ბრძოლა სამართლიანობის აღსადგენად 2013 წლიდან _ დღემდე

ნარი გეგეშიძე, 1995 წლიდან მოყოლებული 2013 წლამდე, ფლობდა მიწის ნაკვეთს იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გლდანის მკრ-ის მე-20ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. 2011 წელს მან გამოთქვა სურვილი, შეესყიდა ზემოთ აღნიშნული მიწის ნაკვეთი და შესაბამისი განცხადებით ორჯერ მიმართა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, რის საპასუხოდაც მერიის ქონების მართვის სააგენტოს ყოფილმა უფროსმა, დავით ჭედიამ, უკანონოდ შეუწყვიტა ოჯახს ხელშეკრულება. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი კი იჯარის საფასურის გადაუხდელობა იყო. მერიამ მოქალაქეს სასამართლოში უჩივლა და 25 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას ითხოვდა, საიდანაც საიჯარო თანხა შეადგენდა 17 000 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლო _ 8 000 აშშ დოლარს.

ამის საპასუხოდ ნარი გეგეშიძეს ჰქონდა გადახდის ქვითრები, რაც ადასტურებს მისი მხრიდან ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებას.
როგორც გეგეშიძე განმარტავს, მის მიერ შეტანილ თანხას მერიის აღნიშნული სამსახური უკანონოდ ითვისებდა და არ აფიქსირებდა მისი მხრიდან ვალდებულების შესრულებას, რასაც იმ მიზნით ახორციელებდა, რომ მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი წაერთმიათ.
მისივე თქმით, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ყოფილ უფროს დავით ჭედიას სურდა, მიწის ნაკვეთი მიეყიდა მისი ოჯახის ახლობლისთვის, ხათუნა გოგინაშვილისთვის, რომლის მამაც, ზაურ გოგინაშვილი, დიდძალი ქონების მფლობელი და დავით ჭედიას მეგობარია. აღსანიშნავია ისიც, რომ ზაურ გოგინაშვილს მისი ქონების დიდი ნაწილი შეძენილი აქვს დავით ჭედიას თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის პოზიციაზე ყოფნის პერიოდში. სასამართლომ გადაწყვეტილება ნარი გეგეშიძის სასარგებლოდ მიიღო და ამ თანხის ნაცვლად 120 ლარი დააკისრა. ეს გადაწყვეტილება გეგეშიძეს 2013 წლის 3 დეკემბერს ჩაბარდა. მას გაუჩნდა იმედი, რომ სამართლიანობას აღადგენდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ სასამართლო პროცესამდე 6 თვით ადრე ქონება, რომლისთვისაც ქ-ნი ნარი იბრძოდა, აუქციონის წესით 2013 წლის 6 ივლისს ხათუნა გოგინაშვილმა შეიძინა.
ნარი გეგეშიძე სამართლიანობის აღსადგენად დღემდე იბრძვის, თუმცა უშედეგოდ. წლების შემდეგაც ვერ შეძლო დარღვეული უფლებების აღდგენა.

