თენგიზ აბლოთია: „პოლიტიკა ბესელია-კობახიძის ჩხუბის დონემდე დაეცა“

არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ საქმეს კარგად აკეთებენ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ საქმეს გამორჩეულად კარგად აკეთებენ. ერთ-ერთი ასეთი ადამიანია თენგიზ აბლოთია _ ჟურნალისტი, პუბლიცისტი და ანალიტიკოსი, რომელიც არა მხოლოდ კარგად აკეთებს თავის საქმეს, არამედ _ გონივრულად. ქართულენოვანი მკითხველი მას ნაკლებად იცნობს. ქართული მედია მასზე არ საუბრობს, არ თარგმნის მის პუბლიკაციებს, ქართული ტელევიზიები არ იწვევენ თოქ შოუებში და ამით მას არაფერი აკლდება. აკლდება იმას, ვინც მას გვერდს უვლის.

„ქრონიკა+“ შეეცადა, თენგიზ აბლოთიასთვის ისეთი კითხვები დაესვა, რაზედაც თითქოს ბევრი ჩვენგანი დაფიქრებულა, მაგრამ უმეტესობას ის პასუხები არ გაუცია, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ:
_ თენგიზ აბლოთია ჟურნალისტიკაში შემდგარი ბრენდია. შენი პუბლიკაციები მუდამ განსჯის საგანი ხდება და არც აუდიტორიის ნაკლებობას განციდი. ამ ფონზე ქართველი მკითხველის მხოლოდ მცირე ნაწილი გიცნობს. ჟურნალისტური წრეების აღიარებაზე არაფერს ვამბობ, აქ კლანური პრინციპი მოქმედებს, მოგეხსენება. ამის მიუხედავად, შენ ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი ქართველი ავტორი ხარ. ვიდრე ინტერვიუს ძირითად თემებზე გადავალთ, საინტერესო იქნება შენი ხედვა შემდეგ საკითხებზე: როგორ შეაფასებდი ქართულ ჟურნალისტიკაში არსებულ ვითარებას და რა განაპირობებს ქართულ მედიაში, გნებავს, საზოგადოებაში, გონიერი აზრის დეფიციტს?
_ გონიერი აზრის დეფიციტი არაა მხოლოდ ჟურნალისტიკაში, ეს მოვლენა დამახასიათებელია ყველაფერი დანარჩენისთვისაც. ქვეყანაში, სადაც აზარტულ თამაშებზე უფრო მეტი იხარჯება, ვიდრე _ კვებაზე, გონიერებასა და რაციონალიზმზე საერთოდ ზედმეტია საუბარი.
ამის მიზეზი კი ისაა, რომ ქართველების უმეტესობა თუ არა, დიდი ნაწილი მაინც, გონებრივად და ემოციურად არის ბავშვი, ასაკის მიუხედავად. ბავშვური აზროვნება აქვთ, რომელსაც, პირველ რიგში, ახასიათებს ემოციებზე აყოლა და საღი გონების არარსებობა.
იყო ერთი ცნობილი რუსი მსახიობი, ზინოვი გერდტი. მან ერთხელ თქვა: „გვიჟდები, ისე მიყვარს საქართველო. ეს არის ძალიან უშუალო და ბავშვური ქვეყანა“.
გერდტის ნათქვამი იყო კომპლიმენტი… თუმცა, რეალურ ცხოვრებაში, ამას აქვს ბევრად უფრო სასტიკი და დაუნდობელი შეფასება _ ინფანტილიზმი.
ეს დაავადება მოგვყვება საქართველოს ისტორიის ყველაზე სამარცხვინო პერიოდიდან _ ბრეჟნევის ეპოქიდან, 70-80-იანი წლებიდან, როდესაც ქართველებს ექცეოდნენ, როგორც განებივრებულ ბავშვებს.
სსრკ დაიშალა, მაგრამ ეს ინფანტილიზმი დარჩა. გადახედეთ, როგორ დაუფიქრებლად იღებენ ქართველები უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს _ ვალის აღებას, ბიზნესის დაწყებას, ემიგრაციაში წასვლას _ ყოველგვარი გააზრების გარეშე, ემოციურად, განწყობით: „არა უშავს, რამეს მოვიფიქრებ“.
კიდევ დაუკვირდით ერთ ადგილობრივ ფენომენს _ ქართველების უმრავლესობა ცხოვრობს მუდმივი ჩხუბისა და ბუტიაობის რეჟიმში _ ეჩხუბებიან და ებუტებიან ყველას: მეზობლებს, თანამშრომლებს, ნათესავებს, მაღაზიის გამყიდველებს… ესეც ხომ ბავშვური საქციელია.
გინახავთ ნორმალურ, ზრდასრულ ქვეყანაში, რომ 50 წლის კაცმა რესტორანში იჩხუბა? გამორიცხულია! ეს შეიძლება ერთეული შემთხვევა იყოს. ჩვენთან კი ჩვეულებრივი, ნორმალური ამბავია.
