გიორგი ქიტიაშვილი: „მართლაც პარადოქსია, ივანიშვილი მურუსიძეს გმირად მიიჩნევს, დამნაშავედ _ შალვა შავგულიძეს“

ახალგაზრდები საზოგადოების სწორედ იმ ნაწილს წარმოადგენენ, რომელსაც ყველაზე ნაკლებად პოლიტიკური ინტრიგები, ყველაზე მეტად კი ქვეყნის ხვალინდელი დღე და სამომავლო პერსპექტივები აინტერესებს. თუმცა საზოგადოების უმრავლესობა თანხმდება, რომ ახალგაზრდებს უპერსპექტივობის განცდა აქვთ, რის გამოც ქვეყანას ტოვებენ და თავიანთ სამომავლო პერსპექტივებს საზღვრებს მიღმა ეძებენ.

რა უნდა შესთავაზონ პოლიტიკურმა პარტიებმა ახალგაზრდებს იმისთვის, რომ ისინი აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში? როგორია ქართველი ახალგაზრდების რეალობა და შუალედურ არჩევნებში რა შანსები აქვს მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატ შალვა შავგულიძეს?

აღნიშნულ თემებზე „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ „თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრ გიორგი ქიტიაშვილს ესაუბრა:
_ შუალედური არჩევნებისთვის „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანებამ საზოგადოებაში გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა, რადგან შალვა შავგულიძე სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი იყო, მაშინ, როცა „ევროპული საქართველოს“ ლიდერები იმ პერიოდში ხელისუფლებაში იყვნენ, რით ახსნით ამ გაერთიანებას?
_ ამის შესახებ შალვა შავგულიძემ დეტალურად ისაუბრა. იმ კონკრეტულ საქმეზე, ვისი ბრალეულობაც დადგინდა, ისინი უნდა დაისაჯონ და არიან კიდეც დასჯილები. თუ ვინმე დამნაშავეა, ის უნდა დაისაჯოს. ჩვენ ხელს არავის ვაფარებთ. ვფიქრობ, მთავარია მომავლის ხედვა. ეს გაერთიანებაც, ისევ და ისევ, უკეთესი მომავლის ხედვიდან გამომდინარეა. ის დაპირებები, რაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა გასცა, არ შესრულდა და მეტიც _ უარესი გააკეთა, ადამიანები, რომლებიც სისტემის მსახურები იყვნენ, თუნდაც მურუსიძე, გვერდით დაიყენა და ისინი დააწინაურა. რაც შეეხება „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანებას, ვფიქრობ, ეს გაერთიანება ასეთ კითხვის ნიშნებს არ უნდა ბადებდეს.
_ ჩვენ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, სადაც მან თქვა: „აი, ეს არის პარადოქსი ჩვენთვის, რომ დღეს საზოგადოებაში შავგულიძე ასოცირდება, როგორც გმირი, რომელმაც დაიცვა გირგვლიანების ოჯახი და მურუსიძე ასოცირდება, როგორც მკვლელი“. ასევე გვახსოვს 2012 წელი, როცა ივანიშვილი შავგულიძეს ღირსეულ და სამართლიანობისთვის მებრძოლ ადამიანად მოიხსენიებდა. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ივანიშვილის მხრიდან შავგულიძის მიმართ ასე მკვეთრად დამოკიდებულების შეცვლა?
_ ბიძინა ივანიშვილის ეს პოზიცია გამოიწვია იმან, რომ შალვა შავგულიძე მას ღიად დაუპირისპირდა. რა თქმა უნდა, ივანიშვილს ეს არ მოეწონა. დიახ, მართლაც პარადოქსია ის, რომ ივანიშვილი გმირად მიიჩნევს ლევან მურუსიძეს და დამნაშავედ _ შალვა შავგულიძეს. ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების მსგავსი მესიჯები გააჟღერა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემაც ტელეკომპანია „იმედზე“ დებატებში. ძალიან კარგი პასუხი გასცა მას შალვა შავგულიძემ და შეახსენა, თუ ვინ იყო ამ საქმის ადვოკატი, ვინ მოიგო ეს საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. წარმოუდგნელია ის პრეტენზიები, რაც მათ აქვთ გასაჩივრებასთან დაკავშირებით. საიდან იგონებენ ამ ყველაფერს?! მურუსიძემ რაც ეთერებში ისაუბრა, რომ შავგულიძეს უნდა გაესაჩივრებინაო, ამაზე შალვა შავგულიძემ თავად უპასუხა ძალიან კარგად მამუკა მდინარაძესაც, როგორც პრესკონფერენციაზე, ასევე დებატებში.
