მთავარი სამართალი შეაჩერე კორუფცია

შეაჩერე კორუფცია

213
0
გაზიარება

გთავაზობთ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გამარტივებული შესყიდვების ანალიზს 2018 წლიდან დღემდე

1. შპს „სითი ლოფტთან“ 15.01.2018 წელს დაიდო ხელშეკრულება, რომელიც პირობისამებრ ითვალისწინებდა უცხოელი სტუმრებისთვის სასტუმროს მომსახურების ხარჯებს. შესყიდვა 45-ეტაპიანი იყო და შეადგინა 200 000 ლარი.
კომპანია ხშირად სარგებლობს გამარტივებული შესყიდვით და 2014 წლიდან 442 ხელშეკრულება აქვს დადებული.
მის შემსყიდველებს შორის არიან როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე სხვადასხვა რანგის სახელმწიფო უწყებები;
2. 2018 წლის თებერვალში ხელშეკრულება დაიდო LLC Euronews-თან. ღირებულებამ შეადგინა 400 000 ევრო. პირობა განხორციელდა 4 ეტაპად.
2018 წლის 2 თებერვალს პრემიერ კვრიკაშვილის განკარგულებით (#260), ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ასევე საქმიანი ტურიზმის განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, თანხის ოდენობის გამარტივებული შესყიდვის კანონით გათვალისწინებულ ნორმასთან შეუსაბამობის მიუხედავად, ხელშეკრულება დაიდო.
შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია:
სახელოვნებო მომსახურება (შოუ, კონცერტი და ა. შ.);
ქართული ღვინის შესყიდვა და ადგილზე მიწოდება;
ინტერნეტრეკლამა;
ვიდეორგოლის დამზადება;
რეკლამა კინოთეატრებში;
რეკლამის განთავსება ავტოტრანსპორტში;
სატრენინგო მომსახურება;
პერსონალური კომპიუტერების შესყიდვა;
ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული მომსახურება;
დიზაინერის მომსახურება და სხვ.
შესყიდვა განხორციელდა ორი კატეგორიით: ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა, გამოკითხვები და სტატისტიკა; სარეკლამო კამპანია;
3. იმავე კატეგორიებში, კვირიკაშვილის იმავე განკარგულების საფუძველზე, დაიდო ხელშეკრულება LLC Allians Media-სთან (ჩეხეთი).
ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას 2018 წლის 1-30 აპრილის განმავლობაში ორ არხზე (რუსეთში – Russia1და ყაზახეთში KTK) ზაფხულის სეზონის სარეკლამო კამპანიის ორგანიზების მომსახურების გაწევა. ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 1.550.000 ლარი;
4. 2018 წლის 12 მარტის ხელშეკრულება შპს Windfors Georgia-სთან, რომლის ღირებულება 406.703 ლარია.
გამარტივებული შესყიდვის საფუძველი კვლავ 2 თებერვლის #260-ე განკარგულებაა.
ამჯერად ხელშეკრულების საგანი იყო სარეკლამო კამპანია _ მეშვიდე მემილიონე ვიზიტორის ფარგლებში „საქართველო ყველაზე გაზიარებული ქვეყანა“.
უნდა მომზადებულიყო გზისმკვლევი, წიგნი და ვიდეორგოლები.
შპს Windfors Georgia 2012 წლის ნოემბერში შეიქმნა.
მისი დირექტორია ნინო სანაია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი _ თამარ ცქიტიშვილი.
ნინო სანაია ასევე ფლობს 25%-ს კომპანიაში Windfors Georgia. მისი პარტნიორები არიან ბელარუსის მოქალაქეები: ვერონიკა პისარენკო, ანდრეი ხალეცკი, სვეტლანა ვორობიოვა. 2014 წლამდე ამ კომპანიის მეწილეებს შორის იყო თამარ ცქიტიშვილიც.
მისი ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორია ნიკოლოზ ბოჭორიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, ქეთევან ბოჭორიშვილის, ძმა;
5. კატეგორიებში სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, ასევე ღონისძიებების ორგანიზება, ხელშეკრულება გაუფორმა შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“. თანხამ შეადგინა 450.000 ლარი.
ხელშეკრულება გაფორმდა 2018 წლის 15 მარტს.
შემსყიდველის მიერ წინასწარ განსაზღვრული მესამე პირის სასარგებლოდ მიმწოდებლის მხრიდან გაწეული უნდა ყოფილიყო მომსახურება Check in georgia-ს ფარგლებში, რაც გულისხმობდა დარბაზით უზრუნველყოფას და ტექნიკურ აღჭურვას საჭიროების შესაბამისად.
