ნინო ბურჯანაძე: „დღესვე რომ მიგვიღონ ევროკავშირში, ორივე ხელით მივესალმები, მთელი ჩემი პარტია დროშებით გამოვალთ ქუჩაში“

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება, შეიძლება ითქვას, რომ დაწყებულია. გამოჩნდება თუ არა უკვე მითად ქცეული მესამე ძალა, ეს ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა არსებული პოლიტიკური პარტიები უკვე აქტიურობენ.

როგორ ემზადება „დემოკრატიული მოძრაობა“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის? პარტია, რომელსაც ხშირად იხსენებენ პრორუსულ პოლიტიკურ ძალად, როგორ აპირებს ამ კლიშეს მოხსნას და გეგმავენ თუ არა პარტიაში ახალი სახეების შემოყვანას?
აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ ესაუბრა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძეს:

_ქ-ნო ნინო, პირველ რიგში, მინდა გუბაზ სანიკიძესთან დაკავშირებით გკითხოთ, მან პარტია დატოვა. რა იყო ამის მიზეზი? თავად ისაუბრა, თუმცა საინტერესოა თქვენი მოსაზრება.
_ მე შემიძლია გავიმეორო მხოლოდ ის, რაც იყო ჩვენს განცხადებაში, რომელიც გააკეთა პარტიის პრეს-სამსახურმა და რაც თქვა თავად ბატონმა გუბაზმა. ჩვენ ვისაუბრეთ, გვქონდა შესაძლებლობა, რომ არსებული მოვლენები კიდევ ერთხელ გაგვეანალიზებინა, სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ აბსოლუტური თანხმობა გვაქვს, ხოლო მთელ რიგ ტაქტიკურ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა არჩევანი არსებობს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს პოლიტიკურმა ძალამ. მე და ბატონმა გუბაზმა ამ საუბრის შემდეგ მივიჩნიეთ, რომ ამ ვითარებაში სწორია საერთო მიზნისთვის ბრძოლა, რასაც ჰქვია ქვეყანაში დემოკრატიული ხელისუფლების მოსვლა და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების გაკეთება, ამ მიმართულებით უმჯობესი იქნება, თუ „დემოკრატიული მოძრაობა“ და ბატონი გუბაზი დამოუკიდებლად გააგრძელებენ საქმიანობას. ჩვენ ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, როგორიც გვქონდა, ისეთი, ჩვენ მხოლოდ პოლიტიკა არ გვაკავშირებს და ეს საკმაოდ ცნობილია. აბსოლუტურად ნორმალური პროცესია, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს გუნდიდან დამოუკიდებლად საქმიანობის განხორციელებას. ჩვენ ორივემ ერთმანეთს ვუსურვეთ წარმატება საერთო საქმეში და არ არის გამორიცხული, ჩვენი აქტიურობის გზები კვლავ გადაიკვეთოს ან, შეიძლება, პარალელურად, სხვადასხვაგვარად წავიდეს. ასე რომ, ეს არ არის ისეთი თემა, რომელსაც შეიძლება მუდმივი მსჯელობა მოჰყვეს. მე და ბატონმა გუბაზმა ამაზე ვისაუბრეთ და ვფიქრობ, ეს საზოგადოებისთვის საკმარისია.
_ თქვენ განაცხადეთ, რომ სტრატეგიულ საკითხებზე ერთნაირი პოზიციები გაქვთ, მხოლოდ ტაქტიკურ თემებს უყურებთ განსხვავებულად. ამ შემთხვევაში ვერშეთანხმების მთავარი მიზეზი იყო თუ არა გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად ბრძოლის გაგრძელების საკითხი?
_ ამ თემებზე საუბარს არ ვაპირებ. მეც და ბატონმა გუბაზმაც, რაც საჭიროდ მივიჩნიეთ, ვთქვით და ამ თემაზე განცხადება გავაკეთეთ. დანარჩენი მომავალში გამოჩნდება, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ.
_ გასაგებია. შუალედური არჩევნების შედეგები განსაზღვრავს თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს?