_ ზოგადად, პოლიტიკურ ვითარებაზე რომ ვისაუბროთ, შესწევს თუ არა პოლიტიკურ პარტიებს და, მათ შორის, „თავისუფალ დემოკრატებს“ იმის რესურსი, რომ ორპოლუსიანი სივრცე გაარღვიოს და საზოგადოებას ალტერნატივის საშუალება მისცეს?
_ რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ამის რესურსი არის. ქვეყნისთვისაც აუცილებელია, რომ ორპოლუსიანობა, რაც რეალურად არსებობს, შეიცვალოს. ჩვენ საპარლამენტო მმართველობის ქვეყნად მივიჩნევით და ასეთი ტიპის ქვეყნებს მაქსიმალურად ბევრი პარტია და განსხვავებული აზრი სჭირდებათ პარლამენტში. ვფიქრობ, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანება ამ მოჯადოებულ წრეს გაარღვევს.
_ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
_ ამის თქმის საფუძველს მაძლევს თუნდაც ის რესურსი, რაც ამ ორ პარტიაშია თავმოყრილი. ასევე ის კვალიფიკაცია და გამოცდილება, რაც ამ ორი პარტიის წევრებს აქვთ. იმედი მაქვს, ხალხი ამ ყველაფერს ხედავს და ადამიანებსაც მობეზრდათ ეს ორპოლუსიანობა.
_ რა არის დღეს ამომრჩევლის მთავარი დაკვეთა?
_ ამომრჩევლის მთავარი დაკვეთაა, პოლიტიკოსებმა თავიანთი საქმე გააკეთონ. ჩვენ მათ იმისთვის ვირჩევთ, რომ საქართველოს მოსახლეობას ემსახურონ. ვფიქრობ, მომავალში არჩევნებზე ცუდსა და უარესს შორის არ უნდა გავაკეთოთ არჩევანი. პირიქით, უნდა გავეცნოთ პროგრამას, ვინ რას გვთავაზობს და ამის მიხედვით გადავწყვიტოთ, ვის უნდა მივცეთ ჩვენი ხმა, რადგან, რეალურად, ხელისუფლებას ჩვენ ვქირაობთ. მათი პირდაპირი მოვალეობაა, ხალხისგან წამოსულ დაკვეთაზე ადეკვატური პასუხი ჰქონდეთ და პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გეგმა შესთავაზონ.
_ როგორც წესი, ქართულ რეალობაში არჩევნების წინ არავინ აქცევს ყურადღებას საარჩევნო პროგრამას, რადგან ძირითადად პირადი დაპირისპირებებით არიან დაკავებულები და მოსახლეობაც ამით „ერთობა“, რა როლი აქვს ამომრჩეველს ამ პროცესში?
_ ჩვენმა საზოგადოებამ იმუნიტეტი უნდა გამოიმუშავოს, უნდა მიხვდეს, რომ ვიღაცის ჯიბრზე არჩევანის გაკეთება მას კარგს არაფერს მოუტანს. უნდა გავიაზროთ, რომ მსგავსი მიდგომით არჩევანის გაკეთება ისევ ჩვენზე, მათ შორის, თქვენზე და ჩემზეც, ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაზე უარყოფითად იმოქმედებს. ამ კუთხით ახალგაზრდებში მდგომარეობა შედარებით უკეთესადაა. როგორც ვიცი, ჩემ ირგვლივაც ყველა აქცევს ყურადღებას საარჩევნო პროგრამას, რომელი პარტია რას სთავაზობს მათ, რა იდეოლოგიისაა და სწორედ ამის მიხედვით ირჩევენ, ვის სასარგებლოდ გააკეთონ არჩევანი და ვის მისცენ თავიანთი კუთვნილი საარჩევნო ხმა. რაც შეეხება, წინასაარჩევნო პერიოდში ერთმანეთზე წარსულის წამოძახებას, რაც იყო, თუნდაც, 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებზე, რაც იყო ასევე საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც, ვფიქრობ, ნელ-ნელა ესეც წარსულში გადავა და მსგავს მეთოდებს ამომრჩეველზე ისეთი ეფექტი და გავლენა აღარ ექნება.
_ როგორ ფიქრობთ, რა არის დღეს ახალგაზრდების მთავარი პრობლემა?
_ ახალგაზრდების მთავარი პრობლემა უპერსპექტივობის განცდაა. მათ აქვთ შეგრძნება, რომ საქართველოში წარმატების მიღწევა რთულია. ამაში კი, დიდწილად, დამნაშავე ხელისუფლებაა, _ სწორედ მას ევალება ისეთი პირობების შექმნა, რომ ადამიანმა საკუთარი თავის რეალიზება შეძლოს და იმის შიში არ ჰქონდეს, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ განათლებისა და კვალიფიკაციის შესაბამისი სამსახური ვერ იშოვოს. ამიტომაც ახალგაზრდები გადაწყვეტილებას იღებენ, რომ ქვეყნიდან წავიდნენ. ჩემი აზრით, აუცილებელია, ახალგაზრდებს მეტი შანსი მიეცეთ. იმ ადამიანებს, ვისაც ქვეყანაში დარჩენა და თუნდაც ბიზნესის წამოწყება სურთ, სასტარტო პირობები უნდა შევუქმნათ.