_ ბარემ აქვე ვიკითხავ, არის ასეთი ხუმრობა: საქართველოში ვინც დედამ დაწყევლა, ყველა ექსპერტი გახდაო. თუმცა ქართული საექსპერტო და ანალიტიკური „სკოლა“ ბევრად ჩამორჩება თუნდაც მეზობელი სახელმწიფოების სტანდარტებს, დასავლურზე რომ არაფერი ვთქვა. აქ რა პრობლემას ხედავ და როგორ ფიქრობ, რატომ არ წერენ და მხოლოდ ზეპირსიტყვაობენ ქართველი ანალიტიკოსები და ექსპერტები?
_ აქაც ტრადიციულ ქართულ სენთან გვაქვს საქმე _ ზედაპირულობასთან. ჩვენ ყველა ვიცნობთ უამრავ ადამიანს, რომელმაც თითქოს რაღაცა თემა იცის, თუმცა კარგად რომ ჩაეძიოთ, ხელში შეგრჩებათ რამდენიმე დაზეპირებული პოსტულატი, ყოველგვარი სიღრმის გარეშე.
აი, ისე, როგორც მორწმუნეების უმრავლესობა, რომელიც 10 მცნებას ვერ ჩამოგითვლის, თუმცა თავს მიიჩნევს რელიგიურად.
რაც შეეხება ექსპერტებს, დაუკვირდით _ მაინცდამაინც პოლიტიკაში რატომ არის ამდენი ვაიექსპერტი? იმიტომ, რომ შედარებით მარტივია.
თუ გინდა იყო ფიზიკოსი, უნდა იცოდე ფიზიკა, ინჟინერულ საქმიანობაში უნდა იცოდე ინჟინრობა, და ა. შ. შესაბამისად, პროფესიების დიდი ნაწილი ითხოვს რაღაც კონკრეტულ ცოდნას და უნარებს, რომელთა გადამოწმებაც ადვილია, და, ასე ვთქვათ, „დაბოლებაც“ ძნელია.
აბა, მითხარით, რა უნდა იცოდეს ექსპერტმა პოლიტიკის დარგში? არაფერი ისეთი, რისი ცოდნის სწრაფად გადამოწმებაც შესაძლებელია. უნდა ერკვეოდეს პოლიტიკაში, სულ ესაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენთან პოლიტიკაში ყველაზე უკეთესად ერკვევიან ტაქსისტები, ხოლო თავად პოლიტიკა დაეცა ბესელია-კობახიძის ჩხუბის დონემდე _ რა გასაკვირია, რომ ბევრს უხარია პოლიტექსპერტობა?
საერთოდაც, რატომაა საქართველოში ასეთი პოპულარული პოლიტიკოსობა? _ ზუსტად ამიტომ. პოლიტიკა არ აღიქმება, როგორც ცალკე აღებული პროფესია, რადგანაც ის არ მოითხოვს ფიზიკის ან ქიმიის, ხატვის ან სიმღერის ცოდნას.
მშვენიერია _ არაფერი იცი, არაფერი შეგიძლია, არავითარი სასარგებლო უნარ-ჩვევა არ გაგაჩნია, მაგრამ, ამავე დროს, დღე და ღამე ეკრანზე ხარ, შენზე ჭკვიანი ხალხი აზრს გეკითხება, ფულიც გაქვს, ჯიპიც, ქალებსაც მოსწონხარ.
ვინმეს გიკვირთ, რატომაა საქართველოში 200 პარტია? ქართული სიზარმაციდან და სულსწრაფობიდან გამომდინარე _ წესით, მეტიც უნდა იყოს.
_ შენ თვალწინ ჩაიარა ქვეყნის დამოუკიდებლობის ყველა პროცესმა. რაც თავი მახსოვს, არ ყოფილა თუნდაც უმნიშვნელო თემა, რომელსაც არ გამოხმაურებოდი. ძნელი იქნება ერთ კითხვაში პასუხის ჩატევა, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან თუ შევაფასებთ, როგორ დაახასიათებდი თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს და გზას, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღევანდელობამდე გამოვიარეთ?
_ დამოუკიდებლობა გვაქვს ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა _ სპონტანური, გაუაზრებელი, ემოციური, და, საბოლოო ჯამში, ისევ _ ბავშვური.
80-იან წლებში დაწყებული ეროვნული მოძრაობა არ იყო ქართველი ხალხის მხრიდან განსაკუთრებული ფიქრისა და განსჯის შედეგი. ეს იყო ისევ პატარა ბავშვის ახირება.
პატარა ბავშვს მობეზრდა ერთი სათამაშო _ სსრკ და მოინდომა მეორე. ამაში ღრმა აზრი არ იყო იმაზე მეტი, როდესაც 5 წლის ბავშვს მოსწყინდა სათამაშო ტრაქტორი და მოინდომა ასევე სათამაშო თვითმფრინავი.
