ადრეული ქორწინების კოშმარი გოგონებში

კავკასია ისტორიულად ცნობილია ადრეული ქორწინების, ქალის გატაცებისა და გარიგებით ქორწინების ტრადიციებით. პირველი ქართველი ფემინისტი ქალის, პოეტ რაფიელ ერისთავის დის, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ ის 12 წლის ასაკში გაათხოვეს, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ის თავის ქორწილს იხსენებდა, როგორც რაღაც თამაშს.

„შენ შემოქმედს რადგან ქალად დაუბარებიხარ, შენი წესი ეს უნდა იყოს: ხმაგაკმენდილი ჩუმად იყო, არავის შეხედო, არსად წახვიდე, ყურები დაიხშე და თვალები დახუჭე და იჯექ, სწავლა რა შენი საქმეაო…“ _ ასე აღწერს ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე იმ პერიოდს, როცა ქალის უფლებები შეზღუდული იყო და იგი თითქმის არ არსებობდა. ეს იყო 1845 წელი და მაშინ გავრცელებული და მიღებულიც კი იყო ადრეული ასაკში ქორწინება.
ახლა 2019 წელია. მას შემდეგ 174 წელი გავიდა, თუმცა არასრულწლოვან ასაკში შექმნილი ოჯახი არც ისე უცხოა ჩვენთვის.
არასრულწლოვანთა ქორწინება პრობლემაა, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება. საქართველოს სახალხო დამცველის, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენების თანახმად, 2017 წლის მონაცემთან შედარებით (835 არასრულწლოვანი მშობელი) ადრეული ქორწინება შემცირებულია, თუმცა კვლავ მაღალია ბავშვის დაბადებისას 18 წლამდე მიუღწეველ მშობელთა რაოდენობა. ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს საქართველოში მშობლად 715 არასრულწლოვანი დედა და 23 არასრულწლოვანი მამა დარეგისტრირდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონის გათვალისწინებით 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაცია სისხლის სამართლებრივ აქტად მიიჩნევა და ოფიციალურად არ ხორციელდება, პრობლემას წარმოადგენს ფაქტობრივი თანაცხოვრებისა და არაოფიციალური ქორწინებების შემთხვევები. ანგარიშის მიხედვით, ადრეული ქორწინების გამო, საშუალოდ, 300 ბავშვი წელიწადში სკოლას ვერ ამთავრებს. 2017-2018 წლებში 564 ათასი მოსწავლიდან 381-მა გოგონამ და 40-მა ბიჭმა ვერ მიიღო სრული საშუალო განათლება.
არსებული მონაცემებით, 20-24 წლის ასაკის ქალთა 14% აღნიშნავს, რომ ოჯახი 18 წლის ასაკამდე შექმნა. ვაჟებში ხუთჯერ უფრო ნაკლებია ადრეული ქორწინების შემთხვევები. 2017-2018 წლის ადრეული ქორწინების საქართველოს მაჩვენებელი (20%) ევროპაში ყველაზე მაღალია და გასული წლების ლიდერებს, მოლდოვასა (18%) და თურქეთს (14%), უსწრებს. უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ზუსტი მონაცემები ადრეული ქორწინების შესახებ, რადგან ქორწინებათა უმრავლესობა არ არის რეგისტრირებული. აქედან გამომდინარე, თუკი გავითვალისწინებთ არარეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობასაც, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს რიცხვი არათუ შემცირდა, არამედ გაცილებით მაღალია.
