1920 წლის ნოემბერი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ (2018წ.) ##3-27;29-39; (2019წ.) #2-6;8-16.

სომხეთ-თურქეთის ომი

1920 წლის ნოემბერი იმდენად დატვირთული აღმოჩნდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემებით, რომ სხვა სფეროების მიმოხილვისთვის, პრაქტიკულად, ადგილი არ დატოვა. ნოემბრის ცენტრალური მოვლენა სომხეთ-ოსმალეთის ომია, რომელმაც კავკასიის რეგიონში არსებული ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად შეცვალა. ოქტომბრის მიწურულს საბრძოლო მოქმედებები განახლდა სომხეთ-თურქეთის ფრონტზე. 28 ოქტომბერს ოსმალებმა საერთო შეტევა წამოიწყეს, სწრაფად გატეხეს სომხური არმიის წინააღმდეგობა და საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარეს არდაგანის ოლქის ნაწილი. ორი დღის შემდეგ თურქებმა კიდევ უფრო წინ წაიწიეს და სტრატეგიული ქალაქი ყარსი დაიკავეს. სომხური არმია უწესრიგოდ იხევდა უკან. ტყვედ ჩავარდა, დაახლოებით, 3 ათასამდე სომეხი ჯარისკაცი. ნოემბრის დასაწყისში ოსმალთა არმიამ მდინარე არპაჩაის მიაღწია და ალექსადროპოლის (დღევანდელი გიუმრი) მისადგომებთან გამოჩნდა.
რა თქმა უნდა, ოსმალთა შეტევა უდიდეს საფრთხეს უქმნიდა საქართველოს სახელმწიფოებრიობასაც. ამიტომ გაზეთი „საქართველო“ სომხეთ-თურქეთის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას ყველა ნომერში ცენტრალურ ადგილს უთმობდა.
4 ნოემბერს გაზეთი აქვეყნებს მასალას შემაშფოთებელი სათაურით _ „ყარსი დაეცა!“. ფრონტზე შექმნილი ზოგადი ვითარების აღწერის შემდეგ სტატია, ძირითადად, იმ საფრთხეებს მიმოიხილავს, რომელიც საქართველოს ოსმალების მხრიდან ემუქრებოდა: „ყარსი დაეცა! ქემალ ფაშას ჯარებმა ჩვენი მეზობელ სახელმწიფოს საზღვრები გადმოლახეს და სომხეთის უძლიერესი სიმაგრე აიღეს! ქემალ ფაშას ჯარები ჩვენს საზღვრებს უახლოვდებიან.
ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მეზობელი სომხეთი ყოველ ღონეს იხმარს, რათა ჯეროვანი პასუხი გასცეს გათამამებულ ოსმალო ავანტიურისტის იერიშებს; უბედურების წინ დამდგარი სომხეთის ხალხი ამოსწურავს მთელ თავის ძალებს, მტრის ასალაგმავად. მაგრამ ჩვენ მაინც საჭიროდ მიგვაჩნია, ჯეროვნად დავაფასოთ შექმნილი მდგომარეობა და საქართველოს ხალხს ნამდვილი მდგომარეობა ვამცნოთ: ქემალ ფაშას ჯარები ძლიერი წინსვლით მოდიან და სომხეთზე გამარჯვებული ოსმალო საქართველოს საზღვრებთან არ გაჩერდება. საქართველოს წინაშე ახალი და დიდი განსაცდელი სდგება: ომი ოსმალეთთან!
ახალგაზრდა რესპუბლიკისთვის უჩვეული არ არის კარზე მომდგარი საფრთხე _ თავისი დამოუკიდებელი არსებობის ორი წლის განმავლობაში მან უკვე რამოდენიმე ომი განიცადა და დამარცხებული იგი ბრძოლის ველიდან არ გამოსულა! მაგრამ საქართველოს ჯარები მამაცურად და ერთგულად იდგებიან საქართველოს საზღვარზე მხოლოდ მაშინ, როცა მათთან იქნება საქართველოს მთელი ხალხი, განურჩევლად ეროვნებისა მიმართულებისა და მდგომარეობისა. საქართველოს დამოუკიდებლობას ქართველი ხალხი არავის დაუთმობს!“
ყარსის დაცემის შემდეგ სომეხთა მდგომარეობა კრიტიკული გახდა. 3 ნოემბერს სომხეთის მთავრობამ ოსმალეთს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებისა და მოლაპარაკების დაწყების თხოვნით მიმართა. ოსმალეთის არმიის ხელმძღვანელმა ქაზიმ-ფაშა ქარაბექირმა ზავის სანაცვლოდ ალექსადროპოლის დაუყოვნებელი დაცლა, ამ რაიონში არსებული ყველა სატრანსპორტო კომუნიკაციის (ხიდებისა და რკინიგზის) გადაცემა და სომხური ჯარების 15 კილომეტრით უკან დაწევა მოითხოვა. სომხეთი პირობებს დასთანხმდა, მაგრამ ომის შეჩერება მაინც ვერ მოხერხდა.
7 ნოემბერს ოსმალები ალექსადროპოლში შევიდნენ. დემორალიზებულ სომხურ არმიაში დეზერტირობამ მასობრივი ხასიათი მიიღო. ფრონტი მოირღვა და ოსმალებს ერევანზე პირდაპირი გზა გაეხსნათ. თურქებმა ამ ვითარებით ისარგებლეს და ახალი პირობა წამოაყენეს, რომლის მიხედვითაც სომხეთის მთავრობას მთელი შეიარაღება უნდა ჩაებარებინა და ჯარები კიდევ უფრო უკან უნდა დაეხია. ეს, ფაქტობრივად, კაპიტულაციას ნიშნავდა, რომელიც სომხებმა არ მიიღეს. 11 ნოემბერს შეტევა განახლდა, რომლის შედეგადაც თურქებმა ერევნისა და სევანის ტბის გარდა, სომხეთის მთელი ტერიტორია დაიკავეს.

