კახეთში „ოცნება“ მერის მოადგილეებს ცვლის

საპრეზიდენტო არჩევნები ერთგვარი წყალგამყოფი რომ აღმოჩნდა, ეს უკვე ვიცით… რღვევაი საკვირველი სწორედ აქედან დაიწყო, დაიწყო და რა დაიწყო!..

კახეთი გამონაკლისი არ იყო, სადაც სალომე ზურაბიშვილს მხარს არ უჭერდნენ, მაგრამ გამონაკლისი თავისი საბოლოო შედეგით აღმოჩნდა.
თელავი სალომემ ვერ მოიგო. მართალია, პრინციპისთვის სწორედ თელავში, მეფის სასახლეში ჩაატარებინა საკუთარი ინაუგურაცია, მაგრამ მხარდაჭერა მაინც ვერ მიიღო.
მაგალითად, თელავში სოფელ ყარაჯალაში, სადაც ყველაზე მეტი ამომრჩეველია, არჩევნების ისტორიის მანძილზე არასდროს აზერბაიჯანული სოფელი ხელისუფლებას არ წაუგია, მაგრამ ახლა კი არ წააგო, ბაში-აჩუკის არ იყოს, პირდაპირ გააგორა „ოცნების“ ფალავანი… როგორც პირველ, ისევე მეორე ტურში.
ჰოდა, გავიდა თვეები და, „ქართული ოცნებისთვისაც“ ახლა აუცილებელი გახდა, რომ საკუთარი გუნდიდან ვინმეს თავი გაეგორებინათ.
„ქართული ოცნების შტაბის“ ხელმძღვანელი თელავში ბენედიქტე გეგეჭკორი იყო, გუბერნიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი. წესით და რიგით პასუხი მისთვის უნდა მოეთხოვათ, მაგრამ აქ გეგეჭკორმა იმარჯვა და შედეგის გამოცხადებისთანავე ხელები მერიისკენ გაიშვირა. მერია ვერ მუშაობდაო, _ ასე გამოუვიდა.
შესაბამისად, მეფის კარზე გარჩეული ამბავი ფინალში არა შტაბის უფროსის, არამედ მერის მოადგილეების გაშვებით დასრულდა.
მერს ვერ გაუშვებდნენ, გაუშვებდნენ და „ნაციონალი“ ბოტკოველის სახება ისე ადგათ თავზე, როგორც ჯოჯოხეთის მაშხალა. შესაბამისად, რისკი იმისა, რომ ბოტკოველი არჩევნებს მოიგებს, მაღალია. თელავში „ქოცები“ შეგუებულები არიან, რომ არჩევნებს ვეღარ მოიგებენ, მიზეზების ძებნაში გართულებმა კი განტევების ვაცად მერის მოადგილეები მოიშველიეს. მაგრამ აქაც აერიათ.
ალექსანდრე ( აკა) საჩიშვილმა განცხადება საკუთარი ნებით დაწერა, მიზეზად კი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
გიორგი თუშიშვილი გაგანია მუშაობის დროს შვებულებაში გავიდა და, დიდი ალბათობით, უკან აღარ დაბრუნდება.
გურამ, იგივე გუგა გურაბანიძემ, როგორც ჩანს, ქვაა ააგდო და თავი შეუშვირა, შესაბამისად, განცხადება არ დაწერა, სამაგიეროდ, მერმა დაწერა ბრძანება და ისე გაუშვა დაკავებული თანამდებობიდან. ეკონომიკის ექსმინისტრის მსგავსად გურაბანიძეც უტეხი კაკალი აღმოჩნდა და მისი წასვლა, ბრძანების გარდა, არაფერს ექვემდებარებოდა.
ისე, საქართველოში ყველა მერს, თბილისისა და ქუთაისის გარდა, 2 მოადგილე ჰყავს, მაგრამ თელავს სამი ჰყავდა. ამ სამიდან ერთი და ისიც დაუმორჩილებელი, ამბობენ, სუსის კადრი იყოო, თორემ, აბა, მხოლოდ ექსკლუზიურად თელავს სამი მოადგილე რად უნდოდა, მაინც ვერავინ გაიგო ბოლომდე.
