გირგვლიანის საქმის გასაყალბებლად 20 დღეში 4 კანონი შეცვალეს

„სანდრო გირგვლიანის საქმე“ წინა ხელისუფლების ბედისწერად იქცა. 2006 წლის 27 იანვარს ოქროყანაში მომხდარი მკვლელობა 2019 წელს, ამჯერად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამოკლეს მახვილად გადაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ „სანდრო გირგვლიანის საქმემ“ არაერთი პროკურორი და მოსამართლე გამოიცვალა, დღემდე მხოლოდ ლევან მურუსიძეა კრიტიკის ობიექტი, ისიც იმიტომ, რომ მმართველი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ის საკუთარ ფავორიტად დაასახელა.

სანდრო გირგვლიანის მკვლელობა არაერთგზის იქცა პოლიტიკური სპეკულაციის საგნად, _ ასე იყო 2007 წელს, როცა მაშინდელი ოპოზიცია, სამართლის დადგენასთან ერთად, კონკრეტული პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებდა და ასეა ახლაც, როცა „გირგვლიანის საქმეს“ კონკრეტული მოსამართლეების წინააღმდეგ ანგარიშსწორებისთვის იყენებენ ის პოლიტიკოსები, რომლებმაც, თავის დროზე, ყველაფერი გააკეთეს „გირგვლიანის საქმის“ ჩასაფარცხად.
სპეკულაციის ახალი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც „სანდრო გირგვლიანის საქმის“ ერთ-ერთმა ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ, მთაწმინდაზე კენჭისყრა გადაწყვიტა და მას „ევროპულმა საქართველომ“ დაუჭირა მხარი. შავგულიძის ამ ნაბიჯს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „ქრონიკა+“-მა გაარკვია, რომ რამდენიმე კანონში სპეციალურად შეტანილი ცვლილებების ინიციატორი ევროპული საქართველოს ლიდერი და მაშინდელი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიგა ბოკერია იყო. საკანონმდებლო ცვლილებებმა პროკურატურას საშუალება მისცა, გამოძიება და სასამართლო პროცესები თანხვედრაში მოეყვანა.

რა მოხდა 2006 წლის 27 იანვარს და როგორ განვითარდა მოვლენები გირგვლიანის საქმის ბრალდებული პირების დაკავების მერე? რა წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში და რა ცვლილებები წარუდგინა საქართველოს პარლამენტს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მაშინდელმა მოადგილე გიგა ბოკერიამ? _ „ქრონიკა+“-ის სკანდალური ექსკლუზივი.

ინფორმაცია „გირგვლიანის საქმის“ შესახებ:

