მამუკა ჩარკვიანის სოლო კონცერტი ათენში

საბერძნეთში, ქალაქ ათენში, მომღერალ მამუკა ჩარკვიანის სოლო კონცერტი გაიმართა. მუსიკოსი ათენში ავთანდილ მიქაბერიძის მიწვევით ჩავიდა. საღამოს ცრემლის გარეშე არ ჩაუვლია, რადგან, როგორც მომღერალმა „ქრონიკა+“-თან საუბრისას აღნიშნა, ემიგრანტებთან შეხვედრა საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა მისთვის და სხვა მონაწილეებისთვისაც.

პოპულარული კომპოზიტორისა და ავტორშემსრულებლის ვიზიტი განხორცილდა ათენის წმ. ნინოს სახელობის ქართული მუსიკის სტუდიის (ხელმძღვანელი მამუკა ინაძე) სასწავლო-შემეცნებითი პროგრამების ფარგლებში, რომელიც მოიცავდა: შეხვედრებს შემოქმედებით ახალგაზრდობასთან და ფართო საზოგადოებასთან; ასევე სამი დღის განმავლობაში სტუდიის აღსაზრდელებთან ჩატარდა ერთობლივი მეცადინეობები და მასტერკლასები.
საღამო გაიმართა კინოთეატრ „ტრიანონში“, სადაც მამუკა ჩარკვიანთან ერთად მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა ნიჭიერმა მომღერალმა, პროექტ „ნიჭიერის“ ფინალისტმა _ ლენკა ზვიადაძემ.
საქართველოში დაბრუნებული მამუკა ჩარკვიანი და ლენკა ზვიადაძე „ქრონიკა+“-ს შეხვდნენ და იქ განცდილი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს.