ხელშეკრულება გაწყდა 2018 წლის ივლისში, თანხა არ ჩარიცხულა;
6. იმავე დღეს, იმავე პირობით, ხელშეკრულება გაფორმდა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზთან. ღონისძიება 9-ეტაპიანი იყო. Check in georgia-ს ფარგლებში ჩატარდა ლელა წურწუმიას, სტეფანეს, 33ა-ს და სხვათა კონცერტები;
7. 2018 წლის 9 მარტს ხელშეკრულება გაფორმდა სლოვაკურ კომპანია LTD Aimbulance Europe-სთან. ღირებულება _ 550.000 აშშ დოლარი.
პირობისამებრ, უკრაინის არხისთვის „1+1“ 1-30 აპრილის განმავლობაში სარეკლამო კამპანია უნდა ყოფილიყო ორგანიზებული;
8. 2018 წლის 12 აპრილიდან ამოქმედდა ხელშეკრულება NGC Europe Ltd, რომლის თანახმად, 21 მაისიდან 21 ოქტომბრამდე უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო სარეკლამო მომსახურება National Geographic-ზე. თანხამ შეადგინა 250 000 ევრო;
9. 2018 წლის 19 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება შპს „ალმასთან“. პირობის თანახმად, Check in georgia-ს ფარგლებში კომპანიას უნდა სარეკლამო ბანერებზე, ბოლბორდებსა და მონიტორზე უნდა განეთავსებინა რეკლამა. ხელშეკრულების პირობა განხორციელდა 6 ეტაპად.
კომპანია, მისი დამფუძნებელი და მისი სხვა კომპანიები საკმაოდ ცნობილი არიან ამ სფეროში.
კომპანიამ 2016 წელს მერიის მიერ ჩატარებული აუქციონის მიხედვით, ვაკის, მთაწმინდის, სამგორის, ისნის, ნაძალადევის, საბურთალოს, კრწანისის, ჩუღურეთის, დიდუბის, გლდანის რაიონებში 700 ადგილას საქალაქო ტრანსპორტის 700 მოსაცდელი დაამონტაჟა.
გიორგი ტრაპაიძის კიდევ ერთ შპს-ს, „ალმა-ტრანსპორტს“, იჯარით გადაეცა ეს ადგილები, რომელთა ღირებულება (1 კვადრატული მეტრის ფასი) 7 ლარია. იჯარის მოქმედების ვადაა 20 წელი.
კომპანია „ალმა-ტრანსპორტი“ 2016 წლის 28 მარტს დააფუძნა კომპანია ალმამ, ხოლო კომპანია „ალმა“ 2010 წელს დაარსდა „ალმა პლუსის“ სახელით. „ალმა პლუსს“ ფლობდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „დი ჯი ემ მედია ლ.ტ.დ“.
2013 წლის პირველ ნოემბერს „ალმა პლუსის“ დირექტორად ლევან კალმახელიძე დაფიქსირდა, რომელიც ასევე იყო „სმართ რითეილის“ დირექტორი.
2013 წელს კომპანია ალმას მფლობელები იყვნენ ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „ევრაზია ინვესტ გროუპ“ (50%) და მალტაზე რეგისტრირებული კომპანია „გლობალ ინვესტორს ლიმიტედ“ (Global Investors Limited).
2016 წლის 8 აპრილის მიხედვით, კომპანიის დირექტორი არის გიორგი ტრაპაიძე, ხოლო მფლობელი _ „გლობალ ინვესტორს ლიმიტედი“.
გიორგი ტრაპაიძე ასევე არის დირექტორი კომპანიისა „მპ დეველოპმენტი“, რომლის 51%-ს ფლობს შპს „ველაჯიო“, ხოლო 49%-ს ბულგარეთში რეგისტრირებული შპს „ჯი სთარი“.
„მპ დეველოპმენტი“, რომლის თავდაპირველი სახელწოდება იყო „ველაჯიო დეველოპმენტი“, დააფუძნა ლევან კალმახელიძემ.
კომპანია „ველაჯიოს“ 100%-იანი წილის მფლობელია „გლობალ ინვესტორს ლიმიტედი“. „ველაჯიოს“ გენერალური დირექტორია ლევან კალმახელიძე. „ველაჯიო“ 2010 წელს შეიქმნა და 100%-იანი წილის მფლობელი იყო ტელმარ ფინანსი;
10. 2018 წლის 22 მაისს ხელშეკრულება დაიდო შპს „ვიზარდ ივენთთან“.
ღირებულება 224.906 ლარს შეადგენდა, ხოლო საგანს _ ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარება.
კომპანიის მფლობელები არიან:
ოთარ ნაჭყებია (შპს „მმო კორპ“, შპს „ედ.გრუპი“, შპს „ვიზარდ გრუპი“, შპს „ქართული ხორბლის პური“, შპს „ლას ნოვიას“ თბილისი, შპს „მაქს-ველლ“, შპს „დიჯიტალ ავენიუ“, შპს „პრომო კლუბი“, შპს „კუპონები“, შპს „თრეიდინგ კორპ“);
ირაკლი შენგელია (შპს „მმო კორპ“, შპს „ედ.გრუპი“, შპს „ვიზარდ გრუპი“);
გიორგი ჭუბაბრია (შპს „სიტი ფესტივალ“, შპს „პროესკო რენტალი“, შპს „თბილისური საღამო“, შპს „იუნით“).
