დავითგარეჯა _ როცა ელიტებს გონივრული სტრატეგიული კომპრომისის კულტურა არ გააჩნიათ

დავითგარეჯა _ არ მეგულება არათუ ქართველი, სახელმწიფოებრივი ინტერესით გამსჭვალული საქართველოს არც ერთი მოქალაქე, რომელიც ქართული კულტურისა და ისტორიის ამ უნიკალური ძეგლის მიმართ გულგრილი იყოს. ეს იმის მიუხედავად, ადგილზე უნახავს თუ არა მისი დიდებულება.

ოფიციალური წყაროების მიხედვით: დავითგარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს გარე კახეთში. იგი გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე 25 კილომეტრის მანძილზე და დღესაც აოცებს მნახველს სამშენებლო ხელოვნებისა და ფერწერის მაღალი მხატვრული ღირებულებით.
მონასტერი VI საუკუნეში დააარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა _ წმინდა დავით გარეჯელმა. წმიდა დავითი გარეჯის მთის ბუნებრივ გამოქვაბულში დასახლდა და აქ შექმნა პირველი მონასტერი, რომელსაც დღეს წმიდა დავითის ლავრა ეწოდება. ამავე საუკუნეში მისმა მოწაფეებმა და თანამოღვაწეებმა დააარსეს კიდევ ორი სამონასტრო განშტოება: დოდომ _ დოდოს რქა, ხოლო ლუკიანემ _ ნათლისმცემლი.
დავითგარეჯის მონასტრების შემდგომი აყვავება-განვითარება IX საუკუნის წმიდა მამა ილარიონ ქართველის სახელთანაა დაკავშირებული. მან გააფართოვა და გადააკეთა წმიდა დავითის მიერ გამოკვეთილი ეკლესია, ხოლო შემდგომ კი _ წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის ძე დემეტრემ (ავტორი საგალობლისა „შენ ხარ ვენახი“). XI საუკუნეში გარეჯის მონასტერს სელჯუკები შემოესივნენ, რის გამოც მისი განვითარება შეფერხდა, თუმცა ცხოვრება აქ არ შენელებულა. გარეჯის სამონასტრო კომპლექსმა განსაკუთრებულ აყვავებას XI-XIII საუკუნეებში მიაღწია: დაარსდა ახალი მონასტრები _ უდაბნო ბერთუბანი და ჩიჩხიტური, გაფართოვდა, კეთილმოეწყო დავითის ლავრა, რომელიც პატარა ხეობის ორივე კალთაზეა გაშენებული. მონასტერში, სადაც თავდაპირველად ბინა დაიდო წმიდა დავითმა, მოეწყო ტერასიანი ეზო, აშენდა ახალი სენაკები, სატრაპეზო და ეკლესია; კლდეში გაიჭრა წყალშემყვანი არხები და რეზერვუარები. ამავე პერიოდს განეკუთვნება კედლის მხატვრობაც ეკლესიებსა და სატრაპეზოებში. უდაბნოს მონასტერში საფუძველი ჩაეყარა გარეჯის სამხატვრო სკოლას, რომელმაც თავისი შემოქმედების მწვერვალს ბერთუბნის მოხატულობაში მიაღწია.
ქართულ ვიკიპედიაში შემდეგი ინფორმაციის მოძებნაც არის შესაძლებელი: დავითგარეჯის მუზეუმ-ნაკრძალში მიმდინარე სარესტავრაციო-საადაპტაციო სამუშაოების სამეცნიერო ხელმძღვანელმა, არქიტექტორ-რესტავრატორმა თემურ აბრამიშვილმა, 80-იან წლებში შეადგინა პროექტი, რომელიც ბერთუბნის მონასტრის ტერიტორიის საქართველოს სსრ საზღვრებში მოქცევას ისახავდა მიზნად, რათა გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთიანობა აღდგენილიყო. ამისთვის ორ სახელმწიფოს მიწები უნდა გაეცვალა. ზემოაღნიშნული პროექტი ძეგლთა დაცვის მთავარმა სამმართველომ საქართველოს სსრ კპ ცენტრალურ კომიტეტში წარადგინა და ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო კიდეც.
