არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მძიმე დანაშაულებთან დაკავშირებით

10681522_10204010916968652_2132787904_n

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), კონსტიტუციის 42-ე მუხლი და სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) განცხადებას ავრცელებს უკანასკნელ პერიოდში მომხდარ მძიმე დანაშაულებთან დაკავშირებით: „ბოლოდროინდელი მკვლელობებისა და დანაშაულების შესახებ მედიით გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. იქმნება საფუძვლიანი შთაბეჭდილება, რომ მძიმე დანაშაულების რიცხვი გასულ პერიოდთან შედარებით გაზრდილია. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი მედიისა და საზოგადოების შეკითხვებზე მომატებული კრიმინალის შემთხვევების შესახებ ხშირად არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივია. ობიექტური რეალობის ასახვისა და მდგომარეობის სათანადოდ შესაფასებლად კი, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, აქვს თუ არა სახელმწიფოს დანაშაულთან ბრძოლისა და მისი პრევენციის სტრატეგია და რა მეთოდებით წარმოებს დანაშაულის სტატისტიკის გამოანგარიშება. მიგვაჩნია, რომ ამ ვითარებაში შესაბამისი საგამოძიებო უწყებები, განსაკუთრებით კი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ზოგადი პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად, უნდა უზრუნველყოფდნენ საზოგადოების ინფორმირებას იმის თაობაზე, თუ რა კეთდება ამ საქმეების დროული გამოძიებისა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემისათვის. ამასთანავე, უნდა გადაიხედოს დანაშაულთან ბრძოლისა და პრევენციის მეთოდები და ამ მიმართულებით ჩამოყალიბდეს სახელმწიფო პოლიტიკა და სტრატეგია. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის ორგანოებს: სისტემატურად და უფრო ხშირად გამოაქვეყნოს დანაშაულის შესახებ სრულყოფილი სტატისტიკა, რაც შესაძლებელს გახდის კრიმინოგენული მდგომარეობის ობიექტურ ანალიზს; უზრუნველყოს დანაშაულის სტატისტიკის მეთოდოლოგიის ხელმისაწვდომობა მედიისა და საზოგადოებისათვის; შეიმუშაოს დანაშაულთან ბრძოლისა და პრევენციის ეფექტური პოლიტიკა; რეციდივიზმთან ეფექტურად ბრძოლის მიზნით, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს პატიმართა რეაბილიტაცია/რესოციალიზაციის პროგრამებს; ვადაზე ადრე გათავისუფლებისას შესაბამისმა ორგანოებმა ზედმიწევნით შეისწავლონ ყოველი პატიმრის საქმე, პოლიტიკოსებმა კი რეკომენდაციების გაცემისას გაითვალისწინონ ის პასუხისმგებლობა, რასაც ისინი საზოგადოების წინაშე იღებენ.” – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.