საქართველო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით ევროპაში მესამე ადგილზეა

„ჯანმოს“ სკანდალური დასკვნა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში „ჯანმრთელობის მონიტორინგი მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ საგანგებოდ არის აღნიშნული, რომ საქართველო ევროპაში მესამე ადგილზეა შენობაში და შენობის გარეთ არსებული დაბინძურებული ჰაერით. ამის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობა კი ყველაზე მაღალია პოსტსაბჭოთა სივრცეში _ ყოველ 100 ათას ადამიანზე ერთი.

დღეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხს წარმოადგენს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ შეთანხმება წარმოადგენს ჰაერის ხარიხის გაუმჯობესებისა და ჰაერთან დაკავშირებული დაავადებების რისკის შემცირების მთავარ ინსტრუმენტს, ვინაიდან იგი მოითხოვს საქართველოსგან 2023 წლის ბოლოსთვის კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის ექვს მთავარ დირექტივასთან ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის შესახებ. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგი და ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოს მთელ რიგ საკითხებში ავალდებულებს.
„მწვანე ალტერნატივის“ ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ჰაერის ხარისხის მართვის კანონმდებლობის გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯები არაეფექტიანია და კუს ნაბიჯებით მიდის. მაგალითად, ევროკავშირთან ასოცირების მოთხოვნა _ რომ საქართველომ შეიმუშავოს გოთენბურგის ოქმის რატიფიცირების გეგმა, სრულად განახორციელოს გარემოს დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმა, მათ შორის, საწვავის ხარისხის გაუმჯობესებისა და საჯარო ტრანსპორტის სექტორის განვითარების კუთხით _ არ არის შესრულებული.
პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე ნანა სანაია აღნიშნულ ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოს ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებული პუნქტებისთვის ჰაერის მთავარი დამაბინძურებლების _ PM2.5-ის და PM10-ის კონცენტრაცია ორჯერ მეტია რეკომენდებულ საშუალო წლიურ რაოდენობაზე. ერთი წლის წინ „ჯანმოს“ მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში „ჯანმრთელობის მონიტორინგი მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ საგანგებოდ არის აღნიშნული, რომ საქართველო ევროპაში მესამე ადგილზეა შენობაში და შენობის გარეთ არსებული დაბინძურებული ჰაერით გამოწვეული სიკვდილიანობით. კერძოდ, საუბარია ერთ ლეტალურ შემთხვევაზე ყოველ 100 000 ადამიანზე. „მწვანე ალტერნატივის“ კვლევები ხაზს უსვამს ჰაერის დაბინძურების შემაშფოთებელ ზემოქმედებას ქართულ ეკონომიკაზე. მაგალითად, მსოფლიო ბანკის 2015 წლის „ქვეყნის გარემოსდაცვითი შეფასების დოკუმენტის“ მიხედვით, მყარი შეწონილი ნაწილაკების ჯანმრთელობაზე ზემოქმედებასთან დაკავშირებული ხარჯები შეადგენს მშპ-ის თითქმის 4.3%-ს.
„ქრონიკა+“ სისტემატურად აქვეყნებს აუდიტის ანგარიშებს, 2018 წლის საქართველოს სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 120 მილიონი ლარი. რისთვის? რისთვის და ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობისთვის. და ეს იმ ხარჯების მხოლოდ ნაწილია, რომელიც მძიმედ აწევს საქართველოს. სად წავიდა ეს თანხა, კონკრეტულად რას მოხმარდა, რა შედეგი მივიღეთ ამ თანხის გახარჯვის შემდეგ და კონკრეტულად რომელი კომპანიები ახორციელებდნენ მას? ამას უკვე ჩვენი გაზეთი შეისწავლის.
ჰაერის დაბინძურების პროგრესიას დავუბრუნდეთ. „მწვანე ალტერნატივის“ ანგარიშით, საქართველოში არსებული ჰაერის ხარისხის მართვის სისტემა არ შეესაბამება ევროკავშირის საბჭოს 2008/50 და 2004/107 დირექტივებს მართვის, ზღვრული დასაშვები სიდიდეების, მონიტორინგის ქსელის დაპროექტებისა და ოპერაციათა სტანდარტების, ნიმუშების შერჩევის, ანალიზისა და ანგარიშგების მოთხოვნების თვალსაზრისით. ქვეყანაში დამონტაჟებული მთელი რიგი ახალი ავტომატური სადგურების მიუხედავად, მონიტორინგზე პასუხისმგებელმა ორგანომ _ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ _ ვერ შეძლო საქართველოში ჰაერის დაბინძურების სრულმასშტაბიანი და ადვილად გასაგები სურათის მოწოდება.
საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურება საშუალოა და არ განსხვავდება აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების ჰაერის ხარისხისგან. მიუხედავად ამისა, თბილისის ავტომატური სადგურებიდან მიღებული 2017 წლის მონაცემები გვიჩვენებს, რომ მაქსიმალური დასაშვები კონცენტრაციები (მდკ) მიწის ზედაპირთან არსებული ოზონის, გოგირდის ორჟანგის, აზოტის ოქსიდებისა და მხუთავი გაზებისთვის ეროვნულ ზღვრულ მაჩვენებლებს 1.5-2-ჯერ აჭარბებს. აღნიშნული დამაბინძურებლებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მაქსიმალური დასაშვები კონცენტრაციები გაცილებით დაბალია, ვიდრე ევროკავშირის ზღვრული სიდიდეებისთვის.
ასევე საქართველოში არ არის დადგენილი სტანდარტი ორი ყველაზე მნიშვნელოვანი დამაბინძურებლისთვის _ PM10-ისა და PM2-ისთვის. იკითხავთ, ალბათ, რას აკეთებს გარემოს ეროვნული სააგენტო? რას და მათ ევროპული ზღვრული სიდიდეების მიმართ ზომავს. ამასთან, საქართველოს დედაქალაქსა და მთავარ ქალაქებში (ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი) მყარი შეწონილი ნაწილაკების რაოდენობა ჰაერში, სულ მცირე, 1.5-1.7-ჯერ მაღალია, ვიდრე ევროპული ზღვრები. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ზღვრული სიდიდეები ორჯერ დაბალია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ მოთხოვნებზე, მათ შორის, PM10-თან, PM2-თან და O3-თან მიმართებით.
გამომდინარე აქედან, ევროკავშირის მეშვიდე გარემოსდაცვითი პროგრამა (რომელიც 2020 წლამდე უნდა განხორციელდეს და, ფაქტობრივად, ერთი წელი დაგვრჩა) მოითხოვს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა 2020 წლისთვის უზრუნველყონ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებთან მიახლოებით.
გარემოს ეროვნული სააგენტო ასევე წარუმატებელი იყო ჰაერის მთელ რიგ დამაბინძურებლებთან მიმართებით, ახალი სტანდარტების დამტკიცების მხრივ (PM10 და PM2.5, გოგირდი, აზოტი, მხუთავი გაზები, პოლიარომატული ნახშირწყალბადები, კადმიუმი, ნიკელი და სხვ. ნივთიერებები). მსგავსად ამისა, სააგენტოს არ დაუნერგია მავნე ნივთიერებებისთვის პროგნოზირებისა და მონიტორინგის მოდელირების სისტემები მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, ჯერ კიდევ, ორი წლის წინ უნდა დაესრულებინა ეს ქმედებები.
არა მარტო „მწვანე ალტერნატივის“, არამედ საქართველოს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული ანგარიშის თანახმად, ჰაერის დაბინძურების, სულ მცირე, 75% (NOx, გოგირდის ოქსიდები, O3) მოდის ტრანსპორტის სექტორზე. სატრანსპორტო საშუალებებიდან, კერძოდ, ავტომანქანებიდან, გამონაბოლქვის გაზრდილი ოდენობა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ სატრანსპორტო საშუალებების მხოლოდ 9% არის 1-დან 9 წლამდე, არ არის განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საწვავის ხარისხიც პრობლემებთანაა დაკავშირებული. ტექნიკური უსაფრთხოების ახალი რეგულაციით, ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ უნდა გაიაროს უსაფრთხოების შემოწმება 2020 წლის პირველ იანვრამდე, თუმცა ეს არ გააუმჯობესებს მდგომარეობას. ტექნიკური ინსპექტირების მოთხოვნების თანახმად, მსუბუქ ავტომანქანებს შეუძლიათ გაიარონ პირველადი შემოწმება დაზიანებული აირების გამონაბოლქვის სისტემით, კატალიზური კონვერტორის გარეშე (არსებობისას) და იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ გამონაბოლქვ აირებში მხუთავი გაზის კონცენტრაცია სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის მიერ დადგენილ დონეზე მაღალი იქნება. ეს ნორმა ქვეყანაში მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების 80%-ისთვის შესაძლებელს გახდის გამონაბოლქვის ტესტის გავლას.
საწვავის ხარისხი ასევე პრობლემური საკითხია. 2017 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ბენზინი შეიცავს 10 მგ/კგ გოგირდს და შეესაბამება ევრო V სტანდარტს, ხოლო დიზელი შეესაბამება ევრო III სტანდარტს (100 მგ/კგ გოგირდი). ეს უკანასკნელი მოსალოდნელია, რომ 2019 წლის შემდეგ შესაბამისობაში მოვა ევრო IV სტანდარტთან (50 მგ/კგ). ამავდროულად, ქვეყნის სატრანსპორტო საშუალებების სულ მცირე 30% მოიხმარს დიზელს.