მობილიზაცია საქართველოში

ოსმალეთის მოსალოდნელ სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით საქართველოში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა. ჯარში იწვევდნენ 1890-1893 წლებში დაბადებულ რეზერვისტებს. შვებულება გაუქმდა სახალხო გვარდიაში. მობილიზაციის ვადად 10-15 ნოემბერი განისაზღვრა. შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, ის პირები, რომლებიც ჯარში გაწვევას თავს აარიდებდნენ, საომარი ვითარების შესაბამისი სიმკაცრით დაისჯებოდნენ.
მობილიზაციასთან დაკავშირებით საგანგებო ბრძანება გამოსცა სამხედრო მინისტრმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ. ამ ბრძანებას გაზეთი „საქართველო“ 12 ნოემბრის ნომერში აქვეყნებს. ამონარიდი ბრძანებიდან: „მობილიზაციის დროს გაუქმებულია ყოველგვარი შეღავათი და გაწვეულ უნდა იქმნან სამობილიზაციო წლებში დაბადებულნი ყველა სათადარიგო და მოლაშქრე ჯარის კაცნი, მიუხედავად მათი სამოქალაქო თანამდებობისა… კატეგორიულად ებრძანება რესპუბლიკის ყველა სამხედრო, სამოქალაქო და საზოგადო დაწესებულებათა უფროსებს შესწყვიტონ ამა თუ იმ გასაწვევებზე გამოცხადების ვადის გაგრძელების შესახებ ყოველგვარი შუამდგომლობათა აღძვრა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ისინი მიმღებ კომისიაში გამოსაცხადებლათ“.
დამფუძნებელმა კრებამ სპეციალური მიმართვა მიიღო, სადაც მოსახლეობას მოახლოებული საფრთხის შესახებ ამცნობდა და პატრიოტებს სამშობლოს დასაცავად ბრძოლისკენ მოუწოდებდა.
გაზეთი „საქართველო“. 1920 წლის 16 ნოემბერი: „საქართველოს ხალხო! ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილების სისხლით მორწყულ საზღვრებს კვლავ ემუქრება თავხედი მტერი. უსაშინლესი ტანჯვით დაუძლურებული სომხეთი დიდი წვალებით უწევს წინააღმდეგობას ქემალ-ფაშის ბრბოებს: დაეცა ყარსი, სომხეთის საუკეთესო სიმაგრე; ოსმალებმა დაიჭირეს გუმბრი (ალექსადროპოლი). სომხეთის უბედურება საფრთხეს უმზადებს საქართველოს თავისუფალ არსებობას.
ქართველო ხალხო! შენი თავისუფალი დემოკრატიული სამშობლო ისევ განსაცდელშია და შენგან არჩეული დამფუძნებელი კრება კვლავ თავდაცვისათვის მოგიწოდებს. სამშობლო მრავალგვარ მსხვერპლს მოითხოვს. შემოიკრიბე შენი დამფუძნებელი კრებისა და მთავრობის ირგვლივ. დაიცავით შიგნით წესიერება. სიყვარულით და მზრუნველობით მოეპყარით ჩვენს ფრონტს. იქონიეთ შეუდრეკელი რწმენა მტერზე გამარჯვებისა და მაშინ სახელოვანი იქნება ჩვენი ბრძოლა. ბრწყინვალე იქნება ჩვენი გამარჯვება!“

