როგორ დავიცვათ თავი ცილისწამებისგან?

თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ცილისწამებაა. სამოქალაქო ლექსიკონის თანახმად, ცილისწამება არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა. აქედან გამომდინარე, ცილისწამების მსხვერპლი შესაძლოა, ნებისმიერი ადამიანი გახდეს, თუმცა დაკვირვება ნათელს ჰფენს, რომ ბოლო დროს ცილისწამებით, უმეტესად, სამთავრობო „ტროლები“ ან ის ადამიანები არიან დაკავებულნი, რომლებიც „ოცნების“ ამა თუ იმ ფრთასთან ასოცირდებიან.

სხვათა შორის, ცილისწამების ობიექტი ჩვენი გამოცემის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძეც გახდა _ ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა და ასევე იმ რამდენიმე პიროვნებამ, რომელიც სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილისგან იმართება, ელისო კილაძეს ცილი დასწამა, რომ იგი თითქოს მალხაზ მაჩალიკაშვილს აჯერებდა, პანსკისის სპეცოპერაციას, რა დროსაც მისი 19 წლის შვილი მოკლეს, გოგაშვილი ხელმძღვანელობდა და თითქოს ამის გამო გადაწყვიტა მაჩალიკაშვილმა გოგაშვილის მამის საფლავზე ტერორისტული აქტის მოწყობა. ეს ცილისწამება უბრალო ცილისწამებას სცილდება და უფრო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ანუ კონკრეტულმა ადამიანებმა „ქრონიკა+“-ის რედაქტორს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებაში დასდეს ბრალი. ამის გამო ელისო კილაძემ განცხადება მთავარ პროკურატურაშიც შეიტანა.
სხვათა შორის, 2004 წლამდე, მაშინ მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ცილისწამება და შეურაცხყოფა დანაშაულად მიიჩნეოდა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენისას საპატიმრო სასჯელსაც ითვალისწინებდა. 2004 წლიდან ცილისწამება დანაშაული აღარ არის. ამჟამად ცილისწამების საკითხები „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით არის მოწესრიგებული.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი ცილისწამებას განსაზღვრავს, როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველ და პირისთვის ზიანის მიმყენებელ, მისი სახელის გამტეხ განცხადებას. თუ ერთ-ერთი მათგანი მაინც არ იქნა წარმოჩენილი, კონკრეტული ქმედება ცილისწამებად ვერ დაკვალიფიცირდება.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მიხედვით, კერძო პირის ცილისწამებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობა დგება, თუ პირი დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება არსებითად მცდარ ფაქტებს შეიცავს უშუალოდ მის შესახებ და ამით მას ზიანი მიადგა. ეს ორი წინაპირობა _ მცდარი ფაქტებისა და ზიანის არსებობა _ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა კერძო პირის ცილისწამების განსაზღვრისთვის.
ამავე კანონის მე-14 მუხლით კი საჯარო პირის ცილისწამებისთვის პირის სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, თუ პირი დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება არსებითად მცდარ ფაქტებს შეიცავს უშუალოდ მის შესახებ, ამ ფაქტების გავრცელებით მას მიადგა ზიანი და ამ ფაქტის მცდარობა მოპასუხისთვის წინასწარ იყო ცნობილი (ან მოპასუხემ ისეთი დაუდევრობა გამოიჩინა, რამაც არსებითად მცდარი ფაქტების გასაჯაროება გამოიწვია).
როგორც კერძო, ასევე საჯარო პირის ცილისწამების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ფაქტი იყოს მცდარი. თუ პირის მიერ გამოთქმულია მხოლოდ აზრი, ასევე დაფიქსირებულია პოზიცია და ა. შ., ცილისწამება არ დადგება.
ცილისწამების შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება აქვს, სარჩელთან ერთად მოითხოვოს მიყენებული ქონებრივი ან არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. ასეთ დროს ზიანი პირდაპირ მიზეზობრივ კავშირიში უნდა იყოს ცილისწამების ფაქტთან.
