1920 წლის ოქტომბერი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ (2018წ.) ##3-27;29-39; (2019წ.) #2-6;8-15.

ოსმალთა შეტევა სომხეთზე

1920 წლის სექტემბრის მიწურულს უკიდურესად დაიძაბა ვითარება სომხეთსა და ოსმალეთს შორის. გაზეთი „საქართველო“ 5 ოქტომბრის ნომერში სომხეთის ჯარების მთავარსარდლის შტაბის ოპერატიულ ცნობებს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ 28 სექტემბრის ღამეს ოსმალთა არმიამ რესპუბლიკის საზღვრები გადალახა და შეტევა დაიწყო სარიყამიშის მიმართულებით. ამავე დროს, ოსმალთა არმიის მეორე ნაწილი სომხეთს ბარდისისა და ყარაყურუმის მხრიდანაც დაესხა თავს. სომეხთა მთავარი შტაბის ცნობით, საბრძოლო მოქმედებებში, სულ მცირე, ოსმალთა ორი დივიზია იყო ჩართული. 29 სექტემბერს თურქებმა სომეხთა წინააღმდეგობა გატეხეს და სარიყამიშის დაკავება მოახერხეს.
სომხეთის მთელ ტერიტორიაზე სამხედრო წესები შემოიღეს. დაიწყო მობილიზაცია. ფრონტზე იწვევდნენ 35 წლამდე ასაკის ყველა სამხედრო ვალდებულ მოქალაქეს. გამოიცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც დეზერტირობა სიკვდილით ისჯებოდა.
მოხალისეთა მობილიზაცია გამოცხადდა საქართველოში მცხოვრებ სომეხ მოქალაქეთა შორისაც. გაზეთი „საქართველო“ 7 ოქტომბრის ნომერში მკითხველებს სომხების მიერ თბილისში გამართულ საპროტესტო მანიფესტაციაზე მოუთხრობს. 6 ოქტომბრის დილას დაიხურა სომეხთა ყველა მაღაზია და სავაჭრო დაწესებულება. თბილისელი სომხები ვანქის ტაძარში შეიკრიბნენ, საიდანაც მანიფესტაცია დამფუძნებელი კრების შენობისკენ გაემართა. 1 საათზე მეფისნაცვლის ყოფილი სასახლის წინ სომეხთა მიტინგი ჩატარდა, სადაც ოსმალთა თავდასხმა დაგმეს. სომეხ გამომსვლელებთან ერთად მიტინგზე სომხეთის მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდა დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე, ამხანაგი ალექსანდრე ლომთათიძე. ამის შემდეგ სომხეთა დემონსტრაციამ უცხოური მისიებისკენ გადაინაცვლა.
ცხადი იყო, რომ სომხეთზე თავდასხმა საქართველოსთვისაც უდიდეს საფრთხეს შეიცავდა. თუ ოსმალეთი სომხეთის ოკუპაციას მოახერხებდა, ამიერკავკასიაში ერთადერთი დამოუკიდებელი ქვეყანა მხოლოდ საქართველო დარჩებოდა. ასეთ ვითარებაში საქართველოს დაპყრობა ოსმალეთის ან რუსეთის მხრიდან უბრალოდ დროის ამბავი იყო. ამ თემას გაზეთმა “საქართველომ” 2 ოქტომბრის ნომერში საკმაოდ ვრცელი წერილი მიუძღვნა, სადაც საქართველო-სომხეთის სამხედრო კავშირის შექმნაზე და ოსმალეთის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაზე იყო საუბარი: „დამოუკიდებელი სომხეთი, თუკი მის ხალხსა და მთავრობას გულწრფელად სწამს თავისი თავისუფლება და მისი დაცვა უწმინდეს მოვალეობად მიაჩნიათ, ქართველ ხალხში მეგობარს იხილავს. საერთო საფრთხე უკარნახებს საქართველოს და სომხეთს, სახელმწიფო ენერგიის უკიდურესი დაჭიმვით შეინარჩუნონ ესოდენ ბრძოლით და საუკეთესო შვილთა მსხვერპლშეწირვით მოპოვებული ეროვნული თავისუფლება. ჩვენ უნდა შევქმნათ სამხედრო კავშირი, რომ უფრო ძლიერად წინაღუდგეთ ვერაგ მტრებს.
სომხეთის შემუსვრით არ დაკმაყოფილდებიან ოსმალეთ-რუსეთის იმპერიალისტები, _ ისინი არც ჩვენს სამშობლოს დაინდობენ… ამიტომ საქართველოსა და სომხეთის სამხედრო კავშირი პოლიტიკურ დღის წესრიგში უნდა დაისვას“.

