იაგო ხვიჩია: „გირჩის“ ოფისში იმისთვის არავინ მოვა, აი, სექსი მინდაო“

მართალია, „მამიდა“ „სვაბოდაზე“ 30-ათასიანი გირაოს სანაცვლოდ გამოვიდა, მაგრამ როენა ხუცურაულის ორდღიანმა დაპატიმრებამ პოლიტიკურ გაერთიანება „გირჩს“, ცოტა არ იყოს, ეროტიკული ფანტაზია გაუღვიძა _ საკუთარ ოფისში საროსკიპო „პიონერი“ გახსნა, რომლის მთავარი სპონსორიც სექსშოპი „კიკუა“. თუ პარტნიორი გყავთ და „ბაითი“ ვერ გიშოვიათ, მაშინ შეგიძლია, „გირჩის“ საროსკიპოს მიაკითხოთ და სხვადასხვა სექსატრიბუტით აღჭურვილი ოთახი 49 ლარად და 90 თეთრად დაიქირავოთ.

ხუმრობა იქით იყოს და, საროსკიპოს გახსნით „გირჩმა“ კანონი დაარღვია, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის თანახმად, პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის დათმობა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით, 3-დან 6 წლამდე. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
რას ემსახურება „გირჩის“ საროსკიპო? _ ამ კითხვით „ქრონიკა+“-მა აღნიშნული პოლიტიური გაერთანების ერთ-ერთ ლიდერ იაგო ხვიჩიას მიმართა. როგორც რესპონდენტმა განგვიმარტა, საროსკიპოს გახსნა ერთგვარი პერფორმანსია, რომლის მიზანიც პროსტიტუციის ლეგალიზებაზე საჯარო დისკუსიის გახსნაა.
სხვათა შორის, „გირჩი“, პრინციპში, ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც სექსმუშაკების უფლებებზე ხმამაღლა საუბრობს. სწორედ ამ მიზნით, ორი წლის წინ, 2017 წლის 24 ივნისს, გირჩელებმა პროსტიტუციის ლეგალიზაცია მოითხოვეს და განაცხადეს, პროსტიტუციის ლეგალიზაცია ტრეფიკინგის საუკეთესო პრევენციააო.
როგორც იაგო ხვიჩიას საუბრიდან ირკვევა, „გირჩს“ პოზიცია არც ახლა შეუცვლია და საროსკიპო „პიონერის“ გახსნით სექსის ინდუსტრიაში დასაქმებულთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის პედალირებას ცდილობს.

საინტერესო დეტალი: „გირჩის“ საროსკიპოში წითელი ფერი დომინირებს. საწოლის სიახლოვეს, კედელზე კი საბჭოთა კავშირის დროშაა გაკრული. რა კავშირი აქვს ბოლშევიკურ ნამგალსა და უროს საროსკიპოსთან? _ ამ კითხვაზე პასუხს იაგო ხვიჩიას წინამდებარე ინტერვიუდან შეიტყობთ.
მაშ, ასე: თუ „+18“ ხართ, შეგიძლიათ, კითხვა დაიწყოთ!

_ „გირჩისთვის“ ინოვაციები და გიჟური იდეები უცხო ნამდვილად არ არის, მაგრამ იმას, რაც ახლა გააკეთეთ, მაინც არავინ ელოდა _ საკუთარ ოფისში საროსკიპო გახსენით, რომლის ოფიციალური სპონსორი სექსშოპი „კიკუა“. იაგო, „პიონერის“ გახსნა რას ემსახურება და, საერთოდ, ეს იდეა რატომ გაგიჩნდათ?
_ ჯერ ერთი, როცა რამეს ვაკეთებთ, გვგონია, რომ ეს ძალიან ჩვეულებრივი და ბუნებრივია, თუმცა საზოგადოებას გიჟურად ეჩვენება. არადა, ჩვენს თავს გიჟებად არ ვთვლით.