„ის, რაც ახლა დავითგარეჯასთან დაკავშირებით ხდება, უდიდეს ზიანს აყენებს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს. მაშასადამე, საქართველოს ინტერესებს. ეს ვიცი ზუსტად, რაკი ვიცნობ და მაქვს კონტაქტი აზერ კოლეგებთან, რომელთაც იქ მაღალ დონეზე „მიუწვდებათ ხელი“. პრობლემა ძალიან სერიოზულია“, _ აცხადებს ჟურნალისტი და ისტორიკოსი დათო გამცემლიძე.
დავითგარეჯის პრობლემა მართალია, თითქმის ასი წლის წინათ იღებს სათავეს, მაგრამ საკითხი მნიშვნელოვნად გამწვავდა 1988, 2007, 2010 და 2012 წლებში.
ამჟამინდელი გამწვავება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უკავშირდება, უფრო სწორად მის მიერ ბაქოში გაკეთებულ განცხადებას საზღვრის დელიმიტაციის დაჩქარების შესახებ. ექსპერტები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხარემ პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება ერთგვარ ულტიმატუმად აღიქვა. სწორედ ამ ულტიმატუმის საპასუხოდ, ფაქტობრივად, დაირღვა ორ სახელმწიფოს შორის ამ დრომდე არსებული სიტყვიერი შეთანხმება და აზერბაიჯანმა გზების ჩაკეტვა დაიწყო სამონასტრო კომპლექსის იმ ნაწილისკენ, რომელიც საბჭოთა დროინდელი რუკების შესაბამისად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს.
აზერბაიჯანელი ექსპერტების განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება იმ პრობლემის თაობაზე, რომლის სისტემური გადაწყვეტის გზები, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, არ ჩანს, პოლიტიკურად არამიზანშეწონილად იქნა მიჩნეული.
დათო გამცემლიძის განცხადებით, პრეზიდენტმა კი გააკეთა არამიზაშეწონილი განცხადება, მაგრამ მისი მოსაზრება სრულებითაც არ იყო არადიპლომატიური: „სწორედაც არაფერი „არადიპლომატიური“ არაა იმაში, როდესაც მოლაპარაკებები თემაზე, მინიმუმ, 50 წელია, მიმდინარეობს, „ბოლო-ბოლო“, ღიად დასვა საკითხი. „არადიპლომატიური“ სხვაა და „არამიზანშეწონილი“ _ სხვა“.
ახლა კი დაახლოებით 50 წლით უკან დავიხიოთ და დათო გამცემლიძის მონათხრობს გაგიზიარებთ: „მოლაპარაკებები ამ თემაზე თბილისსა და ბაქოს შორის 1970-იან წლებშიც მიმდინარეობდა. მე ეს ვიცი ყველაზე კომპეტენტური ადამიანისგან. მისი სახელი და გვარია ედუარდ შევარდნაძე. აზერბაიჯანი (უფროსი ალიევი) მაშინაც სთავაზობდა ქართულ მხარეს კომპრომისს, რაც იმ დროსაც, ახლაც და ყოველთვის მიუღებელი იყო, არის და, ალბათ, იქნება ქართული მხარისთვის.
თავის მხრივ, ქართული მხარე სთავაზობდა აზერბაიჯანს ზუსტად იგივეს, რაც თავის „მეგობარ“ ალიევ-უმცროსს შესთავაზა პრეზიდენტმა სააკაშვილმა: „გადმოგცემთ ორჯერ… არა _ სამჯერ… არა, თუნდაც, ხუთჯერ მეტ ტერიტორიას სხვაგან, სხვა მონაკვეთებზე, ოღონდ კი დაგვითმეთ ეს ნაწილი დავითგარეჯისა… ამას არ დაეთანხმა ალიევი-უფროსი, არ დაეთანხმა ალიევი-უმცროსი და არასდროს, არავითარ შემთხვევაში, არაფრის დიდებით არ დაეთანხმება არც ერთი მომავალი აზერბაიჯანელი ლიდერი!
მოვიდა დრო ავხსნათ, რატომ: თუ გახსოვთ, 1988 წელს, ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე, ატყდა ამბავი დავითგარეჯაში საბჭოთა არმიის სამხედრო წვრთნების თაობაზე, რაც ბუნებრივად გადაიზარდა თვით დავითგარეჯის საკითხის განხილვაში.