ავიაცია

საქართველოში იტალიური სამხედრო საფრენი აპარატები ჩამოიტანეს. 13 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ დაბეჭდილი ინფორმაციის მიხედვით, ლეიტენანტმა ციციშვილმა და მფრინავმა მოროზოვმა ახალი ჰაეროპლანები 9 ოქტომბერს გამოცადეს. ნავთლუღის საავიაციო პოლიგონზე გამართული საცდელი ფრენებისას პილოტებმა დიდი სიჩქარე განავითარეს და თვითმფრინავების ტექნიკური მახასიათებლებით კმაყოფილი დარჩნენ.
26 ოქტომბერს ახალი ჰაეროპლანების შესახებ გაზეთი „საქართველო“ დამატებით ცნობას ბეჭდავს, საიდანაც ირკვევა, რომ ამჯერად უკვე თვითმფრინავების გამოცდა დიდ მანძილზე იგეგმებოდა: „სამხედრო მინისტრის, ამხანაგი ოდიშელიძის ნებართვით, მოეწყობა ტფილისიდან ბათომში გადაფრენა ახლად ჩამოტანილ ჰაეროპლანების ღირსების შესამოწმებლად. ფრენა მოხდება ასეთი მარშრუტით: ტფილის-ქუთაის-ბათომი. მფრინავის გამოანგარიშებით აპარატების ესკადრილია ტფილისიდან გაფრენის შემდეგ ქუთაისში გამოჩნდება 40-50 წუთის შემდეგ.
აპარატები ქუთაისს გარს შემოუვლიან და შემდეგ ბათომისაკენ გაფრინდებიან. ბათომამდი გადაფრენას 1 ნახევარ საათს მოუნდება. მფრინავები თან წაიღებენ ტფილისიდან ბათომში გასაგზავნ ფოსტას“.
მომდევნო ნომერში გაზეთი ავიაციის შესახებ კიდევ ერთ საინტერესო ცნობას ბეჭდავს: ავიატორმა ქებურიამ იტალიიდან ჩამოყვანილი თვითმფრინავების ტექნიკური გაუმჯობესების მეთოდი შეიმუშავა და ამ მეთოდის დასაპატენტებლად ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ საპატენტო ბიუროს მიმართა. გაზეთი არ აკონკრეტებს, თუ კერძოდ რა გამოგონებაზეა საუბარი, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ ქართული ავიაციის განვითარების მიზნით, ქებურია გამოგონებიდან მიღებულ მთელ შემოსავალს მთავრობას გადასცემდა.

