დიდი კორუფციული გარიგება თელავის რაიონულ პროკურატურაში

„ქრონიკა+“ უცვლელად გთავაზობთ წერილს, რომელიც ახმეტის რაიონში მცხოვრებმა ზაზა სისაურმა გამოგვიგზავნა, სადაც იგი იმ უკანონობაზე ყვება, რაც მის ოჯახს თავს გადახდა:

_ ყველაფერი 2001 წლის პირველ მაისს დაიწყო, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო ახმეტის რაიონის გამგეობასთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებები გაბრიელ ზარიძესა და ნიკო თურმანაულს შორის. აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ახმეტის გამგეობამ წერილი გააგზავნა თბილისში მიწის მართვის დეპარტამენტში, რომლითაც მიწის კატეგორია უნდა დადგენილიყო, ანუ რამდენ სახნავსა და საძოვარს შეადგენდა სადავო ტერიტორია. პასუხის მიღების შემდეგ დადგინდა, რომ, რეალურად, სახნავი მიწა შეადგენდა 129,73 ჰექტარს, საძოვარი კი _ 61,15 ჰა-ს. აღნიშნული მიწა ახმეტის რაიონის გამგეობამ თავისუფალი მიწის ფონდში აიყვანა იჯარით გასაცემად და ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნდა. 2002 წლის 25 ივნისს გამართულ კონკურსში ვმონაწილეობდი, ტენდერში გავიმარჯვე და სახნავი მიწების დამუშავება დავიწყეთ. ზარიძემ და თურმანაულმა ჩემ წინააღმდეგ სასამართლოში იჩივლეს მოსამართლე დუიშვილის მეშვეობით, კომისიასა და გამგეობას დარღვევებზე უჩიოდნენ. 11 ჰა-ზე ხორბალი დავთესე, დანარჩენ 3.6 ჰა-ზე _ საგაზაფხულო სიმინდი. 2003 წელს, როდესაც მოსავლის აღების დრო დადგა, კომბაინის დაქირავების რიგში დავდექი, ჩამოვიყვანე კომბაინი, მანქანები, რომ სოფელ კასრიწყალში ჩემი კუთვნილი ხორბლის მოსავალი ამეტანა, ვინაიდან ჩემს ბიძაშვილს სანაშენე მეურნეობისგან საწყობი ჰქონდა აღებული. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩემთან პოლიციელები მოვიდნენ და მითხრეს, რომ დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსთან ვიყავი დაბარებული. გამიკვირდა, მაგრამ დოკუმენტი ავიღე და გავყევი. პოლიციის უფროსის ნაცვლად დედოფლისწყაროს რაიონულ პროკურატურაში მიმიყვანეს, სადაც პროკურორი გოჩა ჯანყარაშვილი დამხვდა. მასთან შემოვიდა პროკურორი ირაკლი ქადაგიშვილი სამ პიროვნებასთან ერთად. ჯანყარაშვილმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მომმართა. მეუბნებოდნენ, რომ მე არაფერს წარმოვადგენდი, რომ თუ აღნიშნული ტერიტორიიდან წავიდოდი, არანაირი პრობლემა არ შემექნებოდა. პროკურატურის შენობა დავტოვე და ტაქსი გავაჩერე, რათა სოფელ კასრიწყალში ჩავსულიყავი ჩემს ბიძაშვილთან, სადაც მითხრეს, რომ ჩემი ხორბალი ზარიძემ გაიტანა, პოლიციელებიც ახლდნენო. მაშინვე მივმართე თელავის პროკურატურას. პარალელურად ვიგებ, რომ ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღუძრავთ ქურდობის მუხლით. ზარიძესა და თურმანაულს, როგორც ეს სასამართლომ დაადგინა, წლების განმავლობაში მიწები უკანონოდ ჰქონდათ მითვისებული _ დღემდე ასეა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მე და ჩემი ოჯახი ვფლობთ მუშათა საცხოვრებელ ფართს, იქვე ახლოს ვფლობდით ფერმას და მწყემსის ბინას. 2003 წლის 9 დეკემბერს დედოფლისწყაროს მოსამართლე თამრიკო ჭუნიაშვილმა გადაწყვეტილება მიიღო ჩემი მშობლების მწყემსის ბინიდან გამოსახლების შესახებ, ხოლო საქონელი ფერმიდან გამოგვიყარეს… აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ფერმა იყო და არის სახელმწიფოს საკუთრება _ ანუ არ ყოფილა ვინმეზე დარეგისტრირებული. 