მთავარი საზოგადოება სკანდალური ფინანსური პირამიდა და „ევროკრედიტის“ საქმე

სკანდალური ფინანსური პირამიდა და „ევროკრედიტის“ საქმე

442
0
გაზიარება

გასული წლის აპრილის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორში საფინანსო კომპანია „ევროკრედიტის“ დამფუძნებელი დააკავეს. მაშინ გორის სათემო რადიო „მოზაიკა“ იმასაც იუწყებოდა, რომ ქეთევან ყაყიტაშვილს სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

„ყაყიტაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა და 182-ე მუხლის მიხედვით წაუყენა ბრალი, რაც თანხების მითვისებას გულისხმობს. საქმის განხილვა სასამართლომ უკვე დაიწყო.
„ევროკრედიტში“ ფინანსური კრიზისი 2016 წლის დეკემბერში, საფინანსო კომპანია „საქართველოს“ გაკოტრების შემდეგ დაიწყო. ამ ფაქტმა მეანაბრეებში კომპანიის მიმართ უნდობლობა გამოიწვია და რამდენიმე ათეულმა ადამიანმა „ევროკრედიტიდან“ თანხის გატანა ერთდროულად მოისურვა და დაზარალებულების უმრავლესობამ სამართლებრივი დავა მაშინვე დაიწყო.
რადიო „მოზაიკა“ ბრალდებულს დაკავებამდე 2 თვით ადრე ესაუბრა.
ქეთევან ყაყიტაშვილი მაშინ მოკვლევის დასრულებასა და დოკუმენტაციის ჩაბარებას ელოდებოდა, რის შემდეგაც ის დაზარალებულების დაკმაყოფილებას ეტაპობრივად გეგმავდა.
ამ მიზნით მან გორში, სამეფოს ქუჩაზე, ოფისიც გახსნა. მეანაბრეების ნაწილი მისი დაკავების მომხრე არ იყო და თანხების დაბრუნებას ელოდებოდა“, _ იუწყებოდა 2018 წლის აპრილში რადიო „მოზაიკა“.
ბოლო წლებში ფინანსური პრობლემები არაერთ საფინანსო კომპანიას შეექმნა და ამ ფონზე გამონაკლისი არც „ევროკრედიტი“ უნდა ყოფილიყო, მაგრამ დაზარალებულთა ნაწილი, რომელიც „ქრონიკა+“-ს დაუკავშირდა, ეჭვობს, რომ თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა.
ამასთან, ერთ-ერთი ქალბატონი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა და რომელთან ინტერვიუსაც, პრინციპში, უცვლელად გთავაზობთ, ყურადღებას ამახვილებს „ევროკრეტის“ გავლენიან მფარველებზე და გვეუბნება, რომ ქეთევან ყაყიტაშვილს, სავარაუდოდ, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი „კრიშავდა“. ამის გამო ყაყიტაშვილს შედარებით მსუბუქი სასჯელი მისცეს და არც დაზარალებულთა დავალიანების ანაზღაურება დააკისრეს.
აქვე საინტერესოა, რომ „ევროკრედიტის“ ერთ-ერთმა მეანაბრემ თავი მოიკლა, თუმცა, როგორც „ქრონიკა+“-ის რესპონდენტი გვეუბნება, ყაყიტაშვილს არც თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წაუყენეს ბრალი, რაც, საბოლოო ჯამში, ამძაფრებს ეჭვს, რომ მას მფარველები ჰყავს.

„ევროკრედიტის“ დაზარალებული მეანაბრე ქალბატონი:
_ მინდა, რომ ინკოგნიტოდ დავრჩე და არ შეიძლება?
_ კი ბატონო, არაა პრობლემა, თუმცა დეტალურად მიამბეთ, რა შეგემთხვათ?
_ გორში შპს „ევროკრედიტი“ მუშაობდა და მისი ერთ-ერთი მეანაბრე ვარ. 2016 წლის დეკემბრიდან ამ კომპანიას კრიზისი დაეწყო და დავზარალდით.
_ ანუ „ევროკრედიტში“ თანხა გქონდათ შეტანილი?
_ დიახ, თანხა მე და, დაახლოებით, სამასზე მეტ ადამიანს გვქონდა შეტანილი.
