ზესტაფონში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატი, გოგი წულაია, არჩევნებში გამარჯვებისთვის იბრძვის

გოგი წულაია მოსახლეობასთან აქტიურად მართავს შეხვედრებს. მერობის კანდიდატი ზესტაფონელ ამომრჩეველს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, სამუშაო ადგილების შექმნას, ტურიზმის განვითარებასა და ემიგრანტების დაბრუნებას ჰპირდება.

„ქრონიკა+“ გოგი წულაიას ესაუბრება:
_ ბატონო გოგი, თქვენ ზეტაფონის მერობისთვის იბრძვით, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
_ მოკლედ გეტყვით: „ვდგავარ იქ, სადაც ქარიშხალია“, _ არის ასეთი გამოთქმა. არჩევნები ზესტაფონში იყო და ქუთაისში _ არა, ამიტომ წავედი ქალაქში, რომელიც ჩემს გულთან ახლოს არის და გადავწყვიტე, მონაწილეობა მივიღო ამ ბრძოლაში, რათა კიდევ ერთხელ შევძლოთ მესამე ძალის არსებობის დაფიქსირება. ადამიანებს ვთავაზობთ: აგერ არის „ქოცი“ და „ნაცი“, რომლებიც ერთმანეთს ვითომ ხოცავენ, მეტს ვერაფერს უყურებენ ამ ტელევიზიებში. ალბათ, მოისმენდით, რაც ხდება ზუგდიდში, ამომრჩეველი ისმენს მხოლოდ ამ ორი პარტიის კანდიდატების ჩართვებს, ჩხუბს, კინკლაობას, თითქოს მესამე ძალა არ არსებობდეს. ჩემი ამ გადაწყვეტილებით მათი ეს ტაქტიკა და სვლა უკვე გაუფერულდა. ამ ქვეყანაში მხოლოდ „ნაცები“ და „ქოცები“ არ არიან, არ მოგწონს ერთი ან მეორე? _ აქვეა მესამეც და შენზეა დამოკიდებული, თუ როგორ არჩევანს გააკეთებ.
_ თქვენ როგორ აპირებთ, ზესტაფონელ ამომრჩეველს თავი მოაწონოთ?
_ თავის მოწონებას იმით ვაპირებ, რომ ჩემ გარდა არც ერთი კანდიდატი არ აყენებს იმ საკითხს, რომელიც ამ არჩევნებში გადამწყვეტია. სხვათა შორის, ადგილობრივი არჩევნების დროს ქუთაისში, როდესაც მერობის კანდიდატი ვიყავი, ასევე ჩემ გარდა არავინ აყენებდა ამ საკითხს და ახლა შესაძლებლობა მომეცა, კიდევ ერთხელ გავააქტიურო თემა. ქვეყანაში თვითმმართველობები ბუტაფორიაა. მას არ გააჩნია საკუთარი შემოსავალი, უხეშად ვიტყვი, მხოლოდ „სტაიანშჩიკებიდან“ შემოსული ფულია მერიის, დანარჩენი _ იმ დადგენილებით მიღებული, რასაც ცენტრალური ხელისუფლება დაუწერს. ეს რა თვითმმართველობაა? როდესაც ეკონომიკის სამინისტროს ჩინოვნიკს წარმოდგენა არ აქვს სოფელზე, ქალაქზე, თვითმმართველობაზე, შეუძლია გაყიდოს საძოვარი, გაყიდოს ტყე, რა თვითმმართველობაზეა საერთოდ საუბარი, როდესაც მის სახელზე არანაირი ქონება არ არის, რომელიც მის ტერიტორიაზე არსებობს?! ამიტომ ამ უბედურების თავი და თავი არის ის მახინჯი თვითმმართველობა, რა ფორმითაც არსებობს ის ჩვენს