონ ადამიანს, 2018 წელს _ 1, 939 მილიონს. წელს რომ ასი ათასმა კაცმა დატოვოს ქვეყანა, უმუშევრობა შემცირდება? კი, რა თქმა უნდა. ვაი, ასეთ შემცირებას!
_ თქვენ მიერ ნახსენები უპირობო ლიდერი რადიკალური ნაბიჯების მომხრეა. არჩევნების შემდეგ ნიკა მელიას განცხადებაც, გარკვეულწილად, მიშას ეხმიანებოდა. განიხილებოდა თუ არა მელია მერობის კანდიდატად და რა სახის დაპირისპირებაა გუნდში? ის ფაქტი, რომ მელია არჩევნებზე ზესტაფონში იმყოფებოდა, ასევე გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს.
_ მაშინ, როდესაც მთელი აქცენტი ზუგდიდსა და მთაწმინდაზე იყო გადატანილი, რამდენიმე ასეული ხმა დააკლდა, თორემ ზესტაფონში მეორე ტური იქნებოდა. სახელისუფლებო კანდიდატმა 50%-ზე ოდნავ მეტი მიიღო. გრიგოლ ვაშაძეც და ნიკა მელიაც მონაწილეობდნენ, როგორც ზუგდიდის არჩევნებში, რომელიც, რა თქმა უნდა, სიმბოლური მნიშვნელობის იყო, მაგრამ შეუძლებელი გახლდათ, პარტიას ყურადღება არ მიექცია მარნეულისთვის, ზესტაფონისთვის. სხვა ოლქებისადმი უყურადღებობა ეს იქნებოდა უპატივცემულობის გამოხატვა არა მხოლოდ არჩევნებისადმი, არამედ პარტიისადმი. ამიტომაც ბატონი გრიგოლისა და ნიკას აქტიურობა ზესტაფონში დაგვირგვინდა კიდეც შედეგით, ფაქტობრივად, მეორე ტურამდე მივიდა. არჩევნების შემდეგ ნიკას ეს განცხადება რომ არ ყოფილიყო, არავინ იტყოდა, რა უნდა არჩევნების დღეს ნიკა მელიას ზესტაფონშიო.
_ თქვენ არაერთხელ ახსენეთ, რომ მაქსიმალურად მობილიზებული იყავით. სწორედ ის არის უცნაური, რომ ზუგდიდში იმ 5000 კაცში ნიკა მელია არ იყო.
_ ზუგდიდში ყველაზე დაძაბული დღე იყო მაშინ, როცა არჩევნებამდე ორი დღით ადრე ნიკა ჩავიდა და ზუგდიდის საოლქო კომისიაში საჩივრის დასაწერად არ შეუშვეს. იმ დღეს ნიკა იყო მოვლენათა ეპიცენტრში, იმ დღეს ნიკამ ამხილა ის დარღვევები, რომელიც ზუგდიდში იყო. ის პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა, გრიგოლი კი _ პარტიის თავმჯდომარე. მათ მიერ ზურგის ქცევა მარნეულისადმი ან ზესტაფონისადმი იქნებოდა აბსოლუტურად ალოგიკური. ამიტომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ზუგდიდში 5000 კაცი იდგა და 500 კაცი, მათ შორის, პარტიისა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო ზესტაფონში. რა თქმა უნდა, არჩევნების დღეს ბატონი გრიგოლი ზუგდიდში იმყოფებოდა. ჩვენ საარჩევნო უბნებზე დავდიოდით, ყველა უბანი მოვიარეთ, მაგრამ ის, ამავე დროს, ზესტაფონშიც ჩავიდა და უკანაც დაბრუნდა. ამიტომ კუდების მობმა რაღაც სიმბოლოებზე არასწორია. რაც შეეხება რადიკალიზაციას, ნიკა მელიაზე რადიკალური პოლიტიკოსი საქართველოში არსებობს?! ჩვენ გვახსოვს, კეთილები აგინა პრემიერმა მას პარლამენტში და გადაჰყვა კიდეც ნიკა მელიას.
_ ნიკა მელიას, თუ სხვა ვინმეს/რამეს გადაჰყვა პრემიერი?!
