აიგება თუ არა 2019 წელს ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი?

რეკონსტრუირებული დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ქუთაისთან ახლოს, კოპიტნარში, 2012 წლის 27 სექტემბერს გაიხსნა. პირველი რეისი აეროპორტმა ამავე წლის 28 აგვისტოს მიიღო. აეროპორტს ადგილმდებარეობით რეგიონში საკვანძო მნიშვნელობა აქვს. იგი თბილისიდან 200 კილომეტრში მდებარეობს და 300 კმ რადიუსით თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს უკავშირდება.

აეროპორტის პრიორიტეტს ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი კომპანიების მოზიდვა წარმოადგენს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მზარდი ნაკადის გამო ახალი სივრცეების შექმნა გახდა საჭირო. ახალი ტერმინალის მშენებლობა 2017 წელს დაანონსდა. პროექტის ღირებულება 23 305 085 ლარია. პროექტის მიხედვით ტერმინალის მშენებლობა ხელშეკრულების დადებიდან 140 დღეში უნდა დასრულებულიყო. მშენებლობა 2017 წლის სექტემბერში დაიწყო.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მოქალაქე ლევან ჭანჭალეიშვილის პოსტი გამოჩნდა, რომლის მიხედვით უნგრულმა კომპანია „ვიზეარმა“, რომელიც ქუთაისის აეროპორტში ოპერირებს, აგვისტოსა და სექტემბერში დაგეგმილი ახალი რეისები გააუქმა. მიზეზი კი ახალი ტერმინალის მშენებლობის გაჯანჯლებაა. ტურისტების რაოდენობა იზრდება, გაზრდილ მოთხოვნას კი აეროპორტის არსებული ფართობი ვერ პასუხობს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ მშენებლობა ზუსტად ჩაეტევა ვადებში და რამე მნიშვნელოვანი შეფერხება არ არსებობს. დღესდღეობით პირველი ეტაპის სამუშაოებიდან რკინა-ბეტონის სამუშაოები დასრულებულია. ადგილზე, დაახლოებით, 16 500 კუბმეტრის მოცულობის ბეტონი ჩაისხა. ამ ეტაპზე რკინის კონტრუქციის მონტაჟი მიმდინარეობს. მშენებლობა გეგმის მიხედვით მიდის და იგი 2019 წელს აუცილებლად დასრულდება. ამ ეტაპზე გამოყოფილია 60 მილიონი ლარი.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN Studio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი კი IATA კონსალტინგის მიერ არის გაკეთებული, რომელმაც ყველა იმ მომსახურების სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საათში 300 მგზავრს ემსახურებოდა. ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი აეროპორტს 7 გასასვლელი ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საათში 1000-1100 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. ახალი ტერმინალის მთლიანი ფართი 24 176 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ქუთაისის აეროპორტში ამ ეტაპზე 440 ადამიანია დასაქმებული. აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ მათი რიცხვი გაიზრდება“, _ ამბობენ აეროპორტების გაერთიანებაში.
ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს შვიდი გასასვლელი ექნება. 2020 წელს დაიწყება ახალი და ძველი ტერმინალების შეერთების ფაზა. ძველი ტერმინალი გამოყოფილი იქნება მხოლოდ ჩამოფრენილი მგზავრებისთვის, ხოლო ახალი _ გამგზავრების მსურველთათვის.
ფრენების გადადებას ზემოხსენებული მიზნით არ ადასტურებენ კომპანია „ვიზეარშიც“. კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი ტერმინალის დასრულებას ელოდებიან და ელიან მგზავრთა გაზრდილ ნაკადსაც. საბოლოო ჯამში, პასუხი კითხვაზე, _ დასრულდება თუ არა დათქმულ ვადებში აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა, ბუნდოვანია.
დღეისთვის ქუთაისის აეროპორტში რამდენიმე ავიაკომპანია დაფრინავს. არსებული კომპანიებიდან ყველაზე მეტ რეისს დაბალბიუჯეტიანი უნგრული კომპანია „ვიზეარი“ ასრულებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ქუთაისს მალე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი კომპანია „რაინეარი“ დაემატება, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის მგზავრთა ნაკადს.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი საათში 300-მდე მგზავრს ემსახურება. გასული წლის თებერვალ-იანვარში აეროპორტი, დაახლოებით, 48,9 ათას ადამიანს მოემსახურა.

შორენა ლაღაძე