აღსანიშნავია, რომ ცილისწამების კანონის შემოღებას ბევრი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს, თუმცა ხელისუფლება ასე არ ფიქრობს. ყოველ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე, ამის შესახებ განაცხადა:
„ძალიან კარგად ვიცი, რა თეორიული წინააღმდეგობა არსებობს ცილისწამების კანონს, რომელიც იცავს ადამიანის ღირსებას, და სიტყვის თავისუფლებას შორის. შეიძლება იყოს ასეთი დაპირისპირება და შეიძლება იყოს ერთის მიერ მეორისთვის სიტყვის შეზღუდვა. ეს არის ის, რაც კანონმა უნდა გაითვალისწინოს, რადგან მივიღოთ კანონი, რომელიც არ არღვევს არც ერთ პრინციპს და არც _ მეორეს. რაც გავიარეთ და არამხოლოდ ჩვენ, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. პრაქტიკულად, ძალიან ცოტა არის ქვეყანა, რომელიც არ განიცდის იგივე სიტუაციას და ცილისწამების გამძაფრებას, რადგან ეს ყველაფერი ადვილია. თუნდაც სოციალური ქსელები. ყველაფერი ეს ქმნის ისეთ ფონს, სადაც პასუხისმგებლობის განცდა ნაკლებია. მხოლოდ მედიაზე როცა იყო საუბარი, მედიას აქვს თავისი წესები, ქცევის წესი და, ამდენად, უფრო დაცულია მოქალაქე. როცა საქმე გვაქვს სოციალურ ქსელთან, რომელიც ზოგჯერ არის ანონიმური, ზოგჯერ არის სხვა ქვეყნის მიერ მართული და ძალიან ბევრი პროცესი მიმდინარეობს, მიმაჩნია, საჭიროა, ამ კუთხით ვიფიქროთ.
ხაზს გავუსვამ კიდევ ერთხელ: მე არ ვამბობ, რომ ვიცი, რა კანონი უნდა მივიღოთ ან მაინცდამაინც უნდა გადმოვიტანოთ. ამის მომხრე ნამდვილად არ ვარ, საფრანგეთი ვახსენე მხოლოდ იმიტომ, რომ ახლახან მიიღეს ამ ტიპის კანონმდებლობა, მაგრამ კარგად მესმის, ჩვენ არ ვართ იმ დონის. ჩვენი ვალდებულება არ არის, გადმოვიტანოთ და კოპირება გავუკეთოთ რომელიმე კანონს. უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა ჩვენი შესატყვისი რომელიმე ახალი კანონმდებლობა, რომელიც ორივეს შეათავსებს, ანუ მეტი დაცულობა იქნება ადამიანის ღირსებისა და ასევე არშეზღუდვა სიტყვის თავისუფლების, რომელიც ძალიან ღირებულია და ყველამ უნდა დავიცვათ“.

რას ემსახურება და როგორ დავიცვათ თავი ცილისწამებისგან? _ „ქრონიკა+“-ს ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების სპეციალისტი ნანა ჩარკვიანი ესაუბრა:

_ ცილისწამება, თუ რელიგიურად მივუდგებით, ერთ-ერთი უდიდესი ცოდვაა. დღეს, ლამის, მთელი ქვეყანა მორწმუნეა, მაგრამ ადამიანები ერთმანეთს მაინც ვწამებთ ცილს. ნანა, ასე რატომ ხდება?
_ არც კი ვიცი, ამ კონტექსტში როგორ გიპასუხო, თან ვინ დაადგინა, რომ მთელი ქვეყანა მორწმუნეა?
_ მთელი ქვეყნის მორწმუნეობაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ გამოკითხვებით ეკლესია ის ინსტიტუციაა, რომელიც ხალხის ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს.
_ მესმის, მაგრამ ან ის ვინ დაადგინა, რომ ადამიანი, რომელიც თავს მორწმუნეს უწოდებს, ვინმეს ცილს არ დასწამებს და უეჭველი ქრისტიანულად მოიქცევა?
ძალიან ბევრი „ფეისბუქპროფილი“ მინახავს ჯვრებითა თუ მოციმციმე ხატებით და, ამავდროულად, სხვის პოსტზე დადებული კომენტარებით: „ფუუ, რას ჰგააავს!“, „ეს ახლა არ უნდა აწამო?“
ჰოდა, აბა, კითხვის პირველ ნაწილზე როგორ გიპასუხოთ?