_ უპერსპექტიობასთან ერთად ახალგაზრდებს ნიჰილიზმის განცდაც აქვთ, რაც აშკარად გამოიხატება თუნდაც არჩევნებთან მიმართებით. რა უნდა შესთავაზოთ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ მათ არჩევნებზე მოსვლის სურვილი გაუჩნდეთ?
_ ნიჰილიზმი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგანაა. ვფიქრობ, რომ ეს განცდა ყოველთვის და ყველა თაობაში იყო. პოლიტიკურმა პარტიებმა ისეთი რაღაც უნდა შევთავაზოთ ამომრჩევლებს, მათ შორის, ახალგაზრდებსაც, რომ მათ არჩევნებზე მოსვლა და თავიანთი ხმის მიცემა მოუნდეთ. ამ შემთხვევაში ვერავისკენ ხელს ვერ გავიშვერთ, ეს ჩვენი პოლიტიკური პარტიების გასაკეთებელია. ორგანიზაციებში ახალგაზრდებს შანსი უნდა მივცეთ, რომ თავიანთი თავი წარმოაჩინონ, ასევე უნდა გავითვალისწინოთ მათი მოსაზრებები და სურვილები. დღეს ჩვენი ახალგაზრდების წინაშე მთავარი გამოწვევა უპერსპექტივობის განცდა და მძიმე სოციალური ფონია.
_ ახალგაზრდულ პროტესტს ძალიან დიდი ძალა აქვს, თუმცა ნაკლებად აპროტესტებენ თუნდაც დასაქმების, განათლების პრობლემას. მეთანხმები თუ არა, რომ ახალგაზრდები არ დგანან იქ, სადაც უნდა იდგნენ?
_ არ ვეთანხმები იმას, რომ ახალგაზრდები მხოლოდ მარიხუანის დეკრიმინალიზაციას მოითხოვენ, რადგან ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც მარიხუანის დეკრიმინალიზაციას მოითხოვდნენ, იდგნენ და რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებდნენ. თავად ვარ სამოქალაქო აქტივიზმის მოხალისე გაერთიანება „რუსეთი ოკუპანტიას“ აქტიური წევრი და იმ აქციაზეც ვიდექი, სადაც ვაპროტესტებდით, რომ ადამიანი მარიხუანის მოწევის გამო არ უნდა დაეჭირათ. თუ ახალგაზრდები გამოდიან და რაიმეს აპროტესტებენ, ე. ი. მათ ეს რეალურად აწუხებთ კიდეც. ამაზე სახელმწიფო უნდა დაფიქრდეს და, შესაბამისად, გამოსავალიც უნდა მონახოს. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი ახალი თაობა გვყავს.
_ როგორ ხედავთ ახალი სახეების შემოსვლის პროცესს პოლიტიკაში და რამდენად მნიშვნელოვანია ეს, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის?
_ რა თქმა უნდა, ეს პროცესი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძველი სახეები მიდიან და ისინი ახალმა სახეებმა უნდა ჩაანაცვლონ. მთავარია, ახალგაზრდებმა მოინდომონ და ყველაფერი გააკეთონ, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ. ჩემს მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ მეც, თავდაპირველად, მოხალისედ დავიწყე, _ „თავისუფალ დემოკრატებში“ ყოფნა მინდოდა და დღემდე აქ ვარ. პოლიტიკურ პარტიებს რაც შეეხება, მაქსიმალურად გახსნილები უნდა იყვნენ, რათა შანსი მისცენ ახალგაზრდებს და ენდონ მათ.
_ რა პერსპექტივა აქვს შუალედურ არჩევნებზე „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარ კანდიდატ შალვა შავგულიძეს?
_ შალვა შავგულიძე არის ღირსეული ადამიანი. მასზე ცუდს ვერავინ იტყვის. ის ძალიან პრინციპული პიროვნებაა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. შალვა შავგულიძე ყოველთვის იმ ადგილას იდგა, სადაც ყოფნა სწორად მიაჩნდა და სადაც ყოფნა სამართლიანი იყო. მთაწმინდის მოსახლეობა, ვინც შალვას დაუჭერს მხარს, ვფიქრობ, არ ინანებს, რადგან მას პარლამენტში ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება, ისეთი წარმომადგენელი, რომელსაც იმედი არავისთვის გაუცრუებია.

ნენე ინჯგია