როცა მესმის სიტყვები: „ქართველი ხალხი სსრკ-ს პერიოდში იბრძოდა თავისუფლებისთვის _ მეცინება. ქართველი ხალხი იმ დროს თუ რამისთვის იბრძოდა _ ეს იყო „ვოლგა 24-10“, სერვიზი „მადონა“ და 12-ნათურიანი ჩეხური ბროლის ჭაღი.
დღევანდელი გადასახედიდან გასაკვირი ისაა, ეს ქვეყანა საერთოდ რომ არ დაინგრა და დღემდე მოვიდა იმ პოლიტიკური ელიტის გადამკიდე, რომელიც ეროვნული მოძრაობის დასაწყისში იყო. როგორც ჩანს, ქართველი ხალხის თვითგანადგურებისკენ მიდრეკილებასაც აქვს საზღვარი _ უფსკრულთან მისულ ერში იღვიძებს თვითგადარჩენის ინსტინქტი. მცირე ხნით. მერე ისევ იძინებს მომავალ უფსკრულამდე.
დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის დიდ ნაწილს ცალი თვალით რომ ენახა წინასწარ ყველაფერი, რაც მოჰყვა დამოუკიდებლობის მოპოვებას _ აუცილებლად უარს იტყოდა ამ იდეაზე.
ბავშვს კი მობეზრდა სათამაში ტრაქტორი, მაგრამ არა იმდენად, რომ თავისი ნებით გადაეტანა ის კატაკლიზმები, რაც მას 1989 წლის შემდეგ მოელოდა.
დღეს საქართველოში რუსული ჯარი რომ შემოვიდეს, 1921 წელი გამეორდება. მცირე ნაწილი შეეწინააღმდეგება, მაგრამ უმრავლესობა არაფერში ჩაერევა. მერე ერთი-ორი კვირა გაებუტებიან რუსებს, მერე რუსები მოეფერებიან, ერთ-ორ ტკბილ სიტყვას ეტყვიან და ამით მორჩება ყველაფერი.
_ ძალიან მძიმეა ამ შეფასების მოსმენა… თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში განსაკუთრებით ეს ტენდენცია შეიმჩნევა 2008 წლის შემდეგ, ნელ-ნელა გაქრა ოკუპირებული ტერიტორიების თემა, როგორც პოლიტიკური დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი. არ ვამბობ, რომ ამ მხრივ კულუარებში არაფერი ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს თემა გამქრალია ქართული მედიიდანაც, გარდა ცალკეულ ფაქტებზე გამოხმაურებებისა. რეალურად არ მინდინარეობს დისკუსია მომავალ თანაცხოვრებაზე, მოდელებზე: „როგორ დავიბრუნოთ“, „დავბრუნდეთ“ ან „რა არჩევანი გვაქვს“ ამ მიმართულებით. რას უკავშირებ ამ მდგომარეობას და როგორც ამ თემაზე მრავალი პუბლიკაციის ავტორი, სად ხედავ გამოსავალს, თუ საერთოდ არსებობს გამოსავალი დღევანდელ მოცემულობაში?
_ რატომღაც, საქართველოში ასეთი წარმოდგენა არსებობს, რომ ყველა სიტუაციიდან არის რაღაც გამოსავალი. ცოტა გინახავთ ცხოვრებაში სიტუაციები, სადაც გამოსავალი არ არსებობს? ბოლოს და ბოლოს, ყველანი ერთხელაც მოვკვდებით, ამაზე მეტი გამოუვალი სიტუაცია არსებობს კი?
რაც შეეხება ტერიტორიებს, ეს ზუსტად ის საკითხია, სადაც გამოსავალი არ არსებობს. ტერიტორიების დაბრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსეთის ან უკიდურესი დასუსტების, ან იქ სახელმწიფო წყობილების შეცვლის შემთხვევაში. სანამ პუტინი ხელისუფლებაშია, ამაზე ფიქრიც კი არ ღირს, პუტინის შემდეგ _ შესაძლებელია გაიხსნას პატარა ფანჯარა. ისიც _ „შესაძლებელია“, ხოლო გარანტია არ არსებობს.
დღევანდელი ქართული პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არის არა მხოლოდ უსარგებლო, არამედ საზიანო და დამამცირებელი. ალბათ, საქმე ის არის, რომ, მაგალითად, აფხაზეთის საკითხზე მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც ცოცხალი აფხაზი არ უნახავთ არასდროს _ მაქსიმუმ, სადმე ჟენევაში, რაღაც უაზრო საერთაშორისო ფორმატში. უკეთეს შემთხვევაში _ 80-იან წლებში ბიჭვინთაში, პლაჟზე.
მათ არ იციან, რომ არანაირი ძმობა და მეგობრობა ერებს შორის ახლოსაც არ იყო რეალობასთან არც აფხაზეთში და არც ცხინვალში. გავრცელებული მცდელობები, გასაღდეს ეს კონფლიქტები მხოლოდ როგორც რუსულ-ქართული და, ამ დროს, „ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები ჩვენ გველოდებიან“, _ არის სისულელე.
