რამდენადაა საზოგადოებაზე ორიენტირებული ქუთაისის მიმდინარე წლის ბიუჯეტი და რა თანხებით გაიზარდა მერიის თანამშრომელთა სახელფასო ხარჯები?


გასული წლის მიწურულს ქუთაისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით ქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. 54 960 000 ლარიან ბიუჯეტში, ისევე როგორც გასულ წელს, პრიორიტეტული სოციალური მიმართულებები და ინფრასტრუქტურაა.

2018 წელს ქუთაისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 54 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2017 წლის დაგეგმილ ბიუჯეტზე ორ-ნახევარი მილიონით მეტი გახლდათ. ამჯერად სხვაობა უფრო ნაკლებია. მიმდინარე წელს ქალაქის კეთილდღეობაზე, გასულ წელთან შედარებით, 960 ათასი ლარით მეტი დაიხარჯება.
მეორე წელია, ქალაქის ბიუჯეტი ოპოზიციის კრიტიკის ქარცეცხლში ხვდება. ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მიმდინარე წელსაც დაიწუნეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, გიგა შუშანიას თქმით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში თანხების ნახევარი შრომით ანაზღაურებაზეა გათვლილი და ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული არ არის. გასულ წელს, ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, პოლიტიკოსი აცხადებდა, რომ პროექტში გაზრდილი იყო მერიისა და საკრებულოს ხარჯები სარესტორნო, სასაჩუქრე და ავტომანქანების მომსახურებისთვის.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს #76 დადგენილებით, 2019 წელს შრომის ანაზღაურებისთვის 24 575 000 ლარია გამოყოფილი. 2018 წელს ეს თანხა 4 442 000, ხოლო 2017 წელს _ 3 960 000 ლარს შეადგენდა.

წყარო: ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს #76-ე დადგენილება

როგორც გრაფიკაზე ვხედავთ, 2019 წელს მერიასა და საკრებულოში შრომითი ანაზღაურების ხარჯები გაიზარდა. ბიუჯეტში შეგვიძლია ისიც ვნახოთ, რომ ორივე აპარატში შტატგარეშე მომუშავე პირებზე გასაცემი თანხები შემცირებულია. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შტატგარეშე მომუშავეთა შრომითი ანაზღაურება გასულ წელს 128 ათას ლარს შეადგენდა. წელს ეს თანხა 100 ათას ლარამდე შემცირდა. რაც შეეხება ქალაქის მერიას _ 2018 წელს შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება 281 ათასი ლარი იყო. მიმდინარე წელს ეს თანხა 238 ათას ლარამდე შემცირდა.
შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომითი ანაზღაურება ზოგიერთ პროგრამაში საერთოდ გამქრალია. მაგალითად, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში, თუმცა იგივე სამსახურში საშტატო მუშაკთა ხელფასი 195 ათას ლარამდეა გაზრდილი.
2019 წლის ბიუჯეტში დამატებულია შრომითი ანაზღაურების ხარჯები ისეთ პროგრამებში, რომელთათვისაც ეს პუნქტი გასულ წლებში არ არსებობდა. მაგალითად, ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის გარე განათების მოწყობის ქვეპროგრამაში 438 ლარი სახელფასო ხარჯებისთვისაა გამოყოფილი.
ზემოთ გაჟღერებული საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე წელს გაიზარდა მერიის სატრანსპორტო მომსახურებისა და სხვა ხარჯები, გარკვეულწილად, რეალურია. წინა წელთან შედარებით სამივლინებო თანხები გაზრდილია, თუმცა ტრანსპორტის მომსახურებისთვის გამოყოფილი თანხა იგივე რჩება. მეტი თვალსაჩინოებისათვის შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოყვანილი ცხრილი:

წყარო: ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს #76-ე დადგენილება

ქუთაისის მერიაში არ უარყოფენ, რომ მიმდინარე წელს ბიუჯეტის ზრდა, გარკვეულწილად, ხელფასების მატებამაც განაპირობა. მერიას დაქვემდებარებული დაწესებულებების 30 000 თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 50 ლარით მოემატა.
რაც შეეხება ბიუჯეტის საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებულობის თემას, პრიორიტეტული მიმდინარე წელსაც სოციალური პროგრამებია, რომლებზედაც, ჯამურად, 4 800 000 ლარი დაიხარჯება, 10 850 000 ლარი კი ბაგა-ბაღების გაერთიანებას მოხმარდება. ცნობისთვის: გაერთიანების ბიუჯეტი გასულ წელს 10 000 000 ლარს შეადგენდა. წელს გამოყოფილი თანხის 66% ბაგა-ბაღების ადმინისტრაციისა და თანამშრომლების ხელფასისთვის დაიხარჯება. 9 844 ათასი ლარია გამოყოფილი გზებისა და ტროტუარების რეკონსტრუქციისთვის მაშინ, როცა მსგავსი პროგრამის ბიუჯეტი გასულ წელს 3 194 ათასი ლარი იყო.
მიმდინარე წლის ბიუჯეტში ვერ მოხვდა ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას მიერ დაანონსებული მასშტაბური პროექტები: რიონის სანაპიროზე მდებარე ისტორიული, მე-19 საუკუნის სახლებისა და ასსაფეხურიანი კიბის რეკონსტრუქცია. მიზეზად ქუთაისის მერიაში იმას ასახელებენ, რომ პროექტები, ჯერ კიდევ, განხილვის ფაზაშია.
საერთო ჯამში ინფრასტრუქუტურული პროექტებისთვის ქუთაისის ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარია გამოყოფილი. დამატებით 6 მილიონი ლარი ქალაქის ბიუჯეტს წლის დასაწყისში რეგიონული განვითარების ფონდმა გადმოურიცხა. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, რგფ-დან მიღებული თანხა სულ ექვს პროექტს მოხმარდება. 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება ცენტრალური _ რუსთაველის ქუჩაზე გზის, ტორტუარებისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაციისთვის, ასევე ტროტუარის, ბეტონის საფარის დაგებისთვის ქალაქის რამდენიმე დიდ ქუჩაზე.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ქუთაისმა რეგიონული განვითარების ფონდიდან ტრანსფერის სახით გაცილებით მეტი _ 8 მილიონი ლარი მიიღო.

შორენა ლაღაძე