მეორეც, საროსკიპოს გახსნა ახლა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ თემა აქტუალური გახდა _ როენა დაიჭირეს და საზოგადოებაში „პროსტიტუტკებისა“ თუ პროსტიტუციის პრობლემაზე დაიწყო საუბარი. შესაბამისად, იმის ბუნებრივი დრო დადგა, რომ პროსტიტუციის ლეგალიზების საკითხი ისევ წამოგვეჭრა.
სხვათა შორის, ეს საკითხი პირველად 2017 წელს წამოვწიეთ, მაგრამ თემა არ „აიწია“ _ ეს ამბავი მაშინ საზოგადოებისთვის საინტერესო არ გახდა. ახლა კი შანსი დავინახეთ და ის საკითხი, რომელიც გვაწუხებს და რომელზედაც დიდი ხანია, ვსაუბრობთ, წამოგვეწია.
დღეს ქვეყანაში არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც თავისი უფლებების დაცვის მიზნით იდევნება, ანუ ვინაიდან მათი საქმიანობა კანონდარღვევაა, თუ კლიენტი ცუდი აღმოჩნდება, „პროსტიტუტკები“ პოლიციას ვერ იძახებენ. ამას გარდა, ისიც ვიცით, რომ მათზე რაღაც ფორმით პოლიციელებიც ძალადობენ. მოკლედ, ამ ადამიანებს არავინ იცავს და ჰგონიათ, რომ ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც არის და ამ კონკრეტული მაგალითიდან ჩანს, ამ ქვეყანაში იმის ბოლომდე არ გვჯერა, რომ ადამიანს საკუთარი სხეული ეკუთვნის. ამიტომაც გადავწყვიტეთ, საზოგადოებისთვის ეს შეგვეხსენებინა და თემის პედალირება მოგვეხდინა.
საროსკიპოს გახსნა პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტია _ გვაქვს კანონი, რომლის მიხედვითაც, ყველა სასტუმროს მეპატრონე დასაჭერია. ასევე ისინიც დასაჭერები არიან, რომლებსაც თავიანთი არასრუწლოვანი ნათესავი ოდესმე საროსკიპოში წაუყვანიათ. არადა, ვიცით, რომ ასეთი ადამიანი ძალიან ბევრია, ანუ, პრაქტიკულად, თავს ვიტყუებთ _ გვაქვს კანონი, რომელიც შესაძლოა, ყველას შეეხოს, მაგრამ ამ კანონს შერჩევითად ვასრულებთ.
_ „გირჩის“ საროსკიპო რეალურად იფუნქციონირებს თუ „პიონერი“ ერთგვარი პერფორმანსია და მეტი არაფერი?
_ დიდი ალბათობით, პერფორმანსია. გულწრფელი რომ ვიყო, არ ველოდები, რომ ვიღაც მოვა და გვეტყვის, „გირჩის“ ოფისში სექსით უნდა დავკავდეო. სინამდვილეში, ეს პერფორმანსია, რომელიც მიზნად ისახავს აღნიშნული პრობლემისკენ საზოგადოების ყურადღების მიპყრობას.
_ თუ „პიონერის“ გახსნა პერფორმანსი და პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქციაა, მაშინ საროსკიპოს მომსახურებისთვის გადასახადი რატომ დააწესეთ ან აქცენტი 49 ლარსა და 90 თეთრზე რატომ გააკეთეთ?
_ როგორც ვიცი, კომერციული ფასი გამოიყენეს. სხვათა შორის, თავიდან იყო იდეა, რომ მომსახურების საფასური 69 ლარი ყოფილიყო, მაგრამ ეს ძალიან ხელოვნური გამოდიოდა და იდეის ავტორებმა ამიტომაც გადაიფიქრეს.
