ლაშა ბერეკაშვილი: „გიდები პოლიტიკაზე, სექსსა და რელიგიაზე არ ლაპარაკობენ“

ქუთაისის მიმართ ტურისტების ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. მიუხედავად ბევრი პრობლემისა, შარშანდელთან შედარებით, მათი რაოდენობა 76%-ით გაიზარდა. ქუთაისით დაინტერესებას და მომრავლებულ ტურისტს ქუთაისის აეროპორტის წარმატებულ მუშაობასა და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებს უკავშირებს საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ბერეკაშვილი.

როგორ ხვდება ტურისტულ სეზონს ქუთაისი და იმერეთი? რას აკეთებს და რას ვერ აკეთებს სახელმწიფო პრობლემების გადასაჭრელად?
ამ და სხვა საინტერესო თემებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება საქართველოს
ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი, ტურისტული კომპანიის მფლობელი და სერტიფიცირებული გიდი _ ლაშა ბერეკაშვილი:

_ ლაშა, თქვენთან საუბარი მინდა დავიწყო ცოტა ხნის წინ გამართულ დისკუსიაზე, რომელიც ერთ-ერთ ჯგუფში თქვენი ინიციატივით წამოიწყეთ. „გიდები პოლიტიკაზე, სექსსა და რელიგიაზე არ ლაპარაკობენ“, _ თქვენ იყავით ამ ფრაზის ავტორი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა სოციალურ ქსელში, აზრი ორ ნაწილად გაიყო, ზოგი ამბობდა, არ უნდა ესაუბრონ ამ თემაზე ტურისტებსო, ზოგმა კი პირიქით…
_ გიდების უმრავლესობა, ვინც გიდობას უწევს რუს ტურისტებს ან საერთოდ არ საუბრობს ოკუპაციაზე, ან მათ მოსმენილ ვერსიას მდუმარედ ხვდება. არის ცუდი გამონაკლისებიც, როცა მათ ეთანხმებიან. მაგრამ როდესაც გიდი იწყებს საუბარს ოკუპაციაზე, აუცილებლად მიმართავენ ტურისტულ კომპანიას და ითხოვენ, რომ ის კონკრეტული გიდი აღარ მოემსახუროს სხვა ტურისტებს. კომპანიაც იძულებულია, ისეთი აარჩიოს, ვინც ამ თემას არ შეეხება. არ არსებობს ერთიანი მიდგომა გიდების მხრიდან, როგორ და რა დოზით უნდა ილაპარაკონ ოკუპაციის შესახებ. როდესაც თბილისიდან დასავლეთისკენ მომყავს ტურისტები, ყოველთვის ვაჩერებ წეროვანთან. ტურისტებს ვუყვები, თუ რატომ ცხოვრობენ იქ ადამიანები. ვუყვები ფაქტებს, რა მოხდა და როგორ მოხდა. მეორე ადგილი, სადაც ოკუპაციაზე ვიწყებ საუბარს, არის ენგურის კაშხალი. ვუყვები აფხაზეთსა და რუსეთის როლზე მის დაკარგვაში. ვერ ვიტყვი, რომ კონფლიქტური სიტუაცია შემქმნოდა ამის გამო. მიწოდების ფორმასაც გააჩნია, რას როგორ ეტყვი. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, გიდებს სჭირდებათ გადამზადება და სემინარების ჩატარება, რომ ტურისტებთან ოკუპაციის თემაზე სწორად იმუშაონ. ჩვენი ერთ-ერთი საინფორმაციო ინსტრუმენტი შეიძლება ის გიდები იყვნენ, რომლებიც მათ მასპინძლობას უწევენ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი „იარაღი“ არის საინფორმაციო ომი და ძალიან კარგი საშუალებაა ამისთვის ტურიზმი. როდესაც ამდენი ადამიანი იმ ქვეყნიდან შემოდის შენს ქვეყანაში, რომელიც ოკუპაციას ახორციელებს, მნიშვნელოვანია, სწორი მესიჯები გადაეცეს ამ ხალხს. ამას სჭირდება გადამზადება და მართებული ფორმულირება, ერთ ხმაში საუბარი.
