დამოუკიდებლობის ქრონიკები

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ (2018წ.) ##3-27;29-39; (2019წ.) #2-6;8-17.

ხაშურიდან, დაახლოებით, 15 კილომეტრში სოფელი აძვისი მდებარეობს _ ქართლისთვის დამახასიათებელი სახლებით, ვიწრო ორღობეებითა და გულღია, პირდაპირი ხალხით. სოფლის სასაფლაოზე პატარა ეკლესია დგას, რომელიც ღვთისმშობლის სახელზეა აგებული. ტაძრის ეზოში საფლავებია მიმობნეული. ზოგი ახალია, ზოგი კი საუკუნეებს ითვლის. აძვისში ყველა მათგანს სათუთად უვლიან. ეს მათი მეხსიერება, მათი ისტორიაა:
ხავსით მოდებული, დროისგან აქერცლილი ძველი საფლავის ქვები და საუკუნის წინანდელი ქართულით დაწერილი ეპიტაფიები გარდაცვლილთა შესახებ მოგვითხრობს.

ერთი მათგანი განსაკუთრებით დასამახსოვრებელია. „დავიბადე 1846 წლის 25 აპრილს, გარდავიცვალე 1918 წლის 25 მაისს“. წარწერიდან ვიგებთ, რომ აქ დავით ნიკოლოზის ძე კაპანაძეა დასაფლავებული. როგორც თარიღებიდან ჩანს, იგი 72 წლის ასაკში გარდაცვლილა. სიკვდილის მიზეზი არ ჩანს.
კაპანაძის უკანასკნელ სასუფეველთან უნებურად დიდხანს ჩერდები. მის საფლავზე ასი წლის წინ დაწერილი ეპიტაფია სხვებისგან აშკარად გამოირჩევა. ქვაში ამოკვეთილი სიტყვები დავითის შვილებს ეკუთნით: „გაიხარე, მამა! შენი ნატვრა აღსრულდა. საქართველო განთავისუფლდა“. ამის წაკითხვას რომ დაასრულებ, ალბათ, თვალი უნებურად ისევ სიკვდილის თარიღისკენ გაგექცევა და მხოლოდ შემდეგ აცნობიერებ, რომ კაპანაძე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინა დღეს გარდაიცვალა. ეპიტაფიიდან ისიც აშკარად იგრძნობა, რომ სოფელ აძვისის მკვიდრი, უბრალო გლეხი _ დავით კაპანაძე, სამშობლოს თავისუფლებას მთელი თავისი შეგნებული სიცოცხლე ნატრობდა.