შეიარაღებული ძალები

საქართველოს რეგულარულ არმიასა და სახალხო გვარდიაში კვლავ მწვავედ იდგა სახაზინო ქონების ქურდობისა და დეზერტირობის საკითხი. 24 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ ვკითხულობთ, რომ დეზერტირობის წინააღმდეგ საბრძოლველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამაზრო მილიციის უფროსებს სპეციალური ცირკულარი გაუგზავნა. ცირკულარში ნათქვამი იყო, რომ სახალხო გვარდიის შტაბმა დაგეგმა მთელი რიგი ღონისძიებები დეზერტირობის აღმოსაფხვრელად და სამაზრო მილიციის ორგანოებს ამ საქმეში ქმედით დახმარებას სთხოვდა.
ჯარისკაცთა მიერ სამხედრო ნაწილის კუთვნილი ნივთებისა და პროდუქტების ქურდობის შემთხვევაა აღწერილი გაზეთ „საქართველოს“ 6 ოქტომბრის ნომერში. ერთ-ერთი საარმიო ქვედანაყოფის მეთაურმა მაიორმა ლექვინიძემ შეიტყო, რომ შვებულებაში დათხოვნის წინ, ჯარისკაცთა გარკვეულმა ნაწილმა, მოიპარა და სახლში მიჰქონდა სამხედრო ქონება. მაიორმა ჯარისკაცები გაამწკრივა და მათ მოპარულის დაბრუნება მოსთხოვა, თუმცა დანაშაული არავინ აღიარა. მაშინ ლექვინაძე ჯარისკაცებისა და მათი პირადი ნივთების ჩხრეკას შეუდგა: „ერთ ჯარის კაცს გაუჩხრიკა ბარგი და მას უპოვა ორი წყვილი ახალი ხაშლები (ბატინკები) და ორი ახალი მაზარა. ჩამოართვა ეს ნივთები და გაარტყა სილა. მეორე ჯარის კაცს, რომელმაც არ დაანება, თავის ახალი ხაშლები გახადა ძალით, ყუთის გაჩხრეკის შემდეგ მასაც უნახა ერთი წყვილი ახალი ხაშლი, ჩამოართვა და სილა მასაც გაარტყა. მეორე ჯარის კაცის ბარგში აღმოაჩინა სახაზინო კარავი და სილა იმასაც გაარტყა. მეოთხეს, ყოფილ მეკუჭნავეს, გამოაჩნდა ერთი ფუთი შაქარი, რომელიც ჩამოართვა, მაგრამ არ უცემია, ვინაიდან ეს უკანასკნელი გამოტყდა და ბოდიში მოიხადა. სულ მაიორმა ლექვინაძემ ჩამოართვა ჯარის კაცებს რვა წყვილი ახალი ხაშლი, ექვსი ცალი ნაბდის მაზარა, კარავი და ერთი ფუთი შაქარი.
ამ ნაირად მაიორმა ლექვინაძემ გამოიჩინა რა ერთის მხრივ დიდი ენერგია და სამსახურებლივი მოვალეობის ზედმიწევნით ასრულების უნარი, რაც გამოისახა დასახელებულ ნივთების ხაზინისადმი დაბრუნებაში, მეორე მხრივ მან ვერ შესძლო მართებული სიმაღლეზე თავის დაჭერა და იმის მაგიერად, რომ ბოროტ მოქმედნი ჯარის კაცები დაეჭირა და პასუხის გებაში მიეცა, მან ისინი ცემა ტყეპით გაისტუმრა სოფლისაკენ…“
როგორც შემდეგ ვკითხულობთ, თავდაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა, რომ მაიორი ლექვინაძე პატიოსანი და პროფესიონალი ოფიცერი იყო, არასოდეს ჰქონია გადაცდენა, უანგაროდ ემსახურებოდა სამშობლოს და ამიტომ ჯარისკაცების ცემისთვის მას მხოლოდ დისციპლინარული სასჯელი დააკისრა. თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, მას ხუთდღიანი პატიმრობა _ ჰაუპტვახტა მიესაჯა. ამასთან, მაიორი გააფრთხილეს, რომ თუ იგი შემდგომში კვლავ ჩაიდენდა ადამიანის ღირსების დამამცირებელ საქციელს, მას სამუდამოდ დაითხოვდნენ შეიარაღებული ძალებიდან. რაც შეეხება ქურდობაში მხილებულ ჯარისკაცებს, მინისტრის ბრძანებით ისინი დააპატიმრეს და პასუხისგებაში მისცეს.