_ ლაშა, ტურისტული სეზონი უკვე დაწყებულია და აქტიურ ფაზაშია შესული, თქვენი შეფასებით რამდენად მზად არის იმერეთის რეგიონი და კონკრეტულად ქუთაისი, უმასპინძლოს ტურისტებს? რამე სიახლე თუ დახვდებათ მათ?
_ წლევანდელი წელი, წინა წლებთან შედარებით, იმით გამოირჩევა, რომ უფრო მეტი ტურისტი შეინიშნება ქალაქში. ეს არის განპირობებული იმით, რომ ქუთაისის აეროპორტს ფრენები დაემატა და არეალი გაიზარდა. სწორედ ამიტომ ქუთაისისა და ქვეყნის ცნობადობა უფრო გაიზარდა გარკვეულ ქვეყნებში. ახლა რომ დავუბრუნდე თქვენს მთავარ შეკითხვას, _ რა სიახლეებით ვხვდებით ტურისტებს? ვერ გეტყვით, რომ რაიმე სიახლე დახვდებათ ტურისტებს, რომლებიც შარშან და შარშანწინ იმყოფებოდნენ ქალაქში, მაგრამ ყოველი ახალი ჩამოსული ტურისტისთვის რაღაცნაირად ჩვენი ქალაქი და მხარეც გამორჩეულია, თავისი ნიშა უკავია საქართველოს ტურისტულ ბაზარზე. განსაკუთრებით გამოვყოფდი ქუთაისს, რადგან ჩვენთან დაბალი ეკონომიკური აქტივობებიდან გამომდინარე, არ არის ქალაქის იერსახე შეცვლილი, ვგულისხმობ „ბეტონის ჯუნგლებს“, რომელიც საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშია. ქუთაისი ამით არის გამორჩეული, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია ძველი ქალაქის დათვალიერება.
ჩვენი ასოციაციის ეგიდით შემუშავებული გვაქვს ქალაქის ტურისტული მარშრუტი, ეს პროცესი შარშან დავიწყეთ და წელს უფრო მეტი ტურისტი ინტერესდება ქუთაისის შიდა ტურისტული მარშრუტით. ბევრი ტურისტული კომპანია იყენებს ასეთ ტერმინს: „ტური ქუთაისში“ და ნახულობენ ბაგრატს, გელათს, სათაფლიას, პრომეთეს მღვიმეს და ა. შ.
ეს, რა თქმა უნდა, არ არის ტური ქუთაისში _ ეს არის ტური იმერეთში! მაგალითისთვის რომ შევადაროთ: თბილისში როცა სთავაზობენ ტურისტს თბილისის ტურს, ტურისტები მცხეთაში არ მიჰყავთ.
ეს არის მხოლოდ ჩვენი, კერძო სექტორის ინიციატივა და ასევე ძალიან გვინდა, რომ ქუთაისში ჩამოყალიბებულ-გამართული ტურისტული მარშრუტი იყოს, რომელიც ყველა განვითარებულ ქალაქშია, ასევე გვინდა, ჩვენი ძალებით ქალაქის ცნობადობა გავზარდოთ. ტურისტების ჭარბი რაოდენობა მოითხოვს მეტ გიდს და მათ გადამზადებას ახალ ტურისტულ მარშრუტებზე. ჩვენ მხოლოდ ქუთაისის განვითარებისთვის არ შემოვიფარგლებით, რადგან გიდებმა და ტურისტულმა სააგენტოებმა გადავწყვიტეთ, „ინფოტურები“ გაგვეკეთებინა, რათა ქუთაისში ჩამოსული ტურისტისთვის შეგვეთავაზებინა ახალი ლოკაციები. ჩავედით ბაღდათის რაიონში, რომელიც ძალიან საინტერესოა თავისი ისტორიული ძეგლებით, ღვინის მარნებით და ა. შ.