2006 წლის 27 იანვარს, საღამოს 11 საათისთვის, მეგობრების ჯგუფი თბილისში, კაფე „შარდენში“ შეიკრიბა. ამ ჯგუფში იყვნენ შს მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი დათა ახალაია, მისი მოადგილე ოლეგ მელნიკოვი, შსს გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე, სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი გურამ დონაძე და მასთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი ქალბატონი თათია მაისურაძე.
ბარში მისული სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე თათია მაისურაძეს ცალკე მაგიდასთან ესაუბრებიან. თვითმხილველების თქმით, საუბარი დაძაბული იყო. როდესაც მაისურაძე მეგობრების მაგიდას დაუბრუნდა, მას შს მინისტრის მეუღლემ ჰკითხა, ხომ არ ჰქონდა რაიმე პრობლემა? რაზედაც მაისურაძემ განაცხადა, რომ ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ის ესაუბრა, მისი მეგობარი იყო და პრობლემა არ არსებობდა.
2006 წლის 28 იანვარს, დაახლოებით, შუადღის 3 საათზე, სანდრო გირგვლიანის ცხედარი, მისი სამი მეგობრის მიერ, ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრებლის დახმარებით, თბილისის შემოგარენში, ოქროყანის სასაფლაოსთან ახლოს მდებარე ტყეში, კაფე „შარდენიდან“ 6,3 კილომეტრის დაშორებით, წელს ზემოთ შიშველი, თოვლში იპოვეს. იმავე დღეს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით: სანდრო გირგვლიანის გვამის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, მარცხენა იდაყვსა და მხარზე არაერთი პარალელურ ხაზოვანი ჭრილობა აღმოჩნდა, სამი 8 სმ-იანი ჭრილობა კისერზე აღინიშნებოდა, მსგავსი ჭრილობა იყო ყელზეც, ასევე უამრავი ჩალურჯება და დაზიანება, მათგან ზოგი ღრმა, მკერდამდე. მსხვერპლის შარვლის ჯიბეში ნაპოვნი იქნა ჯიბის დანა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სიკვდილი სახის არეში მიყენებულმა ორმა ჭრილობამ გამოიწვია, მსხვერპლი ასფიქსიით გარდაიცვალა, როდესაც ხახის ჭრილობიდან სისხლი სასუნთქ მილში გადაიღვარა. ეს მძიმე, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობა იყო.
2006 წლის 6 მარტს შს სამინისტროს თანამშრომლები გია ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა და მიხეილ ბიბილური დააკავეს. თანამდებობიდან გადააყენეს დათა ახალაია და გურამ დონაძე.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2006 წლის 3 მაისს პროკურატურამ ოთხ ბრალდებულს მათი ადვოკატის თანდასწრებით შესთავაზა საპროცესო გარიგება, კერძოდ, მათ შესთავაზეს პირობითი მსჯავრი, თუ ისინი დაასახელებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიმე მაღალჩინოსანს ან სხვა პირს, რომელსაც დანაშაულთან კავშირი ჰქონდა. ოთხივე მათგანმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა.
2006 წლის 23 მარტს სანდრო გირგვლიანის დედამ საჩივრით მიმართა გამომძიებელს, რომ „პატიმრობის შესახებ“ კანონის 86/62 მუხლის დარღვევით, ოთხივე ბრალდებული თბილისის მე-7 საპყრობილეში ერთსა და იმავე საკანში ჰყავდათ მოთავსებული. ირინა ენუქიძე აცხადებდა, რომ ეს საშუალებას აძლევდა ბრალდებულებს, შეეთანხმებინათ საკუთარი ჩვენებები და ამით ხელი შეეშალათ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისთვის, მან მოითხოვა პატიმრების დაუყოვნებლივ განცალკევება ერთმანეთისგან და შუამდგომლობით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსსა და გენერალურ პროკურორს, მაგრამ საჩივარზე პასუხი არ მიუღია.