კრიმინალური ქრონიკა

უცნაური შემთხვევა მოხდა შინდისის თემის სოფელ ქვემო ხვითში. მოქალაქე გიორგი ლაცაბიძეს, თანასოფლელის _ გიორგი მეგრელიშვილის გოგო შეუყვარდა და გადაწყვიტა, ოჯახი შეექმნა. თუმცა გიორგი მეგრელიშვილს სასიძო არ მოეწონა და იგი უარით გაისტუმრა. ამაზე გაბრაზებულმა ლაცაბიძემ შეკრიბა 15 ამხანაგი და ქალის გატაცების მიზნით, ღამით მეგრელიშვილს სახლში მიუვარდა. ატყდა ჩხუბი და სროლა. ლაცაბიძემ სასიმამროს თოფი ესროლა და თავში დაჭრა. დაიჭრა აგრეთვე გოგოს ძმაც. ქალი გაიტაცეს, მაგრამ მდევარი გამტაცებლებს მალე დაეწია და დააკავეს. როგორც გაზეთი იტყობინება, დაჭრილები ცოცხლები გადარჩნენ და მათ შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.
თბილისში ქურდებმა გაძარცვეს მოქალაქე ჭიჭიკო წულუკიძის სახლი. როგორც წულუკიძემ მილიციას განუცხადა, ძარცვის დროს სახლში მხოლოდ მისი მეუღლე, ლუბა იმყოფებოდა. მძარცველმა ისარგებლა იმით, რომ ქალი სამზარეულოში საქმიანობდა, ჩუმად შევიდა მეორე ოთახში და იქიდან ოჯახის მთელი ოქროულობა წაიღო. ქურდებმა გაიტაცეს: ქალის ოქროს საათი სამაჯურით; ლალებითა და ზურმუხტებით გაწყობილი ყელსაბამი; 19 ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი; ოქროს ჯაჭვი და სხვა ძვირფასი ნივთები. სულ მილიონ 300 ათასი მანეთის ღირებულების. მილიციამ ეჭვის საფუძველზე დააკავა მეზობლად მცხოვრები მექუდე.
გაზეთ „საქართველოს“ 1920 წლის ოქტომბრის ნომრებში რამდენიმე ცნობაა დაბეჭდილი ყალბი ფულის მჭრელების დაკავების შესახებ. პირველი ინფორმაცია 20 ოქტომბრის ნომერში გვხვდება, სადაც ვკითხულობთ, რომ საგანგებო რაზმმა ყალბი ბონების დამზადებისთვის 5 მოქალაქე შეიპყრო.
ამავე ნომრიდან ვიგებთ, რომ საგანგებო რაზმის უფროსმა კედიამ სამოსამართლოს ქუჩაზე ფულის საჭრელი მთელი მოწყობილობა აღმოაჩინა, სადაც ყალბ ათას მანეთიანებს ბეჭდავდნენ. დააპატიმრეს ლიტოგრაფი ვინმე მიხეილ შვანი. ამ შემთხვევის შესახებ გაზეთი „საქართველო“ 21 ოქტომბერს უფრო დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის: „განსაკუთრებული რაზმის უფროსმა კედიამ მიიღო ცნობა, რომ მზადდება წინასწარ ლიტოგრაფიული ქვა ყალბი ფულების საბეჭდავი სტამბისათვის. ამ ცნობის შემდეგ წავიდა თანხლებით თანაშემწის ჩიკვაიძისა და სხვა მოხელეთა და აღმოჩენილი ას თუმნიანი გამზადებული ქვისა, ვინმე შვანი მთელი ორგანიზაციით იქნა დაპატიმრებული და გაგზავნილი საპყრობილეში. საქმე გადაეცა სასამართლოს“.

ბრძოლა შავ ჭირთან

როგორც გაზეთებში დაბეჭდილი მასალებიდან ირკვევა, 1920 წლის ოქტომბერში საქართველოში სულ უფრო ძლიერდებოდა შავი ჭირი. გაზეთში არ არის მოყვანილი დაავადების სტატისტიკური მონაცემები, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ სასიკვდილო სენი მთელ ქვეყანას ემუქრებოდა და ვითარება საკმაოდ სერიოზული გახლდათ.
6 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ მოყვანილია ქალაქთა კავშირის კომიტეტის დადგენილება, რომლის მიხედვითაც სამტრედიის, ხონის, სენაკის, ზუგდიდის, ფოთის, ბათუმისა და ხაშურის თვითმმართველ ორგანოებს დაევალათ შავ ჭირთან საბრძოლველად საჭირო ხარჯთაღრიცხვის შედგენა. ეს ხარჯთაღრიცხვა აუცილებელი იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო თანხის გამოსაყოფად, რომელიც მედიკამენტების შეძენასა და ადგილებზე ექიმების მივლინებას მოხმარდებოდა.
24 ოქტომბერს გაზეთი „საქართველო“ თავის მკითხველებს შავი ჭირის საწინააღმდეგო ზომების შემუშავებასთან დაკავშირებული თათბირის შესახებ მოუთხრობს, რომელიც ჯანმრთელობის დეპარტამენტში გაიმართა. ამ თათბირს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ: „საკითხის დაწვრილებითი განხილვის შემდგომ მიღებულ იქნა შემდეგი დადგენილებანი: 1) ეცნობოს მცხოვრებთ პრესის ფურცლებისა და სხვათა საშვალებით თუ როგორი საფრთხე მოელის მათ შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელებისაგან, 2) დაევალოს სახლის და სასტუმროს პატრონთ აცნობონ ტფილისის სანიტარულ ბიუროს შავი ჭირით ავად გახდომის ყველა შემთხვევა. ასეთივე დავალება ეძლევა ყველა ექიმს, რომლებიც თბილისში მუშაობენ, 3) ბათომიდან ღამით ჩამოსული ვაგონები უნდა გადმოიტვირთოს დღით, ამასთანავე უნდა თვალყური ედევნოს, რომ სადგურის მიდამოებში არ გაჩნდნენ ვირთხები, 4) ტფილისის საწყობებში არსებული საქონელი უნდა ელაგოს იატაკიდან და კედლიდან, ერთი ადლის დაშორებით, 5) უნდა იქნეს მიღებული ზომები ვირთხების მოსაწამლავად, ამასთანავე ხვრელები მაზუთით და კირით უნდა გაიწმინდოს, 6) ქალაქი უნდა გასუფთავდეს ნაგავისაგან, 7) შავი ჭირით ავად გამხდარი უნდა მოათავსონ ქალაქის საავადმყოფოში. აღნიშნულ დადგენილებათა ცხოვრებაში გატარება სანიტარულ ორგანიზაციას ენდობა“.

