გოჩა ბარნოვი: „კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ნაბიჯს არ გადადგამს საქართველოს ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ“

მსოფლიო საპატრიარქოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე „ქრონიკა+“ თეოლოგს, პროფესორ გოჩა ბარნოვს ესაუბრა:

_ დიდი დრო არ დარჩა, რაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა უნდა გაიმართოს _ ტრადიციისამებრ, ეს ივნისში ხდება, თუ საპატრიარქო სხდომას გაურკვეველი მიზეზით არ გადადებს. რა ინფორმაციას ფლობთ: საპატრიარქოში უკრაინის ეკლესიისთვის გადაცემული ტომოსის კითხვა გრძელდება, დასრულდა თუ ჯერაც არ წაუკითხავთ?
_ პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მე-5 კანონის თანახმად, სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ უნდა ჩატარდეს: ერთი დიდმარხვამდე და მეორე შემოდგომაზე, გარდა იმისა, თუ რაიმე საგანგებო ვითარება არ შეიქმნა, რის გამოც საგანგებო კრებას იწვევენ.
ის, რომ საქართველოს ეკლესიის სინოდის სხდომა ივნისში უნდა გაიმართოს, ჩემთვის ცნობილი არაა. რაც შეეხება უკრაინის ეკლესიისთვის გადაცემული ტომოსის კითხვის პროცესს, ესეც უცნობია თუ რა სტადიაშია, თუმცა სულაც არ საჭიროებს დიდ დროს ტომოსის შინაარსის გაცნობა და მისი გაანალიზება.
_ მსოფლიო პატრიარქის მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ რა ტენდენციები იკვეთება ამ მიმართულებით მართლმადიდებლურ სამყაროში?
_ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. რამდენიმე ეკლესიის მეთაურმა მოსაზრება გამოთქვა, რომელიც, ძირითადად, თავისი შინაარსით რაიმე ეჭვს კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებასთან მიმართებით არ ავლენს. თუ მხედველობაში არ მივიღებთ ალბანეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოს ანასტასიოსის წერილს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსისთვის, სადაც, ყველასთვის გასაკვირად, ანასტასიოსი უარყოფით პოზიციას ავლენს კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებისადმი.
_ როგორც ვიცი, ამ წერილს მსოფლიო პატრიარქმა უპასუხა.
_ დიახ, ამ წერილს ბართლომეოსის საპასუხო _ დამაჯერებელი არგუმენტებით სავსე წერილი მოყვა, რომელიც კანონიკური სამართლის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად აღიარეს.
_ რამდენად მისაღები აღმოჩნდა მსოფლიო პატრიარქის არგუმენტები ალბანეთის მთავარეპისკოპოსისთვის?
_ მსოფლიო პატრიარქის წერილს მოყვა ალბანეთის მთავარეპისკოპოსის პასუხი, სადაც ის ამბობს, რომ თუ, ყოველ შემთხვევაში, მოხდება სქიზმა, ის აუცილებლად მსოფლიო საპატრიარქოს მხარეს დაიჭერს, ეს ადასტურებს მსოფლიო საპატრიარქოს ქმედებების კანონიკურობის სისწორეს. გარდა ამისა, გამოქვეყნდა ელადის ეკლესიის ერთ-ერთი გამოჩენილი თეოლოგის, მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსის ეპისტოლე ელადის ეკლესიის სინოდისადმი, სადაც ის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით წარმოაჩენს კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადების კანონიკურ სისწორეს.
_ დაინტერესებული პირების ყურადღება მიიპყრო რამდენიმე დღის წინ კვიპროსში გამართულმა შეხვედრამ. რას გვეტყვით მისი შედეგების შესახებ?