***
1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. საუკუნოვანი წყვეტის შემდეგ სწორედ ამ პერიოდში მოხერხდა ერთიანი ქართული სახელმწიფოს ფორმირების პროცესის დაწყება; სახელმწიფო ინსტიტუტების, კონსტიტუციის, სიმბოლიკის შექმნა; ქვეყნის მართვაში დემოკრატიული სისტემის შემოღება და ევროპული ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის გამოცხადება.
დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არასრული სამი წელი იარსება. მაგრამ სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს. მიუხედავად ხანმოკლე დამოუკიდებლობისა, ამ პერიოდმა ქართული საზოგადოების ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა. მან შექმნა მეხსიერება, რომელიც კომუნისტთა ძალისხმევის მიუხედავად მაინც არ წაიშალა.
გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, იმ თაობამ, რომელიც საბჭოთა კავშირში გაიზარდა და დამოუკიდებლობის შესახებ ბევრი არც არაფერი იცოდა, უცებ აღმოაჩინა, რომ თურმე „ურღვევი კავშირის“ ნაცვლად საქართველოს ჰიმნი „დიდება“ იყო, გაიგო, რომ წითელი ალამის მაგივრად, ქართველებს შინდისფერი სამფეროვანი დროშა ჰქონდათ.
ახალმა თაობამ ისიც გაიგო, რომ მისი გერბი ნამგალი და ურო კი არა, თეთრი გიორგი იყო. წითელი არმია დამპყრობელი გახლდათ. რომ ერთ დროს არსებობდა ქართული ფულის ერთეული, ქართული მთავრობა, რომ კომკავშირელი ბორის ძნელაძე კი არ იყო გმირი, როგორც სახელმძღვანელოებში ასწავლიდნენ, არამედ მოწყალების და _ მარო მაყაშვილი, რომელიც კოჯორთან დაიღუპა.
რა ვიცით 26 მაისის შესახებ? რა უძღოდა წინ დამოუკიდებლობის გამოცხადებას? რა განწყობები იყო მაშინდელ საქართველოში? საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ იმ პერიოდის ქვეყნის წამყვანმა პოლიტიკურმა ძალამ – სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, დამოუკიდებლობის გამოცხადების გადაწყვეტილება, ერთგვარი იძულებისა და სხვის მიერ კარნახის შედეგად მიიღო; სხვები კი ამტკიცებენ, რომ დამოუკიდებლობის აქტის მიღება არა იძულებითი ნაბიჯი, არამედ იმ ეროვნული მოძრაობის დაგვირგვინება გახლდათ, რომელიც თერგდალეულთა ძალისხმევით, საქართველოში მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო.
ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს იმ რთული გეოპოლიტიკური მოვლენების ანალიზი, რომელმაც საფუძველი დაუდო დამოუკიდებლობის აქტს. ამის შესახებ უამრავი ანალიტიკური ნაშრომი და სტატიაა გამოქვეყნებული. ჩვენ შევეცდებით, ქრონოლოგიურად დავალაგოთ ის თარიღები, რომელიც წინ უსწრებდა 1918 წლის გაზაფხულს და რომელთა გარეშეც 26 მაისი, უბრალოდ, არ დადგებოდა.

მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრობით:

დამოუკიდებლობის ქრონოლოგია, ალბათ, 1917 წლის თებერვლიდან იწყება, მაშინ როდესაც რუსეთში მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყო. სწორედ ამან მისცა ბიძგი საქართველოში ეროვნული მოძრაობის გააქტიურებას.

რუსეთის თებერვლის რევოლუცია

1917 წლის დასაწყისში ნათელი გახდა, რომ რუსეთის იმპერია მსოფლიო ომს ვეღარ უძლებდა. სამწლიანი განუწყვეტელი სამხედრო დაპირისპირების შედეგად მოიშალა ეკონომიკა, გაუარესდა სოციალური მდგომარეობა, საგრძნობი გახდა სურსათის უკმარისობა. ქვეყანა, რომელიც ომამდე ხორბლის წარმოების მსოფლიო ლიდერი იყო, პურის გარეშე დარჩა. იმპერია დღითი დღე უმართავი ხდებოდა. თებერვლის ბოლოს ცხოვრების დონის გაუარესებით უკმაყოფილო მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა. ხალხს ომისგან დაღლილი ჯარისკაცებიც შეურთდნენ. რუსეთში მძიმე პოლიტიკური კრიზისი დაიწყო, რომელმაც საბოლოოდ რევოლუცია გამოიწვია. პეტერბურგის ქუჩებში არმიასა და მანიფესტანტებს შორის სისხლიანი შეტაკება დაიწყო: გაზეთი „საქართველო“: „პირველად სისხლი დაიქცა ყაზანის მოედანზე, სადაც დიდძალ ხალხს ჯარი გადაეღობა. პირველად ჰაერში ისროლეს. ხალხი მიწაზე დაემხო. ჯარი პირქვე დამხობილ ხალხს თოფებს უშენდა უკვე გატენილი პატრონებით. 60–მდე მოკლული და დაჭრილია“.
მეფე ნიკოლოზ მეორე ტახტიდან გადადგა. ჩამოყალიბდა დროებითი მთავრობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა თავადი ლვოვი. მეფე და მისი ოჯახი დააპატიმრეს.