არაერთი წყარო ადასტურებდა იმას, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაკავებული პირები სასჯელს კომფორტულ პირობებში იხდიდნენ, არ ჰქონდათ მედიკამენტების, ალკოჰოლური სასმელისა და ნარკოტიკების მიღების პრობლემა, მეზობელ საკანში მყოფ პატიმრებს ხშირად ესმოდათ მათი სიცილისა და დროსტარების ხმა. ირინა ენუქიძე ითხოვდა, 48 საათის განმავლობაში ჩატარებულიყო მათი სამედიცინო შემოწმება სისხლში ალკოჰოლისა და ნარკოტიკების არსებობის დასადგენად, მაგრამ, ცხადია, მის საჩივრებზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამსახურის უფროსი აცხადებდა, რომ ოთხი ბრალდებული მხოლოდ იმიტომ იყო მოთავსებული ერთ საკანში, რომ მეშვიდე საპყრობილეში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
2006 წლის 28 აპრილს შეტანილ იქნა ცვლილება „პატიმრობის შესახებ“ კანონში და 8662 მუხლიდან ამოიღეს სიტყვები „ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ პირებს ათავსებენ ცალ-ცალკე“. ამავე სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსში და საერთოდ გააუქმა 119-ე მუხლი.
2006 წლის 6 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, 119-ე მუხლის გაუქმების გამო, ამ მუხლის საფუძველზე წაყენებული ბრალდებები, აღნიშნული კოდექსის 117 6-ე მუხლით გადააკვალიფიცირა. გია ალანია დამნაშავედ ცნო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და სხვისი ნივთის დაზიანებაში, გია ალანიას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დანარჩენ ოთხს კი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მეტად საინტერესოდ განვითარდა მოვლენები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის მერე, _ პროკურატურამ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და სასჯელების რვა და ცხრა წლამდე გაზრდა მოითხოვა, რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის ადვოკატ შალვა შავგულიძეს, მან ცალკე სააპელაციო საჩივრის შეტანა საჭიროდ არ მიიჩნია. შალვა შავგულიძის არგუმენტები ასეთი იყო: სააპელაციო სასამართლო საქმეს მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ბრალდების ფარგლებში განიხილავდა და მას არ შეეძლო არც დანაშაულის გადაკვალიფიცირება განზრახ მკვლელობად დამამძიმებელ გარემოებებში და არც საქმის გაგზავნა დამატებითი გამოძიებისთვის. სამაგიეროდ, საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება, ასევე მოითხოვა ყველა იმ მტკიცებულების გაცნობა, რაც საქმეს თან ერთვოდა.
2007 წლის 27 ივლისს უზენაესმა სასამართლომ, როგორც ბოლო ინსტანციის სასამართლომ, დაადგინა, რომ ოთხი თანამდებობის პირის დამნაშავედ ცნობა სხვისი ნივთის განადგურების ნაწილში სათანადოდ არ იყო დასაბუთებული და ამ ნაწილში მსჯავრდებულები გამართლდნენ. შედეგად თითოეულ მათგანს სასჯელის ვადა ექვსი თვით შეუმცირდა, მაგრამ დანარჩენ ნაწილში ქვედა ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უცვლელი დარჩა.
„სანდრო გირგვლიანის საქმეზე“ ბრალდებული პირებისთვის სასჯელის ექვსი თვით შემცირება ერთი-ერთი მძიმე ბრალდებაა, რასაც ახლა ოპოზიცია და, მათ შორის, ევროპული საქართველო ლევან მურუსიძეს ედავება, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღწერილი ქრონოლოგია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მურუსიძის მიერ სასჯელის შემცირება მოყვა სწორედ სანდრო გირგვლიანის ადვოკატის საკასაციო საჩივარს, რადგან უზენაეს სასამართლოში პროკურატურას სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არ გაუსაჩივრებია.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ოც დღეში სამი მოსმენით რამდენიმე ათეული ცვლილება შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში და პატიმრობის შესახებ კანონში. ყველა ცვლილების ინიციატორი პარლამენტის სხდომებზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიგა ბოკერია იყო. პარლამენტის სამივე სხდომის სტენოგრამა „ქრონიკა+“-ში ინახება. გიგა ბოკერიას, ცხადია, „ნაციონალური მოძრაობის“ სრული შემადგენლობა ერთხმად ეთანხმება. სტენოგრამების მიხედვით მას წინააღმდეგობას მხოლოდ დეპუტატი ვალერი გელბახიანი უწევს.