არც ოსები, და მით უმეტეს, არც აფხაზები არ არიან და არასდროს ყოფილან ჩვენი ძმები და ეს მუდმივი ხმამაღალი ლაპარაკი ძმობაზე მათ მიერ აღიქმება, როგორც ქართველების სიმხდალის მაჩვენებელი. დაგვცინიან ამის გამო.
გამოსავალი ერთია _ შეწყდეს საქართველოს დაუმთავრებელი დამცირება, გაუქმდეს ყველანაირი უაზრო საერთაშორისო მოლაპარაკებები, დარჩეს მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის კონტაქტები, როგორც ერგნეთში და როგორც იყო, თავის დროზე, აფხაზეთში _ ჭუბურხინჯში, სადაც განიხილებოდა, ვინ ვის რამდენი ძროხა მოპარა.
შეწყდეს ასევე სამედიცინო პროგრამები _ ჩვენ არ ვართ ვალდებულები, ვუმკურნალოთ მტრებს, თანაც ყოველგვარი მადლიერების გარეშე.
დაივიწყეთ, რომ იქ სადღაც არის დაკარგული ტერიტორიები, არ მივცეთ რუსეთს ამ საკითხით სპეკულირების საშუალება და ვაშენოთ სახელმწიფო. ესაა ერთადერთი პასუხი ტერიტორიების წართმევაზე.
უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ერთხელაც შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება და ჩვენ ამას უნდა დავხვდეთ მზად.
_ საქართველო, რუსეთი და საფრთხეები ამოუწურავი მსჯელობის თემაა. დღევანდელი ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ხელისუფლება რუსეთთან მიმართებით უნდა იყოს უფრო მკვეთრი და აგრესიული პოლიტიკის მატარებელი. ამავდროულად, არსებული ხელისუფლება ცდილობს სტატუს-კვოს შენარჩუნებას და არგაღიზიანების პოლიტიკას ემხრობა. პარალელურად, ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ ნაბიჯებსაც რუსეთის საპირწონედ დასავლეთთან რეალურად დასაახლოვებლად: ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერება, რაზედაც ცალკე დავსვამ კითხვას. ამჯერად კი ზემოთქმულის კონტექსტში ვიკითხავ, _ რამდენად ვუმკლავდებით რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს, თუნდაც ჰიბრიდული ომის ხილულ ელემენტებს და რამდენად პრაგმატულია პოლიტიკა, რომელსაც დღეს რუსეთთან მიმართებით ხელისუფლება აწარმოებს? რა უნდა შეიცვალოს ამ მხრივ?
_ „ოცნების“ პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით არის მითი. სინამდვილეში ის, რითაც ხელისუფლება იწონებს თავს _ საერთოდ არაა მისი დამსახურება.
_ ანუ?
_ მაგალითად, ის, რომ რუსეთი არ ესხმის თავს საქართველოს და ომი არ განახლდა. ერთი შეხედვით, ეს მართლაც ასეა, თუმცა მიზეზები სულ სხვაა, ვიდრე „ოცნებას“ სურს წარმოაჩინოს. პირველი მიზეზი ისაა, რომ რუსეთს საბაბები ამოეწურა. საქართველოში უმეტესობას არასწორი და ზედაპირული წარმოდგენა აქვს პუტინზე, როგორც პირსისხლიან, ომს მოწყურებულ დიქტატორზე, რომელიც არ იცავს არანაირ წესებს და მოქმედებს მხოლოდ საკუთარი სურვილებისამებრ.
რეალურად კი!!! პუტინი სულ სხვა ტიპის პოლიტიკოსია და მისთვის ფორმალურ მხარეს, პროცედურებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ის არაა სტალინი, ის არის მაფიოზი, შულერი, რომელმაც ზუსტად იცის თამაშის წესები და იცავს მას. დაუკვირდით _ საქართველოშიც, მოლდოვაშიც, უკრაინაშიც ის არ შედის ტერიტორიებზე, სადაც არალოიალური მოსახლეობა ცხოვრობს, იქ, სადაც მას ან შეეწინააღმდეგებიან, ან, მინიმუმ, არ ეტყვიან მადლობას!!!
ამ კონტექსტში რუსეთმა ამოწურა შესაძლებლობები _ მეტი არ დარჩა საქართველოში ტერიტორია, სადაც რუსულ ჯარს ტაშ-ფანდურით შეხვდებიან. სწორედ ამიტომ უწევს მას მავთულხლართებით მანიპულირება _ დასაპყრობად მოსახერხებელი სხვა ტერიტორიები საქართველოში აღარ დარჩა, თბილისში კი ის არ შევა _ ეს ზედმეტად რთულია პოლიტიკური თვალსაზრისით.