_ „ევროკრედიტში“ პირადად თქვენ თანხა როდის შეიტანეთ?
_ 2013-ში, 2014-ში, ანუ ეტაპობრივად შემქონდა.
_ სულ რა ოდენობის თანხა შეიტანეთ?
_ პირადად ჩემი თანხა 12 500 დოლარია.
_ თავიდანვე უპირატესობა ამ შპს-ს რატომ მიანიჭეთ და არა _ ბანკს?
_ ცუდს ვერ ვიტყვი: ეს ქალბატონი კარგად მუშაობდა. იქ მოლარე ჩემი მეგობარი იყო და რეკომენდაცია მან გაუწია. რადგან ჩემი ახლობელი იყო, რაღაცნაირად, მივენდე.
_ „ევროკრედიტისგან“ რამე სარგებელი გქონდათ?
_ კი, გვქონდა.
_ კონკრეტულად?
_ ხელშეკრულება მოგვცეს. ამ ქალბატონს სამხედრო ბარათები ჰქონდა, ანუ სამხედროებთან ჰქონდა ხელშეკრულება დადებული… პირველ ეტაპზე ასევე ოქროს ლომბარდი და მანქანების ლიზინგიც ჰქონდა. ჰოდა, მუშაობდა _ დაგვიანება არ ყოფილა.
_ ანუ თქვენი ძირი თანხის სანაცვლოდ „ევროკრედიტისგან“, ყოველთვიურად, პროცენტს იღებდით?
_ დიახ. ზოგი 3%-ს იღებდა, ზოგი _ 2,5-%ს, ზოგიც _ 5%-ს. ვისაც დიდი თანხა ჰქონდა, ის ცოტა ნაკლებ პროცენტს იღებდა.
_ თქვენი ძირი თანხა როდის უნდა დაგებრუნებინათ?
_ ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე, თუმცა შეგვეძლო, ხელშეკრულება ჩვენი სურვილისამებრ გაგვეგრძელებინა.
_ ხელშეკრულება რამდენხნიანი იყო?
_ ზოგს ექვსთვიანი ჰქონდა, ზოგს _ ათთვიანი. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი ხელშეკრულება ათთვიანი იყო.
_ „ევროკრედიტთან“ ხელშეკრულება რამდენჯერ გააგრძელეთ?
_ ასე არ მახსოვს, მაგრამ ორ-სამჯერ გავაგრძელე. იცით, როგორ იყო? _ ვისაც ფული შეჰქონდა, კიდეც გამოჰქონდა, ანუ თანხის დაბრუნების პრობლემა არ იყო.
_ აბა, მერე რა მოხდა?
_ პრობლემა 2016 წლის ბოლოს გაჩნდა.
_ ანუ ვერც პროცენტი მიიღეთ და ძირი თანხის დაბრუნებაზეც უარი გითხრეს?
_ დიახ, ჩემი თანხა რომ მოვითხოვე, ამ ქალბატონმა ვეღარ მომცა. ზოგს ხელშეკრულება დეკემბერში დაუმთავრდა, მაგრამ თავისი ფული ვერ მიიღო, თუმცა ეს ქალბატონი თანხის აღებას მაინც აგრძელებდა.
_ ეს ქალბატონი ვინ იყო?
_ ქეთევან ყაყიტაშვილი, რომელიც ახლა დაპატიმრებულია და 8 წელი აქვს მისჯილი.
_ თუ დაპატიმრებულია და სასჯელს იხდის, რაღას აპროტესტებთ?
_ ამ ახალგაზრდა ქალს ვიღაც შეუჩნდა. თვითონ ეს კაცი ასე ამბობდა, რომ თანამშრომელი იყო, ანუ ამბობდა, სუსში ვმუშაობო, მაგრამ ჩვენ ვერ დავადგინეთ, სინამდვილეში სად მუშაობდა.