_ ნიკა მელიასაც გადაჰყვა. რუსთაველის პროსპექტზე, როცა სარალიძისა და მაჩალიკაშვილის სამართლიანობისთვის ბრძოლას მხარს უჭერდა, თურმე პოლიციამ ვერ იცნო თავხოტორა ნიკა მელია, ხელებსა და ფეხებში მოჰკიდეს ხელი, ჩასვეს მანქანაში, წაიყვანეს გლდანში თუ ცხვარიჭამიაში და მხოლოდ კარვების აღების შემდეგ გამოუშვეს, ბოდიში მოუხადეს, _ თურმე ნიკა მელია ყოფილხართ ახლა გიცანით სახეზეო. ძალიან დიდი უსამართლობაა და სასაცილოა, რომ ნიკა მელიას ვინმე რადიკალიზმის ხარისხში შეედაოს. თუნდაც გავიხსენოთ ინაუგურაციის დროს, როდესაც თელავში არ უშვებდნენ ადამიანებს, ამ დროს ერთ-ერთი ფლაგმანი იყო ნიკა, ამიტომაც ნიკას კონტექსტში სუსტი რადიკალიზმის ხსენება სასაცილოა. რაც შეეხება საარჩევნო თუ რადიკალურ გზას, ვინ არის „ნაციონალურ მოძრაობაში“ ისეთი, ვინც ამბობს, რომ აქციები არ უნდა იყოს?
_ შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართულ აქციასთან დაკავშირებით, სწორედ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებდა არანაირ აქციაში მონაწილეობას, სადაც გრიგოლ ვაშაძეს პრეზიდენტად მიესალმებოდნენ… ჯერ კიდევ მაშინ გამოიკვეთა, რომ სამოქმედო გზასთან დაკავშირებით პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა იყო.
_ სალომე სამადაშვილი ამბობდა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ქვეყნის პრეზიდენტი, ოღონდ ის არის უკანონოდ, უსამართლო არჩევნების გზით არჩეული პრეზიდენტი, თორემ გვყავს ახლა პრეზიდენტი, დადის შეხვედრებზე, ჩვენ მიერ მიღებულ კანონებსა და ბიუჯეტს აწერს ხელს, მის მიერ ხელმოწერილი ბიუჯეტით კი ხელფასებს ჩვენ ვიღებთ. ამიტომ, გვინდა თუ არ გვინდა, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტია, რომელსაც ჩვენ არ ვაღიარებთ. ისევე როგორც ვენესუელაში არის პრეზიდენტი, რომელსაც ხალხი, მათ შორის, პარლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარე არ აღიარებს. მეტიც: 30-მდე სახელმწიფომ ქვეყნის რეალურ მმართველად აღიარა პარლამენტის თავმჯდომარე და არა „ხალხის მიერ არჩეული“ პრეზიდენტი. რაც შეეხება ხალხის გამოყვანას, ხშირად კითხულობენ, ოპოზიციას რატომ არ გამოჰყავს ხალხიო? მინდა გითხრათ, რომ ოპოზიციას ხალხი არ გამოჰყავს, ხალხს გამოჰყავს ოპოზიცია. ჩვენ მაშინ თელავში ვიყავით და თავყბა დაამტვრიეს ჩვენს აქტივისტებს, სრულიად უსამართლოდ დაიჭირეს დათო კირკიტაძე. შემდეგ ჩამოვედით და ხალხს გარეთ გამოსვლისკენ მოვუწოდეთ, მაგრამ ხალხი არ გამოვიდა. ვინმეს შეუძლია დაადანაშაულოს ოპოზიციის ლიდერები, რომ მათ საკმარისად არ იაქტიურეს და ხალხს არ მიმართეს?! როგორც ჩანს, ოპოზიციას ხელისუფლების საპროტესტო მუხტით შეცვლის შეკვეთა არ შეუძლია. ოპოზიციას არ შეუძლია, საზოგადოებას პროტესტი შეუკვეთოს _ ეს უნდა გაჩნდეს ხალხში. თუ ხალხში დაიბადება ხელისუფლების შეცვლის სურვილი, ის იცვლება ან არჩევნებით, ან ხალხს თუ არჩევნებით შეცვლის იმედი არ აქვს, მაშინ რევოლუციის გზით იცვლება, როგორც მოხდა შევარდნაძის დროს.
_ თუ თქვენ ამბობთ, ქვეყანა რეგრესისკენ მიდის და ხელისუფლება უუნაროა, მაშინ ხალხი რატომ არ გიკვეთავთ ხელისუფლების შეცვლას ან თუ ამბობთ, რომ ქუჩაში გამოდიხართ, უკან რატომ იხევთ, თუნდაც შუალედური არჩევნების შემდეგ იმ დღესვე რატომ არ დაიწყეთ საპროტესტო აქციები?