ფრაგმენტი პარლამენტის სხდომის სტენოგრამიდან:

ლ. ბეჟაშვილი:
„შემდეგი პროექტი გახლავთ „პატიმრობის შესახებ“ კანონში ცვლილებები. ამ პროექტთან დაკავშირებით იყო გარკვეული შენიშვნები ადამიანის უფლებათა კომიტეტიდან. თქვენ მოგეხსენებათ, ჩვენ პირველი მოსმენით გადავდეთ ის საკითხები, რომლებიც უკავშირდებოდა პაემნის რაოდენობის შეზღუდვას“.
ლ. ფაფიაშვილი:
„პატივცემულო კოლეგებო, ამჟამად ქალბატონი ელენე თევდორაძე იმყოფება სტრასბურგში და როგორც თვითონ მოგვახსენა, ჩამოაქვს რეკომენდაციები ამ საკითხთან მიმართებაში. ჩვენ ვითხოვთ, რომ დროებითი მუხლები, რომლებიც არეგულირებენ პატიმრების პაემნების რაოდენობას თვეში და წელიწადში, ეს მუხლები გადატანილ იქნას მესამე მოსმენით კანონპროექტის განხილვისას“.
გ. ბოკერია:
„მე პირადად ვთვლი და რამდენადაც მახსოვს, ბ-ნი ლევანის პოზიცია ასეთი არის, რომ იმ საკითხზე, რაზეც არის აზრთა სხვადასხვაობა, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტის ავტორებსა და თქვენს კომიტეტს შორის, ვალდებულებებში ჩავწეროთ, რომ ახალ პენიტენციალურ კოდექსში, პრივილეგიების სისტემასთან დაკავშირებით, ეს პრინციპი უნდა იყოს გათვალისწინებული და წარმოდგენის ვადაც დავწეროთ“.
სხდომის თავმჯდომარე მიხეილ მაჭავარიანი კანონის ცვლილებების განხილვასა და ელენე თევდორაძის დაბრუნებამდე მის გადადებას ითხოვს, რასაც გიგა ბოკერიას საკმაოდ უხეში რეპლიკა მოყვება.
გ. ბოკერია:
„კი ბატონო, მე ვარ არაკოლეგიალური და არაგენდერული და ახლა რა უნდა ვქნა ახლა, კი ბატონო, გადაწყვიტოს, თქვენც თქვით, ბატონო მიხეილ, გადაიდოს მაშინ, გმადლობთ“.
ვ. გელბახიანი:
„აქ წერია, რომ ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე საქართველოს იუსტიციის მინისტრს უფლება აქვს გამოსცეს ბრძანება, რომლის დებულებები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ კანონის დებულებებს. ახლა ცოტა სამართლებრივად გვითხარით, ეს რანაირი კონსტრუქციაა, რას ნიშნავს, საერთოდ, ეს, ე. ი. ამ კანონის საფუძველი?.. დებულებები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს. ამ კანონს რა დატვირთვა აქვს? უბრალოდ, ეს აქსიომაა, ბატონო ლევან, იცით თქვენ.
მეტ პუნქტთან დაკავშრებით, ბატონო ლევან, მე მაინტერესებს, შეთანხმება რა დოკუმენტით ფორმდება, სადაც წერია, რომ თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით. ეს შეთანხმება სიტყვიერია თუ წერილობით არის დაფიქსირებული? და, საერთოდ, საკადრო პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში, ვის ეკისრება, შეთანხმების ავტორს თუ ბრძანების ავტორს?
თუ მივანდობთ ჩვენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს სასჯელის რეჟიმის განსაზღვრას, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ გვექნება აღმასრულებელი ხელისუფლების სასამართლო ორგანო, რომელსაც, თურმე, პენიტენციური ფუნქციის გარდა გააჩნია სასამართლო ფუნქციებიც. მე გთხოვთ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, დავუკვირდეთ და დავუფიქრდეთ ამ საკითხს, ნუ გავაკეთებთ ისე, ისედაც პრეტენზიებია, რომ ჩვენი სასჯელაღსრულების დაწესებულება არ არის პენიტენციური დაწესებულება. ესენი არის სასჯელის მოხდის ადგილები და ვერ ასრულებენ იმ ფუნქციას, რასაც ამ შემთხვევაში პენიტენციალობა ითვალისწინებს“.
