რომელმა ქუთაისელმა მაჟორიტარმა დაუჭირა მხარი პარლამენტის ქალაქიდან გადატანას?

2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ საქართველოს პარლამენტის აპარატი თბილისიდან ქუთაისში აგებულ შენობაში გადავიდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების იდეამ, პარლამენტის ქუთაისში გადატანით ხელისუფლების შტოების დეცენტრალიზაცია მომხდარიყო, 2018 წლის ბოლომდე იარსება.

ქუთაისში პარლამენტის შენობის ასაგებად ე. წ. ავტოქარხნის დასახლებაში ჯერ ადგილი გაასუფთავეს, შემდეგ კი ფაშიზმზე გამარჯვების 46-მეტრიანი მემორიალი ააფეთქეს. მემორიალის ავტორი არქიტექტორი ოთარ კალანდარიშვილი გახლდათ. თაღზე განთავსებული იყო მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის მონუმენტური პანო. მემორიალის აფეთქება ტრაგედიით დასრულდა _ ქვის ნამსხვრევები ადგილობრივ მოსახლეებს, დედასა და მის 11 წლის შვილს მოხვდა. დაშავებულებმა მძიმე დაზიანება მიიღეს და გარდაიცვალნენ. მიუხედავად ამ ამბის გარშემო ატეხილი ხმაურისა, ქუთაისში პარლამენტი მაინც აიგო. 4200 კვადრატულ მეტრზე განთავსებული, შუშის კონსტრუქციაში მოქცეული შენობა, ესპანელმა არქიტექტორმა, ალბერტო დიეგო კაბომ დააპროექტა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საკანონმდებლო ორგანოს სხდომების ჩატარება ქუთაისის შენობაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ქუთაისში მერვე მოწვევის პარლამენტმა პირველი სხდომა ამავე წლის 21 ოქტომბერს გამართა. ამ დღიდანვე დაიწყო დებატები და მსჯელობა იმის შესახებ, რომ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა ისევ დედაქალაქში უნდა გაეგრძელებინა.

რა დაუჯდა ქვეყანას ქუთაისში პარლამენტის შენობის აგება?

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) გათვლით, სახელმწიფოს ქუთაისში პარლამენტის შენობის აგება, დაახლოებით, 326 მილიონი ლარი დაუჯდა. 144 მილიონი ლარი პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა, 181 მილიონი ლარი კი სახელმწიფო ქონების გაყიდვით მოგროვდა. მთლიანობაში, პარლამენტისა და მთავრობის სახლის შენობების აგებისთვის 347 194 772 ლარი გადაირიცხა.

რა ჯდებოდა 150 პარლამენტარის ქუთაისში ცხოვრება და სიარული?

ქუთაისში პარლამენტის ფუნქციონირებისთვის ქვეყნის ბიუჯეტი წელიწადში 2.5 მილიონ ლარს ხარჯავდა. 2018 წლამდე პარლამენტარებს სადეპუტატო უფლებამოსილების დანამატი და დამატებით 600 ლარამდე ბინის ქირის ხარჯი ჰქონდათ. დეპუტატები დამატებით სამივლინებო თანხასაც არ იღებდნენ.

პარლამენტის ორი შენობა

2017 წელს, მოქმედი კონსტუტიციით, პარლამენტის ადგილსამყოფელი თბილისი და ქუთაისი იყო. 2014 წელს გარემონტდა თბილისში, რუსთაველის 8 ნომერში მდებარე პარლამენტის სხდომათა და საკომიტეტო მოსმენების დარბაზი. იმ დროიდან პლენარული სხდომები მამაქალაქში, ხოლო კომიტეტების სხდომები დედაქალაქში ტარდებოდა. 2017 წელს მიღებული ახალი კონსტიტუციით, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდა, პარლამენტის ადგილსამყოფელი მითითებული აღარ არის. ამასთან, იმ დროისთვის მოქმედი საპარლამენტო რეგლამენტით საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი ქუთაისი, პარლამენტის სასახლე გახლდათ.

რა მოხდა ახალი რეგლამენტის განხილვის დროს?

საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი სამი მოსმენის შემდეგ, 2018 წლის 6 დეკემბერს ამოქმედდა. ახალი რედაქციით უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფლად თბილისი განისაზღვრა _ რუსთაველის გამზირი #8. პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის გამართვის მიზნით მხოლოდ საგანგებო და საომარი ვითარების დროსაა დასაშვები. გარდა ადგილსამყოფლისა, ახალ რეგლამენტში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხიც შეიცვალა.
კანონს პირველ მოსმენაზე 77-მა, მეორეზე 83-მა, ხოლო საბოლოო მოსმენისას 77-მა დეპუტატმა მისცა ხმა. ახალ რეგლამენტს პირველი მოსმენისას _ 1, მეორე ჯერზე _ 3, ხოლო მესამე მოსმენის დროს 2 მოწინააღმდეგე ჰყავდა.
საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის განხილვას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები პარტია „ქართული ოცნებიდან“ _ დიმიტრი მხეიძე, გენადი მარგველაშვილი და კობა ნარჩემაშვილი ესწრებოდნენ.
წლების მანძილზე ქუთაისელი მაჟორიტარები ამბობდნენ, რომ ყოველთვის საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში ფუნქციონირებას დაუჭერდნენ მხარს. 2016 წელს კობა ნარჩემაშვილი სხვადასხვა მედიასაშუალებასთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ 99.9%-ით პარლამენტი ქუთაისში დარჩებოდა. ამავე წელს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, დეპუტატი „ქრონიკა+“-თან ინტერვიუში მტკიცედ ამბობდა: „შემიძლია გითხრათ, ეს საკითხი გადაწყვეტილია და პარლამენტი ქუთაისში დარჩება“.
საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ საიტზე შესაძლებელია ვნახოთ, თუ რომელმა დეპუტატმა დაუჭრა მხარი ამა თუ იმ კანონის განხილვას. ამ პრინციპით აღმოვაჩინეთ, რომ დიმიტრი მხეიძე საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის განხილვას პირველი მოსმენისას არ ესწრებოდა, მეორე და მესამე მოსმენებზე კი დეპუტატმა კანონს ხმა არ მისცა, თუმცა არც წინააღმდეგი ყოფილა. არც ერთ მოსმენაზე არ დაუჭირა მხარი ახალ რეგლამენტს გენადი მარგველაშვილმა. რაც შეეხება კობა ნარჩემაშვილს _ იგი არ ესწრებოდა პირველ მოსმენას. მეორე მოსმენისას დეპუტატმა კანონს ხმა არ მისცა, ხოლო მესამე მოსმენის დროს ახალ რეგლამენტს მხარი დაუჭირა.
ქუთაისელი დეპუტატების, მათ შორის, კობა ნარჩემაშვილის დაპირება იმის შესახებ, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩებოდა, დაპირებადვე დარჩა.
„ქრონიკა+“-მა კვირის მანძილზე რამდენჯერმე სცადა თემასთან დაკავშირებით დეპუტატ კობა ნარჩემაშვილის კომენტარი მიეღო, თუმცა მან არც სატელეფონო ზარებზე და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე არ გვიპასუხა.
სანამ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სხდომები თბილისის შენობაში იმართება, ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოება ქალაქიდან პარლამენტის გადატანას აპროტესტებს.
„დატოვე პარლამენტი ქუთაისში!“ _ ეს მოძრაობის დევიზია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები და ადგილობრივი ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ პარლამენტის თბილისში დაბრუნებით ქუთაისმა განვითარების შანსი დაკარგა.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. შენობაში შსს-ს აკადემია განთავსდება.

შორენა ლაღაძე