ინფლაცია

1920 წლის 6 ოქტომბერს გაზეთი „საქართველო“ აქვეყნებს დიდ სტატიას, რომელიც საქართველოში ეროვნული ვალუტის _ ქართული ბონის გაუფასურებას ეხება. სტატიაში გადმოცემულია, რომ ბონებს მოსახლეობა არ ენდობა და იგი უფრო უბრალო ქაღალდს წარმოადგენდა, ვიდრე ფულის ერთეულს, რომლითაც საქონლის ყიდვა შეიძლებოდა.
რუსეთის სამოქალაქო ომისა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ქართული ფულის გაუფასურება არც იყო გასაკვირი. საყოველთაო ქაოსისა და ნგრევის პირობებში, ეკონომიკური კრიზისი არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ევროპის წამყვან სახელმწიფოებშიც თვალში საცემი გახდა. საქართველოში კი, რომლის დამოუკიდებელობა სულ ორ წელიწადს ითვლიდა, ეკონომიკური სისტემა მხოლოდ ჩანასახის მდგომარეობაში იმყოფებოდა: „ფულის ღირებულების დაცემა იმ ზომამდე მივიდა, რომ ქართულ ფულს (ბონებს), რომელიც უზრუნველ ყოფილი უნდა იყოს სახელმწიფო ბუნებრივი სიმდიდრით და მისი ბიუჯეტით, დიდი უმრავლესობა რესპუბლიკის მოქალაქეთა ჩენჩის მზგავს ნივთიერებათ სთვლის. 50 კაპეიკს, მანეთის და სამი მანეთის საღირალის აღებ-მიცემობა მოისპო და ამ ბონების ბრუნვა ხალხისათვის საინტერესო აღარ არის, აღარც თვით ბონები არის მსვლელობაში, ისინი დაცვდა, დაიხა, გაქრა.
დღეს 5 მანეთიან ბონს თუ აქვს გასავალი აღებ-მიცემობაში, მაგრამ ცხადია იმასაც მოკლე ხანში დაეკარგება ფასი და გაცვეთილს და უმნიშვნელოს ხალხი სანაგვე კალათაში მოათავსებს. ასეთივე დღე მოელის 10 მანეთიანს და 50 მანეთიან ბონებსაც და ჯერი მიდგება 100 მანეთიანზე.
ასეთი ბედი ეწია ქართულ ფულს არსებული პოლიტიკური და ფინანსიური წრეების მეოხებით. ხალხს ქაღალდის ფული იმდენად ეზიზღება, რომ მას დაუზოგავად ეპყრობა: სრესავს, სთელავს, ჰხევს, ჭმუჭნის, ხელით არ ჰკეცავს, არ ასწორებს, არ უწყობს ხელს მის სათუთად დაცვას. გაივლით რომელიმე ბაზარზე, ან შეხვალთ სავაჭროში და დაინახავთ, რომ ფული დაჭმუჭნული ყრია ქუდში, ფიცარზე, კოლოფში და ჯიბეშიც. ტრამვაის მოხელეთ ხომ სულ არაფრად აღარ მიაჩნიათ. რაც მათ ხელში ფული გაივლის, სულ ერთბაშად ცვდება, იხევა, ხელიდან ხელში გადადის დაჭმუჭნული“.