მოკლედ, მას შემდეგ, რაც ეს კაცი გამოჩნდა, ქონება სულ მასზე აფორმა და აფორმა. თუ ჩვეულებრივი თანამშრომელი იყო, ამდენ ქონებას ნამდვილად ვერ შეიძენდა. გორში ერთი დიდი სახლია, ოთხსართულიანი, რომელიც ჯერ ამ ქალის დედის სახელზე იყო, მერე კი, რატომღაც, ამ კაცს გადაუფორმა. ამას გარდა, თბილისში „დირსის კომპლექსშიც“ აქვს ბინა. დოკუმენტაციით 2016-ში სოფელში მიწებიც შეიძინა, ასევე ბინა _ ბათუმში. ამის გარდა, მანქანები… სხვათა შორის, „ინფინიტი“ მერე სასწრაფოდ გაყიდეს… მისი შვილიც, როგორც ვიცი, პოლიციაში მუშაობდა, თან სულ პოლიციელები მოჰყავდა _ აქ რესტორანი „ნაჭარმაგევია“ და ხალხი ხედავდა, რომ იქ აქეიფებდა.
_ იმის თქმა გინდათ, რომ „ევროკრედიტის“ მესაკუთრეს მფარველები ჰყავდა?
_ კი, კი, ჰყავდა. მერე, როგორც ორგანოებში მომუშავეებისგან გამოვიდა ხმა, იოსებ გოგაშვილი იყო მფარველი. რაღაც მომენტში მღებრიშვილიც იყო ნახსენები _ აი, ის, შს მინისტრი რომ გვყავდა. შეიძლება, ორივე მფარველობდა, მაგრამ დიდი აქცენტი უფრო ამ გოგაშვილზე იყო, რომ ეგ „კრიშავდა“.
_ თქვენ როგორ გგონიათ, „ევროკრედიტიდან“ წილი გოგაშვილთან მიდიოდა?
_ ალბათ. ამ საქმეს უფრო ჯგუფური კვალიფიკაცია უნდა ჰქონოდა. სხვათა შორის, ამ ქალს ერთ-ერთი ბინა, რატომღაც, არ დაუყადაღეს, მაგრამ კაცმა არ იცის, გორში, რუსთავის 6-ში გაფორმებული ბინა რატომ არ დაუყადაღეს?
ეს უფრო თაღლითური სქემა იყო და ჯგუფური კვალიფიკაცია უნდა მინიჭებოდა _ ამ კაცზე ამდენი ბინა იყო გადაფორმებული. კაცმა არ იცის, ამდენი ქონება უცბად საიდან გაუჩნდა.
სხვათა შორის, 2014 თუ 2015 წელს, ზუსტად არ მახსოვს, კორპუსის მშენებლობა დაიწყო, ოღონდ სხვა კომპანია შექმნა, რომელსაც „ევროპლუსი“ ერქვა. ეს კორპუსი დასამთავრებელია და მასთან დაკავშირებითაც დიდი გარჩევებია.
_ თუ ამ ქალბატონს გოგაშვილი მფარველობდა, რომელიც მაშინ სუსის უფროსის მოადგილე იყო, თქვენი აზრით, „ევროკრედიტის“ მფლობელს პრობლემები რატომღა შეექმნა?
_ აშკარად რომ ვიღაც მფარველობდა, გასაგებია… ჩვენს ერთ-ერთ დაზარალებულს, რომელმაც მერე ინტერვიუ „რუსთავი 2-საც“ მისცა, ეს კაცი აშანტაჟებდა.
_ ვინ კაცი აშანტაჟებდა, გოგაშვილი?
_ არა, ამ ქეთინოს მეგობარი.
_ ვერ გავიგე, სოსო გოგაშვილი რა შუაშია?
_ გოგაშვილი იმ შუაშია, რომ ქეთინოს საქმე ძალიან გაუადვილდა, ანუ უფრო მძიმე მუხლები უდგებოდა. ერთმა დაზარალებულმა, მევლუდ მანელიძემ, თავი მოიკლა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც უდგებოდა, მაგრამ ეს საქმეც ჩაიფარცხა. კაცმა თქვა, რომ აშანტაჟებდნენ და მესიჯებიც აჩვენა და თუ არავინ მფარველობდა, მაშინ ქეთინოს მეგობარი ხომ უნდა დაეჭირათ? სხვათა შორის, ამ თემას მაშინ აკაკი გოგიჩაიშვილი აშუქებდა.
ქეთინოს მეგობრის მოყვარეც ყოფილი თანამშრომელია, რომელიც, მგონი, ნარკოტიკებზე გამოუშვეს და ამ ხალხის შანტაჟსა და დაშინებაში ისიც ჩართული იყო, _ ქეთინოს ფულს რატომ სთხოვთო.
