გაიზრდება თუ არა კადიროვის გავლენა ხეობაში?!

პანკისის ხეობაში მთავრობის გამოჩენა, ძირითადად, იმის ნიშანია, რომ ამ დროს ხელისუფლებასა და „ქართულ ოცნებას“ უჭირს. ხეობაში მაშინ არ მიდიან, როცა ხეობას უჭირს, არამედ მაშინ, როცა ხეობისთვის გულის მოგება სურთ.

როგორც ცნობილია, პანკისის ხეობაში 19 მაისს პანკისის სოფელ ზემო ხალაწნის თემში (ომალო, ზემო ხალაწანი, დუმასტური, შუა ხალაწანი და ქვემო ხალაწანი) საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება.
საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ ახმეტის რაიონში, ზემო ხალაწნის თემში, მაჟორიტარობის კანდიდატად მერის წარმომადგენელი, როსტომ (რუსლან) ალხანაშვილი წარადგინა. მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა თქვა, რომ ალხანაშვილი საკრებულოს წევრობის ღირსეული კანდიდატია.
სწორედ ალხანაშვილის კანდიდატურა არის მთავარი პრობლემა ახლა „ქართული ოცნებისთვის“, რუსლან ალხანაშვილი წინამორბედი პარლამენტის მაჟორიტარის, ზურაბ ზვიადაურის ძველი კადრია. „ოცნებას“ ომალოში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სტაბილური მდგომარეობა არ აქვს. ამას ხელისუფლებაც აცნობიერებს, ამიტომ ალხანაშვილის მხარდასაჭერად ხელისუფლების ყველა შტო ერთიანდება.
საინტერესო იყო მისი წარდგენაც, სადაც კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა გულუხვი დაპირებები არ დაიშურა:
„რუსლანმა თავისი ახალგაზრდული ცხოვრებით, რწმუნებულად მუშაობისას, დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი, კიდევ მეტი სიკეთე გააკეთოს ამ სოფლისთვის. ის მოწადინებულია და უნდა მივცეთ საშუალება, რომ თქვენი პრობლემები უფრო კარგად წარმოაჩინოს უკვე საკრებულოში“.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა კი მაჟორიტარობის კანდიდატი ასე დაახასიათა:
„დარწმუნებული ვარ, რუსლანი არჩევნებში გაიმარჯვებს. წელიწადზე მეტია, მასთან ერთად ვმუშაობ სახელმწიფო სამსახურში. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებს, დღეა, დილაა თუ საღამოა. როცა სოფელს უჭირს, ყოველთვის აქტიურია“. ზემო ხალაწნის ადმინისტრაციული ერთეული 5 სოფელს მოიცავს: ომალო, ზემო ხალაწანი, დუმასტური, შუა ხალაწანი და ქვემო ხალაწანი. როსტომ ალხანაშვილი 2013 წლიდან გამგებლის, ახლა უკვე მერის წარმომადგენელია.
საზოგადოებას მან 2018 წლის ზაფხულში მომხდარი ინციდენტით დაამახსოვრა თავი. 2018 წლის 15 ივნისს პანკისის ხეობაში კადიროვების მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადაც ადგილობრივები გამოჩნდნენ ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის მამის, ახმად კადიროვის ფოტოებით და კადიროვების მხარდამჭერ შეძახილებს ჰყვიროდნენ. ცნობილია, რომ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი როსტომ ალხანაშვილი იყო.
კადიროვების მხარდამჭერ აქციას პანკისში ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოყვა. მოსახლეობის ნაწილი მანქანებიდან ახმად კადიროვის დიდი ზომის ფოტოების მოხსნასა და აქციის შეწყვეტას ითხოვდა.
მდგომარეობის განმუხტვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯგუფები შეიყვანა.
ინციდენტთან დაკავშირებით პანკისის სალაფიტური თემის იმამმა განაცხადა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ და არ დაუშვან მსგავსი სახის პროვოკაციები.
მომხდარს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა პანკისის უხუცესთა კავშირიც. უხუცესებმა ხელისუფლებისგან მოითხოვეს განმარტება: „რატომ იყვნენ საჯარო მოხელეები ჩართული ამ პროვოკაციაში, რომელიც შეიძლებოდა, ცუდად დამთავრებულიყო პანკისისთვის და ქვეყნისთვის? ვინ იდგა ამ პროცესების სათავეში? ვის აწყობდა არეულობა პანკისში?“
კადიროვების მხარდამჭერი აქციიდან რამდენიმე დღეში პანკისში ჩასულ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს ხეობის სოფლებში როსტომ ალხანაშვილიც მასპინძლობდა.
ზემო ხალაწნის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს შუალედური არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მაჟორიტარ წევრ მაგდანა ალხანაშვილს საკრებულომ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. 2018 წელს მაგდანა ალხანაშვილი შვედეთში წავიდა და თავშესაფარს ითხოვს.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი პანკისელებს ალაზნის მარცხენა მხარეს მდებარე სოფლებში პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა:
„ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად ბევრი რამ გააკეთოს იმისთვის, რომ ხეობა კარგად იყოს ინტეგრირებული დანარჩენ ქვეყანასთან. ამიტომ, პირველ რიგში, აქცენტს ინფრასტრუქტურაზე ვაკეთებთ. უამრავი რამე გაკეთდა, მაგრამ ალაზნის მარცხენა მხრის სოფლები შედარებით მიტოვებულივით იყო, მეორე მხარეს მეტი პროექტი განხორციელდა.