„ქრონიკა+“ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ნარი გეგეშიძეს ესაუბრა:
_ სახელმწიფოსგან ჩემს ოჯახს იჯარით ჰქონდა აღებული გლდანის პირველ მკრ-ში მე-20ა კორპუსთან მიმდებარედ 1830 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. თავდაპირველად ეს ადგილი ნაგავსაყრელი იყო, მაგრამ დავასაბუთეთ, შემოვღობეთ, გავამწვანეთ, ასფალტი დავაგეთ და ხელშეკრულება გავაფორმეთ ისე, როგორც წესი იყო. პირველი ხელშეკრულება 1993 წელს გავაფორმეთ, მაშინ ხელშეკრულება ფიზიკურ პირსა და გამგეობას შორის ფორმდებოდა, ე. ი. 1993 წლიდან 2000 წლამდე. ხოლო მეორე ვადით გაფორმებული ხელშეკრულება იყო 2000 წლიდან 2005 წლამდე. მესამე ვადით კი გავაფორმეთ 2005 წლიდან 2013 წლამდე. ამ დროის განმავლობაში ჩვენ მუდმივად კეთილსინდისიერად ვიხდიდით იჯარას. როცა მესამე ვადით ავიღეთ იჯარა, მაშინ წელიწადში 6000 დოლარს ვიხდიდით. სადღეღამისო ავტოსადგომი გვქონდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა გვყავდა დასაქმებული. ეს ჩვენი ერთადერთი შემოსავალი იყო. 2010 წელს ქალაქ თბილისის მერიამ, ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა კეკელიძემ, მოგვწერა და მოგვთხოვა წარგვედგინა გადახდის ყველა დედანი ქვითარი. ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ წარვადგინეთ ყველა ქვითარი, არც სიტყვიერი და არც წერილობითი შენიშვნა არ მოუციათ. ერთი დღეც კი არ გვქონდა გადაცილებული გადახდას, სულ დროულად ვიხდიდით. 2011 წელი ის პერიოდია, როცა ავტოსადგომზე მანქანები არ შემოდიოდნენ, ქუჩაში დაიწყეს გაჩერება და ზარალში აღმოვჩნდით. თვეში 500 დოლარს ვიხდიდით, მუშაობა კი არ იყო, მიჭირდა გადახდა და ამიტომ გადავწყვიტე, ეს ადგილი შემესყიდა. როგორც უკვე გითხარით, ავტოსადგომის ფართობი საკმაოდ დიდი იყო, ამდენი თანხა არ მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი ბინა კერძო იპოთეკართან ჩამედო. ეს ადგილი 20 წელი ჩემი იყო, კეთილსინდისიერი გადამხდელი ვიყავი და იმედი მქონდა, შესყიდვას შევძლებდი. ვერ წარმოვიდგენდი, თუ რაიმე პრობლემა მექნებოდა. თავდაპირველად, ავტოსადგომი რომ გავხსენი, ორი მეწილე მყავდა, ბინის იპოთეკაში ჩადების შემდეგ ისინი გავისტუმრე, რადგან არ მოინდომეს შესყიდვა, თქვეს, რომ ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდებოდა და არ უნდოდათ, თუმცა მე მაინც ვერ გადამაფიქრებინეს, მაინც შესყიდვის იმედი მქონდა. მას შემდეგ, რაც ბინა იპოთეკაში ჩავდე და შესასყიდი ფულიც გადავდე, რწმუნებული ბაბულია უნდელაშვილი ავიყვანე და ქონების მართვის სააგენტოს მივწერე, რომ ამ ადგილის შესყიდვა მინდოდა: გთხოვთ, გაგვაგებინოთ აუქციონის შესახებ, მიგვაღებინოთ მონაწილეობა და გასაყიდად მოგვამზადებინოთ ნაკვეთი. რაზეც მიპასუხეს, რომ თანახმა იყვნენ, მაგრამ ნაკვეთის მომიჯნავე ადგილისთვის ე. წ. წითელი ხაზები უნდა გამეკეთებინა, რომელიც აუცილებელი იყო. ჩემი ფულით გავუკეთე ნაკვეთის მომიჯნავე მე-20ა კორპუსს წითელი ხაზები და მერიაში ქონების მართვის სააგენტოში წარვადგინე. იმ პერიოდში ქონების მართვის სააგენტოს უფროსი დავით ჭედია იყო, თაღლითი პიროვნება, რომელიც შემდეგ ციხეშიც იჯდა, ასევე მაშინ თამარ მათიაშვილი იყო ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე. მათ ისე გააკეთეს, რომ, მოულოდნელად, 2011 წლის 31 დეკემბერს, შეტყობინება მომივიდა, რომ იჯარა შეწყვეტილი მქონდა.