სვეტიცხოვლობა

1920 წლის 14 ოქტომბერს საქართველოში სვეტიცხოვლობა აღნიშნეს. დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველებისთვის თბილისიდან მცხეთის მიმართულებით რამდენიმე საგანგებო მატარებელი დაინიშნა. მცხეთაში ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოვიდა. სვეტიცხოველის ეზო და გალავნის მიმდებარე ტერიტორია, ჯერ კიდევ, 13 ოქტომბერს აივსო მლოცველებით.
დილის 9 საათზე მცხეთის რკინიგზის სადგურზე თბილისიდან მატარებლით ჩამოვიდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე. მას სადგურზე უამრავი ხალხი დახვდა. მის უწმინდესობას სიტყვით მიმართა საოლქო საბჭოს თავმჯდომარე დეკანოზმა მირინაშვილმა. შემდეგ კათოლიკოსი სვეტიცხოვლის ტაძრისკენ გაემართა.
გაზეთი საქართველო. 1920 წლის 16 ოქტომბერი: „სვეტიცხოვლის ტაძარი და გალავანი ამ დროს სავსე იყო ხალხით. კარის ბჭეში ჯვრითა და აიაზმით შეეგება მათ უწმინდესობას წინამძღვარი ტაძრისა უხუცესი დეკანოზი ხუხუტაშვილი და მიმართა მხურვალე სიტყვით, რომელშიაც გაუთვალისწინა მათ უწმინდესობას ასეთ წმინდათა წმინდა სავანის დღევანდელი უნუგეშო მდგომარეობა. დეკანოზმა აღნიშნა, უკუღმართ ჟამთა სრბოლამ ვერა დააკლო ამ შესანიშნავ ძეგლს, ხოლო დღეს კი, საქართველოს განთავისუფლების დროს ეს სიამაყე საქართველოისა ლამის თავზე დაგვენგრესო.
შემდგომ ამისა დაიწყო სადღესასწაულო წირვა. მწირველი ბრძანდებოდა კათალიკოსი, დეკანოზი ცინცაძის, დეკანოზი ტყემალაძის და სოფლიდან ჩამოსულ სამღვდელოების თანამწირველობით. წირვაზე ძველ ქართულ საეკლესიო კილოზე გალობდნენ გუნდი ხუხუტეიშვილისა და დავითაშვილის მონაწილეობით. წირვაზე კათალიკოსის მიერ დაჯილდოებულ იქმნა ენქერით დეკანოზი კონტრიძე.
წირვის შემდეგ კათალიკოსმა შემოსილ სამღვდელოების და მლოცველთა თანხლებით ლიტანიით შემოუარა ტაძარს სამგზის და შემდეგ აზღვავებულ ხალხს მეტად მხურვალე პატრიოტულ ძველ ქართულ გზნებით აღსავსე სიტყვით მიჰმართა. წირვის შემდეგ მათი უწმინდესობა წაბრძანდა მცხეთის სამთავრო დედათა მონასტერში, საცა მათ შეეგებენ დანი მონასტრისა იღუმენია ნინოს მეთაურობით. კათალიკოსმა დაათვალიერა მონასტერი და შემდეგ მოწვეულ იქმნა მცირე ტრაპეზზე“.

