ლელა ჯეჯელავა: „რატომ გადააქცია ხელისუფლებამ შს მინისტრი პერსონად, რომელიც მუდმივად ბოდიშს უნდა იხდიდეს?“

პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ ეთნიკურ კონფესიათა ცენტრის ხელმძღვანელ ლელა ჯეჯელავას ესაუბრა:

_ პანკისში განვითარებულმა მოვლენებმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ ხელისუფლება და მისი ინსტიტუტები ვერ ახერხებენ მოსახლეობასთან ნორმალურ და ცივილიზებულ ურთიერთობას. რა არის ამის მიზეზი?
_ ჩვენ უკვე ვიცით, რომ საკუთარ მოქალაქეებთან კომუნიკაციის უნარი არ არის „ქართული ოცნების“ ძლიერი მხარე. მეტიც, ეს არის გადაულახავი ბარიერი, რომელიც პრობლემას უქმნის სახელმწიფოს და თავად ხელისუფლებასც, ოღონდ ხელისუფლებას ამის გაცნობიერების უნარიც არ შესწევს. ყველა ხელისუფლების აქილევსის ქუსლი არის ის, რომ ის საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებსა და სახელმწიფოს ინტერესებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს. სახელმწიფო ბევრად უფრო დიდი ღირებულებაა, ვიდრე რომელიმე კონკრეტული ხელისუფლება და მისი ინტერესი. სახელმწიფო არ ეკუთვნის მხოლოდ ხელისუფლებას და მის მომხრეებს. სახელმწიფო სისტემის გამართულობას სწორედ ის წარმოაჩენს, რამდენად ხერხდება დაპირისპირებული ინტერესების შეთანხმება ერთი და საყოველთაო ინტერესის _ სახელმწიფოს სტაბილურობისა და მოქალაქეების უფლებების გარშემო. ცხადია, სახელმწიფოს კრიზისულ ვითარებაში ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება აქვს, მაგრამ ასევე აქვს პაუხისმგებლობა, აქამდე არ მიიყვანოს საქმე.
_ სოციალურ მედიაში გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრება პანკისში განვითარებულ მოვლენებზე. თქვენ რა მიგაჩნიათ რეალურ მიზეზად?
_ მიმაჩნია, რომ პანკისის ხეობასთან დაკავშირებით ამ ხელისუფლებამ ყველა ის შეცდომა გაიმეორა, რასაც მათი წინამორბედები უშვებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტურ მოცემულობათა გამო რეგიონი ძალიან მგრძნობიარეა, მისი მხოლოდ უსაფრთხოების კონტექსტში განხილვა არ არის მართებული. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ვის ინტერესებში შედის, რომ პანკისის ხეობა მუდმივად მაღალი რისკების მქონე რეგიონად იყოს მიჩნეული. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით დიალოგი აწარმოა მხოლოდ საკუთარ პარტიულ აქტივთან და მხარდამჭერებთან, მაშინ როდესაც კარგად იცოდნენ, რომ ხეობის მოსახლეობის დიდი ნაწილი წინააღმდეგი იყო ამ მშენებლობის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ყურადღებით ვადევნებ თვალს ხეობაში მიმდინარე პროცესებს და ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ ვითარებას, არ შემხვედრია ხელისუფლების მყარი არგუმენტები _ ასეთი წინააღმდეგობის მიუხედავად რატომ არის ასეთ პატარა ხეობაში ოთხი ჰესის მშებებლობა აუცილებელი, მით უფრო, როგორც ენერგეტიკოსები აღნიშნავენ, ენერგეტიკული თვალსაზრისით ეს პროექტები არცთუ მნიშვნელოვანია? ან რატომ არის შეუძლებელი პანკისის ხეობის ეკოსისტემის შენარჩუნებით უფრო მეტი ეკონომიკური დივიდენდის მიღება, ვიდრე ამ ჰესების მშენებლობით? დღესაც, როდესაც ხეობაში ვითარება უკიდურესად დაძაბულია და დანის პირზე გავდივართ, ქალბატონ მინისტრს, რომლის მოთხოვნითაც ხეობაში პოლიციის რაზმები ჩავიდა, ნება არ უბოძებია და არ განუმარტავს საზოგადოებისთვის, რა გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდა ასეთი უკიდურესი ღონისძიების გატარება.
_ ამავდროულად, ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო დავა.