ის „საცოდავი“ პატიაშვილი ცდილობდა, დღევანდელი მოდური ტერმინით რომ ვთქვათ, „კომუნიკაცია დაემყარებინა“ საქართველოს დამღუპველ, დამაქცევარ, გონებაჩლუნგ, პათოლოგიურად ნაციონალისტურ, ამაზრზენად ქსენოფობიურ და აგრესიულად მატრაკვეცა სოციალურ ფენასთან, რომელსაც მაშინ „ინტელიგენციას“ ვუწოდებდით, ოდნავ მოგვიანებით კი „ელიტურ ინტელიგენციას“.
მახსოვს, სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ თემაზე მორიგი ვაიუშველებელისას გამოვიდა ერთი ასეთი მატრაკვეცა პროფესორი და: „რას ჰქვია, აზერბეიჯანი უარყოფს? ეგენი ვინ აგდიან საერთოდ, ეგ თათრები, „იზ სრედნეი აზიი“ ჩამოთრეულები?“
და ვერაფრის დიდებით ამ ჩლუნგ კატეგორიას ვერ შეაგნებინებდი, რომ „პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა“. და რომ თუკი შენი ნარატივი ეწინააღმდეგება მეზობლის ნარატივს, მაშინ ან კომპრომისი უნდა გამოძებნო, ან… ან იომო… თუ გაქვს ომის „ადგილი“, რასაკვირველია“, _ აცხადებს დათო გამცემლიძე.
დავითგარეჯის პრობლემაში უშუალოდ ჩართული ადამიანი, ჯუმბერ პატიაშვილი კი, ერთ-ერთ ინტერვიუში, 1988 წლის შემოდგომაზე განვითარებული მოვლენების შესახებ, ვრცლად ყვება და შემდეგს ამბობს: „გავაგრძელე მოლაპარაკებები აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან. შევთანხმდით, რომ შეიქმნებოდა დოკუმენტი, რომლითაც მერე ვიხელმძღვანელებდით.
დოკუმენტში პირველ საკითხად იყო ბერთუბანი… ჩვენ რუკაც გავაკეთეთ და საპატრიარქოს გადავეცით, ამჟამად იქ უნდა ინახებოდეს.
ბერები მცხეთაში იყვნენ ჩამოსულები, იმათ გამოვატანე. ამ დოკუმენტის მიხედვით, ქართული კულტურის ცენტრი უნდა გახსნილიყო კახში, ხოლო აზერბაიჯანული ცენტრი გაიხსნებოდა მარნეულში; საინგილოში მცხოვრებ ქართველებს ჰქონდათ უფლება, შეენარჩუნებინათ თავიანთი გვარები და ეროვნება. ასეთი გამოდიოდა, დაახლოებით, 50 ათასი კაცი. პროექტები დამუშავდა, ჩვენი დელეგაცია ბაქოში წავიდა. 1989 წლის 23 მარტს ინტელიგენციის წარმომადგენლები მოვიწვიე, ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძეც ესწრებოდა, ნოდარ ნათაძეც, ყველას გვარები არ მახსოვს. წაიკითხეს, მოიწონეს, ამაზე უარის თქმა შეუძლებელი იყო, სხვა გზა არც არსებობდა… ბერთუბანი არის აზერბაიჯანის მხარეს, საერთოდ არ უშლის ხელს, რომ კომპლექსში აქედან შევიდეთ. ჩვენ ისე ვაკეთებდით, რომ მის გასწვრივ ივრისპირებზე სანაცვლოდ 70 ჰა მიგვეცა და აქეთ დაგვრჩენოდა ბერთუბანი. ყველაფერი შეთანხმებული იყო, 70 ჰა-ს გვაძლევდნენ ისინიც. ბერთუბანი არაფერს უშლის, კომპლექსში ცალკე შედის გზა“.
მოკლედ, ამ პროცესების დასრულება კვლავ შეუძლებელი გახდა და ამის მიზეზი, არც მეტი არც ნაკლები, ქართული მაქსიმალიზმი და რადიკალიზმი აღმოჩნდა.
