გვანცელაძეებისა და ჩახვაშვილების ოჯახური დავა

ებრაელთა დასახლება ქუთაისში გაპონოვის, ყოფილი შაუმიანის ქუჩაზე დიდი ხანია, არსებობს. წლების მანძილზე ქალაქი მრავალმა ოჯახმა დატოვა. მათი ნაწილი ისრაელის სახელმწიფოს აღდგენისთანავე გაემგზავრა საქართველოდან, ნაწილი _ მოგვიანებით. ზოგს ისტორიული სამშობლოს ნახვა სურდა, ზოგსაც _ საქართველოში არსებული არასახარბიელო ვითარებისგან გაქცევა.

ყოფილი მოფარიკავე, საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატის ტიტულის მფლობელი ნინო (ნინა) ჩახვაშვილი, ერთ-ერთი მათგანია, ვისი ოჯახიც ქუთაისიდან 90-იან წლებში ისტორიულ სამშობლოში ემიგრირდა. ნინო 1993 წლიდან ისრაელის მოქალაქეა. მისი ოჯახი, შვილები და შვილიშვილები დღესაც ისრაელში ცხოვრობენ.
„ერთი სამწუხარო გარემოება რომ არა, ასე ხშირად საქართველოს, ალბათ, ვერ ვესტუმრებოდით“, _ ამბობს ნინო და თავისი სახლის ძველ კედლებს დარდით უყურებს.
„ეს სახლი ჩვენი საგვარეულო საცხოვრებელია, მე აქ გავიზარდე ჩემს ძმასთან, ილია ჩირიკაშვილთან ერთად. 1993 წელს ისრაელში წავედი და როგორც ეთნიკურმა ებრაელმა, მოქალაქეობა მივიღე. მანამდე ჩემი სახლი ჩემს ქალიშვილს, მაკას ვაჩუქე, თუმცა ოფიციალურად მასზე არ გამიფორმებია. მაშინ ამის არც საჭიროება არსებობდა და არც სავალდებულოდ ჩამითვლია. წასვლის შემდეგ ჩემს ბინას ჩემი ძმა განკარგავდა“, _ იწყებს თხრობას ნინო.
საქართველოდან გამგზავრების მერე პირველად 1996 წელს დაბრუნდა. მაშინ დედა, ჯერ კიდევ, ცოცხალი ჰყავდა და სახლიც ისეთივე დახვდა, როგორიც დატოვა. ისრაელში მალევე წავიდა და სახლი ისევ ძმას, ილიას ჩააბარა. ნინო ჩახვაშვილი იხსენებს, რომ 1998 წელს ილიამ ერთ-ერთი სატელეფონო საუბრისას სთხოვა, თუ შეიძლებოდა, სახლი დროებით მისი მეგობრის, თენგიზ გვანცელაძის ოჯახისთვის დაეთმოთ. თენგიზს ვალების გამო საკუთარი ბინა გაეყიდა და ორი შვილით, ცოლითა და ხანდაზმული დედით ღია ცის ქვეშ დარჩენილიყო. ნინომ თანხმობა მისცა და გვანცელაძეების ოჯახი გაპონოვის (მაშინდელი შაუმიანის და ამჟამად ციციაშვილის #4) პირველი ჩიხის ნომერ 4-ში არსებულ ბინაში დროებითი სარგებლობის მიზნით შესახლდა.
2001 წელს ილია ჩირიკაშვილს სიმსივნე აღმოაჩნდა და დასთან ისრაელში გაემგზავრა სამკურნალოდ, 2002 წლის მარტში კი გარდაიცვალა. მალევე ნინოს რძალი და დედაც დაიღუპნენ.
