ფეოდალიზმი და რეპრესიები ახალგორში _ გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი დევნილს დევნილის სტატუსს ართმევს


„ქართულ ოცნებას“ ყველა მიმართულებით პრობლემები აქვს, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდი ხელისუფლებაში ხალხზე ზრუნვის დაპირებით მოვიდა, დღევანდელი მოცემულობა ასეთია: ხალხსა და „ოცნებას“ შორის უზარმაზარი უფსკრულია გაჩენილი. მიუხედავად ამისა, „მეოცნებეები“ თავზე ნაცარს იყრიან და ამბობენ, ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ, „რუსთავი 2“ და ჩვენდამი არაკეთილად განწყობილი სხვა მედიასაშუალებები აპოკალიფსურ სურათს ხატავენო.
ერთი სიტყვით, ხელისუფლება განტევების ვაცს ეძებს და მშიერ ხალხს არწმუნებს, რომ თუ „რუსთავი 2-ს“ გამორთავს და მაგალითად, „ქრონიკა+“-ს არ წაიკითხავს, აღარც შიმშილი შეაწუხებს და სხვა პრობლემებიც დაავიწყდება, მაგრამ ეს ზუსტად ის ვითარებაა, წყალწაღებული ხავსს რომ ეჭიდება და ამას ის ამბავიც მოწმობს, რომელსაც დღეს გიამბობთ.

დიახ, ჩვენი რესპონდენტი, იურისტი ვალერი თორელი, რომელსაც ძალოვან უწყებაში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს (მაგალითად, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში დუშეთის მილიციის საგამოძიებო ნაწილის უფროსი იყო), მწარე რეალობას შეეჯახა. არადა, თავის დროზე, „ოცნების“ მხარდამჭერი გახლდათ. ბატონი ვალერი ხელისუფლებისგან, როგორც იტყვიან, არც პურს ითხოვს და არც _ წყალს. ის, უბრალოდ, იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ საკუთარ სამშობლოში საკუთარმა ხელისუფლებამ დევნილის სტატუსი არ მოუხსნას და დევნილად კიდევ ერთხელ არ აქციოს!
რატომ უხსნიან ვალერი თორელს დევნილის სტატუსს? _ როგორც ჩვენი რესპონდენტის მონათხრობიდან ირკვევა, მას სიტყვიერი დაპირისპირება ოკუპირებული ახალგორის გამგებელ ნუგზარ თინიკაშვილთან მოუვიდა, ანუ თინიკაშვილი დევნილ მამაკაცზე შურიძიებას ახორციელებს.
ვინ არის ნუგზარ თინიკაშვილი? _ ეს სახელი და გვარი ქართულ მედიაში არაერთხელ გაჟღერდა. თინიკაშვილი ახალგორის გამგებელი, ჯერ კიდევ, შევარდნაძის დროს იყო, თუმცა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მას „საქმენი საგმირონი“ ამოუქექეს და დაიჭირეს.
ზოგადად, ირკვევა, რომ ვალერი თორელი ერთადერთი დევნილი არ არის, ვისაც თინიკაშვილი ემტერება. ყოველ შემთხვევაში, „ქრონიკა+“-მა ახალგორის რაიონულ გაზეთ „ახალგორის“ 2016 წლის იანვრის ნომერი მოპოვა, სადაც გამოქვეყნებულია სტატია: „ახალგორის მუნიციპალიტეტში უსამართლობას ბოლო უნდა მოეღოს“. წერილს ხელს აწერს სოფელ ყანჩავეთიდან დევნილი სოსო წინამძღვრიშვილი.
წერილში ნათქვამია: „მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას და ახალგორის მოსახლეობას იმ უსამართლობისა და განუკითხაობის გამო, რაც გამეფებულია ახალგორის მუნიციპალიტეტში გამგებელ ნუგზარ თინიკაშვილის მიერ სამსახურის ბოროტად, პირადი მიზნებით გამოყენებისა ადამიანთა და ოჯახების დევნა-შევიწროების გამო.
ნუგზარ თინიკაშვილმა ოჯახი ლუკმა-პურის გარეშე დამიტოვა: დედა _ ინვალიდი, მამა _ მძიმე დიაგნოზით, მეუღლე, ორი შვილი, რით ვიარსებო, ვინმემ გამცეს პასუხი, რატომ მომექცა უკანონოდ, ცილისმწამებლურად ნ. თინიკაშვილი _ ახალგორის გამგებელი რომ ჰქვია, ვინ დანიშნა იგი ამ პოსტზე?