_ რა თქმა უნდა, განსაზღვრავს, რადგან დღესაც აბსოლუტურად ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლება ემზადება შუალედური არჩევნების გასაყალბებლად და 2020 წლის არჩევნების გასაყალბებლადაც მოემზადება . ამიტომ შუალედურ არჩევნებს ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, მით უმეტეს, როდესაც ეს არჩევნები ახლოს არის მომავალ არჩევნებთან. ძალიან ნათლად ვხედავ, რომ თუ ხელისუფლება არ აირჩევს გონივრულ გზას, არ შეცვლის, რეალურად, საარჩეევნო გარემოს და არ დაიწყებს ოპოზიციასთან სერიოზულ საუბარს, ოღონდ არა ისეთს, რომ სატელიტებად აქციოს ოპოზიცია და ოპოზიციის მართვა გადაწყვიტოს, არამედ რეალურ კონსულტაციებს; თუ ბიძინა ივანიშვილი ისევ შეეცდება, რომ 2020 წელს კვლავ მის ხელში დარჩეს აბსოლუტური ძალაუფლება საქართველოში, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს; რაც ჩანს ზუგდიდში, რადგან მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს არ უნდა ბიძინა, ასევე დიდ ნაწილს არ უნდა სააკაშვილი, თუმცა ეს პოლარიზება აწყობს როგორც ბიძინას, ასევე _ სააკაშვილს. მაგრამ, ვფიქრობ, რომ თანდათანობით ეს რეალობა იცვლება, 2020 წელი ძალიან მძიმე და დაძაბული იქნება ხელისუფლებისთვის.
_ თუ 2020 წლისთვის ოპოზიციის კონსოლიდაცია შედგა, რა შემთხვევაში იქნება „დემოკრატიული მოძრაობა“ ასეთ ოპოზიციურ გაერთიანებაში?
_ არჩევნებისთვის არასდროსაა გამორიცხული გაერთიანებებისა თუ კოალიციების შექმნა. რა თქმა უნდა, გამორიცხულია ჩვენი და „ნაციონალური მოძრაობის“ ან ჩვენი და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანება. ეს აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანია, მაგრამ არის პოლიტიკური ძალები, თუმცა მცირე, რადგან ივანიშვილმა მათ გასანადგურებლად ყველაფერი გააკეთა. არიან, ასევე ცალკეული ადამიანები, ვისთანაც საუბარი შეიძლება. გულწრფელად რომ გითხრათ, ჯერჯერობით, ამისთვის მზად არ ვართ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.
_ 2020 წლისთვის რას გეგმავთ ახალ სახეებთან დაკავშირებით? თქვენი შვილი პოლიტიკაში მოვიდა. მას, რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებ და იქნება თუ არა ეს „დემოკრატიული მოძრაობისთვის“ ახალი სახეების შემოყვანის დასაწყისი?
_ არ შეიძლება, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოყვანა თვითმიზანი იყოს, რადგან პოლიტიკა არ არის სპორტი, სადაც ახალგაზრდობა და სიახლე, უმეტეს შემთხვევაში, წარმატების მოტანის გარანტია. როგორც წესი, პოლიტიკაში პირიქით ხდება. წარმატების მოტანის გარანტები არიან ის ადამიანები, რომელთაც აქვთ გამოცდილება, გაუკეთებიათ და შეიძლება გაუფუჭებიათ კიდეც და ამიტომაც იციან იმ სიმძიმის ფასი, რაც მოჰყვება ხოლმე შეცდომას, ან რაიმე არასწორი ნაბიჯის გადადგმას. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში 25, 26 და არც 30 წლის ასაკში მინისტრებად და პრემიერ-მინისტრებად ადამიანებს არ ნიშნავენ. ჩვენ ამას ვაკეთებთ და ამის შედეგსაც ვიმკით. პოლიტიკას გამოცდილება სჭირდება და შემიძლია საკუთარი მაგალითით აბსოლუტურად პირდაპირ გითხრათ: როცა პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი, ეს გამოცდილება რომ მქონოდა, რაც დღეს მაქვს, გაცილებით ეფექტიანი და ძლიერი პარლამენტის თავმჯდომარე ვიქნებოდი, ვიდრე ვიყავი. რაც შეეხება ახალ სახეებს, „ქართული ოცნების“ ახალმა სახეებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს, ადამიანურად მე მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და შესაძლოა, მათ მიმართ კეთილგანწყობაც მქონდეს, მაგრამ პოლიტიკურად, უბრალოდ, სამარცხვინოები არიან, რადგან აბსოლუტურად არასწორ განცხადებებს აკეთებენ. ისინი მარტივად ამბობენ, რომ, მაგალითად, რაღაც პირველად ხდება საქართველოში, ამ დროს არ იციან, რომ ეს უკვე გაკეთებულია, ამაზე უკვე ნამსჯელია და გადაწყვეტილებაც კი მიღებულია. დღეს კი ამის საფუძველზე მოქმედებენ. ეს ყველაფერი არაპროფესიონალიზმის ნათელ შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც ეტყობა კიდეც ქვეყანას. რაც შეეხება ჩვენს პარტიას, მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ჩემს შვილსა და პარტიის წევრს წარმატება უსურვეთ, თუმცა ვიტყოდი, რომ მას მხოლოდ სიმბოლურად შეიძლება ახალი სახე დავარქვათ, რადგან ის ამ პარტიაში დაარსების დღიდანაა. მან და მისმა მეგობრებმა დააარსეს პარტიის ახალგაზრდული ფრთა, რომელიც ძალიან ეფექტიანი იყო 2009 წლის საპროტესტო აქციების დროს და მთელი ამ 10 წლის განმავლობაში მისი და მისი მეგობრების თავზე გადაირა კარგმაც და ცუდმაც, რაც ამ პარტიაში ხდებოდა, მათ შორის, საკმაოდ რთულმა და უმადურმა საქმეებმა, რადგან, როგორც წესი, ისინი საქმეს აკეთებდნენ და ნაკლებად ჩანდნენ. ჩვენი პარტიის ახალგაზრდები 2 ივნისს გამოჩნდებიან ყრილობაზე. ეს ადამიანები, თავიანთი ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად საკმაოდ გამოცდილები არიან პოლიტიკურ ბრძოლებში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი შემდეგია: ჩვენი პარტიის ახალგაზრდებმა იციან, რომ ბევრი რამ იციან, მაგრამ ასევე იციან, რომ არის რაღაცები, რაც არ იციან, რასაც სწავლა და დრო სჭირდება. მათ არ აქვთ უაზრო ამბიციები. დღეს ზოგიერთი ახალგაზრდა ქუჩაში რომ გააჩერო და პრემიერ-მინისტრობა შესთავაზო, შეიძლება, უარი არ თქვას. ჩვენ ასეთი ახალგაზრდები არ გვყავს. ჩვენ გვყავს ახალგაზრდები, რომლებმაც ბევრი რამ იციან და ბევრი რამ გამოიარეს, მაგრამ აგრძელებენ სწავლას, ასევე მზად არიან კონკრეტულად იმისთვის, რაზედაც აცხადებენ მზაობას, რომ ამის გაკეთება შეუძლიათ. გნებავთ, პარტიის ერთ-ერთი ლიდერობა თუ პარლამენტის წევრობა და ა. შ.
_ ამ მიმართულებით მმართველი გუნდის გააქტიურება ნიშნავს თუ არა, რომ ისინი გრძნობენ ხიფათს, რომ „ოცნება“ ნაკლებად პოპულარულია თუნდაც დამწყები პოლიტიკოსებისთვის და რამდენად სახიფათო ნიშნულზე დგანან ისინი?
