ჰერმან საბო: „პოლიტიკოსები არჩევნებს, როგორც ბიზნესს, ისე უყურებენ“

„მინდა, საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო ყოველდღიურად, ინფორმაცია მივაწოდო იმის შესახებ, თუ რა სისულელეებს აკეთებენ პარლამენტარები“, _ აცხადებს „ქრონიკა+“-თან „გირჩის“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ჰერმან საბო.
ორიგინალურობა „გირჩისგან“ აღარავის უკვირს.

რა პოლიტიკური ფასის გადახდა უწევთ თავიანთი სტილის გამო? რა განაპირობებს მათ ეპატაჟურობას? რას ჰპირდება ჰერმან საბო თავის ამომრჩეველს და როგორ აფასებს საკუთარ შანსებს?
აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ „გირჩის“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ჰერმან საბოს ესაუბრა:

_ ჰერმან , ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობისთვის პოლიტიკა ნაკლებად პოპულარული საქმეა. რა იყო პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მოტივაცია თქვენთვის?
_ ახალგაზრდების მხრიდან ამ დამოკიდებულების წყარო, ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში, საბჭოთა კავშირია. როდესაც ადამიანებს ორმაგი მორალი ჰქონდათ, ერთი მორალის მიხედვით ერთმანეთთან ურთიერთობისას რაღაცები „მოსული“ იყო, რაღაცები _ არა. მეორე მორალი კი საჯარო გახლდათ, როცა ყველამ იცის, რომ ტყუილია, მაგრამ თითქოს საკუთარ თავს აჯერებდნენ, რომ სიმართლეა და ტყუილი მოსულა პოლიტიკოსისთვის. სწორედ ამან შექმნა ის ილუზია, რომ პოლიტიკოსისთვის ტყუილი შეიძლება, ბუნებრივია და ის არ უნდა იქცეოდეს, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, მას ისეთი რაღაცები ეპატიება, რაც ამორალურად მიგვაჩნია. ამის გამო ახალგაზრდებს ჰგონიათ, რომ პოლიტიკა არის ბინძური საქმე, არადა, სინამდვილეში, სამყაროში არც ერთი საქმე თავისი შინაარსით არ არის არც ბინძური და არც სუფთა. გააჩნია, როგორი ადამიანი აკეთებენ მას. საკვები შეიძლება იყოს ბინძური და შეიძლება იყოს გემრიელიც, გააჩნია, როგორ გააკეთა მზარეულმა. ზუსტად ამ შეხედულებას ვიცავდი, უნივერსიტეტიდან მოყოლებული, _ თუ პოლიტიკა ბინძურად მიგაჩნიათ და არ მოგწონთ, მაშინ მოდით და ისეთი გააკეთეთ, როგორიც სწორი და სუფთა გგონიათ.
საბოლოო ჯამში, ბევრი სფერო კი მოვიარე, მაგრამ ბოლოს „გირჩის“ შექმნის დღიდან მოვხვდი „გირჩში“, ჩვენს უკვე ცნობილ სპიკერებთან ერთად ვაკეთებ „გირჩს“ თითქმის მე-4 წელია და რაღაც წამს გადავწყვიტეთ, რომ, მეტ-ნაკლებად, მზად ვარ საჯარო სპიკერობისთვის და რაღაც თემებზე, რაც სწორი მგონია, საჯარო საუბრისთვის. ეს გახდა ჩემი მოტივატორი. ამას დაემთხვა მთაწმინდის არჩევნები, რაც კარგი „ბუსტი“ (გაძლიერება, _ რედ.) იქნებოდა ახალი სახისთვის, რომ ტელევიზიები ყურადღებას მომაქცევდნენ და უარს არ იტყოდნენ ჩემ მიწვევაზე.
_ როგორ ფიქრობთ, რა ტიპის პოლიტიკოსებს ითხოვს დღეს ქართული საზოგადოება?
_ ჩემი აზრით, ქართულ პოლიტიკაში ისეთი პოლიტიკოსების ნაკლებობაა, რომლებიც ხალხისთვის გასაგები მორალით, გასაგებ ენაზე, ყველანაირი თვალთმაქცობის გარეშე ისაუბრებენ გარკვეულ თემებზე. როგორც ოჯახშია დამოკიდებულება, რომ ტყუილი არ „მოსულა“, სიტყვა სიტყვაა და ა. შ., როგორც ოჯახშია შეთანხმებული და ნებაყოფლობითი ურთიერთობები, ზუსტად ასეთივე ღირებულებების პოლიტიკოსებზეა ახლა მოთხოვნა.