_ თქვენც ხომ არ გაშინებდნენ?
_ არა.
_ მაშინ ინკოგნიტოდ დარჩენა რატომ ისურვეთ?
_ პირადად მე არავინ მაშანტაჟებდა, მაგრამ როცა ვისმენ, რომ ეს კაცი ასეთ რაღაცებს აკეთებდა, სიმართლე გითხრათ, მეშინია. ჩემს ადგილზე თქვენც რომ იყოთ, ალბათ, შეგეშინდებოდათ.
_ ასეა თუ ისე, ამ ამბის გახმაურება მაინც გადაწყვიტეთ და დაგვიკავშირდით, თუმცა ვიდრე ჩვენ დაგვიკავშირდებოდით, განცხადება, როგორც ვიცი, პროკურატურაში შეიტანეთ, არა?
_ კი, შევიტანეთ, რომ ეს ჯგუფური დანაშაული იყო… როგორც ვიცი, ქეთინოსა და ამ კაცს შორის გარიგება იყო, ქეთინო არ „ჩაუშვებდა“, რომ არაოფიციალური მეწილე იყო. არც შვილს დაიჭერდნენ, რომელიც დირექტორი იყო და ჩვენს საქმეზე პასუხი მასაც უნდა ეგო.
_ „ევროკრედიტის“ მფლობელს სასამართლომ მეანაბრეების ზარალის ანაზღაურება არ დააკისრა?
_ დაზარალებულების სტატუსი კი მოგვანიჭეს, მაგრამ შიგნიდან ერთი-ორი ადამიანი ისეთ რაღაცას აკეთებდა, რომ ადვოკატის აყვანის საშუალება არ მოგვცეს, ანუ ერთი პირი არ გვქონდა და ამასობაში დრო გავიდა. მერე ადვოკატი ავიყვანეთ და როგორც მან აგვიხსნა, ჩვენ ზარალის ანაზღაურება ქეთინოსთვის მაშინვე უნდა დაგვეკისრებინა, სანამ განაჩენი დადგებოდა. მინდოდა, რომ სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი გვყოლოდა, რათა ჩვენი ინტერესი დაეცვა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. საერთოდ, მარტო რომ იბრძვი, ძალიან რთულია, რომ ვინმეს რამე გააგებინო. ჰოდა, მერე ადვოკატი სამოქალაქოთი ავიყვანეთ.
_ დღეს თქვენი ადვოკატი ვინ არის?
_ ორი ადვოკატი გვყავს: ალექსი და იამზე მარიამიძეები, მგონი, ბიძაშვილები არიან. ამ კაცმა „ევროკრედიტს“ უჩივლა, მაგრამ საჩივარი, ალბათ, თვითონ ქეთევანზე უნდა ყოფილიყო დაწერილი. არ ვიცი, ეს შეგნებულად გააკეთა თუ ეგონა, რომ მეტი შანსი ჰქონდა, კომპანიიდან ფულს ამოიღებდა…
_ ამჟამად თქვენი საქმე რა ეტაპზეა და რას ითხოვთ?
_ ჩვენ ვითხოვთ: ეს კაცი რატომ არ არის დასჯილი ამდენი ხალხის შანტაჟის გამო? ასევე ფინანსურ პოლიციაში ჩვენებები მასზეც იყო, მაგრამ პასუხი რატომ არ აგო? ასევე ქეთინომ რატომ არ აგო პასუხი მეანაბრის თვითმკვლელობამდე მიყვანამდე? ქეთინოს სასჯელში ყველაფერი გამარტივებულად მოხდა და, როგორც ახლა გავიგე, გაბრაზებულია და ციხიდან უთვლის, ხომ შემპირდი, ერთ წელიწადში გამოგიყვანო? ახლა უთქვამს, რომ 2020 წლისთვის არჩევნებზე გამოგიყვანო.
_ ამ ხალხს, თქვენი აზრით, დღესაც გოგაშვილი მფარველობს?
_ არ ვიცი, ვინ მფარველობს, მაგრამ ამ კაცს ამდენი ქონება საიდან აქვს?
_ თავს უსამართლობის მსხვერპლად მიიჩნევთ?