ბორჩალოს მაზრის დაკავება

ქართული არმიის მიერ
ოსმალთა შეტევამ და სომხეთის ფაქტობრივმა კაპიტულაციამ დღის წესრიგში ლორეს რაიონის კუთვნილების საკითხი დააყენა. 1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომის დროს ბორჩალოს მაზრის სადავო ტერიტორია – ლორეს რაიონი – ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა. მისი კუთვნილების საბოლოო გარკვევამდე კი ლორეში მორიგეობით ქართული და სომხური ჯარი პატრულირებდა. თუმცა მაშინ, როდესაც ოსმალთა არმიამ მთლიანად დაიკავა სომხეთის ჩრდილოეთი და სომხეთმა საქართველოსთან საერთო საზღვარი დაკარგა, ოკუპაციის საფრთხე ლორეს ნეიტრალურ ზონასაც დაემუქრა. ლორეში ოსმალთა გაბატონება რომ არ დაეშვა, საქართველოს ხელისუფლებამ რაიონში ქართული სამხედრო ნაწილების შეყვანა გადაწყვიტა.
ამ თემასთან დაკავშირებით გაზეთი „საქართველო“ 1920 წლის 13 ნოემბერს დიდ სტატიას აქვეყნებს, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე სპირიდონ კედიას ეკუთვნის: „დღეს სომხეთმა დაჰკარგა საქართველოს სხეულთან უშუალო ტერიტორიული კონტაკტი და ბორჩალოს ღია კარებს ქემალი შემოადგა… მდგომარეობის საბოლოო გარკვევამდე, საქართველოს შეეძლო ბორჩალოს მაზრაში სომხეთის მეზობლობა აეტანა და უშიშრათაც ყოფილიყო. საქართველოს არ შეუძლიან ამ გვარსავე სულიერ განწყობილებაში იყოს დღეს, როდესაც აქ სომხეთის მაგიერ ოსმალეთის ჩადგომაა მოსალოდნელი.
საშინელი მდგომარეობა შეიქმნება ჩვენთვის! თბილისი უშუალო განსაცდელში ჩავარდება! ჩვენი თავდაცვის უნარი და ძალა სანახევროთ დაზიანდება. ნეიტრალი ზონის ხაზზე ქართველი ერი ქემალ ფაშას ვერ გააჩერებს, თუ თავის არსებობაზედ ხელი არ აუღია. მეორეს მხრით, განადგურებულ სომხეთს არ შეუძლიან ამ ზონის დაცვა. ასეთ პირობებში, თუ სომხეთს არ სურს საქართველოს დამხობა, მან თანხმობა უნდა მოგვცეს, რომ ჩვენმა ჯარმა ბორჩალო დაუყოვნებლოვ დაიჭიროს და მტერს დაუხვდეს ბეზობდალის ქედზედ!
სომხეთის ასეთი ნაბიჯი აწიოკებას აარიდებს იმ სომხობას, რომელიც ნეიტრალ ზონაში მოსახლეობს და რომელსაც ქემალ ფაშა არას გზით არ დაინდობს! თუ სომხეთმა ამის ნება არ მოგვცა, სჩანს იმას გარდაუწყვეტია, რაკი თვითონ წახდა, ჩვენც წაგვახდინოს და ქემალ ფაშას პირში მიგვცეს. მაშინ? მაშინ ჩვენ ჩვენი უნდა ვქნათ: დაუყოვნებლივ უნდა დავიჭიროთ ნეიტრალი ზონა და პირველი პოზიციები იმ ქედებზე გავმართოთ, რომელნიც ყოველთვის საუკეთესო დამცველნი ყოფილან თბილისისა და საქართველოსი. ჩვენთვის ყველაფერია ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვა. ეს კი მოითხოვს იმ ბორჩალოს სასწრაფო დაჭერას, რომელიც ყოველთვის ჩვენი ყოფილა და არის. ერთი დანაშაული ჩავიდინეთ და ბორჩალოს ნაწილი სადაოთ გავიხადეთ. არ ჩავიდინოთ მეორე დანაშაული და არ დავკარგოთ მთელი ბორჩალო და მას ზედ საქართველოც არ მივაყოლოთ!“