ქვეყანაში. ამ პრობლემას ასე მკაცრად და ხისტად ჩემ გარდა არც ერთი კანდიდატი არ აღიარებს. მე ვამბობ: თუ გვინდა რეალური თვითმმართველობა, რომ მერმა რაღაც საქმე გააკეთოს ქალაქში, მოაწესრიგოს ინფრასტრუქტურა, გზა, წყალი, წარმოიდგინეთ, XXI საუკუნეში, როცა სარეცხის წყალი უნდა აიტანო სახლში. ამ პრობლემებს ვერ გადაწყვეტ, თუკი რეალური თვითმმართველობა და რეალური შემოსავლები არ იქნა. ზესტაფონისთვის კიდევ ერთი მნიშნველოვანი პრობლემა არის ფერო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანხის შემტანია ბიუჯეტში, არის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი, რომელიც მეორე ადგილზეა მის მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვით საქართველოს ფარგლებს გარეთ. ეს მხოლოდ ქვეყნისთვის კი არა, ზესტაფონისთვისაც მნიშვნელოვანია, ფეროში 3000-მდე ადამიანია დასაქმებული, მაგრამ კიბო მიჩნდებოდეს, ფილტვები მიავადდებოდეს, ბავშვებს ცუდ გარემოში ვზრდიდე და ყველა ეს შემოსავალი დედაქალაქში მიდიოდეს, ეს ხომ მარაზმი და უბედურებაა?! თბილისელებს არ ვერჩი, იმ გაზულუქებულ თანამდებობის პირებს ვერჩი, რომელთა ჯიბეშიც ეს თანხები მიდის. როცა თბილისს ვახსენებ, ეს არ ნიშნავს, რომ თბილისელების წინააღმდეგი ვარ. ადამიანები, რომლებიც თბილისში ჩავიდნენ, დაივიწყეს დაბადების ადგილები, რომ სხვა ქალაქებსაც სჭირდება განვითარება. ფეროს 6 მილიონი აქვს ტრასფერი და ზეტაფონს არაფერი ხმარდება, ეს უნდა დამთავრდეს. სხვათა შორის, ფერო ძალიან დიდ ზიანს აყენებს გარემოს, მხოლოდ ზესტაფონს არა, დასავლეთ საქართველოს. გუშინ აქცია გავაკეთე, ფეროს კედელზე ბავშვებს დავაწერინე „შOშ! ნუ მომკლავ! ჩვენ უფალმა გვაჩუქა სიცოცხლე და თქვენ ნუ გვართმევთ!“ დღეს შევამოწმე და ეს წარწერები მერიას გადაუშლია. ამ კანდიდატებს შორის ყველაზე ცნობადი ვარ, რაც იმედს მაძლევს, რომ საკმაოდ ხელშესახებ შედეგს დავდებ, აუცილებლად მივალ მეორე ტურამდე და მეორე ტურში ვიქნები. ეს შესაძლებლობა რეალურად მაქვს.
_ ცნობადობა არ ნიშნავს 100%-იან გარანტიას, რომ ამომრჩევლის ნდობას დაიმსახურებთ. მხოლოდ ცნობადობის იმედი გაქვთ? მოსახლეობის განწყობა როგორია თქვენ მიმართ?
_ ცნობადობის გარდა მოსახლეობას ჩემ მიმართ სიყვარული და სიმპათია ძალიან მაღალი აქვს. არ ვიქნები თავმდაბალი და, ალბათ, დამეთანხმებით, მე ტყუილს არ გეუბნებით, ხალხს ვხვდები და იმედი მაქვს ამ ადამიანების, რომ მათ ნდობას დავიმსახურებ.
_ რამდენად სამართლიანი იქნება „ქართული ოცნების“ პირობებში არჩევნები და ენდობით თუ არა ხელისუფლებას?