ოჯახის არც ერთი წევრი არ ვმუშაობთ, ყველა უმუშევარი ვართ. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის დეკემბერში თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევ კონკურსში გავიმარჯვე, გავიარე ყველა ეტაპი, მაგრამ დღემდე უმუშევარი ვარ. რატომ? რისთვის?
ვსვამ კითხვას: ერთი კაცის გადასაწყვეტი უნდა იყოს ჩემი ოჯახის ბედი? ან, საერთოდ, ჩვენი ოჯახის არსებობა? ასეთი რამ, ალბათ, ისტორიას არ ახსოვს, რაც ახლა ხდება ახალგორის გამგეობაში: ნ. თინიკაშვილი ფეოდალივით იქცევა, ერთპიროვნულად წყვეტს, ვინ დანიშნოს სამსახურში, ვინ გაათავისუფლოს, ვინ დააწინაუროს ან დააქვეითოს…
ოთხი თვის წინ მოვიგე მცხეთის რაიონული სასამართლო, იმის მაგიერ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებულიყო და მე სამუშაოზე დავნიშნულიყავი, ნ. თინიკაშვილმა ჩემი საამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა (დაინტერესებული რომ არ ყოფილიყო, ამას ხომ არ გააკეთებდა?)… ეტყობა, მფარველების იმედი აქვს.
მე კი, ჩემი მრავალსულიანი ოჯახით, ასეთ უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობ, თუ ცხოვრება ჰქვია ამას და ამ დროს ნ. თინიკაშვილი ბიუჯეტს განაგებს და ადამიანის ბედს წყვეტს.
კაცს, რომელიც ბიუჯეტის თანხების შეჭმისთვის არის ნასამართლევი, რაიონის გამგებელი ჰქვია!
ვაგლახ, რომ ოკუპირებულ ახალგორს, მის დევნილ მოსახლეობას, ასეთი საეჭვო რეპუტაციის გამგებელი ჰყავს!“
ვინ მფარველობს ნუგზარ თინიკაშვილს და რატომ არ მიაჩნია მას ცა ქუდად და დედამიწა _ ქალამნად? _ ვალერი თორელთან საუბრით ირკვევა, რომ იმ დროს, როცა თინიკაშვილი მას კრიჭაში ჩაუდგა, დევნილთა სამინისტროს სოზარ სუბარი ხელმძღვანელობდა. კითხვაზე, _ არის თუ არა სუბარი თინიკაშვილის მფარველი? ჩვენს რესპონდენტს უარყოფითი პასუხი არ აქვს და იმასაც გვეუბნება, რომ „ოცნებაზე“ ძალიან გამწარებულია და რომ შეეძლოს, ყველას კედელთან მიაყენებდა.
ზოგადად, დევნილების თემა სენსიტიურია _ ადამიანებმა რუსული ოკუპაცია საკუთარი თვალით ნახეს, გამოსცადეს და ამ ფონზე ძალიან, ძალიან საწყენია, რომ ხელისუფლება ან ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები მათ აბუჩად იგდებენ და ბრალს იმაში სდებენ, რომ დევნილები არ არიან და იგონებენ, თითქოს ოკუპირებული რეგიონებიდან არიან.
ამის ნათელი მაგალითია ვალერი თორელის ისტორია, რომელიც სასამართლომ გაამართლა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება დევნილთა სამინისტრომ და შესაბამისად, ახალგორის გამგებელმა თინიკაშვილმა ეჭვქვეშ დააყენა, საქმეში თითქოს ახალი გარემოებები აღმოაჩინა და იმისთვის, რომ თორელსა და მის მეუღლეს დევნილის სტატუსი ჩამოერთვას, სასამართლოს ხელახლა მიმართა.
ყველაფერი კი, როგორც „ქრონიკა+“-მა გაარკვია, იმით დაიწყო, რომ ნუგზარ თინიკაშვილს ვალერი თორელთან პრეტენზია ჰქონია, _ როცა წლების წინათ დამიჭირეს, რატომ არ დამიცავიო?!

ვალერიან თორელი, ახალგორის რაიონიდან დევნილი:
_ ყველაფერი 2005 წლის გიორგობას დაიწყო: თბილისში, წერეთელზე ბინა მქონდა. შვილს მანქანა დაეჯახა. ფეხი ლამის მოსაჭრელი გაუხდა და იძულებული ვიყავი, ეს ბინა გამეყიდა. ამ ფულით მოსკოვში წავიყვანე და გადავარჩინე.
