კახა მიქაია: „დაიცავი საქართველო“ ძველი სახეებით ვერაფერს გახდება!“

„დაიცავი საქართველო“ მისმა ერთ-ერთმა ყველაზე ძირძველმა წევრმა, კახა მიქაიამ დატოვა. მის ამ გადაწყვეტილებას არავინ ელოდა, რადგან სწორედ მიქაია იყო ის ადამიანი, რომელიც აღნიშნულ ორგანიზაციას ბოლო წლებში ასულდგმულებდა. მეტიც: „დაიცავი საქართველო“, ბოლო წუთამდე, პრინციპში, მარტო ზუგდიდში არსებობდა _ მოგეხსენებათ, მიქაია ზუგდიდელია.

სხვათა შორის, ორი თუ სამი კვირის წინ, როცა ცნობილი გახდა, რომ „დაიცავი საქართველო“ მკვდრეთით აღდგებოდა (ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ განაცხადა ტელევზიით), „ქრონიკა+“ კახა მიქაიას ესაუბრა. მაშინ მიქაია „დაიცავი საქართველოს“ რეინკარნაციაზე აღმატებულ ხარისხში საუბრობდა და იმასაც ირწმუნებოდა, რომ ორგანიზაცია ბევრ კარგ საქმეს გააკეთებდა, თუმცა, საბოლოოდ, ის მოხდა, რაც უკვე ვთქვით.
კერძოდ, ფილარმონიაში გამართული „დაიცავი საქართველოს“ ყრილობიდან თუ შეკრებიდან ზუსტად სამი დღის შემდეგ, მიმდინარე წლის 16 აპრილს, კახა მიქაიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ამცნო, რომ ის დაიცავი საქართველოს ტოვებდა.
„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო“.
ჩემი დიდი სურვილია, ასპარეზი დავუთმო ახალგაზრდებს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ახალი ენერგია სჭირდება დღეს ქვეყანას პოლიტიკური, სოციალური და მორალური კრიზისიდან თავის დასაღწევად, საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების ახლებურად გასააზრებლად!
რაც შემეხება მე, ვეცდები, ჩემი მოკრძალებული წვლილი კვლავაც შევიტანო ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში“, _ ნათქვამია მიქაიას განცხადებაში.
სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ „დაიცავი საქართველოს“ ფილარმონიაში გამართულ შეკრებას არ დასწრებია ლევან გაჩეჩილაძე, რომლის ინიციატივით და ხელმძღვანელობითაც 2009 წელს „დაიცავი საქართველო“ შეიქმნა. მიქაიამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ გაჩეჩილაძის არმისვლის მიზეზი მისი ავადმყოფობა იყო. შესაძლოა, ლევან გაჩეჩილაძე მართლაც შეუძლოდ გრძნობდა თავს, მაგრამ ყრილობაზე მის არმისვლას უცნაურად დაემთხვა მიქაიას მიერ ორგანიზაციის დატოვება. ყველაფერმა ამან კი გააჩნია მოსაზრება, რომ „დაიცავი საქართველო“, აღორძინების ნაცვლად, შესაძლოა, დაიშალოს.
ამას გარდა, ზოგმა ისიც თქვა, რომ შესაძლოა, ლიდერებს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობს და მიქაიამ ზემოხსენებული გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო.