აფხაზეთის ავტონომია

1920 წლის 10 ნოემბრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ 6 ნოემბერს თბილისში ჩამოვიდა აფხაზეთის სახალხო საბჭოს 8-კაციანი დელეგაცია, რომელსაც შერვაშიძე ხელმძღვანელობდა. საქართველოს დამფუძნებელ კრებასთან ერთად, დელეგაციას აფხაზეთის კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტი უნდა შეემუშავებინა.
როგორც ცნობიდან ჩანს, აფხაზებმა თბილისში კონსტიტუციის საკუთარი ვერსია ჩამოიტანეს და ის განსახილველად დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის ინტერპარტიულ კომისიას გადასცეს. გაზეთი აღნიშნავს, რომ აფხაზთა მიერ შემუშავებული პროექტი, ძირითადად, მისაღები იყო და დამატებითი შეთანხმება მხოლოდ მიწისა და საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის საკითხს ესაჭიროებოდა.
აფხაზეთის ავტონომიასთან დაკავშირებით, 21 ნოემბერს გაზეთი „საქართველო“ კიდევ ერთ ინფორმაციას აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ აფხაზეთის დელეგაციამ სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასთან და მას კონსტიტუციის პროექტის მოხსენების ასლი გადასცა: „მოხსენებაში ჩამოყალიბებულია საქართველო-აბხაზეთის დამოკიდებულების პუნქტები. მოხსენებაში აღნიშნულია აგრეთვე ისიც, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შეპირებული ავტონომიური მართვა-გამგეობა აბხაზეთში, ჯერჯერობით, ფაქტიურად არ ყოფილა განხორციელებული.
დელეგაციამ მოითხოვა, დღეს სასწრაფო ზომები იქნას ცენტრალური მთავრობის მიერ მიღებული აბხაზეთის ავტონომიურ პირობებში ჩაყენების საქმეში და საამისოდ დამფუძნებელმა კრებამ თავის შემადგენლობიდან გამოჰყოს საგანგებო კომისია, რომელიც დეტალურად შეიმუშავებს ავტონომიის სტატუსს. ჟორდანიამ დელეგაციას მიუგო, რომ საგანგებო კომისიის არჩევა ზედმეტია, მაშინ, როდესაც არსებობს საერთო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც აბხაზეთის ავტონომიის საკითხსაც განიხილავს. მთავრობის თავმჯდომარემ ნაადრევად ჩათვალა აგრეთვე აბხაზეთის ავტონომიის ცალკე განხილვა, მანამ სანამ არ განხილულა სრულიად საქართველოს კონსტიტუცია“.

