მთავარი საზოგადოება აჭარელი ეკომიგრანტების ბუნტი წალკაში _ რას ითხოვს ხალხი და რატომ დუმს ხელისუფლება?

აჭარელი ეკომიგრანტების ბუნტი წალკაში _ რას ითხოვს ხალხი და რატომ დუმს ხელისუფლება?

68
0
გაზიარება

წინა კვირას წალკაში ეკომიგრანტების პროტესტმა იფეთქა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა აჭარიდან წალკაში ჩასახლებული ადამიანები ქუჩაში გამოდიან და ამ გზით ხელისუფლების ყურადღების მიქცევას ცდილობენ, თუმცა მმართველ გუნდს გაჭირვებული ხალხი და მისი მოთხოვნებიც, როგორც ჩანს, სულ ცალ ფეხზე კიდია.

არადა, ეკომიგრანტები და, ზოგადად, წალკის მოსახლეობა, მართლაც, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.
დიახ, წალკა XXI რაიონული ცენტრი კი არა, არამედ, შუა საუკუნეების დასახლებაა… დასახლება, სადაც დენი, გაზი, წყალი და ინტერნეტი ფანტაზიის სფეროა.
ეს შესაძლოა, ვინმეს გადაჭარბებულ ნათქვამად მოეჩვენოს, მაგრამ რაიონული ცენტრისგან განსხვავებით, სოფლებში ადამიანები, მართლაც, კოშმარულ პირობებში ცხოვრობენ და ეს მაშინ, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ძვირადღირებული ჯიპებით დასეირნობენ და ხალხს ამუნათებენ, _ დიახაც, დღეში ოთხ ლარად ადამიანი დანაყრდება და ამაზე მეტი რაღა გინდათო?
მეტი კონკრეტიკისთვის შეგახსენებთ, რომ ოთხი ლარით ადამიანის დანაყრების თეორია ახლახან „ქოცდეპუტატმა“ ზაქარია ქუცნაშვილმა განავითარა. კერძოდ, ქუცნაშვილმა განაცხადა:
„4 ლარი უნდა დახარჯო დღეში გამოკვებისთვის, ეს დაახლოებული მაინც არის რეალობასთან“.
როგორც აღვნიშნეთ, წალკაში ჩასახლებული ეკომიგრანტები საპროტესტო აქციებს პერიოდულად მართავენ. მაგალითად, 2013 წელს ეკომიგრანტებმა, პროტესტის ნიშნად, წალკა დატოვეს და აჭარაში დაბრუნება დაიწყეს.
„არ დაგვედგომება წალკაში, თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. 30 ოჯახი უკვე გამოასახლეს და ჩვენც იგივე ბედი გველოდება. ამიტომაც შევუერთდებით მათ. თანდათან, ყოველდღე დავტოვებთ წალკას“, _ ამბობდნენ მაშინ წალკის მცხოვრებლები და იმედი ჰქონდათ, რომ მათ პროტესტს ვინმე ყურადღებას მიაქცევდა, მაგრამ ექვსი წლის შემდეგაც აჭარელი ეკომიგრანტები ისევ იმ პრობლემების წინაშე დგანან.
სხვათა შორის, 2013 წელს ეკომიგრანტების პროტესტით არასამთავრობო ორგანიზაციებიც დაინტერესდნენ. მაშინ ერთ-ერთი ენჯეოს ვებპორტალი წერდა:
„16 სამარშრუტო ტაქსით წალკიდან აჭარაში ეკომიგრანტები ორი დღის წინ დაბრუნდნენ. ისინი სტიქიის გამო ხულოსა და შუახევის რაიონებიდან წალკაში წლების წინათ გადაასახლეს. ეკომიგრანტებს ის სახლები, სადაც ისინი წალკაში მთავრობამ ჩაასახლა, საკუთრებაში არ ჰქონდათ გაფორმებული. მათი დიდი ნაწილის მფლობელები დიდი ხნის წინ საბერძნეთში გადასახლდნენ, თუმცა ახლა მეპატრონეები საბერძნეთიდან დაბრუნდნენ და სახლები უკან დაიბრუნეს.
