საპატრიარქო და კიდევ ერთი დიდი ღალატი აფხაზეთში

დიდი ამბებია… დიდი ამბებია აფხაზეთში, ბესარიონ აპლიამ დოროთეი დრაბი სვიმონ კანანელის სახელობის სამონასტრო კომპლექსიდან გამოაგდო. წლების განმავლობაში რუსეთის ეკლესია დაჟინებით ითხოვდა „მისი კუთვნილი“ ამ სამონასტრო კომპლექსის მისთვის გადაცემას. ამ საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოშიც არაერთხელ იმსჯელეს.

აფხაზეთის საკითხზე კომისიაც კი შეიქმნა რუსეთისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების მონაწილეობით. ამას წინ უსწრებდა ილარიონ ალფეევის ვიზიტი, როდესაც მან სწორედ აღნიშნულ თემაზე მთავარ მომლაპარაკებლად მეუფე შიო ისურვა და რეალურად მისი მოსაყდრედ გამორჩევაც მოითხოვა. ალფეევს სურვილი შეუსრულეს, _ აბა, რა.
სვიმონ კანანელის სახელობის სამონასტრო კომპლექსის საკითხი რუსებს აფხაზებმაც „ვერ გადაუწყვიტეს“, _ ტანკით ხომ არ ავიღებთ ეკლესიასო და ამ დრომდე ინარჩუნებდნენ სტატუს-კვოს ისე, რომ ცალკე აპლიას და რუსეთს უჩლექდნენ ენას და ცალკე _ დრაბი ჰყავდათ პატივში.
ისე, აპლიასთან დაკავშირებით სულ უფრო და უფრო მეტი კითხვა ჩნდება საქართველოს საპატრიარქოს მიმართ. რატომ არ განკვეთენ ამ ღვთისმსახურს საქართველოს ეკლესიიდან, მაშინ როდესაც ის უპირობოდ ემორჩილება არა მის უწმინდესობას _ ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოს ილია მეორეს, არამედ მაიკოპის ეპისკოპოსსა და რუსეთის ეკლესიას? სხვა თუ არაფერი, აპლია მის უწმინდესობას ლოცვებშიც კი არ მოიხსენიებს. მაგრამ განა, შეუცნობელ არს გზანი საქართველოს საპატრიარქოსი?
ამ ფონზე ნამდვილად უნდა გავიხსენო ის სპეკულანტური განცხადებები, რასაც აფხაზეთთან მიმართებით საქართველოს საპატრიარქოში აკეთებენ. ანუ, თურმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობას აღიარებს და მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კუთვნილების საკითხში. და თუ ჩვენ გონივრულად არ მოვიქცევით, არის საფრთხე, რუსეთმა „აფხაზეთის ეკლესიის“ (ამ დროს ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს) ავტოკეფალია აღიაროს. ამაზე დიდი ცინიზმი არ არსებობს.
ახლა ერთ ამბავს მოვყვები: მოგვწონს თუ არა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, მას ჰქონდა საკმაოდ პრაგმატული გეგმა აფხაზეთთან მიმართებით, რომელიც საქართველოს საპატრიარქომ ჩაშალა. საკითხი დადგა ასე, _ რადგან საქართველოს მართლმადებელი ეკლესია ვერ ახერხებდა აფხაზეთის ტერიტორიაზე ღვთისმსახურების განხორციელებას, პარალელურად ინტენსიურად ზიანდებოდა ქართული ისტორიული ძეგლები, ტაძრები, ეკლესიები _ მხოლოდ „გადაკრასკული“ ილორის ფრესკების გახსენება რად ღირს _ დროებით უნდა გაფორმებულიყო შეთანხმება მსოფლიო საპატრიარქოსთან აფხაზეთში მისიონერული საქმიანობის განხორციელების შესახებ. იდეაში შეთანხმება მოიცავდა წირვა-ლოცვისა და სხვა საეკლესიო წესების აღსრულებას. ჩნდებოდა შანსი, ქართველი მრევლი არ დარჩენილიყო რუსეთის ეკლესიის პირისპირ. განიხილებოდა საკითხი მსოფლიო საპატრიარქოს ეგიდით წირვა-ლოცვის ქართულ ენაზე აღსრულების შესახებაც, რაზედაც მსოფლიო საპატრიარქო თანახმა იყო (ჰო, გასულ გიორგობას, 6 მაისს, მსოფლიო პატრიარქმა ქართულად რომ ილოცა, ეს, ალბათ, ბევრმა არ იცის). შეგნებულად არ ვაპირებ ვისაუბრო სხვა უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ, სოციალურ და ჰუმანიტარულ ნიუანსებზე.
საკითხი შეთანხმდა მის უწმინდესობასთან, დაიწყო გარკვეული მუშაობა მსოფლიო საპატრიარქოსთან, რომელმაც, თავის მხრივ, მიიღო გაეროს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების გარანტიები, როგორც უსაფრთხოების დაცვის, ასევე ჰუმანიტარული საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე. მსოფლიო საპატრიარქო მზად იყო, მისი ეგიდით საავადმყოფოც კი აემოქმედებინა და ა. შ.