რა მოხდა რეალურად და რატომ დატოვა „დაიცავი საქართველო“ კახა მიქაიამ? _ „ქრონიკა+“-მა რესპონდენტს ყველა უხერხული კითხვა დაუსვა და იმითაც დაინტერესდა, იცოდა თუ არა ბატონმა კახამ, რომ ფილარმონიაში გამართული შეკრება „კანონიერმა ქურდებმა“ დააფინანსეს? აღმოჩნდა, რომ მიქაიას ამ შეხვედრის საორგანიზაციო საქმეებში მონაწილეობა არ მიუღია და, მეგობრებთან ერთად, თბილისში ყრილობის დღეს ჩამოვიდა. „ქრონიკა+“ კახა მიქაიას ესაუბრა:

_ ბატონო კახა, თუ ქართულ პოლიტიკაში კიდევ რამე გამაკვირვებდა, არ მეგონა, მაგრამ თქვენმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ „დაიცავი საქართველო“ დატოვეთ, გამაოცა, მით უმეტეს, ორი კვირის წინ, როცა ამ თემაზე ინტერვიუ ჩავწერე, მახსოვს, „დაიცავი საქართველოზე“ როგორ აღმატებულად საუბრობდით. რა მოხდა, ყრილობიდან ორ-სამ დღეში ორგანიზაცია რატომ დატოვეთ? ეს განცხადება სპონტანურად გააკეთეთ თუ გააზრებულად?
_ ნაბიჯს სპონტანურად კი არა, ყოველთვის გააზრებულად ვდგამ. ეს განცხადებაც ნაფიქრი და გააზრებული იყო. ახლაც, თქვენი გაზეთის საშუალებით, საზოგადოებას ვეუბნები, რომ ჩემს გადაწყვეტილებას ქვედა დინებები არ აქვს, „დაიცავი საქართველოს“ ლიდერებთან, რომლებიც ჩემი მეგობრები და თანამებრძოლები არიან, არც კონფლიქტი მქონია
ჯერ კიდევ ყრილობამდე დავრწმუნდი, რომ „დაიცავი საქართველოს“ აქტუალიზაცია და გაცოცხლება აუცილებელია _ ამ იდეას მაშინვე დავეთანხმე და, როგორც ადრე გითხარით, დათო მაღრაძემ პირველი მე დამირეკა, მაგრამ ერთ რამეში მარტო მე კი არა, მგონი, ისინიც დარწმუნდნენ, რომ მხოლოდ ძველი სახეებითა და შემართებით ახალი მოძრაობის დაწყება შეუძლებელია!
თუ „დაიცავი საქართველოს“ ახალი სისხლი, იდეები და ახალი გამოწვევების წინააღმდეგ ახალი ხედვები არ ექნება, „დაიცავი საქართველო“, შეიძლება, იმ დონეზე დარჩეს, რა დონეზეც იყო.
ყველას კარგად გახსოვთ, რომ „დაიცავი საქართველო“ პირველი და ყველაზე მთავარი საზოგადოებრივი მოძრაობა იყო, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწია _ ჩვენ მაშინ სააკაშვილი ვაიძულეთ, რომ პრეზიდენტის პოსტიდან გადამდგარიყო, მაგრამ დღეს სხვა გამოწვევები და სიტუაციაა. ამიტომ ძველი სახეებით ” დაიცავი საქართველო“ იმ ფუნქციას ვერ შეასრულებს, რომელიც ეკისრება.
_ და ეს ახალი ფუნქცია რა არის?
_ მესამე ძალის შექმნა. დიახ, აუცილებელია, რომ ამ ჯადო წრიდან, რომელსაც „ქოც-ნაცური“ ჯადო წრე ჰქვია, გამოვიდეთ. ამ ჯადო წრიდან საზოგადოების გამოყვანა ახალ სახეებს, ახალ სისხლსა და ახალ ხედვას შეუძლია. ჩემი მიზანი სწორედ ეს არის.
საერთოდ, ჩემი მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო, მაგრამ ერთ რამეში დავრწმუნდი: თუ ახალი სახეები და, ზოგადად, ახალგაზრდობა არ ჩაერთო „დაიცავი საქართველოს“ მოძრაობაში, გამორიცხულია, რომ ქართულმა საზოგადოებამ „ქოც-ნაცური“ ეს ჯადო წრე დაძლიოს.
მოკლედ, ჩემს გადაწყვეტილებას ამის გარდა სხვა ქვედა დინებები არ ჰქონია!