უსახლკაროდ დარჩენილმა აჭარელმა ეკომიგრანტებმა დახმარებისთვის აჭარის მთავრობას მიმართეს. ისინი ორი დღეა, აჭარის მთავრობასთან აქციას მართავენ. ამ ეტაპზე აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ ქალაქს მათი ფართით დაკმაყოფილება არ შეუძლია.
„სახლებიდან გამოგვყარეს. ამ ეტაპზე 200 ოჯახი გამოგვასახლეს, 1000-მდე ოჯახს აგვისტოს ბოლომდე დაატოვებინებენ სახლებს“, _ აღნიშნავს ეკომიგრანტი მევლუდ ვაშაყმაძე.
რამდენიმე დღის წინ ეკომიგრანტების ნაწილს აჭარის მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრა, რომელიც ორ საათს გრძელდებოდა, ეკომიგრანტებისთვის უშედეგოდ დასრულდა. რამდენიმე მათგანმა შეხვედრა დასრულებამდე პროტესტის ნიშნად დატოვა.
„თავშესაფრის მოცემას ეს ხალხი ვერ დაგვპირდა, ვერ გვეხმარებიან და შეხვედრაზე რაღა მინდოდა“, _ ამბობს ეკომიგრანტი თემურ მგელაძე.
„შეხვედრიდან უკმაყოფილო გამოვედი. ამ წლების განმავლობაში გაუსაძლის პირობებში გვიწევდა ცხოვრება. ახლა კი საერთოდ უსახლკაროდ დავრჩით“, _ აცხადებს კიდევ ერთი ეკომიგრანტი.
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალოს“ ხელმძღვანელი, ციალა ქათამაძეც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა:
„ეკომიგრაციის პროცესში საქართველოში დაგროვდა პრობლემები, რომელიც სასწრაფო გადაჭრას საჭიროებს. პირველ რიგში, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც ეკომიგრანტის სტატუსი განისაზღვრება და ამას მოყვება სტრატეგიის შემუშავება“.
აჭარის მთავრობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კობა ჩხეიძე აცხადებს, რომ აჭარის მთავრობა ეკომიგრანტების პრობლემის მოსაგვარებლად წალკის გამგეობასთან კომუნიკაციის დამყარებას შეეცდება.
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტები პრობლემის კონკრეტულად გადაწყვეტამდე დაშლას არ აპირებენ“.
მაშინ ეკომიგრანტები დაიშალნენ. რატომ? _ ან იმედი გაუჩნდათ, რომ ხელისუფლება მათ პრობლემას გულთან მიიტანდა, ან… დააშინეს.
დიახ, დაშინება წალკაში ჩვეულებრივი მოვლენაა, ანუ ადამიანების ნაწილი ვერ ბედავს, რომ საკუთარ პრობლემებზე ღიად ისაუბროს, რადგან შეიძლება, გამგეობაში დაიბარონ და გააფრთხილონ, რომ მისი ოჯახის რომელი წევრს ან ახლობელს საჯარო სამსახურიდან გაუშვებენ. ამიტომ ასეთ აქციებზე, როგორც წესი, ისინი აქტიურობენ ხოლმე, რომლებიც არ მუშაობენ ან ლუკმა-პურის საშოვნელად თურქეთში დადიან.
ერთი სიტყვით, წალკაში მცხოვრებმა აჭარელმა მიგრანტებმა საპროტესტო აქცია რამდენიმე დღის წინათაც გამართეს, თუმცა ვიდრე ქუჩაში გამოსული ადამიანების მოთხოვნას გაგაცნობთ, ჯერ წალკაზე მოგიყვებით.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მუნიციპალიტეტში წყალია. ყოველ შემთხვევაში, წალკის მუნიციპალიტეტის 45 სოფელში ჩასახლებული რამდენიმე ასეული აჭარელი ეკომიგრანტის ოჯახს წყალი სანატრელი აქვს.