_ რა თქმა უნდა, გრძნობენ. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“, პრაქტიკულად, დანგრეულია, რეალურად არაფერზე დგას. ისედაც არაფერზე იდგა, მხოლოდ ივანიშვილის _ ფულზე. მაგრამ ამ ფულს ძალიან სერიოზულად ამყარებდა ის პიროვნული ნდობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიმართ იყო. უდავოდ, ეს გახლდათ მაღალი ხარისხის ნდობა და ძალიან დასანანია, რომ ამ ადამიანმა ეს ნდობა, პატივისცემა და სიყვარული, რომელიც მის მიმართ იყო საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობაში, ასე გაანიავა. ვინაიდან მას ენდობიან, ვინაიდან ის ბევრს უყვარს და ბევრი აფასებს მის გაკეთებულ საქმეებს, მან, რატომღაც, იფიქრა, რომ ყველა უნდა მართოს, ყველას ჭკუა უნდა ასწავლოს, ყველაფერი იყიდოს და ყველაფერი მის ნება-სურვილზე უნდა იყოს. ეს იყო მისი ძალიან დიდი, უკვე გამოუსწორებელი შეცდომა. რა თქმა უნდა, ამან ძალიან ბევრი პოლიტიკური მიწისძვრა გამოიწვია. შეიძლება პატარ-პატარა, რომელსაც ვერ ვგრძნობთ, მაგრამ, მოგვიანებით, პოლიტიკაში გარკეულ შედეგს აუცილებლად მოიტანს. პროცესი, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“ დაწყებული, შეუქცევადია. ვიცი, რით აჩერებს ბიძინა ივანიშვილი იმ დეპუტატებს, რომლებიც წამოსვლას აპირებენ, _ ივანიშვილი პირდაპირ ვაჭრობს, _ ამას გაგიკეთებ, ამდენს მოგცემ და ა. შ., ფული გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრს ნიშნავს პოლიტიკაში, მაგრამ გადის რაღაც დრო, დგება კრიზისული ნიშნული და ამის შემდეგ ფული აღარაფერია. ეს, დაახლოებით, ასეთ სიტუაციას ჰგავს: კარგ გემზე რომ იყოთ დასასვენებლად და ძალიან ბევრი ფული გქონდეთ, ამ ფულით შეგიძლიათ კარგად გაატაროთ დრო, მაგრამ თუ გემი ჩაძირვას დაიწყებს, ფული მნიშვნელობას დაკარგავს, მთავარია, ფიზიკურად გადარჩე, დიდი ალბათობით, იმ ფულით სავსე ჩემოდანს გემზე დატოვებთ, არ დაიწყებთ ჩემოდანთან ერთად ჩაძირვას. დაახლოებით ასეა პოლიტიკაშიც: რაღაც პერიოდი ფული მუშაობს, მაგრამ როცა პოლიტიკური გემი ჩაძირვას იწყებს, ფული აღარაფერს ნიშნავს. ვფიქრობ, საქართველოში ასეთი ვითარება თანდათანობით ყალიბდება. ყველაზე დიდი პრეტენზია, რაც ივანიშვილის მიმართ მაქვს, არის ის, რომ მან თავისი საკადრო გადაწყვეტილებებით კატასტროფული მაგალითი მისცა ახალგაზრდობას, როდესაც ახალგაზრდებს დაანახვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა განათლება გაქვს, სად მუშაობდი, რა გამოცდილება გაქვს, რა გაგიკეთებია, ნებისმიერი პოზიცია შეიძლება დაიკავო, თუ გაქვს ფული ან მხარს გიჭერს ფულიანი ადამიანი. პირიქით, ახალგაზრდებს მაგალითი უნდა მისცე, რომ წარმატების მისაღწევ გზაზე ყველა ნაბიჯის გავლაა აუცილებელი. პოლიტიკოსობა გინდა? _ კეთილი ინებე და პარტიის რიგითი წევრობიდან დაიწყე; ხელისუფლებაში მოსვლა გინდა? _ პირდაპირ პრემიერ-მინისტრობით ნუ დააწყებინებ. ეს, ალბათ, არ არის იმათი ბრალი, ვინც ამას დასთანხმდა, თუმცა ძალიან კარგად მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე მქონდა დამთავრებული და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისერტაცია დავიცავი, ასევე უკვე პარლამენტში იურიდიულ კომიტეტში წამყვან თანამდებობაზე ვმუშაობდი (ჯერ მოადგილე, შემდეგ თავმჯდომარე ვიყავი), როდესაც შევარდნაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა შემომთავაზა, ამაზე უარი ვთქვი. გავაცნობიერე პასუხისმგებლობა, ერთი დღეც არ მქონდა მოსამართლედ ნამუშევარი და, შესაბამისად, არ დავთანხმდი. ვერავინ გაიგო, რატომ ვთქვი უარი, ყველა გაოცებული იყო. ჩემი ახსნა გახლდათ ძალიან მარტივი: როცა რიგით მოსამართლედ ერთი დღეც არ გიმუშავია, როგორ შეიძლება გახდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო ადამიანების ბედთან დაკავშირებით?! ჩემთვის ეს იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი. დღეს გააჩერეთ იურიდიული ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტები, 10-დან 9-მ შეიძლება გითხრათ, რომ უკვე მზად არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის, რადგან ახალგაზრდებმა დაინახეს, იმდენად დაეცა ხელისუფლებაში მყოფი ადამიანებისადმი და პარლამენტარებისადმი მოთხოვნის დონე, რომ უკვე ყველას გაუჩნდა ამბიცია, _ მასაც შეუძლია იყოს დეპუტატი, მინისტრი, მერი და ა. შ., ეს ძალიან დიდი დანაშაულია სახელმწიფოს წინაშე! ეს რეალობა პროფესიონალიზმის დიდი პატივისცემით უნდა შეიცვალოს.