2005 წელს ახმეტის გამგეობამ კომისია შექმნა ჩემი და თურმანაულის განცხადების საფუძველზე, რათა კომისიას შეესწავლა სოფელ კარისწყალში არსებული ორი ფერმისა და მწყემსის ორი ბინის ადგილმდებარეობები. თურმანაულს არაერთხელ შეატყობინეს, რომ კომისიას გაჰყოლოდა, მაგრამ შეგნებულად აარიდა თავი. კომისიის დასკვნის შემდეგ პრივაზიტაციის სამსახურის უფროს ბატონ ცისკარისშვილს დაევალა, აღმასრულებელთან ერთად კონსულტაციების შემდეგ, სოფელ კასრიწყლის მიმდებარედ ფერმა და მწყემსის ბინა დარეგისტრირებულიყო სახელმწიფო საკუთრებად, რომელზედაც 2003 წლიდან მასამართლებდნენ, თითქოს მე ვიჭრებოდი თურმანაულის საკუთრებაში თვითნებურად. მოსამართლის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრე და გამოსახლების გადაწყვეტილების გაუქმება მოვითხოვე. 2005 წლის 21 მარტს სიღნაღის რაიონული სასამართლოს დადგენილებით საქმის ხელახალი გამოძიება დაევალათ.
2006 წლს თურმანაულმა კონტროლის პალატაში უჩივლა ახმეტის რაიონის გამგეობას. კონტროლის პალატამ ახმეტის რაიონის მოიჯარეების საიჯარო ხელშეკრულებები შეისწავლა და ზარიძისა და თურმანაულის ყალბ ხელშეკრულებებს ხუთი გვერდი დაუთმო. კონტროლის პალატამ მაშინვე გადასცა თავისი გადაწყვეტილება თელავის რაიონულ პროკურატურას, რაც ნიშნავდა, რომ იმწამსვე უნდა დაეპატიმრებინათ თურმანაული, ზარიძე და სხვები. 2006 წლის 23 ნოემბერს საგარეჯოში სასამართლო დაინიშნა და მოსამართლე სირბილაძემ ორი წელი პირობითი მომისაჯა. ქურდობის მუხლი პროკურატურამ შეცვალა 360-ე მუხლის პირველი ნაწილით (160-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით). პროკურატურას ყველა მტკიცებულება ჰქონდა, რომ მე ვიყავი და ვარ უდანაშაულო. ამდენი წლის შემდეგაც ვერ ვიპოვე სამართალი ამ ქვეყანაში. თელავის რაიონული პროკურატურისგან და სახელმწიფოსგან ვითხოვ, დამიბრუნდეს ის, რაც უკანონოდ წამართვეს. ჩიხში შესულმა პროკურატურამ კრიმინალებთან ერთდ შეიმუშავა გეგმა და 2009 წლის 7 სექტემბერს დამაპატიმრა. მოსამართლე ჭუნიაშვილმა წინასწარი პატიმრობა მომისაჯა და გლდანის მე-8 ციხეში (სასაკლაოზე) გადამიყვანეს. ბრალად დამდეს, თითქოს გაბრიელ ზარიძის 100 ჰა საძოვარი მივაქირავე აზერბაიჯანელ პიროვნებას. არ დავთანხმდი საპროცესო შეთანხმებას და გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრე, მაგრამ სამართალი ვერსად ვიპოვე.
ციხეში შემატყობინეს, რომ მამა გარდამეცვალა, რადგან ასეთ უსამართლობას ვერ გაუძლო. ამის შემდეგ იძულებული გავხდი, ხელი მომეწერა საპროცესო შეთანხმებაზე. ყველა მტკიცებულება მაქვს, რომ მოსამართლეებმა და პროკურორებმა ჩემსა და ჩემი მშობლების წინაშე სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს. დღეს ყველა მტკიცებულება მაქვს, რომლითაც დგინდება, რომ მოსამართლე ჭუნიაშვილი, პროკურორი გოჩა ჯანყარაშვილი და დუღაშვილი უნდა ისხდნენ ციხეში. მაგრამ ახლა გავიგე, რომ მოსამართლე ჭუნიაშვილი დაუწინაურებიათ და დღეს ის თბილისის ერთ-ერთ სასამართლოშია გამწესებული. მოვითხოვ ჩემი საქმის გადასინჯვასა და ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას. ყველა მტკიცებულება აქვს თელავის რაიონულ პროკურატურას და არაფერს აკეთებს _ საქმე გვაქვს კორუფციასთნ და დიდ გარიგებასთან! მოვითხოვ, დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც დოკუმენტები გააყალბეს, ამის გამო ციხეში გამომკეტეს და ცხოვრება გამიუბედურეს.

ლევან ქემოკლიძე