კიდევ ერთი შვილი მყავს, რომელიც მას შემდეგ, რაც ბინა გავყიდეთ, ესპანეთში წავიდა. იქ ფიტნესში ჩემპიონი გახდა, ესპანეთის კინოსტუდიის ხალხს და სხვა ცნობად სხეებს ავარჯიშებს. სხვათა შორის, ანტონიო ბანდერასი მისი მეზობელია _ საერთოდ, ბანდერასი მაიამიში ცხოვრობს, მაგრამ როცა ესპანეთში ჩადის, ჩემს შვილთან ძმაკაცობს. აი, სურათებიც მაქვს… ყველაფერ ამაზე ჩვენი რაიონის, ახალგორის გაზეთმა სტატიაც დაწერა.
_ ანუ ახალგორელი ხართ?
_ დიახ. დედაჩემი 35 წელი ახალგორის სკოლის დირექტორი იყო, მამაჩემიც პედაგოგი გახლდათ. მეათე კლასიდან თბილისში გადმოვედი _ აქ ბებია მყავდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სარატოვში წავედი, სადაც იურიდიული დავამთავრე…
მოკლედ, იმის გამო, რომ ჩემი შვილი ავარიაში მოყვა, თბილისში ბინა გავყიდე.
_ თბილისში საცხოვრებელი რომ აღარ გქონდათ, მშობლიურ ახალგორში დაბრუნდით, არა?
_ დიახ, სხვა საცხოვრებელი აღარ გამაჩნდა და აბა, რა უნდა მექნა?
_ თბილისიდან ამოეწერეთ?
_ დიახ, ახალგორში ჩავეწერე, მამაპაპისეულ სახლში.
სხვათა შორის, ისე მოხდა, რომ 2012 წელს „ოცნებას“ ვეხმარებოდი.
_ ბატონო ვალერიან, აგვისტოს ომის დროს სად ცხოვრობდით?
_ ახალგორში. ომის მერე, სანამ წეროვანში დევნილებისთვის კოტეჯები აშენდებოდა, ცოლის ნათესავთან ვცხოვრობდით. მერე კი, როგორც ყველას, კოტეჯი მეც მომცეს და პრობლემა არ ყოფილა. უკვე ათი წელია, წეროვანში ვცხოვრობ…
ხელისუფლება რომ შეიცვალა, ახალგორის გამგებლად ნუგზარ თინიკაშვილი მოვიდა. სხვათა შორის, თინიკაშვილი მაშინაც გამგებელი იყო, როცა ახალგორში ვმუშაობდი.
_ კი, მახსოვს და ისიც ვიცი, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ თინიკაშვილი დაიჭირეს…
_ დიახ, ასე იყო… 2003 წლამდე, თუ გახსოვთ, პენსიები გაყინული იყო. ერთხელ მამაჩემი თინიკაშვილთან მივიდა და უთხრა, _ იქნებ, გაყინული პენსია მომცეო. თინიკაშვილმა უპასუხა, _ მოლარეს დავურეკავ, მიდი და აიღეო, მაგრამ მოლარემ მამაჩემი უკან უარით გამოისტუმრა.
_ რატომ?
_ მოლარემ მამაჩემს უთხრა, _ თინიკაშვილი ყველას, ვინც პენსიას სთხოვს, ტკბილი სიტყვით ისტუმრებს და ჩემთან აგზავნის, მაგრამ მე საიდან მივცეო?
მოკლედ, ამ თინიკაშვილმა პენსიები და ყველაფერი ჯიბეში ჩაიდო და დაიჭირეს, პასუხისგებაშიც მისცეს. საქმეს პაატა ჯახუტაშვილი იძიებდა… მერე კიევში გაიქცა, მერე პრობაციაში იყო, მერე 45 თუ 50 ათასი მიატანინეს.
_ თინიკაშვილს?
_ დიახ.
წლები გავიდა, „ოცნება“ რომ მოვიდა, მოიყვანა და ეს თინიკაშვილი ისევ გამგებლად დასვა… რაღაცაზე წავკინკლავდით.
_ რა „რაღაცაზე“?
_ ძველი ამბავი გამახსენა, _ ტყუილად დამიჭირეს და გვერდით რატომ არ დამიდექიო?! ვკითხე, _ მე და შენ შეხება ოდესმე გვქონია-მეთქი? _ არაო. _ ჰოდა, აბა, რა გინდა-მეთქი?.. ამის შემდეგ ადგა და წერილი გამოაგზავნა.