_ მართლაც, საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსის თაოსნობით. ერთმანეთს შეხვდნენ პრეზვიგენული (პრეზვიგენული, პრესვიგენული ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს უძველესს ანუ პენტარქიულ საპატრიარქოებს: რომი, კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია, იერუსალიმი, _ ავტ.) საპატრიარქოების _ ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის მეთაურები, რომელთა ერთობლივ განცხადებაში აშკარად შეიმჩნევა კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებისადმი დადებითი განწყობა და ეჭვის ნატამალიც არ ჩანს ამ გადაწყვეტილების სისწორეში. ეკლესიის მეთაურები მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსს მოუწოდებენ, საშუამავლო ქმედებები განაგრძოს წარმოშობილი კრიზისის დასაძლევად, რათა მართლმადიდებელ ეკლესიაში სქიზმა არ მოხდეს.
_ მართალია, ცოტა ძნელია ღია კარის მტვრევა, თუმცა საქართველოს საპატრიარქო და მისი სპიკერები ღიად თუ ფარულად ტომოსის ტექსტზე საუბრისას საფრთხეებზე მიუთითებენ, რომელიც შესაძლოა, გადაწყვეტილებას მოყვეს. ანუ იმას, რომ უკრაინის ეკლესიის აღიარების შემთხვევაში რუსეთმა შესაძლოა, აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია აღიაროს, ხოლო არაღიარების შემთხვევაში იგივე გააკეთოს მსოფლიო საპატრიარქომ. მართალია, საკითხში ღრმად ჩახედული პირებისთვის გასაგებია ორივე საკითხის კონტექსტი, მაგრამ კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რატომ აშანტაჟებს ამ „მოსალოდნელი შედეგებით“ საპატრიარქო ქართულ საზოგადოებას?
_ რაც შეეხება საფრთხეებს, რომელზედაც ხშირად საუბრობენ საქართველოს საპატრიარქოს სპიკერები თუ წარმომადგენლები, კერძოდ, უკრაინის ეკლესიის აღიარების შემთხვევაში შესაძლოა, რუსეთმა აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია აღიაროს, ხოლო არაღიარების შემთხვევაში იგივე გააკეთოს მსოფლიო საპატრიარქომ, ყოველგვარ კანონიკურ საფუძველსაა მოკლებული. ერთადერთი ეკლესია, რომელსაც მსოფლიო კრებების კანონების საფუძველზე აქვს უფლება, ავტოკეფალიის ტომოსი მისცეს რომელიმე ეკლესიას, არის კონსტანტინოპოლის საპატრიარქო. შესაბამისად, თუკი ჩვენ ვაღიარებთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას და საპასუხოდ რუსეთი აღიარებს აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას, ეს იქნება მისი მხრიდან, საეკლესიო კანონების მიხედვით აბსურდული გადაწყვეტილება. გარდა ამისა აღვნიშნავ, რომ მსოფლიო საპატრიარქო საერთოდ არ განიხილავს აფხაზეთის ავტოკეფალიის საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ მასთან რამდენჯერმე სტუმრობდნენ აფხაზეთის ე. წ. ეკლესიის სასულიერო პირები.
_ ამ სტუმრობებს მავანნი მსოფლიო პატრიარქის საქართველოსადმი არაკეთილგანწყობად ნათლავენ…
_ მსოფლიო პატრიარქი, როგორც მართლმადიდებელთა მსოფლიო ლიდერი, ვალდებულია, ყველა მიიღოს და ყველა საჩივარს მოუსმინოს. ბართლომეოსს არასოდეს დაუფიქსირებია რაიმე პოზიცია აფხაზეთის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით. ის, რომ იგი აფხაზეთს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში განიხილავს, იქიდანაც ჩანს, რომ ის საქართველოს პატრიარქს მუდამ მოიხსენიებს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად, რასაც არასოდეს აკეთებს მოსკოვის პატრიარქი. დაბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიუხედავად არსებული საფრთხეებისა, საქართველოს ეკლესია და ასევე ყველა სხვა ეკლესიაც, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან მიმართებით, სიმართლის მხარეს უნდა დადგეს, რაც ავტოკეფალიის აღიარებით გამოიხატება.