საერთოდ, თანხის რაოდენობას პრინციპული მნიშვნელობა, მაინცდამაინც, არ ჰქონდა. უბრალოდ, რახან საროსკიპოს ვხსნიდით, ფასიც უნდა დაგვეწესებინა, რადგან ფასი გარიგების შემადგენელი ნაწილია _ როცა ადამიანი საროსკიპოში ან მსგავს დაწესებულებაში შედის, რაღაც ფასს აუცილებლად იხდის. ამიტომ ფასი რომ არ დაგვეწესებინა, ამ იდეას, ჩემი აზრით, რაღაც დააკლდებოდა.
_ „გირჩის“ საროსკიპოში, როგორც ფოტოებში ვნახე, წითელი ფერი დომინირებს. რატომ?
_ ჯერ ერთი, წითელი საროსკიპოებში ძალიან გავრცელებულია. ყოველ შემთხვევაში, ფილმებიდან გამომდინარე საზოგადოება ფიქრობს, რომ საროსკიპოში წითელი ნათურები და ინვენტარი უნდა იყოს.
_ „პიონერში“ საპატიო ადგილზე საბჭოთა კავშირის დროშა კიდია. ამას რითიღა ხსნით, იაგო?
_ საბჭოთა კავშირის დროშა იმის გამო შევარჩიეთ, რომ საბჭოთა კავშირი ჩვენთვის განსაკუთრებული ამბავია, ანუ საბჭოთა კავშირის გაუაზრებლობა ჩვენთვის ისეთივე პრობლემურია, როგორც _ პროსტიტუციის ლეგალიზება. ის, რომ „პროსტიტუტკებს“ დავდევთ და მათ მიმართ ასეთი დამოკიდებულება გვაქვს, სწორედ საბჭოთა მენტალიტეტია. ყოველ შემთხვევაში, ეს, რაღაცნაირად, საბჭოთა კავშირმა მოგვცა, თორემ, ტრადიციულად, ქართველებს ე. წ. სიძვის დიაცებთან პრობლემა არასოდეს გვქონია. პირიქით, დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმიანობას, როგორც კაცობრიობისთვის ძალიან დასაფასებელს, პატივსაც კი ვცემდით.
ადამიანებს ეს მომსახურება სჭირდებათ და ადრეც სჭირდებოდათ. ამიტომაც მისი აკრძალვა, უბრალოდ, აბსურდია! ისტორია და ისიც რომ გვესმოდეს, თუ როგორ ცხოვრობდნენ სხვადასხვა დროს, საზოგადოებებზე გავლენა რა შეცდომებმა და წარმატებებმა იქონია, ზუსტად გვეცოდინებოდა, რომ საროსკიპოები ყოველთვის არსებობდა და ადამიანები ერთმანეთს ამ მომსახურებას უწევდნენ და, სხვათა შორის, სიამოვნებითაც.
_ მეტ-ნაკლებად გეთანხმებით… მაგრამ, იაგო, ჩავაზუსტოთ: „გირჩმა“ საროსკიპოს გახსნით „მამიდას“ დაკავება გააპროტესტა თუ „პიონერს“ სხვა ქვეტექსტიც აქვს, კერძოდ, ზუსტად ამ დღეებში დეპუტატმა სოფიო კილაძემ მოითხოვა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად ოფიციალურად გამოცხადდეს. ამასთან, წელს, 12 მაისს, წილხვედრობის დღესასწაული პირველად აღვნიშნეთ.
_ ფროიდი ამბობს, სიგარა ზოგჯერ სიგარაა და მეტი არაფერიო. ამ შემთხვევაშიც ასეა _ საროსკიპოს გახსნა საროსკიპოს გახსნაა და სხვა ქვეტექსტები, მათ შორის, რელიგური, არ აქვს.
