რატომ ჩამოვიდნენ FBI –ს წარმომადგენლები და ემუქრება თუ არა სერგეენკოს გადაყენება?

ლუგარის ლაბორატორიის მშენებლობა 2009 წლის დეკემბერში დასრულდა. პროექტის ღირებულებამ 100 მილიონი დოლარი შეადგინა. 2011 წლის 18 მარტს მისი გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ენდრიუ ვებერმა _ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის დარგში.
გახსნის წინაპირობა იყო საქართველოსა და აშშ-ს თავდაცვის სამინისტროებს შორის 2002 წელს გაფორმებული შეთანხმება „ტექნოლოგიისა და პათოგენების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც უკავშირდება ბიოლოგიური იარაღის განვითარებასა და ამ სფეროში ინფორმაციის გაუვრცელებლობას“.

შემდგომში ამან განსაზღვრა ორ ქვეყანას შორის ამ სფეროში თანამშრომლობა და 2011 წელს თბილისთან, საერთაშრისო აეროპორტთან ახლოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის შექმნა.
ლაბორატორიის გახსნა ზარზეიმით აღნიშნა საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წლამდე ლაბორატორიაში არც ერთი ქართველი მეცნიერი არ შესულა.
როგორც კი 2012 წლის ბოლოს საქართველოს ხელისუფლების სათავეში კოალიაცია „ქართული ოცნება“ მოვიდა, მაშინვე დღის წესრიგში დადგა „ლუგარის ლაბორატორიის“ დახურვის საკითხი (თითქოს მეტი საქმე და სადარდებელი იმდროინდელ მთავრობას არ ჰქონდა). რატომ? ამაზე ცოტა ქვემოთ. ყველას გასაკვირად, ამერიკული მხარე წინააღმდეგი არ წავიდა, თუმცა მთლიან დახურვაზე უარი თქვა. კერძოდ, 2013 წლის 7 მაისს, საქართველოს მთავრობის #422-ე განკარგულებით (აქ სრულ დასახელებას მოვიყვანთ) რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი დაიხურა და მთელი მისი ქონება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გადაეცა. ცნობისთვის: 2012 წლამდე დაავადებათა ეროვნული ცენტრი მხოლოდ ნომინალურად ეკუთვნოდა ჯანდაცვის სამინისტროს, ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე კი იგი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდა.
აქ, ალბათ, ლუგარის ლაბორატორიის პრეისტორიაც უნდა გაგაცნოთ. ე. წ. ნანისა და ლუგარის ერთობლივი საფრთხის შემცირების ხელშეწყობის პროგრამა აშშ-ის კონგრესმა ოცი წლის წინათ დაამტკიცა, რომელიც მიზნად ისახავდა ბირთვული და ქიმიური განიარაღების საქმეში ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დახმარებას. იკითხავთ, ალბათ, რა ბირთვული განიარაღება? რა ქიმიური უსაფრხოება? მერედა, საქართველო ამ ყველაფერში რა შუაშიაო?.. მაგრამ რაც დოკუმენტებში წერია, იმას მოგახსენებთ. თუმცა ამერიკულ მხარეს არ დაუმალავს, რომ ეს ბიოსამედიცინო სფეროში ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიციის განხორციელება იყო საქართველოში, რომელიც 2011 წელს დაიწყო და ამ პროგრამის ფარგლებში აშენდა 22 ლაბორატორია, აქედან 11 დაექვემდებარა ჯანდაცვის სამინისტროს, დანარჩენი სოფლის მეურნეობის სამინისტროს (22-დან 6 არის ე. წ. მეორე დონის, დანარჩენი 16 _ პირველი დონის).
დიახ! მარტო ლუგარის ლაბორატორია არ არის თემა _ 2011 წელს თითქმის იგივე სტანდარტების 11 ლაბორატორია აშენდა საქართველოს ტერიტორიაზე, ასე რომ, 2013 წელს ლუგარის ლაბორატორიის დახურვა აშშ-ისთვის დიდი ტრაგედია არ ყოფილა. როდესაც ერთი ალიაქოთი ტყდება ლუგარზე, აქ მარტო მასში არ არის საქმე.
როცა ამ უკანასკნელის დახურვის საკითხი დადგა, ლაბორატორიის ქონება, რომელიც აშშ-ის სახელმიწფო კუთვნილებად რჩებოდა, 2015 წლის ბოლომდე ყველა იურიდიული პროცედურის გავლით ქართულ მხარეს გადასცეს. 2015 წლიდან მოყოლებული დღემდე ამერიკული მხარე ლაბორატორიის დაფინანსებას კვალაც განაგრძობს (და ეს არის სწორედ გამოსაძიებელი), თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყოველთვის აცხადებდა, რომ ჩვენი ბიუჯეტიდან ვფინანსდებითო. 2018 წლიდან საქართველოს მთავრობა მთლიანად უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი ლუგარის ცენტრისა და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებაზე, თუმცა, როგორც ჩანს, ასე არ მომხდარა.