_ ფულადმა რესურსმა შესაძლოა, იმდენად აღარ იმუშაოს, თუმცა საპრეზიდენტო და შუალედურ არჩევნებზეც დავინახეთ, რომ „ოცნება“ აქტიურად იყენებს „ანტიმიშა“ და „ანტინაციონალების“ კამპანიას, რითაც კომფორტის ზონაშია. გაჭრის თუ არა ეს მეთოდი 2020 წელს?
_ წინა ხელისუფლებას რაც არ უნდა 9 წელი უძახონ, თვითონ „ოცნება“ უკვე 7 წელია, ხელისუფლებაში არის და სიბინძურით არაფრით ჩამოუვარდება „ნაციონალებს“. ის მეთოდები, რითაც „ქართული ოცნება“ მუშაობს, თავისი სიბინძურით სააკაშვილის მეთოდებს არაფრით ჩამოუვარდება, რაღაცებში ზედმეტიც კი არის. ის, რაც ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირებს შანტაჟისა თუ შეურაცხყოფის მიზნით გამოუქვეყნეს პირადი ცხოვრების მასალები, ეს სააკაშვილის დროს არ მომხდარა. შეიძლება, სააკაშვილის დროს იყო ჩაწერილი, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ვის დროს ჩაიწერეს, სააკაშვილს თავისი ცოდვები ეყოფა. ის, რომ ივანიშვილის დროს ეს მოხდა და ამისთვის არავინ დასჯილა, საწყალი 16-17 წლის ბავშვების გარდა, რომლებმაც დააღეს პირი და რაღაც სისულელეებს უყურეს, ეს სამარცხვინოა ამ ქვეყნისთვის და ეს უნდა დამთავრდეს! ის, რომ დღეს სააკაშვილი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად იბრძვის და „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში არსებობს, როგორც მეორე პოლიტიკური ძალა, ამაზე ბიძინა ივანიშვილს ძალიან მწარედ უნდა მოეთხოვოს პასუხი. თქვენ აბსოლუტურად სწორად ასახეთ, რაზედაც ვსაუბრობთ და რაც ხდება ქვეყანაში. დიახ, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, კომფორტის ზონა შეექმნა, მან ყველას დატოვება გადაწყვიტა გემზე ჩასაძირად, კუ და მორიელივით ზურგზე დაისვა „ნაცონალური მოძრაობა“ და მეორე ნაპირზე გაიყვანა, ოღონდ ვერ მიხვდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჭკუით, აქტიურობით, გამოცდილებით მოახერხებდა, რომ თავისი პოზიციები გაემყარებინა. ჩვენ ყველა _ დანარჩენი ოპოზიციური პოლიტიკური ძალები _ აბსოლუტურად შეგნებულად, ჩასაძირად განწირულ გემზე დაგვტოვა, ეს თქვა კიდეც ივანიშვილმა, _ შუა უნდა გაიკრიფოსო. მე და ჩემი პოლიტიკური პარტია ვერ ჩაგვძირა ბიძინა ივანიშვილმა, რადგან ცურვა ვიცი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ აუცილებლად ჩაიძირება, რადგან რაც არ უნდა ჩამოეკიდო ფულიან ჩემოდანს, ის ფული დასველდება და შეიძლება იმან ჩაგძიროს თავად. ამიტომ როცა პოლიტიკაში შემოდიხარ, ცურვა უნდა იცოდე.
_ შუას გაკრეფა ახსენეთ, ეს ბიძინა ივანიშვილისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური თამაშის სტილია. საუბარია იმაზეც, რომ საკუთარ მესამე ძალას ქმნის. რა ბერკეტები გაქვთ ოპოზიციურ ძალებს იმისთვის, რომ ივანიშვილის ამ მეთოდმა არ იმუშაოს?