მეორე მიზეზი, რის გამოც რუსეთი არ ომობს საქართველოსთან _ ის დაკავებულია სხვა ქვეყნებით. დღეს საქართველო არის რუსეთისთვის მეორე კი არა, მესამე პლანზე. დღეს რუსეთის მთელი აგრესია მიმართულია გაცილებით სერიოზულ მოწინააღმდეგეზე _ უკრაინაზე. ამ სიტუაციაში საქართველომ დროებით დაკარგა აქტუალურობა.
სწორედ ამით აიხსნება შედარებითი სიმშვიდე ქართულ-რუსულ „ფრონტზე“, თანაც რეალური პრობლემები ქვეყნებს შორის არსად გამქრალა და ტყუილად ფიქრობს ვინმე, რომ რიტორიკის შერბილება და თუნდაც ნატოზე უარის თქმა საკმარისია მოსკოვთან ურთიერთობების „დასალაგებლად“.
მეტიც, რუსული პოლიტიკა ასე მუშაობს _ ერთი დათმობის შემდეგ მოითხოვენ კიდევ ერთს, შემდეგ მეორეს და ბოლოს _ ან მოგიწევთ, ფაქტობრივად, სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ პროექტებზე უარის თქმა, ან ურთიერთობების ისევ გაფუჭება.
ყველაზე ცუდი კი, რაც ხდება _ ეს არის რუსეთზე საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულების სწრაფი ზრდა. „ოცნება“ ვერ აცნობიერებს, რამხელა საფრთხეში აგდებს ქვეყანას ან ამას სპეციალურად აკეთებს. დღეს უკვე რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი იმპორტიორია, რუსეთი ასევე ახლოსაა იმასთან, რომ დაიკავოს პირველი ადგილი ტურისტების რაოდენობის მხრივ.
არავინ იცის, როდის და რა საბაბით მოხდება ამ ახალგაჩენილი ბერკეტების გამოყენება, როდესაც საქართველო უკვე კრიტიკულად დამოკიდებული იქნება რუსეთზე. ეს არაა პრაგმატიზმი. უკეთეს შემთხვევაში, ეს არის სიბეცე, უარესში _ კაპიტულაციის შემზადება. ჯობია, საერთოდ არ გქონდეს არავითარი ურთიერთობები რუსეთთან, ვიდრე _ ასეთი.
_ ნატოს გენერალურ მდივან იან სტოლტენბერგის საქართველოში ბოლო ვიზიტის დროს უპრეცედენტო რამ მოხდა, გაიმართა სწავლება, რომელიც ალიანსის არაწევრი სახელმწიფოსთვის გულისხმობს მეხუთე პუნქტის ამოქმედების გარეშე ქმედით დახმარებას _ ადეკვატურ მოქმედებას სამხედრო აგრესიის პირობებში. როგორ შეაფასებდი ამ ფაქტს და რისი მანიშნებელია ის?
_ მე არ მჯერა, რომ ნატოს არაწევრი ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების გაწევის პოლიტიკური ნება აქვს, მით უმეტეს, როდესაც საუბარია ერთ მხარეს საქართველოზე, მეორე მხარეს კი _ რუსეთზე. ერთ რამეში ვეთანხმები პრორუს პოლიტიკოსებს _ ნატო ჩვენ არ დაგვიცავს და არც წევრად მიგვიღებს მთელი დადებითი რიტორიკის მიუხედავად.
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალისხმევა ამ მხრივ შეწყდეს _ ესეც იქნებოდა ბავშვური საქციელი _ არ გვიღებენ და მოდი, გავებუტოთ. ზრდასრულ ადამიანთა სამყაროში ამოცანის სირთულე არ ნიშნავს მიზნის მიღწევაზე უარის თქმას.
სინამდვილეში, გზა ნატოსკენ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად ნატო. პირველ რიგში, საქართველოსნაირ, რეალობებს შორის გაჭედილი ქვეყნისთვის აუცილებელია რაღაც დიდი, თუნდაც ძნელად მისაღწევი მიზანი _ სწორედ ასეთი მიზნები ახდენს ქვეყნების გადაქცევას გაურკვეველი ტერიტორიებიდან სახელმწიფოებად. ეს არის ერთგვარი ეროვნული იდეოლოგია. საერთოდ, ეს ცნება _ ეროვნული იდეოლოგია _ ძალიან უყვართ ქართველ ურაპატრიოტებს და ის პირდაპირი გაგებით ესმით. მათი აზრით, ჭკვიანი ადამიანების ჯგუფი უნდა დაჯდეს, იმსჯელოს და დაწეროს ეროვნული იდეოლოგია ჩამოყალიბებული პუნქტებად.
