ნოდარ ჩაჩანიძე: „მინდა, ჭიათურის გადასარჩენად ჩემმა თაობამ და მე გარკვეული როლი შევასრულოთ“

ქართული პოლიტიკა რომ მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს, ამაზე ყველა ერთხმად თანხმდება. პოლიტიკური ველი განახლებას საჭიროებს. გარკვეულწილად, შეიძლება ვთქვათ, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის პროცესი იწყება. ამის დასტური კი ის არის, რომ შუალედურ არჩევნებზე ჭიათურის საკრებულოში გამოთავისუფლებული ადგილის მოსაპოვებლად საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მომავლის ჭიათურის“ თავმჯდომარე ნოდარ ჩაჩანიძე იბრძოლებს.
აღსანიშნავია, რომ ასევე „მომავლის ჭიათურის“ წევრი დავით ჭუმბურიძე მერის არჩევნებში მონაწილეობს, რომელსაც მხარს უჭერს სამი პარტია: „ევროპული საქართველო“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „შენების მოძრაობა“.

რა შანსები აქვთ შუალედურ არჩევნებში ახალგაზრდა კანდიდატებს? როგორია მოსახლეობის განწყობა და რა არის ახალგაზრდების მთავარი გზავნილი?
აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ ჭიათურის საკრებულოს წევრობის დამოუკიდებელ კანდიდატ ნოდარ ჩაჩანიძეს ესაუბრა:

_ საქართველოში ახალგაზრდები პოლიტიკის მიმართ ნიჰილისტურად არიან განწყობილი. საინტერესოა, თქვენ შემთხვევაში რა იყო პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მოტივაცია?
_ პირველ რიგში, ამ ეტაპზე თავს პოლიტიკოსად არ მივიჩნევ, უფრო მეტად სამოქალაქო სექტორის ნაწილი ვარ. ახალგაზრდებმა რამდენიმე თვის წინ დავაარსეთ საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის ჭიათურა“. ჩემი სურვილია, რომ ჭიათურის საკრებულოში ჩემი სახით იყოს სამოქალაქო სექტორისა და ახალგაზრდობის წარმომადგენელი; არაპარტიულობის, დამოუკიდებლობისა და საღი აზრის გამტარებელი. რაც შეეხება იმას, რომ ახალგაზრდები პოლიტიკის მიმართ ნიჰილისტურად არიან განწყობილი, ამაში გეთანხმებით, სამწუხაროდ, ჩემ ირგვლივ მყოფ ახალგაზრდებსაც უჭირთ, ბოლომდე აღიქვან, რა არის ჩემი მიზანი, თუმცა ნაწილი ამ ყველაფერს გრძნობს და გვერდით მიდგას. ახალგაზრდების ნაწილს მაინც უჭირს იმის აღქმა, თუ რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, თუნდაც იმის აღქმა უჭირთ, რატომ დავბრუნდი თბილისიდან ჭიათურაში. დაახლოებით წელიწად-ნახევარია, რაც ჩამოვედი. ამბობენ, რომ ეს პოლიტიკაში შესვლაა. პირიქით, მეღიმება ხოლმე ამ ნათქვამზე. არ ვფიქრობ, რომ ადგილობრივ დონეზე სერიოზული პოლიტიკა კეთდება. არც ჭიათურაში, არც თერჯოლაში და არც ხარაგაულში პოლიტიკა არ კეთდება იმიტომ, რომ პოლიტიკა, რეალურად, ცენტრში კეთდება. აქ, უბრალოდ, ადამიანები საკუთარი ქალაქის ბედს ქმნიან და რადგან პოლიტიკა ცენტრიდან იქმნება, ცდილობენ, ამ ყველაფერს თავისი ქალაქი მოარგონ და ადგილზე შექმნან საკუთარი ქალაქის ბედი.
არსებობს ყბადაღებული ფრაზა, რომ „პოლიტიკა ბინძური საქმეა“, _ ეს მანამდე იქნება, სანამ უფრო ჯანსაღი თაობა არ შემოვა პოლიტიკაში. ჩვენ უკვე თითქმის 30 წელია, ერთსა და იმავე სახეებს ვუყურებთ, ისინი წრეზე ტრიალებენ. შევარდნაძის დროიდან მოყოლებული ერთი და იგივე სისტემაა, პოლიტიკური ველი გასაწმენდი და გასაჯანსაღებელია. მე ამ ეტაპზე დაინტერესებული ვარ, კონკრეტულად, ჩემი ქალაქით _ ჭიათურის ბედით. მინდა, ჩემი ქალაქის გადასარჩენად ჩემმა თაობამ და მე გარკვეული როლი ვითამაშოთ. იმედია, ამას ყველა ზუსტად ისე აღიქვამს, როგორც ვამბობ.