მოკლე ამბები

როგორც ჩანს, იმ დროის საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული მოქალაქეების მიერ ანონიმური წერილების წერა. ეს იმდენად ხშირად ხდებოდა, რომ იუსტიციის სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა, სპეციალური განცხადება დაებეჭდა, რომელსაც გაზეთი „საქართველო“ 1920 წლის პირველ ოქტომბერს აქვეყნებს: „იუსტიციის სამინისტროში ხშირად შემოდის სხვა და სხვა უსახელო (ხელმოუწრელი) განცხადებები, საჩივრები და სხვა. სამინისტრო აცხადებს, რომ ყველა ასეთი ქაღალდი მის მიერ განუხილველად იქნება დატოვებული. თუ დაინტერესებულთ პირთ არა სურთ, რომ მათი ვინაობა იყოს გაჟღავნებული და ვისგანმე გაგებული, სამინისტრო აძლევთ მათ ამის სრულ გარანტიას“.
7 ოქტომბრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ ზომისა და წონის პალატამ, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს, საქართველოში მეტრული სისტემის შემოღების შესახებ მომზადებული პროექტი წარუდგინა. პროექტში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ევროპასთან და ამიტომ ურთიერთობის გასაადვილებლად ქვეყანა ევროპულ სისტემაზე უნდა გადასულიყო. მეტრული სისტემის ცხოვრებაში დასანერგად ზომისა და წონის პალატა საჭიროდ მიიჩნევდა შემდეგი ღონისძიებების გატარებას: „1. მიაწოდოს საზომის და სასწორის მეპატრონეთ მეტრული სახის გირები 2. გამოცეს საგანგებო გარდამავალი კანონები, რათა რეფორმა უმტკივნეულოდ გატარდეს. 3 მოხდეს ხალხში აგიტაცია ახალი სისტემის შემოსაღებად“. პალატის რეკომენდაციით, რუსულის საზომი ერთეულების ნაცვლად საქართველოში მეტრული სისტემა 1921 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. მისი სრული დანერგვა კი 1923 წლამდე იგეგმებოდა.
14 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ ნომერში ქვეყნდება მოკლე მიმოხილვა, რომელიც ქართველი მეცნიერების მუშაობას ეხება. როგორც ამ ცნობიდან ვიგებთ, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ინიციატივით, 1920 წლის ზაფხულში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ჩუბინაშვილმა ქართლ-კახეთში სამეცნიერო ექსკურსია მოაწყო. პროფესორმა აკაკი შანიძემ კი, ამავე პერიოდში, სვანური ენის გამოკვლევის მიზნით, სვანეთი შემოიარა. აქვე გაზეთი იუწყება, რომ ექვთიმე თაყაიშვილმა საეთნოგრაფიო მასალის შესაგროვებლად იმერეთსა და რაჭაში იმოგზაურა. მეცნიერმა სერგი გორგაძემ კი ზემო ქართლი და ზემო იმერეთი მოიარა, სადაც ქართლურ და იმერულ კილოკავებს იკვლევდა. არქიტექტურული და მხატვრული ნაშთების შესასწავლად საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ზემო იმერეთში სტუდენტი შალვა ამირანაშვილი მიავლინა.
15 ოქტომბერს გაიხსნა დამფუძნებელი კრების საშემოდგომო სესია, თუმცა ხალხის რჩეულებმა მუშაობის განახლება ვერ შეძლეს. როგორც ირკვევა, მეფისნაცვლის ყოფილ სასახლეში, სადაც დამფუძნებელი კრების სხდომები იმართებოდა, ზაფხულში სარემონტო სამუშაოები დაიწყო, რომლის დასრულებაც სესიის გახსნამდე ვერ მოესწრო. ამის გამო დამფუძნებელმა კრებამ სესიის გადადების დადგენილება მიიღო. გადაწყდა, რომ საკანონმდებლო მუშაობა შენობის შეკეთების შემდეგ განახლდებოდა.
1920 წლის 29 ოქტომბერს გაზეთი „საქართველო“ აქვეყნებს მთავრობის დადგენილებას, რომელიც საქართველოში საყოველთაო აღწერის ჩატარებას ეხება. ამასთან დაკავშირებით, 27 ოქტომბერს ცენტრალური სტატისტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც გელეიშვილი თავმჯდომარეობდა. რას ისახავდა მიზნად საყოველთაო აღწერა, ამის შესახებ დაწვრილებით არის მოთხრობილი საგაზეთო ცნობაში: „ამ აღწერას არა მარტო დემოგრაფიული მიზანი ექნება, არამედ იგი შეეხება სოციალური ცხოვრების ყოველ მხარეს. აღწერის დროს გამოირკვევა ბინის პირობები, სახლების აღმშენებლობა, ვაჭრობა-მრეწველობა, მუშათა და მოსამსახურეთა შრომის პირობები პროლეტარიატიზაციის პროცესის გამოსარკვევად. უნდა გამოირკვეს აგრეთვე კვალიფიციურ მუშათა რაოდენობა, მათი ორგანიზაცია და პარტიული მიმართულება.
სტატისტიკურმა საბჭომ აღწერის ბარათის ფორმა უკვე შეიმუშავა. ბარათები იქნება პირადი ბინებისა და ეზოების. განზრახულია აღწერა ამა წლის დეკემბრიდანვე დაიწყოს. ცენტრალურმა სტატისტიკურმა კომიტეტმა ამ შემოდგომის მოსავლისა და საერთოდ სასოფლო მეურნეობის გამოსარკვევად მაზრებში უკვე დაგზავნა სპეციალისტი სტატისტიკოსები“.

მიხეილ ბასილაძე