_ რა წერილი ან სად გააგზავნა?
_ ვითომ ახალგორში არ ვცხოვრობდი და იქ სეზონურად ჩავდიოდი, ანუ თინიკაშვილმა, _ შენ თბილისში მუშაობდი და ახალგორში არ ცხოვრობდიო.
ვეუბნები, _ თბილისში ბინა 2006 წელს გავყიდე, ომი კი 2008-ში დაიწყო. თბილისის ბინა ბავშვის ავარიის გამო დავკარგე, მეორე სახლი კი ახალგორში ომის გამო დავკარგე-მეთქი.
მოკლედ, თინიკაშვილმა დევნილთა სამინისტროში წერილი გამოაგზავნა. ამის შემდეგ ადგილობრივი კომისია შედგა.
_ ეს ამბები როდის ხდება?
_ 2014 თუ 2015 წელს. კომისიას გამგებლის მოადგილე და ექვსი განყოფილების უფროსი ესწრებოდა. ყველამ თქვა, რომ ახალგორში ვცხოვრობდი, ჭირშიც დავდიოდი და ლხინშიც.
_ ბატონო ვალერიან, თუ ახალგორში არ ცხოვრობდით, თავის დროზე, წეროვანში კოტეჯს ხომ არ მოგცემდნენ?
_ საქმეც ეგ არის _ როცა ომი მოხდა, სოფლის რწმუნებულმა დაწერა, რომ მე და ჩემი ოჯახიც ახალგორში ვცხოვრობდით, მაგრამ ახლა ის რწმუნებული აღარ არის, ვიღაც ახალი მოიყვანეს და იმან დაწერა, ახალგორში არ ცხოვრობდაო.
_ დღეს სად ცხოვრობთ?
_ წეროვანში დევნილთა დასახლებაში, მაგრამ თინიკაშვილი მედავება…
ადგილობრივმა კომისიამ რომ დაწერა, თორელი ახალგორში ცხოვრობდაო, ამის მერე საკრებულოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და ყველა დევნილთა სამინისტროში ჩამოიყვანეს.
_ რატომ?
_ კონსილიუმივით მოეწყო და ყველამ კიდევ ერთხელ, ერთხმად თქვა, რომ ომამდე და ომის დროსაც ახალგორში ვცხოვრობდი.
სხვათა შორის, ამ საქმეს უკვე მეხუთე წელია, დავდევ.
ერთი სიტყვით, სასამართლო შედგა და მეც გამამართლეს და ჩემი ცოლიც.
_ წეროვნის კოტეჯში ვინ და ვინ ცხოვრობთ?
_ მე, მეუღლე და ერთი შვილი. მეორე შვილი, როგორც გითხარით, ესპანეთშია.
პირველი ინსტანციის მერე მეორე ინსტანციის სასამართლოშიც გავიმარჯვე, მაგრამ გაასაჩივრეს.
_ თინიკაშვილი ითხოვს, რომ წეროვნის დევნილთა დასახლებაში სახლი ჩამოგერთვათ?
_ არა.
_ აბა?
_ საუბარი, ჯერჯერობით, დევნილის სტატუსზეა, მაგრამ თუ დევნილის სტატუსი არ მექნება, კოტეჯიდანაც გამომიყვანენ.
_ როგორც დევნილი, დახმარებას იღებთ?
_ ვიღებდი, მაგრამ ახლა აღარ ვიღებ.
_ რატომ აღარ იღებთ?
_ მომიხსნეს.
_ საქმის განხილვა ჯერ არ დამთავრებულა და რას ჰქვია, მოგიხსნეს?
_ წინასწარ მომიხსნეს.
_ საოცარია…
დევნილის დახმარება ვისი ინიციატივით მოგიხსნეს?
_ თინიკაშვილისა და დევნილთა სამინისტროს.
_ დევნილის დახმარებას რამდენს იღებდით?
_ ოჯახის თითო წევრზე 45 ლარს.
_ ამის გარდა სხვა შემოსავალი გქონდათ?
_ არაფერი. ჩემი ბიჭი, ნახალოვკაში დიდი მარკეტი რომ არის, იქ მენეჯერად მუშაობდა.
_ ახლა სასამართლო დავა რა ეტაპზეა?
_ საქმე უზენაეს სასამართლოში წავიდა, რომელმაც მეორე ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა, რომ ნაწილობრივ ვარ დევნილი.