_ კი, კი… ჩათვალეთ, რომ ყველა დაზარალებულის სახელით გელაპარაკებით.
_ თქვენი რაიონის მაჟორიტარს ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელს თუ შეხვედრიხართ და მისთვის დახმარება გითხოვიათ?
_ არა, თუმცა წერილი ბახტაძესაც გავუგზავნეთ და თადუმაძე მთავარ პროკურორად დაინიშნა თუ არა, მასაც მივმართეთ. ასევე ვიცი, რომ წერილი ბესელიასთანაც იყო შესული.
საია-ში ვიყავით და იქ იურისტმა გვითხრა, ეს საქმე ასე არ უნდა დამთავრებულიყო და ძიება უნდა გაგრძელებულიყო, ფული _ ეს 6 მილიონი სად წავიდაო? საია-ში ისიც გვითხრეს, რომ განაჩენით ქეთინოს ვალის გადახდაც უნდა დაკისრებოდა, მაგრამ ეს სასამართლომ არ გააკეთა და ამიტომ ჩივილი უკვე სამოქალაქოთი მოგვიწია.
_ იმედი გაქვთ, რომ თქვენს თანხას დაიბრუნებთ?
_ არა, არ მაქვს იმიტომ, რომ ამ ქალის სახელზე, ფაქტობრივად, არაფერია და თუ რამე ქონება იყო, გადაფორმებულია. აი, მაგალითად, გაუთხოვარი დეიდა ჰყავს და იმაზეა გადაფორმებული.
სხვათა შორის, სანამ ფინანსური მოვიდოდა, ოფისიდან თანამშრომლებმა დოკუმენტაცია გაიტანეს და, როგორც ვიცი, ფინანსურ პოლიციაში არ არის ნაჩვენები, რომ ოქროს ლომბარდი და მანქანების ლიზინგიც ჰქონდა.
_ ე. ი., დარწმუნებული ხართ, რომ „ევროკრედიტის“ მფარველი სოსო გოგაშვილია?
_ ასე ლაპარაკობს ხალხი და ეს ჩემი მოგონილი ხომ არ არის?!

***
„ქრონიკა+“-ს „ევროკრედიტის“ კიდევ ერთი დაზარალებული მეანაბრე სოციალური ქსელით დაუკავშირდა:
„ის ადამიანი, მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც „ევროკრედიტის“ მეანაბრე ვიყავი, არ მინახავს. ბოლოს, როცა ჩემს ფულს ვითხოვდი, ქეთევან ყაყიტაშვილთან მქონდა კავშირი, ოფისში მოსულიყო, რადგან იქ მომუშავე ხალხი პასუხს ვერ მცემდა. ამ ქალბატონმა ტელეფონში ყვირილი დაიწყო, შენთვის არ მცალიაო და გამითიშა.
რამდენიმე წამში უცხო ნომერი მირეკავს და მკითხულობს, _ ესა და ეს ხარო? ჩემს გვარს ამბობს. მე ვარ, თქვენ რომელი ხართ-მეთქი? ალექსანდრე გოგიაშვილი გაგიგიაო? _ არა-მეთქი. _ სადა ხარო? აქა და აქ-მეთქი, _ „ევროკრედიტის“ წინ ვიდექი. _ ორ წუთში მანდ ვარ, დამელოდეო. _ მეთქი, გელოდები.
მოვიდა ვიღაც ორ ტიპთან ერთად და ქეთევანის კაბინეტში შემიყვანა. იქ ისე დახვდა ხალხი, მომუშავე პერსონა ფეხზე წამოუდგა, _ ბატონო ალეკოო. მეთქი, ვინ არის? _ აბა, გისმენ, რა ხდებაო, რაღაც შეურაცხყოფები მიგიყენებია ქალზეო…
ასეთი ტონი რომ ვერ გაუვიდა, მერე გამოსავალს ეძებდა, _ შენ მართალი ხარ და ფული მოგეცემაო, ახლა მანქანა ჰყავს ჩემს ბიჭს ბაზარზე წაყვანილი, გავყიდით და მოგცემთო.