_ რის საფუძველზე შეგიწყვიტეს იჯარა, შეტყობინებაში აღნიშნული იყო?
_ რის საფუძველზე შემიწყვიტეს, ეს არ ეწერა. ასევე მოგვივიდა წერილი, რომ უნდა აგვეღო ლევან სამხარაულის საექსპერტო ბიუროს დასკვნა, რომ ჩვენი იჯარა, 6000 დოლარი, შესაბამისობაში იყო თუ არა ლართან მიმართებით. ეს მაშინდელი მერის, გიგი უგულავას ბრძანება იყო, სადაც ეწერა, რომ ხელშეკრულების შეწყვვეტის მიზეზი იქნებოდა, თუკი სამხარაულის დასკვნა დროზე არ გაკეთდებოდა. ასეთ შემთხვევაში ცალმხრივად შეეძლოთ შეწყვეტა. ორი თვე გვქონდა ვადა, რომ ეს საბუთი მიგვეტანა. თვე-ნახევარში გავაკეთეთ ყველაფერი, 200-ლარიანი ქვითარი ავიღე და სამხარაულის საექსპერტო ბიუროდან საბუთი მაქვს, რომ დასკვნა დროულად გავაკეთეთ. სამხარაულმა დაადგინა, რომ 6000 დოლარის ეკვივალენტი ლარებში უნდა გადაგვეხადა, რაზედაც თანახმა ვიყავით. ასევე აქ იკვეთება ერთი რამ: 2011 წლის 9 ივნისს ვითომ წერილი გამოგვიგზავნეს, რომ უნდა გამოვცხადებულიყავით საიჯარო ქირის თანხმობასთან დაკავშირებით, ანუ გადაგვეხადა 6000 დოლარის ეკვივალენტით ლარებში. სინამდვილეში, ეს წერილი არ მიგვიღია და ამის ოფიციალური დამადასტურებელი საბუთიც მაქვს. პოლიციამ დაადგინა, რომ წერილი ჩვენ არ ჩაგვბარებია. ყველანაირი გზით მებრძოდნენ, მერიამ სასამართლოშიც კი მიჩივლა, თითქოს, 25 000 დოლარი მქონდა დავალიანება, 17 000 დოლარი საიჯარო ქირა და 8 000 დოლარი პირგასამტეხლო. ასევე მინდა მოგიყვეთ, რომ მე ნაკვეთის მიმდებარედ პირველ სართულზე არასაცხოვრებელი ფართი მქონდა აღებული. ისე გააკეთეს, რომ იჯარით აღებულ ჩემს ტერიტორიაზე დევნილი შემომისახლეს, წარმოგიდგენიათ?! მაღაზია მქონდა, ამ ფართში იჯარას თვეში 96 ლარს ვიხდიდი, გადატიხრეს ეს 110 კვ.მ. ოთახის ფართი და დევნილი შემომისახლეს. იქ მცხოვრებმა დევნილებმა დამიდასტურეს, რომ ნამდვილად შემოიჭრა ადამიანი ჩემ მიერ დაქირავებულ ფართში. ამის შესახებ ნოტარიულად დამოწმებული 3 ხელმოწერა მაქვს, რაც თავმჯდომარემ არ გაითვალისწინა. საბოლოო ჯამში, ამ ადამიანმა ეს ფართი მიისაკუთრა და დღესაც იქ ცხოვრობს.
_ როგორ ფიქრობთ, რა იყო მერიის მთავარი მოტივი, რატომ მოქმედებდნენ თქვენ წინააღმდეგ ამ გზებით?