რჩებოდა მხოლოდ ერთადერთი პროცედურა _ მის უწმინდესობას, ილია მეორეს, ოფიციალურად უნდა მიემართა აღნიშნულის შესახებ მსოფლიო საპატრიარქოსთვის ან ეს განჩინება მიეღო წმინდა სინოდს, რის შემდეგაც გაფორმდებოდა ხელშეკრულება, ოკუპაციის დასრულებამდე აფხაზეთის ტერიტორიაზე მსოფლიო საპატრიარქოს საქმიანობის თაობაზე. ამ მოთხოვნას აყენებდა თავად მსოფლიო პატრიარქო, რომელიც აცხადებდა, რომ კონსტანტინოპოლი აფხაზეთში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელისა და წინდა სინოდის თანხმობის, კონკრეტული ვადის _ ტერიტორიული მთლიანობის ადღგენამდე _ დათქმის გარეშე საქმიანობას არ დაიწყებდა. იმ პირობებში, როდესაც საკითხი ლამის ყველასთან იყო შეთანხმებული და დადებითად გადაწყვეტილი, იცით, რა მოხდა? კონსტანტინოპოლში ჩავიდა საქრთველოს საპატრიარქოს დელეგაცია და მეუფე დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ქვა-ქვაზე არ დატოვა. უშვერად ლანძღა ამ იდეის ავტორები, წაჰკბინა თავად კონსტანტინოპოლს და აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აფხაზეთისა და ბიჭვინთის ეპარქიებში არანაირი პრობლემა არ აქვს. ხოლო „ამხანაგი აპლია“ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილად, მოღვაწედ და მისი ეგიდით მომქმედ ღვთისმსახურად აღიარა.
მსოფლიო საპატრიარქო და პატრიარქი, რა თქმა უნდა, დაჰყვნენ საქართველოს ეკლესიის დელეგაციის ნებას და საკითხი დაიხურა შემდეგი სიტყვებით, _ ღმერთმა გააძლიეროს და გააერთიანოს საქართველო, დიდება უფალს!
ამ ფაქტის შემდეგ მსოფლიო საპატრიარქოში აფხაზეთის საკითხის გაგონებაც არ სურთ. მეტიც, შეხვედრის შემდეგ ფარანში იმასაც ამბობდნენ, _ რუსეთის რუპორი რუსეთის წინააღმდეგ როგორ წავიდოდა, თუმცა ვიმედოვნებდით, რომ პატრიარქ ილია მეორის სიბრძნე მაინც შეეშველებოდა საქართველოს სახელმწიფოს. თუმცა, საბოლოოდ, საკითხი მაინც საქართველოს ეკლესიის გადასაწყვეტია, ანუ ვისთან იქნებიან _ ღმერთისა და ხალხის სამსახურში თუ საკუთარი კეთილდღეობისა თუ რუსეთისო?
დიდი ამბებია აფხაზეთში და ახლა მუფე დიმიტრისა და საქართველოს საპატრიარქოსგან ის მაინტერესებს _ აპლია მათ მიუქსიეს დრაბს თუ ალფეევს მისცა შიომ თანხმობა, იმოქმედეთ, როგორც გსურთო?!.
ჰო, ბარემ, ალფეევის გახსენებაზე მსოფლიო საპატრიარქოს კონტექსტში, ფარანში ხუმრობენ: რუსეთის პოზიციის გაგება ცალკეულ საკითხებზე ძალიან ადვილია, _ როდესაც ალფეევი დუმს, მეუფე ანდრია გვაზავა ან ნებისმიერი სხვა ქართველი მღვდელმთავარი საუბრობს მის ნაცვლადო. ისე, რაოდენ დამამცირებელია, როდესაც მსოფლიო ხედავს, ხედავენ შენი სულიერი ძმები _ ხარ ეგზოტიკური წარმონაქმნი, დიდი ისტორიით და ამჟამად თავსლაფდასხმული _ ოკუპანტის მსახურებაში მყოფი ინსტიტუცია. ამაზე დიდი სირცხვილი და თავის მოჭრა რა უნდა იყოს?!
არ დავიღლები და ერთხელაც გავახსენებ საქართველოს საპატრიარქოს და რუსეთისთვის სულმიყიდულ ღვთისმსახურებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სიტყვებს: „ქრისტიანულ ეკლესიაში“ ყველა ერი თანასწორია და ამიტომაც არც ერთი მათგანი არ უნდა აცხადებდეს პრეტენზიას განსაკუთრებულ პრივილეგიებზე. ხალხსა და ეკლესიას შორის ერთობა თანასწორობის პრინციპით უნდა მოხდეს და არა შთანთქმით (რომელიმეს მიერ მეორის). ქრისტიანული სამყაროს ყველა ერს აქვს საეკლესიო ემანსიპაციის უფლება და ამიტომ თანასწორობის პრინციპს არანაირად არ ეწინააღმდეგება ერების ერთმანეთისგან განცალკევება (გამოყოფა), რაც ქრისტიანული ერების რელიგიური ხასიათის სხვადასხვაგვარობით არის განპირობებული“.
გაგახსენებთ, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ ჩვენი ეკლესიის ღვთისმსახურების უმეტესობის ყველაზე დიდი უბედურება რუსეთის მსახურება კი არა, გაუნათლებლობაა. განათლებულები რომ იყვნენ, ნამდვილად არ ივლიდნენ ქართული ეკლესიისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.
დიდი ამბებია აფხაზეთში და დიდი ღალატია საქართველოს საპატრიარქოში. შორენასა და ლევან ვასაძეს, საბოლოოდ კი გრუ-ს ებარებოდეთ, სულგაყიდულო ღვთისმსახურებო. სხვებს კი თქვენი Via Dolorosa ღირსეულად გაგევლოთ.

გოჩა მირცხულავა