ამჟამად ეს ვითარება გვაქვს: ქართული მხარე ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ დავითგარეჯის უნიკალური სამონასტრო კომპლექსი ქართული ისტორიისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია და იგი ჩვენმა წინაპრებმა სირიელ მამებთან ერთად შექმნეს.
აზერბაიჯანელებს კი მიაჩნიათ, რომ VI საუკუნის ამ სამონასტრო კომპლექსის შექმნაში, ქართველებთან და სირიელ მამებთან ერთად, თანამედროვე აზერბაიჯანის უძველეს მოსახლეებს _ ქრისტიან ალბანებსაც აქვთ თანასწორი(!) წვლილი შეტანილი.
„სხვათა შორის, ნებისმიერი არაანგაჟირებული ისტორიკოსი გეტყვით, რომ ეს ნარატივი (ფრთხილად ვამბობ) არც ისეთი სისულელეა, როგორც ზოგიერთი ცდილობს წარმოაჩინოს იმ „პერესტროიკისდროინდელი“ გნიასიდან _ დღემდე, _ ამბობს დათო გამცემლიძე და დასძენს, _ მერედა, დღევანდელ „იზ სრედნეი აზიი“ ჩამოთრეულებს“ რა კავშირი აქვთ იმ ალბანებთანო?“ _ აი, ზუსტად ამ ნაცისტურ ნარატივში, როგორც კრისტალში, ჩანს საქართველოს ბოლო 30 წლის უბედურება“.
ისტორიკოსი განმარტავს, რომ თანამედროვე აზერბაიჯანელებს ისეთივე „მიმართება“ აქვთ „იმ“ ალბანებთან და მათ კულტურულ მემკვიდრეობასთან, როგორც თანამედროვე არაბებს _ ხეოფსის პირამიდასთან და მის შემოქმედ სემიტურ ტომებთან.
არაბი გიდი, რომელიც ხეოფსს ან სფინქსს გიჩვენებთ, აუცილებლად გეტყვით, რომ ეს ეგვიპტის, როგორც ქვეყნის, კულტურული მემკვიდრეობაა, რადგან მისი შემოქმედი ხალხი ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობდა (იმ ეპოქაში, როდესაც იმ ტერიტორიაზე არაბების ნასახი არ იყო) და, სხვათა შორის, აქვე ისიც სათქმელია, რომ ტერმინი „Азербайджанец“ დღევანდელ აზერბაიჯანში უკვე აღარ არის ეთნიკური და მით უმეტეს, რელიგიური შინაარსის მატარებელი. „Азербайджанец“ (ისტორიულად ატროპატენა-ადარბადაგან-აზერბაიჯან) ნიშნავს „აზერბაიჯანის ხალხს“ _ ტერმინ Nation-ს ევროპული გაგებით. მაშასადამე, ალბანი ისეთივე „აზერბაიჯანელია“, როგორ არალის ზღვისპირიდან ემიგრირებულთა შთამომავალი.
სამწუხაროდ, საქართველოში ამგვარი პოტენციალის გამაერთიანებელი ტერმინი არ გაგვაჩნია, რომელიც მხოლოდ ეთნიკურ ქართველს არ მოიცავს. იყო მცდელობა ტერმინ „ივერიელის“ დამკვიდრებისა, როგორც ტერიტორიასთან და არა სისხლთან მიბმული ცნებისა, ასევე იყო მცდელობა ტერმინ „საქართველოს ხალხის“ (და არა მხოლოდ „ქართველი ერის“) შემოტანისა, მაგრამ 1970-იან წლებში (ესეც იმავე წყაროდან ვიცი) ჩანასახშივე ჩაკლა ჩვენმა ბრძენმა და შორსმჭვრეტელმა ინტელიგენციამ, როგორც „ანტიეროვნული“, _ აცხადებს გამცემლიძე.
1920-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირი იქმნებოდა და დავითგარეჯაზე ასეთივე კამათი მიმდინარეობდა, ლენინმა და სტალინმა მათთვის ჩვეული გადაწყვეტილება მიიღეს: აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარი „კომპრომისულად“ გაიყვანეს ისე, რომ მას უშუალოდ მონასტერზე გაევლო და ამით მხარეები „დაემოტივირებიათ“ ერთგვარი „კონდომინიუმისათვის“ (საერთო მართვა, საერთო მფლობელობა).