_ ეს ადგილი ჩემთვის ვერ გაიმეტეს და რაღაც შარი მომდეს, რომ თითქოს იჯარის თანხა გადახდილი არ მქონდა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 2010 წელს ჩემ მიერ წარდგენილ გადახდის ქვითრებზე არანაირი შენიშვნა არ მოუციათ (მაშინ შეგვეკითხნენ კიდეც, _ ამდენ თანხას როგორ გამოიმუშავებთ, რომ იჯარაში 500 დოლარის გადახდას ახერხებთო?) როგორ მოხდა, რომ 2011 წელს 25 000 დოლარი დავალიანება გვქონდა?! მოკლედ, სასამართლოში მიჩივლეს. მე ადვოკატიც კი არ ამიყვანია, რადგან საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ვიყავი. აღმოჩნდა, რომ საიჯარო გადახდის ქვითრებისგან განსხვავებით, რომელიც ხელში მიჭირავს, მერიას თანხა გაცილებით მცირე რაოდენობით აქვს გატარებული. მაგალითად: იანვრის ქვითარში მიწერია, რომ გადავიხადე 500 დოლარის ეკვივალენტით 850 ლარი, თუმცა მერია მიტარებს 211 ლარს. თებერვალში გადავიხადე ისევ 850 ლარი, მერია მიტარებს 115-ს. წარმოიდგინეთ, ბოლო 5 წლის ქვითარი ყველა ანალოგიურად ჰქონდათ გატარებული. ჩემ მიერ გადახდილი ქვითრები ყველა შეგნებულად დაამახინჯეს.
_ კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე?
_ ეს საქმე მაშინ „მეცხრე არხმა“ გააშუქა. ფირიც მაქვს. სხდომაზე ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე, თამარ მათიაშვილი დაკითხეს, ეს საკითხი მას ეხებოდა. ასევე იყო მერიის წარმომადგენელი ლევან აფხაზავა, რომელსაც მოსამართლემ კითხვა დაუსვა: ყველა ქვითარი ადგილზეა, თანხა გადახდილი აქვს და როგორ მოხდა, რომ თქვენი ცდომილების ნიადაგზე უწყვეტთ ხელშეკრულებასო? ე. ი. ჩემ მიერ გადახდილი თანხა თვითონ ჰქონდათ (მერიას) მიტაცებული! სხვანაირად როგორ აიხსნება ის, რომ შესაბამის რეკვიზიტზე, როგორც საიჯარო ქირაში იყო მითითებული, ამ რეკვიზიტზე გადახდილი ქვითრები მე მქონდა, თვითონ კი სხვა თანხას მიტარებდნენ, _ 850 ლარში 115-ს?! აღსანიშნავია, რომ მაშინ გიგი უგულავა მოსამართლეს მობილურით უკავშირდებოდა და მითითებას აძლევდა, მაგრამ მოსამართლე ჩიხლაძემ გადაწყვეტილება მიიღო და ეს 25000 დოლარი ჩამომაწერეს.
_ რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ უშუალოდ უგულავას ჰქონდა კომუნიკაცია მოსამართლესთან?
_ ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ მერიას არ სურდა, ტერიტორია მე შემესყიდა. ეს ადგილი გლდანის პირობაზე საუკეთესო იყო. თბილისის მერიის უძრავი ქონების სააგენტოს იმჟამინდელი უფროსი, დავით ჭედია, როგორც კორუმპირებული, მიჩვეული იყო ადგილების მიტაცებას და გაყიდვას. ჯერ სასამართლოში მიჩივლეს და არ დაელოდნენ გადაწყვეტილებას, არ შემატყობინეს, ისე ჩაატარეს აუქციონი და მიწის ნაკვეთი გაყიდეს. სასამართლოს დამთავრებამდე 7 თვით ადრე გაყიდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ თავისი ოჯახის ახლობელ ხათუნა გოგინაშვილზე _ განვადებით. მისი მამა მილიონერია და მთელი ქონება ასეთი გზებით აქვს შეძენილი. საჯარო რეესტრიდან ამოღებული მაქვს ინფორმაცია, ვერ დაითვლით, იმდენი ქონების პატრონია და მე, ერთ ადამიანს, რომელსაც ამის მეტი არაფერი მქონია, ესეც წამართვეს. ხათუნა გოგინაშვილს მივწერე და ყველაფერი გავუგზავნე, ვუთხარი, რომ მაგ ნაკვეთზე არავის მივცემდი შემოსვლის უფლებას. თავს დავიწვავ და უკანონოდ შესვლის უფლებას არავის მივცემ. გოგინაშვილს ჩემს წერილზე რეაქცია არ ჰქონია, თუმცა გაიკითხა, ვინც ვიყავი. მე 40 წელი გლდანში ბაღის გამგედ ვმუშაობდი, მან გაიგო, რომ უკან დამხევი არ ვიყავი, ხმაური ატყდებოდა და ვერ შემოდიოდა. თაღლითია, ხმაური არ აწყობდა. ეს ტერიტორია კი ასე ტყუილად იყო, არავინ სარგებლობდა. გოგინაშვილმა იფიქრა, მაინც ვერ ვსარგებლობო და ეს მიწის ნაკვეთი 2017 წელს 5 უცხოელზე გაყიდა. კონკრეტულად, ირანელებზე. ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც მაქვს. მათი სახელები და გვარებია: სეიფ ჰიჩამ, სიმონ ტაბჩარანი, კაზან ფარიდ, მიშელ სალიბა, სეიფ ჟან. ასევე უბედურება ის არის, რომ ამ პიროვნებებს სასოფლო-სამურნეო მიწები შეძენილი აქვთ დასავლეთ საქართველოშიც, სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში, საიდანაც მე ვარ წარმოშობით. ძალიან გავბრაზდი, ეს რომ გავიგე _ აქ ჩემი მიწა წამართვეს და ჯიხაიშსაც მისწვდნენ. გოგინაშვილს უცხოელის მოზიდვაში თაღლითი ბიზნესმენი პაატა ნუცუბიძე ეხმარებოდა. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ მიწა ირანელებმა იყიდეს, ყველას შევატყობინე, მთელი მოსახლეობა მიდგას გვერდით, ყველა ჩემ მხარეზეა, მათ იციან ჩემი სიმართლე.
_ გასაგებია, რომ მოსახლეობა გვერდით გიდგათ, მაგრამ კონკრეტულად რას გეგმავთ?
_ ვინც ხათუნა გოგინაშვილს უცხოელი მიუყვანა, ეს არის პაატა ნუცუბიძე, რომელიც შპს „ბონა, დეა და კომპანის“ მფლობელია. მივწერე, ავუხსენი მდგომარეობა. ვთხოვე, ერთი ბინა მოეცათ, რომ ჩემი ბინა იპოთეკიდან გამომეხსნა. ეს ამბავი პირველად რომ გაიგო, დამპირდა, _ ბინას მოგცემ, ოღონდ მოვილაპარაკოთო. როგორც ჩანს, მერე გადაიფიქრა. მან მშენებლობის ნებართვა იმ ტერიტორიაზე აიღო, რომელიც წამართვეს. კოეფიციენტი იყო 2 და 5, თუმცა მერიამ 5 და 5 კოეფიციენტი მისცა. ნუცუბიძემ ვერ გაბედა ირანელების შემოყვანა, მაინც ხმაურის შეეშინდა. ამიტომაც ეს ტერიტორია „ომან ჯგუფზე“ გაყიდეს. ერთი სიტყვით, ამ მიწით ვაჭრობენ. ქონების მართვის სააგენტოში უფროსთან წერილი გავაგზავნე, შეხვედრა ვითხოვე, თუმცა ახალგაზრდა გოგო დამხვდა, რომელიც საკითხში ვერ ერკვეოდა და სრულიად არაადეკვატურ კითხვებს მისვამდა. მე ქონების მართვის სააგენტოს უფროს ირაკლი თავართქილაძესთან ვითხოვე შეხვედრა, თუმცა არ მღებულობს.