ახლა რაც შეეხება იმას, ადამიანები ერთმანეთს ცილს რატომ სწამებენ. როგორც ყოველთვის, ჯერ ცილისწამების განმარტება ვნახოთ და მერე უკვე ვიფიქროთ, რატომ სწამებენ ცილს.
დავიწყოთ იმით, რომ ცილისწამება _ ბერძნულად „დიაბოლოს“, ანუ ეშმაკი, წინასწარგანზრახვით დისკრედიტაციას ნიშნავს, რომელსაც ასაზრდოებს ბოროტება, სიძულვილი და შური…
როგორც წესი, ცილისმწამებელი ანადგურებს სხვა ადამიანის კეთილ სახელს საკუთარი ინტერესების გატარების მიზნით.
ამასთან, ცილისმწამებელს სიამოვნებას გვრის სხვისი პირადი ინფორმაციის სააშკარაოზე გამოტანა და საზოგადოების სენსაციით შოკირება.
ბრიტანელი მწერალი, ჟურნალისტი და პედაგოგი არტურ ჰენრი მი წერდა:
„ცილისწამება, რომელსაც ადამიანის დაღუპვა შეუძლია, უმრავლეს შემთხვევაში, ჭორით იწყება. ეს უდიდესი ბოროტებაა მსოფლიოში… ის ახასიათებს ადამიანებს, რომლებიც უსაქმურობენ და უმიზნოდ დაეხეტებიან ცხოვრებაში“.
ეს ციტატა ბევრის მთქმელია, არა?
_ დიახ.
_ აშკარაა, რომ თვითკმარი პიროვნება არასდროს დაკავდება არც ჭორითა და არც _ ცილისწამებით. ამისთვის მას არც დრო აქვს და არც _ სურვილი.
სამწუხაროდ, ჭორი და ცილისწამება ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს ჩვენს საზოგადოებაში და ანგრევს ოჯახებს, კარიერასა და რეპუტაციას.
_ ცილისწამებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის ზღვარი სად გადის?
_ ზღვარი ცილისწამებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის ძალიან მკაფიოა. თუ ჟურნალისტი იცავს ეთიკის ნორმებს და მის მიზანს საზოგადოების ინფორმირება იმ კუთხით წარმოადგენს, რომ დაანახოს ბოროტების ან სიკეთის სათავე, ის თავს უფლებას არ მისცემს, ჭორი გაავრცელოს და სხვას ცილი დასწამოს.
ხომ ნათელია, რომ პროფესიონალი ჟურნალისტი მხოლოდ გადამოწმებულ ფაქტებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას?! და თუ ასე არ არის, მაშინ ჟურნალისტს გაზრდა სჭირდება…
_ მხოლოდ ჟურნალისტების ნაწილი კი არა, ცილისწამებაზე უარს არც პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები ამბობენ ხოლმე. ასე, მაგალითად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მაშინდელი ოპოზიცია, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, უაპელაციოდ აცხადებდა, რომ, ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ადამიანის ორგანოებით ვაჭრობდა, ანუ არის თუ არა ცილისწამება პოლიტიკური პიარის ერთ-ერთი ხერხი?
_ სხვათა შორის, სანამ პირველ კითხვაზე გპასუხობდით, ეს მაგალითი მეც გამახსენდა და რადგან მიჭირს, მოკლედ გიპასუხოთ, იმით დავიწყებ, რომ ჯერ ერთი: ამის შეთითხნა შეეძლოთ მხოლოდ მედიცინაში გაუთვითცნობიერებელ ადამიანს ან ადამიანებს, რომელთა მიზანი, მხოლოდ და მხოლოდ, ყოფილი პირველი ლედის და ამის მეშვეობით მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციაც იყო;
მეორე: როგორც წესი, ცილისმწამებელი ავრცელებს ისეთი სახის ინფორმაციას, რომელიც მის მენტალობასთან ახლოსაა, ანუ თავად შეუძლია ამის ჩადენა, რადგან აზრად მოსდის და უშვებს ამ კონკრეტულ შესაძლებლობას.
მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანი ან ადამიანების ჯგუფი, ვინც ეს მოიფიქრა, ამას თავად სიამოვნებით ჩაიდენდა და ორგანოების ვაჭრობით ისე გამდიდრდებოდა, რომ ამ ფაქტის ეთიკურ მხარეზე დაფიქრება აზრადაც არ მოუვიდოდა.
რაც შეეხება ცილისწამებას, როგორც პოლიტიკური პიარის ერთ-ერთ ხერხს, კი ბატონო, ეს, მართლაც, გახლდათ უბინძურესი ხერხი, რომელიც საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა სხვადასხვა მიზეზით დაიჯერა: ზოგმა უმეცრების გამო, ზოგმა _ სენსაციის სიყვარულით, სხვებმა კი იმიტომ დაიჯერეს, რომ სიძულვილი ამოძრავებდათ.
მოკლედ, მიზეზი ბევრია, ოღონდ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ამ საშუალებას, არამცდაარამც, არ ამართლებს.
ზოგადად, ადამიანი ის კი არაა, რასაც საკუთარ თავზე ფიქრობს ან ის, რასაც მასზე სხვები ფიქრობენ, არამედ, ის გაცილებით რთული ორგანიზმია, უღრანი ფსიქოემოციური მაჩვენებლებით.
ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ერთი ადამიანი მეორეს კი არა, საკუთარ თავსაც არ იცნობს ხუთი თითივით. სწორედ ამიტომ მის შესახებ ყველაზე უკეთ მეტყველებს არა მისი გამონათქვამები, არამედ მისი ქმედებები და დამეთანხმებით, რომ ცილისწამება ნამდვილად არ არის კეთილშობილური ქმედება. ის ამაზრზენია!
ამ სულელური და ბინძური ცილისწამების გამავრცელებლებმა, ალბათ, იცოდნენ, საზოგადოების ცნობიერებაზე უფრო უკეთ და ღრმად რა იმუშავებდა.
ცნობილია, რომ ადამიანები უფრო ხალისიანად და აქტიურად ურთიერთგაცვლიან უარყოფით ინფორმაციას, ვიდრე _ დადებითს, თანაც ადამიანები უფრო მიდრეკილნი არიან კრიტიკისკენ, ვიდრე _ ქებისკენ.
ხალხს მეტად იზიდავს სენსაციური და შოკისმომგვრელი ამბები. რაც მეტია სკანდალი, მით მეტი ყურადღებით უსმენს საზოგადოება მას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლებად გვაღელვებს მოცემული ინფორმაციის უტყუარობა და გავრცელებული მითქმა-მოთქმის შედეგი…
ამას გარდა, ჩვენ, ადამიანები, ცნობისმოყვარე არსებები ვართ და არ გვასვენებს მწველი ინტერესი სხვების საიდუმლოებების მიმართ. აბა, რა არის ცხოვრება საიდუმლოებების გარეშე? _ ფიქრობენ ასეთი ადამიანები და თუ საქმის კურსში არ არიან, ეჩვენებათ, რომ ცხოვრებამ გვერდით ჩაუარათ.
ჰოდა, დაცქვეტილი აქვთ ყურები, რომ ღმერთმა არ ქნას, არ გამორჩეთ, ვინ გაიდიდა უკანალი და ვის გაჰყვა ცნობილი ტრანსგენდერი.
ამ ადამიანურ სისუსტეებს ჩინებულად იყენებს ყვითელი პრესა და ფულსაც გამოიმუშავებს.
ჯერ კიდევ 1730 წელს ბენიამინ ფრანკლინმა, რომელმაც ელიტური ქრონიკისთვის მასალების წერა დაიწყო, აღმოაჩია, რომ ყველაზე უკეთ იყიდებოდა… ჭორი!
კიდევ ერთი ფაქტორი ისაა, რომ თითოეულ ჩვენგანში თვლემს „მწერალი-ფანტასტი“, რომელსაც შეიძლება, სრულიად უადგილოდ და უდროოდ გაეღვიძოს და შემოქმედებას მიჰყოს ხელი!