_ ოპოზიციას ერთადერთი შეიძლება უსაყვედურო ის, რომ მას არ აქვს იმდენი უნარი, ხელისუფლების დეზინფორმაცია გაანეიტრალოს. ხალხს უნდა აუხსნა ქვეყანაში არსებული კორუფციის შესახებ, ამაზე ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ და „რუსთავი 2-სა“ და სხვა მედიასაშუალებებში ყოველდღიურად შუქდება ამის შესახებ მასალები. ხალხი არ უნდა ამყოფო ინფორმაციულ ვაკუუმში. საზოგადოება ორნაირად გრძნობს ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობას, გრძნობს საკუთარ ჯიბეზე და მეორე, ეს არის ხელისუფლების კორუმპირებულობის მხილებით. საბოლოო ჯამში, ეს ქმნის ხელისუფლების შეცვლის ალბათობას. დაუშვებელია საარჩევნო ნიჰილიზმი, საქართველოში ხელისუფლება ყოველთვის არჩევნების გზით შეიცვალა, ეს იმას ნიშნავს, რომ ან შეიცვალა უშუალოდ არჩევნების გზით, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების გზით დაამარცხა „ნაციონალური მოძრაობა“, ან ხელისუფლება შეიცვალა არჩევნების გამო, როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მშვიდობიანი რევოლუციით არჩევნების გაყალბების გამო ისტორიულ სამარეში გაუშვა შევარდნაძის ხელისუფლება. თუ ხალხი დარწმუნდა, რომ მას არ შეუძლია საკუთარი ხმის დაცვა და კანონიერად ხელისუფლების შეცვლა, მაშინ ხალხი სწორედ არჩევანის წართმევის გამო დგამს რადიკალურ ნაბიჯებს.
_ ბატონო რომან, აღიარებთ, რომ ფორმაში არ ხართ? პოლიტიკურ ფორმას ვგულისხმობ…
_ ნუ გვავიწყდება, რომ ოპოზიციის გარდა არსებობს ხელისუფლება და არსებობს ადამიანი, რომელსაც აქვს 7 მილიარდი, აქვს მედია გავლენები, ცრუ პროპაგანდის გავრცელების უამრავი საშუალება, ის ყოველდღიურად საკუთარ პარტიულ თუ სხვა სახის აქტივს ასაქმებს ბიუჯეტის ხარჯზე. მხოლოდ წელს 10 000-ით გაიზარდა სახელმწიფო ბიუროკრატია. ეს ადამიანი უამრავ დაინტერესებულ ადამიანთა ფენას ქმნის, რომლისთვისაც ხელისუფლების შეცვლა არ არის სასურველი; მათთვის ხელისუფლების შეცვლა იწვევს კეთილდღეობის დაკარგვას. ასეთი განცდა აქვთ ადამიანებს. გარდა ამისა, ჰყავთ უამრავი დაქირავებული აქტივი, რომელსაც კოორდინატორებსა და სხვა რაღაცებს უწოდებენ. ნუ წარმოვაჩენთ, რომ ჩვენ თითქოს და საქმე გვქონდეს უბრალო ოპონენტთან. ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც Forbes-ის რეიტინგში არის მილიარდერების მოწინავე რიგებში. ჩვენი მოწინააღმდეგე აღჭურვილია, როგორც სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსით, ასევე საკუთარი რესურსებით. გარდა ამისა, მას ზურგს უმაგრებს რუსეთი და აშკარად პრორუსული ორიენტაციის პარტიები, თორემ „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნების დროს 1000 კაცი ვერ გმოიყვანა ქუჩაში, თუმცა
„პატრიოტთა ალიანსის“ დახმარებით 40 000 კაცი მოიყვანეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ ხელისუფლება გამოდის დასუსტებული, ხოლო ოპოზიცია _ გაძლიერებული. შუალედური არჩევნების დროს ხელისუფლებამ თავისი ნეგატიური მხარე კიდევ უფრო გამოავლინა და შესაბამისად, არჩევნების შედეგად უფრო დასუსტდა, ოპოზიცია კი გაძლიერდა. დარჩენილ პერიოდში ჩვენი მოქმედების გზა ასეთია: რა თქმა უნდა, რადიკალური გამოსვლები ყველგან საჭიროა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივისა და გამოსვლების სახით, ასევე მედიაში, ქუჩაში, აუცილებელია ხელისუფლების უსუსურობის მხილება. რით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს? მათ სამი თვე ქუჩაში საკნები ჰქონდათ, 80 000 კაცი „დინამოს“ სტადიონზე, 100 000 კაცი კი თავისუფლების მოედანზე გამოიყვანეს. იყო მასობრვი მიკრო თუ დიდი საპროტესტო აქციები. ეს, რა თქმა უნდა, ივანიშვილის მიერ ორგანიზებული დიდი ფულით ხდებოდა.