თანამედროვე ადამიანი თავისუფალი და დამოუკიდებელია, შესაბამისად, როდესაც ის ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს, როგორიც დაქორწინებაა, უმთავრესად, საკუთარ აზრსა და გრძნობებს ეყრდნობა. სიყვარულით ქორწინება წარსულში ერთგვარი ფუფუნება იყო, მაგრამ დღეს არასრულწლოვნებში _ ოჯახის შექმნის უპირველესი და ზოგჯერ ერთადერთი მიზეზია. ძალზე ხშირად მოზარდები ამ ნაბიჯს თავისუფლების მოპოვების მიზნით დგამენ, მათ ერთი სული აქვთ, როდის გახდებიან დიდები. მათ სურთ დაამტკიცონ, რომ შეუძლიათ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. ზოგჯერ კი, მრავალი მიზეზის გამო, მშობლიური სახლიდან თავის დაღწევის მიზნით, ახალგაზრდები, სამწუხაროდ, სხვა ალტერნატივას ვერ ხედავენ. რა თქმა უნდა, არიან ძლიერი პიროვნებები, რომლებიც სირთულეებს ლახავენ და ადრეული ქორწინება მათთვის გარკვეული გამოცდილებაა, მაგრამ, ძირითადად, ეს ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს, მას თან ახლავს განათლების მიღების პრობლემა, გოგონებში ჯანმრთელობის გაუარესება. ამ ადამიანების დიდი ნაწილი მომავალში რეალიზებას ვერ ახერხებს.

ლიკას ნაღვლიანი ისტორია

ლიკა 16 წლის იყო, როცა მომავალი ქმარი გაიცნო და მასთან ერთად გაიპარა .. 17 წლის ასაკში ბავშვი გააჩინა. თუმცა ახალბედა დედის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი და დიდი ხნის ნანატრი დღე იმ ფაქტით იყო დაჩრდილული, რომ ბავშვის მამა მის გვერდით არ იყო, _ ის ნახევარი წელიწადია, რაც ციხეში ზის.
„სკოლაში მე-10 კლასში ვსწავლობდი და პარალელურად მაღაზიაში კონსულტანტის პოზიციაზე ვმუშაობდი, როდესაც მომავალ მეუღლეს შევხვდი. ის იმავე მაღაზიის დაცვის თანამშრომელი იყო. ჩემზე 11 წლით უფროსი. ერთი სიტყვით, მოვეწონე, წყვილი გავხვდით და რამდენიმე თვის შემდეგ გაპარვა შემომთავაზა. მეც დავთანხმდი. ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე გააზრებული მქონდა, რას ვაკეთებდი. ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც დედაჩემმა თანაცხოვრება ისეთ ადამიანთან გადაწყვიტა, რომელსაც პირველი ქორწინებიდან სამი პატარა შვილი ჰყავდა. დედა სულ ბავშვებს უვლიდა, ჩემთვის არასდროს ეცალა, მეც ვეხმარებოდი, მაგრამ ეს დამღლელი იყო და სწავლაში ხელს მიშლიდა. ვფიქრობდი, გავთხოვდებოდი და პრობლემები მოგვარდებოდა. თითქოს, თავს ვუშველე გათხოვებით. ცალკე, ნაქირავებში გადავედით, მალე დავორსულდი“.
ჯერ კიდევ ბავშვი, 16 წლის ლიკა, ორსულობის მეოთხე თვეზე იყო, როდესაც ადრეული ქორწინების მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდა: მეუღლე ყაჩაღობის ფაქტზე დაიჭირეს, ბრალდებულად ცნეს და 8 წელიწადი მიუსაჯეს. ის სულ მარტო დარჩა, მშობლიურ სახლში დაბრუნდა, დეპრესიაში ჩავარდა. როგორც თავად ამბობს, სანამ ცოლად გაყვა, იცოდა, რომ მისი რჩეული ნასამართლევი და ციხიდან ახლად გამოსული იყო, მაგრამ შეუყვარდა და ამას მაშინ მნიშვნელობა არ მიანიჭა. მიუხედავად ყველაფრისა, ქმარი დღესაც უყვარს, თავისუფალ დროს ციხეში დადის და ბავშვიც მიჰყავს. თუმცა ძნელია იმ ფაქტის გაცნობიერება და იმასთან შეგუება, რომ ბავშვი მამას, ციხის კედლებს გარეთ, პირველად, 8 წლის ასაკში ნახავს.