ილიას გარდაცვალების შემდეგ ნინოს თენგიზ გვანცელაძემ დაურეკა, მიუსამძიმრა და ბინის გაყიდვა შესთავაზა:
„მითხრა, რომ სახლი ჯერ ვერ იპოვა, _ გვიყვება ნინო ჩახვაშვილი, _ მკითხა, ვაპირებდი თუ არა საქართველოში დაბრუნებას? ისიც მკითხა, თუ არ დავბრუნდებოდი, ხომ არ გავყიდდი სახლს. 3 ათასი დოლარი შემომთავაზა. უარი ვუთხარი, რადგან ეს სახლი ჩემთვის იმდენად ძვირფასი იყო და არის, ვერანაირ თანხაზე ვერ გავცვლიდი. მაშინ სახლზე მიშენება შემომთავაზა. მითხრა, რომ საკუთარი სახსრებით მიამატებდა ორ ოთახს. ამაზეც უარი ვთქვი, იმიტომ რომ სახლი ძალიან ძველია, შეიძლებოდა მიშენებას დაეზიანებინა. ვუთხარი, რომ, უბრალოდ, ეცხოვრა ისეთ სახლში, როგორშიც შევუშვით მანამ, სანამ საკუთარ თავშესაფარს იპოვიდა“.
დაახლოებით 2004-2005 წლებში ნინოს ქუთაისურ სახლს მისი ძმისშვილი, გოგა ესტუმრა. სახლი ისეთივე დახვდა, როგორიც დატოვეს. 2008 წელს, როდესაც გოგა მეორედ ჩამოვიდა საქართველოში ნახა, რომ სახლისთვის გვანცელაძეებს ორი პატარა ოთახი და ფარეხი მიემატებინათ, შეეცვალათ სარდაფიც. გოგამ თენგიზის შვილს უთხრა, რომ მამამისთან საუბარი სურდა, თუმცა თენგიზ გვანცელაძეს არც გოგასთვის, არც ბინის მეპატრონე ნინო ჩახვაშვილისთვის არ დაურეკავს.
მოგვიანებით, როდესაც გოგა გვანცელაძეებს დაუკავშირდა, თენგიზმა უთხრა, რომ ამ მიშენებას ნინოს საჩუქრის სახით დაუტოვებდა, როდესაც ბინას დაცლიდა.
ამავე წელს, ამბიდან მცირე ხანში, ნინოს შვილიშვილმა ისრაელში სამხედრო სავალდებულო სამსახური დაასრულა და საქართველოში წასვლა მოინდომა. ნინომ გოგას გვანცელაძეებთან დაკავშირება სთხოვა. სურდა, რომ მათ ბინა დაეცალათ. ამ ამბიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩახვაშვილს დეიდაშვილმა დაურეკა, რომელიც ისრაელში, ქალაქ ხაიფაში ცხოვრობდა.
„ქუთაისიდან მოსე ბალუაშვილმა დამირეკა, _ ამბობდა ჩემი დეიდაშვილი. მითხრა, ნინომ ეგებ სასტუმრო დაჯავშნოს, რომ დარჩესო. არ მივიდეს მის ბინაშიო“, _ იხსენებს ნინო.
„გოგამ ისევ დაურეკა გვანცელაძეებს. მათ თქვეს, რომ სახლი დაცლილი იყო და იქ დარჩენა შეგვეძლო“.
ქუთაისში გამთენიას, დილის 6 საათზე ჩამოვიდნენ. ნინომ მეზობელი გააღვიძა, გასაღები სთხოვა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გვანცელაძეები მის სახლში ძველებურად ცხოვრობდნენ.
_ ჩვენ გვეგონა, ხვალ ჩამოდიოდით, რადგანაც აქ ხართ, ბინას დავცლით, ოღონდ ჯერ ჩვენი აგებული ორი ოთახის საფასური გადაიხადეთ, _ ეს იყო თენგიზის შვილის, გიორგი გვანცელაძის პასუხი ჩახვაშვილის გაოცებული სახის დანახვისას.