მოსახლეობასთან საუბრის საშუალება გვაქვს და მას ნელ-ნელა ვარწმუნებთ, რომ, სინამდვილეში, ყველაზე მორალური, სწორი და ადამიანური პოლიტიკის გამტარებლები ჩვენ ვართ. იმის დასტური, რომ ჩვენ ადამიანებს ამაში ვარწმუნებთ, ისიც არის, რომ 0.2%-იანი პარტიიდან დღეს უკვე 2.5%-იანი პარტია ვართ. ახლა არჩევნებზე იმედი გვაქვს, რომ ბევრად უკეთესს შედეგს დავდებთ.
_ რა არის დღეს ქართველი ახალგაზრდების მთავარი გამოწვევა?
_ ალბათ, უმთავრესია განათლება. ამ შემთხვევაში სახელმწიფო კრუხად აზის განათლების სისტემას და ამბობს, რომ ვიღაც ბიუროკრატებს განათლება რაც ჰგონიათ, სწორედ ის არის. ამის დასტურია განათლების სამინისტრო, რომელიც ერთ დიდ სკოლად არის ქცეული, განათლების მინისტრი _ დირექტორად ზის და რაღაც დირექტივებს გასცემს. ჩვენ ამის შეცვლა გვინდა და „გირჩის“ სკოლა ამ მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ამას აუცილებლად ბოლომდე განვახორციელებთ. ასევე ახალგაზრდების მთავარი პრობლემაა ნიჰილიზმი და უპერსპექტივობის განცდა. ამის შეცვლას რამდენიმე პროექტით ვაპირებთ. ერთი მიმართულებაა _ „ჩემი სხეული ჩემია“ _ ახალგაზრდებს აწუხებთ ამ სლოგანში გაერთიანებული თემები: მაგალითად, ნარკოტიკები… ვხედავთ, რომ გამკაცრებულმა ნარკოპოლიტიკამ შედეგი არ გამოიღო. ახალგაზრდებს ქუჩაში აჩერებენ, ჩხრეკენ, ადრე აშარდვინებდნენ კიდეც, ჩვენი დამსახურებით კი ეგ ამბავი მორჩა. ასევე ახალგაზრდების პრობლემაა ის, რომ საბჭოთა კავშირის შემდეგ არ მომხდარა წესიერი პრივატიზაცია და ჩვენ იმდენად ღარიბები ვართ, ახალგაზრდები, უბრალოდ, ვერ ხედავენ თავიანთ გასაქანს ქვეყანაში. ამის აღმოფხვრა გვინდა. პრივატიზაციის ჩვენი პროექტის განხორციელებას, რომელიც მთელ ქვეყანას მოიცავს, წინაპირობების შესრულება სჭირდება, რის მერეც ქართველი ახალგაზრდობა საქართველოში არსებული მესაკუთრეების ახალი კლასი გახდება. მას ექნება რესურსი, რომლითაც საკუთარი ცხოვრების მოწყობას შეძლებს. ეს არის ის მთავარი მიმართულებები, რაც ახალგაზრდებს აწუხებთ დღეს საქართველოში.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ განათლების პრობლემა ყველაზე აქტულურია, რატომ არ აპროტესტებენ ახალგაზრდები ამ მიმართულებით შექმნილ მძიმე მდგომარეობას?
_ წარმოიდგინეთ, ერთი საშუალო სტატისტიკური ახალგაზრდის ცხოვრება: მას ბაღიდან, სკოლიდან, შემდეგ წლებში კი მთელი მისი გაცნობიერებული ცხოვრების მანძილზე რაღაც ტიპის გამრუდებულ მორალსა და აზროვნებას „უდებენ“ თავში. მას იმის წარმოდგენაც კი არ შეუძლია, რომ განათლება სხვანაირი შეიძლება იყოს. როდესაც „გირჩამდე“ არავის უსაუბრია ამაზე, რომ, მაგალითად, გაუქმდეს განათლების სამინისტრო, რომელიც ცენტრალიზებული დირექტივებით მართავს ყველა სკოლას, უბრალოდ, ახალგაზრდების უმრავლესობისთვის წარმოუდგენელია, რომ არსებობს ალტერნატივა. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდები ნაკლებად აქტიურობენ, თუნდაც სკოლის მოსწავლეები. ჩვენი აზრით, გამოსავალია რაიმე პრეცედენტის შექმნა და ამ თემაზე საჯაროდ ბევრი საუბარი, რომ ახალგაზრდებს დავანახვოთ: თუ რამე არ მოგწონთ სკოლაში, ამაზე უნდა ილაპარაკოთ. სხვა გამოსავალი არ გაგვაჩნია.