მამუკა ჩარკვიანი _ ავტორ-შემსრულებელი:
_ საბერძნეთში ავთანდილ მიქაბერიძის მიწვევით ჩავედით. ეს ადამიანი განათლებისა და მეცნიერების კულტურის სახლის დამფუძნებელი გახლავთ, _ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ძალიან კარგ, კეთილ და ქართულ საქმეს ემსახურება. ბედნიერი ვარ, რომ ამ არაჩვეულებრივ ქალაქს ვესტუმრეთ, საიდანაც უდიდესი სითბო, სიყვარული და ზღვა ემოცია წამოვიღეთ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს საყვარელ ემიგრანტებს შევხვდი და ერთი დღე გავულამაზეთ, რომელიც დარწმუნებული ვარ, დიდხანს გაჰყვებათ. ემიგრანტებთან შეხვედრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ისეთი გარემოცვა შეგვიქმნეს, ვერც კი ვიგრძენით, რომ სხვა ქვეყანაში ვიყავით, თავი საქართველოში მეგონა.
_ ემიგრანტებსა და არა მარტო მათ, ძალიან უყვარხართ. დარწმუნებული ვარ, კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.
_ რა თქმა უნდა. კონცერტი 350-კაციან არაჩვეულებრივი კინოთეატრის დარბაზში გაიმართა. საღამომ სრული ანშლაგით ჩაიარა. იყო ბევრი ემოცია, ცრემლი, სითბო, უდიდესი სიყვარული… ბატონ ავთანდილ მიქაბერიძეს აქვს კულტურისა და განათლების ცენტრი „კავკასია“, სადაც ქართველები მიდიან და იკრიბებიან, როგორც საკუთარ სახლში. ეს მათი ოჯახია.
_ როგორც ვიცი, მასტერკლასებიც გქონდათ. ამ ცენტრში ახალგაზრდა თაობა ხელოვნებას ეზიარება?
_ დიახ. მიდიან, სხდებიან, ისვენებენ, საუბრობენ, სხვადასხვა სახის საღამოს მართავენ. ბავშვებს ასწავლიან, მასტერკლასები უტარდებათ, შეხვედრები და ბევრი კარგი საქმე კეთდება. ცენტრის მუსიკალური ხელმძღვანელი მამუკა ინაძეა, რომელიც ბავშვებს საოცარი ქართული სულისკვეთებით ზრდის და ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა.
_ ემოციები, რომელიც იქ დაგხვდათ…
_ საოცარი. სიტყვებით შეუძლებელია გადმოვცე ის, რაც ზოგადად ათენში დამხვდა. საერთოდ ყველა კონცერტზე მაყურებელს, მსმენელს ვესაუბრები, თითოეული სიმღერის ისტორიას ვუყვები, რაც შეიძლება ახლო კონტაქტში ვარ მსმენელთან. სხვათა შორის, ერთ-ერთი ქალბატონი ყვიროდა, _ ჟანგბადი მიეცით, თორემ ადამიანი დაიხრჩოო. ბედნიერების ზეიმი იყო.
_ მარტო თქვენ იყავით, თუ სხვა შემსრულებლებიც იყვნენ?
_ ჩემთან ერთად თბილისიდან „ნიჭიერის“ ფინალისტი, არაჩვეულებრივი გოგონა და მომღერალი, ლენკა ზვიადაძე იყო, რომელმაც საკმაოდ ბევრი სიმღერა შეასრულა. მთლიანი საღამო, რა თქმა უნდა, ცოცხალი შესრულებით ჩატარდა. ასევე პროდიუსერი ცაია ყიფიანი გახლდათ, ნიჭიერი ახალგაზრდა საბა ივანიშვილი, საღამოზე ადგილობრივმა გუნდმა სიმღერა შეასრულა.
_ თქვენი სიმღერებიდან ყოველთვის ძალიან დიდი ემოცია მოდის, რაც მაყურებელზეც გადამდებია. მით უმეტეს, თქვენ ხართ მუსიკოსი, რომელიც არასდროს ატყუებს მსმენელს და ცოცხლად მღერის…
_ ყველა სიმღერას ემოციით ვმღერი. მირჩევნია, ხმა არ მქონდეს და მაინც ცოცხლად ვიმღერო. მერაბ სეფაშვილმა ჩემზე გენიალური რამ თქვა, _ მამუკა სულ ცოცხლად იმიტომ მღერის, რომ ფონოგრამას პირს ვერ აყოლებსო. მერაბს ასეთი კომპლიმენტისთვის დიდი მადლობა გადავუხადე. ზოგიერთი რადიოს რომ ჩართავს და მღერის, უხერხულია… სიმღერა სპექტაკლია, შენ კი მსახიობი ხარ, გამოდიხარ და ოთხ წუთში ყველაფერი – პროლოგი, ეპილოგი _ უნდა მოასწრო, თუმცა მიზანსცენით უნდა დაიწყო, მერე კულმინაცია და დასასრული. ეს რთულია და ვინც ვერ აკეთებს, ვურჩევ, არ იმღეროს…