თელავისა რა გითხრათ და არც გურჯაანი არის მშვიდად და ბედნიერად.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერ არჩილ ხანდამაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს. მერმა მოადგილის თანამდებობაზე ლელა თევდორაშვილი წარადგინა.
როგორც გურჯაანის მერიაში განმარტავენ, თევდორაშვილი გამოცდილი კადრია და ის „ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელად 12 წელი მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მერის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გასულ წელს მერის მოადგილე ნიკოლოზ გეთიაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.
როგორც „ქრონიკა+“-ისთვის ცნობილია, პარტია მერებს აღარ ენდობა, კახეთის გუბერნატორმა თავი დაიზღვია და ყველა პრობლემა მუნიციპალიტეტების პირველ პირებს „შეაწმინდა“.
რეალურად, რა გახდა მოადგილეების განთავისუფლების მიზეზი?
მოადგილეები არც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში იყვნენ ჩართულები და ვერც ჩავარდნილ ტენდერებზე იქნებოდნენ პასუხისმგებელნი, რადგან ქვეყანაში სამშენებლო კომპანიები ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში არ მონაწილეობენ. რატომ? იმიტომ, რომ მათ ან დროზე არ უნაზღაურებენ თანხებს, ან პროექტების ღირებულება იმდენად დაბალია, რომ მათ მოგება საერთოდ არ რჩებათ და ინტერესიც აღარ აქვთ.
და მაინც, ეზოპეს ერთი იგავი ძალიან უხდება მოადგილეების გაშვებას:
„ერთხელ ერთი ფერმერის ვირი ჭაში ჩავარდა და შეშინებულმა ღრიალი მორთო. ფერმერმა ბევრი იფიქრა, როგორ ეშველა მისთვის, მაგრამ, საბოლოოდ, ვერაფერი გააწყო და ასეთი რამ გადაწყვიტა: რაკი ვირი უკვე საკმაოდ ხნიერი იყო, ძველი ჭის ამოვსება კი კარგა ხანია სურდა, სულაც აღარ იყო საჭირო ვირის გადარჩენაზე ზრუნვა. „ჭას მიწით ამოვავსებ და მოხუც ვირსაც დავმარხავ“, _ გაიფიქრა ფერმერმა და მეზობლებს სთხოვა, ჭის ამოვსებაში დახმარებოდნენ.
მალე ჭის ამოვსებაც დაიწყეს. როდესაც ტანზე პირველი მიწის ნაგლეჯი დაეცა, ვირმა გააანალიზა, რომ მის თავს რაღაც ცუდი ხდებოდა და ღრიალს უმატა, თუმცა ათიოდე წუთში, ყველასდა გასაკვირად, გაჩუმდა.
ცოტა ხნის შემდეგ დაინტერესებულმა ფერმერმა ჭაში ჩაიხედა და გაოცდა. აღმოჩნდა, რომ ვირი მის ტანზე დაყრილ მიწას ძირს იფერთხავდა, შემდეგ ფეხებით ზედ დგებოდა და თანდათანობით მაღლა და მაღლა მოიწევდა. მართლაცდა, მალე ვირი ზემოთ აღმოჩნდა და ჭიდან ამოხტა“.
ცხოვრებაში უამრავი უსიამოვნო პრობლემა და დაბრკოლება შეგხვდებათ _ ნუ დაკარგავთ იმედს. და თუ ოდესმე „მიწის ნაგლეჯი თქვენს ტანზეც დაეცა“, გახსოვდეთ, რომ თქვენც შეგიძლიათ, სწორედ ამ მიწის ნაგლეჯის დახმარებით ერთი ნაბიჯით მაღლა ახვიდეთ და გაიმარჯვოთ.
ასე რომ, მოადგილეები მხოლოდ თანამდებობებს იცვლიან და საით გაემართებიან, ამას მომავალი აჩვენებს.

მაკა მოსიაშვილი