_ აღნიშნეთ, რომ ზოგს ძალიან გაუკვირდა თქვენი ჭიათურაში დაბრუნება, რეგიონები დაცლილია ახალგაზრდებისგან. მათი გაკვირვება გასაგებია. რა ხდება ამ მიმართულებით ჭიათურაში, აქვთ თუ არა ახალგაზრდებს უპერსპექტივობის განცდა?
_ ჭიათურა არის ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტი მთელ საქართველოში მიგრაციის, ახალგაზრდების გასვლის კუთხით. ასევე ჯანდაცვისა და სოციალური პრობლემების კუთხითაც „პირველები“ ვართ. ეკოლოგიურ პრობლემებზე აღარც ვსაუბრობ, ამ მიმართულებით ვერავინ შეგვეცილება. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ფაქტობრივად, ჩემი ბავშვობის მეგობრები აღარ არიან ჭიათურაში, უმრავლესობა თბილისშია, ზოგი საზღვარგარეთ წავიდა. სწორედ ამ ადამიანებს ვგულისხმობდი, ისინი ფიქრობდნენ, რამ გადამაწყვეტინა ჭიათურაში დაბრუნება. მე თბილისში სახლი მაქვს, სამეგობროც თბილისში მყავს, ჰობი, რითაც წლების განმავლობაში ვიყავი დაკავებული. მქონდა და დღესაც მაქვს სამსახურთან დაკავშირებით საინტერესო შემოთავაზებები. ამ პირობებში ბევრი არ მიიღებდა ასეთ გადაწყვეტილებას. სიტუაცია ნამდვილად რთულია და დასაფიქრებელია, ღირს თუ არა ამ ქვეყანაში გაჩერება, მით უმეტეს, პატარა ქალაქში. მესმის იმ ადამიანების, ვინც ასე ფიქრობს და ზოგი რეგიონიდან თბილისში, ზოგიც საზღვარგარეთ მიდის. მივიჩნევ, რომ ბრძოლა ნებისმიერ შემთხვევაში ღირს და არ ვეგუები არსებულ რეალობას. მიმაჩნია, რომ ადამიანს შეუძლია, ყველაზე რთული რეალობაც კი შეცვალოს. ჩემი მთავარი მოწოდებაც სწორედ ეს არის. ვიცით, რომ ჭიათურა ყველაზე მძიმე სიტუაციაში მყოფი ერთ-ერთი ქალაქია. ხშირად ვამბობ ხოლმე, აქ თუ რამე შეიცვალა, ე. ი. შესაძლებელია, ყველგან რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალოს. ასეთი ადამიანი ვარ და ვიცი, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს ხალხი, რომელიც არ ეგუება არსებულ რეალობას, ბრუნდება საკუთარ ქალაქებში და ადგილზე იწყებს პრობლემების მოგვარებას. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თბილისიდან გვარდება პრობლემები. ადგილზე უნდა დაიწყოს პრობლემის მოგვარება. ეს საბოლოოდ მიგვიყვანს იქამდე, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ რაღაცები შეიცვლება. არავის მოვუწოდებ, რომ ქვეყანა არ დატოვონ, რომ არ არიან პატრიოტები, ასე არ შეიძლება და ა. შ., _ მე მათი მესმის, თუმცა მინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი და ახალგაზრდა იყოს ისეთი, ვინც გადაწყვეტს, რომ იბრძოლოს თავისი ქალაქისთვის და თავისი ქვეყნისთვის. ამ შემთხვევაში ასაკიც მნიშვნელოვანია, რაღაც ასაკში ადამიანი ოპტიმისტურად უყურებს ყველაფერს, შემდეგ ამბობენ, რომ რეალისტები ხდებიანო, თუმცა მე უფროსი თაობის ხალხიც მინახავს, რომელიც ახალგაზრდულად აღტყინებულია. ჭიათურაში ბევრია უფროსი თაობიდან ისეთი, ვისაც კარგად ესმის ჩემი. სამწუხაროდ, არიან ისეთი ახალგაზრდებიც, რომლებსაც ვერ ესმის კარგად, თუ რატომ და როგორ ვაპირებთ ბრძოლას.