_ ახალგაზრდები ნიჰილისტურად არიან განწყობილი არჩევნების მიმართაც, თქვენ რას გააკეთებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდებს არჩევნებზე მისვლის მოტივაცია ჰქონდეთ?
_ ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც მე არჩევნებში მონაწილეობით ვაკეთებ, არის ის, რომ კონტრაქტი დავანახვო ახალგაზრდებს. მათ ბუნებით კი არ აქვთ პოლიტიკის მიმართ ნიჰილიზმი გამოყოლილი, არამედ ეს რაღაც მოცემულობის შედეგია. აღნიშნული მოცემულობა კი ჩაკეტილი წრეა, _ არჩევნებზე დადიან უფროსი თაობის წარმომადგენლები. პოლიტიკოსები არჩევნებს, როგორც ბიზნესს, ისე უყურებენ და ისეთ დაპირებებს გასცემენ, რომლითაც მეტი უფროსი თაობის წარმომადგენლის მიყვანას შეძლებენ. სწორედ ამ წრის გარეთ დარჩნენ ახალგაზრდები. ახლა „გირჩისა“ და ჩემი არსებობით, მინიმუმ, პრეცედენტს ვქმნით, რომ მხოლოდ ასეთი არ არის პოლიტიკა. ამ პრეცედენტის დამსახურებაა, რომ „გირჩის“ ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი ახალგაზრდაა. ბუნებრივად შევქმენით ასეთი სტრატეგია, ვხუმრობთ კიდეც „გირჩში“, _ ჩვენ გადმოვიბირებთ ხოლმე შვილებს და შემდეგ ისინი თვითონ არიან ჩვენი ელჩები თავიანთ ოჯახებში. ისინი ოჯახის წევრებს უხსნიან, რატომ უნდა მისცენ „გირჩს“ ხმა.
_ „გირჩის“ ეპატაჟურობიდან გამომდინარე, უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის, გარკვეული კუთხით, მიუღებელია თქვენი ხედვები. მაინტერესებს, რა განაპირობებს თქვენს ეპატაჟურობას და რა პოლიტიკურ ფასს იხდით ამაში?
_ ჩვენი ასეთი ქცევა ორმა ფაქტორმა განაპირობა: იმის გამო, რომ „გირჩს“ საკუთარი მედიაწყარო არ გააჩნია, ჩვენ ძალიან მწირად გვაშუქებს მთავარი მედია გამოცემები, ერთადერთი გზა ყურადღების მისაქცევად არის რაიმე ისეთის გაკეთება, რომლის შემდეგაც მედია იძულებული იქნება, გაგვაშუქოს. ასევე ადამიანებისთვის რამის ასახსნელად მათი კომფორტის ზონიდან გამოყვანაა საჭირო, თუ საზოგადოებას რაღაც თემაზე, „გირჩის“ აზრით, არასწორი წარმოდგენა აქვს და „გირჩს“ სურს, ამაზე ბევრი ვისაუბროთ, ასეთ დროს შოკური თერაპია ხანდახან შეიძლება ეფექტიანი იყოს. მოკლევადიან პერსპექტივაში ასეთ ქმედებებს უკუდარტყმაც აქვს ხოლმე, რაც გამოიხატება ჩვენს რეიტინგში, მაგრამ გვგონია, რომ გრძელვადიანი კუთხით სწორი სტრატეგიაა იმ მხრივ, რომ ბევრ თემაზე, რომელიც სალაპარაკო გვგონია, ამ გზით მოვახერხებთ ადამიანების „შენჯღრევას“.
_ შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველს რას ჰპირდებით?