ორი დღის წინ მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო და მთის ფონდიდან 1 075 000 ლარი გამოიყო, რომ ხალაწნების 3-კილომეტრიანი გზა გაკეთდეს. ამ გზის მშენებლობა წელს დაიწყება.
მეორე საკითხი იყო ჯოყოლო-დუმასტურის დამაკავშირებელი გზა, რომელიც გაკეთდება, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება.
მარტო გზა აღარ გვაკმაყოფილებს. კახეთში სადაც არ უნდა მიხვიდე, რომ იტყვი, გზა გავაკეთეო, აღარავის უკვირს ეს. დასაწყისში ყველასთვის სასიამოვნო იყო, მაგრამ დღეს უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა.
ამავე დროს, სოფელ ომალოში გაკეთდება თანამედროვე ამბულატორია.
ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა სიღარიბის დაძლევაა. მეორე მხრივ, კვალიფიციური მუშახელის პრობლემაც გვაქვს. ორი პარადოქსია _ მიხვალ ბიზნესმენთან, ჰკითხავ, რა გიჭირს, გეტყვის, რომ კვალიფიციური თანამშრომელი. ხალხს ეკითხები, _ რა გინდა? პასუხია, _ სამსახური არ მაქვს. ეს უფსკრული უნდა ამოვავსოთ. მთავრობამ მიიღო ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება _ ყოველწლიური ბიუჯეტის 25% განათლებაზე გამოიყოფა. ომალოში მოხდება საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, ხოლო დუმასტურში საერთოდ ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. ერთ სკოლას მთლიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდება“.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა კი პირობა დადო:
„იმ პროექტებს, რაზედაც ახლა გუბერნატორმა ისაუბრა, 19 მაისამდე ვერ დავიწყებთ, საარჩევნო კოდექსი კრძალავს, გარდა იმისა, რაც სოფლის პროგრამებით არის დაგეგმილი. მაგრამ საკუთარ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნების შემდეგ ყველაფრის განხორციელება დაიწყება“.
შეხვედრის დასრულებამდე, რომელსაც, უმეტესად, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები ესწრებოდნენ, გუბერნატორმა ამომრჩევლებს უთხრა, რომ უახლოეს პერიოდში პანკისს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ეწვევა.
ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს ომალოში სასმელი წყლის მიწოდებისა და ელექტრომომარაგების პრობლემების მოგვარება სთხოვეს.
გუბერნატორის თქმით, „ენერგოპრო ჯორჯია“ მაისის შუა რიცხვებიდან ომალოს ელექტროსისტემის სრულ შეცვლას დაიწყებს.
საკრებულოების შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. ზემო ხალაწნის ადმინისტრაციულ ერთეულში 2 საარჩევნო უბანია. აქედან ერთი, ომალოს საარჩევნო უბანი, ერთადერთია პანკისის ხეობაში ხუთ საარჩევნო უბანს შორის, სადაც 2018 წლის 28 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, არჩევნები წააგო. პირველ ტურში, #24-ე ომალოს საარჩევნო უბანზე, ზურაბიშვილმა 117 ხმა მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ _ 150. #8 ხალაწნის საარჩევნო უბანზე ზურაბიშვილს 88 ამომრჩეველმა მისცა ხმა, გრიგოლ ვაშაძეს _ 80-მა. არჩევნების მეორე ტური ორივე უბანზე ზურაბიშვილის გამარჯვებით დასრულდა.
საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს, რომლებიც 12 აპრილს, წინასაარჩევნოდ, პანკისის ხეობაში ჩავიდნენ, რამდენიმე ჯგუფთან შეხვედრა გამართეს, მათ შორის პანკისის ახალგაზრდულ ჯგუფთან, ხეობის უხუცესებთან და ქალთა საბჭოსთან. შეხვედრაზე მივიდა სპეცრაზმის მიერ მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დედაც.
„დაისაჯოს ის ერთი ადამიანი, ვინც ეს სისასტიკე ჩაიდინა. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს გამოძიება? უკვე მეორე წელია. სანამ ჩემს შვილთან მივალ, მინდა, რომ სამართალი დადგეს. სამართალს ვითხოვ. დაისაჯოს მკვლელი. თუ ჩემი შვილი დამნაშავეა, მივალ ნებისმიერთან, მყოფნის ამის ვაჟკაცობა.
განვითარება კარგია. ჩემს შვილსაც უნდოდა განვითარებულ ხეობაში სიარული, სწავლა, სიცოცხლე… ის ამ „ოცნების“ მთავრობამ წამართვა“, _ უთხრა სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა, საქართველოს ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს. ვიცე-პრემიერის განცხადებით, გამოძება მიმდინარეობს და სიმართლეს დაადგენს.
პანკისის ახალგაზრდული ჯგუფის წევრები მინისტრებს ხეობაში არსებულ პრობლმებეზე ესაუბრნენ. ყურადღება დაუთმეს სწორედ თემირლანის გარდაცვალებასა და ხეობაში ჰესების მშენებლობის საკითხს.
ახალგაზრდული ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, შენგელი ტოხოსაშვილმა, მთავრობის წარმომადგენლებს საპრეზიდენტო არჩევნებზე არსებულ დარღვევეზე ესაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ ზეწოლა მიმდინარეობს შუალედური არჩევნების დროსაც სოფელ ომალოში. და ადამიანებს ეშინიათ საკუთარი კანდიდატურების დაყენების. კახეთის გუბერნატორმა მას ურჩია, რომ პოლიტიკური განცხადებები არ გაეკეთებინა და დარღვევების კონკრეტული მაგალითები დაესახელებინა.

