რას ჰპირდებიან ქართველი პოლიტიკოსები ქუთაისელებს 2012 წლიდან დღემდე?

პარტია „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალაა. ამ დროის მანძილზე პარტიამ ბევრი პროექტი მოიყვანა სისრულეში და უფრო მეტი დაპირება გასცა. პარტიის წარმომადგენლები და სხვა სახელისუფლებო პირები 2012 წლიდან დღემდე ქუთაისს რამდენიმე მასშტაბური პროექტის განხორციელებას დაჰპირდნენ _ ზოგი მათგანი დათქმულ ვადაზე გვიან დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა, ზოგიერთი კი იდეის დონეზე დარჩა.

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია გამართა.
ქუთაისისთვის საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსის მინიჭების იდეა მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს გაუჩნდა. ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრის აგების აუცილებლობაზე „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ჯერ კიდევ, 2012 წელს, არჩევნების წინ ისაუბრა. ამავე წელს, არჩევნების შემდეგ, ქუთაისელებს ქალაქის საგანმანათლებლო ცენტრად ქცევის დაპირება მაჟორიტარმა გუბაზ სანიკიძემაც მისცა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სამთავრობო პარტიას საუნივერსიტეტო კომპლექსის თემა ყოველთვის წინასაარჩევნოდ ახსენდებოდა.
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის, თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საერთო ბიუჯეტი მილიარდი ევროა. პროექტს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს, რომლის მხოლოდ საძირკველი არსებობს, უკვე დამოუკიდებელი ბიუჯეტი აქვს. შემუშავებულია სასწავლო გეგმა. სასწავლებელს ჰყავს რექტორიც _ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე, თეიმურაზ მურღულია.
ადგილზე, სადაც ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი უნდა აიგოს, მშენებლობა 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად დაიწყო. ჯერჯერობით სახეზეა მხოლოდ ტერიტორიაზე არსებული ჭაობი და მის მიღმა აგებული შენობის საძირკველი. ტერიტორია დახურულია და ჟურნალისტებს შესვლისა და ფოტოს გადაღების საშუალება არ გააჩნიათ. პროექტის მესვეურები ამბობენ, რომ ადგილზე ასევე უნდა აიგოს ბეტონისა და ცემენტის ქარხნები, სადაც უნივერსიტეტის მშენებლობისთვის აუცილებელ მასალებს აწარმოებენ.
„ქართუ ჯგუფის“ პროექტების ხელმძღვანელი ვახტანგ ცაგარელი აცხადებს, რომ ქვაბულის მშენებლობა დასრულებულია. ამჯერად ადგილზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. სტუდენტების მიღება 2020 წლიდან იგეგმება. ცაგარელის თქმით, პირველ ნაკადად უნივერსიტეტი მათემატიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე რამდენიმე ათას სტუდენტს მიიღებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მედიასთან საუბრისას 2017 წელს განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, აღნიშნავდა, რომ სტუდენტებს 2019 წლის სექტემბრიდან მიიღებდნენ.
რა მომავალი ელის ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსს და რამდენად რეალურია მთავრობის დაპირება ობიექტის შესახებ? _ ამას დრო გვაჩვენებს.

ელექტრომობილების ქარხანა

2020 წელს უკავშირდება მთავრობის კიდევ ერთი გეგმა ქუთაისში. საუბარია ელექტრომობილების ქარხანაზე, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას თქმით ჩინური კომპანია Changan Automobile ააშენებს. ქარხნის წარმადობა წელიწადში 400 ათასი მანქანა იქნება. აქედან 50% ქართულ, ხოლო დანარჩენი ევროპულ ბაზარზე გავა. სად აშენდება ქარხანა? _ ამ და სხვა დეტალებზე, ჯერჯერობით, მთავრობას არ განუცხადებია.

პოლონური ინვესტიცია

კიდევ ერთი ქარხანა ქუთაისში პოლონურმა კომპანია „გემბიაკ მიქსტაცკიმ“ უნდა ააგოს. ქარხანა სამშენებლო და საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საჭირო პროდუქციას გამოუშვებს. აღნიშნულის შესახებ მიმდინარე წელს ბიზნესფორუმზე გახდა ცნობილი. ბიზნესფორუმი 12 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და ვიელპოლსკას რეგიონის განვითარების ფონდის ორგანიზებით ქალაქ პოზნანში გაიმართა.

ქუთაისის პორტი

ზემოთ ხსენებული რეალური პროექტების ფონზე ქუთაისის მომავალს უტოპიური დაპირებებიც არ აკლდა. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ქუთაისელი დეპუტატი, ომარ ნიშნიანიძე, მდინარე რიონის სანაოსნოდ, საპორტოდ გამოყენებასა და ქალაქის მიწისქვეშეთის (მღვიმეები) განვითარებას გეგმავდა. დაპირებიდან ბევრი წელი გავიდა. ერთი კვირის წინ ნიშნიანიძემ გემ „არგოს“ მშენებლობა დაიწყო. ყოფილ დეპუტატსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს სურს, ლეგენდარული მოგზაურის, ტიმ სევერინის მარშრუტი გაიმეოროს და ფოთიდან ჭყვიშში შემოცუროს. ნიშნიანიძე ამბობს, რომ ტურისტები „არგოთი“ მოგზაურობით დაინტერესდებიან.