ადგილობრივი მკვიდრი, 30 წელს გადაცილებული მამაკაცი, ამბობს, რომ ხალხს წყლის რიგში დგომა, ზოგჯერ, 24 საათი უწევს.
ჩვენი თანამოსაუბრე მამაკაცი ხულოელია. სოფელ იმერაში 2008 წელს გადასახლდა და, სხვა აჭარელი ეკომიგრანტის მსგავსად, ბინა ბერძნის სახლში, ორ ოთახში დაიდო.
წალკელი ბერძნების უმეტესობამ ქართული სახლ-კარი წლების წინათ მიატოვა და საბერძნეთში წავიდა. ამით ქვეყნის ხელისუფლებამ ისარგებლა და სახლებში, რომელიც დღესაც ემიგრანტი ბერძნების საკუთრებაა, სტიქიით დაზარალებული აჭარლები შეასახლა.
წალკის მუნიციპალიტეტში აჭარლების პირველი ნაკადი მე-20 საუკუნის 90-იანი წლების შუახანებში გამოჩნდა, მასობრივი გადმოსახლება კი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაიწყო.
2004 წელს პრეზიდენტად არჩეულ მიხეილ სააკაშვილს აჭარლებისთვის ლამის დაუჩოქია, ოღონდ წალკაში წამოდით და, მხოლოდ გადასახლების კომპენსაციას კი არ მოგცემთ, არამედ ბერძენთა სახლებსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებსაც დაგიკანონებთო.
მოგეხსენებათ, მაშინ, ანუ 2004 წელს, სააკაშვილი როგორი პოპულარული იყო, ამიტომ სტიქიით გაუბედურებული ხალხიც სიტყვაზე ენდო და მშობლიური კუთხიდან აიყარა.
„აჭარელ გლეხს მიწა უყვარს და თუ მუშაობის პირობებს შეუქმნი, ზედმეტად არავის შეაწუხებს. მართალია, წალკაში მიწა ნაყოფიერია, მაგრამ ეს გლეხისთვის ხეირი მაინც არაა, რადგან მიწას ადგილობრივი თუ სხვა მემამულეებისგან ქირაობენ, რაც ძვირი ჯდება“, _ ამბობს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „პატრიოტთა ალიანსიდან“ მერაბ ბლადაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ წალკაში გამართული აქციის ავანგარდში იდგა.

***
იმერა 70-კომლიანი გზისპირა სოფელია _ აქ მუსლიმი აჭარლები ცხოვრობენ. მამაკაცს, რომელიც ადგილობრივების პრობლემებზე „ქრონიკა+“-ს უყვება, განათლება თურქეთში აქვს მიღებული _ თურქული ენის სპეციალისტია.
ვეკითხებით, სოფელში მოლა თუ ჰყავთ? _ კიო, _ გპასუხობს. მერე ე. წ. უფასო ჯანდაცვაზე ვიწყებთ საუბარს. _ ეს ჩვენზე არ ვრცელდებაო, _ მწარე ღიმილით ამბობს მამაკაცი.
_ რატომ?
_ აბა, რა გითხრა? საავადმყოფოში რომ მიხვალ, 50 ლარი ყველა ვარიანტში უნდა გადაიხადო.
არადა, „ოცნება“ თავის ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმად სწორედ საყოველთაო ჯანდაცვას მიიჩნევს!
როგორც გითხარით, იმერა გზის, უფრო კონკრეტულად, ტრასისპირა სოფელია: ტრასის ერთ მხარეს ხალხი ცხოვრობს, მეორე მხარეს _ ტრამალებია. აქაურების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაც სწორედ ეს გატკიცინებული ტრასაა, სადაც, წესით და კანონით, მძღოლებისთვის ტრაფარეტი უნდა იყოს, დასახლებული პუნქტია და საათში 60 კილომეტრ/სიჩქარით იმოძრავეთო, მაგრამ ავტოები თავაწყვეტილები დაშლიგინებენ.