_ დიახ და ბუნებრივად მიჩნდება კითხვა, _ რატომ არ დაელოდა ეკონომიკური გუნდი სასამართლოს გადაწყვეტილებას პანკისში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით? რატომ არ ამოწურეს ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგის ყველა რესურსი? დღევანდელი პროცესების ანალიზის შემდეგ მე, როგორც მოქალაქეს მაინტერესებს: რატომ გადააქცია ჩვენმა ხელისუფლებამ შინაგან საქმეთა მინისტრი პერსონად, რომელიც მუდმივად ბოდიშს უნდა იხდიდეს თავისი თუ სხვისი შეცდომების გამო?! მერამდენედ უნდა ვნახოთ მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო სპეცდანიშნულების რაზმის გამოძევებული მებრძოლები?! რატომ ვაკნინებთ მათ ფუნქციას, რატომ ვახდენთ მათ დისკრედიტაციას მოქალაქეების თვალში?! რატომ ვაქციეთ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტები შავლეგო მადლიანის (ჩცდ-ს პერსონაჟი, _ ავტ.) სპეცრაზმად, რომელმაც კონკრეტული ბიზნესჯგუფების ინტერესები უნდა დაიცვან?!
_ თქვენი მოსაზრებით, რატომ?
_ ჩვენი შს მინისტრის ადგილზე მე ამ კითხვებს სერიოზულად ჩავუღრმავდებოდი, მით უფრო მაშინ, რომ მთელი ეს პროცესები მისი გადაყენების მოთხოვნის ფონზე მიმდინარეობდა.
_ საკმაოდ საინტერესო მინიშნებაა, მაგრამ პანკისს დავუბრუნდეთ. მინდა გკითხოთ, რამდენად არის შესაძლებელი ყოველი ასეთი შემთხვევით ისარგებლოს ჩრდილოელმა მეზობელმა და თუ ასეთი რამ გამორიცხული არ არის, თქვენი მოსაზრებით, რას ნიშნავს, „ისარგებლოს“?

_ ზემოთაც აღვნიშნე, რომ პანკისის ხეობაში დაძაბულობის მაღალი ხარისხის შენარჩუნება უპირობოდ შედის რუსეთის ინტერესებში, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მთელი კავკასიის რეგიონი სერიოზულ პოლიტიკურ რყევებს განიცდის. გაიხსენეთ, რა ხდება ინგუშეთში, დიდოელების პრობლემა, ყაბარდო-ბალყარეთი და ამ ფონზე პანკისში დაძაბულობა რუსეთისთვის დამატებით ჟანგბადის მიწოდების ტოლფასია. სწორედ ამიტომ მიჩნდება კითხვა, _ რა ისეთი მაღალი ეკონომიკური ინტერესის მატარებელია ამ 5-მეგავატიანი ჰესის მშენებლობა, რომ ისედაც ასეთ მგრძნობიარე რეგიონში, რომელმაც ურთულეს გამოწვევებს გაუძლო საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე, დაძაბულობის ახალი კერა შევქმნათ?!.
_ ჩვენ გვქონდა პერიოდი, როდესაც პანკისს ხელისუფლება, ფაქტობრივად, ვერ აკონტროლებდა, გვქონდა ვითარება, როდესაც იქ არსებული ვითარება ქართული, რუსული და აშშ-ის სპეცსამსახურების „ზრუნვის“ საკითხი იყო. შემდეგ ვითარება თითქოს დამშვიდდა, მაგრამ გვახსოვს საკმაოდ მასშტაბური სპეცოპერაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას. მერე ისევ დამშვიდდა ვითარება და ვნახეთ მორიგი სპეცოპერაცია, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვით დასრულდა. ავხსნათ, რა პოლიტიკური მოცემულობაა საქართველოსთვის პანკისი?
_ დიახ, პანკისის ხეობამ რამდენიმე უმწვავესი ფაზა გაიარა ქართული სახელმწიფოს განვითარებასთან ერთად და, შეიძლება ითქვას, დიდ გამოწვევებს გაუძლო, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს წინაშე იდგა. ამაში ნამდვილად დიდია ხეობის მოსახლეობის წვლილი. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ წლების მანძილზე პანკისის ხეობაში რისკები დაკავშირებული იყო როგორც ხელისუფლების შეცდომებთან, ასევე გარე ძალების ინტერესების რეალიზებასთან. არასოდეს დამავიწყდება 90-იანი წლების ბოლოს ბლოკპოსტები ხეობის მისადგომებთან, რაც ჩვენი სახელმწიფოს უსუსურობის სიმბოლოდ აღიქმებოდა. ბლოკპოსტების ფონზე გატაცებული ადამიანები, ნარკოტიკების ტრაზინტი, დათრგუნული მოსახლეობა, გათხრილი სანგრები და იქ გამაგრებული შეიარაღებული ადამიანები. მადლობა ღმერთს, ამანაც გაიარა. მე პირადად არ მიმიღია პასუხი იმ კითხვებზე, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში განხორციელებულ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაუჩნდა საზოგადოებას. უპასუხოდ დარჩენილმა კითხვებმა კიდევ უფრო გააღრმავა უნდობლობა პანკისის მოსახლეობასა და საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას შორის. დღემდე არ გვაქვს სიცხადე სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. ხელისუფლება საზოგადოების მაღალი ინტერესის დაკმაყოფილების ნაცვლად დუმილს ამჯობინებს. როდესაც ხელისუფლება ვერ ასაბუთებს თავის ლეგიტიმურ გადაწყვეტილებებს, ეს ბუნებრივად აღძრავს მის მიმართ ეჭვებს და ნდობას უკარგავს. როცა არ შეგწევს უნარი, არგუმენტირებულად დაასაბუთო შენი ქმედებების შესაბამისობა სახელმწიფოს ინტერესებთან ან არ გყოფნის ძალა, აღიარო დაშვებული შეცდომები, ეს მიუთითებს მხოლოდ არაპროფესიონალიზმსა და სისუსტეზე. არ მინდა უარესის დაშვება. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, პანკისის ხეობა არის გეოპოლიტიკური ინტერესების შეჯახების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი და შესაბამისად, გამოწვევა ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომელიც პანკისელ მოქალაქეებთან ერთად უნდა დავძლიოთ. ამის ყველა რესურსი გვაქვს და, პირველ რიგში, ეს თავად პანკისელების მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებაა.