რაც შეეხება როენას, ჩვენ მისი დამცველები არ ვართ, ანუ არ დაგვიფიქსირებია, _ ფარჩაკებო, როენა გამოუშვითო. უბრალოდ, როენას შემთხვევა იმ მიზნით გამოვიყენეთ, რომ საზოგადოებისთვის ეს პრობლემა დაგვენახვებინა. როენა, უბრალოდ, პერსონაჟია, რომელიც ცნობილია, როგორც „მამიდა“, თან სხვადასხვა დროს, ხუთჯერ იყო დაჭერილი. მოკლედ, როენა ის ადამიანია, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიქცია. როენას ყოველდღე არ იჭერენ და ეს ფაქტი დროზე იყო გამოსაყენებელი. ამიტომ, რაღაც თვალსაზრისით, გავრისკეთ.
_ გარისკვა რა შუაშია?
_ ერთ კვირაში არჩევნებია. ასეთი სენსიტიური თემები კი ელექტორალურად ძალიან საფრთხილოა, მაგრამ ამის მიუხედავად, ვიფიქრეთ, რომ ამის შანსი ახლა გვქონდა ან როენას მსგავსი ადამიანის დაჭერას უნდა დავლოდებოდით.
_ სხვათა შორის, სოციალურ ქსელში როენას დაჭერების ერთგვარი ანალიზი გააკეთეს და აღმოჩნდა, რომ ყველა მის დაჭერას ხელისუფლების ცვლილება მოყვა, ანუ „მამიდა“ პოლიტიკისთვის ერთობ საკრალური ფიგურაა. ამას გარდა, იგივე სოციალურ ქსელში მისი მხარდამჭერი აქციაც დაანონსდა. ყველაფერი ეს მოწმობს, რომ საზოგადოებას ამ თემის მიმართ ინტერესი აქვს, თუმცა აქვე ისიც ვთქვათ, რომ პროსტიტუციის ლეგალიზაციაზე საუბარი ერთ ხელისუფლებასაც არ დაუწყია. რატომ? _ მმართველ ელიტებს რამის ეშინიათ თუ ძაღლის თავი სხვაგან არის დამარხული?
_ ყველაფერი ერთად. ხელისუფლებებს ეშინიათ, რადგან არ იციან, პროსტიტუციის ლეგალიზებას საზოგადოება როგორ მიიღებს.
ამას გარდა, სისტემა ხელიდან იმ ბერკეტს არ უშვებს, რომელიც ასეთი ტიპის წყაროებზე აქვს. მაგალითად, როენასგან შეიძლება, ჰქონდეს ინფორმაცია, თუ ვინ დადის მასთან და ვის როგორი სექსი მოსწონს.
_ ანუ არალეგალურ პროსტიტუციას ხელისუფლებები ადამიანების დასაშანტაჟებლად იყენებენ?
_ დიახ, თან ეს ინფორმაციის მოზიდვის ბერკეტიც არის, ანუ არსებობს მოსაზრება, რომ ასეთი ტიპის ადამიანებმა ყველაფერი იციან. მათ ხელში, შესაძლოა, მართლაც ბევრი ინფორმაცია გადის, თუმცა პროსტიტუციის არალეგალიზება მაინც ტოტალური უცოდინარობისა და იმის ბრალი მგონია, რომ არ გვესმის, არ შეიძლება, ადამიანი პროსტიტუციის გამო დაისაჯოს. უბრალოდ, აბსურდია, ადამიანი ისეთი შრომის გამო დასაჯო, რომელიც თავად შეიძლება, მოსწონს კიდეც! მსგავსი რაღაც საბჭოთა კავშირამდე აზრად არავის მოსვლია თავში. უფრო სწორად, ბოზებს საბჭოთა კავშირიც არ სჯიდა და, უბრალოდ, საკუთარი მიზნებისთვის მათ ისევე იყენებდა, როგორც ნებისმიერ სხვა მოქალაქეს!
_ იაგო, საბჭოთა კავშირის მეხოტბე არ ვარ, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, რომ სექსმუშაკებს საკუთარი მიზნებისთვის დემოკრატიული ქვეყნების სპეცსამსახურებიც იყენებენ.