_ საპატრიარქოს წარმომადგენელთა მხრიდან გაისმა ასეთი მოსაზრებაც: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის კონტექსტში პრობლემას წარმოადგენს განკვეთილთა ხარისხში დაბრუნებაო. რამდენად წონადია ეს არგუმენტი?
_ განკვეთილთა ან ანათემირებულთა ხარისხში დაბრუნების პრობლემასთან დაკავშირებით თეოლოგიურ საიტ www.palamacentre.com-ზე გამოქვეყნდა მსოფლიო საპატრიარქოს ერთ-ერთი მღვდელმთავრის, ანქიალოსის ეპისკოპოს ვასილის არგუმენტირებული და საკმაოდ ვრცელი სტატია, რომელიც დაიწერა XIX საუკუნეში და ამჟამად მსოფლიო საპატრიარქომ გაავრცელა. ამ ეპისტოლეში ნათლად არის წარმოჩენილი მთელი ისტორიული მაგალითების საფუძველზე და კანონიკურად გაანალიზებულია მსგავსი შემთხვევები, რომელიც განვითარდა ეკლესიის ისტორიაში, დაწყებული ათანასე დიდის ეპოქიდან, ვიდრე დღემდე _ XX საუკუნეში ბულგარეთის სქიზმამდე.
_ და რას გვეუბნება ეს ისტორიული მაგალითები?
_ ამ ისტორიულ მაგალითებში კარგად ჩანს, რომ ეკლესიის წიაღში, კრებითი ფორმის მეშვეობით, ხშირად ხდებოდა განკვეთილთა ან ანათემირებულთა მიერ ხელდასხმულების მიღება ეკლესიაში და ის არასოდეს წარმოადგენდა რაიმე დამაბრკოლებელ გარემოებას.
_ რატომ?
_ სამღვდელო ხარისხით მიღების საფუძველს წარმოადგენს ნათლობის საიდუმლო, რომლის შესახებაც საუბრობენ მეორე მსოფლიო კრების მე-7 და ტრულის მსოფლიო საეკლესიო კრების 95-ე კანონები, სადაც განსაზღვრულია ერეტიკოსების მიერ მონათლულთა მიღების წესი ეკლესიაში. სქიზმატების სწორედ ამგვარი წესით შემოერთება არათუ მსოფლიო საპატრიარქოსთვის, არამედ თავად რუსეთის ეკლესიისთვისაც არაა უცხო.
_ მაგალითად?
_ მაგალითად, 2007 წელს, 70-წლიანი სქიზმის შემდეგ, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ყოველგვარი გართულების გარეშე, საეკლესიო ერთობაში მიიღო ROCOR-ის წევრები. აი, რას წერს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ამ საკითხთან დაკავშირებით ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასიოსს: „როგორ შეიწყნარა რუსეთის ეკლესიამ სქიზმაში მყოფი ROCOR-ის წევრები და მიიღო ევქარისტიულ კავშირში _ ხელახალი ნათლობით თუ ხელდასხმით?“
_ ისე, განკვეთაზე გამახსენდა, _ რა არგუმენტებით ინარჩუნებს საქართველოს საპატრიარქო საკუთარ „შვილებად“ და არ განკვეთს აფხაზეთში მოღვაწე სასულიერო პირებს, რომლებიც მას არ აღიარებენ და ღიად თანამშრომლობენ რუსეთის ეკლესიასთან, მეტიც: მოქმედებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს საზიანოდ?
_ რა თქმა უნდა, საქართველოს ეკლესიის მხრიდან სრული უმოქმედობა აფხაზეთში მოღვაწე სასულიერო პირებთან დაკავშირებით გაუმართლებელია. მსგავს ვითარებაში, კანონიკური სამართლის მიხედვით, ასეთი სასულიერო პირები იმსახურებენ განკვეთას სასულიერო პირობიდან. საქართველოს საპატრიარქო ერიდება რუსეთის ეკლესიის განაწყენებას, რადგან ბესარიონ აპლიას განკვეთის შემთხვევაში რუსეთი მასთან მაინც გააგრძელებს ევქარისტიულ კავშირს, ეს კი, გარკვეულწილად, აისახება რუსეთისა და საქართველოს ეკლესიის ურთიერთობებზე, რასაც თავს არიდებს საქართველოს საპატრიარქო.