ჰოდა, არცთუ დიდი ხნის წინ ერთ-ერთ ასეთ თავაწყვეტილ მანქანას ერთ-ერთი ადგილობრივის 4 ძროხა გაუტანია. არ იკითხავთ, ამის მერე რა მოხდა? რა და, _ დაზარალებულ გლეხს ჯერ 400-ლარიანი ჯარიმა მიუვიდა, თავხედი ძროხები გყოლია, არ იციან, რომ შუა გზაზე გადასვლა არ შეიძლებაო? გლეხმა ეს 400 ლარი ვერ გადაიხადა და 3000-ლარიანი ჯარიმა აარტყეს!
კარგი იქნება, თუკი ძლიერნი ამა სოფლისანი იმერას მცხოვრებთა ერთ მოთხოვნას მაინც შეასრულებენ და ტრასაზე ტრაფარეტს დაამაგრებენ. ესეც მიწისა და ბერძენთა სახლების საკუთრებაში დაკანონება ხომ არ არის, რომ მთელი რიგი პროცედურები დასჭირდეს?
რაც შეეხება მიწას, სააკაშვილს აჭარელი ეკომიგრანტებისთვის თითო-თითო ჰექტარი უჩუქებია, მოგეხხსენებათ, ერთი ჰა მიწა გლეხისთვის არაფერია. ამიტომ მოსახლეობა, პურის ფული რომ იშოვოს, ნაკვეთებს მემამულეებისგან წელიწადში სამას ლარად ქირაობს და იმ შემთხვევაში, თუ მოსავალი არ მოვიდა, ეს სამასი ლარიც კისერზე დამოკლეს მახვილივით დააწვება.
ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის მთავარი წყარო მესაქონლეობაა _ აზერები, თურმე, სოფელ-სოფელ დადიან და საქონელს ყიდულობენ, ე. წ. ცოცხალ წონაში 1000-1200 ლარს იხდიან.
სეზონზე აქაურები ყველითაც ვაჭრობენ _ თბილისში ჩამოაქვთ და გადამყიდველებს აბარაბენ. ხალხი ამბობს, კარგი იქნება, ყველის მიმღები წერტი აქ გაიხსნას, მეტი მოგება დაგვრჩებაო.
რაიონული ცენტრი წალკა გაზიფიცირებულია, სოფლები _ არა. ამიტომ მოსახლეობა, ზამთარ-ზაფხულ, შეშაზეა დამოკიდებული, ერთი მანქანა შეშა კი 600 ლარი ან მეტი ჯდება.
„სამი სოფელი _ იმერა, ბაშკოვი და კარაკომი ერთ საკრებულოშია გაერთიანებული… აქ თანამდებობებზე ხალხი კალოშებით მოდის და მილიონებს შოულობს. აი, მაგალითად, ყველაფერი წალკის ყოფილი გამგებლის საკუთრებაა“, _ ყვებიან პირად საუბარში აჭარელი ეკომიგრანტები და იმ ამბავსაც იხსენებენ, რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა ადგილობრივმა ბობოლამ რომ მიაძახა, _ თქვენ ქართველები არ ხართო.
სხვათა შორის, ათი წელია, სოფელი იმერა აჭარელი ეკომიგრანტებითაა დასახლებული, მაგრამ ადგილობრივ, ანუ ბერძნების მიერ დატოვებულ სასაფლაოზე მხოლოდ სამი აჭარელია დასაფლავებული _ ხალხს, თურმე, ეშინია, რომ ერთ მშვენიერ დღეს სასაფლაოც ვინმეს საკუთრებაში აღმოჩნდება და ეს „ვინმე“ მიცვალებულების მოთხრას მოითხოვს. ამიტომ ჭირისუფლები, როგორც იტყვიან, ურიის ვალს იღებენ და მიცვალებულს მშობლიური ხულოში მიასვენებენ.
იმაზე, რომ წალკაში შუა საუკუნეებია, ყველაზე თვალნათლივ სოფელ ამერას საჯარო სკოლა მეტყველებს _ ბერძნისგან დატოვებულ ორსართულიან სახლში 80-მდე მოსწავლეა.