_ დიახ, შეიძლება, სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებიც იყენებენ, მაგრამ საბჭოთა კაშირის დროს ამ ხალხზე ძალადობდნენ, თორემ სპეცსამსახურმა ნებისმიერს, მათ შორის, სექსმუშაკს, შეიძლება, ფული გადაუხადოს და მისგან კონკრეტულ ადამიანზე ინფორმაცია მიიღოს.
_ „გირჩისთვის“ საროსკიპოს გახსნა უფრო სარისკო იყო თუ, თავის დროზე, მარიხუანის დათესვა?
_ მარიხუანის დათესვა ბევრი თვალსაზრისით უფრო სარისკო იყო.
_ რატომ?
_ იმ შემთხვევაში იმის განცდა, რომ საფრთხის ქვეშ ვიყავით, უფრო მეტი გვქონდა.
_ ასეთი განცდა დღეს აღარ გაქვთ?
_ გულწრფელად გითხრათ, არ ველოდები, შს სამინისტრო ისე გაგიჟდეს, რომ ერთ ოთახში შემოვარდეს და რაღაც უცნაური ავეჯი წაიღოს.
სხვათა შორის, როცა მარიხუანა დავთესეთ, საზოგადოება ნაკლებად გვიცნობდა და პოლიტიკური პარტიისგან ასეთი რაღაც მოულოდნელი იყო. შესაბამისად, უფრო მეტი მორალური განსჯის საგანი გახდა. ახლა კი საზოგადოება გვიცნობს და ესმის, ბორდელი იმიტომ კი არ გავხსენით, რომ ფული ვიშოვოთ, ანუ შეიძლება, ბოლომდე ვიღაცას არ ესმის ან არ გვეთანხმება, მაგრამ იცის, რომ „პიონერში“ ხალხი მართლა სექსისთვის არ ივლის და ყველაფერ ამას სხვა შინაარსი აქვს!
_ იაგო, თქვენი გათვლებით, „გირჩის“ საროსკიპო საზოგადოების ცნობიერებაში გარდატეხას მოახდენს?
_ ვნახოთ. გარდატეხა, ჩემი აზრით, „პიონერმა“ კი არა, იმან უნდა მოახდინოს, რაც „პიონერის“ ირგვლივ ხდება _ ყველაფერი ეს მედიით გაშუქდა და ადამიანებს მსჯელობის საშუალება მიეცათ.
თუ ერთხელ ვიმსჯელებთ, ამ მსჯელობაში ერთმანეთს არ დავხოცავთ და აღმოჩნდება, რომ ყველაფერ ამის წინააღმდეგები არავინ ვართ და ბოზებში, თურმე, ყველანი ვართ ნამყოფები, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ წინ უზარმაზარი ნაბიჯი გადაიდგა! შემდეგი ნაბიჯი კი შეიძლება, უკვე პოლიტიკურ მოედანზე იყოს, _ კანონიდან ეს მუხლები ამოვიღოთ ან, უბრალოდ, მსგავსი სისულელეები არ აღვასრულოთო.
ხომ გესმით, რომ იგივე როენას სასტუმროში შევარდნას, მის ორი დღით დაკავებას და მერე 30-ათასიანი გირაოთი გამოშვებას არანაირი შინაარსი არ ჰქონდა. ყველაფერ ამის შინაარსი ის იყო, რომ როენას 30 ათასი ლარი წავართვით! როენამ კი თქვა, ვინანიებ და კათარზისს ვხსნიო, მაგრამ ჩვენ, სერიოზულ ადამიანებს, ამისი ხომ არ გვჯერა და იმისთვის, რომ რაღაც დავიჯეროთ, სხვა სტანდარტი გვაქვს!
_ რატომ არ უშვებთ, რომ „მამიდას“ დაჭერა პოლიტიკური თამაში იყო, ანუ როენამ სამართალდამცველები, ეგებ, სხვა, უფრო მნიშვნელოვან დანაშაულზე გაიყვანა? ვაღიაროთ, რომ ლეგალურ თუ არალეგალურ სექსბიზნესში დიდი ფული ტრიალებს და მას სერიოზული მფარველებიც ჰყავს.