ეს სტრატეგიული კომპრომისი არ შედგა, მაგრამ საბჭოთა პერიოდში არანაირი „საზღვარი“ რესპუბლიკებს შორის რეალურად არ არსებობდა.
ბუნებრივია, საქართველოს ჯერ კიდევ იმდროინდელი მართლმადიდებელი ეკლესია უფრო შეძლებდა იქ „დამკვიდრებას“ სრულიად გასაგები მიზეზების გამო: აბა, აზერბაიჯანს სად გააჩნდა ქრისტიანული ეკლესია?
მაგრამ როგორც კი საქართველო და აზერბაიჯანი დამოუკიდებელი სახელმწიფოები გახდნენ, პრობლემამ უმალვე იჩინა თავი, რაკი (აი, ეს არის ყველაზე მთავარი) აზერბაიჯანში დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი, ერთი მხრივ, განიხილება სომხებთან ომის დისკურსში, როგორც „საშიში პრეცედენტი“, ხოლო, მეორე მხრივ, ბაქოს ამ საკითხში დათმობა მიუღებლად მიაჩნია, რაკი ეს „ანგრევს“ „Азербайджанец“ _ „მოქალაქეობა-ტერიტორიისმიერ“ და არა „სისხლ-ეთნოს-რელიგიისმიერ“ „ნაციამშენებლობის“ სტრატეგიას“, _ აცხადებს გამცემლიძე.
ასეთ ვითარებაში ცხადი ხდება, რომ ოფიციალური ბაქო საკუთარ „წილს“ სამონასტრო კომპლექსში არ დათმობს.
ქართულმა მხარემ _ ჯერ ედურად შევარდნაძემ და შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა _ შეძლეს მიეღწიათ ტაქტიკური კომპრომისისთვის. კომპრომისის არსი გახლდათ შემდეგი _ აზერბაიჯანი თვალს ხუჭავდა იმაზე, რომ მონასტერს De Facto მთლიანად ქართული მხარე ფლობდა, მათ შორის, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ნაწილსაც. სამაგიეროდ, ქართული მხარე მეტისმეტად არ ამწვავებდა „დელიმიტაციის“, ანუ სამონასტრო კომპლექსის კუთვნილების თემას.
არსებობდა სტრატეგიული კომპრომისის აზერბაიჯანული მოდელიც. ამის შესახებ დათო გამცემლიძე ასეთ რამეს ამბობს: „ჯერ ალიევ-უფროსი, შემდეგ ალიევ-უმცროსი თბილისს სთავაზობდნენ შემდეგ სტრატეგიულ კომპრომისს: „განვახორციელოთ საზღვრის დელიმიტაცია საქართველოს სსრ და აზერბაიჯანის სსრ რუკების შესაბამისად, მაგრამ ამასთან კავშირში გავაფორმოთ სტრატეგიული შეთანხმება დავითგარეჯაზე ისე, რომ წვდომა სამონასტრო კომპლექსზე თანაბრად ჰქონდეს როგორც აზერბაიჯანულ, ასევე ქართულ მხარეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაირღვევა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პრიორიტეტი მთელ კომპლექსზე _ იგი დარჩება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებად მთლიანად და განუყოფლად ოღონდ… ოღონდ… (აზერი კოლეგები ასე მიხსნიან საკვანძო საკითხს): თუკი ქართულ ტურისტულ კომპანიას აქვს უფლება, ჩაიყვანოს დავითგარეჯის მთელ ტერიტორიაზე ტურისტული ჯგუფი თბილისიდან, მაშინ აზერბაიჯანულ ტურისტულ კომპანიასაც ჰქონდეს უფლება, აზერბაიჯანიდან ჩაიყვანოს ტურისტული ჯგუფი სამონასტრო კომპლექსის მთელ ტერიტორაიზე _ მათ შორის, საქართველოს მხარეს“.
