1920 წლის აგვისტო

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ (2018წ.) ##3-27;29-39; (2019წ.) #2-6;8-13.

დამფუძნებელი კრება

1920 წლის 18 აგვისტოს გაზეთი „ერთობა“ გვაუწყებს, რომ 17 აგვისტოდან საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, იგივე პარლამენტმა, მუშაობა შეაჩერა და შვებულება გამოაცხადა. გაზეთის პირველ გვერდზე დამფუძნებელი კრების მიერ უკანასკნელი თვის მანძილზე გაწეული სამუშაოა განხილული და ჩამოთვლილია ის კანონები და დეკრეტები, რომელიც დეპუტატებმა ამ ხნის განმავლობაში მიიღეს.
როგორც აღმოჩნდა, აგვისტოში ხალხის რჩეულებმა ნაყოფიერად იმუშავეს. გაზეთის ცნობით, სხდომები კვირაში ოთხჯერ იმართებოდა, რაც კანონმდებლების საკმაოდ ინტენსიურ გრაფიკზე მიუთითებდა. ყველაზე საყურადღებო კი 1920 წლის აგვისტოში ქვეყნის ბიუჯეტის დამტკიცება გამოდგა. ეს იყო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ბიუჯეტი.
გაზეთი „ერთობა“: „ამ ხანში მრავალი დიდმნიშვნელოვანი კანონი და დეკრეტი იყო მიღებული. მათ შორის საკმაოა გავიხსენოთ ისეთი პირველხარისხოვანი კანონი, როგორიც არის კოლექტიური ხელშეკრულება, რომელიც საძირკველია მუშათა კანონმდებლობისა. სასოფლო სამეურნეო აღმშენებლობაში დიდი ყურადღების ღირსია ის სამეურნეო-სასკოლო გეგმა, რომელიც წარუდგინა დამფუძნებელ კრებას მიწათმოქმედების სამინისტრომ…
არ გამოვუდგებით მრავალ დიდ მნიშვნელოვან დეკრეტების და შეკითხვების აღნუსხვას. მოვიხსენებთ მხოლოდ იმ საქმეს, რომელიც დამფუძნებელი კრების ყურადღების ცენტრში იდგა უკანასკნელ თვეში. ეს იყო 1919-1920 წლის ბიუჯეტი. მისი განხილვა მით უფრო იყო ძლიერ საყურადღებო, რომ საქართველოს რესპუბლიკამ, რომელიც მხოლოდ ორი წელიწადია არსებობს, მოახერხა შედგენა თავის სახელმწიფო-სამეურნეო გეგმისა თავის არსებობის მეორე წელსვე.
მარტო ეს ფაქტი უკვე დიდი იმედის აღმძვრელია. იმედიანობის კიდევ უფრო დიდს საბუთს იძლევა ბიუჯეტის გარშემო ატეხილი კამათის თვალის გადავლება. ოპოზიციამ გამოიჩინა ნამდვილი დაუნდობლობა. მან სთქვა ყველაფერი ის, რის თქმაც შეეძლო ჩვენი სახელმწიფოს წყობილების შესახებ, უსაყვედურა რესპუბლიკის სათავეში მყოფთ ყველაფერი, რის საყვედურიც შეიძლებოდა… წმინდა სინდისით ვიტყვით: ოპოზიციამ ვერ აღმოაჩინა ვერც ერთი ისეთი ნაკლი, რომლის გამოსწორების იმედი არ ჰქონდეს სახელმწიფოს სათავეში მდგომ პარტიას“.
ბიუჯეტის გარდა, საქართველოს დამფუძნებელი კრება კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე მსჯელობდა, რომელიც ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტს წარმოადგენდა. საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაზე მუშაობა უკვე რამდენიმე წელი მიმდინარეობდა და 1920 წელი, ამ მხრივ, გადამწყვეტი იყო. გაზეთ „ერთობის“ შეფასებით კონსტიტუციის შემუშავება და შემდეგ მისი მიღება დამფუძნებელი კრებისა და საერთოდ ქართული პოლიტიკური კლასის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენდა. გაზეთის ინფორმაციით ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე მუშაობას დამფუძნებელი კრება საშემოდგომო სესიის გახსნისთანავე შეუდგებოდა.