რა ხდება ლაბორატორიაში?

აქ თანამედროვე ტექნიკით ახორციელებენ განსაკუთრებით საშიში დაავადებების, ბაქტერიებისა და შტამების შესწავლას. საკვლევი ნიმუშები სპეციალურ ოთახში, სამაცივრო კონტეინერებში _ 80 გრადუს ტემპერატურაზე ინახება, რაც გამორიცხავს აღნიშნული ბაქტერიების გარემოში მოხვედრას და გარემოს დაინფიცირებას.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განმარტებით, ლუგარის ლაბორატორია არის ბიოუსაფრთხოების ე. წ. მესამე დონის ლაბორატორია (საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ყველაზე მაღალი დონის), სადაც არსებობს საშუალება, ბიოსამედიცინო სფეროს ყველა მიმართულებით ჩატარდეს კვლევები, ეს არის ვირუსულოგია, მიკრობიოლოგია, ქსოვილოვანი კულტურები. აქვე მის ციტირებასაც მოვახდენთ:
„საქართველოში პირველად არის შესაძლებელი გენომის კვლევა, მათ შორის, როგორც ვირუსების, ისე მომავალში ადამიანის გენის კვლევაც მოხდება. ამ ლაბორატორიაში შესაძლებელია იმ დაავადებების კვლევაც, რომელიც ცხოველებიდან ადამიანზე გადადის. ასევე განსაკუთრებით საშიში ინფექციების კვლევა მთელ რეგიონში. ლაბორატორიას აქვს საშიში პათოგენების საცავი, სადაც 70 წლის განმავლობაში აღმოჩენილი შტამები ინახება“.
ხომ კარგად წაიკითხეთ? „მომავალში ადამიანის გენის კვლევა“, _ ესეც ხომ კარგად გაიაზრეთ? ახლა განვაგრძოთ: გამყრელიძისვე განცხადებით, ლაბორატორიაში მომუშავე 50-მდე ქართველს 6 ამერიკელი მეცნიერი კურირებს.
რაც შეეხება რუსეთის აღშფოთებას იმის შესახებ, რომ საქართველოში მოქმედი ქართულ-ამერიკული ლაბორატორიის უკან ბიოიზოლაციის უმაღლესი დონის ლაბორატორია იმალება, რომელიც განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებებს სწავლობს და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობაზე ბიოლოგიური ცდების ჩატარებას, ჯერ ერთიც, რუსეთს (ისევე როგორც ამერიკას ან სინგაპურს) არავინ ჰკითხავს, ჩვენს მოსახლეობაზე ვინ რა ცდებს „ატარებს“. მეორეც, ის, რომ ლაბორატორიაში განსაკუთრებით საშიში შტამები ინახება, ამას არ მალავს არც დაავადებათა ეროვნული ცენტრი და ამირან გამყრელიძესაც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ იშვიათი ვირუსების გენომებს სწავლობენ. და რა?
სწავლობს და ამას დიდად სააკაშვილიც არ მალავდა. სწორედ ამიტომ, მან 2011 წელს ლაბორატორიის გახსნისთანავე, იგი აშშ-ის უდიდეს სამხედრო დახმარებად შეაფასა და ხელმძღვანელად დანიშნა დაზვერვის ყოფილი შეფი _ ანა ჟვანია. თავად განსაჯეთ _ სამედიცინო ლაბორატორია თუ იხსნება, რა შუაშია აქ „სამხედრო დახმარება“ და კიდევ უფრო _ რა შუაშია დაზვერვის შეფი მის უფროსად?
არადა, ლუგარის ლაბორატორია არ არის იმ დონის ლაბორატორია, სადც ბაქტეოროლოგიური იარაღი იწარმოება. აქ იმ შტამებზე და ვირუსებზეა საუბარი, რომელსაც სწავლობენ. და არა „ადამიანის გენს“, _ როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ადამიანის გენი ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიაში არ შეისწავლება.
ასე და ამგვარად, ლუგარი დღესდღეობით საქართველოს რეგიონში წარმოადგენს ძლიერი ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის, დიაგონოსტიკისა და შეტყობინების სისტემების, ბიოდაცვისა და ბიოუსაფრთხოების მაღალი სტანდარტების მქონე ცენტრს.