_ ყველაფერი ეს გასაგებია, „დაიცავი საქართველო“ რომელმა ახალმა სახემ უნდა ააღორძინოს _ დათო მაღრაძემ, ეკა ბესელიამ, ჯაბა ჯიშკარიანმა თუ ვატო შაქარაშვილმა?
_ ამათზე არ გეუბნებით.
_ აბა, ვისზე მეუბნებით?
_ მათ, თუ შეიძლება, ასე ითქვას, იმპულსი მივეცი, კი ბატონო, თქვენც იყავით, მაგრამ სცადეთ, რომ „დაიცავი საქართველოს“ რიგებში ახალი სახეები მოიწვიოთ და გნებავთ, მოლაპარაკება, გნებავთ, დარწმუნება დაიწყოთ, რომ ისინი ქართული პოლიტიკისთვის აუცილებლები არიან.
თბილისშიც, ზუგდიდსა და საქართველოს ყველა კუთხეში ძალიან ბევრ ახალგაზრდას ვიცნობ. ახლა მათ პერსონიფიცირებას არ მოვახდენ, მაგრამ თუნდაც იმ ახალგაზრდების, რომლებსაც მე ვიცნობ, ამ მოძრაობაში ჩართვა აუცილებელია.
_ ახალი სახეების ჩართვა, აპრიორი, იმას ხომ არ ნიშნავდა, რომ მოძრაობა დაგეტოვებინათ? ბოლოს და ბოლოს, შეგეძლოთ, „დაიცავი საქართველოს“ რიგით წევრად დარჩენილიყავით, მაგრამ თქვენ რადიკალური ნაბიჯი გადადგით _ მოძრაობა საერთოდ დატოვეთ.
_ ამით იმპულსი მივეცი, რომ, იქნებ, საზოგადოება, მათ შორის, „დაიცავი საქართველო“, დაფიქრდეს, რომ ახალი სახეებია საჭირო!
მე არსად მივდივარ და ისევ იმ საერთო მოძრაობაში ვიბრძოლებ რომელიც საქართველოში ალტერნატიული ძალის ჩამოსაყალიბებლად იღვაწებს.
_ ანუ „დაიცავი საქართველოს“ შიგნით ალტერნატიული ძალის ჩამოყალიბებას აპირებთ?
_ არა. ახალი სახეების მოძიებაში „დაიცავი საქართველოსაც“ დავეხმარები და სხვებსაც იმიტომ, რომ ამის გაკეთება მარტო „დაიცავი საქართველოს“ არ შეუძლია.
მოკლედ, კონსულტაცია ყველა ძალასთან მექნება, ოღონდ ხაზგსმით ვაცხადებ _ მხოლოდ პროდასავლურ ძალებთან.
_ „ნაციონალური მოძრაობაც“ პროდასავლური ძალაა. კონსულტაციები მასთანაც გექნებათ?
_ არა! „ნაცმოძრაობის“ გარდა ყველა პროდასავლურ ძალასთან მექნება კონსულტაცია, რომ საქართველოში მესამე ძალა შეიქმნას! „ნაცმოძრაობა“ და „ევრონაცები“ მესამე ძალას ვერ წარმოქმნიან, რადგან ორივე „ნაციონალური მოძრაობაა“ _ „ნაცმოძრაობა 1“ და „ნაცმოძრაობა 2“.
_ მოკლედ, დღეს კახა მიქაია ისე მოქმედებს, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკოსი?
_ დიახ, დიახ. ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, პირველ რიგში, ჩემს კუთხეში, სადაც ძალიან მძიმე ვითარებაა და მერე, მთელ საქართველოში იმისთვის ვიზრუნებ, რომ მესამე ალტერნატიული ძალა ჩამოყალიბდეს.