ინტერვიუ სერგო ორჯონიკიძესთან

1920 წლის 2 ნოემბრის ნომერში გაზეთი „საქართველო“ აქვეყნებს რუსეთის ბოლშევიკური პარტიის კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელ სერგო ორჯონიკიძის მოსაზრებას რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის შესახებ. დაბეჭდილი სტატიის მიხედვით, ორჯონიკიძე ირწმუნება, რომ ბოლშევიკური ხელისუფლება საქართველოსთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას ესწრაფის და ყველაფერს აკეთებს, რათა ორ ქვეყანას შორის ნორმალური დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდეს: „არ არის მართალი ის ხმები, თითქოს მე მოვითხოვდე საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული პოლიტიკის წარმოებას. წინააღმდეგ, საბჭოთა რუსეთის მთავრობის მიზანია დღეს არა ომი, არამედ მშვიდობიანობა, არა ლაშქრობა, არამედ ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯებესება განსაკუთრებით საქართველოს მიმართ. მოსკოვის მთავრობა, _ რომელსაც აინტერესებს შავი ზღვის ზოგიერთი პორტი, _ იძულებულია, ყოველგვარი უთანხმოება თავიდან აირიდოს. საქართველოს ჩვენ ძალით არ ვახვევთ თავზე კომუნისტურ წესწყობილებას. ეს საკითხი მან დამოუკიდებლად უნდა გადაჭრას.
საბჭოთა მთავრობის წრეებში არმიის შესახებ იმ აზრის არიან, რომ რაც შეიძლება მალე მოახდინონ ვრანგელის ფრონტის ლიკვიდაცია და ჯარი დაუბრუნონ ნაყოფიერ შრომას. ეს შრომის ლაშქარი ყოველთვის მზად იქნება, იარაღით დაიცვას პროლეტარიატის ინტერესები“.
რასაკვირველია, ორჯონიკიძე უტიფრად ცრუობდა. სინამდვილეში, კავბიუროს ხელმძღვანელს საქართველოს დამოუკიდებლობის გაგონებაც არ სურდა და ყველაფერს აკეთებდა, რათა ჩვენს ქვეყანაში საბჭოთა ხელისუფლება დამყარებულიყო. საქართველოს ოკუპაციის მცდელობა სერგო ორჯონიკიძეს, ჯერ კიდევ, 1920 წლის მაისში ჰქონდა. აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ წითელი არმიის ნაწილებმა საქართველოს შეუტიეს, მაგრამ ბოლშევიკები ქართულ არმიასთან სასაზღვრო ბრძოლაში დამარცხდნენ. გარდა ამისა, გართულებული საგარეო მდგომარეობის გამო, ორჯონიკიძის ინიციატივას მაშინ მოსკოვმა მხარი არ დაუჭირა და სერგო იძულებული გახდა, უკან დაეხია.

ერთა ლიგა და საქართველო

1920 წლის 3 ნოემბერს გაზეთი „საქართველო“ ერთ მნიშვნელოვან ინფორმაციას ბეჭდავს, რომელიც ერთა ლიგას ეხება. ერთა ლიგა დღევანდელი გაეროს წინამორბედი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გამარჯვებულმა სახელმწიფოებმა შექმნეს. წესდების თანახმად, ლიგის წევრი სახელმწიფოები ვალდებულებას იღებდნენ, ერთმანეთს გარე აგრესიის შემთხვევაში დახმარებოდნენ. ერთა ლიგაში საქართველოს გაწევრიანება საერთაშორისო საზოგადოების მიერ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის სრულფასოვან ცნობასა და საგარეო საფრთხეების თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლეოდა.
როგორც საგაზეთო პუბლიკაციიდან ირკვევა, 1920 წლის 20 სექტემბერს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ ერთა ლიგის სამდივნოსგან ოფიციალური შეტყობინება მიიღო, რომ 15 ნოემბერს ჟენევაში ლიგის პირველი სხდომა ჩატარდებოდა და ამ სხდომაზე საქართველოს წარმომადგენელსაც იწვევდნენ: „…ამ კრებაზე იქნება აღძრული და გარჩეული საქართველოს რესპუბლიკის ლიგის წევრად მიღების საკითხი. შესაძლოა, სწერდა საბჭოს მდივანი, კრებამ მოისურვოს თქვენი საკითხის შესახებ სიტყვიერი განმარტების მოსმენა, ამისთვის საჭიროა დანიშნოთ თქვენი წარმომადგენელი.
მთავრობამ ასეთ წარმომადგენლად დანიშნა ამ ჟამად ევროპაში მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი ე. გეგეჭკორი, რომელსაც იმ დღესვე 20 სექტემბერს ეცნობა დეპეშით საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლად დანიშვნა ერთა ლიგაში და საჭირო მანდატიც გაეგზავნა. ამასთან ერთად, დეპეშით და ცალკე წერილით ეუწყა ამის შესახებ ლიგის საბჭოს მდივანს. ყველა საჭირო მასალა საქართველოს შესახებ ჟენევის კრებისათვის წარსადგენად ადრე გაეგზავნა ლიგის საბჭოს მდივანს ბატონ ნ. დრიუმანს თანახმად მისი მოთხოვნისა“.

გერმანიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა

1920 წლის 6 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ დაბეჭდილია მთავრობის შეტყობინება, რომ 24 სექტემბერს გერმანიის რესპუბლიკამ ოფიციალურად (დე იურე) ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს სასიხარულო ამბავი ჩვენს ხელისუფლებას ბერლინში საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენელმა, ბატონმა ახმეტელაშვილმა აცნობა. როგორც ამ ინფორმაციიდან ირკვევა, საქართველოში გერმანიის ელჩად გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცნობილი წევრი, უდრის რაუხერი დაინიშნა.
უკვე 7 ნოემბერს გაზეთი „საქართველო“ ამ ფაქტს დიდი სტატიით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ გერმანია ყოველთვის იყო საქართველოს უანგარო მეგობარი და სწორედ გერმანია უწევდა დახმარებას ჩვენს ახალგაზრდა რესპუბლიკას დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ დღეებში. ამონარიდი სტატიიდან: „ქართველობა ვერ დაივიწყებს იმ დროს აქ მყოფ გერმანელ სარდლობისა და საზოგადოთ ჯარის მოღვაწეობას. გერმანელებმა ისეთი ამაგი დასდეს ქართველ ერს, რომელიც არ წარიხოცება მის გულიდან არას დროს და შთამომავლობას გარდაეცემა, ვითარცა სამაგალითო ნიმუში პატიოსნებისა და უაღრესი გულწრფელობისა. გერმანელებმა პირველებმა ფაქტიურად ამოხაზეს ჩვენი სახელმწიფოებრივი საზღვრები და სამაგალითო აქტივობა გამოიჩინეს მის გაფართოების პროცესში საქართველოს ისტორიულ, ეკონომიურ-გეოგრაფიულ და სტრატეგიულ ინტერესების მიხედვით. გერმანიის სარდლობა სამართლიანად დარწმუნებული იყო, რომ საქართველოს ტერიტორიული პრეტენზიები არსებითად მინიმალური იყო და სავსებით ემყარებოდა მისთვის მინიჭებულ უფლებრივ ნორმებს.
განა ქართველ ხალხის მეხსიერებიდან ოდესმე ამოიშლება ის ფაქტი, რომ იმ დროს, როდესაც საქართველოს შესამუსრავად მრისხანედ მოიწევდა გერმანიის ოფიციალური მოკავშირე, მისი თანამებრძოლე ბრწყინვალე პორტა, რომლის ჯარები ჩვენს დედაქალაქს ემუქრებოდენ, _ გერმანიის სარდლობამ რეალური მფარველობა აღმოუჩინა საქართველოს და კატეგორიული ბრძანებით შეაჩერა გათამამებული ოსმალეთი! შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ მხოლოდ გერმანიის ჯარები ფაქტიურად იცავდნენ იმ ძნელ დროის საქართველოს მიწა-წყალს! მათი მეოხებით შევძელით შეგვექმნა რეგულიარული მილიტარული ძალა, მოგვეწყო სახელმწიფოებრივი ნორმები და განგვემტკიცებინა მართვა-გამგეობის აპარატი…“

