რამდენია და სად იხარჯება წლიდან წლამდე ქუთაისის მერიის სარეზერვო ფონდის თანხა?

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში სარეზერვო ფონდის განმარტების შესახებ ვკითხულობთ, რომ სარეზერვო ფონდები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლად იქმნება. სარეზერვო ფონდიდან თანხას მერის ან გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე საფინანსო ორგანო გამოყოფს. გადაწყვეტილება მოიცავს ინფორმაციას თანხის რაოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ.

ფონდის მოცულობა წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს არ უნდა აღემატებოდეს. მეტი სიმარტივისთვის _ ასიგნება არის ბიუჯეტიდან განსაზღვრული ფულადი თანხის გამოყოფა დამტკიცებული ხარჯების გასაწევად. ყოველი კვარტალისა და წლის ბოლოს მერი ამზადებს ბიუჯეტიდან, მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გახარჯული თანხის ანგარიშს და წარუდგენს საკრებულოს.
ქუთაისის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გადახარჯვას ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები ხშირად აპროტესტებდნენ.
თანხა მართლაც შთამბეჭდავია. ხარჯების შესახებ „ქრონიკა+“-მა საჯარო ინფორმაცია ქუთაისის მერიიდან გამოითხოვა:
2017 წელს ქალაქის სარეზერვო ფონდი 400 ათას ლარს შეადგენდა, მაგრამ ფონდიდან გაცილებით მეტი _ 523 974 ლარი გამოიყო. გადახარჯვის გამო წლის მეორე ნახევარში აუცილებელი გახდა ფონდში თანხის დამატება.
500 ათას ლარს შეადგენდა სარეზერვო ფონდი გასულ წელს. წლის პირველ ნახევარში, აპრილის ბოლომდე, 192 741 ლარი დაიხარჯა, ხოლო წლის ბოლოს ხარჯმა 553 737 ლარი შეადგინა.
2019 წელს ქუთაისის მერიის სარეზერვო ფონდი ისევ 500 ათასი ლარია. მიმდინარე წლის 16 აპრილის მონაცემებით ფონდიდან სხვადასხვა მიზნისთვის 208 543.98 ლარია დახარჯული რაც გასულ წელს ამავე დროისთვის დახარჯულ თანხაზე გაცილებით მეტია.
2017 წლიდან დღემდე ქუთაისის მერიის სარეზერვო ფონდიდან ფული იმ პროგრამებისთვის იხარჯება, რომლისთვისაც თანხა ბიუჯეტის ძირითად ნაწილშიცაა გაწერილი. მაგალითად, პროგრამა „კორპუსი“, რომლისთვისაც 2017 წელს 1 289 ლარი იყო გამოყოფილი, სარეზერვო ფონდიდან დამატებით 500 ლარით დაფინანსდა. დამატებითი თანხა სარეზერვო ფონდიდან ბიუჯეტის მიერ 205 ათასი ლარით დაფინანსებული სპორტული და კულტურული ღონისძიებებისთვისაც გამოიყო. გარდა ამისა, სარეზერვო ფონდიდან ფინანსდებოდნენ და ფინანსდებიან განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები მაშინ, როცა სოციალური პროგრამებისთვის ქალაქის მერიას ყველაზე დიდი თანხა აქვს გამოყოფილი. ასევე 2017 წელს ფონდიდან 885 ლარი გაიცა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯებისთვის.
ქუთაისის მერიაში ვერ ასახელებენ, კონკრეტულად ვისზე გაიცა თანხა მერის სარეზერვო ფონდიდან. მიზეზი ერთია _ პერსონალური მონაცემების გაცემის უფლება არ აქვთ. სწორედ ამიტომ ოპოზიციური პარტიები ქალაქის მერს ხშირად აკრიტიკებდნენ. ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი მერაბ მეშველიანი ამბობს, რომ, თავის დროზე, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას, არ მიაწოდეს ცნობა იმის შესახებ, თუ კონკრეტულად ვისზე დაიხარჯა სარეზერვო ფონდის თანხა. მიზეზად მასაც პერსონალური მონაცემების დაცვის აუცილებლობა დაუსახელეს.

რა შემთხვევაში უნდა დაიხარჯოს თანხა სარეზერვო ფონდიდან?

სარეზერვო ფონდიდან თანხა მიზანმიმართულად რომ დაიხარჯოს, ამისთვის საბიუჯეტო კოდექსში ცალსახად უნდა იყოს გაწერილი, თუ რა შემთხვევაში უნდა გამოიყოს თანხა. ქართულ რეალობაში კანონი მსგავს რეკომენდაციას არ გვაძლევს.
„ევროპული სახელმწიფოების კანონმდებლობაში, რომელიც სარეზერვო ფონდების ხარჯვას არეგულირებს, ხაზგასმით წერია, რომ ფული ფონდიდან უნდა დაიხარჯოს იმ შემთხვევაში, როდესაც ზარალი სახელმწიფო ქონებას ადგება. ასევე წყალდიდობების, მიწისძვრებისა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების დროს ადამიანთა დასახმარებლად“, _ ასე აფასებენ სარეზერვო ფონდების ხარჯვას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მკვლევრები. ორგანიზაციამ რამდენიმე წლის წინ სარეზერვო ფონდების გადახარჯვის შესახებ კვლევაც გამოაქვეყნა. სარეზერვო ფონდების თანხის გადახარჯვაზე კვლევას ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც“ აწარმოებდა. არასამთავრობო ორგანიზაცია 2016 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში წერდა, რომ სარეზერვო თანხის დახარჯვის ძირითადი მიზეზი არასათანადოდ დაგეგმილი ბიუჯეტია. კიდევ ერთი პრობლემა ფონდის გაუმჭვირვალობაა _ თანხის დახარჯვა, ძირითადად, წლის პირველ ნახევარში ხდება, მეორე ნახევარში კი თავიდან ივსება.

როგორია არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაცია სარეზერვო ფონდების ხარჯვასთან დაკავშირებით?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა“ და „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უმჯობესია, თუკი სარეზერვო ფონდის თანხა გადაუდებელ საჭიროებას მოხმარდება და არა ბიუჯეტში უკვე არსებული პროგრამებისთვის ფინანსების დამატებას. საუკეთესო შემთხვევაში კარგია, თუკი სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა წლიდან წლამდე არ დაიხარჯება. ამის გარანტი კი, მხოლოდ და მხოლოდ, კარგად დაგეგმილი ბიუჯეტია. თუ საფინანსო დოკუმენტში თანხა რაციონალურადაა გადანაწილებული, მაშინ უკვე არსებულ პროგრამებს სარეზერვო ფონდიდან თანხის დამატება არ უნდა დასჭირდეთ.
სარეზერვო ფონდებიდან თანხის ხარჯვის საუკეთესო მაგალითს სლოვაკეთის, ესტონეთისა და უნგრეთის კანონმდებლობა გვაძლევს. ამ ქვეყნებში სარეზერვო სახსრები, ძირითადად, ფორსმაჟორულ სიტუაციებთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად გამოიყენება.

შორენა ლაღაძე