1920 წლის სექტემბერი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ (2018წ.) ##3-27;29-39; (2019წ.) #2-6;8-14.

მეორე ინტერნაციონალის სტუმრობა საქართველოში

1920 წლის სექტემბერში, საქართველოს მთავრობის მოწვევით, ჩვენს ქვეყანას მეორე ინტერნაციონალის ლიდერები ეწვივნენ. მასში შედიოდნენ დასავლეთ ევროპის სოციალ-დემოკრატიული და მუშათა მოძრაობის გამოჩენილი ლიდერები დიდი ბრიტანეთიდან: ჯეიმს რამსეი მაკდონალდი, ტომას შოუ, ქალბატონი სნოუდენი; საფრანგეთიდან: პიერ რენოდელი, ინგელსი, მარკე; ბელგიიდან: ემილ ვან დერ ველდე, იუსმანსი და დე ბრიუკერი. დელეგაციის ყველაზე ცნობილი წევრი, მარქსიზმის შესახებ მრავალი ნაშრომის ავტორი, კარლ კაუცკი გახლდათ, რომელიც ავადმყოფობის გამო საქართველოში მოგვიანებით ჩამოვიდა.
მეორე ინტერნაციონალის ლიდერების საქართველოში სტუმრობა ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარების ადგილზე გაცნობას ისახავდა მიზნად. ჟორდანიას მთავრობა იმედოვნებდა, რომ მათი მეშვეობით, საქართველო მნიშვნელოვან მხარდაჭერას მიიღებდა ქვეყნის დამოუკიდებლობის დე-იურე აღიარების გზაზე.
დელეგაცია საქართველოში 14 სექტემბერს ჩამოვიდა. ისინი საქართველოში ათი დღე გაჩერდნენ და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხე მოინახულეს. ჩატარდა უამრავი საზეიმო სხდომა და მიტინგი. გაზეთი „საქართველო“, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბეჭდვით ორგანოს წარმოადგენდა, ამ ვიზიტთან დაკავშირებით, 14 სექტემბერს საკმაოდ დიდ წერილს აქვეყნებს. ავტორი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ საქართველოს სოციალისტურმა მთავრობამ მეორე ინტერნაციონალის დელეგაცია იმაზე მეტი პატივით მიიღო, ვიდრე ეს საჭირო იყო. ნაწყვეტი სტატიიდან: „…სავსებით გასაგებია, რომ ჩვენს სოციალისტურ წრეებში ეს მოგზაურობა დიდს სიხარულს იწვევს. სამწუხაროდ, ჩვენ ძვირად ვახერხებთ ასეთ მოვლენების დაფასებაში ზომიერების დაცვას. სოციალ-დემოკრატიული პარტია დღეს ჩვენში მმართველი პარტიაა და როდესაც ის ევროპის ამხანაგების დახვედრის დროს ზომიერების ყოველგვარ წრეს სცილდება, ეს ფრიად სამწუხარო მოვლენაა.
რასაკვირველია, კერძოდ ამა თუ იმ სოციალ-დემოკრატს, ევროპის ამხანაგების ჩამოსვლის გამო, შეუძლიან უსაზღვრო სიხარულის აღტყინებაში მოვიდეს, მაგრამ როდესაც ასეთს სასიხარულო ფერხულში ებმება სახელმწიფოს ოფიციალური ორგანოები _ მთავრობა, დამფუძნებელი კრება, ერობები, ჯარი და გვარდია, ერთგვარი წესისა და ზომიერების დაცვა სავალდებულო არის…
თბილისის სადგურზე დელეგაციას უნდა დახვდეს ჯარისა და გვარდიის საპატიო ყარაული. ჩვენმა მმართველებმა უნდა იცოდნენ, რომ ასეთი დახვედრა მხოლოდ ოფიციალი (სტილი დაცულია, _ რედ.) წარმომადგენლების მიღების დროს უნდა ჰხდებოდეს და ეს სამხედრო ნაწილები სრულიად არ უნდა იყოს გამოყენებული კერძო ჯგუფურსა და პარტიულს დღესასწაულებში. ეს კიდევ ცოტაა! სადგურებზე დელეგაციას უნდა დახვდეს მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც მათ სიტყვით მიმართავს. იქვე უნდა იყვნენ დარაზმულნი ერობა-ქალაქები… უფრო მეტიც: 15 ენკენისთვე დღესასწაულად გამოცხადდა და ამ დღეს ყველა დაწესებულებები უნდა დაიხუროს. თვით დამფუძნებელს კრებაშიც უნდა გადავიდეს ეს პარადი და დასასვენებლად დათხოვნილი დამფუძნებელი კრება საგანგებო სხდომაზე უნდა შეიკრიბოს, რომ ევროპიდან ჩამოსულ სოციალისტების წინაშე საჩვენებლად, როგორც სცენაზე, სხდომა გამართოს!“