_ როცა ეს ამბავი დაიწყო, მაშინ დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი იყო?
_ დიახ.
_ ანუ თინიკაშვილს სუბარი მფარველობდა.
_ დიახ, სუბარი მფარველობდა.
ლევან ბარდაველიძეა, რომელიც დევნილთა სამინისტროში იურისტია. გავიგე, რომ თინიკაშვილი მასთან ჩავიდა და უთხრა, გვერდით დამიდექი, ეს კაცი უნდა გავამწაროო. ვიღაც მოსამართლეც ჩართო და ეს საქმე მე შემომიტრიალეს. სასამართლო ჯერ მოვიგე, მაგრამ დევნილთა სამინისტრომ გაასაჩივრა.
_ ანუ საქმე მეორე ინსტანციაში წააგეთ?
_ არა, მეორე ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ დამაკმაყოფილა. ეს გადაწყვეტილება უზენაესმაც ძალაშიც დატოვა. ამის შემდეგ ადგნენ და, ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის ხელახალი განხილვა დაიწყეს.
_ ახლად აღმოჩენილ გარემოებად რა მიიჩნიეს?
_ საქმეს საბუთი დაურთეს, _ პოლიციის უფროსთან მიმართვა გავაგზავნეთ და ვკითხეთ, ეს ადამიანი ახალგორში ცხოვრობდა თუ არაო? ახალგორის პოლიციის განყოფილება ახლა სოფელ მუხრანშია.
_ ერთი სიტყვით, შსს-მ დაადგინა, რომ ახალგორში არ ცხოვრობდით, არა?
_ გეტყვით: მუხრანში ჩავედი, პოლიციის უფროსს შევხვდი და ვეუბნები, _ ბიჭო, მე ეს და ეს ვარ, რომ წერ, ახალგორში არ ცხოვრობდაო, ამიხსენი, საიდან მოიტანე, რომ არ ვცხოვრობდი, იქ სახლიც მაქვს და კარიც, დედაჩემი 35 წელი სკოლის დირექტორი იყო, მამაჩემიც იქაური იყო და მეც იქაური ვარ-მეთქი.
_ პოლიციის უფროსმა რა გიპასუხათ?
_ აი, თინიკაშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ იქ არ ცხოვრობდიო. გესმით? _ ისევ თინიკაშვილის ნათქვამი დაუდეს ცნობას საფუძვლად, ეს პირდაპირ წერია პოლიციის უფროსის ცნობაში. ყველგან თინიკაშვილია! ერთი მოწმე ვერ ნახეს, ჩემი რაიონის მცხოვრები, რომელიც დაადასტურებდა, რომ არ ვცხოვრობდი! დადიან და ვიღაც-ვიღაცებს ეხვეწებიან, მაგრამ იქაური ვარ, ყველა მიცნობს, ყველასთვის სიკეთე მაქვს გაკეთებული. ამიტომ მოწმედ არავინ მიჰყვება!
_ წეღან მითხარით, რომ, თავის დროზე, „ოცნების“ მხარდამჭერი იყავით.
_ დიახ, ვიყავი, მაგრამ ახლა ისე მეჯავრება ეგ ბიძინა და „ოცნება“, რომ სათითაოდ მივაყენებდი კედელთან!
_ რატომ გეჯავრებათ?
_ კაი რამეს აკეთებს? რამე გაკეთდა? ხალხი გადააგდო… მეორე შვილიც ესპანეთში გამიქციეს!
_ თინიკაშვილი იმ სიტყვიერი შელაპარაკების გამო გადაგეკიდათ, წეღან რომ მითხარით?
_ დიახ.
რომ იცოდეთ, გეტყვით, თინიკაშვილი ვინ არის _ ღვარძლი კაცი და ჩუმჩუმელა, პირში არაფერს გეტყვის და ყველაფერს ზურგს უკან აკეთებს!
_ წეროვანში სახლი რომ ჩამოგართვან, იქ სხვას შეასახლებენ თუ თინიკაშვილი გაყიდის?
_ არ ვიცი…
_ ანუ ხომ არ ეჭვობთ, რომ ამ საქმით ახალგორის გამგებელი ფულს აკეთებს?
_ ფულს აკეთებს… მანდ აუდიტი რომ შევიდეს, ისეთ რამეებს ნახავს, რომ… რაც მოვიდა, თითი თითზე არ დაუდევს და არაფერი გაუკეთებია! როგორც ადრე იპარავდა, ახლაც ასე იპარავს!