მოგვიანებით, გამომძიებლის, გელა ჯინჭველაშვილის მეშვეობით, ნინომ აღმოაჩინა, რომ იმ დროისთვის გვანცელაძეებს საკუთარი სახლი დიდი ხნის ნაყიდი ჰქონდათ, თუმცა მაინც მის ბინაში რჩებოდნენ. ისრაელიდან დაბრუნებულ ნინოს საკუთარ სახლში საკუთარი აღარაფერი დახვდა, გარდა კედლებისა _ ავეჯი, შენახული თეთრეული, დავითის ვარსკვლავი ჭერზე, ჭაღები _ ყველაფერი გამქრალიყო. სახლში ვეღარც ებრაელთა სახლის დამცველი _ მეზუზები იპოვა. მეზუზა პატარა, ოთხკუთა თავდახურული ყუთია, რომელშიც წმინდა ტექსტის გადამწერის მიერ პერგამენტის ქაღალდზე ნაწერი, თორიდან ამოღებული „მეორე სჯულის“ ფრაგმენტის ტექსტია მოთავსებული. ისევე, როგორც ყველა მორწმუნე ებრაელს, ჩახვაშვილების ოჯახსაც მეზუზა შესასვლელი კარის მარჯვენა მხარეს ჰქონდა დამაგრებული. ეს ადგილი ჩასვლისას ცარიელი დახვდათ. მოგვიანებით, ნინომ მეზუზა სარდაფში იპოვა. ახლა სიწმინდის ადგილი შესასვლელ კართან, ფარდაზეა.
ჩახვაშვილებსა და გვანცელაძეებს შორის სიტყვიერი კონფლიქტი კარგა ხანს გაგრძელდა. საბოლოოდ, გვანცელაძეებმა სახლი დატოვეს, მაგრამ დავა ამით არ დასრულებულა. „აქედან დაიწყო ყველაფერი, _ ამბობს ნინო, _ ჩემი მეზობელი, რომელთანაც საქართველოში ყოფნისას ვმეგობრობდით, თენგიზ გვანცელაძის შვილიშვილის ნათლია აღმოჩნდა და ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ გააკეთა. როგორც გითხარით, თენგიზს ორი ვაჟი ჰყავს _ გიორგი და კახა. კახა თანამდებობის პირია“.
ნინო ჩახვაშვილის მიერ ნახსენები კახა თბილისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძეა. აღმოჩნდა, რომ მეზობელი გვანცელაძის პიროვნებითა და მისი კონტაქტებით ნინოს აშინებდა. ქუთაისში კარგად იცნობენ თენგიზ გვანცელაძის ოჯახსაც. თენგიზი 2010 წლიდან ქუთაისში, ხახანაშვილის ქუჩაზე მდებარე კომპანია „თეგიკას“ (საიდენტიფიკაციო კოდი 212871383) დირექტორია, რომლის მფლობელიც მისი შვილი, გიორგი გვანცელაძეა. კომპანიას ქუთაისში მრავალი სამშენებლო სამუშაო აქვს ჩატარებული. ამათგან 13 _ ქალაქის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მოგების შემდეგ.
„მეუბნებოდნენ, რომ კახას ბავშვის ნათლია თბილისის მერი დავით ნარმანიაა და რომ ზედმეტი არაფერი მეთქვა ამ ოჯახზე. მე არაფერს ვამბობდი, არც არაფერს ვითხოვდი ზედმეტს. მინდოდა გამეგო, სად წავიდა ჩემი ავეჯი, ჭურჭელი და ნივთები, რომელიც 1996 წელს შევიძინე? ასევე არ ვიყავი თანახმა, გადამეხადა იმ მიშენების ფული, რომელიც გვანცელაძეებმა ჩემი ნებართვის გარეშე მიამატეს სახლს და მეტიც: მაშინ მითხრეს, რომ მჩუქნიდნენ. განმიცხადეს, რომ ბინა საჯარო რეესტრში უნდა დამემტკიცებინა. იქ ორი მოწმე მომთხოვეს, ორი მეზობელი. ისინი დაადასტურებდნენ, რომ ბინა ჩემი იყო. ერთმა მეზობელმა უარი მითხრა სრულიად აბსურდული მიზეზით, მეორემ კი პირდაპირ მომახალა _ შენ ხომ აჩუქე ეს ბინა თენგიზ გვანცელაძეს, რაღას ითხოვო? _ ამბობს ნინო ჩახვაშვილი, _ ბინის ყველა გასაღები გამოვცვალე, ამის შესახებ გვანცელაძეებს ვუთხარი და მაშინ თენგიზმა მითხრა, რომ თავის ავეჯს მიტოვებდა ჩემის სანაცვლოდ. მე ამ ამბის შემდეგ მალევე დავბრუნდი ისრაელში“.