ოზაკომი _ 1917 წლის 9 მარტი

რუსეთში დაწყებული პოლიტიკური კრიზისი სულ მალე საქართველოზეც აისახა. ამიერკავკასიაში ახალი სამხარეო ხელისუფლება – ოზაკომი შეიქმნა, რომელიც რუსულიდან შემდეგნაირად ითარგმნებოდა: ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი. კომიტეტის შემადგენლობაში კავკასიის რეგიონიდან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში არჩეული 5 მოქმედი დეპუტატი გაერთიანდა. მათ შორის ორი ქართველი იყო: სოციალ-დემოკრატი აკაკი ჩხენკელი და სოციალისტ-ფედერალისტი კიტა აბაშიძე. თავად ოზაკომს კი კადეტთა პარტიის წევრი ხარლამოვი მეთაურობდა. ისევე როგორც მეფისნაცვალი, ოზაკომიც მთელ რეგიონს ტფილისიდან ხელმძღვანელობდა.

ქართული ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის აღდგენა _ 1917 წლის 12 მარტი

თებერვლის რევოლუცია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დასაწყისად იქცა. შექმნილი ვითარებით ყველაზე უწინ საქართველოს სამღვდელოებამ ისარგებლა. 1917 წლის 12 მარტს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, 10 ათასზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი. აქ გახლდათ საქართველოს ოთხივე მღვდელმთავარი. ეპისკოპოსები: ლეონიდე, გიორგი, ანტონი და პიროსი; თბილისისა და სრულიად საქართველოს სამღვდელოება ქართლ-კახეთიდან, გურია-ოდიშიდან; თავადაზნაურთა საგუბერნიო და სამაზრო მარშლები; საქართველოს გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები.
საზეიმო წირვის შემდეგ სვეტიცხოველში ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა გამოცხადდა: „ვინაიდან საქართველოს ეკლესია არსებობდა დამოუკიდებლად, რომელსაც ჰქონდა მსოფლიო კრებათა დასტური, რომლის მოსპობა, ანუ გაუქმება არ ექვემდებარებოდა არავითარ ძალას, გარდა მსოფლიო კრებათა და სრულიად არაკანონიკურად შეუჩერეს მისი ავტოკეფალური მართვა-გამგეობა, რომელსაც აღარ შეესაბამება საქართველოს ეკლესიის უფლება-ახდილად ყოფნა, ამისათვის აუცილებლად ვსცანით ერთხმად და ერთსულოვნად დავადგინოთ: საჩქაროდ განგრძობილი იქმნეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალური მართვა-გამგეობა…“

ინტერპარტიული საბჭო _ 1917 წლის აპრილი

დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად შესაძლოა, „საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს“ ჩამოყალიბება განვიხილოთ, რომელიც ტფილისში 1917 წლის აპრილში დაფუძნდა. ეს იყო საქართველოს ძირითადი პოლიტიკური პარტიების გაერთიანება, რომელთა შორის წამყვანი როლი ეკავათ სოციალ-დემოკრატიულ, სოციალისტ-ფედერალისტულ და ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიებს. ამ საბჭოს მიზანს წარმოადგენდა, გარდამავალ პერიოდში, როდესაც რუსეთის იმპერიაში გაურკვეველი ვითარება იყო, საქართველოს მომავალი მოწყობის შესახებ ემსჯელა.
თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ 1917 წლის გაზაფხულზე საქართველოში მოქმედი პოლიტიკური ძალები ქვეყნის სრულ დამოუკიდებლობაზე ნაკლებად ფიქრობდნენ. ისინი უფრო დემოკრატიული რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს ფართო ავტონომიური უფლებებისთვის იბრძოდნენ.