_ იმის გამო, რომ ერთი ადამიანი უნდა შევიდეს პარლამენტში, ჩვენგან კონკრეტული დაპირებები: გზას გავაკეთებთ, კანონპროექტს გავიტანთ და ა. შ., ტყუილი იქნებოდა, რადგან ვიცით, რომ ტექნიკურად შეუძლებელია და არც იმის შანსია, რომ 149 პარლამენტარი დავარწმუნო ჩემი შეხედულებების სისწორეში. ჩემი მემარცხენე ოპონენტები ამბობენ, გავამწვანებთო და ა. შ. ეს მგონია ან საკუთარ თვალში, ან ამომრჩევლის თვალში ნაცრის შეყრა. თან ამომრჩევლებთან სიარულისას, როდესაც იმას ვეუბნებით, რაც ახლა თქვენ გითხარით, ისინი ამას ხვდებიან და გვეუბნებიან, _ კარგია, რომ დაპირება არ დაიწყეთ და პირდაპირ გვითხარით, რადგან დაპირებებს არ დაგიჯერებდითო. თუ პარლამენტში მოვხვდი, მთელი საქართველოს მოსახლეობას ერთადერთს ვპირდები: იმას გავაგრძელებთ, რასაც „გირჩი“ აქამდე აკეთებდა, ახლა უკვე უფრო დიდი ტრიბუნით, ნაკლები ეპატაჟურობითა და შინაარსზე მეტი საუბრით, _ ეს გასაგებია. ამომრჩეველს ასევე ვპირდები, ყოველდღიურად პარლამენტარები სისულელეებისა და ერთმანეთთან ჩხუბის პარალელურად, პატარ-პატარაზე გვართმევენ რაღაც თავისუფლებებს, ხან გვეუბნებიან, რომ ტაქსი მხოლოდ თეთრი უნდა იყოს და ა. შ. ამ სულელური კანონების გატანას ძალიან ძვირს დავუჯენ თითოეულ პარლამენტარს იქ კამათითა და საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებით. ამის პარალელურად, ადამიანურ ენაზე, ყოველდღიურად ვეცდები, რეპორტინგი გავაკეთო და ადამიანებს ავუხსნა, რა ხდებოდა პარლამენტში იმ თემების გარდა, რაც მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მინდა, საზოგადოებას ყოველდღიურად ინფორმაცია მივაწოდო იმის შესახებ, თუ რა სისულელეებს აკეთებენ პარლამენტარები. ამ მიმართულებით მინდა, ხალხის ჩართულობა გავზარდო. ეს ორი რამ იქნება, რასაც პარლამენტში გავაკეთებ. ამის იქით უკვე მგონია, რომ ადგილზე ოპერირებით საინტერესო რაღაცებს მოვიფიქრებთ, როგორც „გირჩი“ აკეთებს ხოლმე.
_ როგორია ხალხის განწყობა და რა შედეგს ელოდებით?
_ თითქმის ყოველდღე, დილიდან საღამომდე, დავდივართ მთაწმინდაზე, ლესელიძეზე, ოქროყანაში, სოლოლაკში. მე, ზურა ჯაფარიძე და ჩემი მეგობრები ველაპარაკებით ადამინიანებს. ასევე დადიან ჩემი მისიონერები და არიგებენ ჩვენს წერილს, სადაც ვეცადეთ, მოკლედ აღგვეწერა, რა გვინდა საერთოდ პოლიტიკისგან და რას ველოდებით ამ ყველაფრისგან. არ მოველოდი ასეთ კარგ განწყობას. მართლა გული აქვთ აცრუებული დიდ პარტიებზე. მნიშვნელოვან ფაქტორს თამაშობს ისიც, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი კანდიდატურა არ ჰყავს მთაწმინდაზე. მათ ამომრჩეველთან უფრო იოლია საუბარი, ვეუბნებით, რომ მათ არ ჰყავთ კანდიდატი და იქნებ, ჩვენ დაგვიჭირონ მხარი. ამით ძალიან ბევრს ვარწმუნებთ. „ოცნების“ ამომრჩეველი ვინც იყო აქამდე, იმათ მარტივი ლოგიკით ვუდგებით, _ „ოცნებას“ 107 დეპუტატი ჰყავს, 108-ე ეყოლებათ თუ არა, ეს ბევრს არაფერს ცვლის. მათ ვუხსნით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის პარლამენტში მოხვედრა. ადამიანურად ველაპარაკებით და ეს ყველაზე მეტად მოსწონთ. ალბათ, მთაწმინდაზე პირველ ტურს ვერავინ მოიგებს, მაგრამ მეორე ტურში მოსახვედრად ყველაფერს გავაკეთებთ და ამის წინაპირობებიც არის.

ნენე ინჯგია