ამ ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით გაცემული იყო პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის განკარგულება (2018 წლის 17 მაისი, #1088) გამარტივებულ შესყიდვასთან დაკავშირებით.
კომპანიას 2014 წლიდან 90 გამარტივებული შესყიდვა აქვს გაფორმებული;
11. შპს „ვებერთან“ ხელშეკრულება გაფორმდა 2018 წლის ივლისში. შესყიდვის საგანი იყო საქართველოში, ისრაელში, გერმანიაში, იტალიაში, ლიეტუვაში ლატვიაში, ესტონეთში, საფრანგეთში, ინგლისში, ნიდერლანდებში ონლაინ სარეკლამო კამპანიის ორგანიზების მომსახურების შესყიდვა. რეკლამის 78% Facebook-ზე უნდა განთავსებულიყო, ხოლო 22% _ Google AdWords-ზე.
ხელშეკრულებაში განსაზღვრულია კომენტარის, გაზიარებისა და „clik“ მინიმალური სასურველი რაოდენობა. ასევე გვერდის მუნიმუმ 500 000 გამომწერი და გამზიარებელი.
შპს „ვებერს“ 5 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან კატეგორიაში _ ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა. ასევე სარეკლამო კამპანია.
2017 წელს მას გაუფორმდა 1.677.600-ლარის ხელშეკრულება, ხოლო 2016 წელს _ 1.980.000 ლარის.
კომპანიის მფლობელები არიან:
ნიკა გაბუნია
მერაბ გოცირიძე
ნანა ხათრიძე;
12. კიდევ ერთი ხელშეკრულება LLC Allians Media-სთან.
ამჯერად 1.664.000 ლარი Russia1-ზე რეკლამირებისთვის.
ხელშეკრულება გაფორმდა 04.09.2018 და მიზნად ისახავდა ზამთრის სეზონის რეკლამის ორგანიზების მომსახურებას;
13. ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა A.O.R.B.B.R (1998) Ltd-სთან, ითვალისწინებდა ისრაელში ტელეკომპანია „Reshet 13-ზე“ რეკლამის განთავსებას.
ღირებულება 1.088.000 ლარს შეადგენდა, ხოლო მოქმედების ვადა განისაზღვრებოდა 15 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე;
14. კომპანია LTD Aimbulance Europe კვლავ უკრაინაში, ტელეარხ „1+1“-ზე რეკლამირებისთვის იღებს ხელშეკრულებას, თუმცა, ამჯერად, ზამთრის ტურიზმის სეზონისთვის. თანხა შეადგენს 1.088.000 ლარს.
ხელშეკრულება ფორმდება 05.09.2018 და მოიცავს სექტემბერსა და ოქტომბერს (ორ ეტაპად);
15. Green Living Project, Inc-თან დადებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას უნდა გაეწია მოცულობითი მარკეტინგული სარეკლამო კამპანიის მომსახურება (იგულისხმება ვიდეორგოლი), რომლის ღირებულება 223.440 ლარია.
ხელშეკრულება გამოფორმდა 04.09.2018;
16. ისევ LTD Aimbulance Europe, მაგრამ ამჯერად მას ხელშეკრულება გაუფორმდა, რათა პოლონურ ტელეარხზე (POLSAT) განათავსოს ზამთრის სეზონის რეკლამა.
ღირებულება შეადგენს 1.664.000 ლარს;
17. შპს „ვიზარდ ივენთი“
დაბა გუდაურში ზამთრის სეზონის გახსნის ღონისძიება, რომლის ღირებულებამ შეადგინა
314.937 ლარი.
ხელშეკრულება გაფორმდა 13.12.2018 (კომპანიის შესახებ ზემოთ ვისაუბრეთ);
18. შპს „ვანილა ივენთი“
დაბა მესტიაში ზამთრის სეზონის გახსნის ღონისძიება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 248.716 ლარი.
ხელშეკრულება გაფორმდა 21.12.2018
19. ხელშეკრულება Bloomberg L.P.-თან სარეკლამო მომსახურებისთვის, რომლის ღირებულება შეადგენს 375.000 აშშ დოლარს, გაფორმდა 2019 წლის 21 იანვარს.
ამჯერად შესაბამის განკარგულებას გამარტივებული შესყიდვის თაობაზე ხელს აწერს პრემიერი ბახტაძე (საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის #15 განკარგულება);
20. ტურიზმის ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ სახეზეა ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძვლით გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შესაძლებლობა იმდენად, რამდენადაც, როგორც წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ მიერ 2019 წლის მანძილზე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ განთავსებული პოსტების რეკლამირების მომსახურების შესყიდვა აუცილებელია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველსაყოფად, სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ საქმიანობით დაინტერესებული მიზნობრივი ჯგუფებისთვის. სოციალურ ქსელ „ფეისბუქს“ საქართველოში ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა სოციალური ქსელების მომხმარებელთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე „ფეისბუქის“, აღნიშნული მომსახურება, მოცემული შესყიდვის მიზნებისთვის, მის გამოყენებას უალტერნატივოს ხდის.
