ახალგაზრდა პატიმარს შვილების ნახვას უკრძალავენ

„ქრონიკა+“-ში 2018 წელს სტატია დაიბეჭდა, სადაც საქმე ეხებოდა ქალაქ ბაღდათში 2018 წლის 26 აპრილს 21 წლის ბიჭის (ნ.ფ.) დაკავებას. მას ბრალად წაუყენეს სხვისი ქონების დაზიანება და მეუღლის მიმართ ფსიქოლოგიური ტანჯვა, რის გამოც 3 წელი მიუსაჯეს. ოჯახური კონფლიქტისა და შემდეგ მდგომარეობის გამწვავების მთავარი მიზეზი ბრალდებულის მხრიდან სხვა ქალთან მიმოწერა გახდა.

როგორც ბრალდებულის დედა აცხადებდა, შურისძიების მიზნით მისმა რძალმა, ე. წ. მძახლებმა და ნ.ფ.-ს მამიდამ ერთად დაგეგმეს, რომ ბრალდებულისთვის პროვოკაცია მოეწყოთ და დაეჭირათ.
ბრალდებულის დედა, ეკატერინე ძაგნიძე, „ქრონიკა+“-ს უყვებოდა: „2018 წლის 26 აპრილს ჩემი შვილი დააკავეს ბრალდებით: სხვისი ქონების დაზიანება და მეუღლის მიმართ ფსიქოლოგიური ტანჯვა. მას მიესაჯა 3 წელი, რაც, რა თქმა უნდა, გავასაჩივრე, მაგრამ 8 თვეა, პროკურატურიდან _ იუსტიციაში, იუსტიციიდან _ ციხეში, ციხიდან _ ადვოკატთან დავრბივარ და ვერ მივაღწიე, რომ პიროვნება, რომელიც მეუღლესთან ოფიციალურად ქორწინებაში არ იმყოფებოდა, უბრალოდ, ორი საერთო შვილი ჰყავდათ, მათთან სახლში არ ცხოვრობდა და როგორ ითვლებოდა ოჯახის წევრად? ეს კითხვა დავუსვი ქალაქის პროკურორს, სხვადასხვა ადვოკატს, სოციალურ ქსელშიც გავავრცელე და ერთი და იგივე პასუხი მივიღე, _ პიროვნება, რომელიც ქორწინებაში არ იმყოფება და არ ცხოვრობს მის სახლში, არ ითვლება ოჯახის წევრად. ანუ რადგან ორი საერთო შვილი ჰყავდათ, ამიტომ მიიჩნიეს ოჯახის წევრად. იურიდიულად ხელიც არ აქვთ მოწერილი. დასავლეთ საქართველოს პროკურორ შოთა ტყეშელაშვილთან შეხვედრა მოვითხოვე. ერთ თვეზე მეტი ველოდებოდი და მიმტკიცებდნენ, რომ ჩემი შვილი ოჯახის წევრად ითვლებოდა. ყველას მივწერე, მათ შორის, ჟურნალისტებსაც, თუმცა ყურადღება არავინ მომაქცია.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: როცა ჩემი შვილი ბავშვების სანახავად მივიდა, არ შეუშვეს, განერვიულებულმა სიგარეტი მოისროლა, რომელიც „ცოლის“ მანქანაში ჩავარდა. მანქანა „სიდედრზე“ იყო გაფორმებული. ამ მიზეზით საქმე აღიძრა, როგორც ქონების დაზიანებით ოჯახის წევრზე ძალადობა. საქმეში ჩაწერილია, რომ ბოთლით ბენზინი შეიტანა და მანქანას მოასხაო. ბოთლით რომ მოესხა, მანქანა მთლიანად დაიწვებოდა. ბენზინის ბოთლი აფეთქდა, მაგრამ არ აალდაო. აქვე აღვნიშნავ, რომ მანქანა დაზიანების შემდეგ პროკურატურაში იყო გადაყვანილი, თუმცა გამოძიების დასრულებამდე პროკურორმა დავით სილაგაძემ თავის მფლობელს გადასცა. როცა პოლიციაში მივედი, ვუთხარი, _ იქნებ, ბიოლოგიური ანალიზის აღებას ვაპირებდი, რატომ გადაეცით მფლობელს გამოძიების დასრულებამდე მანქანა-მეთქი? _ ჩვენ რა შუაში ვართ, პროკურორმა დართო ნებაო.