აფხაზეთის ავტონომია

1920 წლის 9 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა ცნობა, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსს შეეხება. როგორც გაზეთი გვაუწყებს, აფხაზეთის სახალხო საბჭომ წერილობითი განცხადებით მიმართა დამფუძნებელ კრებას, სადაც გამოთქმულია სურვილი, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ უახლოეს სესიაზე აფხაზეთის ავტონომიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილოს. კერძოდ საუბარი იყო ავტონომიური აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ცნობის საკითხზე. წერილის მიხედვით, აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანო ადგილობრივი საკითხების გადაჭრისას სავსებით დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო, ხოლო აფხაზეთის აღმასრულებელ ორგანოდ აფხაზეთის მთავრობა უნდა ყოფილიყო. ამ საკითხზე საქართველოს საკონსტიტუციო კომისიაში იმსჯელეს და დაადგინეს: „1) დებულება რესპუბლიკის ნაწილების ავტონომიის შესახებ გამომდინარეობს სახელმწიფო საზოგადო კონსტიტუციიდან. აფხაზეთის ავტონომიის მიღება, ანუ ნაწილობრივი ცნობა ამა თუ იმ პრინციპისა, _ შეუძლებელია, სანამ არ არის მიღებული კონსტიტუცია მთლიანად. 2) სახალხო საბჭოს დელეგატების მიერ განცხადებაში დასმულ საკითხების შეტანა დამფუძნებელ კრებაში დაუშვებელია, არსებულ პარლამენტარულ წესდების ძალით. 3) ავტონომიის პრინციპი, მიღებულ კონსტიტუციის პროექტში, სავსებით უზრუნველ ყოფილია. 4) დებულება ავტონომიის შესახებ შეტანილი და გარჩეული იქნება დამფუძნებელ კრების მომავალ სესიაში“.