_ ვიცით, რომ ხეობიდან არაერთი ადამიანი იბრძოდა სირიაში. რამდენად არის საფრთხე, რომ გარკვეული ნაწილი დაბრუნდა ხეობაში და ისინი ვითარების შემდგომში დაძაბვის საბაბი გახდნენ თუ ამ მხრივ საფრხეებს არ უნდა ველოდოთ?
_ მართალია, რომ ჩვენი პანკისელი ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი აღმოჩნდა ჩაბმული ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში, ისინი იბრძოდნენ სირიასა და ერაყში ისლამური სახელმწიფოს რიგებში, ასევე სირიის ოპოზიციური არმიის მხარეს და ამან პანკისთან დაკავშირებული რისკები კიდევ უფრო გაამწვავა. მაგრამ ესეც დაუძლეველი პრობლემაა. თუ რეკრუტირებული მეომრები ამჟამად პანკისის ხეობაში იმყოფებიან, მათ ყველაზე ნაკლებად უნდა აწყობდეთ იქ ვითარების გამწვავება და ამიტომ ძნელად წარმოსადგენია, რომ მოვლენების ესკალაციას შეუწყონ ხელი, რადგან პირველი სამიზნეები სწორედ თავად გახდებიან. სხვა საქმეა კადიროვის მომხრე ქისტები, რომელთაც უკვე დაგვამახსოვრეს თავი გამომწვევი საქციელით და ხეობაში არეულობის მოწყობის მცდელობით.
ერთმნიშვნელოვნად შეგიძლიათ მითხრათ, რომ პანკისის მოსახლეობა სრულად დგას ქართული სახელმწიფოს სამსახურში და ათვითცნობიერებს იმ მიზნებს, რაც სახელმწიფოს აქვს?
თქვენ შეგიძლიათ ერთმნიშვნელოვნად მიპასუხოთ, რომ ქართული ხელისუფლება, ოპოზიცია, მედია, პოლიტიკური ჯგუფები და მოსახლეობა სრულად დგას სახელმწიფოს სამსახურში და აცნობიერებს ქართული სახელმწიფოს ინტერესებს? _ სამწუხაროდ არა. მე, ამ შემთხვევაში, უმრავლესობაზე ვსაუბრობ…
_ ცხადია, ქისტ მოსახლეობაშიც არიან ისეთები, რომლებმაც თავისი გააზრებული თუ გაუაზრებელი ქმედებებით შეიძლება საფრთხე შეუქმნან ხეობასაც და მთლიანად სახელმწიფოსაც. ამიტომ არის აქ საჭირო უაღრესად მაღალი ორმხრივი პასუხისმგებლობა, როგორც სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების, ასევე ქისტი მოქალაქეების მხრიდან.
_ განმუხტული ვითარების დაძაბვის საბაბი ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს. რა სახის პრევენციაა საჭირო ხელისუფლების მხრიდან და რა არის ის პოლიტიკა, რომელიც ხეობაში უნდა გატარდეს?
_ მჯერა, რომ კრიზისი განიმუხტება, მინდა მჯეროდეს, რომ ხელისუფლება სწორად შეაფასებს შექმნილ ვითარებას და გაიაზრებს დაშვებულ შეცდომებს, ოპოზიცია დაძლევს ცდუნებას და თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენებს ხეობაში არსებულ მდგომარეობას. გამოსავალი ერთია: მოქალაქე უნდა ენდობოდეს სახელმწიფოს და სახელმწიფო უნდა ენდობოდეს მოქალაქეს.

გეგა სილაგავა