_ როგორ უნდა გაირღვეს მოჯადოებული წრე იმისთვის, რომ პოლიტიკაში რეალური, ახალი სახეები გამოჩნდნენ?
_ თვითონ ჩვენს თაობაში უნდა გაჩნდეს მოთხოვნა და შიგნიდან უნდა დაიწყოს პროცესები. თუნდაც ჩემს მაგალითზე გეტყვით: 40-მდე ახალგაზრდა შევიკრიბეთ, საზოგადოებრივი მოძრაობა დავაფუძნეთ და ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბრეთ, რაც ჭიათურაში ხდება. სამწუხაროდ, ამ ქალაქში ხმამაღლა საუბარიც კი რიგ პრობლემებთან არის დაკავშირებული. თუმცა ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და რამდენიმე კამპანიაც დავიწყეთ. ჩვენი პოლიტიკური მოთხოვნა იყო, რომ პოლიტიკურ ძალებს შუალედურ არჩევნებზე უარი ეთქვათ თავიანთი პარტიული კანდიდატის დაყენებაზე. ჩვენი აზრით, შესაფერისი დრო შევარჩიეთ. მსგავსი რამ საპარლამენტო არჩევნებზე რომ ეთქვა ვინმეს, გიჟად მიიჩნევდნენ. რიგგარეშე არჩევნებია, განსაკუთრებული ინტერესი არ იყო და ეს დრო შევარჩიეთ. პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები გავიარეთ, რომ არ დაეყენებინათ კანდიდატი და საშუალება მოეცათ, ახალი სახეები ჩართულიყვნენ პოლიტიკურ პროცესებში. „ქართული ოცნებიდან“ ირონიული პასუხი მივიღეთ, რომ ამ ქალაქს არ სჭირდება სიახლე, ახალი ენერგია და სისხლი, რომ თითქოს ყველაფერი კარგადაა. პრინციპში, არც გვქონდა იმედი, რომ რეალურ დამოუკიდებელ კანდიდატს მმართველი პარტია მხარს დაუჭერდა, სალომე ზურაბიშვილივით „დამოუკიდებლები“ კი ჩვენ ვერ ვიქნებოდით. რეალურად, გვინდოდა, ჩვენ ირგვლივ მესამე ძალა გაგვეერთიანებინა „ქართული ოცნებისა“ და „ნაცონალური მოძრაობის“ გარდა არსებულ პოლიტიკური სპექტრში და, პრინციპში, ეს მოვახერხეთ. ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ იმ საზოგადოებრივი მოძრაობის თავმჯდომარე ვარ, რომელმაც შეძლო და რამდენიმე პოლიტიკურმა ძალამ: „ევროპულმა საქართველომ“, „შენების მოძრაობამ“, „თავისუფალმა დემოკრატებმა“, ღიად გამოაცხადეს ჩვენ მიმართ მხარდაჭერა. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ ალეკო ელისაშვილის მოძრაობაც აპირებს მხარდაჭერას და შესაძლოა, ჩვენს ბლოკს არჩევნებამდე კიდევ რამდენიმე პოლიტიკური პარტია შემოუერთდეს. ასევე გვყავს მერობის დამოუკიდებელი, ახალგაზრდა კანდიდატი, პოლიტოლოგიის მაგისტრი დავით ჭუმბურიძე, რომელიც 2 წლის წინათ დაბრუნდა ქალაქში. ის ჩემი მეგობარია და ისევე როგორც მე, ისიც ცდილობს, ამ ქალაქს უკეთესი ხვალინდელი დღე ჰქონდეს. ძალიან ბევრს ვფიქრობთ და უამრავი კონკრეტული იდეა და პროექტი გვაქვს.
_ როგორია საზოგადოების განწყობა თქვენ მიმართ და როგორ შეაფასებთ შანსებს?