კრიმინალური ქრონიკა

გაზეთ „საქართველოს“ 1920 წლის სექტემბრის ნომრებში გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში კვლავ უმძიმესი კრიმინალური ფონი იყო. 14 სექტემბერს დაბეჭდილ სტატიაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა, აღნიშნულია, რომ ავაზაკები და ყაჩაღები რესპუბლიკის ყველა კუთხეში დაუსჯელად მოქმედებდნენ.
როგორც ირკვევა, კრიმინალთა თავდასხმები უმეტესად დღის საათებში ხდებოდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მაზრებში სრული ქაოსი და ანარქია სუფევდა. მძიმე ვითარების ამსახველია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ჭიჭინაძის ბრძანება, რომელიც სამაზრო ადმინისტრაციებს მძარცველების წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას ავალებს: „ყაჩაღების ასეთ გვარი თავისუფალი თარეში მთელ რესპუბლიკაში კითხვის ქვეშ აყენებს პირად უზრუნველყოფას და უმაღლესად ხელს უშლის სახელმწიფოებრივი აღმშენებლობით საქმეს და ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებას. გაცნობებთ რა ამას, გავალებთ მიიღოთ სასტიკი და დაუყოვნებლივი ზომები, რათა თქვენდამი რწმუნებული მილიცია აღდგენილი იქნას თავის სიმაღლეზე და მთელი თავის სიძლიერით ამოქმედებული ცარცვა-გლეჯას აღმოსაფხვრელათ“.
ქუთაისში ნახშირღელესთან ბანდიტებისა და მილიციელთა შეტაკება მოხდა, რომლის დროსაც მოკლეს ყაჩაღი ხუჯაძე და დააპატიმრეს ბოროტმოქმედი ლანჩავა. ზემო იმერეთში მოსახლეობას მოსვენებას არ აძლევდა ყაჩაღთა ბანდა, რომელსაც ვინმე მანჯავიძე მეთაურობდა. ბოროტმოქმედები მოსახლეობას აიძულებდნენ ფულის შეგროვებას, ძარცვავდნენ მგზავრებს და იპარავდნენ საქონელს.
როგორც საგაზეთო ცნობებიდან ჩანს, საგანგაშო მდგომარეობა შეიქმნა შულავერის რაიონში, სადაც სრული ანარქია და განუკითხაობა სუფევდა. გაზეთ „საქართველოს“ 28 სექტემბრის ნომერში დაბეჭდილია მიმოხილვითი ხასიათის ინფორმაცია, საიდანაც ირკვევა, რომ ადამიანის მკვლელობა და ძარცვა მაზრაში ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილა.
ყაჩაღთა ბანდამ გაძარცვა ერობის თავმჯდომარის მოადგილის სახლი და მოკლა ოთხი ადამიანი. ბანდიტებმა სოფელ დუმანისებთან ერთგვარი საგუშაგო დააწესეს, სადაც ყველა მგზავრს უმოწყალოდ ძარცვავდნენ. ეკატერინოვკაში დაუდგენელმა პირებმა მოკლეს უფროსი მილიციელი ჯანიაშვილი და მილიციელი ჯაფარიძე. ამავე სოფელში ყაჩაღებმა ამოხოცეს გერმანელი კოლონისტების ოჯახი. არ დაინდეს არც ქალი და არც მცირეწლოვანი ბავშვები.
საქართველოში კვლავ იძარცვებოდა მატარებლები. გაზეთი „საქართველო“. 1920 წლის 14 სექტემბერი: „მიმდინარე წლის 5 ენკენისთვეს ნაშუადღევს, ავაზაკები რიცხვით 6 კაცი დაესხნენ ქვალონის „საჭირბოროტო ბაქანზე“ ხეთიდან სენაკისკენ მიმავალ სამგზავრო მატარებელს. ბოროტმოქმედებმა ატეხეს საშინელი სროლა, მატარებელი შეაჩერეს, ყველა მგზავრი გადმოყარეს, მემანქანეს სცემეს და ბოლოს დაუწყეს მგზავრებს ძარცვა. ართმევდნენ ფულებს და ოქრო-ვერცხლის ნივთებს. წართმეული ფულებისა და ნივთების ანგარიში გამოურკვეველია. ბოროტმოქმედდათმი არც ერთ მგზავრს წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუ არ აღვნიშნეთ მატარებლის მორიგ (სტილი დაცულია, _ რედ.) ფოსტალიონის მიერ რევოლვერის ზევით გასროლა. მიუხედავად მგზავრების ასეთი საქციელისა, ავაზაკებმა მაინც ბევრ მგზავრებს სცემეს და თან აბარებდნენ მათ: „გადაეცით მთავრობას მალე, რომ განგვათავისუფლონ ჩვენ დანაშაულებთაგან, თორემ მთლად ავიკლებთ ქვეყანასაო“. ბოლოს ავაზაკებმა თავისი გვარები განუცხადეს ხალხს და „დიდი ალაფით“ გაუდგნენ სროლით გზას. თემის სამმართველო, სადაც იყვნენ ამ დროს ადგილობრივი მილიციელები, კარგა მანძილით დაშორებულია ამ „საჭირბოროტო ბაქანიდან“ (მათ შუა მანძილი სამი ვერსია), სანამ მილიციელები კარგად გაარკვევდნენ სროლის ადგილს და „ბაქანთან“ გაჩნდებოდნენ, ავაზაკები უკვე მიმალულიყვნენ, მაგრამ მილიციამ მაინ სცადა ავაზაკების ძებნა და დაედევნა…
ბოროტმოქმედების ადგილზე აღმოჩნდა ერთი მოკლული რკინის გზის მუშა კოდრატე ჭანტურია და სამი მგზავრი მძიმედ დაჭრილი (ერთი კაცი და ორი ბოვში). ერთი დაჭრილთაგანი გზაში გარდაიცვალა. მკვდარი და დაჭრილები ყველა ქალაქ ახალ სენაკში წამოიღეს იმავე მატარებლით“.