როგორც ირკვევა, საქართველოს ხელისუფლება(ები) ამ სტრატეგიულ კომპრომისს არ თანხმდებიან. რატომ? იმიტომ, რომ როდესაც ქართველი გიდი მიჰყვება საფრანგეთიდან ჩამოსულ ტურისტულ ჯგუფს, ის მას ეუბნება: „ეს კომპლექსი ქართველების წინაპრებმა დააარსეს სირიელ მამებთან ერთად“; ხოლო როდესაც აზერბაიჯანელი გიდი წამოიყვანს ბაქოდან ფრანგი ტურისტების ჯგუფს, შეიყვანს თამარის ფრესკიან კელიაში, იგი მას ეტყვის: „ეს სამონასტრო კომპლექსი VI საუკუნეში აზერბაიჯანის უძველესმა მოსახლეებმა, თანამედროვე აზერბაიჯანელთა წინაპრებმა, _ ალბანებმა _ დააარსეს სირიელ მამებთან და ქართველებთან ერთადო“.
ამგვარი ნარატივი კი ქართული მხარისთვის და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის კატეგორიულად მიუღებელია: „ეს მთლიანად ქართული ძეგლია, ქართველებმა დააფუძნეს, ქართველები ლოცულობდნენ, _ ამბობს დათო გამცემლიძე და აქვე დასძენს, _ ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ აზერბაიჯანული „ფორმულა“ უფრო კომპრომისულია, ვიდრე _ ქართული, თუმცა აბსოლუტურად შეუვალ წინააღმდეგობას აწყდება 1970-იანი წლებიდან მოყოლებული _ დღემდე“.
ამჟამად არსებული კრიზისის დროს იმდენი რადიკალური განცხადება გაჟღერდა, ზოგი ემოციურ, ზოგი პატრიოტულ, ზოგი კი პროვოკაციულ კონტექსტში, რომ ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა.
იმ ლოგიკით, რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ნებისმიერმა ოპონენტმა შეიძლება გვითხრას, _ რატომ არ ითხოვთ სწორედ ამ პერიოდში გავლებული საზღვრების შედეგად ქვეყნის ფარგლებს გარეთ დარჩენილ ტერიტორიებს იმავე თურქეთისგან? როდესაც ძალით არ შეგიძლია დაადასტურო შენი სიმართლე, როდესაც არსებული სტატუს კვო, მინიმუმ, ასი წლის საიდუმლოს ინახავს საკუთარ თავში და უამრავი წინააღმდეგობა ახლავს, პრობლემა ემოციით და ცხელი თავით კი არა, ცივი გონებით და პრაგმატულად უნდა მოაგვარო. აბა, რომელი მეზობელი წამოვა იმავე კომპრომისზე? თუ ერთი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისა არ იყოს, სადღეგრძელო რომ თქვა მეზობელი ქვეყნის ელჩის თანდასწრებით, _ საქართველოს გაუმარჯოს დარუბანდიდან ტრაპზონამდეო, ამით ვიხელმძღვანელოთ? იმ ვითარებაში, რომელშიც ვიმყოფებით, აუცილებელია მინიმუმის მაქსიმუმი მივიღოთ და არა ის, რომ მინიმუმიც დავკარგოთ.
მაგრამ აქ ისევ დათო გამცემლიძეს დავესესხები: „როდესაც/თუკი საზოგადოებას, მის ელიტებს არ გააჩნია გონივრული სტრატეგიული კომპრომისის კულტურა გარნა ჩლუნგი უკომპრომისობა-სწორხაზოვნებისა, მივიღებთ იმას, რასაც ვიღებთ ახლა. ღმერთმა ქნას, „უკანმოუბრუნებლობის წერტილი“ არ იყოს განვლილი ჯერ, ხოლო ვითარება დაბრუნდეს იმ „მოდუს ვივენდი“ _ „მოდუს ოპერანდი“ ფარგლებში (მაინც), რასაც ედუარდ შევარდნაძემ და მიხეილ სააკაშვილმა მიაღწიეს ალიევებთან.
თუმცა… მას შემდეგ, რაც უკვე მოხდა (ანტიაზერბაიჯანული მედიაისტერიისა და „ვი იზ სრედნეი აზიი“ ჩამოეთრიეთ“ ჩათვლით), ესეც სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს უკვე და… საოცნებოდ მაღალ კვალიფიკაციას“.
სულ ეს იყო, ამჯერად, რაც დავითგარეჯაზე უნდა მომეყოლა.

კოკა წერეთელი