_ ამისთვის ერთადერთი ბერკეტია: ხალხს უნდა ავუხსნათ, რა ხდება. ერთადერთი გარანტია იმისა, რომ ამან არ იმუშაოს, ხალხმა თავი არ უნდა მოიტყუოს. დღეს ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ როდესაც ადამიანები იმ გადაწყვეტილებას იღებენ, რომელიც გულის სიღრმეში იციან, რომ არასწორია, არავის უნდა იმის აღიარება, _ ამ გადაწყვეტილებას იმიტომ იღებს, რომ ეშინია ან სამსახურის დაკარგვა არ უნდა, ან ფული აიღო. ამიტომ უნდა გითხრას, _ მე მეშინია, მიშა არ მობრუნდეს და ამიტომაც ვაძლევ ივანიშვილს ხმას. რაც, უბრალოდ, საბაბია. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად ეშინიათ მიშას დაბრუნების. როგორ უნდა დაბრუნდეს მიშა? ვერ მობრუნდება სააკაშვილი. თუ ადამიანები გამოვლენ და არც ბიძინა ივანიშვილს მისცემენ ხმას და არც „ნაციონალურ მოძრაობას“, რანაირად უნდა მობრუნდეს სააკაშვილი?!
_ თუ რამე პრეტენზია აქვს ამომრჩეველს „დემოკრატიულ მოძრაობასთან“, ეს სწორედ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით არის. თქვენს პარტიას ხშირად მოიხსენიებენ პრორუსულ პარტიად. რა განაპირობებს ამას? როგორ ფიქრობთ, ამომრჩეველს ინფორმაცია არასწორად მიეწოდება?
_ დიახ, ეს გახლავთ პრობლემა. რუსეთი ოკუპანტია, მეც ვადასტურებ ამას. მიუხედავად იმისა, რომ ათასჯერ მაქვს ეს ნათქვამი, წინა კვირას, როდესაც ბატონი გუბაზი იჯდა ეთერში, ქალბატონმა ეკა კვესიტაძემ ურცხვად უთხრა მას, რომ ბურჯანაძე ამბობს, რუსეთი ოკუპანტი არ არისო, რაზედაც ბატონმა გუბაზმა უპასუხა, რომ ეს ტყუილია, ბურჯანაძეს არაერთხელ უთქვამს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და სამაჩაბლო, ის ჯარი უნდა გავიდეს იქიდან. ამავე დროს, მე ვამბობ, რომ თუ მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ რუსეთი ოკუპანტია და მეტს არაფერს გავაკეთებთ, ის დარჩება სამუდამოდ იქ, სადაც არის. რამდენჯერაც გავბრაზდებით და გულის მოფხანა დაგვჭირდება, ამ ოკუპანტის ძახილის ნაცვლად ვიფიქროთ იმაზე, როგორ გახდეს ეს ქვეყანა არაოკუპანტი და არასაფრთხისშემცველი საქართველოსთვის. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრეტენზია, რასაც მე მიყენებენ, არის ის, რომ ბურჯანაძე ამბობს, რუსეთს დაველაპარაკოთო და რაზე უნდა ველაპარაკოთ რუსეთსო?! ეს იმდენად დაბალი დონის გამოხატულებაა, რომ, უბრალოდ, ამაზე ელჩებს ეცინებათ. ყველაზე მეტად სწორედ მაშინ უნდა ელაპარაკო, როცა პრობლემა გაქვს. ესტონეთის პრეზიდენტმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ლაპარაკი ძალიან რთულია, ბევრი პრობლემა და ხშირ შემთხვევაში დაპირისპირება გვაქვს ჩვენც და თქვენც, თქვენთვის ეს განსაკუთრებულად მტკივნეულია, ლაპარაკის გარეშე არც ერთი პრობლემა არ მოგვარდებაო. ესტონეთის პრეზიდენტიც პრორუსულია?! პომპეომ რომ ჩააკითხა პუტინს სოჭში და ელაპარაკება, მანაც პრორუსული პოზიცია დაიკავა? ეს არის კლიშე, რომელსაც ჩვენი პარტიის წინააღმდეგ იყენებენ. ყველგან შეგნებულად ამბობენ, რომ ბურჯანაძე ნატოსა და ევროკავშირის წინააღმდეგია, რაც ასევე დიდი ტყუილია. ევროკავშირში დღესვე რომ მიგვიღონ, ორივე ხელით მივესალმები, მთელი ჩემი პარტია დროშებით გამოვალთ ქუჩაში. ახლახან საფრანგეთის ელჩმა ფრანგ პარლამენტარებთან მოაწყო შეხვედრა, სადაც რამდენიმე ოპოზიციური პარტიია ვიყავით მიწვეული, მე გახლდით ერთადერთი ე. წ. პრორუსული და ჩემი თანდასწრებით, ერთ-ერთმა ოპოზიციურმა ლიდერმა, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ პრორუსული არ ვარ, ურცხვად უთხრა ფრანგ დეპუტატებს, რომ არის პარტია, რომელსაც ნატო და ევროკავშირი არ უნდა. მე ძალიან არ მინდოდა, პირადი კინკლაობა დაწყებულიყო, ფრანგულად მიდიოდა საუბარი, ბოდიშის მოხდით თარჯიმანს შევაწყვეტინე და ფრანგ დეპუტატებს ავუხსენი, რომ ეს არ არის სწორი ინფორმაცია. მე ვამბობ, რომ დღეს საქართველოსათვის ნატოში შესვლა არ არის ხელსაყრელი, თუმცა ეს არ ნიშნავს თანამშრომლობის გაწყვეტას, ევროკავშირთან კი მე და ჩემი პარტია დღესვე მზად ვართ მაქსიმალურად ურთიერთობების გაღრმავებისა და ევროკავშირში შესვლისთვისაც კი. როცა ჩემი და იგივე გუბაზ სანიკიძის თანდასწრებით ასე ურცხვად იტყუებიან, ძნელია ახალგაზრდებამდე სწორად მიიტანო სათქმელი, რომ ჩემი „პრორუსულობა“ ისაა, როცა ვამბობ, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვაწარმოოთ პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. რაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვინდა ევროკავშირი. წინა ათწეულებისგან განსხვავებით ინფორმაციის მიღების ბევრი საშუალებაა, მე მინდა ახალგაზრდებს ვთხოვო, რომ უფრო მეტი წაიკითხონ უფრო მეტი ნახონ, შეიძლება კრიტიკული დარჩნენ ჩვენ მიმართ, მაგრამ, მინიმუმ, ისინი ინფორმირებულები იქნებიან. ახლა უმეტესობა კრიტიკულია ჩვენ მიმართ იმიტომ, რომ კლიშე აქვთ თავში, თავად ამის ანალიზს არ აკეთებენ. ფოტოაპარატი სურათის გადაღებისას, რომ ანათებს, დაახლოებით, ამ ტიპის ინფორმაციას აწვდიან დღეს ხალხს, _ კვესიტაძემ თქვა, ბურჯანაძე ამბობს, რუსეთი ოკუპანტი არ არისო და ვიღაცამ ეს უპრობლემოდ მიიღო. შემდეგ სწორედ ეს არის ადამიანების დაზომბირების მარტივი გზა. დღეს არავის ეპარება ეჭვი, რომ საშუალო ფენა შეგნებულად არ ძლიერდება, მათ შორის, საქართველოში. ადამიანი, რომელსაც უჭირს და სახლში მშიერი შვილი ელოდება, ძნელია გამოიყვანო და დააფიქრო, რომელ პოლიტიკურ პარტიას რა პლატფორმა აქვს. არ მინდა, რომ ჩემი ახალგაზრდები იყვნენ კლიშეების ქვეშ. მჯერა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა მართლა გულწრფელია, როდესაც გადის და ყვირის: რუსეთი ოკუპანტია! უბრალოდ, მათ მინდა ვკითხო, ამ ყვირილით რამე უკეთესობისკენ შეიცვალა? 