აღნიშნულ მარშრუტს ღვინის გზა დავარქვით. ახლახან ვიყავით ტყიბულში და ძალიან გვინდა, ტყიბული ადამიანებს სხვა თვალით დავანახვოთ და იგი არ ასოცირდებოდეს მხოლოდ დანაკარგთან, შახტასთან. გვინდა, რომ ტყიბული ვაქციოთ ტურისტულ ოაზისად თავისი ცხრაჯვარით, დაკიდებული ბილიკებით, რომელიც შეკეთებას საჭიროებს… ტურისტებს შეგვიძლია შევთავაზოთ ძალიან ლამაზი ბუნება და ისტორიული ძეგლები _ ეს რეალურად შესაძლებელია. ქუთაისიდან ძალიან ახლოს არის ბევრი მნიშვნელოვანი ადგილი იმერეთში. ახალი ლოკაციების განვითარებაში თითოეულმა რაიონულმა ცენტრმა, ასევე ქუთაისმა, კერძო სექტორთან მუშაობით, უნდა შექმნას ახალი ტურისტული მარშრუტები. თუ ჩვენ გვინდა, ქუთაისი ვაქციოთ ტურისტული ინდუსტრიის ცენტრად, მას სჭირდება განვითარება, არა მხოლოდ შიგნით ქალაქში, არამედ მის შემოგარენში, რომელიც, სამწუხაროდ, არ ხდება, თუ კერძო ინიციატივა და ენთუზიაზმით არ ჩავებით ადამიანები ამ საქმეში.
_ ეს ყველაფერი კერძო სექტორის ინიციატივებია და ადგილობრივი თვითმმართველობა, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი რამდენად მჭიდრო კომუნიკაციაშია იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ მიმართულებით ყოველდღიურად მუშაობთ და ტურისტებს ხვდებით?
_ ქუთაისის ტურიზმის ცენტრთან გარკვეული ურთიერთობა გვაქვს, ერთობლივი პროექტები გავაკეთეთ. მაგალითად: პირველად ვუმასპინძლეთ ქუთაისში ორდღიან დიდ კონფერენციას, სადაც გიდებმა, სასტუმროების წარმომადგენლებმა, ტურისტულმა სააგენტოებმა, კვების ობიექტებმა და სხვადასხვა ტურისტულმა ატრაქციებმა თავიანთი თავი წარუდგინეს საქართველოში არსებულ და აქ მოქმედ 30-მდე ტუროპერატორს. ჩვენ ყველა ის ტურისტული მარშრუტი შევთავაზეთ, რომლითაც დავაინტერესებდით ჩამოსულ ტურისტს, ამ ყველაფერმა ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. მაგრამ დამატებით გვჭირდება უწყვეტი კომუნიკაცია ტრენინგების ნაწილში, რათა მიზნობრივ ჯგუფებს მოერგოს და არა ყველას. თუ ტრენინგი ტარდება გიდებისთვის, იქ არ უნდა ესწრებოდეს კვების ობიექტის წარმომადგენელი და ა. შ.
ინფოტურების ნაწილშიც კარგი იქნება თუ გააქტიურდებიან, ასევე ხელს შეუწყობენ ქალაქის შიდა ტურისტული მარშრუტის პოპულარიზაციას. ვისურვებდი მათ მეტ ჩართულობას, რაც გულისხმობს საინფორმაციო ნიშნულების მოწყობას, აუდიოგიდის სისტემის დანერგვას. თვითმმართველობამ უნდა უზრუნველყოს კერძო სექტორის ინფორმირება, რათა ასეთ შეთხვევაში მათ თავიანთი გეგმები გადააწყონ და არ აიღონ იჯარით ობიექტი, ეს იმიტომ, რომ ფინანსური ზარალი არ განიცადოს. კონკრეტული მაგალითი რომ გავიხსენოთ: გასულ წელს მიმდინარეობდა თეთრი ხიდის რეაბილიტაცია, ქალაქი ორ ნაწილად გაიხლიჩა, მარჯვენა მხარე საერთოდ მოწყვეტილი იყო მთავარი ტურისტული ნაწილიდან, იმ დროს როდესაც ტურისტულად ყველაზე აქტიური პერიოდი იყო და მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედი სასტუმროებისა და კვების ობიექტების პარალიზება გამოიწვია. ფაქტობრივად, ის სეზონი ჩაუვარდათ. საინიციატივო ჯგუფი გავაკეთეთ, ვმუშაობთ წინადადებებზე და ვგეგმავთ ქალაქის მერთან შეხვედრას, მან სურვილი გამოთქვა შეგვხვდეს. მაგრამ არ გვინდა შეხვედრა შეხვედრისთვის. კერძო სექტორმა, ვინც ტურისტული მიმართულებით ვმუშობთ და თვითმმართველობამ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რომ ქალაქი უფრო განვავითაროთ ტურისტული მიმართულებით.