_ არის თუ არა ერთმნიშვნელოვნად შესაძლებელი იმის თქმა, რომ მსოფლიო საპატრიარქო არ გადადგამს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯს, რომლითაც გვაშინებენ საპატრიარქოს წარმომადგენლები თუ ცალკეული ღვთისმსახურნი?
_ მსოფლიო საპატრიარქოს ნებისმიერი ქმედება ეფუძნება მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართლის უმთავრეს პრინციპებს: ეკლესია უნდა აერთიანებდეს ადამიანებს და არ ჰყოფდეს მათ. დაბეჯითებით ვფიქრობ: კონსტანტინოპოლის საპატრიარქო არ გადადგამს საქართველოს ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯს, რადგან ასეთი რამის გაკეთება რომ სდომებოდა, უკვე საკმარისზე მეტი საფუძველი ჰქონდა.
_ რას გულისხმობთ?
_ ეკლესიების მსოფლიო საბჭოდან რუსეთის წაქეზებით დემონსტრაციულ გამოსვლას; ამერიკის ეთნოფილეტისტურ პრინციპებზე, რუსეთის მიერ ამერიკის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერას; კრეტის კრებაზე წაუსვლელობას, რაც ასევე რუსეთის წაქეზებით მოხდა… და რადგან ასე არ მოიქცა, ვფიქრობ, არც შემდგომში გადადგამს საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიის საწინააღმდეგო ნაბიჯებს. გარდა ამისა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო პატივს სცემს ყველა ადგილობრივი ეკლესიის გადაწყვეტილებას და აქედან გამომდინარე, არ ერევა მათ შიდასაეკლესიო საქმიანობაში.
_ პრინციპში, თუ საპატრიარქოსთვისაც ცნობილია, რომ მსოფლიო პატრიარქი არავითარ შეთხვევაში არ იმოქმედებს ქართული ეკლესიის წინააღმდეგ, ამიტომაც ხომ არ რჩებიან მუდმივად რუსულ ორბიტაზე?
_ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ამ აზრსაც აქვს არსებობის უფლება.
_ ამჟამად რა ვითარებაა მართლმადიდებელ სამყაროში უკრაინის ეკლესიის აღიარების მხრივ და რა მოლოდინები გაქვთ?
_ ნებისმიერი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება რთული და ხანგრძლივი პროცესია. მსგავსად, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაც იგივეს მოითხოვს. ერთი რამ, რაც ცალსახაა, არის ის, რომ მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების განცხადებებიდან გამომდინარე, უკრაინას უნდა ჰქონდეს ავტოკეფალიური ეკლესია. რამდენადაც თემა რუსეთის ეკლესიის მეთაურთა პატივმოყვარეობასა და ამბიციებს ეხება, შესაბამისად, საკითხიც უფრო მეტ სირთულეს იძენს. რუსეთს არ სურს თავისი გავლენებისა და შესაძლებლობების შესუსტება და აქედან გამომდინარე, ყველა ხერხსა და საშუალებას იყენებს საკუთარი პოზიციების შენარჩუნებისთვის _ ეს არის მუქარა, შანტაჟი თუ კიბერშეტევები. მსგავსადვე, უკრაინის თემასთან მიმართებით, არც ერთი ამ მეთოდის გამოყენებაზე უარს არ ამბობს. აღნიშნული ვითარების გამო, მართლმადიდებელი ეკლესიებიც დროში წელავენ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას და ელოდებიან კონსტანტინოპოლსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების დარეგულირებას, რაც, პირადად მე, ამ ეტაპზე, ნაკლებად შესაძლებლად მიმაჩნია. წინგადადგმული ნაბიჯია ახლახან კვიპროსზე პრეზვიგენულ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრა, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ.