18 წლის იყო, შვილი რომ გააჩინა და საცხოვრებლად ბებიასთან და ბაბუასთან გადავიდა. ორსულობის პერიოდში სკოლაში არ უვლია, მხოლოდ გამოცდებზე მიდიოდა. ამბობს, რომ ბავშვის გამო სწავლისა და ატესტატის მიღების მოტივაცია ჰქონდა და სახლში პროგრამულ წიგნებს კითხულობდა, თუმცა მხოლოდ ამან ბევრი ვერაფერი მისცა. უმაღლესში არ ჩაუბარებია, ამაზე არც კი უფიქრია, რადგან არც ამის საშუალება ჰქონდა, არც დრო და არც სურვილი. დღეს 21 წლის მარტოხელა დედაა, 4 წლის არაჩვეულებრივი ვაჟი ჰყავს და, ბედის ირონიით, ისევ მაღაზიაში მუშაობს გამყიდველად.

ანუკი _ ისტორია ბედნიერი დასასრულის გარეშე

15 წლის ასაკში შექმნა ოჯახი კიდევ ერთმა რესპონდენტმა, რომელიც დღეს 22 წლისაა და უკვე განქორწინებულია, 7 წლის გოგონას მარტო ზრდის. წინა გმირისგან განსხვავებით, ანუკის სრული საშუალო განათლებაც არ მიუღია. იმ ფაქტმა, რომ მე-9 კლასში შეყვარებულისგან დაორსულდა, დიდი როლი ითამაშა მის შემდგომ ცხოვრებაში. მისი ქორწინება თავიდან საკმაოდ ბედნიერი ჩანდა, მაგრამ მალე სიხარული უბედურებამ შეცვალა _ მეუღლე მოძალადე ნარკომანი გამოდგა.
„15 წლის ვიყავი, როცა ჩემს ყოფილ მეუღლესთან ერთად ეს ნაბიჯი გადავდგი. დავორსულდი, ამიტომაც ცოლად მომიყვანა. იყო სიყვარულიც და იმ დროს მეგონა, რომ ეს ის გრძნობაა, რომელიც ოჯახის შექმნისთვის საკმარისია. ორსულობის პერიოდში სკოლაში არ მივლია, მე-9 კლასის შემდეგ სკოლა საერთოდაც მივატოვე. აღარ მინდოდა სწავლის გაგრძელება. სახლში ყოფნა, საოჯახო საქმეების კეთება მერჩივნა. თითქოს ბედნიერი ვიყავი, ვერთობოდი ჩემს მეუღლესთან ერთად, ერთი სიტყვით, დიდ პრობლემებს არ შევჯახებივარ. 16 წლისას შვილი შემეძინა და აქ გაჩნდა პრობლემებიც. მე თვითონაც პატარა ვიყავი და ბავშვს როგორ აღვზრდიდი? არაფერი ვიცოდი, ამიტომ დედა და მეზობლად მცხოვრები ქალები მეხმარებოდნენ. დროთა განმავლობაში უამრავი პრობლემა დაგროვდა. მეუღლე არასდროს იყო ჩემ გვერდით, უბნის ბიჭებთან ერთად ერთობოდა, სვამდა, არსად მუშაობდა. აღმოჩნდა, რომ ნარკოტიკულ საშუალებებსაც მოიხმარდა; შემდეგ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა. ერთ დღეს, მორიგი კონფლიქტის დროს, მივხვდი, რომ მისგან უნდა წავსულიყავი“.
ანუკი ამბობს, რომ 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქმარს დაშორდა: „ზრდასრულ ასაკში შესაძლებელია, ორი ადამიანი სხვადასხვა აზრზე იყოს და ეს არ გახდეს კონფლიქტის მიზეზი, თინეიჯერობისას კი რთულია. ამ დროს გინდა გართობა, მეგობრებთან ერთად დიდი ხნით წასვლა, დაკარგვა, მაგრამ როცა ოჯახი გყავს, ასე ვერ ადგები და ვერ წახვალ. ოჯახი გულისხმობს იმას, რომ, ერთდროულად, ძალების ერთნაირი გადანაწილებით, უნდა გაუძღვე ცხოვრებას. თუ ერთი მხარე მაინც მოიკოჭლებს, მთელი ტვირთი მეორეზე გადადის“.