ქუთაისი უნდა გადაეწყოს ტურისტულ რელსებზე, ამის ყველა პოტენციალი გვაქვს. ამას სჭირდება ფინანსების სწორად დახარჯვა. გვინდა, რომ ქალაქის მერს დავეხმაროთ იმ გამოწვევებისა და პრობლემის მოგვარების ლობირებაში, რაც ამ მიმართულებით არსებობს.
_ ქუთაისს რომ გავცდეთ, კონკრეტულად, რა პრობლემები არსებობს პოპულარულ ტურისტულ ობიექტებზე?
_ პირველი პრობლემაა ინფრასტრუქტურა, გზის პრობლემები, ნაწილი გვარდება და ნაწილი ზუსტად იმ პერიოდში კეთდება, როდესაც ტურისტულად აქტიური სეზონია, რაც დისკომფორტს ქმნის. არ გვაქვს საინფორმაციო დაფები, რომელიც ამომწურავად მიაწოდებს ინფორმაციას ტურისტებს. კერძო სექტორი საკუთარი ძალებით ვცდილობთ ამ პრობლემების გამოსწორებას. არსებობს ფინანსები, მუნიციპალიტეტებში გახსნილია ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები, ისინი ბიუჯეტიდან ხარჯავენ თანხას და აუცილებელია, ფინანსები მიზნობრივად გაიწეროს. ელემენტარულ საინფორმაციო დაფებზეა საუბარი.
ქუთაისის აეროპორტმა ყველა რეკორდი მოხსნა, გადაუსწრო ბათუმს, თბილისს, ევროპაში გადაუსწრო მგზავრების გადაყვანით რამდენიმე ცნობილ აეროპორტს და თუ შენ ამ ყველაფერს ფეხს არ აუწყობ დღეს, ხვალ ან ზეგ, ის ტურისტების ნაკადი რომელიც ქუთაისში ჩამოდის, სხვა მიმართულებით წავა. პირველი პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მეშვიდე წელია, აეროპორტი ფუნქციონირებს და არ არსებობს ტრანსპორტი, აეროპორტიდან მგზავრი ქალაქში წამოიყვანოს. ეს ინიციატივაც გვაქვს და როდესაც ქალაქის მერთან გავმართავთ შეხვედრას, აუცილებლად ვიტყვით. უნდა დაინიშნოს ეს რეისი! თუ ტურისტს საზოგადოებრივ ტრანსპორტს არ დავახვედრებთ, სხვა მიმართულებით წავა და შეიძლება, ქალაქში საერთოდ აღარ შემოვიდეს.
ქუთაისში თვალსაჩინოა ტურისტების სიმრავლე, ასევე სასტუმროების ბუმია, ამ ქალაქს უდიდესი პოტენციალი აქვს და ეს თვითმმართველობამ უნდა დაინახოს და ინვესტიციების ჩადება დაიწყოს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
_ რა სეგმენტის ტურისტი შემოდის იმერეთში?
_ ტურისტების ორი სეგმენტი შემოდის ქალაქში, ეს არის აეროპორტის მეშვეობით: ისინი საკუთარი ინიციატივით ჩამოდიან და ეძებენ, თუ სად რა ნახონ; ასევე სეგმენტი, რომელიც ჩამოჰყავს ტურისტულ სააგენტოებს და უკვე დაგეგმილი აქვთ, სად გაჩერდნენ და რა ნახონ. მნიშვნელოვანია დამოუკიდებლად ჩამოსული ტურისტი, რომელსაც არ ხვდება საინფორმაციო ნიშნულები, სად წავიდეს, რა ნახოს და ა. შ. მან ზუსტად უნდა მიიღოს ინფორმაცია იმ ლოკაციებზე, ასევე ავტოსადგურებზე, თუ საიდან შეუძლია ტურისტული მიმართულების ადგილამდე მიაღწიოს. ეს უნდა იყოს ზუსტი, ორგანიზებული, გარკვეული ფასით, ნუმერაციით, საერთაშორისო ენაზე წარწერით. ქალაქმა უნდა უზრუნველყოს ტურისტის ინფორმირებულობა. რაც უფრო სწრაფად გადავაადგილებთ ტურისტს ქალაქში, ის უფრო მეტ ფულს დახარჯავს ტრანსპორტში, კვებაში, სასტუმროში და სხვ.