აჭარის ავტონომია

როგორც გაზეთ „ერთობის“ 5 აგვისტოს ნომერში დაბეჭდილი სტატიიდან ვიგებთ, თბილისში მემედ-ბეგ აბაშიძის თავმჯდომარეობით აჭარის მეჯლისის დელეგაცია ჩამოვიდა. დელეგაციის სტუმრობის მიზანი საქართველოს შემადგენლობაში აჭარის სტატუსის განსაზღვრა წარმოადგენდა. ჯერ კიდევ აჭარის შემოერთებამდე, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და სამუსლიმო საქართველოს წარმომადგენლებს შორის, შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც აჭარას ავტონომიური სტატუსი უნდა მიეღო. სამოქალაქო მმართველობის მოსაწესრიგებლად და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, დამფუძნებელ კრებაში უნდა მომზადებულიყო კანონპროექტი. დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე აჭარაში ავტონომიური ხელისუფლება აირჩეოდა. ასეთი იყო გეგმა აჭარის შემოერთებამდე და ეს გეგმა იგივე დარჩა ბათუმის ოლქიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგაც.
ავტონომიის თემაზე აჭარის მეჯლისის დელეგაციის ხელმძღვანელის, მემედ-ბეგ აბაშიძის მოსაზრებას გაზეთი „ერთობა“ 5 აგვისტოს ნომერში ბეჭდავს: „ჩვენ ავტონომია ისე გვაქვს წარმოდგენილი, რომ ის კითხვები, რომლებიც გარეშე საქმეებს და ფინანსურ პოლიტიკას შეეხება, აგრეთვე სამხედრო მოწყობილებას და იმ შინაგან საქმეებს, რომლებსაც საერთო სახელმწიფოებრივი ხასიათი აქვთ, უნდა გადასწყვიტოს ცენტრალურმა კანონმდებლობითმა და აღმასრულებელმა ორგანოებმა. ის საკითხები კი, რომლებსაც ოლქისათვის ადგილობრივი ხასიათი აქვთ, ადგილობრივ სახელმწიფოებრივ აპარატის საშუალებით უნდა გაირჩეს. ადგილობრივ პირობებთან შეფარდებით უნდა გადასწყდეს აგრეთვე აგრარული საკითხი…
იმედი მაქვს, რომ საქრისტიანო და სამუსლიმანო საქართველოს შორის სრული თანხმობა ჩამოვარდება და საქართველო და მასთან ერთად აჭარა აყვავდება“.
ამავე სტატიაში გაზეთი გვამცნობს, რომ შემოერთების შემდეგ აჭარაში დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა იყო. რეგიონის საზღვრებთან მართალია, სხვადასხვა ბანდის თარეში შეინიშნებოდა, მაგრამ ამ საკითხს ქართველი მუსლიმები თავად აგვარებდნენ და მათ საქართველოს საზღვრებში არ უშვებდნენ.
მემედ-ბეგ აბაშიძის განცხადებით, აჭარის საქართველოსთან შეერთებას რამდენიმე ანტიქართული ძალა უშლიდა. მათ შორის იყვნენ: 1. ახალგაზრდა თურქების კომიტეტი; 2. აზერბაიჯანელი აგენტები; 3. ბოლშევიკები, რომლებიც უზარმაზარ თანხებს ხარჯავდნენ პროპაგანდაზე; 4. რუსი მოხალისეები, რომლებიც დენიკინის დავალებით მოქმედებდნენ; 5. ოლქის რუსული ადმინისტრაცია, რომელიც სრულიად უცხო ელემენტი იყო აჭარისთვის. მემედ აბაშიძის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გაიზარდა ქართველთა ემიგრაცია რეგიონიდან და ამის გამო შემცირდა მოსახლეობის რიცხვი. აბაშიძის განცხადებით, აჭარაში სულ 190 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.