_ უპრეცედენტო მოვლენაა, როცა პოლიტიკურმა პარტიებმა ახალგაზრდებს ღიად დაუჭირეს მხარი. ვინც ცვლილებებისა და სიახლის საჭიროებას ხედავს, ჩვენ მათ რეალურ ალტერნატივას ვთავაზობთ. ძალიან ბევრს მოსწონს ჩვენი ჩართულობა და ფიქრობს, რომ თუნდაც რისკის ფასად უნდა დაგვიჭიროს მხარი. საზოგადოების მხრიდან ჩვენი მხარდაჭერა დიდი რისკი ნამდვილად არ იქნება, რადგან ჭიათურაში გასაფუჭებელიც არაფერი დაგვიტოვეს. (იცინის) მჯერა საზოგადოების საღი აზრის და მჯერა, რომ მაქვს შანსი, საკრებულოში ვიყო დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი. მწამს, რომ დათო ჭუმბურიძეს აქვს შანსი, გახდეს ქალაქის მერი. დიდი ალბათობით, ამას შეიძლება მეორე ტური დასჭირდეს, თუმცა ჩვენ იმის ენერგია გვაქვს, რომ მეორე ტურშიც ვიბრძოლოთ. ჩვენ სოციალურ მედიაშიც ჩავატარეთ გამოკითხვა _ 14 000-მდე ადამიანმა ნახა, თუმცა მხოლოდ მეათედმა მიიღო მონაწილეობა, 1440-მა ადამიანმა დააფიქსირა თავისი აზრი. ზოგადად, პატარა ქალაქებში სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ღიად აზრის დაფიქსირება ჭირს. მიუხედავად ამისა, 62% მიიღო დავით ჭუმბურიძემ _ მერობის ჩვენმა კანდიდატმა და მხოლოდ 38% აიღო მმართველი გუნდის კანდიდატმა, რაც ძალიან მაიმედებს. სტუდენტები, რომლებიც თბილისში სწავლობენ, გვეხმიანებიან და მზად არიან, არჩევნებზე ჩამოვიდნენ. მთელი გულით ვამბობ, ახალგაზრდები, მათ შორის, საზღვარგარეთიდან, გაფაციცებით გვიყურებენ და აკვირდებიან პროცესებს, _ რა ხდება ჭიათურაში და ღირს თუ არა ამ ქალაქში დაბრუნება. ჩვენ გვინდა, რომ ერთგვარი მაგალითი ვიყოთ სხვებისთვის.
_ რას დაუპირისპირებთ ადმინისტრაციულ და ფულად რესურსს?
_ საჯარო რესურსი გამოკითხვის შემთხვევაში გამოიყენეს, _ დაიბარეს პედაგოგები, ბაღის მასწავლებლები, სპორტსკოლის წარმომადგენლები და მათ მმართველი გუნდის კანდიდატისთვის ხმის მიცემა მოსთხოვეს, თუმცა გამოკითხვით ის შედეგი ვერ მიიღეს, რასაც ელოდნენ. გამოკითხვის შემდეგ კი პასუხს სთხოვდნენ მათ, რატომ მოიწონეს ჩვენი კანდიდატი. მე, უბრალოდ, ვიცი, რომ მერიის თანამშრომლები, პედაგოგები, საკმაოდ ჭკვიანი ხალხია, მათ ყველაფერი ძალიან კარგად იციან, მათი საღი გადაწყვეტილების იმედი მაქვს. არ მგონია, რომ ისინი იმ გუნდს დაუჭერენ მხარს, რომელიც ამ ქალაქს მართავს. ახლა გარდამავალი პერიოდია, მე თვითონ 3 წელიწად-ნახევარი პოლიტიკურ ანალიზზე ვმუშაობდი და დარწმუნებული ვარ, ეს მთავრობა ამ ფორმით 2020 წლიდან აღარ შენარჩუნდება. მინდა, რომ ქალაქს საბოლოოდ ჯანსაღი გუნდი დარჩეს, ქალაქის მოყვარულები, სხვანაიარად ანთებული გულებით, რომლებიც განსხვავებულად მიხედავენ ამ ქალაქს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, რამდენიმე წელიწადში ამ ქალაქში ბრძოლაც აღარ ღირდეს. რეალურად, თვალწინ გვიქრება ქალაქი, გადაიტანეს სასამართლო, პროკურატურა აღარ არის, სტადიონები ინგრევა, საავადმყოფოები დაინგრა, კულტურის სახლში თვეებია, ღონისძიება არ ჩატარებულა, დარბაზი ავარიულ მდგომარეობაშია, ხიდი ინგრევა, ყველაფერი ინგრევა. შეიძლება, ჩემი თაობის გაბრძოლება მართლა იყოს ერთ-ერთი ბოლო. არ მეშინია საჯარო რესურსის გამოყენების, მე მათი საღი გადაწყვეტილებების მჯერა.

ნენე ინჯგია