ბოლშევიკური სამხედრო გადატრიალება რუსეთში – 1917 წლის 25 ოქტომბერი

დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია _ ასე უწოდებდნენ კომუნისტები იმ მოვლენას, რომლის შედეგადაც ქვეყნის სათავეში მოვიდნენ. სინამდვილეში, არავითარი რევოლუცია არ ყოფილა – 25 ოქტომბერს ლენინის პარტიამ პეტროგრადში შეიარაღებული გამოსვლა მოაწყო და ხელისუფლება ძალით მიიტაცა.
ბოლშევიკური გადატრიალების შესახებ ქართულ პრესაში პირველი ინფორმაცია ნოემბრის დასაწყისში გამოჩნდა. გაზეთი „საქართველო“, 2 ნოემბერი: „რამდენიმე დღეა, რაც ჩვენი ქვეყანა სრულად მოწყვეტილია რუსეთზე, არ ვიცით რა ხდება პეტროგრადში. ვიცით მხოლოდ, ბოლშევიკებმა ზარბაზნების და თოფების საშუალებით იერიშით აიღეს საზამთრო სასახლე… ტელეგრაფის სააგენტომ მხოლოდ მოასწრო ეცნობებინა, რომ ბოლშევიკებმა დაატუსაღეს მინისტრები და კერენსკი. ამაზე შესწყდა ცნობები სააგენტოსი, მერმე მავრთული გადაგვიჭრეს“. რუსეთში წითელი ტერორი დაიწყო. ისედაც მძიმე კრიზისში მყოფი იმპერია სრულ ქაოსში ჩაიძირა.

ამიერკავკასიის კომისარიატი _ 1917 წლის 15 ნოემბერი

რუსეთში ბოლშევიკების მოსვლისა და დროებითი მთავრობის დამხობის შემდეგ უფლებამოსილება შეუწყდა დროებითი მთავრობის ამიერკავკასიის სამხარეო ხელისუფლებას – ოზაკომს. ამასთან დაკავშირებით, 19 ნოემბერს გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ოზაკომის საგანგებო სხდომის დადგენილება: „მხედველობაში ვიღებთ პოლიტიკურ მომენტის მძიმე პირობებს, აგრედვე გაუქმებას რუსეთის ცენტრალურ მთავრობისას, რომლის რწმუნებულებითაც ჩვენ ვმოქმედობდით, და ჩვენ, ამიერ კავკასიის საგანგებო კომიტეტის წევრებმა დავადგინეთ ხელი ავიღოთ ჩვენს თანამდებობაზე, ვინაიდან უკვე შესდგა ამიერკავკასიის საოლქო ახალი მთავრობა. ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტის წევრნი: ჩხენკელი, პაპაჯანოვი და ჯაფაროვი“.
საქართველო უცნაურ ვითარებაში აღმოჩნდა. ეს იყო ტერიტორია, სადაც ძველი ხელისუფლება აღარ მოქმედებდა, ახალი კი თვალთახედვის არეშიც არ ჩანდა. მმართველობაში გაჩენილი სიცარიელის ამოსავსებად ნოემბერში საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ამიერკავკასიის კომისარიატი შექმნეს, რომელიც რუსეთის დამფუძნებელი კრების მოწვევამდე იმოქმედებდა. ამიერკავკასიის კომისარიატს ქართველი სოციალ-დემოკრატი ევგენი გეგეჭკორი ხელმძღვანელობდა.
კავკასიელთა ვარაუდით, დამფუძნებელი კრების არჩევის შემდეგ რუსეთში კანონიერი მთავრობა ჩამოყალიბდებოდა და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაადგებოდა. ქართველი პოლიტიკოსები ბოლშევიკების მიერ მოწყობილ გადატრიალებას არ ცნობდნენ და სწამდათ, რომ ლენინის მთავრობა ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებდა.
ამიერკავკასია ფორმალურად რუსეთს მოწყდა. ასი წლის წინ, კავკასიაში რუსეთის შემოსვლის შემდეგ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რეგიონს დამოუკიდებელი, საკუთარი ხელისუფლება ჰყავდა. მართალია, კომისარიატს დამოუკიდებლობა არ გამოუცხადებია და თავი ისევ რუსეთის ნაწილად მიაჩნდა, მაგრამ, რეალურად, კავკასიამ საკუთარი საქმეების მოგვარება თავად დაიწყო.