_ რა თქმა უნდა, არა! ინფორმაცია მაქვს და ხვალ უკვე ვაპირებ ამ თემაზე ბრიფინგის ჩატარებას, თუ როგორ ჩამოზიდეს ადამიანები, რომლებიც ზესტაფონიდან არიან სხვადასხვა თანამდებობაზე, უმეტესად პოლიციელები და სუსის თანამშრომლები, სახელებით და გვარებით ვიცი. იძულებით ჩამოიყვანეს, მიტოვებული აქვთ სამსახურები. ადამიანებს აშინებენ, პირადობის მოწმობებს ართმევენ მოსახლეობას. ინფორმაცია მაქვს: რატომღაც კარტოფილი ფქვილით შეცვალეს, კარტოფილი, ეტყობა, ზესტაფონში პოპულარული საჭმელი არ არის… ამომრჩეველს ვეტყვი, რომ ზესტაფონის მერი აუცილებლად უნდა იყოს პოლიტიკური ფიგურა, სხვანაირად ის ვერ დაძლევს იმ ზეწოლას, რაც ცენტრალური ხელისუფლებიდან მოდის. არ ვტრაბახობ, ამ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე რაღაცას წარმოვადგენ და არ მიმაჩნია, რომ პაიკი ვარ. შემიძლია, თამამად გითხრათ, რომ ნამდვილად წარმოვადგენ პოლიტიკურ ფიგურას, ბრძოლის უნარი მაქვს. არავინ არაფერს გაჩუქებს და არ მოგცემს საკუთარი ნებით. დედა ტერეზები არ არიან ამ ხელისუფლებაში და ჩემდა სამწუხაროდ, დიდ ქართულ ბიზნესზე მაქვს საუბარი, დიდ ფულიანებზე, ასეთი ცუდი ბიზნესმენები საქართველოს რომ ჰყავს, მსოფლიოში არ არსებობს. ასე საკუთარი ერი ეზიზღებოდეთ, მხოლოდ ფულის დაგროვებაზე ფიქრობდნენ, არ მინახავს. ნამდვილად ვარ პოლიტიკური ფიგურა ჩემი გამოცდილებით, ჩემთვის ფული არ არის მამოძრავებელი ძალა, არ გავყიდულვარ არც ერთ პარტიაზე, ეს ყველაფერი კარგად იცის მოსახლეობამ…
_ თქვენ ერთხელ ჩემთან ინტერვიუში თქვით, რომ ოპოზიციაში ყოფნა მარტივია, თუმცა როცა მართვის სადავეებთან მიდიან, არსებობს საშიშრობა, რომ პოლიტიკოსი გაფუჭდეს.
_ ეს გამოცდა ჩაბარებულია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხელისუფლებაში ვიყავი. როდესაც გამოვდიოდი, ბედნიერი ცხოვრების შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ უარი ვთქვი. შემდეგ ზეწოლაც იყო ჩემ მიმართ, შიშიც მქონდა, მაგრამ დავძლიე. უკვე 56 წლის ვარ და არ შევიცვლები. ზესტაფონში ვიბრძვი, ასევე ვიბრძვი ქუთაისისთვის, თელავისთვის, წალენჯიხისთვის, ვიბრძვი ყველა მუნიციპალური ერთეულისთვის, რომელიც საქართველოში არსებობს.
_ თუ ამ ბრძოლაში ვერ გაიმარჯვეთ, 2020 წლის არჩევნები კარზეა მომდგარი. როგორი იქნება ამ შემთხვევაში თქვენი პოლიტიკური გეგმა?
_ 1988 წლიდან პოლიტიკაში ვარ და ვერ დამასვენებენ. პოლიტიკაში ვარ და ვიქნები, სხვა საქმე არ ვიცი. არ მაქვს ბიზნესი, არაფერი. ვარ პოლიტიკაში და პოლიტიკოსად სიკვდილს ვაპირებ. ასე რომ, თუ სადმე არჩევნები გარაჩხუნდება, ყველგან ვიქნები.
_ დაბოლოს: რას ჰპირდებით კიდევ ერთხელ, ძალიან მოკლედ რომ გვითხრათ, ზესტაფონელ ამომრჩეველს?!
_ ჩემი მთავარი დაპირებაა: რეალური თვითმმართველობა, ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო ბავშვებისთვის, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარება. სამუშაო ადგილების შექმნა და ემიგრანტების დაბრუნება.

შეგახსენებთ: 19 მაისს 8 მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამავე დღეს გაიმართება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები.
საკრებულოების შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიმართება. მერის არჩევნები კი მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ჩატარდება.

ლევან ქემოკლიძე