_ რეალურად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა…
_ ამ ხელისუფლების ძალიან უკმაყოფილო ვარ. ფინანსურ საგამოძიებოში, პროკურატურაში, ყველგან მივწერე და გავაგებინე ამ უსამართლობის შესახებ, თუმცა რეაგირება არ აქვთ. შოთაძის პერიოდში პროკურატურის გამომძიებელი ზაზა სუხიშვილი მეუბნებოდა, _ მართალი ხარ, მაგრამ ვის ებრძვი, იციო? ასევე მაქვს საქართველოს იურისტთა ასოციაციის დასკვნა, რომელიც ანა ნაცვლიშვილმა მომცა. მან 2017 წელს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს მისწერა, რომ ამ საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იყო და გამოძიება თავიდან უნდა დაეწყოთ. ვითომ დაიწყეს გამოძიება, მერიაში მივიდნენ, შესაბამისი პირები დაკითხეს, მაგრამ დარღვევები ვერ აღმოაჩინეს, რადგან დავით ჭედიასგან დიდი თანხა ჰქონდათ აღებული. სხვა საქმეზე დაჭერილი ჭედია განთავისუფლებული ჰყავდათ და ჩემი გულისთვის ხომ არ აწყენინებდნენ?! ჩემი ახლობელი, საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ზურა ნეფარიძე, რომელიც ამჟამად მსჯავრდებულია, მაშინ მათიაშვილს დაელაპარაკა და ჰკითხა, _ გეგეშიძეს რატომ გაუკეთეთ ასეთი საქმეო? მათიაშვილმა უპასუხა, _ გეგეშიძის საქმე გადავაგორეთ და შენ ხმა არ ამოიღოო. ამის ჩანაწერიც არსებობს. ახლა კახა კალაძეს მივწერე, თუმცა იმასაც რეაგირება არ ჰქონია. ჩემი მოთხოვნა ასეთია: უსაფუძვლოდ შემიწყვიტეს ხელშეკრულება ორი წლით ადრე, ახლა მაინც მომცენ მუშაობის უფლება. ორი წლით მაინც დამიბრუნონ ეს ტერიტორია. ნახონ, რომ იმ ტერიტორიაზე არაფერი ხდება და ქუჩის მანქანები დგანან. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ყოფილ მერ გიგი უგულავას და თბილისის იმჟამინდელი მერის მოადგილე ირაკლი აბესაძეს, რომლებიც ახლა ორატორულად გამოდიან და გვესაუბრებიიან, მივწერე და შეხვედრა ვთხოვე. ყველა საბუთი გავუგზავნე, სადაც მათ ჩემს საქმეში ხელი მოაწერეს, თუმცა დღემდე რეაგირება არ აქვთ. ჩემი ბერკეტი ჩემი სიმართლეა. ხალხი მიდგას გვერდით და მეუბნება, რომ მერიაშიც გამომყვებიან, თუ საჭირო იქნა. ხალხის თანადგომის იმედი მაქვს. ხელშეკრულების შეწყვეტისას მეუღლეს ნერვიულობის გამო ინსულტი დაემართა, მდგომარეობა გაურთულდა და დღეს ძალიან მძიმედაა. ჩემი ოჯახი დღეს ქუჩაში დარჩენის საფრთხის წინაშე დგას, რადგან გამოსახლება გველოდება. როგორც გითხარით, ბინა იპოთეკაში მაქვს ჩადებული. გამოსახლება, ჯერ კიდევ, 2017 წლის 25 აპრილს იყო ჩანიშნული, თუმცა იმის გამო არ განხორციელდა, რომ ჩემი მეუღლე პარალიზებულია, პირველი ჯგუფის ინვალიდია, მას ერთი ფეხი ამპუტირებული აქვს, დიაგნოზი: დიაბეტური განგრენა.

ნენე ინგჯია