ეკონომიკა

2 სექტემბერს გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებული სავაჭრო სამრეწველო პალატის ინფორმაციით, თბილისში სურსათზე შემდეგი ფასები იყო: გირვანქა კარაქი _ 300 მან; საჭმლის ზეთი _ 300 მან; ყველი _ 120 მან; ათი კვერცხი _ 120 მან; ფუთი თეთრი ფქვილი _ 1500 მან; ფუთი სიმინდი _ 1300 მან; პური _ 1400 მან; ფუთი კომბოსტო _ 350 მან; ფუთი კარტოფილი _ 450 მან.
1920 წლის სექტემბრის გაზეთების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა. ყოველდღიურად იმატებდა ფასები სურსათსა და პირველადი მოთხოვნილების საქონელზე. სულ უფრო ძალას იკრებდა ინფლაცია, სულ უფრო ღარიბდებოდა მოსახლეობა. ამას მთავრობის მიერ მიღებული ზოგიერთი დადგენილებაც უწყობდა ხელს, რომელიც, როგორც ჩანს, კიდევ უფრო ამძიმებდა ისედაც რთულ ეკონომიკურ ვითარებას. მაგალითად, ხელისუფლების მიერ შემოღებული 8-საათიანი სამუშაო დღის შედეგად კიდევ უფრო გაძვირდა საქონელი. მწარმოებელთა თქმით, 8-საათიანი სამუშაო დროის შემოღებით მათ მუშახელი გაუძვირდათ და ისინი იძულებულნი იყვნენ, საქონლის ფასიც აეწიათ. ამ ღონისძიებამ თავად საქონლის ხარისხზეც იმოქმედა. გაზეთ „საქართველოს“ 18 სექტემბრის ნომერში მოყვანილი მოცულობითი სტატია სწორედ ამ პრობლემაზე მოუთხრობდა თავის მკითხველს: „ადგილობრივ ნაწარმოებთა გაძვირებასთან ერთდ დამაფიქრებელია ის გარემოება, რომ თანდათან ქვეითდება თვით ღირსება იმ საქონლისა, რომელსაც ჩვენვე ვამზადებთ აქ და რომელიც ღირსებით წინად მყვიდველებს საუკეთესოდ აკმაყოფილებდა. მაგალითად ავიღოთ ჩვენი წუღები და საზოგადოდ ფეხსაცმელები, ფლოსტები, წაღები. ეს დარგი წარმოებისა მშვენივრად აკმაყოფილებდა წინად მთელს ჩვენს სოფელს და ქალაქის დიდ ნაწილსაც. საქონელი დამზადებული იყო სუფთად მჭიდრო ნამუშევარი და საგულდაგულოდ გაკეთებული. ეხლა ამ ხელობის ნაწარმოები დაუჯერებელ სურათს წარმოადგენს: ნახევრად შეკერილი, ნახევრად შეწებილი, უსუფთაოდ და უგულოდ დამზადებულია“.
ამას ემატებოდა ხელისუფლების მიერ დაწესებული რეგულაციებიც. ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, მთავრობამ ზოგიერთი დეფიციტური საქონლის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გატანის შემზღუდავი დადგენილება მიიღო. ასე მაგალითად, აიკრძალა შაქრისა და მანუფაქტურის ექსპორტი. მოქმედებდა შიდა აკრძალვებიც. სპეკულაციის თავიდან ასარიდებლად გართუებული იყო რეგიონებიდან დედაქალაქში პურის, კარტოფილისა და სხვა პროდუქტების თვითნებური შემოტანა. შედეგად, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში სურსათის მწვავე დეფიციტი შეინიშნებოდა. ამ პრობლემის თაობაზე გაზეთი „საქართველო“ 25 სექტემბრის ნომერში დიდ სტატიას აქვეყნებს. ნაწყვეტი სტატიიდან, საიდანაც თვალნათლივ ჩანს, თუ რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა საქართველოს დედაქალაქის მოსახლეობა: „ცხოვრება აუტანელი ხდება. არც ერთ პატიოსან მოქალაქეს, რომელიც ჯამაგირს შეჰყურებს, ცხოვრება არ შეუძლიან. დღეში ათასი მანეთი არ ყოფნის სამ წევრიან ოჯახსაც, ხოლო 30 ათასი მანეთი ჩვენს რესპუბლიკაში აბა რომელ მოხელეს ეძლევა. იწევს პურის ფასი მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ორი სამი თვე პურის მოსავლის მოკრეფის თვეები იყო. იწევს ყველის ფასი, იწვევს კვერცხის, ერბოსი და კარაქის ფასი. ვერ გაეკარებით ქათამს, ძვირია საკლავები. ძვირია ხილი, ერთი სიტყვით ძვირია ყოველგვარი საჭმელ-სასმელი: სიძვირე აქ რომ გაჩერებულიყო, იქნებ მოქალაქეს რამეფერად ამ მდგომარეობას შეფარდებოდა, მაგრამ ფასები დაუდეგარია და თან და თან მაღლა იწევს.
არასდროს მოქალაქე ასე რიგად წელში გატეხილი არ ყოფილა ყოველ დღიური ლუკმის ზრუნვით, არასდროს მისი არსება ასე შეპყრობილი არ ყოფილა პურის შოვნის ფიქრით. ათასჯერ უკეთესი იყო ჩვენი მდგომარეობა დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, ასჯერ უკეთესი შარშან, ორმოცდა ათჯერ უკეთესი ამ სამი თვის წინად. რაც დრო გადის, უფრო მეტის პროპორციის და უფრო ჩქარის ტემპით მივექანებით უარესობისაკენ…
ყველა გაკოტრების გზას დაადგა. ვისაც რა აბადია, ჰყიდის და ისე შოულობს ლუკმას. დღევანდელი მყიდველი ხვალ თვით ჰყიდის იმავე ნივთს, იმავე ავეჯს თუ წიგნს. თბილისის ქართველობა, რომელსაც ქალაქის სიმდიდრე და ქონება არ ჰქონია და დღეს მხოლოდ ჯამაგირს შესცქერის, სულს იმით იბრუნებს, რომ თითქმის ყველას სოფელთან აქვს კავშირი, იქიდან ეზიდება ფქვილს, ყველს, ლობიოს, კარაქს, ქათამს, კვერცხს, ყოველივე იმას, რასაც მას აწვდის მისი სოფლის ოჯახი. მოუსპეთ ეს კავშირი და თბილისის ქართველობას მოესპობა არსებობის საშუალება“.