მეტი ეფექტისთვის გააზვიადოს ფაქტი, მიაწეროს ზედმეტი, შეალამაზოს, დაამახინჯოს და ასე იქცევა ბუზი სპილოდ. ჰოდა, მოხედვასაც ვერ მოვასწრებთ, ისე გადაიქცევა თითქოს უწყინარი ჭორი მავნე ცილისწამებად.
ამა თუ იმ ადამიანის საიდუმლობები საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოდის და მისი რეპუტაციაც სამარდება!
ცილისწამება შეგვიძლია შევადაროთ თიხის გუნდების სროლას თეთრი კედლისთვის _ რომც არ მიეწებოს, ჭუჭყიან კვალს მაინც დატოვებს. ესაა ცილისწამების, როგორც პოლიტიკური პიარის ერთ-ერთი ამაზრზენი ხერხის მუშაობის მექანიზმი.
ადამიანისთვის ცილის დაწამება დღეს ძალიან იოლად შეიძლება და ინტერნეტის წყალობით, სწრაფადაც. სწორედ ამით არიან დაკავებული ტროლები. მოისაქმებენ უცბად სოციალურ ქსელებში და ჰოპლა, შეხტებიან ვირტუალურ ბუნაგში, არადა, როგორ შურთ მისი, ვისაც ცილი დასწამეს.
საერთოდ, ალბათ, სასარგებლოა ვიცოდეთ, რომ ცილისმწამებელი არის ადამიანი, ვისაც უნარი არ შესწევს, იყოს ბედნიერი და უხაროდეს სიცოცხლე. ეს უკვე სასჯელია!
_ ნანა, თრგუნავს თუ არა ცილისწამება ადამიანს ან შეიძლება თუ არა ცილისწამებით პიროვნების დაზომბირება?
_ ცილს რომ დაგწამებენ, ცხადია, ეს სასიამოვნო არ არის.
რაც შეეხება ზომბირებას, შეკითხვის არსი ცოტა ვერ გავიგე, ამიტომ ისე გიპასუხებთ, როგორც გავიგე:
თუ საუბარი იმ ადამიანის ზომბირებაზეა, რომელსაც ცილს სწამებენ, ყველაფერი დამოკიდებულია პიროვნულ სიძლიერეზე, ფსიქიკურ მდგრადობაზე, თვითკმარობაზე, ზოგადად, ამ პიროვნების შინაგან კონსტრუქციაზე.
აქვე უპრიანი იქნება, გავიხსენოთ ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიების მეტროპოლიისგან დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი თომას პეინის რჩევა:
„ცილისწამება მანკიერებაა, რომელსაც უცნაური თვისებები აქვს: მისი მოკვდინების მცდელობით თქვენ მას აცოცხლებთ, დაივიწყეთ იგი და თავად მოკვდება“.
ასე რომ, რეცეპტი კი მარტივია, მაგრამ, ვიმეორებ, ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის შინაგან ორგანიზაციაზე.
ამასთან, კიდევ გეტყვით, რომ ცილისმწამებლები, განსაკუთრებით ისინი, რომელთაც ხელში მართვის სადავეები უპყრიათ, ჩვეულებრივ, მორალის კითხვას იწყებენ ხოლმე და ზნეობის დამცველებად გვევლინებიან, რადგან სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ ზნეობრივი, წესიერი, პატიოსანი ადამიანების მასა, რომელიც კეთილსინდისიერად ცხოვრობს და თუ დრტვინავს კიდეც მორიდებით და კულტურულად.
ასე რომ, ცილისმწამებლებისთვის ნამდვილად საშინელი დისკომფორტია, როცა მათ ღიად, საჯაროდ და მოურიდებლად ვინმე აგინებს და ლანძღავს, ვინაიდან არგუმენტის მოშველიება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ადამიანი ფაქტებზე დაყრდნობით გელაპარაკება, ხოლო თუ, უბრალოდ, „ნათესაობას გიფორიაქებთ“, აბა, ამას რა უნდა დაუპირისპიროთ?