_ შენ საერთოდ ვინ ხარ, შენთან საქმე არც მაქვს და არც მქონია-მეთქი. ცოტა ხანში სპორტულებით შემოვიდა ეს ქეთევანი, რომელმაც ტელეფონზე საუბრისას მითხრა, თბილისში ვარ დაბარებული, პროკურატურაში, სახლი გამიძარცვეს, მაგის თაობაზე და შენი ნერვები არ მაქვსო… და იქ არ შემოვიდა?
მეც ძმაკაცები მახლდნენ. ჰოდა, ასეთი საუბარი რომ წავიდა, ჩემი ძმაკაცი გარეთ გამოსულა და ბიჭებთან დაურეკავს თბილისში. ეს რომ გაიგეს, თბილისიდან ხალხი მოდისო, ის ალექსანდრე გოგიაშვილი ისე აორთქლდა, ვერც კი დავინახე და აქედან ურეკავდნენ ჩუმად, _ არ მოხვიდე, აქ თბილისიდან მოვიდნენო…
ერთი სიტყვით, ჩემი დაშინება უნდოდა, რაც არ გამოუვიდა…
მერე ეს ქალბატონი ბინას მთავაზობდა ცხინვალის ცხრა ნომერში, კორპუსებს აშენებდა და იქ. _ არ მინდა, ჩემი ფული მომეცი-მეთქი, რაც მე ოფლით და ტყვიის ქვეშ ყოფნის დროს შევაგროვე, მეტი არაფერი მინდა, ჩემი ნაშრომი მინდა, ზედმეტი არა-მეთქი. ამბობდა, მოგცემო, მაგრამ ვერ მაძლევდა, მატყუებდა, „საქართველოს ბანკიდან“ გამომაქვს სესხი და ეგრევე მოგცემო, ზარს ველოდებიო. ნახევარ მილიონზე საუბრობდა, მაგრამ მაგას ისე ჰქონდა საქმე უკვე, რომელი ბანკი მისცემდა ფულს?
საბოლოოდ, ისე დაიძაბა საუბარი, მეუბნება, _ შენ გგონია, საბუთი გიჭირავსო? კონტრაქტზე თქვა, რაც დადებული გვქონდა, _ ეგ ფარატინა ფურცელი გგონია საბუთიო? რას ითხოვო?
გადამრია… როცა ჩემით ვერაფერს გავხდი, ერთი ადვოკატი გავიცანი და იმას მივეცი ჩემი საქმე. სამოქალაქო სასამართლოში შევიტანეთ და დღემდე ვიბრძვი უშედეგოდ“.

***
სხვათა შორის, ქეთევან ყაყიტაშვილის დაკავებამდე „ევროკრედიტის“ საქმეს პროკურატურა სწავლობდა.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ევროკრედიტის“ მეანაბრეები, თანხების დაბრუნების მიზნით, ამჯერად პროკურატურას მიმართავენ. ამ გადაწყვეტილებამდე ისინი მას შემდეგ მივიდნენ, რაც ინდივიდუალური საჩივრებიდან სათანადო შედეგი ვერ მიიღეს.
დაზარალებულების ინფორმაციით, დეკემბერში „ევროკრედიტის“ დამფუძნებელმა ოფისის გახსნაში დაზარალებულებს დახმარება სთხოვა და სამეფოს ქუჩაზე, თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, მუშაობა ისევ განაახლა, თუმცა არც ამ მეთოდმა გაამართლა და, როგორც გავარკვიეთ, ახალი ოფისი თვე-ნახევარში ისევ დახურა.
„პროცენტებზე აღარ გვაქვს ლაპარაკი. მხოლოდ იმ თანხის დაბრუნებას ვითხოვთ, რაც შევიტანეთ. „ევროკრედიტში“ 2016 წლის სექტემბერში 2000 დოლარი შევიტანე, რომელზედაც 1200 დოლარი დანამატი უნდა დამრიცხვოდა. რამდენიმე თვეში კი გავიგე, რომ კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა. როდესაც მფლობელს დავუკავშირდი, თანხების ანაზღაურებას დაგვპირდა, მაგრამ დღემდე არაფერი მოუმოქმედებია“, _ განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.
დაზარალებული მეანაბრეების უფლებადამცველები საჩივარს ამჯერად პროკურატურაში შესატანად ამზადებენ. ადვოკატების ინფორმაციით, ფინანსური პოლიციის მხრიდან დამფუძნებლების მიმართ აშკარა ლობირება იკვეთება, რაც საქმის გაჭიანურებაშიც ვლინდება.