დღეს მას აქვს საქმე, სამსახური, თუმცა საკუთარ თავს შემდგარ ადამიანად არ მიიჩნევს. ამბობს, სწავლა რომ გაეგრძელებინა, ახლა კარგი სამსახური და პროფესია ექნებოდა. მისივე თქმით, ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნა სწორი არ არის და გოგოებმა აუცილებლად უნდა მიიღონ განათლება. „ვერ ვიტყვი, რომ შემდგარი ვარ და პროფესია მაქვს, რომელიც ძალიან მიყვარს. არ არის ასე. მაქვს ჩემი საქმე, თუმცა შეიძლებოდა, ამაზე უკეთესი ყოფილიყო“. მიუხედავად ამისა, ანუკი ამბობს, რომ მისი შვილი ამის კომპენსირებას ახდენს.

ნათია _ ისტორია ბედნიერი დასასრულით

ტრადიციულ ქართულ საზოგადოებაში მნიშვნელოვანია, რომ გოგოს პირველი ინტიმური გამოცდილება დაკანონებული იყოს. ეს ადრეული ქორწინების კიდევ ერთი ფაქტორია. ახალგაზრდა წყვილებს, უბრალოდ, არ გააჩნიათ ინტიმური ურთიერთობების ლეგალიზაციის სხვა საშუალება. ასე მოხდა ნათიას შემთხვევაში, მას ახლო ურთიერთობა სურდა თავის პირველ შეყვარებულთან, ამიტომაც 16 წლის ასაკში დაქორწინდა.
„მე-9 კლასში ვსწავლობდი, როდესაც ჩემი მომავალი ქმარი გავიცანი. მე თბილისში ვცხოვრობდი, ის კი ზუგდიდიდან იყო. ეს ჩვენთვის ხელის შემშლელი არ ყოფილა, ურთიერთობა დავიწყეთ, ერთმანეთი შეგვიყვარდა. მის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო, ამიტომაც გადავწყვიტეთ გაპარვა და ჩვენი ურთიერთობის დაკანონება. ვიცოდი, რომ ჩემი მშობლები წიანააღმდეგები იქნებოდნენ. ერთხელ სკოლაში გაკვეთილები გაგვიცდა და იმ დღეს სპონტანურად გადავწყვიტე, ამ ნაბიჯზე წავსულიყავი. ჩემს ორ ახლობელ მეგობარს ყველაფერი ავუხსენი და მშობლებისთვის წერილის გადაცემა ვთხოვე. დღესდღეობით ვხვდები, რომ მშობლებთან ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ მაშინ პატარა ვიყავი და შედეგებზე არ ვფიქრობდი“.
ორსულობის პერიოდში ნათია ქმართან და დედამთილთან ერთად ცხოვრობდა. სკოლაში არ უვლია, რადგან ძნელი იყო ბალანსის დაცვა განათლებასა და ორსულობას შორის. ასე გაგრძელდა, დაახლოებით, ერთი წელი. როდესაც სკოლაში დაბრუნება და სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა, ნათიას დედამთილი წინააღმდეგი იყო. მისი აზრით, გათხოვილ გოგოს სწავლა ქორწინების შემდეგ დაკისრებული ვალდებულებების შესრულებასა და ბავშვის მოვლაში ხელს უშლის. საბედნიეროდ, ნათია არ დათანხმდა ასეთ ძველმოდურ მიდგომას, მშობლებთან დაბრუნდა და სწავლა გააგრძელა. სკოლის დამთავრება და უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება გაუჭირდა, მაგრამ მზრუნველი მშობლების ძალისხმევით დღეს ნათია საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ბანკში მუშაობს და წარმატებული, საინტერესო ახალგაზრდა ქალია. იგი თბილისში ქმართან ერთად ცხოვრობს და რვა წლის ვაჟს ზრდის.