_ დღეს ახალ-ახალი პარტიისა თუ სამოქალაქო მოძრაობის შექმნა მოდურია. თქვენც რამე პარტიას ან მოძრაობას ხომ არ დააფუძნებთ?
_ არა. ყოველ შემთხვევაში, ახალი მოძრაობის შექმნაზე, ჯერჯერობით, არ ვფიქრობ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად ახალი მესამე ძალის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მეც მივიღო!
_ კეთილი, მაგრამ ახლა მწვავე კითხვას დაგისვამთ: მხოლოდ საზოგადოების კი არა, პოლიტიკური ელიტის ნაწილიც მიიჩნევს, რომ „დაიცავი საქართველოს“ უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. კახა მიქაია ის პოლიტიკოსია, რომელიც „ოცნებას“ წლების წინათ გაემიჯნა. მოკლედ, „დაიცავი საქართველოდან“ თქვენი წამოსვლის მიზეზი ის ხომ არ გახდა, რომ ამ ორგანიზაციას უკან შესაძლოა, ივანიშვილი იდგეს?
_ შემიძლია, ძალიან მოკლედ და დარწმუნებით გითხრათ, რომ „დაიცავი საქართველოს“ უკან ბიძინა ივანიშვილი არ დგას!
_ დავუშვათ, ასეა, მაგრამ ბოლო სატელევიზიო გამოსვლის დროს ივანიშვილმა ყველაზე მსუბუქად დავით მაღრაძე გააკრიტიკა, რამაც არსებული ეჭვი კიდევ უფრო გააძლიერა.
_ ეს ბატონ ბიძინას ჰკითხეთ, თან არ მგონია, რომ მაღრაძე მსუბუქად გააკრიტიკა.
_ გუბაზ სანიკიძეს თუ გია ხუხაშვილს სულ „ნაციონალებთან“ შეკრულები ეძახა, მაღრაძეზე კი, უბრალოდ, თქვა, გამიკვირდა, ოპოზიციაში რომ წავიდა და არ დავიჯერეო. ეს მსუბუქი კრიტიკა არ არის?
_ შემიძლია, ის გითხრათ, რაც ვიცი: „დაიცავი საქართველოს“ ბიძინა ივანიშვილთან არანაირი კავშირი არ აქვს!
თუ საზოგადოებას ამის ეჭვი გაუჩნდა, გასაგებია _ სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება ეჭვიანია, მაგრამ რა ვქნა? გეუბნებით, რომ „დაიცავი საქართველოს“ უკან ბიძინა ივანიშვილი არ დგას!
_ გასაგებია, მაგრამ ისევ იმ თემას ვუბრუნდები, რითაც ინტერვიუ დავიწყეთ _ ორგანიზაციის გააქტიურებამდე რომ ვისაუბრეთ, სულ სხვა ენერგია გქონდათ და „დაიცავი საქართველოზეც“ დიდ იმედს ამყარებდით…
_ დღესაც იგივე ენერგია მაქვს. უბრალოდ, დავინახე, რომ „დაიცავი საქართველოს“ ის აკლდა, რაზეც გესაუბრეთ, ანუ ვფიქრობდი, რომ ახალი სახეები იქნებოდნენ, მაგრამ, ჯერჯერობით, ეს ახალი სახეები არ არიან, პირიქით.
_ მეც მანდ ვარ, რომ „დაიცავი საქართველო“ ძველი სახეების ნაკრებია. ჰოდა, ახალ სახეებზე მაშინ არ უნდა გეფიქრათ, ვიდრე ფილარმონიაში შეიკრიბებოდით და მოძრაობას გაცოცხლებულად გამოაცხადებდით?
_ კი ბატონო, ძალიან ლეგიტიმური კითხვაა… მე ეს საკითხი დავსვი, მაგრამ ახალი სახეები, ჯერჯერობით, არ არიან, თუმცა ამის სურვილი მოძრაობის წევრებს აქვთ.