ბრძოლა პროსტიტუციასთან ბათუმში

5 აგვისტოს ნომერში გაზეთი „ერთობა“ აჭარის შესახებ კიდევ ერთ საინტერესო ცნობას ბეჭდავს, რომელიც პროსტიტუციას ეხება. აჭარის ოლქის საგანგებო კომისარმა ბენია ჩხიკვიშვილმა 4 აგვისტოს სპეციალური ბრძანებულება გამოაქვეყნა, რომელიც პროსტიტუციის აკრძალვას და ამ საქმიანობით დაკავებული პირების მკაცრ დასჯას ითვალისწინებდა: „კომისარმა ჩხიკვიშვილმა ბრძანება გასცა ყველა საზოგადო სახლის დახურვის შესახებ. საზოგადო სახლის ყველა შემნახველნი და პროსტიტუტკები რესპუბლიკიდან უნდა განიდევნონ. ამათგან ისინი, ვინც საქართველოს ქვეშევრდომებია, უნდა გაიგზავნოს ეტაპით მუდმივ საცხოვრებელ ადგილას და მათზე უნდა დაწესდეს მილიციის ზედამხედველობა.
თუ ერთი კვირის შემდეგ ასეთი პირი ქალაქში აღმოჩნდება, მაშინ ის უნდა გაიყვანონ იძულებით სამუშაოზე: აკერინონ და არეცხინონ ტომრები, აგვევინონ ქუჩები და სხვა. ამისათვის ისინი ქალაქგარეთ ყაზარმაში უნდა მოაქციონ და ფულის მაგივრად მისცენ საზრდო. როდესაც ფარულ საზოგადო სახლის შემნახველთ აღმოაჩენენ, მათ დააპატიმრებენ და მათსავე ხარჯზე ასაზრდოებენ.
მილიციის წევრები უნდა აწარმოებდენ აღნიშნულ პირთა რეგისტრაციას. სასტუმროებისა და სახლის პატრონებს იმ შემთხვევაში, თუ ეს ბრძანება არ შეასრულეს, გადაახდევინებენ 25 ათას მანეთ ჯარიმას, სახლს რეკვიზიციით წაართმევენ და დააპატიმრებენ. ბრძანება სისრულეში მოყავთ კომისრებს. იმ შემთხვევაში, თუ რაიონში ასეთი პირები იქნებიან აღმოჩენილნი, კომისრებს სამსახურიდან დაითხოვენ და დააპატიმრებენ“.

ქართული ავიაცია

1920 წლის 2 აგვისტოს თბილისის გარეუბანში, კერძოდ ნავთლუღში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საავიაციო წარმოდგენა გაიმართა. იმ პერიოდის საქართველოსთვის ეს მეტად უჩვეულო სანახაობა გახლდათ. მთავრობის წარმომადგენლების, საპატიო სტუმრებისა და უცხოელი დიპლომატებისთვის აეროდრომზე საგანგებო ტრიბუნა მოაწყვეს, რომელიც ეროვნული ბაირაღებითა და ყვავილებით იყო მორთული. ნავთლუღში საჩვენებელ ფრენებს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ევგენი გეგეჭკორი, სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ზაქარიაძე, გენერალი ანდრონიკაშვილი, გვარდიის უფროსი ვალიკო ჯუღელი ესწრებოდნენ. საფრენ მოედანთან უამრავი მოქალაქე შეიკრიბა. უკრავდა სამხედრო ორკესტრი. ირგვლივ საზეიმო და ამაღლებული განწყობა სუფევდა. საავიაციო შოუს დაწყებას ყველა მოუთმენლად ელოდა.