_ ქართულ მედიაში პერიოდულად ჩნდება მსოფლიო პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული პუბლიკაციები. ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს არათუ ფაქტების ინტერპრეტირებას, არამედ სიცრუეს და საქართველოს საპატრიარქო არც კი ეხმაურება, არ პასუხობს ამ პუბლიკაციებს. რატომ? ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და მინიმუმ, აქვს თუ არა ვალდებულება საქართველოს საპატრიარქოს, საკადრისი პასუხი გასცეს სიცრუეს, ცილისწამებას, რეაგირება მოახდინოს ასეთ პუბლიკაციებზე?
_ ძირითადი ბრალდებები რასაც მსოფლიო პატრიარქის საწინააღმდეგოდ იყენებენ საქართველოს ეკლესიაში არსებული ძალები, მიემართება თითქოსდა მის ეკუმენისტობას, ანუ მის თანაზიარებას სხვა არამართლმადიდებელ ეკლესიებთან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ცალსახად შეიძლება განვაცხადოთ, რომ მსოფლიო პატრიარქს არ აქვს ევქარისტიული კავშირი არამართლმადიდებელ ეკლესიებთან, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მათ ერთობლივ მოღვაწეობას ეკლესიოლოგიურ, სოციალურ თუ ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით. მსგავს თანამოღვაწეობას არამართლმადიდებელ ეკლესიებთან სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებიც, მათ შორის, ჩვენიც, ახორციელებენ, რაშიც არანაირად არ ჩანს საკუთარი სარწმუნოებრივი პოზიციების უარყოფა. მიმაჩნია, რომ საქართველოს საპატრიარქომ ყოველთვის ჯეროვანი პასუხი უნდა გასცეს იმ ცილისწამებებს, რომელიც ხდება არა მხოლოდ მსოფლიო პატრიარქის მიმართ, არამედ ნებისმიერი ადგილობრივი ეკლესიის მეთაურისადმი.
_ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის გამო რომის პაპ ფრანცისკეს თანაგრძნობის წერილი გაუგზავნა. წერილში აღნიშნულია „ლოცვასა შინა თქვენი მომხსენებელი“. განმარტეთ ეს სიტყვები, რომელიც ასევე მითქმა-მოთქმის საფუძველი გახდა. რატომ იხსენიებს „ლოცვასა შინა“ პატრიარქი რომის პაპს?
_ როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსად, არ აქვს ევქარისტიული კავშირი რომის კათოლიკე ეკლესიასთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პატრიარქმა თავის პირად ლოცვებში არ მოიხსენიოს ამა თუ იმ ეკლესიის მეთაური თუ ნებისმიერი ადამიანი. „ლოცვასა შინა“ რომის პაპისადმი მიმართული, გულისხმობს საქართველოს პატრიარქის პირად ლოცვებში მის მოხსენიებას და, არამც და არამც, ევქარისტიული კავშირის დროს. მსგავსად მოიქცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, როდესაც რამდენიმე წლის წინ საქართველოში სტუმრად მყოფ რომის პაპს მიმართა: „ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ორი ეკლესია“. რაშიც არაფერი საგანგაშო არაა, მით უმეტეს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიებსა და რომის ეკლესიას შორის გამართულ დიალოგებში, რომელიც ეკლესიების დაახლოებას ემსახურება, საქართველოს ეკლესიაც აქტიურად მონაწილეობს.
_ აქვე გავიხსენებ იმას, თუ რა ობსტრუქცია მოუწყვეს რომის პაპს ცალკეულმა სასულიერო ჯგუფებმა თქვენ მიერ ნახსენები ვიზიტისას. რამდენად იყო შესაძლებელი მათი დაშოშმინება თუნდაც პატრიარქის მოწოდების საფუძველზე?
_ ვფიქრობ, რომ იმ ჯგუფებისადმი, რომელმაც რომის პაპს მისი ვიზიტისას ობსტრუქცია მოუწყო, თვით პატრიარქის სიტყვასაც არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ მსგავსი ქმედებები უფრო სხვა გზებითა და საშუალებით უნდა გვარდებოდეს.