_ ვინ შეიძლება, როენას მფარველი იყოს? როენას, შეიძლება, ის მფარველი ჰყავდეს, პოლიციისგან რომ დაიცვას, თორემ მას „ძველი ბიჭები“ ხომ არ უყურებენ? როენას პრობლემა ის არის, რომ სისტემას როცა უნდა, დაიჭერს და ევაჭრება, ვაჭრობის ფორმა კი ისაა, რომ საპყრობილეში გაშვების ნაცვლად, სასტუმროში მიაკითხონ და რამეზე მოელაპარაკონ. ამ მოლაპარაკების პროცესში თავი უფრო ღირსეულად რომ იგრძნონ, როენას იჭერენ და სატუსაღოში ელაპარაკებიან!
_ რადგან ამ თემაზე გაქვთ ნამუშავარ-ნაფიქრი, ბარემ, გკითხავთ: პროსტიტუციის ლეგალიზება სექსმუშაკებისთვის რას შეცვლის?
_ პროსტიტუციის ლეგალიზება სექსმუშაკებისთვის იმას შეცვლის, რომ ასე შევარდნის უფლება არავის ექნება და მათ შეურაცხყოფასაც ვერავინ მიაყენებს. ამას გარდა, სექსმუშაკებისთვის ისიც შეიცვლება, რომ ისინი კანონით იქნებიან დასაქმებულები. მაგალითად, თუ ოფიციანტზე კლიენტი იძალადებს, ეს საქმე პოლიციაში ყველა ვარიანტში მოხვდება, მაგრამ პროსტიტუტზე ძალადობის საქმეები პოლიციაში ვერ ხვდება, რადგან თუ პროსტიტუტი იტყვის, ამ ადამიანთან სექსუალური ურთიერთობა მქონდაო, დააჯარიმებენ, ანუ პროსტიტუციის ლეგალიზება პოლიციასთან ურთიერთობის შინაარსს ცვლის.
დღეს სამართალდამცველი პროსტიტუტს ისე უყურებს, როგორც სამართალდამრღვევს და სანამ ასეთი მენტალიტეტი იარსებებს, ეს ადამიანები პოლიციის დაცვით ვერ ისარგებლებენ. დღეს, პირიქით, პოლიცია მათზე ძალადობს _ როცა პოლიციელმა იცის, რომ ადამიანი სექსმუშაკია, სასამართლოში მაშინ წაიყვანს, როცა უნდა, ანუ აწვალებს და აიძულებს, რომ თუ მუშაობა უნდა, პოლიციასთან საერთო ენა უნდა იპოვოს.
თუ სახელმწიფოს ამ ბერკეტს არ მოვაცილებთ, ეს ადამიანები ყოველთვის დაჩაგრულები იქნებიან, თორემ ეს ადამიანები დაჩაგრულები იმიტომ კი არ არიან, რომ ფული არ აქვთ. ასეთი პროფესია მილიონია _ ამ ქვეყანაში ბევრი ადამიანი იძულებულია, სხვადასხვა სფეროში იმუშაოს, რომ თავი ირჩინოს. ცხოვრება ასეთია: ზოგი ასე შრომობს, ზოგი _ ისე, მაგრამ პროსტიტუციაში ყველაზე რთული ის არის, რომ ამ საქმეში ადამიანმა იატაკქვეშეთში უნდა იმუშაოს.
ამ ადამიანების ხარისხი ასეთი ცუდი ამის გამოა, თორემ პროსტიტუცია ერთ-ერთი ძვირად ანაზღაურებადი სამუშაოა და პოლიცია რომ არ დასდევდეს, ეს სამუშაო ადამიანების ცხოვრებაზე, შეიძლება, ნეგატიურ გავლენას არც ახდენდეს.