რა ინფორმაციას ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტრო ანუ როგორია ოფიციალური ვერსია?
„ლუგარის ცენტრი“ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მისიის: „უსაფრთხოების უზრუნველყოფა მსოფლიოში“ ფარგლებში დაარსდა ამერიკელი სენატორების: რიჩარდ ლუგარისა და სემ ნანის მიერ. ინიციატივის მიზანს წარმოადგენდა მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის მიზნით პრევენციული ღონისძიებების ჩატარება სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებში ბიოლოგიური ერთობლივი ჩართულობის პროგრამების საშუალებით.
ნან-ლუგარის ინიციატივითა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით 2004 წელს საფუძველი ჩაეყარა ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის ლაბორატორიის მშენებლობას საქართველოში, რომელიც 2011 წელს დაარსდა, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი და მიენიჭა რიჩარდ ლუგარის სახელი, ხოლო 2013 წლის მაისში შეუერთდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, როგორც ინტეგრირებული სტრუქტურა და სრულად ამოქმედდა 2013 წლის აგვისტოდან.
რუსეთის პრეზიდენტს ლუგარის ლაბორატორია არასოდეს უხსენებია 18 ოქტომბრამდე, როდესაც თავისი გამოსვლის შემდეგ სოჭში, „ვალდორში“ განაცხადა, რომ შესაბამისი საერთაშორისო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რა ხდება აღნიშნულ ცენტრში და ხომ არ არის ეს დაკავშირებული საშიშ ეპიდემიოლოგიურ კვლევებთან?
ამის საპასუხოდ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა:
„რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიას და სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რამდენჯერმე მკაფიო განცხადება გავაკეთეთ იმის შესახებ, რომ 2013 წლიდან ჩვენ ვმართავთ, საქართველოს მთავრობა მართავს, ამ ლაბორატორიას და არა ამერიკის შეერთებული შტატები, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მკაფიო განცხადებები გაკეთდა იმის შესახებ, რომ ეს არის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, რომელიც არის მიმართული იქითკენ, რომ მოხდეს ეპიდემიებისა და ბიოლოგიური საფრთხეების დეტექცია და პრევენცია, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოვიპატიჟეთ რუსი კოლეგები, რომ ჩამოსულიყვნენ და დაეთვალიერებინათ ეს ლაბორატორია და დარწმუნებულიყვნენ, რომ იქ სახიფათო არაფერი ხდება, ფაქტია, რომ ეს მსჯელობა ისევ მიმდინარეობს. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უახლოეს დღეებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მივმართავთ თხოვნით, რომ გამოაგზავნონ ოფიციალური მისია, სადაც, სურვილის შემთხვევაში, რუს სპეციალისტებსაც შეუძლიათ ჩაერთონ, რომლებიც ადგილზე ჩამოვლენ, ძირისძირობით შეისწავლიან ყველაფერს და დადებენ ოფიციალურ დასკვნას, თუ რა აქტივობები მიმდინარეობს ლუგარის ლაბორატორიაში“.
ჯერ ერთი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქართულმა მხარემ კი არა, (რამდენიმე თვით ადრე) რუსეთის მხარემ მიმართა და როდესაც „ჯანმომ“ მზადყოფნა გამოთქვა ლუგარის ნახვაზე, მაშინ განაცხადა სეგრეენკომ, ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციას მივმართავთო. რაღაზე უნდა მიმართო, როდესაც ისედაც ჩამოდის? მეორე: „ჯანმო“ შემმოწმებელი არ არის და არც მაკონტროლებელი ფუნქცია აკისრია. მის ანგარიშს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და თავად ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შენი ლაბორატორიის სანახავად ატეხილი ხმაურის შემდეგ ჩამოდის _ ეს ფაქტია უკვე დამაფიქრებელი.

„ქრონიკა+“-ის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტად იმყოფებიან ფბრ-ის ექსპერტები.
წყაროს არ ვასახელებთ და გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს ერთ-ერთი ორგანიზაციის თავმჯდომარესთან:
_ რატომ არიან ჩამოსულები?
_ საერთაშორისო თანხების ხარჯვით ნაწილს სწავლობენ. ეს ფინანსური დანაშაული კი არა, უფრო სერიოზულიაო. სერგეენკო, შეიძლება, ასე მარტივად ვერ გადადგეს თავისი თანამდებობიდან, რაღაც კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი.
_ ლუგარს უკავშირდება?
_ არა მარტო.
_ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ექსპერტები ჩამოსულები არიან ლუგარში „ჯანმოს“ წარმომადგენლების ჩამოსვლასთან დაკავშირებით.
_ ჩამოვლენ თუ არა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ჯერ ოფიციალურად გადაწყვეტილი არ არის და არც ვადაა დათქმული. ძალიან დიდი ნაწილი მათი ვიზიტისა გასაიდუმლოებულია. სუსი საქმის კურსშია, რა თქმა უნდა. როგორც ვიცი, საუბარია რაღაც ფინანსურ ტრანშებზე, რომელიც არამიზნობრივად არის გახარჯული, თუ დაკარგული… ზუსტად ვერ გეტყვით. მოკლედ, აქ იმყოფებიან, საქმეს სწავლობენ და სერგეენკოსთან კითხვები აქვთ… არასასიამოვნო.

„ქრონიკა+“ აგრძელებს თემაზე მუშაობას.

თამარ როსტიაშვილი