ქუთაისი _ კულტურის ცენტრი

აბსტრაქტული დაპირებები ქუთაისს არც ამჟამინდელი პრეზიდენტისგან აკლდა. სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებისას აცხადებდა, რომ აუცილებლად დაუბრუნებდა ქალაქს კულტურის დედაქალაქის წოდებას, ხოლო წყალტუბოს საკურორტო მექად აქცევდა. კითხვაზე, _ თუ როგორ განახორციელებდა იგი ამ იდეებს, ამბობდა, რომ არანაირი კონკრეტული გეგმა მას არ გააჩნდა, თუმცა მზად იყო, მოქალაქეებთან ერთად რამე მოეფიქრებინა.

„ოცნების ქალაქი“

პროექტი „ოცნების ქალაქი“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა. პროექტის თანახმად, ქუთაისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტეროტორიაზე, 20 ჰა მიწის ფართობზე, ტურისტული დანიშნულების მინიატურული ქალაქი გაშენდებოდა. ტერიტორია ინვესტორს უსასყიდლოდ გადაეცა. შპს „აია ინტერტაიმენტს“ ადგილზე 270 მილიონი ევროს ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ქუთაისის მერიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, 2016 წელს ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნით, ქუთაისის საკრებულოს #244 განკარგულების საფუძველზე ინვესტორს გადაეცა. შპს „აია ინტერტაიმენტი“ დღესდღეობით საჯარო რეესტრში არ იძებნება, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ, თავის დროზე, ინვესტორის კონკრეტული დაინტერესება არ ყოფილა. „ოცნების ქალაქი“ არ არსებობს, ტერიტორია კი დღემდე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ქუთაისის მერია მიწას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიბრუნებს, თუ გადაცემიდან ხუთი წლის მანძილზე ინვესტორი დაპირებულ პროექტს არ განახორციელებს.

ბონდის ხიდი რიონზე

მდინარე რიონზე წმინდა გიორგის ტაძრისა და ბოტანიკური ბაღის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის აშენების იდეა 2015 წელს ქალაქის მერს _ შოთა მურღულიას გაუჩნდა. ორი წლის შემდეგ მერიამ 30.000-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, თუმცა მაშინ პროექტით არავინ დაინტერესდა. იდეის განხორციელება, სავარაუდოდ, მიმდინარე ან მომდევნო წელს დაიწყება და ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო თანხებიდან დაფინანსდება.

ქუთაისის ისტორიული უბანი

ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას მიერ 2018 წლის დასაწყისში დაანონსებული მასშტაბური პროექტები 2019 წლის ბიუჯეტში ვერ მოხვდა. მათგან ერთ-ერთია ქალაქში რიონის პირას მდებარე, მე-19 საუკუნეში აგებული ხის სახლების რეაბილიტაცია-რესტავრაცია. მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ პროექტი 2020 წლამდე ვერ დაიწყება.
„2019 წელს დაგეგმილია რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოების განხორციელება. ისტორიულ ნაწილში აღდგება სახლები, მოწესრიგდება მდინარის კალაპოტი, სანიაღვრეები, გზები, ბილიკები, განათება. ადგილი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ტურისტებისთვის“, _ ამბობს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი შენგელია.
ისტორიულ, მე-19 საუკუნის სახლებთან ერთად პროექტის ფარგლებში მოხდება დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის რესტავრაციაც. შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. გალერეა 1976 წელს დაარსდა.

ასსაფეხურიანი კიბე

ასსაფეხურიანი კიბე ქუთაისის საბჭთა ისტორიის ნაწილია. კიბის ქვემოთ, მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, რესტორანი „ლეჩხუმი“ მდებარეობდა.
კიბეებს რესტავრაცია 2011 წელს ჩაუტარდა. პროექტის მიხედვით დიზაინში ცვლილება არ შესულა, განახლდა მხოლოდ მოაჯირი, საფეხურები, განათება და მწვანე ზოლი. ახალი პროექტის მიხედვით, რომელიც ქუთაისის მერიამ 2018 წელს წარადგინა, მიმდინარე ტერიტორიაზე პარკი ამფითეატრითა და შადრევნით უნდა მოეწყოს. პროექტისთვის, სავარაუდოდ, ნახევარ მილიონამდე ლარი უნდა დაიხარჯოს. როდის დაიწყება იდეის განხორციელება, ჯერჯერობით, არ კონკრეტდება. ტერიტორია, ამ ეტაპზე, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში პროექტისთვის თანხა არ არის გათვალისწინებული.

შორენა ლაღაძე