_ იაგო, წეღან დავიწყე ამ თემაზე საუბარი და ისევ გავაგრძელებ _ საქართველო ტრადიციების ქვეყანაა. ჰოდა, პროსტიტუციის ლეგალიზებაზე საუბრის დაწყება დასავლეთის დემონიზაციას ხომ არ გამოიწვევს, _ აი, ევროპა გვრყვნის და ქართველობას გვართმევსო?
_ დასავლეთი კი არა, ფატმანზე შოთა რუსთაველმა საქართველოში დაწერა. იგივე ისტორია აშოტ კურაპალატთან არ გვხვდება თუ რა? დასავლეთი რა შუაშია?
ლეგალიზება იმას ნიშნავს, რომ ადამიანები არ დავსაჯოთ და ტრადიციული ქართული ამბავი როდის იყო, რომ ადამიანი სექსის გამო დაგვესაჯა? პირიქით, ასეთ ხალხს ადამიანები პატივს ვცემდით. გილგამეშით რომ დავიწყოთ, ან თუნდაც ანტიკური ლიტერატურა, ამ პროფესიის ადამიანების მიმართ საზოგადოება პატივისცემით იყო განმსჭვალული.
უბრალოდ, ეს სიგიჟე კომუნისტებმა შემოგვტენეს და თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რის გამოც შემოგვტენეს.
_ რის გამო?
_ კომუნისტებს უნდოდათ, რომ ყველა პროფესიის ადამიანი მათზე დამოკიდებული ყოფილიყო. პროსტიტუცია კი ის პროფესიაა, რომელიც საბჭოთა კავშირზე არ იყო დამოკიდებული, ანუ ამ სფეროს სისტემა ვერ არეგულირებდა.
_ სხვათა შორის, 30-იან წლებში საბჭოთა კავშირში კომუნისტის სექსის კოდექსი გამოიცა, რომელიც არეგულირებდა, საბჭოთა ადამიანს სექსი ვისთან, როდის და რამდენჯერ უნდა ჰქონოდა, ანუ ბოლშევიკებს სექსის მართვის მცდელობა ჰქონდათ.
_ მეც გამიგია, რომ ასეთი კოდექსი გამოსცეს, თუმცა ამ კოდექსს უფრო მორალისტურ-პროპაგანდისტული შინაარსი ჰქონდა, ვიდრე _ ამკრძალავი, ანუ კომუნისტებმა ამ კოდექსით სექსის მოწესრიგება ვერ შეძლეს. ამიტომ ამ პროფესიის ადამიანებს სახელი გაუტეხეს და ბერკეტი დაიტოვეს, რომ როცა უნდოდათ, ადამიანს თავს დასხმოდნენ, აი, პროსტიტუტია და საზოგადოებრივი გაკიცხვის ღირსიაო.
საბჭოთა კავშირი ამ ხალხთან ასეთი მეთოდით მუშაობდა და დღესაც ეს მეთოდი გვაქვს, მაგრამ ეს არავის ესმის, მათ შორის, არც ადამიანის უფლებების დამცველებს. ყოველ შემთხვევაში, ქალთა უფლებების დამცველები გაიძახიან, ქალის უფლებების დაცვის მიზნით ქალს პროსტიტუცია უნდა ავუკრძალოთ და თუ პროსტიტუტი იქნება ან თავად დავაჯარიმოთ, ან კლიენტიო. მოკლედ, ამ ორიდან ერთ-ერთ სისულელეს ბოდავენ!
_ ასეა თუ ისე, საქართველოში სექსი ერთ-ერთ მთავარ კომპრომატად მიიჩნევა და ამას ბოლო წლებში ლამის ბითუმად გავრცელებული ფარული ჩანაწერებიც მოწმობს. ესეც ბოლშევიკური მენტალობის გადმონაშთია?
_ არა!
_ აბა?