_ ის მომენტიც ხომ არ იყო, რომ ახალმა სახეებმა „დაიცავი საქართველოსთან“ კომუნიკაციაზე უარი თქვეს? ისე, ახალ სახეებს „ოცნებაც“ ეძებს, მაგრამ ირაკლი ღარიბაშილისა და ლადო კახაძის მეტი ვერავინ იპოვა.
_ გასაგებია, მაგრამ შენ ხომ უნდა იზრუნო?
_ ანუ ვინმეს შესთავაზეთ და უარი მიიღეთ?
_ შეთავაზება, რა თქმა უნდა, გვქონდა. ეს მოძრაობა, დარწმუნებული ვარ, ახალ სახეებს აუცილებლად მოიზიდავს. ჩემი გადაწყვეტილებით ამის იმპულსი მივეცი და აქ გაუგებარი რა არის?
_ კარგი, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თუ ახალ სახედ, მაგალითად, ვატო შაქარაშვილს მიიჩნევთ, ამ თემაზე საუბრის გაგრძელება, მგონი, არც ღირს.
_ აქცენტს იმ ახალგაზრდებზე ვაკეთებ, რომლებსაც მეც ვიცნობ და „დაიცავი საქართველოს“ სხვა წევრებიც იცნობენ.
ჩემი განცხადებაც სწორედ აქეთკენ იყო მიმართული, _ კი ბატონო, ძველი მოძრაობა და მისი ძველი წევრები, რომლებმაც ყველაფერი ეს დავიწყეთ, გასაგებია, მაგრამ ახალი სახეები და მათით „დაიცავი საქართველოს“ განახლება აუცილებელია-მეთქი. ეს იყო ჩემი განცხადების მოტივაცია და ეს ნაბიჯიც ამიტომ გადავდგი. გაუგებარი რა არის?
_ გაუგებარი, წეღანდელი თქმისა არ იყოს, არაფერია, მაგრამ ლეგიტიმური კითხვები ჩნდება.
_ კი ბატონო, მაგრამ თქვენს კითხვებს უკვე ვუპასუხე:
პირველი _ „დაიცავი საქართველოს“ უკან ბიძინა ივანიშვილი არ დგას.
მეორე _ ისინი, ვინც დღეს „დაიცავი საქართველოში“ ბრძანდებიან, ძველი სახეები არიან. მათ მოვუწოდე და თავადაც დამეთანხმნენ, რომ ახალი სახეებია საჭირო. ახალ თაობას ასპარეზს იმიტომ ვუთმობ, რომ „დაიცავი საქართველო“ ძველი სახეებით და მოძრაობის ძველი წესებით ვერაფერს გახდება. ახალი სახეებია საჭირო.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის გითხარით, რაც ვიცი, რაც ვნახე და როგორც დავიწყეთ „დაიცავი საქართველოს“ გაცოცხლება _ ამ პროცესში ივანიშვილი არ მონაწილეობდა და „დაიცავი საქართველოს“ უკან ივანიშვილი არ დგას! მეტი რა გითხრათ?
_ სხვათა შორის, „დაიცავი საქართველოს“ ფილარმონიაში გამართულ შეკრებას ლევან გაჩეჩილაძე არ დაესწრო. ის თქვენი მეგობარია. მოგეხსენებათ, ეშმაკები დეტალებში სხედან, ანუ ლევან გაჩეჩილაძე ყრილობას არ ესწრება, ყრილობიდან მეორე თუ მესამე დღეს კი მოძრაობას თქვენ ტოვებთ. ყველაფერი ეს უბრალო დამთხვევაა და მეტი არაფერი?
_ შეკრების დღესაც ვთქვი და ახლაც გავიმეოებ, რომ ლევან გაჩეჩილაძემ ახლახან ოპერაცია გაიკეთა _ ავადაა. იმ დილას ლევანს პირდად ველაპარაკე და მითხრა, შეუძლოდ ვარ და ვერ მოვდივარო. მე არაფერს ვმალავ და ჟურნალისტებსაც ვუთხარი ამის შესახებ!