გელბახიანის კითხვებმა და იურიდიულ ნიუანსებში ჩაკითხვებმა გიგა ბოკერია ისე გააღიზიანა, გელბახიანს ასლან აბაშიძე და პოლიტიკური პასუხისმგებლობა შეახსენა და ინგლისის მაგალითი მოუყვანა, _ ინგლისში შეიძლება სამუდამო პატიმრობა მისჯილი ადამიანი, მაგ., ქალი ქმრის მკვლელობისთვის იჯდეს, მაგრამ მეოთხე სამმართველოსნაირ დასასვენებელ სახლში იხდიდეს პატიმრობას და შაბათს უშვებდნენ ერთი დღით სახლში და ის ბრუნდება თავისი ფეხით (ციტატა). ცხადზე ცხადია, რომ ამ ანალოგის მოშველიებით გიგა ბოკერია სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული პირების სასჯელის მოხდის გარემოსა და პირობების გამართლებას ცდილობდა.
კონკრეტულად, სისხლის სამართლის რომელ მუხლებში შევიდა ცვლილებები?
2006 წლის 28 აპრილს პარლამენტის სხდომაზე მიღებული ცვლილებებით, რომლის ინიციატორიც გიგა ბოკერია იყო, ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის კოდექსის 109.117-ე, 143.187-ე 333-ე და 3711-ე მუხლებში.
მუხლი 119-ე გაუქმდა 2006 წლის 28 აპრილს.
ჯანმრთელობის დაზიანება სასიკვდილო შედეგით-ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.
ამ ფაქტების სრულყოფილი ანალიზის მერე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო გადაწყვეტილებაში წერს, რომ სერიოზული წუხილი გაუჩნდა ამ გამოძიების კეთილსინდისიერებისა და ეფექტიანობის თაობაზე, რისი გაქარწყლებაც სახელმწიფომ ვერ მოახერხა ვერც წერილობითი და ვერც ზეპირი განცხადებით.
სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გარემოებების გამოძიებას აშკარად აკლია აუცილებელი დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და გულმოდგინება. პირიქით, საქმის შესაბამისი გარემოებები შესაძლებლობას აძლევს სასამარლოს დაასკვნას, რომ შიდასახელმწიფოებრივმა ორგანოებმა არაკეთილსინდისიერად წარმართეს საქმის გამოძიება. სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოება, შსს, გამოძიების საწყის სტადიაზე, დაშვებული დარღვევებით, პროკურატურა გამოძიების შემდგომ სტადიაზე დაშვებული დარღვევებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მსჯავრდებულების ერთ საკანში უკანონოდ მოთავსებით, შიდა სასამართლოები არასრულფასოვანი სასამართლო განხილვებითა და მსჯავრდებულების ვადაზე ადრე განთავისუფლებით, საქართველოს პრეზიდენტის მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი ლმობიერების გამოვლენით, და ა. შ. ყველა ერთად ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისთვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება.
277-ე მუხლში სასამართლო კვლავ აღნიშნავს: როდესაც ადამიანი კვდება საეჭვო გარემოებაში და ამასთან სახელმწიფოს წარმომადგენლის ხელში გამოძიების წარმოებისას, შესაბამის შიდასახელმწიფოებრივ ორგანოებს განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა ჰმართებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო გამოავლენს რა სიცოცხლისთვის საშიში აქტების მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას თავის წარმომადგენლებში, დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკის წინაშე დადგება, რასაც შეუძლია, გზა გაუხსნას სხვა თავზეხელაღებულ დანაშაულებს, _ ისეთებს, როგორსაც ადგილი ჰქონდა მოცემულ საქმეში.

P. s. სამწუხაროდ, ამ ფაქტების გაჟღერების მერე სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატმა და მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ „ქრონიკა+“-თან შეთანხმებული ინტერვიუ ჩაშალა. თუ მას ან „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს ამ საკითხებზე განმარტების გაკეთების სურვილი გაუჩნდებათ, სიამოვნებით დავუთმობთ გაზეთის ფურცლებს.

ელისო კილაძე