ბრძოლა ინფექციურ დაავადებებთან

1920 წლის 19 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულია თბილისის სანიტარიული ბიუროს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბოლო დღეებში დედაქალაქში ქოლერით ავად 4 ადამიანი გახდა. სულ კი ამ სენით აგვისტოს მიწურულიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე საავადმყოფოში 29 მოქალაქე მოხვდა და მათგან 17 გარდაიცვალა.
25 სექტემბერს გაზეთი უფრო გაშლილ ცნობას ბეჭდვას, საიდანაც ირკვევა, რომ თბილისში სულ უფრო ძლიერდებოდა ქოლერა, ხოლო ბათუმში კი შავი ჭირით დაავადებული რამდენიმე ადამიანი გამოავლინეს. ჯანმრთელობის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ბიულეტენიდან ვიგებთ, რომ თბილისისა და ბათუმის გარდა სასიკვდილო სენის შემთხვევები გორშიც დაფიქსირდა.
ამავე ნომერში გაზეთი „საქართველო“ ეპიდემიის საშიშროებასთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას ბეჭდავს სათაურით „შავი ჭირის გამო“, სადაც მითითებულია, რომ ამ დაავადებების წინააღმდეგ ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლად ბრძოლა არ შეუძლია: „საქართველოს ამ ჟამად ორი დიდი გადამდები ავადმყოფობა სტანჯავს: შავი ჭირი და ხოლერა. პირველი ბათომში გამოვლინდა, ხოლო მეორე ტფილისში. ბათომიდან ჩამოსულნი შეშინებულნი არიან ბათომის მცხოვრებთა ბედით, ხოლო ტფილისელთ ხოლერა აფიქრებთ.
საქართველოს ჰყავს ჯანმრთელობის დეპარტამენტის დირექტორი, მაგრამ საქართველოს სამწუხაროდ არა აქვს წამლეულობა და ხელსაწყონი აღნიშნულ ავადმყოფობათა წინააღმდეგ საბრძოლველი. სამწუხაროდ საქართველო მეტად ახალგაზრდაა და სუსტია იმ მეცნიერულ ძალებით, რომელნიც უაღრესად საჭირონი არიან ასეთ ავადმყოფობათა შესასწავლად, გამოსაკველევად და მათ წინააღმდეგ საბრძოლველად.
ასეთ პირობებში საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს შემდეგ ღონისძიებას: 1. საქართველოს მთავრობამ მოვლენილი უბედურება დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საერთაშორისო წითელ ჯვარს, რომლის წარმომადგენელი ტფილისშიც იმყოფება და უნდა სთხოვოს მას სათანადო დახმარება როგორც ცოცხალ, მეცნიერულ ძალებით, ისე წამლებით და სათანადო ხელსაწყოებით. 2. საქართველოს მთავრობამ უნდა გამოითხოვოს პარიზის, ბერლინის, ვენის და სხვა უნივერსიტეტებიდან მეცნიერული ძალები, საქართველოში მოვლენილ ავადმყოფობათა შესასწავლად და გამოსაკვლევად…
…სანამ კიდევ დროა მივმართოთ საშველათ ევროპას, თორემ „კაცმა ჭირი მალა, ჭირმა თავი არ დამალა“-ო, უთქვამთ ქართველთა ბრძენ წინაპრებს. მერე სინანული გვიანღა იქნება“.