_ ანუ გაჩეჩილაძე ავად რომ არ ყოფილიყო, 13 აპრილს ფილარმონიაში მოვიდოდა?
_ დიახ, ის „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელი იყო. სხვათა შორის, ჟურნალისტებმა ზაზა შათირიშვილზეც მკითხეს, მაგრამ მასზე არაფერი ვიცოდი _ მასთან კონტაქტი არ მქონდა. ლევანმა კი ის მითხრა, რაც ჟურნალისტებს ვუთხარი.
_ სანამ ფილარმონიაში შეიკრიბებოდით, ამბობდით, რომ „დაიცავი საქართველოს“ გაცოცხლებამ „ნაც-ქოცების“ ბოტების გაღიზიანება გამოიწვია. მაშინ იმასაც იმედოვნებდით, რომ ეს დაკონსერვებული ორგანიზაცია ქართულ პოლიტიკას აადუღებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მეტიც, ფილარმონიის შეკრების მერე ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია. თქვენი აზრით, „დაიცავი საქართველომ“ ისეთი რა შეიძლება გააკეთოს, რაც პოლიტიკას, ანუ ამ შემთხვევაში, „ოცნებასაც“ და „ნაცმოძრაობასაც“ სიმშვიდე დაურღვიოს?
_ არ ვიცი, „დაიცავი საქართველო“ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს რას შესთავაზებს, მაგრამ სანამ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს რამე სიახლეს შესთავაზებს, „დაიცავი საქართველო“ თვითონ უნდა განახლდეს და სიახლე, შეიძლება, ამის შემდეგ შესთავაზოს!
ის, რომ „ქოც-ნაცური“ ჯადო წრიდან უნდა გამოვიდეთ, ახალი არ არის და ამ იდეაში დათო მაღრაძეს ვეთანხმები, მაგრამ ვნახოთ, მოქმედების გეგმა როგორი იქნება და საზოგადოებას ახალს რას შესთავაზებს.
_ ერთი სიტყვით, დარწმუნებული ხართ, რომ „დაიცავი საქართველო“ ახალი სახეებით გამდიდრდება და ამ ახალი სახეების წყალობით მესამე პოლიტიკური ცენტრის ფორმირებას შეძლებს?
_ „დაიცავი საქართველო“ მესამე პოლიტიკური ცენტრის ფორმირებას დამოუკიდებლად, ჯერჯერობით, ვერ შეძლებს. „დაიცავი საქართველო“ მესამე ცენტრს საზოგადოებასა და დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრთან ერთად მოახერხებს.
_ ისე თუ მოხდა და ზუგდიდის მერის არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, სანდრა რულოვსი გაიმარჯვებს, ეს ხომ ერთგვარი სიგნალი იქნება, რომ საზოგადოებას აღარც „ოცნება“ უნდა, აღარც _ „დაიცავი საქართველო“ და მზადაა, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პარტნიორი პარტიები მოიყვანოს?
_ თუ ზუგდიდის არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გაიმარჯვებს, პირდაპირ გეუბნებით: ეს კატასტროფა იქნება!
_ უკაცრავად, თუ ხალხი სანდრა რულოვსის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს, ეს კატასტროფა რატომ იქნება? ლიდერები ხალხზე მაღლა რატომ დგებით?
_ არა, ხალხზე მაღლა არ ვდგები! რა უფლება მაქვს, რომ ხალხზე მაღლა დავდგე?
თუ ეს ხალხის არჩევანი იქნება და სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერი გახდება, ეს ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი მისცემს ხმას, კატასტროფა იქნება იმიტომ, რომ სანდრა რულოვსისთვის და, საერთოდ, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ზუგდიდის მერობა მეორეხარისხოვანია. მთავარი ის არის, რომ სანდრა რულოვსის კალთას ამოფარებულმა მიხეილ სააკაშვილმა სამეგრელოში საიმისო პლაცდარმი შექმნას, რომ ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ დაამარცხოს და ხელისუფლებაში თვითონ დაბრუნდეს!