ამ ახალგაზრდა ქალის ისტორია ადრეულ ასაკში ქორწინების შემდეგ კარგად ჩამოყალიბებული ცხოვრების იშვიათი მაგალითია. ბედნიერი დასასრული, რომელიც არ მოხდებოდა, რომ არა ჩვენი რესპონდენტის მიერ სწორად გადადგმული ნაბიჯები, განათლების აუცილებლობის გააზრება და ახლოს მდგომი მზრუნველი მშობლები. მაგრამ ბევრი გოგონა, რომელმაც, ნათიას მსგავსად, მშობლიური სახლი ადრე დატოვა და დაქორწინდა, დღეს არც ისე ბედნიერია. ზოგს უკვე რამდენიმე ბავშვი ჰყავს, მათ სკოლა არ დაუმთავრებიათ, არ მიუღიათ პროფესიული განათლება; სხვები ყოველდღიურად განიცდიან ოჯახურ ძალადობას; ზოგიერთი დიდი ხანია, დაბრუნდა მშობლებთან და ბავშვებს მარტო ზრდის, რადგან ქმრებთან არაფერი გამოუვიდათ. არასრულწლოვან ასაკში დაქორწინებული ბედნიერი ქალების რაოდენობა საქართველოში ძალიან ცოტაა.
საქართველოში ადრეული ქორწინების პრაქტიკა უკვე წლებია, რაც არსებობს, თუმცა, როგორც სხვა ბევრი სოციალური საკითხი ჩვენს ქვეყანაში, ეს თემაც ლეგენდებითა და ტაბუებით არის მოცული. გავრცელებულია მოსაზრება, რომ ეს პრობლემა წარსულში დარჩა და თუ ახლაცაა შემორჩენილი, მხოლოდ და მხოლოდ, რეგიონებში, სადაც პროგრესის სინათლეს ჯერ არ ჩაუღწევია.

გაეროს კვლევა, სხვა კვლევებთან ერთად, განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს: ადრეული ქორწინების საკითხი დღესაც აქტუალურია სოფლებსა და ქალაქებში, ხოლო მისი მიზეზები არა მაინცდამაინც ეთნორელიგიურ, არამედ გენდერულ და ტრადიციულ წარმოდგენებს ემყარება.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლელა ბაქრაძის თქმით: „ადრეული ქორწინება გოგონებისთვის მძიმე შედეგების მომტანია, ხშირ შემთხვევაში, მათ სოციალურ და უფლებრივ გარიყვას იწვევს, ხელს უშლის გოგონებს განათლების დასრულებაში და მათი პოტენციალის სრულ გამოვლენაში. მოზარდობის ასაკში ორსულობა და მშობიარობა კი დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს. ადრეული ქორწინების გამომწვევი მიზეზები კომპლექსურია და, შესაბამისად, ვითარების გასაუმჯობესებლად მრავალმხრივი მუშაობაა საჭირო, როგორც პოლიტიკისა და კანონმდებლობის დონეზე, ასევე თემებთან და თვითონ მოზარდებთან მათი დამოკიდებულების შესაცვლელად“.