მოგვიანებით, ნინო ჩახვაშვილს სასამართლო უწყება მოუვიდა. თენგიზ გვანცელაძე ქალს ედავებოდა, თითქოს მისი ნებართვით შევიდა ბინაში და მიყიდვაზეც გარიგდნენ, თუმცა გარიგება ვერ შედგა. საქმის წარმოება სასამართლოში მალევე დასრულდა და სახლზე ყადაღა მოიხსნა. ჩახვაშვილი იხსენებს, რომ მაშინ მოსამართლე ციცინო მოსიძე იყო.
რამდენიმე ხნის შემდეგ ჩახვაშვილი საქართველოში დაბრუნდა და საკუთარ სახლში მისულმა კარს გასაღები ვეღარ მოარგო. როდესაც კარი გააღო, თავისი ძველი ავეჯი ნახა _ ნახევრად დაშლილი. პოლიციაშიც იჩივლა, თუმცა უბნის ინსპექტორმა, გვარად ცინცაძემ, ქალს სთხოვა, ამ ამბავში არ გაეხვია და საქმე პირადად მოეგვარებინა.
2015 წელს თენგიზის შვილმა გიორგიმ ნინოს გვანცელაძეების მოშენებული ოთახების დანგრევა შესთავაზა. იმის გამო, რომ სახლი ძველი და ავარიულია, კედლები და ჭერი კი დაზიანებული, მეპატრონემ ამ წინადადებაზე უარი განაცხადა. გვანცელაძეებმა ჩახვაშვილს ისევ უჩივლეს. თენგიზის ოჯახი მის მიერ მიშენებული ფართის თანხას ითხოვდა. ნინომ სასამართლოში შესაგებელი შეიტანა და ისრაელში დაბრუნდა იმ პირობით, რომ იქ მყოფს სასამართლო სკაიპით დაკითხავდა. პირველი სხდომა 2018 წელს ჩაინიშნა. უთხრეს, რომ სკაიპით დაკითხვა ვეღარ მოხერხდებოდა და იგი საქართველოში ჩამოიყვანეს. მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძემ ნინოს ჰკითხა, თუ რატომ გაატარა საჯარო რეესტრში მან ბინის მოშენება. ჩახვაშვილმა მაშინ უპასუხა, რომ თავის დროზე იქ აივანი ჰქონდა და, შესაბამისად, ის ტერიტორიაც მისი იყო. სასამართლომ მოპასუხეს მოშენების საფასურის გადახდა დაავალა. საფასური საკმაოდ დიდი იყო _ 63 ათასი ლარი. ნინო ამბობს, რომ ორი პატარა ოთახი, დერეფანი და პატარა საპირფარეშო შეუძლებელია, ამდენად ძვირი ღირდეს.