აქ სხვა მოტივაციას ვერ ვხედავ და არც არსებობს. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის კატასტროფა იქნება, მიუხედავად იმისა, რომ სანდრას ხალხი მისცემს ხმას!
მოკლედ, ზუგდიდის საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ ეს არ დაუშვას _ იმ წარსულში დაბრუნება, რომელსაც მომავალი არ უწერია, არ შეიძლება!
მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი და სანდრა რულოვსი ის წარსულია, რომელსაც მომავალი არ გააჩნია!
კიდევ ერთი მთავარი საკითხი, რომელზედაც წეღან ვისაუბრეთ: სანდრა რულოვსის ზუგდიდში გამარჯვება მესამე პოლიტიკური ცენტრის ეროვნულ იდეას საერთოდ დაასამარებს, ანუ არჩევანი ისევ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის დარჩება და ისევ ამ ჯადო წრეში ვიტრიალებთ!
_ რაც შეეხება „დაიცავი საქართველოს“, ჩვენი გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ, ექსკლუზიური ინფრმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, აწ უკვე თქვენი ორგანიზაციის ფილარმონიის შეკრება „კანონიერმა ქურდებმა“ დააფინანსეს. ელისო კილაძემ ეკა ბესელიასა და ერთ-ერთი კრიმინალის ერთობლივი ფოტოც გამოაქვეყნა..
_ წარმოიდგინეთ, რომ ამის შესახებ პრესით გავიგეთ. ყველა ჟურნალისტს ვუთხარი და თქვენც გეუბნებით, რომ „დაიცავი საქართველოს“ ამ ყრილობის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიმიღია. ამიტომ არ ვიცი, დარბაზის ფული ვინ გადაიხადა და, საერთოდ, რა ფინანსები იყო საჭირო.
_ ფილარმონიის დაქირავება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.
_ არც ეს ვიცი და შეგიძლიათ, იმ ადამიანებს ჰკითხოთ, ვინც ეს გააკეთა.
_ ყრილობის ორგანიზებაში მონაწილეობა რატომ არ მიიღეთ?
_ ჯერ ერთი, თბილისში არ ვიყავი.
მეორეც, ჩემთვის არ უკითხავთ და არც მე მივიჩნიე საჭიროდ, არიქა, უნდა ვიცოდე, დარბაზს როგორ ქირაობთ და ამ თანხას ვინ იხდის-მეთქი.
_ ანუ „დაიცავი საქართველოს“ ლიდერშიფიდან ყრილობამდე გაგთიშეს?
_ არა, არავის გავუთიშივარ. ლიდერებისთვის რომ მეკითხა, რა ხდება-მეთქი, ამას გავიგებდი, მაგრამ, უბრალოდ, არ დავინტერესდი.
თბილისშიც არ ვყოფილვარ. ძალიან კარგად იცით, რომ „დაიცავი საქართველო“ მარტო ზუგდიდში ფუნქციონირებდა. ყრილობაზე ზუგდიდიდან მეგობრებთან ერთად ჩამოვედი.
_ მგონი, შემთხვევით არ გაუსვით ხაზი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში „დაიცავი საქართველო“ მარტო ზუგდიდში ფუნქციონირებდა. დიახ, გიდასტურებთ, რომ ბოლო წუთამდე ამ ორგანიზაციას მხოლოდ თქვენ აცოცხლებდით და ახლა, როცა „დაიცავი საქართველო“ დატოვეთ, ე. ი., რაღაც ხდება.