_ ისე, ჭორი ცილისწამებისგან რით განსხვავდება?
_ ცილისწამებაც ჭორზეა აგებული და უმთავრესი განსხვავება ისაა, რომ ცილისწამება გახლავთ სრულებით ცრუ, პიროვნების რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის განზრახ გავრცელება მისი დისკრედიტაციის მიზნით, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ესაა იარაღი, რომელიც მიმართულია ინდივიდის განადგურებისკენ.
ახლა უფრო ადამიანურად გეტყვით: მაგალითად, თუ იცით, რომ მე არ ვიღებ ქრთამს, მაგრამ მივრცელებთ ინფორმაციას, რომ თითქოს მექრთამე ვარ, ესაა ცილისწამება, მაგრამ თუ, ვთქვათ, ვიღაცამ გითხრათ, რომ მე ქრთამს ვიღებ და თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, რეალურად, ეს მართალია თუ ტყუილი და მაინც მადანაშაულებთ მექრთამეობაში, ესაა ჭორი, რომელსაც აჰყევით ან ინფორმაციის ნაკლებობის ან გულუბრყვილობის ან, ზოგადად, „სპორტული ინტერესის“ გამო.
_ მას, ვინც მუდმივად ცილს სწამებს, კომპლექსები აქვს?
_ კომპლექსები ყველას აქვს, განურჩევლად სქესისა, ასაკისა და აღმსარებლობისა.
ცილისმწამებელს, უბრალოდ, თავისი მკაფიოდ გამოხატული კომპლექსები აქვს. უმთავრესად კი ამოძრავებს სიძულვილი ან მეტოქის გზიდან ჩამოშორების სურვილი თუნდაც ბინძური მეთოდებით.
უმთავრესი კი, რის გამოც ცილისმწამებელი საბრალოა, ისაა, რომ იგი არ არის თვითკმარი, ზრდასრული, მიუხედავად ასაკისა და არასოდეს არის ბედნიერი.
ის ხედავს, რომ მეტოქე მასზე ძლიერია, ჭკვიანია, ლამაზია და ა. შ. იმის ნაცვლად, რომ თავადაც გაიზარდოს, გახდეს დიდი ბიჭი ან გოგო, ამჯობინებს, ლაფი ესროლოს ცილისწამების ობიექტს, გაანადგუროს და მოსპოს მისი რეპუტაცია.
_ როგორ შეიძლება დავიცვათ თავი ცილისწამებისგან ისე, რომ ამან ჩვენი ფსიქიკა არ დაანგრიოს?
_ მხოლოდ ცილისწამების „დაკიდებით“, რადგან ენას ძვალი არ აქვს.
ყოველთვის მოიძებნება ადამიანების ჯგუფი, ვინც ყველაზე დიდ აბსურდსაც ჭეშმარიტებად მიიჩნევს და სკანდალს თუ სეირს დახარბებული გააზიარებს კიდეც.
_ საჭიროა თუ არა ცილისწამებაზე პასუხის გაცემა თუ თავის მართლება ერთგვარად იმის აღიარებას ნიშნავს, რომ რასაც გვაბრალებენ, მართალია?
_ ცილისწამება ეფექტიანი სწორედ იმიტომ არის, რომ ცილდაწამებულისგან თავის მართლებას მოელის და ასევე მოითხოვს.
გარდა ამისა, საკმარისია მის უგულებელყოფას შეეცადო, რომ ის უფრო მეტ დატვირთვას და მნიშვნელობას შეიძენს. ამიტომ ერთ-ერთი სწორი გზა მისი გაუფასურებაა, რაც უყურადღებობით მიიღწევა.
თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ცილისწამებას, როგორც კონკურენტის დამარცხებისა და მიწასთან გასწორების მცდელობას, ხშირად მიმართავენ ადამიანები, პარტიები და რეჟიმები, თვალსაჩინო ხდება, რომ თავის მართლებას დადებითი შედეგი არ მოაქვს.
არის ცილისწამების დამარცხების სხვა გზაც _ სარჩელის შეტანა სასამართლოში. უბრალოდ, ამ შემთხვევაში ძალიან ძნელია იმის დოკუმენტურად დადასტურება, რომ ცილისმწამებელი წინასწარ განზრახვით მოქმედებდა.
_ სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ცილისწამება სისხლის სამართლის დანაშაული უნდა გამხდარიყო. მართალია, ამ კანონპროექტმა კანონის სახე ვერ მიიღო, მაგრამ ნანა, თქვენი აზრით, ცილისწამების კრიმინალიზაცია გამართლებულია? და, საერთოდ, როგორია ცილისწამების ანატომია?
_ სამწუხაროა, რომ კანონის სახე ვერ მიიღო, ეს ბევრ ადამიანს გადაუჭრიდა პრობლემას.
მაგალითად, ჩემი მოკრძალებული აზრით, მალხაზ მაჩალიკაშვილთან მიმართებითაც, დიდი ალბათობით, სწორედ ცილისწამებაა გამოყენებული ბრძოლის იარაღად, რადგან სხვა მექანიზმი ვერ გამონახეს მის გასაჩუმებლად, ვერ იყიდეს, ვერ დააშინეს, ვერ გააჩერეს. ჰოდა, რა ქნას ამ უმწეო ხელისუფლებამ?
რაც შეეხება ცილისწამების ანატომიას, მოკლედ მოგახსენებთ:
ჭორი და „დანოსი“ რომ ჯერ კიდევ ძველ რომში ასრულებდა თავის ბნელ საქმეს, ცნობილია.
უფრო ახლოს თუ გადმოვინაცვლებთ, გვახსოვს, რა ამბებიც დატრიალდა სსრკ-ში 30-იან წლებში, როცა ცილისწამებით უამრავი ადამიანი მოხვდა მიწასა თუ გულაგში.
ისტორიას შემორჩენილია ცილისწამების აღმოფხვრის რამდენიმე მაგალითი და ამაზეც მოკლედ გეტყვით:
მაგალითად, დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთ ტომში ცილისმწამებელს ტუჩებს აჭრიდნენ და სიკვდილით სჯიდნენ;
ინდიელი სემინოლები აშშ-ში ცილისწამებას ათანაბრებდნენ სიცრუესა და ქურდობასთან;
ინგლისსა და გერმანიაში, მე-15 საუკუნიდან მე-18-ის ჩათვლით, ცილისმწამებელს სირცხვილის სკამზე სვამდნენ, ზედ აბამდნენ და წყალში აყურყუმელავებდნენ;
1960 წელს აშშ-ში გაიხსნა ისეთ ჭორებსა და ცილისწამებასთან ბრძოლის ცენტრები, რომელსაც შეეძლო, სახელმწიფო უსაფრთხოების დაზარალება.
ამავე მიზნით მიიღეს რიგი კანონებისა, ფინანსური ორგანიზაციებისთვის ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილების მიზნით.
ამ მაგალითების მიუხედავად, როგორც ხედავთ, ცილისწამება ყვავის და ახალ ფორმებს იძენს.
ცილს არ დაგწამებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიაჩნიათ, რომ შენთვის აბსოლუტურად სულერთია, გამოგიქვეყნებენ თუ არა სექსვიდეოს „იუთუბზე“ ან დაგაბრალებენ თუ არა გვირაბის გათხრას ახლა უკვე მუმბაიმდე.
მოკლედ, თუ იციან, რომ „მაგრად გახატია“, ცილს არ დაგწამებენ!
_ შეიძლება თუ არა ცილისწამებით ადამიანის შეშლილობის ზღვრამდე მიყვანა?
_ დიახ, შეიძლება, თუკი ადამიანს სუსტი ფსიქიკა აქვს ან მეგობრებისა და ახლობლებისგან მხარდაჭერას ვერ გრძნობს.
_ ცილისწამება აგრესიის ფორმაა?
_ კი, ცილისწამება აგრესიის ფორმა თუნდაც იმიტომ არის, რომ ცილდაწამებულის განადგურებას ისახავს მიზნად.
რა რეაქცია გექნება, ეს უკვე შენი გადასაწყვეტია. ასეთ შემთხვევებში ყოველთვის სჯობს, მოკვდე… სიცილით!

გიორგი აბაშიძე