საავიაციო წარმოდგენაში ის მფრინავები მონაწილეობდნენ, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ წარჩინებით დაასრულეს თბილისის საავიაციო სასწავლებელის სრული კურსი. ეს იყო ქართველი სამხედრო მფრინავების პირველი გამოშვება.
ორ რიგად განლაგებულმა 12-მა საფრენმა აპარატმა, მუსიკისა და მაყურებელთა შეძახილების თანხლებით, ასაფრენი ბილიკი გაიარა და ერთმანეთის მიყოლებით ნელ-ნელა ცაში აიჭრა. ნაჩვენები იყო სხვადასხვა სირთულის საავიაციო ილეთები. მათ შორის უმაღლესი პილოტაჟის ელემენტებიც.
ამ მოვლენის შესახებ გაზეთი „ერთობა“ 5 აგვისტოს ნომერში სპეციალურ რეპორტაჟს ბეჭდავს: „ფრენა 12 აპარატზე სწარმოებდა. ფრენა დილის 5 საათიდან დაიწყო. შემდეგ შეასრულეს საჰაერო ფრენის რთული ფიგურები. ფრენის დასასრულს ევ. გეგეჭკორმა და გრ. ლორთქიფანიძემ საავიაციო როტის კომანდირის მოვალეობის აღმსრულებელს მაყაშვილს მიულოცეს. საღამოს გაიმართა ვახშამი, სადაც მხურვალე სიტყვები წარმოსთქვეს და რესპუბლიკის ჯარს და ხელმძღვანელებს კეთილდღეობა და გამარჯვება უსურვეს“.
1920 წელს საქართველოს მთავრობამ საავიაციო ტექნიკის შესყიდვა დაიწყო. სამხედრო უწყებამ იტალიაში საქართველოსთვის 10 აეროპლანი შეძინა. ამ თვითმფრინავებს ანსალდოს ქარხანაში აწყობდნენ, რომელიც ცნობილი იყო, როგორც მსოფლიოში ყველაზე მოწინავე საფრენი აპარატების დამამზადებელი. ამ აეროპლანების სიჩქარე საათში 220 კილომეტრს აღწევდა. თვითმფრინავები აღჭურვილი იყო რადიოკავშირის მოწყობილობით, ფოტოკამერით და საიმედო ძრავით.
თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ აეროპლანებს იტალიიდან საქართველოში საავიაციო სკოლის ხელმძღვანელი მაჭავარიანი ჩამოიყვანდა, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, ახლად შეძენილი თვითმფრინავებით საქართველოში გადმოფრენა ტექნიკური მიზეზების გამო შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ ისინი დაშალეს, ყუთებში ჩააწყვეს, გემზე დატვირთეს და საქართველოში ისე ჩამოიტანეს.
გაზეთ „ერთობის“ 1920 წლის აგვისტოს ნომრებში ავიაციის შესახებ კიდევ რამდენიმე ინფორმაციას ვხვდებით. 11 აგვისტოს საღამოს 7 საათზე, საცდელი ფრენის დროს, დაიღუპა საავიაციო ასეულის ხელმძღვანელი, მაიორი ნიკოლოზ მაყაშვილი. სწორედ ის მფრინავი, რომელმაც თვითმფრინავის ვირტუოზული მართვისთვის 2 აგვისტოს საავიაციო ზეიმზე დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ უბედური შემთხვევის შესახებ გაზეთი „ერთობა“ 13 აგვისტოს ნომერში მოგვითხრობს: „მაიორი მაყაშვილი აგვისტოს 11 დაახლოვებით 7 საათზე მატორის გასასინჯავათ გამოფრინდა „სოპვიჩკემელი“-ს სისტემის ინგლისურ გამანადგურებელზე. იგი აფრინდა ჰაეროდრომზე და სადგურ ნავთლუღის თავზე ნაკვთის გაკეთების დროს დაახლოვებით 25 მეტრის სიმაღლიდან ძირს ჩამოვარდა; წყოსი წინა ნაწილით მიწას დაეჯახა და დაამსხვრია, როგორც სჩანს, განსვენებულმა ყოველივე ღონე იხმარა წყოსის გადასარჩენათ და მას თავი შესწირა. თავდადებული მფრინავი გამოიტანეს წყოსის ნამსხვრევებიდან; მას ორივე ფეხი და გულის ფიცარი დამტვრეული ჰქონდა. ის გრძნობაზე არ მოსულა და 5 წუთის შემდეგ გარდაიცვალა ამხანაგების ხელზე“.