რეალურად, ეს ასე არასდროს ხდება _ ეროვნული იდეოლოგია არაა რაღაც მაღალფარდოვანი სტრატეგია, რომელიც დაწერა ხუთმა, ვითომ ყველაზე ჭკვიანმა ადამიანმა. ეროვნული იდეოლოგია არის ის, საითკენაც მიდის ქვეყანა, ძირითადი მიმართულება, ქვეყნის საბოლოო მიზანი. ამის დაწერა შეუძლებელია. სახელმწიფო, რომელსაც არ გააჩნია მიზანი, ვერასდროს წავა წინ და ორღობის დონეზე დარჩება. როგორც რუსები ამბობენ, _ ვინც არ რისკავს, ის არ სვამს შამპანურს.
გარდა ამისა, თავად ნატოსთან დაახლოების პროცესი ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და სწორედ მასთანაა დაკავშირებული საქართველოში რეფორმების განხორციელება, ცივილიზებული თამაშის წესების დამყარება და ა. შ.
ერთი სიტყვით, ნატოსკენ მიმავალ გზაზე ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ გაცილებით მეტი, ვიდრე თავად ნატოს წევრობა. ამიტომაც ეს პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს ყველაფრის მიუხედავად.
_ ასეთი კითხვაც მაქვს: ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ, თავის დროზე, რუსეთისთვის კეთდებოდა შეთავაზება _ უხეშ პერიფრაზს გავაკეთებ: დაგვიბრუნეთ აფხაზეთი და ჩვენ უარს ვიტყვით ნატოზე. როგორ ფიქრობ, რამდენად პრაგმატული იყო და არის ასეთი შეთავაზება იმ პირობებში, როდესაც ცხადზე უცხადესია _ საქართველო რუსეთის გუბერნიაც რომ გახდეს, ის არაფრის დამბრუნებელი არ არის?
_ პირველ რიგში, ეს მცდელობა აუცილებელია სწორედაც იმიტომ, რომ ამ თემაზე ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ყოველგვარი სპეკულაციები.
ისე, ეს გაუგებარი მოლოდინი, რომ რუსეთი კარგი საქციელის სანაცვლოდ დაგვიბრუნებს ტერიტორიებს _ ესეც ქართული ინფანტილიზმის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი გამოვლინებაა. არასდროს, არც ერთ რუს პოლიტიკოსს ან ხელისუფლებასთან დაახლოებულ ექსპერტს ან ჟურნალისტს არსად არ უთქვამს, რომ კრემლი მზადაა ასეთი გარიგებისთვის. მეტიც: პუტინსაც და მედვედევსაც არაერთხელ არაორჯერ და არაათჯერ აქვთ ნათქვამი, _ საქართველო უნდა შეეგუოს ახალ რეალობას. ნათქვამია გასაგებად, ღია ტექსტით. რატომ არის ამ სიტუაციაში ბურჯანაძის ან ადა მარშანიას სიტყვები უფრო დამარწმუნებელი, ვიდრე თავად პუტინისა და მედვედევის განმარტებები _ გაუგებარია. ამის ასახსნელად საჭიროა არა პოლიტოლოგი, არამედ _ ფსიქიატრი.
ისევ ქართული ინფანტილიზმი _ თეთრზე ჯიუტად შავის დარქმევა წლების მანძილზე. ასე იქცევიან ბავშვები, როდესაც სტრესულ სიტუაციაში ქმნიან საკუთარ, ილუზორულ სამყაროს. ამიტომაც ძალიან კარგი, სააკაშვილმა რუსებს ეს გარიგება რომ შესთავაზა. კიდევ ერთხელ გავიგეთ, რომ ნატოში შესვლა-არშესვლა არაფერს ცვლის. ნატოზე უარი თუ ვთქვით, ხვალ აუცილებლად მოგვიწევს უარის თქმა კიდევ რამეზე. თანაც არანაირ ტერიტორიებს ამის სანაცვლოდ ჩვენ არავინ დაგვიბრუნებს.
რუსეთი არის იმპერია და ყველა იმპერიას აქვს თავისი ღირსების კოდექსი, რომელსაც ქართველი ვაიპოლიტიკოსი და ბაზრის მოვაჭრე ვერ გაიგებს. ამ კოდექსის ერთ-ერთი ნაწილია ის, რომ იმპერია არასდროს ვაჭრობს მოკავშირეებით. მით უმეტეს, ისეთ უმნიშვნელო მოთამაშესთან, როგორიც საქართველოა.
_ ზოგადად, რუსეთმა იცის, რა უნდა საქართველოსგან? ან არსებობს ასე დოგმატურად განსაზღვრული მოცემულობა _ რა უნდა და რას გვერჩის?
_ რა თქმა უნდა, იცის. რუსეთს არ სჭირდება სსრკ-ს აღდგენა, მით უმეტეს, რომელიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა თავის შემადგენლობაში. ხვალ საქართველო რომ პრორუსული სახელმწიფო გახდეს, გარეგნულად არაფერი შეიცვლება. ქვეყენაში არ იდგება რუსული ჯარი, თბილისში არ იჯდება პუტინის „ნამესტნიკი“. რუსეთისთვის მთავარია გავლენა და თამაშის წესები. საქართველოში უნდა იყოს რუსულ ყაიდაზე აწყობილი მართვის სისტემა, იდეურად ახლო ადამიანები ხელმძღვანელობაში და აუცილებელია ერთგულება რიტორიკის დონეზე.