ჩემს შვილს ასევე ედავებიან ცოლის მიმართ ფსიქოლოგიურ ტანჯვას. თითქოს, ფეხმძიმობისას მისი „ქმარი“ სხვას სწერდა და ეს გოგო იტანჯებოდაო. საქმეში ფსიქოლოგის დასკვნაც დევს, სადაც წერია, რომ ამ შემთხვევას შესაძლოა, ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოეწვია, ანუ პირდაპირ ვერც ფსიქოლოგი ადასტურებს, თუმცა ჩემს შვილს ბრალი მაინც წაუყენეს.
საქმის მასალებში წერია, რომ ჩემი შვილის გამო ეს გოგო ფსიქოლოგიურად იტანჯებოდა და ამ ფსიქოლოგიურ ტანჯვაში ორი შვილი საიდან გაჩნდა, ეს ვერ გავიგე?! რაც შეეხება ჩემი შვილის მონათხრობს, იგი ყვება, რომ „ცოლის“ სახლში ბავშვების სანახავად მივიდა, ამ დროს კიბეებზე მისი „სიმამრი“ ჩამოდიოდა, რომელმაც უთხრა, _ შენს შვილებს ვერ ნახავ, წადი და კანონით მებრძოლეო. ანუ ალიმენტზე შევიტანთ, ხოლო თუ მანამდე გეჩქარება, „დედაშენთან შეგიძლია გააჩინო და მოეფერეო“. ამ დროს, როგორც ჩემი შვილი ყვება, „ცოლის“ ბებიამ ხელი გაარტყა, მაგრამ არც კი უცდია, ამ ძალადობაზე ეპასუხა. ამას თვითონაც აღიარებენ. ამის შემდეგ შემთხვევით ჩავაგდე მანქანაში სიგარეტის ნამწვი და სავარძელი დაიწვაო. მეტს არაფერს ამბობს. ჩემს შვილს ზედმეტი არაფერი უკადრებია, მას აქეთ აყენებდნენ შეურაცხყოფას.
დღეს ჩემი შვილი უსამართლოდ ზის ციხეში და მას ძალიან ენატრება შვილები. ის ერთადერთი კაცია, რომელიც შვილების ნახვისთვის ციხეში 3 წლით ჩასვეს“.

„ქრონიკა+“-ს ბრალდებულის დედა დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, ამჯერად, მის შვილს საკუთარი შვილების ნახვის უფლებას არ აძლევენ, რის გამოც ახალგაზრდა ბიჭი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, მან ციხიდან წერილიც გამოაგზავნა.
ამ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ ბრალდებულის დედას, ეკატერინე ძაგნიძეს ესაუბრა:
_ როგორც უკვე გითხარით, ჩემს შვილს 3 წელი ჰქონდა მისჯილი. სწორედ „ქრონიკა+“-ში გასული სტატიის შემდეგ ჩატარდა სააპელაციო სასამართლო, ჩემს შვილს სასჯელი გაუნახევრდა. დიდი მადლობა „ქრონიკა+“-ს, რადგან თქვენთან გამოქვეყნებულ სტატიას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას დავემორჩილეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი უსამართლოდ ზის ციხეში, რაც არ დაუშავებია და მას პროვოკაცია მოუწყვეს მისმა მამიდამ და სიმამრმა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სიმამრის გავლენა იმდენად დიდი იყო, შემოვიარე თბილისი, ქუთაისი, პროკურატურა, სასამართლო, მაგრამ ვერაფერს გავხდი.