„საერთოდ რა საჭირო იყო საპირფარეშოს დამატება მაშინ, როდესაც მე აქ დიდი, კეთილმოწყობილი აბაზანა დავტოვე, _ ამბობს ნინო და თავისი სააბაზანოს კარს აღებს, _ მით უმეტეს, მოშენებამ ბინა ძალიან დააზიანა. სახლისა და მოშენებული ოთახის კედლებზე შენიშნავთ ბზარებს, ცუდად ჩასმულ, ზომებს აცდენილ ჩარჩოებს. _ 17 წელი ვიცხოვრეთ ამ სახლში და თქვენ აქედან გამოგვყარეთო, _ ასე მითხრა გიორგი გვანცელაძემ. კი, 17 წელი იცხოვრეს ჩემს ბინაში, ჩემი ნებართვის გარეშე მოაშენეს, დამიზიანეს კედლები, გამიქრეს და დამიზიანეს ჩემი ავეჯი, ჩემი ნივთები და ახლა მათი მიშენებული ფართის ხარჯზე გამდიდრებას მედავებიან. მას შემდეგ, რაც ჩემს სახლში ლევან სამხარაულის სახელობის ბიუროს ექსპერტები მოვიდნენ, დამატებითი ექსპერტიზა ჩაატარეს და საქმის განხილვა კვლავ გაგრძელდა. განხილვის შემდეგ მიშენების ფასი 46 ათასამდე ჩამოვიდა. ამ ეტაპზე 2 ათასი ლარი ხელზე, ხელშეკრულების გარეშე ჩავაბარე გვანცელაძეებს, ჩვენი საქმე კვლავ განხილვაშია _ ამჯერად სააპელაციო სასამართლოში“.
ამ პერიოდის მანძილზე ნინო ჩახვაშვილს თენგიზ გვანცელაძემ ერთხელ დაურეკა, ბინის მიყიდვა სთხოვა და 17 ათასი დოლარი შესთავაზა, რაც, დაახლოებით, სასამართლოს მიერ დაწესებული მოშენების საფასურის, 46 ათასი ლარის ეკვივალენტია.

„ქრონიკა+“ გვანცელაძეებსაც დაუკავშირდა, რომ მათი ვერსიაც მოგვესმინა.
თენგიზ გვანცელაძის ვაჟმა, კახაბერ გვანცელაძემ, ყოველგვარი ნაცნობობა უარყო ნინო ჩახვაშვილთან და აღნიშნა, რომ მსგავსი სახელისა და გვარის მქონე პიროვნებას არ იცნობს.კახა გვანცელაძემ უარი განაცხადა,”ქრონიკა +”-სთვის მამის მობილური ტელეფონის ნომრის მიწოდებაზე (თუ თენგიზ გვანცელაძეს ამ თემაზე კომენტარის გაკეთების სურვილი გაუჩნდება, სტატიის ავტორს დაუკავშირდეს.რედ.)

ამ ეტაპზე კი სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება საქმე #2/921-15-ზე „თენგიზ გვანცელაძე ნინა ჩახვაშვილის წინააღმდეგ“, ასეთია: დაეკისროს მოპასუხე ნინა (ნინო) ჩახვაშვილს მოსარჩელე გვანცელაძე თენგიზის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ გამდიდრებით მიღებული 46 000 ლარის გადახდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სახლი, თავდაპირველად, შპს „აუდიტ-ექსპერტი 96-მა“ 2015 წელს შეაფასა. დასკვნაში წერია, რომ დამატებითი სამშენებლო სამუშაოების გამო დაზიანდა ჩახვაშვილის სახლის არსებული ფართი და მას მიადგა 1197,78 ლარის ზიანი. მიშენების დემონტაჟი, სავარაუდოდ, სახლის დამატებით დაზიანებას გამოიწვევს. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის მიერ ჩატარებულ კვლევაში წერია, რომ წინა ექსპერტის დასკვნა შესაძლოა, გონივრულ საფუძველს მოკლებული იყოს, ვინაიდან, ბზარების ხანდაზმულობიდან გამომდინარე, შეუძლებელია დავადგინოთ, თუ რამ გამოიწვია რეალური დაზიანება.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქმეს მომავალში სააპელაციო სასამართლო განიხილავს.
„ქრონიკა+“ თვალს ადევნებს მოვლენების განვითარებას.

შორენა ლაღაძე