10 წელია, ჩვენ ამას ვყვირით და მხოლოდ უარესობისკენ წავიდა საქმე. მართალია, ახალგაზრდებს უფრო ემოცია სჭარბობს და ნაკლები გამოცდილება აქვთ, მაგრამ ელემენტარულია, როცა ავად გახდები და ერთი წამალი არ გიშველის, მეორის გამოყენებას ცდილობ. ასეა პოლიტიკაშიც, ეს გზა 30 წელია, ერთი მიმართულებით მიდის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემა უფრო და უფრო ჩიხში შედის, ე. ი. რაღაც სხვა უნდა ეძებო. როცა პარტია, პოლიტიკოსი ან ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ პროდასავლელი და ევროპელია, მათი აზრით, ისინი ვისაც უჭერენ მხარს, ის არის ჯანსაღი ძალა და ქვეყნის პატრიოტი, ვინც მხარს უჭერს ე. წ. პრორუსს, ის არის მოღალატე და არაჯანსაღი ძალა. მინდა, ახალგაზრდებს ვკითხო, ეს არაფერს გახსენებთ? მაგალითად, ბოლშევიკების ლოზუნგს, _ ვინც ჩვენთან არაა, ჩვენი მტერია. არასდროს არც ერთ პოლიტიკურ ძალაზე მითქვამს, რომ ის არის საქართველოს მტერი, რადგან მიაჩნია, რომ საქართველო ნატოში უნდა შევიდეს. უბრალოდ, მე ვამბობ: ისინი ცდებიან. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, ჩემი პარტია და ჩვენ ვართ გაცილებით უფრო პროდასავლურები, პროევროპელები, გაცილებით უფრო დემოკრატულები, ვიდრე ის პარტიები, რომლებიც ამოფარებულები არიან ევროპისა და ამერიკის პროდასავლურობას. მაგ პარტიების პროდასავლურობაც ვნახეთ და ციხეში ჩაყრილი პოლიტპატიმრები და ა. შ.
_ ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, რასაც ამბობთ, მაგრამ როგორ აპირებთ ამ ყველაფრის ამომრჩევლამდე მიტანას?
_ პირველ რიგში, თქვენნაირი ობიექტური ჟურნალისტების მეშვეობით და ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვებისთვის. ვცდილობ, რომ მაქსიმალურად მეტი კონტაქტი მქონდეს ჟურნალისტებთან, ასევე ვცდილობთ, ჩვენი პოზიციები სოციალურ ქსელებში გავავრცელოთ და რაც შეიძლება, მეტმა ადამიანმა მოისმინოს ჩვენი არგუმენტები. გულწრფელად გეტყვით, რომ ეს ბოლომდე საკმარისი არ არის, ეს ძალიან კარგად მესმის. ჩვენ დავიწყეთ ჩვენი აქტივის ხელახალი მობილიზაცია, ჩვენს ყრილობაზე კიდევ ერთხელ გავახმოვანებთ ჩვენს ხედვებსა და პოზიციებს. შემდეგ დავიწყებთ არჩევნებისთვის მზადებას. ნამდვილად ვაპირებ, მთელი საქართველო მოვიარო. სადაც მე ვერ ჩავალ, იქ ჩემი პარტიის სხვა ლიდერები ჩავლენ, რომ ადამიანებს დაველაპრაკოთ და ჩვენი პოზიციები ავუხსნათ. ჩვენ არ ვაპირებთ ადამიანების დაყოფას პროდასავლელებად, პრორუსებად, ბიძინისტებად, მიშისტებად თუ ზვიადისტებად და ა. შ., ჩვენთვის საქართველოს ყველა მოქალაქე ფასეულია და ყველას დაველაპრაკებით, ვისაც მოსმენის სურვილი ექნება. მოსმენის კულტურა ნიშნავს, მოუსმინო იმას, ვისაც არ ეთანხმები. დიდი ჰუმანისტის, ვოლტერის სიტყვებია: მე არ გეთანხმები, მაგრამ სიცოცხლეს გავწირავ, რომ შენ გქონდეს საშუალება, ჩემი აზრისგან განსხვავებული აზრი გამოხატო. ეს არის დემოკრატია, როდესაც შენ ქვას ან კვერცხს არ მესვრი და მოღალატეს კი არ მიწოდებ იმიტომ, რომ რაც არ მოგწონს, იმას ვამბობ. შენ მისმენ, შენი არგუმენტებით მეკამათები და ვცდილობთ, ამ კამათში რაიმე სასიკეთო აღმოჩნდეს საქართველოსთვის და თუ ვერ შევთანხმდებით, ჩვეულებრივად ვშორდებით. მე შევეცდები, ყველას დაველაპარაკო.

ნენე ინჯგია