ბავშვობის ასაკში ქორწინების საკითხმა ხელისუფლების ყურადღების მიქცევა მხოლოდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სახალხო დამცველის, გაეროს სააგენტოებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების შედეგად შეძლო. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თაოსნობით, ბოლო 3 წელია მოღვაწეობს ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საკითხზე მომუშავე სპეციალური ჯგუფი, რომლის მისიაა ქვეყანაში არსებული საზიანო პრაქტიკების თავიდან აცილებისა და აღმოფხვრის მიზნით ღონისძიებების სტრატეგიული დაგეგმვა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის კოორდინებული მუშაობის ხელშეწყობა. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, გაეროს გენდერის თემატური ჯგუფის წევრები (საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები), სახალხო დამცველის აპარატისა და ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
უახლოესი წლების მანძილზე გენდერული თანასწორობის კუთხით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ ხშირია ნაადრევი ქორწინების შემთხვევები. მისი დამკვიდრებისა და გავრცელების უმთავრესი ფაქტორია ცოდნა-განათლების აუცილებლობისა და გოგონების მომავალი სოციალური როლის მნიშვნელობის გააზრების ნაკლებობა, რომელიც არ უნდა შემოიფარგლებოდეს დიასახლისობით და ბავშვის აღზრდით. ქორწინების პერიოდში გოგონები გენდერული ძალადობისა და დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმას განიცდიან. გარდა ამისა, ისინი ხშირად ვერ უმკლავდებიან სიძნელეებს ორსულობისა და მშობიარობის დროს. სოციალური იზოლაცია, ტრადიციები, სიღარიბე და სხვა ფაქტორები ხელს უწყობს გენდერული დისკრიმინაციისა და ქალების მარგინალიზაციის მანკიერი წრის დამკვიდრებას.
გოგონების ადრეული ქორწინებისგან დაცვის უფლება უზრუნველყოფილია სხვადასხვა საერთაშორისო შეთანხმებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა კონვენციისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის ჩათვლით. ორივე ზემოთ მოყვანილი დოკუმენტი მოუწოდებს ქვეყნებს, ეროვნულ კანონმდებლობაში ქორწინების მინიმალურ ასაკად დააფიქსიროს 18 წელი. მიუხედავად ამ სამართლებრივი გარანტიისა, ათასამდე გოგონა ქორწინდება 18 წლამდე. აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა ვერ მოგვარდება მხოლოდ კანონმდებლობის დახმარებით. უფრო აქტიური მუშაობაა საჭირო ხალხის დამოკიდებულების შესაცვლელად ადრეული ქორწინებისა და სერთოდ, ქალებისა და გოგონების საზოგადოებაში პოზიციის მიმართ. ადგილობრივ დონეზე და მსოფლიოს მასშტაბით ასეთი სამუშაოს გარეშე, ლიკას, ანუკისა და ნათიას მსგავსი, ათასობით გოგონა ყოველწლიურად ადრეული ქორწინების გამო ნათელ მომავალს დაკარგავს. როგორც ახალი თაობის წარმომადგენელი, იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში საქართველოში აღარ იქნება ისეთი საზოგადოების ადგილი, რომლისთვისაც ადრეული ქორწინება პრობლემა სულაც არ არის, სადაც 20 წლის გოგონას ნათესავები და მეზობლები აღარ შეაწუხებენ შეკითხვებით: „აღარ თხოვდები?“ „როდემდე უნდა იყო მარტო?“ დროა, ჩვენმა საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ ადამიანი, რომელიც უფრო მოწიფულ ასაკში ქორწინდება, დიდი ალბათობით, გააგრძელებს სწავლას სკოლაში, მიიღებს უმაღლესს განათლებას, კარიერას ააწყობს და ამით საუკეთესო ინვესტირებას გაუკეთებს თავისი ოჯახის ნათელ მომავალს. გოგონას, რომელიც თავის დროზე ქორწინდება, მეტი საშუალება ეძლევა, დაგეგმოს სასურველი ორსულობა.
აშკარაა სარგებელი გოგონასთვის, რომელიც წინ იხედება, პროფესიას ირჩევს, ფეხზე მყარად დგება, რითაც საკუთარ თავსაც, მშობლებსაც და მომავალ ქმარ-შვილსაც ყოველმხრივ ეხმარება და არავისზეა დამოკიდებული;
ასევე აშკარაა ის დამანგრეველი და ხშირად გამოუსწორებელი ზიანი, რაც ადრეულ ქორწინებას მოაქვს.

ალვინა ალექსანიანი