სახლი 1957 წელს არის აშენებული, საკლასო ოთახები კი საქონლის სადგომებს ჰგავს! მეტიც, ოთახები თაბაშირ-მუყაოთია გადატიხრული და ერთ ნაწილში ერთი კლასი მეცადინეობს, მეორეში _ მეორე.
50 წლამდე აჭარელი ეკომიგრანტი „ქრონიკა+“-ს ეუბნება, რომ კარგა ხანია, ქუჩაში ცხოვრობს.
„სხვა ეკომიგრანტების მსგავსად, ტბეთში სააკაშვილის ათიწლისწინანდელი მოწოდების მერე ჩამოვედი. მაშინ მითხრეს, კომპენსაციას მოგცემთო, მაგრამ კომპენსაცია არ ჩანს. სახლში, სადაც შევსახლდი, ბერძენს 1000 დოლარზე მეტი მივეცი. დამპირდა, სახლს გადაგიფორმებო, მაგრამ მერე ვიღაც მოვიდა და მითხრა, _ ეს სახლი მე ვიყიდეო და გამომოსახლა“, _ ყვება ერთ-ერთი აჭარელი ეკომიგრანტი.

***
რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ წალკაში გამართულ აქციას, აჭარიდან წალკაში ჩასახლებული მოსახლეობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს კვლავ სახლებისა და მიწის ფართების გადაცემას სთხოვს. აქციაზე ისეთებიც იყვნენ, რომლებიც საქართველოში დაბრუნებულმა ბერძნებმა, ვის სახლებშიც ცხოვრობდნენ, უკან გამოასახლეს და ბერძნები საკუთარ სახლებში შევიდნენ. შესაბამისად, ეკომიგრანტები ღია ცის ქვეშ დარჩნენ.
ახლა ეს უსახლკაროები ცდილობენ, რომ სხვა მიტოვებული შენობები იპოვონ და იქ შესახლდნენ.
აჭარელი ეკომიგრანტები იმასაც ამბობენ, რომ წლების წინათ ეროზირების საბუთით ჩამოსახლებულ ოჯახებს თითო სახლი მისცეს, მაგრამ შემდეგ ოჯახები გაიყო და დანარჩენი თავშესაფრის გარეშე დარჩა.
„ისეთი შემთხვევებიც არის, როცა ერთი საბუთით რამდენიმე სახლს იღებენ და ამაში ხელისუფლების წარმომადგენლები უკანონოდ არიან ჩართულები“, _ ამბობს ხალხი.
თუ აქამდე მოსახლეობა პროტესტს სოფლებში გამოხატავდა, ახლა 20-მდე სოფლის მცხოვრები წალკის ცენტრში შეიკრიბა და მერიამდე მსვლელობა მოაწყო. იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ხალხი არ გამორიცხავს, რომ აღდგომის შემდეგ აქციები უკვე თბილისშიც გააგრძელოს.
„საზღვარგარეთიდან მოდის ხალხი. მის საკუთარ სახლს ითხოვს, _ დაცალე და წადიო. სად წავიდეთ? წასასვლელი არსად არის! ცის ქვეშ დავდგეთ?
აქ რომ ჩამოგვიყვანეს, მიწა და სახლები უნდა მოგვცენ თუ არა? დროს ნუ გვაკარგვინებენ ტყუილად. ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. უკვე დაგვღალა ამ გაჩერებულმა დრომ“, _ ამბობენ წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მაღალმთიანი აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები.
ეკომიგრანტები ითხოვენ, რომ ხელისუფლება მათ მიწისა და სახლების ყიდვაში დაეხმაროს. ხალხმა ხელისუფლებას პირველ მაისამდე მისცა ვადა, თუმცა, როგორც ჩანს, ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს. ყოველ შემთხვევაში, წალკის მუნიციპალიტეტში ჯიუტად აცხადებენ, რომ მთავრობა ხალხზე ზრუნავს და ეკომიგრანტებისთვის ბინების შესყიდვის პროცესს აგრძელებს.
