რატომ გაძვირდა ვიზიტი დასავლეთ საქართველოს მღვიმეებსა და კანიონებში?

მაისის დასაწყისში, ტურისტული სექტორისთვის სრულიად მოულოდნელად, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელად საჭირო ბილეთების ფასები 10-15%-ით გაძვირდა.

მაგალითად, მარტვილის კანიონზე ვიზიტი ამიერიდან საქართველოს მოქალაქეებს 9-ის ნაცვლად 10,35 ლარი დაუჯდებათ, უცხოელებს _ 15-ის ნაცვლად _ 17,25 ლარი. პრომეთეს მღვიმეში ფასები ქართველებისთვის 10-დან 11,50, ხოლო უცხოელი ტურისტებისთვის _ 20-დან 23 ლარამდე გაიზარდა. ფასმა მოიმატა სათაფლიის მღვიმეშიც _ იქ შესვლა ამიერიდან 7-ის ნაცვლად 8 ლარი ღირს. სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ფასი აქაც გაცილებით მეტია _ ვიზიტი 15-დან 17,25 ლარამდე გაძვირდა.
ახალი ინფრასტრუქტურითა და მომატებული ფასებით ხვდება ვიზიტორებს ოკაცეს კანიონი _ სოფელ კინჩხის ჩანჩქერზე გადასახედი და საფეხმავლო ხიდი მოეწყო, ფასი კი 8-დან 9,20 ლარი გახდა. უცხოელებისთვის ვიზიტის ფასი ოკაცეზე 15 ლარი იყო, ხოლო ამიერიდან 17,25 ლარი გახდა.
პრომეთეს მღვიმე და მარტვილის კანიონი ბოლო წლებია, ყველაზე ნახვადი ადგილების სიაში ლიდერობას არ თმობს. ტოპ ხუთეულშია სათაფლიის მღვიმე და ოკაცეს კანიონიც.
გარდა ბილეთების გაყიდვის ელექტრონული სისტემისა, შეიცვალა დაცულ ტერიტორიებზე შესვლის წესებიც _ ამიერიდან ვიზიტორებსა და ტურისტულ სააგენტოებს ბილეთების შეძენა კომპანია „გურუს“ საიტზე შეუძლიათ, ხოლო დანიშნულების ადგილზე რიგების მოწესრიგების მიზნით დაინერგა საათობრივი ვიზიტების სისტემა. მაგალითად, როდესაც ყიდულობთ ბილეთს პრომეთეს მღვიმეში ვიზიტისთვის, გარდა ბილეთის შეძენისა, თქვენ გიწევთ აირჩიოთ საიტის მიერ შემოთავაზებული საათი, როდესაც შეგიძლიათ მიხვიდეთ და ისარგებლოთ შესვლის უფლებით. თუ დაცულ ტერიტორიას აღნიშნულ დროს არ ეწვევით, ბილეთი ავტომატურად უქმდება და მისი განმეორებით ყიდვა გიწევთ. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის საათობრივი რეჟიმი, გარკვეულწილად, მისაღებიცაა და მიუღებელიც. ისინი აცხადებენ, რომ ხანდახან სხვადასხვა გარემოების გამო შესაძლოა, ტურისტების ჯგუფმა ადგილზე 5-10 წუთით დააგვიანოს. მგავსი შემთხვევების გამო კი ვიზიტორები არ უნდა დაჯარიმდნენ.

საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერიკაშვილი ამბობს, რომ შეცვლილი წესების გამო მას ჯერ პრობლემა არ შექმნია, თუმცა პირობები მოუხერხებელია და ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში მუშაობს:
„მიუხედავად იმისა, რომ ობიექტზე, სულ რაღაც, ხუთი წუთით დავაგვიანე, ადგილზე მომუშავე პერსონალმა მაინც შემიშვა. შესაბამისად, პრობლემა ჯერ არ მქონია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ პრობლემა სხვას არ შეექმნება. სისტემა ჯერ კიდევ გაუმართავად მუშაობს. კომპანიას, რომელიც ბილეთებს ყიდის, ტურისტულ კომპანიებთან დასადები ხელშეკრულების დრაფტიც კი არ გააჩნია. ბილეთების გაძვირება და საათობრივი სისტემის დაწესება, სავარაუდოდ, ტურისტთა ნაკადზეც იმოქმედებს. ჩემ ირგვლივ ბევრმა ტურ -ოპერატორმა, ტურისტულმა ორგანიზაციამ დაიწყო ახალი, ჯერ კიდევ, გაუკვალავი მარშრუტების მოძიება სწორედ ამ სისტემის მოუხერხებლობის გამო. რაღაც მხრივ დაცულ ტერიტორიებზე საათობრივი ვიზიტები კარგიცაა _ ეს თავიდან აგვაშორებს რიგებსა და ხანგრძლივ ლოდინს ადგილზე, მაგრამ გასათვალისწინებელია ტურისტების რეჟიმი. ჩამოსულ სტუმრებს დღის მანძილზე ბევრი სხვადასხვა აქტივობა დროში აქვთ გაწერილი და ხშირად ჩვენი მოუწესრიგებელი საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამო ყველგან გვაგვიანდება. ასევე გზისა და ტრანსპორტის გამო მჯერა, რომ დაცულ ტერიტორიებზეც ბევრი ჯგუფი დაიგვიანებს. იყოს საათობრივი სისტემაც, ბილეთების შეძენის ეს გზაც, მაგრამ იმის გამო, რომ სამი წუთი დააგვიანდათ, ვიზიტორები არ უნდა დაზარალდნენ. სისტემა საჭიროებს გარკვეულ კომპრომისს დროსთან დაკავშირებით.
ფასების ზრდამ ის კომპანიები დააზარალა, რომელთაც 2-3 თვის ბილეთები წინასწარ, ძველი ფასებით ჰქონდათ გაყიდული. გაზრდილი ფასების გამო სხვაობის დაფარვა კომპანიებს საკუთარი ჯიბიდან მოუწევთ. მათი უმრავლესობა ახალ ინფორმაციას ინტერნეტის მეშვეობით გაეცნო. აუცილებელია მეტი კომუნიკაცია დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ტურისტულ კომპანიებს შორის. კომუნიკაციის ნაკლებობას ისინი ხშირად გრძნობენ. თანამედროვე სისტემების დანერგვა კარგია, მაგრამ ინფორმირებულობა _ უკეთესი. კომპანია, რომელიც ბილეთების გაყიდვას ოპერირებს, სეზონს მოუმზადებელი შეხვდა“.

დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ სეზონის დაწყებამდე ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, თუმცა არა ყველას.
სააგენტოს მარკეტინგის სამსახურის უფროსი ნიკო თევდორაშვილი ამბობს, რომ ბილეთების გაძვირება ტერიტორიებზე ელექტონული გაყიდვების სისტემის დაწესებამ გამოიწვია და რომ არა ეს ფაქტი, ფასები არ მოიმატებდა: „სააგენტო შეხვდა ტურისტული ბაზრის ძირითად მოთამაშეებს და ახალი ამბავი ამცნო, მაგრამ დღეისთვის ამ სფეროში მოღვაწე კომპანიების რაოდენობა იმდენად დიდია, ყველასთან ერთდროულად შეხვედრა ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა“.

საქართველოში, დაახლოებით, 2400 კომპანიაა, რომელიც ტურისტულ ბიზნესს აწარმოებს. „გურუსა“ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები რამდენიმე, ყველაზე დიდ ორგანიზაციას, დაახლოებით, ერთი თვის წინ შეხვდნენ და ელექტრონული გაყიდვების სისტემის შესახებ აცნობეს.
გარდა ბილეთების გაყიდვების სისტემის მოუწესრიგებლობისა, დაცულ ტერიტორიებზე ბევრი ლოკალური პრობლემაა _ სათაფლიაზე არაა წყალი, საპირფარეშოები არ შეესაბამება სტანდარტს, არც ერთ დაცულ ტერიტორიაზე არ არის უკაბელო ინტერნეტი (წიფი). ყველაზე დიდ პრობლემად გიდები ორშაბათს დასვენებას ასახელებენ. კვირის დასაწყისი დაცულ ტერიტორიებზე დასვენების დღეა, რის გამოც ბევრი ტურისტი ტურის ორშაბათიდან დაწყებასა და ქუთაისში ჩამოსვლას თავს არიდებს. ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერიკაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ამ დღისთვის საინტერესო ალტერნატივას სთავაზობს _ დაასაქმონ სტაჟიორი სტუდენტები, რომლებიც სტუმრებს მოემსახურებიან და თავადაც საკმაოდ დიდ გამოცდილებას შეიძენენ.
ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახალი ფასების დაწესებამ ახალი მარშრუტების მოძიების აუცილებლობა გამოიწვია. სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეებს, ოკაცესა და მარტვილის კანიონებს ვიზიტორი ყოველთვის ეყოლებათ, თუმცა ახალი გზების მოძებნაც აუცილებელია. ლაშა ბერიკაშვილის თქმით, ქუთაისიდან, დაახლოებით, ათი ახალი მიმართულება მოიძებნა, სადაც საინფორმაციო ტურები გიდებისა და ტურისტული კომპანიებისთვის პერიოდულად ტარდება. დაბალბიუჯეტიანი ტურების გაწერა ყველა ტურისტული კომპანიისთვის ძალიან კარგია, ხოლო ახალი გზების ძიება იმერეთის რეგიონში სხვადასხვა სოფლებს, მხარეებს უფრო განავითარებს. მეტი ტურისტის მოზიდვა ჯერ კიდევ უცნობ, არაპოპულარულ ადგილებში ავტომატურად მეტ დასაქმებულ ადგილობრივსა და მეტ შემოსავალს ნიშნავს.

შორენა ლაღაძე