„ქრონიკა+“-თან შენგელი ტოხოსაშვილმა განმარტა:
„თამაზ ალხანაშვილი ოფიციალურად იყო დარეგისტრირებული, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი და მას აგიტატორებიც კი ჰყავდა შერჩეული. 2 კვირის წინ მასთან სუსმა ხალხი გამოგზავნა და კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვა, თუმცა თამაზისგან უარი მიიღო. ორი დღის წინ კიდევ ალხანაშვილების გვარიდან (თავისივე გვარიდან) ხალხი მიუგზავნეს და კანდიდატურა მოახსნევინეს,
რადგან „ოცნების“ კანდიდატიც ალხანაშვილია და ის, ფაქტობრივად, აგებდა თამაზთან, რადგან მეტი მომხრე ჰყავდა, ის ქველმოქმედია და ხალხს ყოველთვის ეხმარება.
ე. ი. არჩევნები პანკისის ხეობაში ცალ კარში თამაშს ემსგავსება. თუ რუსლან ალხანაშვილს კონკურენტი არ ეყოლება, ამ არჩევნებზე ჩვეულებრივ შევა საკრებულოში. არც ერთ ოპოზიციურ პარტიას ამ დრომდე ხეობაში კანდიდატი არ დაუსახელებია“.

რა ბედი ეწვევა ხეობას ეს მომავლის საკითხია, ფაქტი კი ერთია _ თუ მოვლენები უკონკურენტო არჩევნების პირობებში წარიმართა, ხეობას კადიროვის მიმდევარი საკრებულოს წევრი ეყოლება, რამაც, შესაძლოა, რუსული გავლენების გაზრდაც გამოიწვიოს.

მაკა მოსიაშვილი