_ ისე, საინტერესოა თქვენი მოსაზრება, რატომ მიიჩნევენ ქართველი მართლმადიდებლები კათოლიკეებსა და ქრისტიანობის სხვა მიმდევრებს მტრებად?
_ ვფიქრობ, რომ კათოლიკეებისა და ქრისტიანობის სხვა მიმდევრების მტრებად გამოცხადება არის ფანატიზმისა და ფუნდამენტალიზმის შედეგები, რაც ნამდვილად არასასურველ სურათს ქმნის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. ეს გამოწვეულია ასევე არასაკმარისი ინფორმაციისა და განმარტებების გამო, რაც ხსენებულ თემასთან მიმართებით არსებობს. განა, ბასილი დიდი ეკლესიას არ ხედავს მრავალ ნაწილად დაყოფილს? ხოლო პატრიარქი ტარასიოსი ამბობს: „ვხედავ ჩვენი ღმერთის, ქრისტეს კლდეზე დაფუძნებულ ეკლესიას განყოფილს და დაყოფილს… და აღმოსავლეთის თანამორწმუნე ქრისტიანებს სხვაგვარად“. მეტიც: მარკოზ ევგენიკოსი ფერარაში ჩასვლისას ამბობდა: „დღეს ქრისტეს სხეულის წევრები, მრავალი წლის განმავლობაში განყოფილნი და განხეთქილებაში მყოფნი, ერთმანეთში გაერთიანებისკენ ისწრაფვიან. არ ისათნოვებს ქრისტე ღმერთი _ ეკლესიის თავი, დაყოფილ სხეულს…“
_ დღეის მდგომარეობით რა მიგაჩნიათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმთავრეს პრობლემად?
_ განათლება.
_ საკმაოდ ლაკონიური და მრავლისმეტყველი პასუხია. რამდენიმე ხნის წინ საპატრიარქოს წარმომადგენელმა თქვენ პატარა იმპერატორი გიწოდათ, დააკნინა უამრავი ადამიანი და მტრებიც კი დაასახელა. რამდენად ჯდება ეს შეფასებები ქრისტიანული თანაცხოვრების, ეკლესიის განვითარებისა და თეოლოგიური სწავლების კონტექსტში?
_ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლის მიერ ჩემ მიმართ მსგავსი აბსურდული, დაუსაბუთებელი და არასერიოზული ბრალდებებისადმი პასუხი არ გამიცია და არც სამომავლოდ ვაპირებ. დიდი მარხვის პერიოდში, როდესაც ყველა ქრისტიანი ცდილობს, სიმშვიდესა და თავშეკავებულობაში იცხოვროს, სასულიერო პირისა და თან საპატრიარქოს სპიკერის მიერ, საჯაროდ, ჩემდამი გამოთქმულ ასეთ დაუსაბუთებელ განცხადებებზე მხოლოდ ის დამრჩენია, უფალს ვთხოვო, რომ მიუტევოს ეს ცილისწამებანი და სხვა დროს თავისი განსხვავებული აზრი ნათლად, გასაგებად და არგუმენტირებულად გადმოსცეს.
_ რამდენიმე დღეში აღდგომაა, რას უსურვებდით ქართველ მრევლს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქრისტიანულ სამყაროს?
_ ქართველ მრევლს ვუსურვებდი ქრისტეში ერთობას, სიმშვიდესა და სიყვარულს მოყვასისადმი და, ზოგადად, ყველა ადამიანისადმი, რაც დღეს ესოდენ დეფიციტურია ეკლესიაში _ ვუსურვებდი პიროვნულ თავისუფლებას, რაც უდიდესი მონაპოვარია ქრისტიანობისა და რაც ყოველგვარი კერპთაყვანისმცემლობისა და პიროვნული განდიდებებისგან იცავს ქრისტიანს.

კოკა წერეთელი