ტურისტი, რომელიც მთელი დღეს ეძებს, რომელ ტრანსპორტს გაჰყვეს, სად წავიდეს, ის ფუჭად დაკარგავს დროს, არაფერს დახარჯავს და გულდაწყვეტილი დატოვებს ქალაქს. თვითმმართველობამ და შესაბამისმა სამსახურებმა უნდა მოისმინონ ეს პრობლემები და მოკლე დროში გადაჭრან.
ერთადერთი ქუთაისის ტურისტული ცენტრი ახერხებს გარკვეული ინფორმაციის მიწოდებას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვაქვს პროექტი, რომლის წარდგენასაც ვაპირებთ. აუცილებელია მჭირდო ურთიერთობები მუნიციპალიტეტებს შორის, მაგალითად, პრომეთეს მღვიმეში აუცილებლად უნდა იყოს ქუთაისთნ დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე წყალტუბოში, ბათუმში, თბილისში და პირიქით. თუ ტურისტი შემოდის სარფის საზღვრიდან, იქ ქუთაისზე ვერ შენიშნავს მცირე ინფორმაციასაც კი, თუ რა ნახოს. სხვას რომ თავი დავანებოთ, თავად ქუთაისის აეროპორტშიც არ არსებობს მსგავსი საინფორმაციო დაფები.
ასევე მოუწესრიგებელია ბანაობის კუთხით ინფრასტრუქტურა, არ არის ნიშნულები, სად უნდა იბანაონ, სად არ შეიძლება, _ მდინარეები უხვად გაქვს ქუთაისის გარშემო და რეალურად არ ვიყენებთ პოტენციალს, სადაც შეუძლია ტურისტს ზაფხულში გარკვეული დრო გაატაროს. მათთვის ეს არის ეგზოტიკა. სხვაგან თითქმის ხელმიუწვდომელია მდინარეებში ბანაობა, ჩვენს ქვეყანაში ეს შესაძლებელია და ამ სეგმენტის ტურიზმსაც ვერ ვავითარებთ. აქაც გვჭირდება სპეციალისტების მომზადება, სამაშველო ჯგუფების შექმნა, გარკვეული ლოკაციების გამოყოფა.
_ დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაწყვეტილებამ ტუროპერატორების გაღიზიანება გამოიწვია, კონკრეტულად რა მოხდა?

-ჩვენ არ ვართ განვითარებისა და პროგრესის წინააღმდეგი, ჩვენ განაწყენებულები და დაზარალებულები ვართ, რომ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იყო, ინფორმაცია დროებით არ მოგვაწოდეს. სამწუხაროდ, ჩვენი პროტესტი რაღაც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის გარეშე დარჩა. პასუხისმგებლობას არავინ იღებს. იმედი მაქვს, სამომავლოდ, თუ კიდევ გადაწყვეტენ აქტიურ სეზონზე გაძვირებას, ამის შესახებ რამდენიმე თვით ადრე მოგვაწოდებენ ინფორმაციას. მათ მეტ საჯაროობას ვუსურვებდი, რომ დეპარტამენტის თავმჯდომარე კერძო სექტორს შეგვხვდეს, განსაკურებით ტურისტულ საგენტოებსა და გიდებს, არა მარტო ცენტრალურ დონეზე, არამედ რეგიონულ დონზე, სადაც თავმოყრილია ყველაზე მეტად მონახულებადი ობიექტები. ვისურვებდი, რომ წელიწადში ორჯერ მაინც შეგვხვდეს _ სეზონის დასაწყისში და სეზონის ბოლოს, გაითვალისწინოს ჩვენი შენიშვნები და სურვილები, ასევე თავიანთი სიახლეები გაგვაცნონ, ეს არის ნორმალური ურთიერთობა საჯარო სამსახურის კერძო სექტორთან და ვფიქრობ, ამაში უცხო და შეუძლებელი არაფერია. ყველაფერი მონდომებაზეა დამოკიდებული და მათი ვალდებულებაც არის.

ლევან ქემოკლიძე