ავიაკატასტროფის დროს დაღუპული მფრინავი 14 აგვისტოს დიდი პატივით დაკრძალეს. მაყაშვილის ცხედარი რუსთაველის გამზირზე სამხედრო ტაძარში იყო დასვენებული. პანაშვიდს დაესწრნენ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ევგენი გეგეჭკორი, სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე, დამფუძნებელი კრების წევრები, მთავარსარდალი გიორგი კვინიტაძე და ა. შ. მაყაშვილი დიდუბის სასაფლაოზე დაასაფლავეს. გაზეთ „ერთობის“ ცნობით, სამგლოვიარო პროცესიას საარმიო და გვარდიის ნაწილები და არტილერიაც მიჰყვებოდა.
ავიაციასთან დაკავშირებული უბედური შემთხვევები აგვისტოში ამით არ დასრულებულა. გაზეთი „ერთობა“ 31 აგვისტოს კიდევ ერთი კატასტროფის შესახებ აქვეყნებს ცნობას: „აგვისტოს 28, დილის 6 საათზე, სასწავლო ფრენის დროს, სამხედრო მფრინავი ლეიტენანტი კილტავა აპარატთან ერთად გამოურკვეველი მიზეზის გამო 20 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. ჩამოვარდნის დროს მფრინავი მძიმედ დაშავდა. საღამოს 6 საათზე პროფესორმა ტიხონოვიჩმა ფეხი მოაჭრა კილტავას. დაახლოვებით 7 საათზე, სისხლის დაქცევისა და საერთო სისუსტის გამო, კილტავამ გრძნობა დაჰკარგა და გარდაიცვალა. გარდაცვალებულმა ამ მოკლე ხანში დაასრულა ფრენოსნობის სკოლა. იგი დიდი ნიჭით იყო დაჯილდოვებული. კილტავას საინჟინრო ჯარში იცნობდენ, როგორც საუკეთესო აფიცერს“.

ქოლერა და თბილისის ანტისანიტარია

1920 წლის აგვისტოში თბილისის საავადმყოფოებში ქოლერის დაავადების ნიშნების მქონე სამი მოქალაქე მიიყვანეს, რომელთაგან ორი მოკლე ხანში გარდაიცვალა. როგორც გაზეთი „ერთობა“ 11 აგვისტოს ნომერში წერს, სამივე შემთხვევაში ქოლერა იმ მოქალაქეებს აღმოაჩნდათ, რომლებიც ქალაქის მკვიდრი მცხოვრებლები იყვნენ. ამის შედეგად გაზეთი ასკვნდა, რომ ქოლერის დაავადება თბილისში გაჩნდა და იგი არ იყო სხვა ქვეყნიდან შემოტანილი.