_ ოპოზიციას ქუჩაში ხალხი ვერ გამოგყავთ, არჩევნებთან დაკავშირებით კი ამბობთ, რომ ადმინისტრაციულ და ფულად რესურსს ხელისუფლება იყენებს. მაშინ რა ბერკეტი გრჩებათ? აღვნიშნავ იმასაც, რომ ივანიშვილი 2020 წელსაც იქნება Forbes-ის რეიტინგში მილიარდერების მოწინავე რიგებში.
_ ეს ის ივანიშვილი არაა, რომელიც 7 წლის წინათ იყო. ივანიშვილს ისევ იმდენი ფული აქვს, რაც 7 წლის წინათ ჰქონდა, მაგრამ ის გაშიფრულია _ ყველამ იცის, ივანიშვილს რა შეუძლია, ყველამ იცის, რომ მისი არც ერთი დიდი დაპირება არ შესრულებულა. რეალურად გაიგეს ადამიანებმა, ვინ არის ივანიშვილი. ამიტომ მისი ხატი და სიმდიდრე, რომელიც გადამრჩენის სახით იყო, დღეს არ არის იმ პოტენციალისა და ენერგიის შემცველი, რაც თავიდან იყო და რაც საბოლოოდ გამოვლინდა კიდეც NDI-ის კვლევაში _ ყველაზე მიუღებელი და არასასურველი კაცი საქართველოში. არჩევნებამდე ეს ნეგატივი კიდევ უფრო გაძლიერდება.
_ ოპოზიცია მხოლოდ იმის იმედზე იქნებით, რომ არჩევნებამდე ნეგატივი გაიზრდება?
_ არა მხოლოდ ამის იმედზე, ჩვენ ყოველდღიური მუშაობით ვამხელთ ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებს. საჭიროა მუშაობა ყველგან: კაბინეტებში, მედიაში, ქუჩებში და, რაც მთავარია, მუშაობა ხალხთან და ერთმანეთთან. ვინ წარმოიდგენდა, რომ მურუსიძე დღეს ივანიშვილის ფავორიტი იქნებოდა და გირგვლიანის საქმის ადვოკატს ოპოზიციაში ვიხილავდით?..
_ ვერც იმას წარმოიდგენდა ვინმე, რომ შავგულიძის ფავორიტი ბოკერია იქნებოდა და, თუ გნებავთ, პირიქითაც…
_ რეალობა იცვლება: ოპოზიცია იზრდება, შეცდომებზე ვსწავლობთ, ასევე ერთმანეთთან თანამშრომლობას. აქეთ ოპოზიციის მოწიფულობის ხარისხი იზრდება და იქით _ ხელისუფლების ძირმომპალობის. საბოლოო ჯამში, მრავალი კომბინაცია ქმნის ხელისუფლების შეცვლის რესურსს. არ არსებობს ერთბორბლიანი პოლიტიკა, ერთი ბორბალია ქუჩა, მეორე _ პარლამენტი, მესამე _ მედია, მეოთხე _ ადამიანებთან ურთიერთობა, მეხუთე _ შესაძლოა იყოს შიდაპარტიული ურთიერთობების დალაგება და ა. შ. რაც შეეხება შიდაპარტიულ კამათს, „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის „ქართული ოცნება“, სადაც განსხვავებული აზრისთვის ლიდერები გააგდეს. „ნაციონალურ მძრაობაში“ ყოველთვის იყო განსხვავებული აზრი და ხმაურიანი თემები. ეს ასე იქნება მუდამ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზული გამოცდილების მქონე პოლიტიკოსები არიან, უამრავი ადამიანი, რომელსაც თავისი რეპუტაცია და დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება აქვს. „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ ერთი აზრით არ იმართება. იგივე მიხეილ სააკაშვილის შეხედულებები არ არის უკრიტიკოდ მიღებული და მიშა თუ ხვდება, რომ ცდება, ძალიან ხშირად იცვლის აზრს. მიშას შეუძლია მოვლენების მასშტაბურად დანახვა და ჩვენც ვიცვლით ხოლმე აზრს. არჩევნების შემდეგ ეს იყო ჩვეულებრივი მოვლენა, განსხვავებული აზრი გამოთქვა ნიკა მელიამ, სულ ეს იყო. ერთი კვირის გასვლის შემდეგ, როცა უკვე თქვენი გაზეთი გამოვა, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ, ეს თემა უკვე დავიწყებული იქნება.

ნენე ინჯგია