კულტურის სიახლეები

გაზეთ „საქართველოს“ 1920 წლის სექტემბრის ნომრები აჭრელებულია სხვადასხვა განცხადებებით, რომელიც მკითხველს უამრავ კულტურულ ღონისძიებას სთავაზობს. საზაფხულო არდადაგების შემდეგ ახალ სეზონს ხსნიდა თბილისის ოპერის თეატრი. გაზეთში დაბეჭდილი აფიშა იუწყებოდა, რომ 30 სექტემბერს, ახალი დეკორაციებით, ახალი ტანისამოსითა და განახლებული ქოროთი, სეზონი „აბესალომ და ეთერის“ წარმოდგენით გაიხსნებოდა, რომლის ავტორი ალექსანდრე წუწუნავა გახლდათ. სპექტაკლს ზაქარია ფალიაშვილი დირიჟორობდა. პირველ ოქტომბერს მაყურებელი 4 მოქმედებიან ოპერა „პიკის ქალს“ იხილავდა, 2 ოქტომბერს კი წარმოდგენილი იქნებოდა ვერდის „რიგოლეტო“, რომელსაც სტოლერმანი დირიჟორობდა. 19 სექტემბრის გაზეთი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში დაგეგმილ სხვა სიახლეებსაც მიმოიხილავს: „მომავალ სეზონში დიდი ყურადღება ექნება მიქცეული ბალეტს. ბალეტი შესდგება 18 მოცეკვავე ქალიდან და 4 სოლისტისაგან. ხელახლად დაიდგმება ცეკვით ოპერები „გუგენოტები“, „ფაუსტი“ და სხვა. განზრახულია დადგან თამარ ვახვახიშვილის ბალეტი „სიყვარულის საწამლავი“, „გედების ტბა“, იპოლიტოვ-ივანოვის „ვეფხვის ტყაოსანი“ და დედა და შვილი ჭავჭავაძისა.
სახელმწიფო ოპერაში მალე დასრულდება მ. ბალანჩივაძის ოპერის „თამარ ცბიერის“ ტეხნიკური წინასწარ მზადება. კომპოზიტორმა კ. ფოცხვერაშვილმა ოპერა „ღალატის“ ორკესტროვკა დაასრულა. ოპერა მიღებულია საოპერო კომისიის მიერ. როლები შესწავლილია და უკვე დაიწყო ორკესტრის რეპეტიციები. ოპერას სდგამს წუწუნავა. სექტემბრის 15-ს სახელმწიფო თეატრი ორკესტრის სრული შემადგენლობით რეპეტიციებს შეუდგა“.
18 სექტემბრის ნომერში დაბეჭდილია საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეის განცხადება, საიდანაც ვიგებთ, რომ თბილისში ძველი მხატვრობის სურათების გამოფენა იგეგმებოდა. გალერეის ადმინისტაცია მოქალაქეებს სთხოვდა, რომ თუ ვინმეს ჰქონდა ძველი ქართული, სპარსული ან ევროპული ნახატები, აგრეთვე მინიატურები და გრავიურები, ისინი გამოფენისთვის წარმოედგინა. გალერეა სურათების დაცვისა და ხელშეუხებლობის სრულ გარანტიას იძლეოდა.
აქვე სამხატვრო გალერეის ადმინისტრცია იუწყებოდა, რომ სპეციალური კომისია წარმოდგენილ ნახატებს შეარჩევდა და, მფლობელთან ფასზე შეთანხმების შემთხვევაში, მოწონებულ ნამუშევრებს შეიძენდა.
28 სექტემბრის განცხადება იუწყებოდა, რომ სექტემბრის ბოლოს თელავსა და სიღნაღში შედგებოდა პოეტური დაჯგუფება „ცისფერი ყანყების“ საღამო, სადაც სიტყვით გამოვიდოდნენ და ლექსებს წაიკითხადვნენ: გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი და გოგლა ლეონიძე.