_ ვინ მფარველობს?
_ არ ვიცი… მცხეთაში გუბერნატორი ყოფილა თუ ვიღაცა.
_ ე. ი., თინიკაშვილი ახალგორელებს ყურადღებას არ გაქცევთ?
_ არა!
ამ ადამიანმა არაერთი ოჯახი დააქცია, რამდენი სამსახურიდან უსაფუძვლოდ მოახსნევინა. ყველას, ვინც მოწმედ გამომყვა და ადასტურებს, რომ ნამდვილად ახალგორში ვცხოვრობდი, აშინებს და აშანტაჟებს!
_ გასაგებია, რომ თქვენს უფლებებს სასამართლოში იცავთ, მაგრამ დასახმარებლად ხელისუფლების სხვა შტოებს თუ მიმართეთ, ვთქვათ, „ოცნების“ პარტიულ ოფისს?
_ რაზე უნდა მივმართო? „ოცნებაზე“ განაწყენებული ვარ! მეგონა, რომ კანონი არსებობდა… თინიკაშვილს ხან კარს უჭედავენ და ხანს კაბინეტის კარზე დედის გინებს უწერენ. ყველა მაგას აგინებს!
დევნილთა სამინისტრომ ხელახლა რომ იჩივლა, საქმე ვინმე ფარქოსაძეს დააწერეს. ყველა მტკიცებულება მივუტანე, მაგრამ მაინც მე გამამტყუნა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გადაწყვეტილებაში ფარქოსაძეს ლანძღავს, მაგრამ თვითონაც ის გადაწყვეტილება გამოიტანა, რაც _ ფარქოსაძემ!
_ ბატონო ვალერი, დევნილის სტატუსი იმისთვის გინდათ, რომ წეროვანში სახლი არ წაგართვან და ქუჩაში არ დარჩეთ, არა?
_ დიახ.
თინიკაშვილმა თავისი ნათესავი მიიყვანა სამუშაოდ და ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულად დანიშნა. ეს სოფელი ახალგორზეა მიბმული. აი, ამ თავის ნათესავს აწერინებს ჩემზე, რომ ახალგორში არ ვცხოვრობდი და მიმართვის სახით სამინისტროში აგზავნინებს. არადა, ეს რწმუნებული არ მიცნობს, საერთოდ არ მქონია შეხება. სასამართლოზე მოწმედ გამოვიძახე და ვკითხე, _ იცი, ჩემი სახლი სად არის-მეთქი? მიპასუხა, _ არაო. ისიც ვკითხე, _ 2006 წლიდან, მე რომ ახალგორში ვიყავი, შენ სად იყავი-მეთქი? და მომიგო, _ ცოლ-შვილით თბილისში ვცხოვრობდიო. მოკლედ, იმის ტყუილი მართალია, ჩემი მართალი კი _ ტყუილი!

P. S. თინიკაშვილი ერთადერთი არ არის, რომელიც საკუთარ მდგომარეობას იყენებს და მოსახლეობას სისხლს უშრობს. რეგიონებში თინიკაშვილის მსგავსი „პატარა ფეოდალები“ მრავლად არიან, რომელთაც დაუსჯელობის სინდრომი აქვთ შეყრილი და იციან, რაც უნდა გააკეთონ, უბატონოდ ბუზსაც ვერავინ აუფრენს. არადა, როგორც წერილის დასაწყისში აღვნიშნეთ, „ოცნების“ მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენა და დამკვიდრება იყო!
არის თუ არა დღეს საქართველო სამართლიანი ქვეყანა? _ ვალერი თორელის მსგავსად ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ საკუთარი სიმართლე ვერ უპოვია. ამ დროს კი ხელისუფლება ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს აკეთებს და ამბობს, რომ ქვეყანაში გასაოცარი დემოკრატიაა!
აი, სწორედ ამაზეა ნათქვამი, ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებსო!
იმედია, იმის გამო, რომ ვალერი თორელმა გაბედა და საკუთარი პრობლემის შესახებ მედიას უამბო, ნუგზარ თინიკაშვილი მის წინააღმდეგ რეპრესიების ახალ ტალღას არ ააგორებს _ „ქრონიკა+“ ამ საქმეს თვალს მიადევნებს და თუ უკანონობა გაგრძელდა, საზოგადოებას ამის შესახებ კიდევ ერთხელ მოუთხრობს!

გიორგი აბაშიძე