ტექნიკური შესაძლებლობების არქონის გამო გარემოს დაცვის სამინისტრო არ ამოწმებს არომატული ნახშირწყალბადებისა და ბენზოლის შემცველობის მხრივ საწვავის ხარისხის შესაბამისობას ზემოხსენებულ სტანდარტებთან. ორი წლის წინათ სამინისტრომ ბენზინისა და დიზელის ნიმუშების მხოლოდ 30 შემოწმება ჩაატარა ქვეყნის ტერიტორიაზე გაფანტული, დაახლოებით, 1000 ბენზინგასამართი სადგურიდან, რაც აშკარად არასაკმარისია. ამასთან, გაირკვა: 2017 წლის დეკემბერში სამინისტრომ აღმოაჩინა, რომ ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურში გასაყიდად არსებული დიზელი შეიცავდა სტანდარტით დაშვებულზე სამჯერ მეტ გოგირდს. თუმცა ამ საკითხზე საზოგადოების ინფორმირება არ მომხდარა.
ამის შემდეგ შემოწმება აღარ ჩატარებულა!
„მწვანე ალტერნატივის“ ანგარიშის მიხედვით შეფასებულია, რომ შეწონილი ნაწილაკების 65%-ს გამოაფრქვევს სამრეწველო სექტორი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა გვიჩვენა, რომ რუსთავში, კასპში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ტყიბულში ჰაერი სერიოზულად ბინძურდება სამრეწველო ობიექტებიდან. მაგალითად, ზესტაფონში ფეროშენადნობთა ძველი ქარხნის მიზეზით MNO2-ის კონცენტრაცია ხუთჯერ აღემატება მაქსიმალურად დასაშვებ კონცენტრაციას.
ევროკავშირის დირექტივა 2010/75/EC სამრეწველო ემისიების სტანდარტები ძალაში შევა ახალი სადგურებისთვის 2018 წლის პირველი სექტემბრიდან, ხოლო ყველა არსებულმა ქარხანამ 2026 წლიდან უნდა დააკმაყოფილოს აღნიშნული სტანდარტები.
2017 წელს მთავრობამ გასცა მშენებლობის ნებართვა გარდაბნის ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურისთვის, რომელმაც 2024 წლიდან უნდა დაიწყოს ოპერირება. თუმცა მთავრობამ არ აუხსნა პროექტის განმხორციელებელს, რომ 2026 წლიდან სადგურის ოპერირება უნდა შეესაბამებოდეს 2010/75/EC დირექტივის (2017 14(3) _ (6) და 15 (2)-(4) მუხლებით განსაზღვრულ საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
ასოცირების 2014-2016 წლების დღის წესრიგი მოითხოვდა გარემოს დაცვის მეორე ეროვნული სამოქმედო გეგმის (2012-2016) სრულყოფილად შესრულებას. დოკუმენტით მთავრობა იღებდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ვალდებულებას, მათ შორის, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების, თანამედროვე ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების გამოყენებით სამრეწველო გამონაბოლქვის შემცირებისა და ტრანსპორტის სექტორიდან ემისიების შემცირებას სათანადო ინსტრუმენტების გამოყენების გზით. მიუხედავად ამისა, გარემოს დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმა-2-ის განხორციელების შედეგები არ არის შთამბეჭდავი.
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის ანგარიშის („თბილისში სატრანსპორტო სექტორის მიერ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების ეფექტიანობა 2016-2017 წლებში“) თანახმად, განხორციელებული ზომები არ შეესაბამება ქვეყანაში არსებულ სირთულეებს. სახალხო დამცველის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ 2018 წლის ანგარიშში საგანგებოდ არის აღნიშნული ჰაერის ხარისხის სექტორში არსებული რეგულაციების არასაკმარისობა და ასევე ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ჰაერის დაბინძურების ზემოქმედების შეფასების არარსებობა.
გარემოს დაცვის 2017-2020 წლების მესამე ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც შემუშავებულია ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად (მუხლი 304), განსაზღვრავს სამ მთავარ მიზანს: ემისიების ინვენტარიზაციის სახელმწიფო სისტემის გაუმჯობესებასა და მოდელირების სისტემის დანერგვას; ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში გამონაბოლქვის შემცირებას; და ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების ქსელის შექმნა. თუმცა გარემოს დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმა-3 საგანგებოდ ხაზს უსვამს როგორც ფინანსური და ადამიანური რესურსების, ასევე საკანონმდებლო ცვლილებებზე მთავრობის მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობას. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია აქტიური წინააღმდეგობა ბიზნესის სექტორის მხრიდან, როცა საქმე ეხება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას.
მსგავსი პოლიტიკა საგრძნობლად ასუსტებს მთავრობის შესაძლებლობებს, უზრუნველყოს გარემოს დაცვა. მთავრობამ პრიორიტეტად უნდა დაისახოს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის განხორციელება, წარმატებული რეფორმის რეალიზაციისთვის. ატმოსფერული ჰაერის დაცვის კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან უნდა ახლდეს მთელი რიგი საქმიანობები.

თამარ როსტიაშვილი