სხვათა შორის, „დაიცავი საქართველოს“ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსაც ხშირად ტოვებდნენ წევრები. 2013 წელს კი მედიაში ის ინფორმაციაც გაჟღერდა, რომ ამ ორგანიზაციის გაცოცხლებას თითქოს გია ხუხაშვილი აპირებდა, რომელიც მაშინ პრემიერ ივანიშვილის მრჩეველი იყო.
_ ასეთი რაღაც არ ვიცი.
_ თქვენ არ იცით, მაგრამ იმას გეუბნებით, რასაც ქართული პრესის არქივი ინახავს.
_ არ ვიცი, ვინ რას იტყვის. მგონი, ნათლად აგიხსენით, ის განცხადება, რომელიც გავაკეთე, რატომაც გავაკეთე. თქვენს კითხვებსაც გულწრფელად ვუპასუხე და ვნახოთ, მოვლენები „დაიცავი საქართველოს“ ირგვლივ როგორ განვითარდება.
ასევე საინტერესოა, ქართული საზოგადოება როგორ შეძლებს, რომ ამ ჯადო წრიდან გამოვიდეს. გითხარით, რომ ამ ჯადო წრიდან გამოსვლის პროცესში აქტიურად მივიღებ მონაწილეობას.
_ მას შემდეგ, რაც „დაიცავი საქართველო“ დატოვეთ, დავით მაღრაძესთან კომუნიკაცია გქონდათ?
_ დიახ, ერთმანეთს დავურეკეთ. კიდევ გეუბნებით, ისეთი არაფერი მომხდარა. შეიძლება, ჟურნალისტებსა და საზოგადოების წევრებს გაუკვირდათ, თორემ ჩვენ მეგობრები ვართ, ურთიერთობას ვაგრძელებთ.
_ თუ მესამე ძალა ვერ შეიქმნება, როგორ ფიქრობთ, ქართულ პოლიტიკას რა ელის?
_ თუ მესამე ძალა ვერ შეიქმნება, მაშინ ქართული პოლიტიკა ამ ჯადო წრეში ჩარჩება და საქართველოში პოლიტიკა საბოლოოდ დასრულდება! ყველაფერ ამით კი საქართველო დამარცხდება იმიტომ, რომ ჯადო წრეში ტრიალი ჭაობისა და დამარცხების საწინდარია!
ქართული საზოგადოება რომ განვითარდეს, ქვეყანაც განავითაროს და განვითარების ევროპულ დონეს მიაღწიოს, ამისთვის საჭიროა, რომ ამ ჯადო წრიდან ამოვიდეთ! სხვა შემთხვევაში გამარჯვება არ გვიწერია!
_ ბოლოს, მითხარით, ეს ჯადო წრე ბიძინა ივანიშვილს უფრო აწყობს თუ მიხეილ სააკაშვილს?
_ ორივეს.
_ რატომ?
_ ამ ჯადო წრეში ორი მონაწილე და სუბიექტია _ მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. ისინი ყოველთვის ამ ჯადო წრეში იტრიალებენ. დამარცხებული და პირში ჩალაგამოვლებული კი ქართული სახელმწიფო და საზოგადოება დარჩება!
ისე, ყველაფერ ამის გამო პესიმისტური განწყობა მაქვს. მინდა, ეს ქვეყანა განვითარდეს და ჩვენთვის უკეთესი იქნება, რომ ევროკავშირისა და ნატოს წევრები რაც შეიძლება მალე გავხდეთ. რა თქმა უნდა, პესიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ მომავალს იმედის თვალით შევყურებ!
საერთოდ, ბუნებით პესიმისტი არ ვარ. ამიტომ, ვიმედოვნებ, ქართული საზოგადოება ამ ჯადო წრეს დაძლევს და იმ მიზანს მიაღწევს, რაზედაც დიდი ხანია, ვფიქრობ.
_ და ეს მიზანი რა არის?
_ ღირსეული ადგილი ცივილიზებულ სამყაროში!

გიორგი აბაშიძე