საქართველოს ეროვნული ყრილობა _ 1917 წლის 19 ნოემბერი

საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს ინიციატივით, ტფილისში საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა შედგა. ყრილობას 324 დელეგატი ესწრებოდა. საკუთრი დელეგატები ჰყავდათ საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ და რელიგიურ ორგანიზაციას, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ხალხის წარმომადგენლებს. ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია გახდა.
ამონარიდი ეროვნული ყრილობის რეზოლუციიდან: „ყრილობა საჭიროდ სთვლის განხორციელებულ იქმნას საქართველოში ისეთი ნორმები, რომელნიც მას საშვალებას მისცემენ თავისუფალ განვითარებისთვის და ავალებენ დამფუძნებელი კრების ქართველ დელეგატებს მოითხოვონ რუსეთის დამფუძნებელ კრებაზე ამ ნორმების მიღება. ასეთ ნორმებად არის: საქართველოს სრული ტერიტორიალი თვითმართველობა საკუთრი საკანონმდებლო კრებით ადგილობრივ საკითხებზედ. ტერიტორიის საკითხები გაიმიჯნება დაინტერესებულ მოსაზღვრე ერებთან შეთანხმებით. საქართველოში მოქცეულ ეროვნულ უმცირესობანი მიიღებენ სრულ უფლებრივ გარანტიას კულტურულ განვითარებისას. სამაჰმადიანო საქართველოს მიენიჭება ფართო თვითმართველობა…
თუ რუსეთის სამოქალაქო ომი გაგრძელდა და დამფუძნებელი კრების მოწვევა ახლო მომავალში ვერ მოხერხდა, უნდა იქმნას მოწვეული ადგილობრივი დამფუძნებელი კრებები, როგორც ამიერკავკასიის, ისე ცალ-ცალკე ერების, რომელნიც ურთიერთის თანხმობით დაამყარებენ შესაფერ დემოკრატიულ და ეროვნულ წყობილებას, როგორც თვითეულ ეროვნულ ტერიტორიალურ ერთეულებში, ისე მთელ ამიერ-კავკასიაში“.
ანუ ეროვნული ყრილობის რეზოლუციით, საქართველო რუსულ ორიენტაციაზე იდგა და რუსულ დემოკრატიასთან თანამშრომლობით ფიქრობდა თავისი პოლიტიკური, ეკონომიკური და ეროვნული მისწრაფებების განხორციელებას. აქვე აღნიშნული იყო, რომ რუსეთში დაწყებულმა არეულობამ ამიერკავკასია აიძულა, საშინაო საქმეები თავისით მოეგვარებინა. ამიტომ ყრილობა მხარს უჭერდა ამიერკავკასიის კომისარიატის შექმნას.

ამიერკავკასიის სეიმის შექმნა _ 1918 წლის 10 თებერვალი

1918 წლის 5 იანვარს რუსეთის დამფუძნებელი კრების პირველივე სხდომა კომუნისტებმა ძალით გარეკეს. ეს ასე მოხდა: ღამის 4 საათზე, როდესაც თავრიდის სასახლის სხდომათა დარბაზში დეპუტატები გაცხარებულ კამათში იყვნენ, 22 წლის მეზღვაურმა ანატოლი ჟელეზნიაკოვმა კარი შეაღო. მის უკან სასახლის მცველ ბოლშევიკთა შეიარაღებული ჯგუფი იდგა. მეზღვაურმა ხალხის რჩეულებს გამოუცხადა, რომ დაცვა მათი ყბედობისგან დაიღალა და ამიტომ დეპუტატებმა დარბაზი უნდა დაცალონ. ასე მარტივად დაშალეს კომუნისტებმა რუსეთის პარლამენტი. ქვეყანაში ლენინის პარტიის სრული დიქტატურა დამყარდა.
ქართველი პოლიტიკოსების იმედები რუსეთის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით საბოლოოდ დასამარდა. თუმცა ქართველ პოლიტიკოსებს კიდევ ჰქონდათ იმედი, რომ რუსეთში დამფუძნებელი კრება მომავალში მაინც შეიკრიბებოდა. რუსეთის ვითრების გარკვევამდე 1918 წლის 10 თებერვალს ტფილისში ამიერკავკასიის სეიმი, იგივე პარლამენტი დაფუძნდა, სადაც რუსეთის დუმაში ამიერკავკასიიდან არჩეული 115 დეპუტატი გაერთიანდა: სოციალ-დემოკრატები (საქართველო) – 32 დეპუტატი, მუსლიმანური ფრაქცია (აზერბაიჯანის მუსავატური პარტია) – 44 დეპუატატი, დაშნაკთა პარტიის ფრაქცია (სომხეთი) _ 27 დეპუტატი. სეიმში ასევე წარმოდგენილნი იყვნენ ქართველი ეროვნულ-დემოკრატები, რუსი ესერები და კადეტები. სეიმის ხელმძღვანელად ქართველ მენშევიკთა ერთ-ერთი ლიდერი ნიკოლოზ ჩხეიძე აირჩიეს. ამიერკავკასიის სეიმს დამოუკიდებლობა არ გამოუცხადებია. ნიკოლოზ ჩხეიძე: „…ამიერ კავკასიის დემოკრატია მტკიცე საფუძველი იქნება ამიერ კავკასიის სეიმისა, რადგანაც სეიმი დაადგება რევოლუციის მოპოვებათა განმტკიცებისა და რუსეთის დიდ რევოლუციის ლოზუნგების ცხოვრებაში გატარების გზას, რომელთა შორის რუსეთის დამფუძნებელი კრების მოწვევა, რა თქმა უნდა, რჩება სრულ ძალაში, ვინაიდან ამ ლოზუნგზე უარის თქმა, ჩემის ღრმა რწმენით, ნიშნავს რუსეთის დიდი რევოლუციიდან ჩამოშორებას, ეს ნიშნავს აფექტის პირდაპირი გავლენის ქვეშ მოქმედებას, ეს ნიშნავს ირგვლივ მომხდარ ამბების შთაბეჭდილების ქვეშ მუშაობას…

ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულება _ 1918 წლის 3 მარტი

3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში ლენინის მთავრობამ სეპარატული ხელშეკრულება გააფორმა ცენტრალური სახელმწიფოების (გერმანია, ავსტრო-უნგრეთი, ბულგარეთი, ოსმალეთი) კავშირთან, რითაც, ფაქტობრივად, კაპიტულაცია გამოაცხადა და პირველი მსოფლიო ომიდან გამოვიდა. მშვიდობის სანაცვლოდ, გერმანიამ ბოლშევიკებს უმძიმესი პირობა წაუყენა. რუსეთი კარგავდა ბალტიისპირეთს, უკრაინას, ბელორუსიის ნაწილს, პოლონეთს და ფინეთს. ხელშეკრულების მეოთხე მუხლის მიხედვით, ლენინის მთავრობა პოზიციებს ამიერკავკასიაშიც თმობდა: „რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა დაუყოვნებლივ დაიცალოს რუსული მხედრობისგან არდაგანის, ყარსისა და ბათუმის ოკრუგები. რუსეთი არ ჩაერევა ამ ოკრუგების ახალ სახელმწიფოებრივ ორგანიზაციაში, არამედ მისცემს საშუალებას ამ ოკრუგების მოსახლეობას, თავად განსაზღვროს ახალი წყობილება მეზობელ ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი, ოსმალეთთან თანხმობით“. ამ ზავით, რუსეთმა მარცხი აღიარა და პირველ მსოფლიო ომს გამოეთიშა. კავკასიაში ოსმალთა შემოსვლა მხოლოდ დროის საკითხი იყო.

თურქების შეტევა და ბათუმის ოკუპაცია _ 1918 წლის მარტი-აპრილი

ბრესტ-ლიტოვსკის სამშვიდობო ხელშეკრულების შესაბამისად, ოსმალეთმა საზავო შეთანხმებაში განსაზღვრული ტერიტორიების დაკავება დაიწყო. 1918 აპრილის დასაწყისში ოსმალთა არმია საქართველოში შემოიჭრა და 13 აპრილს ბათუმი აიღო. ერთ კვირაში მდგომარეობა საგანგაშო გახდა. თურქულმა ჯარმა დაიკავა ყარსი, ქობულეთი, ოზურგეთი, მთელი მესხეთი და ბორჯომს მოადგა. ამიერკავკასიას სრული ოკუპაციის საფრთხე დაემუქრა.
ვალიკო ჯუღელის მიერ დღიურში გაკეთებული ჩანაწერი. ოზურგეთის ფრონტი. 1918 წლის 10 აპრილი: „ხალხმა იმედი გამიცრუა. მათი გულგრილი სიჩლუნგე ჩემს იდეალებს ბოლოს უღებს… წმინდა ომის გამოც კი ყური არავის შეუბერტყია. არავინ გამოდის რევოლუციისა და უკანასკნელი იმედების დასაცავად. საერთოდ არ იგრძნობა აღმაფრენა, გამქრალია ენთუზიაზმი. თითქოს ყველა დაჩლუნგდა, თითქოს ყველაფერი ჩაქრა. საუკუნოვანმა მონობამ თავისუფლების სული მოჰკლა და ახლა აღარ ძალუძთ გაიგონ და შეიგრძნონ დამოუკიდებლობა…“

ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა _ 1918 წლის 22 აპრილი

უმძიმეს ვითარებაში დაიწყო ამიერკავკასიის წარმომადგენლების მოლაპარაკება ოსმალეთთან. თურქეთის განცხადებით, ისინი ამიერკავკასიის კომისარიატს საერთოდ არ სცნობდნენ, ხოლო კავკასიის რეგიონს ყოფილი რუსული იმპერიის ნაწილად განიხილავდნენ, რომელთანაც შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ამჟამად ბრესტ-ლიტოვსკის ზავის შესაბამის ტერიტორიებს იკავებდნენ. თურქთა მოთხოვნით, თუ ამიერკავკასიას მასთან მოლაპარაკება სურდა, რეგიონს რუსეთისგან დამოუკიდებლობა უნდა გამოეცხადებინა და დამოუკიდებელი სუბიექტი ყოფილიყო.
ამიერკავკასიის კომისარიატმა დამოუკიდებლობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. 22 აპრილს ამიერკავკასიის სეიმის საგანგებო სხდომა ჩატარდა, რომელმაც ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. ფედერაციაში საქართველო, სომხეთი და აზებაიჯანი გაერთიანდა.
თუმცა თურქთა შეტევა კვლავ გრძელდებოდა. 25 აპრილს ოსმალებმა ახალი ულტიმატუმი წამოაყენეს: ამიერკავკასიის ფედერაციას თავისი შეიარაღებული ძალები, 1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის დაწყებამდე არსებულ საზღვარის მიღმა უნდა გაეყვანა. ოსმალთა პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ბათუმის ოლქისა და ტაო-კლარჯეთის გარდა, საქართველო მესხეთ-ჯავახეთსაც კარგავდა.

გერმანიის შუამავლობა

აპრილის ბოლოს გერმანიის სახით კავკასიაში ახალი ძლიერი მოთამაშე გამოჩნდა. მართალია, ოსმალეთი გერმანიის მოკავშირე იყო, მაგრამ კაიზერის მთავრობას საკუთარი მიზნები ამოძრავებდა და ამ მიზნებში ოსმალთა კავკასიაში გაბატონება სულაც არ შედიოდა. 14 მაისს ტფილისმა გერმანიის მფარველობა ითხოვა, რაზედაც კაიზერის ხელისუფლებამ თანხმობა განაცხადა. გერმანიის წარმომადგენლის, ოტო ფონ ლოსოვის განცხადებით, მისი მთავრობა მზად იყო დახმარებისთვის, თუ საქართველო დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა.

დამოუკიდებლობის გამოცხადება

1918 წლის 25 მაისს ტფილისში, საქართველოს ეროვნული საბჭოს რეზიდენციაში, რომელიც ფრეილინის ქუჩაზე (დღევანდელი სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა) მდებარეობდა, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება გადაწყდა.
1918 წლის 26 მაისს გოლოვინის გამზირზე (დღევანდელი რუსთაველის გამზირი) კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა გაიმართა. 3 საათზე ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა. იმავე დარბაზში, 4 საათსა და 50 წუთზე ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა ჩატარდა, სადაც დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს:
1) ამიერიდან, საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა;
2) დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაა;
3) საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა;
4) საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს, საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან;
5) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა;
6) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს.

მიხეილ ბასილაძე