მოკლე ამბები

7 სექტემბერს გაზეთი „საქართველო“ მცირე ცნობას ბეჭდავს, საიდანაც ირკვევა, რომ დედაქალაქში 4 და 6 სექტემბერს მოსული დიდი წვიმების შედეგად მამა დავითის მთაზე მიწა ნაწილობრივ ჩამოიშალა და აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის საფლავებს საფრთხე შეექმნა. გაზეთის გადმოცემით, საფლავები ქვიშითა და ღორღით აივსო და მათ გადასარჩენად საჭირო იყო შესაბამისი ღონისძიებების დროული გატარება: „ადგილობრივ ტაძარს თავის საწყალ კასით არაფერი არ შეუძლიან. ეს ადგილი ეკუთვნის მიწად მომქმედების სამინისტროს, რომელიც მოვალეა დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რომ მამულიდან ჩამოსულ ღორღიდან, მომავალში უზრუნველ ჰყოს ეს საფლავები“.
საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმმა მთავრობის წინაშე აღძრა შუამდგომლობა მფრინავ ნიკოლოზ მაყაშვილისთვის ძეგლის დადგმის შესახებ. მაიორი მაყაშვილი 11 აგვისტოს ნავთლუღში საცდელი ფრენის დროს დაიღუპა. 7 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ ინფორმაციით, მთავრობამ ძეგლის დადგმის საკითხის შესწავლა და ამ თემაზე შესაბამისი მოსაზრებების წარდგენა სამხედრო სამინისტროს დაავალა.
1920 წლის სექტემბერში საქართველოს ხელისუფლებამ მკაცრი ბრძოლა დაიწყო სპეკულიანტებისა და გადამყიდველების წინააღმდეგ. როგორც გაზეთიდან ჩანს, მთავრობა სპეკულაციის აღსაკვეთად უკიდურეს ზომებსაც არ ერიდებოდა და ამ საქმიანობაში ბრალდებულ პირებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ასახლებდა. ასე მაგალითად, 25 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 39 სპეკულიანტი დააკავეს და ისინი ოჯახებთან ერთად საქართველოდან გააძევეს. მათი ბინები კი მთავრობის განკარგულებაში გადავიდა.
1920 წლის 2 სექტემბრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ თბილისში მოქალაქეებს უხარისხო სასმელი წყლით სარგებლობა უწევდათ. როგორც ირკვევა, ამის მიზეზი შაბის დეფიციტი იყო, რომელსაც წყალში დეზინფექციისთვის ხმარობდნენ. გაზეთი აღნიშნავს, რომ მეფის რუსეთის დროს შაბი, ძირითადად, რუსეთიდან, კერძოდ კი ნოვგოროდის გუბერნიიდან შემოჰქონდათ. რევოლუციისა და იმპერიაში დაწყებული არეულობის შემდეგ კი რუსეთიდან საქართველოში შაბის მიწოდება სრულიად შეწყდა.
საქართველოს მთავრობა ამ პრობლემის გადაჭრას ადგილბრივი რესურსებით შეეცადა: „ახლა საქართველოში ხანგრძლივი ძებნის შემდეგ ორ ადგილას აღმოაჩინეს შაბის მადანი: ერთი სანაინში და მეორე ქუთაისის მაზრაში. სანაინის შაბი წყალსადენისთვის უსარგებლო შეიქმნა. ქუთაისის მაზრაში უკვე შეუდგნენ შაბის დამზადებას. წყალსადენის მმართველობა იმედს გამოსთქვამს, რომ წელს მცხოვრებლებს სუფთა წყალი ექნებათ“.

მიხეილ ბასილაძე