ქოლერასთან საბრძოლველად ქალაქის თვითმმართველობამ თბილისის ბიუჯეტიდან მილიონი მანეთი გამოყო. თუმცა, ამავე ნომერში გამოქვეყნებული წერილიდან, რომელიც ექიმ ლომაურს ეკუთვნის, ირკვევა, რომ ეს ფული, ფაქტობრივად, წყალში გადაყრილი იყო, რადგანაც ქალაქი კატასტროფულ სანიტარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ბინძური ქუჩები, სასმელად უვარგისი, მღვრიე წყალი, დევნილებით გადატვირთული ქალაქი, უმწვავესი საბინაო კრიზისი, საშინელ ანტისანიტარიაში სურსათით პირდაპირ ქუჩებში ვაჭრობა. უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ, რა სიბინძურეში ცხოვრობდნენ იმ დროს თბილისელები, ექიმ ლომაურის წერილიდან ფრაგმენტს მოვიყვანთ: „მსოფლიო ომით და დღევანდელი ეკონომიური არევ-დარევით შექმნილი თფილისის უკიდურესად ანტისანიტარული მდგომარეობა არამც მარტო ხოლერისათვის, ბევრი სხვა გადამდები სენისათვისაც საუკეთესო ნიადაგია. ჰიგიენის მოთხოვნილებათა თვალსაზრისით თფილისის ცხოვრების არც ერთი მხარე სულ ზერელე კრიტიკასაც კი ვერ გაუძლებს. რა საშინელ მდგომარეობაშია წყლის საკითხი ეს ყველა მოქალაქემ კარგად იცის. უვარგისი, მღვრიე წყალიც კი ხშირად ენატრება მოქალაქეს, რადგანაც არსებული წყალსადენი ქალაქის მოთხოვნილებას ნახევრადაც კი არ აკმაყოფილებს. ბინის საკითხი უფრო მწვავეთ დგას ვიდრე წყლისა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოქალაქეთა 20-30 პროცენტი სრულიად უბინაოთ არის დატოვებული. ძალიან ბევრს აუცილებლობის გამო სადღაც ნესტიან სარდაფებში, დერეფნებში, ან ვისმე საკუჭნაოში შეუფარებია თავი და უკიდურეს სივიწროვეში სულს ძლივას ითქვამს.
თფილისის საერთო უსუფთაობა ყოველივე ზომას და წარმოდგენას აღემატება. დღეს-დღეობით ქალაქი თავის სიბინძურით და ჭუჭყით ოსმალეთის მივარდნილ ქალაქს მოგვაგონებს, სადაც ქუჩა, მოედანი და ყოველივე კუთხე სანაგვედ და ადამიანის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებელ ადგილადაა გადაქცეული. დასარწმუნებლად საჭიროა ნახვა ქალაქის მოედნებისა, განაპირა ქუჩებისა. ხევებისა და ბაღების, სადაც ხალხთან ერთად აუარებელი ქეციანი ძაღლები, ღორები და სხვა ოთხფეხი სრულიად თავისუფლად დაიარებიან და უსუფთაობას აორკეცებენ.
სასმელ-საჭმელის საკითხიც უსუფთაობისა და ფალსიფიკაციის მხრივ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. რაც ხდება ფურნეებში, სასადილოებში, საჭმელ-სანოვაგის მაღაზიებში, სარძევეებში და სხვაგან, _ ყველამ უწყის. კანალიზაცია ცუდია, ასენიზაციის მოწყობილება ქალაქს თითქმის არა აქვს. ერთი სიტყვით, ქალაქის ანტისანიტარულ მდგომარეობაზე ლაპარაკის გაგრძელება მეტია. ქალაქის ასეთი უმწეო მდგომარეობა სანიტარიის და ჰიგიენის მხრით არის ის ნოყიერი ნიადაგი, რომელზედაც აზიიდან შემოტანილმა სენმა ხოლერამ აქ ჩვენში დაიბუდა… ამ ბოლო წლებში ხოლერა ჩვენში თითქმის ყოველთვის ზაფხულს ჩნდება და აუარებელ ზარალს გვაყენებს _ როგორც ხალხის სიცოცხლით, ისე ქონებრივადაც“.