მეტიც, წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ანზორ ხინიკაძემ განაცხადა, რომ ეკომიგრანტის სტატუსის მინიჭებას ის კატეგორიაც მოითხოვს, რომელიც, რეალურად, ეკომიგრანტი არ არის და წალკაში თვითნებურად ჩასახლდა.
„იმის თქმა, რომ ეს ხალხი მთლიანად სახელმწიფომ ჩამოასახლა, მანიპულირებაა. სახელმწიფოს ჩასახლების პროგრამა ჰქონდა და რისი შესაძლებლობაც იყო, იმის ფარგლებში ჩავასახლეთ, მაგრამ აქ თვითნებურად ჩამოვიდა მოსახლეობა, მაგალითად: ადიგენის რაიონიდან, ახალქალაქიდან, ჩოხატაურიდანაც კი ისე, რომ საერთოდ ჩასახლების პროგრამასთან შეხება არ ჰქონდათ.
უფრო სწორი იქნება, თუკი ისინი იტყვიან, რომ უსახლკაროდ არიან დარჩენილები და არა ის, რომ ეკომიგრანტები არიან.
სახელმწიფო საქმის კურსშია, საუბარია, რომ კორპუსები გარემონტდეს და სოციალურად დაუცველები ან მრავალშვილიანები ბინებით დაკმაყოფილდნენ“, _ ამბობს ანზორ ხინიკაძე და დასძენს, რომ წალკაში ჩასახლებულ ოჯახებს სახელმწიფომ თითო ჰა მიწის ნაკვეთი გადასცა საკუთრებაში. ამასთან, ისინი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებითაც სარგებლობენ, _ ერთი ჰა მიწა ყველა ოჯახს აქვს და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწებითაც სრულად სარგებლობენ. ეკომიგრანტი თუ არის ვინმე, ბინების შესყიდვა გრძელდება და წელსაც რამდენიმე ადამიანს შეუძენენ, კატეგორია გადამოწმდა და დადასტურდა. ბინების შეძენა გრძელდება“.
ხინიკაძის ამ განცხადებას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მერაბ ბლადაძე გამოეხმაურა და მას გამყიდველი და მეზობლების ცრუდამსმენი უწოდა:
„წალკის გამგებლის პირველი მოადგილე ანზორ ხინიკაძე არის… აჭარელ ძმათა გამყიდველი, მეზობლის ცრუდამსმენი, ცილისმწამებელი, ღამურა…
აი, როდესაც სამთავრობო კომისია შეიქმნება, სულ პირველად ამისთანა „მეზობლის გამყიდველების“ საქმის შესწავლას მოვითხოვთ.
მაყუთები რომ გაქვს აღებული საცხოვრებელი სახლების სანაცვლოდ, რომელთა ფუნდამენტიც არ არსებობს, პირზე როცა წაგადგება ხალხი, მერე რას უპასუხებ, ის უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე შენი „საბაძისადმი მაამებლური“ განცხადება“, _ დაწერა ბლადაძემ სოციალურ ქსელში წალკის გამგებლის პირველ მოადგილე ანზორ ხინიკაძეზე.
ერთი სიტყვით, შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ პანკისში განვითარებული მოვლენების პარალელურად, ხელისუფლებამ, საკუთარი უგუნურობით, კიდევ ერთი ცხელი წერტილი მიიღოს _ როგორც ვთქვით, წალკაში მცხოვრებმა აჭარელმა ეკომიგრანტებმა „ოცნებას“ ვადა პირველ მაისამდე მისცეს და იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, საპროტესტო აქციებს უკვე თბილისში დაიწყებენ.
ამდენი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ამ ხალხს ყური არ დაუგდო და ახლა ძნელი წარმოსადგენია, რომ ერთ კვირაში პრობლემები მოაგვაროს, თუმცა პრობლემების მოგვარება უკეთესი ისევ ხელისუფლებისთვის იქნება, რადგან უნდა ესმოდეს, რომ მშიერი და ქუჩაში დარჩენილი ხალხი არაფერზე დაიხევს უკან!

გიორგი აბაშიძე

 

დატოვეთ კომენტარი