_ სექსი ყველგან, ნებისმიერ ქვეყანაში, კომპრომატია _ არავის უნდა, რომ თავისი ტიტველი კადრები ტელევიზორში ნახოს, მაგრამ აქ იმაზეა საუბარი, თუ როგორი საზოგადოება ვართ, ანუ ჩვენ დადასტურებულად ვიცით, რომ ასეთ რაღაცას ერთი პოლიტიკური ძალა მეორეს ან რომელიმე ადამიანს უკეთებს. ამიტომ ჩვენ, საზოგადოებამ, ასეთ ძალას პოლიტიკურად უნდა ვაგებინოთ პასუხი, თუმცა საუბარი მათზე კი არ არის, ვინც ეს ვიდეოები „ფეისბუქში“ გააზიარა.
მოკლედ, ეს თემა ყველგან სენსიტიურია და აშშ-ში აშშ-ის პრეზიდენტის სექსის კადრები რომ გამოაქვეყნონ, ასევე სკანდალური იქნება, მაგრამ ის ელექტორალურად არ წააგებს. ჩვენთან კი საზოგადოების პრობლემაა, რომ თუ პოლიტიკოსს სექსის კადრები გაუვრცელეს, ის ელექტორალურად წააგებს. უკეთესი საზოგადოება მაშინ ვიქნებით, თუ ასეთი პოლიტიკოსი ელექტორალურად მოიგებს, რადგან მის წინააღმდეგ დანაშაული იქნა ჩადენილი. საზოგადოების თანაგრძნობა იმ ადამიანისკენ უნდა იყოს, ვინც ასეთი დანაშაულის მსხვერპლია და ასეთ დანაშაულს ასე აღვკვეთთ.
_ ისე, „გირჩის“ საროსკიპოს მართლა რომ მოაკითხოს ვინმემ, სექსი მინდა და მომაქირავეთო, რას გააკეთებთ?
_ არ ვიცი, ალბათ, დაველაპარაკებით _ ეს პოლიტიკური აქტი იქნება თუ ეპატაჟური.
_ პოლიტიკა რა შუაშია? რიგითი მოქალაქე მოვიდა და „პიონერის“ დაქირავება მოინდომა, რას იზამთ?
_ ხომ გვესმის, რომ „გირჩის“ ოფისში იმისთვის არავინ მოვა, აი, სექსი მინდაო.
ისე, პოლიტიკური აქტის თვალსაზრისთ, პირველი ქართული პორნოს გადაღებაც საჭიროა და ვინმემ შეიძლება, გადაიღოს.
_ პირველ ქართულ პორნოს „გირჩი“ ხომ არ გადაიღებს?
_ ჩვენ ამ საქმით დაინტერესებულნი არ ვართ! მგონია, რომ ამ საქმეს ჩვენზე უკეთესად სხვები აკეთებენ.
_ ჩვენში დარჩეს და, რომელიმე ქართულ ბორდელში ნამყოფი ხართ?
_ არა. ყოველ შემთხვევაში, არ ვიცი, დღევანდელი გაგებით, რამდენად ქართულია, მაგრამ ძალიან ადრე, სტუდენტობის დროს, ერთხელ ვარ ნამყოფი.
_ მას შემდეგ, რაც საროსკიპო გახსენით, სექსმუშაკები ხომ არ გამოგეხმაურნენ?
_ თავის დროზე, როცა ეს თემა პირველად წამოვწიეთ, სექსმუშაკები პერიოდულად მწერდნენ ხოლმე და რაღაც მხარდაჭერის გამო მადლობას მიხდიდნენ, თუმცა მაშინაც და ახლაც ამ ადამიანების მთავარი პრობლემა ის იყო და არის, რომ საჯაროდ ლაპარაკი არ უნდათ, რადგან გარდა იმისა, რომ მათი უფლებები დარღვეულია, თავიანთი საქმიანობის გამო საზოგადოებაც კიცხავს! ამიტომ ვცდილობ, რომ მათი სახელით არ ვილაპარაკო.

გიორგი აბაშიძე