_ ბატონო მამუკა, მსმენელი თქვენგან სულ სიახლეებს ელოდება. მით უმეტეს დღეს, როცა ასე აქტიურად ჩაებით შემოქმედებით საქმიანობაში და გაქვთ უამრავი კონცერტი. ამჟამად რას უნდა ელოდოს ქართული საზოგადოება? რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში?
_ მუსიკის გარეშე ცხოვრება ერთი წუთითაც არ შემიძლია. სულ ვუკრავ, სულ ძიებაში ვარ, სიახლეებში. ვმუშაობ ახალ სიმღერაზე, ფაქტობრივად, დასრულებულია და მალე შედგება ამ სიმღერის პრემიერაც. სიმღერას „სიმაღლე“ ჰქვია. გარდა ამისა, 29 მაისს „რუსთაველის თეატრში“ კონცერტი მაქვს და ზაფხულში სრულიად საქართველოს მოვივლი კონცერტებით.
_ ეს იქნება საზაფხულო ტურნე თუ?..
_ დიახ.
_ რომელ რეგიონებს ესტუმრებით?
_ კახეთს: ყვარელს, საგარეჯოს; ქუთაისს, ბათუმს, საჩხერეს, რაჭა-ლეჩხუმს; შემოთავაზება მაქვს ამერიკიდან, სადაც ჩემი კონცერტი იგეგმება და ეს, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს მოხდება. უკვე მიმდინარეობს მზადება და ვნახოთ… ყოველთვის ბედნიერი ვარ, როცა ჩემს ხალხს ვუმღერი და ლამაზ საღამოებს ვჩუქნი.
_ საკმაოდ ბევრი კონცერტი გელოდებათ წინ. ბატონო მამუკა, კონცერტების მხრივ სიტუაცია გაუმჯობესდა თუ? ჩვენ ბევრი მომღერლისგან გვსმენია, რომ არ ტარდება კონცერტები და მსგავსი რამ, მაგრამ თქვენ სულ დაკავებული ხართ.
_ არავის ველოდები, არც კულტურის სამინისტროს და არც _ სხვას. მიკავშირდებიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ კონცერტები ჩავატარო და მეც დიდი სიამოვნებით მივდივარ და ვმართავ შემოქმედებით საღამოებს. ამ ზაფხულს, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ჩემი კონცერტია დაგეგმილი.
_ თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ დღეს აღარ იწერება მელოდიური სიმღერებიო. როგორ ფიქრობთ, რატომ?
_ მელოდია დაიკარგა და იმიტომ. აღარ გამოდის სიდი-დისკები. ყველა ინტერნეტზეა გადასული, რისი ან ვისი მოსმენაც სურთ ინტერნეტში, უსმენენ. ქართული სიმღერა ვერ იტანს ძლიერ მელიზმებს. 200-ზე მეტი სიმღერაა, რომელიც მამაჩემის ლექსზეა დაწერილი. თითოეული ლექსი იმღერება და მელოდიურია. დედაჩემის ლექსებზე სამი თუ ოთხი სიმღერა მაქვს, თუმცა ერთი ისეთია, ყველას უდრის: „სუყველაზე ლამაზი შენი თვალის ფერია“… მე თუ მკითხავ, ეს უკვდავი სიმღერაა… ისეთ სიმღერას ვერ ვმღერი, თუ მელოდიური არ არის.
_ ბატონ ჯანსუღს შევეხეთ. გარდაცვალებამდე რა იყო მამის ბოლო თხოვნა?
_ სანამ ცოცხალი იყო, მამა სულ მეუბნებოდა, რომ მიაწექი კაცობასო. თავში არ აგივარდეს არაფერი, თორემ ქართველები უცებ ხელში აგიტაცებენ და მერე სულ ბზრიალ-ბზრიალით ქვემოთ ჩამოხვალო.
_ თქვენი დის პოლიტიკურ ცხოვრებაზე მინდა გკითხოთ…
_ ყველანაირად ჩემი დის გვერდით ვარ. მისი არჩევანი ჩემთვის მისაღებია და ყოველთვის მის გვერდით ვიქნები, თუმცა არ ვერევი არაფერში, მით უმეტეს, პოლიტიკაში. არაა პოლიტიკა ჩემი საქმე.

ლენკა ზვიადაძე _ მომღერალი:
_ ეს იყო ძალიან დიდი ზეიმი, რომელიც მამუკა ჩარკვიანმა აჩუქა ქართველ ემიგრანტებს. ბედნიერი ვარ, რომ მასთან ერთად მომიწია ამ კონცერტში მონაწილეობის მიღება და მართლა მიჭირს იმ ემოციების გადმოცემა, რაც იქ განვიცადეთ. მამუკას შემოქმედება ჩემთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს.
_ დუეტი შეასრულეთ თუ სოლო პარტიები იმღერეთ?
_ გვქონდა დუეტიც და ასევე დაახლოებით ცხრა სიმღერა შევასრულე სოლო. სანამ ათენში ჩავიდოდი, ბატონმა ავთანდილ მიქაბერიძემ ინტერნეტის საშუალებით გამაცნო საბერძნეთის „ნიჭიერის“ ფინალისტი, არაჩვეულებრივი ქართველი მომღერალი ლიკა მაჩიტაძე, ვისთან ერთადაც შევასრულე ასევე დუეტი.

გიორგი საკარული