ეს გამარტივებული შესყიდვა 400.000 ლარის ღირებულებისაა და თარიღდება 24.01.2019;
21. შპს „აჭარა+“,
ხელშეკრულების საგანი _ სასტუმროს მომსახურება.
ღირებულება 210.000 ლარია, ხოლო ხელშეკრულების გაფორმების თარიღი _ 14.03.2019.
მომსახურების გაწევის ადგილებია:
თბილისი, კოსტავას ქ. 14., სასტუმრო „სტამბა“ _ 4 ნომერი;
თბილისი, კოსტავას ქ. 14., სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისი“ _ 8 ნომერი;
თბილისი, 26 მაისის მოედ. #1 სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“ _ 8 ნომერი;
სტეფანწმინდა, გორგასალის ქ. #1 „რუმს ჰოტელ ყაზბეგი“ _ 4 ნომერი.
შპს „აჭარა+“-ს ანალოგიური მომსახურება გაწეული აქვს 2017 წელსაც. მაშინ ხელშეკრულების ღირებულება 300 000 ლარი იყო.
სხვათა შორის, ამ კომპანიის ხელმძღვანელებს (ვალერი ჩეხერიას და თეიმურაზ უგულავას) ეკუთვნით შპს „სითი ლოფტიც“, რომელიც დასაწყისში ვახსენეთ.
ეს გამარტივებული შესყიდვები რამდენიმე ნიშნით იპყრობს ყურადღებას: ჩვენ კარგად ვიცით, რომ 200 000 ლარზე მეტი ღირებულების შესყიდვა უნდა ჩატარდეს ტენდერით. მაგრამ, სამწუხროდ, არცთუ მცირეა ამაზე ბევრად უფრო დიდი თანხის შესყიდვების გამარტივებული წესით განხორციელების შემთხვევები.
ბოლო წლის მონაცემებით, გამარტივებული შესყიდვების წილი 37%-დან 24%-მდე შემცირდა, მაგრამ მაინც საგულისხმოა. ეს 21 შესყიდვაც ერთგვარი კონსტატაციაა იმისა, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტო მუდმივად მზად არის, კანონი გამოიყენოს კანონისვე წინააღმდეგ, რომ სასურველი შედეგი მიიღოს.
განკარგულებები, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, სწორედ ამ ტიპის შინაგანი წინააღმდეგობებია და მას საჭიროების შემთხვევაში მანიპულაციისთვის მიმართავენ.
გასაგებია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში კონკურენციის ალბათობა არ არსებობდა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ტენდერის ჩატარებაც შესაძლებელი იქნებოდა, თუკი ღონისძიება წინასწარ დაიგეგმებოდა.
მაგალითად, ზამთრის სეზონის გახსნისთვის მესტიასა და გუდაურში ჩატარებული ღონისძიებები.
დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ შეიქმნა ერთი უაღრესად ზოგადი დოკუმენტი, რომელიც მოერგო და, სავარუდოდ, მოერგება ძალიან ბევრ ხელშეკრულებას, რაც მისი არამიზნობრივად გამოყენების საფრთხის წინაშე გვაყენებს.
და კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ჩვენს ტენდერებში და ხელშეკრულებებში მუდმივად იჩენს თავს:
საჭიროა მეტი კონკრეტიკა დოკუმენტაციაში.
ბიუროკრატია, წარმომადგენლობითი ხარჯების მასშტაბები ისედაც ბევრ კითხვას აჩენს.
ხანდახან გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი სუსტი ეკონომიკის პირობებში, როდესაც ტურიზმის განვითარება უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიიჩნევა, გარემოებებით ბოროტად სარგებლობენ. ჩვენ არ ვიცით, რომელი ბაზრის კვლევის საფუძველზეა მიღებული ესა თუ ის გადაწყვეტილება, მაგალითად, სად და რა ინტენსივობით უნდა განთავსდეს რეკლამა. ამიტომ ვფიქრობთ, არ ვიცით დანამდვილებით, რა სტრატეგიაა გამოსაყენებელი ტურისტების მოსაზიდად, სამაგიეროდ, აშკარად ვხედავთ, რომ ამ მიზნით ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება.

ვატო გელაშვილი

 

დატოვეთ კომენტარი