შესაძლებელია, ვინმეს ეს უმნიშვნელოდ მოეჩვენოს, თუმცა ესაა რუსული იმპერიალიზმის დამახასიათებელი თვისება _ ის არასდროს ეძებს მატერიალურ მოგებას კოლონიებისგან და ისინი რუსებს სჭირდებათ საკუთარის ეგოს დასაკმაყოფილებლად. ისინი მზად არიან ფინანსურად იზარალონ, ოღონდ იგრძნონ, რომ მათ „ისევ პატივს სცემს მთელი მსოფლიო“.
_ დამეთანხმე, ესეც ერთგვარი ახირებაა?
_ დიახ, რუსებიც ხომ თავისებურად პატარა ბავშვები არიან, ოღონდ ქართველებისგან განსხვავებით, ბოროტები, საშიშები და მრავალრიცხოვნები. ნუ ეძებთ რუსულ პოლიტიკაში კარგად გათვლილ ლოგიკას. ის არ არსებობს. რეალური ფაქტორები კი _ ისეთი, როგორც არის გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირების მარშრუტების გაკონტროლება, საბოლოო ჯამში, ემსახურება სწორედ ამ, სრულიად ირაციონალურ იმპერიულ მისწრაფებებს.
_ ახლა ქართულ პოლიტიკას დავუბრუნდეთ, სადაც, როგორც იტყვიან, ძაღლი პატრონს ვერ სცნობს. როგორ შეაფასებდი ქართულ პოლიტიკაში ამჟამად არსებულ ვითარებას? ხომ არ ფიქრობ, რომ ქართული პოლიტიკური გონი დაბერდა და ის ვერაფერს ახალს ვერ სთავაზობს საზოგადოებას?
_ ქართულ პოლიტიკაშიც ქართველები არიან, მაშასადამე, დიდი ბავშვები.
შეიძლება, ბავშვური ბუტიაობის გარდა მოეძებნოს რაიმე ლოგიკური, ზრდასრული ადამიანისთვის შესაფერისი ახსნა იმას, რაც ახლა ხდება ავლაბრის პრეზიდენტის სასახლის ირგვლივ? გაბუტულები არ შედიან შენობაში, თუმცა ხვდებიან, რომ საჭიროა და ამიტომ ერთდროულად ინახავენ ორ შენობას _ ათონელისა და ავლაბრის რეზიდენციას. არსებობს ქვეყანა გერმანია, სადაც ცხოვრობენ გერმანელები _ ძალიან ჭკვიანი და სერიოზული ხალხი. დღეს ქვეყნის პარლამენტი რაიხსტაგში მუშაობს, ანუ შენობაში, სადაც 1933-1945 წლებში მუშაობდა ჰიტლერი. რატომღაც, არც ერთ გერმანელს არ მოსვლია აზრად ამ შენობის დაცარიელება იმ მიზეზით, რომ ის „ბოროტების სიმბოლოა“. აი, ასე იქცევიან ზრდასრული ერები და მათი ზრდასრული პოლიტიკოსები.
ქართული პოლიტიკა ისეთივე ინფანტილურია, როგორც ქართული საზოგადოების ნაწილი. რა თქმა უნდა, განსხვავება არსებობს. მაგალითად, „ქოცებს“ მართვა საერთოდ არ შეუძლიათ, „ნაცებს“ _ უკეთესად შეუძლიათ, შესაბამისად, „ქოცების“ დროს არის სრული ქაოსი, „ნაცების“ დროს ქაოსი იქნება ნაკლები.
თუმცა, საბოლოო ჯამში, პოლიტიკაც და ქვეყნის შენებაც ხალხის ხელშია და არა _ პოლიტიკოსებს. სანამ ქვეყანა და ერი არ გაიზრდება _ თვისობრივი წინსვლა არ იქნება არც პოლიტიკაში, არც ეკონომიკაში და საერთოდ არსად.
_ პოლიტიკური აქტორები ობივატელს, საზოგადოებას, ამომრჩეველს ეუბნებიან და ეს მათ ქმედებებში ჩანს, რომ პოლიტიკაში გამარჯვების საწინდარია აგრესია. ამ ფონზე ამომრჩეველიც ემორჩილება პოლიტიკური სუბიექტების ნებას და არჩევანს კვლავ და კვლავ აკეთებს არა პოლიტიკური პროგრამებისა და დაპირებების საფუძველზე, არამედ საკუთარ თავში ჩამოყალიბებული სტიგმების კვალობაზე. პოლიტიკური ველიდან რეალურად გაქრა გონიერება და ჩვენ პოლიტიკოსების სპონტანურობის, ხშირ შემთხვევაში, მათი ვნებებისა და მერკანტილური ზრახვების დამაკმაყოფილებელი ინსტრუმენტები ვხდებით. არის რაიმე სახის გამოსავალი ამ მოჯადოებული წრიდან, სადაც სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პერსონებიც კი არ იცვლებიან, აზრსა და იდეაზე ხომ საუბარიც ზედმეტია?