დროში გაწელილი მოკვლევა გახდა მიზეზი, რამაც დაზარალებულებს კიდევ ერთი საჩივრის დაწერა გადააწყვეტინა.
„საქმე გაჩერებულია. ფინანსური პოლიცია დამფუძნებლებს ლობირებს და ამის თაობაზე ახალ საჩივარს ვამზადებთ“, _ აღნიშნა ერთ-ერთმა ადვოკატმა ზაზა გიგაურმა.
„აშკარად ჭიანურდება გამოძიება და ამ დრომდე გამოუძიებელი რა არის?! ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით კითხვები და პრეტენზიები აქვთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს. მოკლედ, გამოძიებამ ვერ დააყენა საშველი, რომ გადაწყვეტილება მიიღოს. ან შეწყვიტოს და თქვას, რომ აქ დანაშაული არ არის, ან კიდევ გამოიტანოს დადგენილება ბრალდების შესახებ“, _ განაცხადა ნოდარ ცინცაძემ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „ევროკრედიტის“ საქმესთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სისხლის სამართლის დევნა არავის მიმართ არ დაწყებულა. უწყება სხვა სახის კონკრეტულ განმარტებებს, ამ ეტაპზე, არ აკეთებს.
გასული პერიოდის მსგავსად, ქეთევან ყაყიტაშვილი მეანაბრეებს ამჯერადაც აიმედებს, რომ მას შემდეგ, რაც ფინანსური პოლიცია დოკუმენტაციას გადასცემს, კომპანიისა და მეანაბრეების სასარგებლოდ აქტიურ მუშაობას შეუდგება:
„ყველა ანგარიშზე, ყველა რაღაც ფასეულობაზე ყადაღა მადევს. ვერაფერს ვაკეთებ, რომც მინდოდეს. როგორც კი საბუთები დამიბრუნდება და სიტუაცია დალაგდება, ალბათ, სამი თვე დამჭირდება, ამის შემდეგ დავიწყებ პროპორციულად თანხების დაბრუნებას. ჩვენი თანხები დიდი რაოდენობით გასესხებული გვაქვს და იმათაც შემოტანა და გადახდა უნდათ, მაგრამ ინფორმაცია არ გამაჩნია, ვის რამდენი აქვს ვალი. ზოგი ქვითარს ითხოვს, ზოგი _ ანგარიშის ნომერს. ზეპირად ვერ დავუწერ ვერავის ვერაფერს“, _

შეგახსენებთ: დავის საგანია 2 მილიონ-ნახევარ ლარზე მეტი, რომელიც 300-მდე მეანაბრემ „ევროკრედიტს“ მიაპროცენტა. აქედან 926 ათასი დოლარი რამდენიმე დაზარალებულს უკვე დაუბრუნეს.
„ევროკრედიტში“ ფინანსური კრიზისი 2016 წლის დეკემბერში დაიწყო. ამის მიზეზი კი საფინანსო ორგანიზაცია „საქართველოში“ ე. წ. პირამიდის ჩამოშლა გახდა, რისი გახმაურების შემდეგაც „ევროკრედიტის“ მეანაბრეებმა საკუთარი თანხების უკან დაბრუნება მოითხოვეს, ამან კი კომპანია გაკოტრებამდე მიიყვანა“, _ ეს ინფორმაცია რადიო „მოზაიკამ“ 2018 წლის იანვარში გაავრცელა, ორი თვის შემდეგ კი, როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, ქეთევან ყაყიტაშვილი დააპატიმრეს.
რეალურად მფარველობდა თუ არა „ევროკრედიტის“ დამფუძნებელს სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი, _ ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ როგორც დაზარალებულები ჰყვებიან, ზემო ეშელონებიდან ზუსტად ასეთი ხმები გამოვიდა. ასე რომ, ახლა ჯერი გამოძიებაზეა _ რამდენიმე ასეულ ადამიანს კითხვებზე პასუხი საგამოძიებო უწყებამ უნდა გასცეს!

გიორგი აბაშიძე

 

დატოვეთ კომენტარი