აგვისტოს განმავლობაში გაზეთი „ერთობა“ ქოლერასთან დაკავშირებით რამდენიმე სტატიას ბეჭდავს, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას უხსნიდნენ, თუ როგორ უნდა დაეცვათ თავი ავადმყოფობისგან. მოქალაქეებს მოუწოდებდნენ გაეკეთებინათ ქოლერის საწინააღმდეგო აცრები, ხშირად დაებანათ ხელები, ქუჩაში არ ეჭამათ გაურეცხავი ხილი, არ დაელიათ გადაუდუღარი წყალი, დაეცვათ სანიტარიული ნორმები საცხოვრებელ ფართში, კირის ხსნარით დაემუშავებინათ საპირფარეშოები და ა. შ.
აგვისტოს შუა რიცხვებში, გაზეთში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ მოსაზღვრე ქვეყნებში კიდევ ერთი საშიში დაავადება _ შავი ჭირი გამოჩნდა და მოსალოდნელი იყო ჩვენს ქვეყანაში მისი გავრცელებაც. გაზეთი „ერთობა“ 25 აგვისტო: „სარწმუნო წყაროებიდან იტყობინებიან, რომ სათათრეთის ზოგიერთ ადგილებში _ არზრუმში, კონსტანტინოპოლში და შავი ზღვის პირად მდებარე რამდენსამე ქალაქში შავი ჭირი გაჩენილა და მცხოვრებთ დიდ ზარალს აყენებს. ეს ცნობა ჩვენთვისაც ფრიად სამწუხარო ამბავია. სათათრეთის აღნიშნულ ქალაქებთან და შავი ზღვის სანაპირო ბევრ ადგილებთან საქართველოს რესპუბლიკას მუდამ ვაჭრობა-მიმოსვლის კავშირი აქვს და თუ მოსაზღვრე სახელმწიფოებში შავი ჭირი, ხოლერა ან სხვა რაიმე გადამდები სენი ჩნდება, მიმოსვლა და ვაჭრობა ადვილ შესაძლებლობას ქმნიან, რომ სენი ჩვენშიაც გადმოვიდეს, გავრცელდეს და დიდი უბედურება თავს დაგვატყდეს, თუ ყველა საჭირო ზომა-საშუალება არ იქნება მიღებული“.
გაზეთიდან ჩანს, რომ 1920 წლის აგვისტოში თბილისში ქოლერის მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო, ხოლო შავი ჭირი საერთოდ არ დაფიქსირებულა. თუმცა ქალაქის ხელისუფლება სასიკვდილო სენის შესახებ მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებდა და მოქალაქეებს სანიტარიული ნორმების დაცვისკენ მოუწოდებდა.

მოკლე ამბები

28 აგვისტოს გაზეთი „ერთობა“ საქართველოს სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძის ბრძანებას აქვეყნებს, რომელიც ქართულ ჯარში შექმნილ სავალალო მდგომარეობას ეხება. როგორც ამ ბრძანებიდან ჩანს, საარმიო ნაწილებში იყო ფაქტები ოფიცრების მიერ ჯარისკაცების ჩაგვრისა და მათი ფიზიკური შეურაცხყოფისა: „ვაი იმ ოფიცერს, რომელიც არა თუ ხელით, არამედ უშვერი გინებით შეურაცხყოფს თავისუფალ რესპუბლიკის მხედარს. ბრიგადების და ცალკე ნაწილების კომანდირებს ვუბრძანებ, სასტიკი თვალყური ადევნოს ამ გვარ მოვლენებს. ულმობლათ დასაჯონ დამნაშავენი. ასეთ ოფიცრებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ექნეს ადგილი რესპუბლიკის ჯარში. დამნაშავენი სასტიკად და სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ _ არმიიდან გაიდევნონ და სამართალში მიეცენ. ამიერიდან ასეთი საქმისთვის პასუხს ვაგებინებ არა მარტო პირდაპირ დამნაშავეს, არამედ იმ ნაწილის უფროსს, რომელშიაც ადგილი ექნება ასეთ უმზგავსობას“.