_ ახლა რა ხდება, რა პრობლემის წინაშე დადექით?
_ ჩემს შვილს, უბრალოდ, თავისი შვილების ნახვა სურს, მას ამის უფლება აქვს. ბავშვი რამდენჯერმე საავადმყოფოში იწვა, ჩვენ ამ ამბავს სხვებისგან ვგებულობთ და საშუალებას არ გვაძლევენ, მე _ შვილიშვილს, ჩემი შვილი კი საკუთარ შვილს ეკონტაქტოს, რასაც ძალიან განიცდის. ჯერ ერთი, ციხეში უდანაშაულოდ ზის და ამის გამო ფსიქოლოგიურად რთულ მდგომარეობაშია, მეორეც _ შვილების ნახვის უფლება წაართვეს. ის უბრალოდ ითხოვს იცოდეს, როგორ არიან მისი შვილები. სიმამრმა ის არ იკმარა, რომ ჩემი შვილი ციხეში გამოკეტა, ახლა უარესად სჯის და ყველანაირ კონტაქტს უკრძალავს თავის ცოლ-შვილთან. ბავშვები მამის გვარზე არიან, ალიმენტი დაკისრებული აქვს, როგორც მამას (ამ ეტაპზე, რადგან პატიმარია, არ იხდის) და ნახვის საშუალებას არ აძლევენ. არის თუ არა ეს პატიმრის უფლების დარღვევა?
_ თქვენს შვილს არც ერთხელ არ უნახავს თავისი შვილები?
_ საქართველოში ჩემი ყოფნის პერიოდში, გასული წლის ივლისში, ჩემი რძალი ბავშვებთან ერთად იყო მისული ჩემს შვილთან ციხეში, მაგრამ რძალს, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ჩემ შესახებ დაუწყია საკმაოდ ცუდი საუბარი უტაქტოდ, რასაც, ბუნებრივია, ჩემი შვილის უკმაყოფილება მოჰყოლია და კამათი დაუწყიათ. პაემნისთვის განკუთვნილი ერთი საათი იყო, თუმცა ჩემი რძალი მანამდე წამოსულა. როგორც აღმოჩნდა, ჩემი რძალი არა ქმრის სანახავად, არამედ ანგარიშსწორებისთვის მივიდა და მაქსიმალურად ეცადა ჩემ დადანაშაულებას სრულიად უსაფუძვლოდ. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ჩემმა შვილმა თავისი შვილები ნახა, მას შემდეგ არც მობილურზე ლაპარაკის უფლება მისცეს. მეტიც: როცა ვურეკავდით, ზარებზე არ გვპასუხობდნენ. წარმოგიდგენიათ, სიმამრი მუქარის ენით ლაპარაკობს და ხმები მომდის, რომ როგორც კი გამოვა, ეგრევე შევაბრუნებო. გაირკვა, რომ სიდედრი ცდილობს, ბავშვები მისი ქმრის გვარზე გადაიყვანოს და ამ პროცესში თავიანთი ადვოკატი ჰყავდათ ჩართული. თუმცა ადვოკატს აუხსნია, რომ ასე მარტივად ეს პროცედურა ვერ მოხერხდებოდა. ბავშვები ჩემი შვილის გვარზე არიან, ალიმენტსაც იხდის, მამობა არ ჩამოურთმევიათ და, შესაბამისად, უფლება არ აქვთ, თავიანთ გვარზე გადაიყვანონ. თუმცა ყველა ხერხით იბრძვიან ჩემი შვილის წინააღმდეგ. როგორც კი ციხიდან გამოვა, ეგრევე ეცდებიან, ისეთივე პროვოკაცია მოუწყონ, როგორც უკვე მოუწყვეს. სანამ იტალიაში წამოვიდოდი, ჩემი შვილი მოვინახულე, ყველანაირად ვეცადე, დამემშვიდებინა და გამემხნევებინა. ვუთხარი, რომ მომავალში აუცილებლად გაიგებდნენ ბავშვები სიმართლეს და მის პოზიციაზე დადგებოდნენ, თუმცა ახლა ემიგრაციაში, როცა ჩემი შვილისგან ათასობით კილომეტრი მაშორებს, ისეთი წერილი მივიღე, რამაც ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაში ჩამაგდო.
_ რა წერია წერილში?
_ ჯერ მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს შვილს ვეღარ ვცნობ. როგორც ჩანს, მასზე ძალიან იმოქმედა სტრესმა და უსამართლობამ. ყველაზე მეტად კი, დარწმუნებული ვარ, ის უჭირს, რომ შვილების ნახვის საშუალებას არ აძლევენ. ერთი შვილი თავისი გაზრდილია, მეორე კი ციხეში მხოლოდ ერთხელ ნახა, ფანატიკურად უყვარს და მათ გარეშე მისთვის ყოველი დღე ჯოჯოხეთია. წარმოდგენაც კი არ მინდა, თუ რისი გადატანა უწევს ჩემს შვილს. რატომ იმეტებენ ამხელა ტკივილისთვის, ვერ ვხვდები. ჩემი შვილი ბავშვების ნახვას ითხოვს, ეს არის მისი მთავარი საფიქრალი და სადარდებელი. არ აკმარეს ოთხ კედელში უსამართლოდ გამომწყვდევა, ახლა უკვე ახალი სასჯელი მოუფიქრეს და საკუთარ შვილებს არ ანახვებენ.
_ სამართლებრივად როგორ ეცადეთ თქვენი შვილის უფლების დაცვას?
_ უკვე მესამე ადვოკატი ავიყვანეთ. შვილი ციხეში მყავს და ბუნებრივია, ეს ყველაფერი ფინანსებს მოითხოვს, ამიტომაც მომიწია ემიგრაციაში წამოსვლა. საქართველოში ყოფნის პერიოდში სამართლებრივად ვერაფერს გავხდი, ყველა გზა ვცადე, ჩემი შვილის სიმამრი ეკონომიურად ჩემზე გაცილებით ძლიერია. ეს რასაც ნიშნავს საქართველოში, კარგად მოგეხსენებათ. მით უმეტეს, ასეთ საქმეებში ფული და გავლენები გადამწყვეტია. ერთი ემიგრანტი ქალი ვარ, 15 წელია, ემიგრაციაში ვიმყოფები და ლუკმა-პურის საშოვნელად ვიბრძვი. არანაირი გავლენები მე არ გამაჩნია. საქართველოში ყოფნისას არასამთავრობო ორგანიზაციას მივწერე, კონკრეტულად, გიორგი მშვენიერაძეს. მითხრეს, დაგიკავშირდებითო, თუმცა არანაირი პასუხი არ მიმიღია. პროკურატურაშიც ვიყავი და მითხრეს, რომ მართალი ბრძანდებით, შვილების ნახვის უფლება აქვს თქვენს შვილსო. თუმცა ჩემმა სიმამრმა საქმე ისე მოაწყო, რომ ვერაფერს გავხდი. მოკლედ, სიმამრმა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩემს შვილს ბავშვები არ ენახა. ახლა უკვე ერთადერთი გამოსავალი ისევ „ქრონიკა+“ დამრჩა და თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა, საჯაროდ ვთხოვო ჩვენს პრეზიდენტს დახმარება, არა როგორც პრეზიდენტს, არამედ როგორც დედას, როგორც ემიგრაციაში ნამყოფ ქალს. მივმართავ საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ყურადღება მიაქციონ ჩემს შვილს, რომელიც შვილების სიყვარულის გამო ზის ციხეში და ციხეში მყოფს მათ ნახვას უკრძალავენ.

ნენე ინჯგია