_ გამოსავალი იგივეა: რაც ერი _ ის ბერი. ქართველებს ვერ ეყოლებათ გერმანული ტიპის პოლიტიკოსები _ ამისთვის საქართველოში არასაკმარისი გერმანელია. აგრესიულობა და სპონტანურობა არის ქართული ცხოვრების წესის ორი ბურჯი, ამიტომაც პოლიტიკა შესაბამისია.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მთელი ქვეყანა ცხოვრობს ჩხუბის, გაწევ-გამოწევისა, და დედის გინების რეჟიმში. ტიპური ქართული სცენა _ შუა ქუჩაში დგას ვიღაც კაცი ან ქალი, მობილური ტელეფონით ხელში და ვიღაცას ბოლო ხმაზე ეჩხუბება, როგორც წესი, უმნიშვნელო მიზეზების გამო. საქართველო არის უნიკალური ქვეყანა _ აქ მკვლელობების 99%-ის მიზეზია „შელაპარაკება“ _ არა ბანდიტური გარჩევები, არა ფულის გაყოფა, არა ეჭვიანობა, არამედ _ „შელაპარაკება“.
თქვენ გინდათ, რომ ასეთ ქვეყანაში პოლიტიკა არააგრესიული იყოს?
_ როგორი იქნება 2020 წლისთვის ქართული პოლიტიკური კონფიგურაცია და რამდენად ჩაერევა რუსეთი ამ კონფიგურაციის ფორმირების პროცესში?
_ კონფიგურაცია იქნება ზუსტად ისეთი. როგორიც ახლაა. არავითარი მესამე ძალა არ იქნება და აქაც ვხვდებით ქართულ ინფანტილიზმისა და წინაამღდეგობას შეხედულებებში _ ყველას მობეზრდა ძველი სახეები, თუმცა როგორც კი გაჩნდება ახალი სახე _ საყვედურობენ, რომ მას არ გააჩნია გამოცდილება და მას არავინ იცნობს.
ეს გაორება შეუძლებელს ხდის ახალი პოლიტიკოსების გამოჩენას. ამიტომაც ყველაფერი ისევ იტრიალებს ორი გიგანტის _ ქოცებისა და ნაცების ირგვლივ.
ქოცების, ასევე აქვთ, რეზერვი „პატრიოტთა ალიანსია“. ამ ორი პარტიის ურთიერთობა უკვე დავიწყებულ დუეტს წააგავს: „მოქალაქეთა კავშირი“ _ „აღორძინება“. რამდენიც არ უნდა აგინონ ერთმანეთს, იდეური და მენტალური სიახლოვე მაინც თავისას შვრება და საჭიროების შემთხვევაში ისინი აუცილებლად დაუჭერენ მხარს ერთმანეთს. იგივე შეიძლება ითქვას საწინააღმდეგო ბანაკში მყოფ მონათესავე პარტიებზე _ „ნაცმოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოზე“.
საბოლოო ჯამში, ხელისუფლების საკითხი ამ ორ ბანაკს შორის გადაწყდება.
რაც შეეხება რუსეთს, ის მოიქცევა ისევე, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში _ არ ჩაერევა ღიად და გახსნილად, თუმცა, რა თქმა უნდა, „ქოცების“ გამარჯვება მათთვის სასურველი იქნება.
არ გამოვრიცხავ, თუკი „ოცნების“ წაგება რეალური გახდება, მოსკოვი, გაფრთხილების მიზნით, დროებით შეაჩერებს რომელიმე ქართული პროდუქტის იმპორტს, _ მოიქეცით წესიერად, თორემ ბაზარს ჩაგიკეტავთ.
_ დაბოლოს, რა არის ის ერთი, ორი ან სამი უმთავრესი კომპონენტი, რომელიც აუცილებელია ქართული სახელმწიფოს მდგრადობისთვის და რომლის გარეშეც სახელმწიფოს განვითარება, უბრალოდ, შეუძლებელია? რა არის ის უმთავრესი ღირებულება, რომელიც ყველა ხელისუფლებისთვის მემკვიდრეობითობის პრინციპს უნდა ატარებდეს?
_ სახელმწიფოებრივი აზროვნება არის პასუხისმგებლობა ყველა დონეზე _ დაწყებული მეეზოვით, დამთავრებული ქვეყნის ხელმძღვანელობით, და რაციონალური აზრის დომინირება ემოციებზე.
ერთი სიტყვით, ერი უნდა გამოვიდეს საბავშო ბაღის ასაკიდან და წავიდეს სკოლაში.

გეგა სილაგავა