რკინიგზაზე კვლავ ყაჩაღური თავდასხმა განხორციელდა. გაზეთ „ერთობის“ 4 აგვისტოს ნომერში დაბეჭდილია ცნობა, რომ პირველ აგვისტოს ბათუმიდან გამოსული სამგზავრო მატარებელი საჯავახოსა და ნიგოითს შორის გაძარცვეს. როგორც ირკვევა, ყაჩაღებმა მატარებელში მგზავრების სახით შეაღწიეს და ხალხის ძარცვა ვაგონებში დაიწყეს: „ნიგოითს რომ გასცილებია მატარებელი, მათ უცბათ ამოუღიათ მაუზერები და ბომბები და მგზავრებისთვის დაუყვირიათ, რომ არ განძრეულიყვნენ. შემდეგ გაუძარცვავთ მგზავრები. გადასულან და გაქცეულან. ერთი თავდამსხმელთაგანი დაუჭერიათ, რომელიც აღმოჩნდა გურული (ნაგომარი) გაბრიელ დოლიძე. შეპყრობილი დანაშაულში გამოტყდა. ყველა წაღებული ნივთები მატარებლის მცველებმა ყაჩაღს დაატოვებინეს. მიღებულია ზომები სხვების დასაჭერათაც“.
საქართველოში რუსეთის საელჩო იტყობინებოდა, რომ 29 ივლისს სადგურ მცხეთასთან ახლოს, მდინარეების: მტკვრისა და არაგვის შესართავთან, დაიხრჩო დიპლომატიური მისიის შიკრიკი ვინმე კესლერი, რომელიც კავკავიდან (დღევანდელი ვლადიკავკაზი) სომხეთში მიემართებოდა. ცნობაში არ წერია, თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა შიკრიკი. გაზეთი მხოლოდ იმას იუწყება, რომ კესლერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ პროკურატურას ყველა გარემოების დაწვრილებით გამოიძიება დაავალა.
7 აგვისტოს ინფორმაციით თბილისში, გონჩარნის ქუჩაზე, გაქურდეს ქართველი მხატვრის, მოსე თოიძის საცხოვრებელი სახლი. როგორც ცნობიდან ჩანს, ძარცვის დროს მხატვარი ბორჯომში ყოფილა დასასვენებლად წასული. ქურდებმა თოიძის სახლიდან წაიღეს ტანსაცმელი, ლოგინის თეთრეული, საცვლები და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი, რომელთა ღირებულებაც 150 ათას მანეთს აჭარბებდა.
ქუთაისის მოურავთან მოქალაქეებმა იჩივლეს, რომ არმიის ზოგიერთი ოფიცერი თავისი პირადი საჭიროებისთვის იყენებდა სახელმწიფოს კუთვნილ ეტლებსა და ავტომობილებს და ქალაქის ქუჩებში შეზარხოშებულები დაჰქროდნენ. მოურავმა ეს ყოველივე საჯარისო ნაწილის ხელმძღვანელობას აცნობა, რომელმაც, თავის მხრივ, წესრიგის დამრღვევი ოფიცრების მიმართ სასტიკი ზომების გატარების პირობა დადო.
უცნაური ცნობა დაიბეჭდა გაზეთ „ერთობის“ 20 აგვისტოს ნომერში, საიდანაც ირკვევა, რომ ფოსტაში ნისიად წერილების გაგზავნა შეიძლებოდა: „სამხედრო მინისტრის მოხსენების თანახმად, მთავრობამ დაადგინა: ფოსტა-ტელეგრაფის უწყებამ მიიღოს დეპეშები ჯარის ნაწილების უფროსებისაგან ნისიათ, იმ პირობით, რომ დეპეშების გასაგზავნი სათანადო ფული შემდეგ გადაიხადოს სამხედრო უწყების სამეურნეო კომიტეტმა“.

მიხეილ ბასილაძე