მოკლე ამბები

იტალიის საავიაცო ქარხანამ, რომლისგანაც საქართველოს მთავრობამ 1920 წლის ზაფხულში რამდენიმე ჰაეროპლანი შეისყიდა, ჩვენს ქვეყანაში პილოტი ანტონიო ლევანტინო და მექანიკოსი ძემალინი გამოაგზავნა. როგორც გაზეთი „საქართველო“ იუწყება, იტალიელები ქართველ პილოტებს უახლესი საფრენი აპარატის მართვის შესწავლაში დაეხმარებოდნენ და მათ ტექნიკურ დახმარებას გაუწევდნენ.
23 ნოემბერს საქართველოში გიორგობა აღნიშნეს. ქაშუეთის ეკლესიაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ სადღესასწაულო წირვა ჩაატარა. წირვის შემდეგ გადაიხადეს პარაკლისი, სადაც კათოლიკოსმა მრევლს მხურვალე სიტყვით მიმართა. წირვაზე იმყოფებოდა თბილისის გარნიზონის ნაწილი. გიორგობასთან დაკავშირებით გაიმართა სამხედრო აღლუმი და ჯარისკაცებმა რუსთაველის გამზირზე სამხედრო მინისტრის წინაშე ცერემონიალური მარშით გაიარეს. სამხედრო მინისტრის გარდა აღლუმს იუსტიციის მინისტრი არსენიძეც ესწრებოდა, რომელმაც ჯარისკაცებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და მათ სამშობლოს თავდაცვის საქმეში წარმატება უსურვა.
მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას განკარგულებით, 1920 წლის 11 ნოემბრიდან საქართველოში შეიზღუდა ავტომობილებით მოძრაობა. როგორც გაზეთი „საქართველოს“ 14 ნოემბრის ნომრიდან ვიგებთ, ეს შეზღუდვა ქვეყანაში სათბობ-საწვავი მასალის მწვავე დეფიციტით იყო განპირობებული. გამონაკლისს შეადგენდნენ მხოლოდ უცხოური მისიის კუთვნილი ავტომობილები.
თბილისის მილიციის უფროსის განკარგულებით ქალაქში აიკრძალა შენობებსა და ღობეებზე აფიშებისა და განცხადებების გაკვრა. გაზეთ „საქართველოს“ 19 ნოემბრის ნომერში დაბეჭდილ ამ განკარგულებაში მითითებულია, რომ აფიშებისა და სხვა სარეკლამო მასალის განთავსება მხოლოდ სპეციალურ სააფიშო სვეტებზე იყო ნებადართული. „უბრძანეთ კომისრებს, რომ ამ ბრძანების შესრულებას სასტიკი თვალყური ადევნონ და სადაც გაკრულია განცხადებები დღემდე დაუყოვნებლივ მოაფხეკინონ სახლის ან სადგომის პატრონებს და ან მათ მეეზოვეებს. სამი დღის შემდეგ, დღეის რიცხვიდან, კომისრები და მათი თანაშემწეები, ამ ბრძანების შეუსრულებაში შენიშნულნი, ჩემ მიერ იქნებიან დასჯილნი“, _ ნათქვამია თბილისის მილიციის უფროსის განცხადებაში.
1920 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებული ცნობა მკითხველებს აუწყებს, რომ მომავალი წლის, ანუ 1921 წლის 25 ნოემბრიდან მყარდებოდა სატელეფონო კავშირი თბილისი-ახმეტა-თელავს შორის. როგორც ირკვევა, თავდაპირველად, მოქალაქეებს ამ ხაზზე ტელეფონით საუბარი დღის მხოლოდ გარკვეულ პერიოდში შეეძლებოდათ. მითითებულია სასაუბროდ ხელმისაწვდომი საათებიც: დილის 9-დან 10 საათამდე; დღის 13-დან 14 საათამდე და საღამოს 17-დან 18 საათამდე.

მიხეილ ბასილაძე