გივი ხაჭაპურიძე: „დღეს მთავარი გამოწვევაა, ამომრჩეველმა საკუთარი ძალა იგრძნოს“

2018 წელს გამართულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა ერთგვარად განსაზღვრა ის PR კონტურები, რასაც სამომავლოდ, თუნდაც, შუალედურ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს უნდა ველოდოთ.
ამ თემაზე „ქრონიკა+“ PR საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელ გივი ხაჭაპურიძეს ესაუბრა:

_ გივი ,ინტერვიუ ჩავლილი საპრეზიდენტო არჩევნებით დავიწყოთ: პროფესიული თვალსაზრისით, რა იყო ამ არჩევნების ძირითადი მახასიათებელი?
_ საპრეზიდენტო არჩევნებმა, რომელიც თითქოს უმნიშვნელო იყო, რადგან ახლად არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილებები კიდევ უფრო იკვეცებოდა, დაგვანახა, რომ ყველანაირმა პიარკამპანიამ აზრი დაკარგა. ამომრჩეველს გიორგი მარგველაშვილის არჩევიდან 4 წლის განმავლობაში ესმოდა, თუ რამდენად დაკარგა ამ ინსტიტუტმა თავისი ფუნქცია და მთელი კამპანია მიმართული იყო იმისკენ, რომ ქვეყანას პირდაპირ არჩეული პრეზიდენტი არაფერში სჭირდებოდა.
შესაბამისად, უკვე არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, კამპანიის წამოწყებამ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის პრეზიდენტი იყოს მმართველი გუნდიდან ან მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, ვერ იმუშავა.
_ მხოლოდ ინსტიტუტის დისკრედიტაცია და პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციის ნიველირების მცდელობა იყო თუნდაც პირველ ტურში დამდგარი შედეგის მიზეზი?
_ რა თქმა უნდა, პირველ ტურში მიღებული შედეგები მხოლოდ ამის გამო არ დამდგარა, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მთავარი ოპოზიციური ძალის მხრიდან მოზღვავებულ კამპანიას, ქვეყანაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს ჯერ კიდევ ვერ უმკლავდები, არჩევით თანამდებობაზე მსგავსი მიზანმიმართული შეტევა გაუმართლებელია. იყო ეს მიზანმიმართული თუ სპონტანური კამპანია, სხვა საქმეა, მაგრამ აშკარაა, რომ ამან მმართველი გუნდი დააზარალა. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ძალა და რესურსი ჩადო საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გასამარჯვებლად.
_ რას იტყვი მეორე ტურის თანმდევ PR კამპანიაზე?
_ მეორე ტურს პიარკამპანიის არაფერი უგავდა. აქ სჭარბობდა ნეგატიური კამპანია. ეს იყო კომპრომატების ომი. ნაცვლად იმისა, რომ ამომრჩევლისთვის პოლიტიკურ ძალებს, როგორც ხელისუფლებაში მყოფს, ასევე ოპოზიციას, შეეთავაზებინა ქვეყნის უკეთესი მომავლის ხედვა, თუ როგორ გამოადგებოდა ესა თუ ის კანდიდატი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ქვეყანას, კამპანია პირდაპირ იყო შიშზე ორიენტირებული. ერთი მხრივ, ოპოზიციური კანდიდატი ელექტორატის მოზიდვას ცდილობდა ხელისუფლების დამხობის დასაწყისის მოახლოების მესიჯებით, ხოლო მმართველი გუნდის წარმომადგენლები _ „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის დაბრუნების შესაძლებლობით აშინებდნენ მოსახლეობას. ორივე ძალა საუბრობდა, თუ რამდენად დამღუპველი იქნებოდა ოპონენტის არჩევა და არა ის, თუ რამდენად გამოადგებოდა მათი კანდიდატის გაპრეზიდენტება ქვეყანას.
_ როგორი იყო ამ ყველაფერში თავად კანდიდატების როლი?
_ კამპანიის წარმოება განსაკუთრებით გაართულეს თავად საპრეზიდენტო კანდიდატებმა. უამრავი შეცდომა იყო დაშვებული პიარკამპანიის დროს: გრიგოლ ვაშაძე ციხიდან მერაბიშვილისა და სხვათა გამოშვებას აანონსებდა; დავით ბაქრაძე პენსიონერებს 400-ლარიან პენსიასა და უცხოეთში წასულ არალეგალ ქართველებს უცხოეთშივე დასაქმებას ჰპირდებოდა. სალომე ზურაბიშვილის, როგორც პიროვნების მიმართ, ნეგატივი გაჩნდა მისი ენობრივი და სხვა პრობლემებიდან გამომდინარე. იყო ქალი კანდიდატის პრობლემაც. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ქალი კანდიდატის მხარდაჭერას ქართველი ამომრჩეველი გამორიცხავდა. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევებიდან იკვეთებოდა, რომ საზოგადოება მზად არ იყო ქალი კანდიდატის მხარდასაჭერად.
_ დაპირებებისა და მესიჯების კონტექსტში რამ მიიქცია განსაკუთრებული ყურადღება?
_ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მესიჯებმა პირდაპირ მოახდინა ელექტორატის მობილიზება მათ წინააღმდეგ. რაც შეეხება ბაქრაძეს, რა შუაში იყო საპრეზიდენტო კამპანიის დროს პენსიაზე აპელირება, როდესაც არანაირი ბერკეტი ამისთვის პრეზიდენტს არ გააჩნდა? ეს ცოტა გასაოცარია. ნაცვლად იმისა, რომ დასაქმების პერსპექტივის შექმნის განცდა გაეჩინა ამომრჩეველში, პირიქით, იქ დარჩენას ჰპირდებოდა. ეს რეალობას აცდენილი მესიჯი მახსენებს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სამართლიანობის აღდგენის დაპირებებს ნინო ბურჯანაძის მხრიდან, რომელიც მაშინ გიორგი მარგველაშვილის კონკურენტი იყო. ბუნებრივია, არც მას ექნებოდა რაიმე ბერკეტი სამართლიანობის აღდგენის, მაგრამ მაშინ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის თავზე, საზოგადოება იმედგაცრუებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეული წევრების დაუსჯელობით, ახალი კონსტიტუცია ჯერ ძალაში არ იყო შესული და ამომრჩეველი სრულად ვერ აცნობიერებდა, რომ მომავალ პრეზიდენტს სამართლიანობის აღდგენის საშუალება არ ექნებოდა.
_ რამდენად ესმოდა ამომრჩეველს ახლად არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების შემადგენელი? ანუ იცოდა თუ არა, ვის ირჩევდა, კონკრეტული პასუხისმგებლობისა და მოქმედების არეალის მქონე ინსტიტუტის ხელმძღვანელად?
_ 2018 წელს ჩატარებული კვლევისას გამოიკვეთა, რომ ამომრჩეველი გათვითცნობიერებული იყო პრეზიდენტის უფლებებში და მასში ხედავდა საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს წარმომადგენელს, ერთგვარ მომლაპარაკებელს და, არამცდაარამც, აღმასრულებელი ფუნქციის მატარებელს.
_ ზემოთ, ძირითადად, სამ პერსონაზე შეაჩერე ყურადღება. ჩვენ, რეალურად, უფრო მეტი კანდიდატი გვყავდა.
_ საპრეზიდენტო არჩევნებში წარმოებულმა საინფორმაციო ომმა სხვა კანდიდატებს საშუალება არ მისცა, ამომრჩევლამდე მიეტანათ თავიანთი სათქმელი. სხვა კანდიდატების არსებობა, პრაქტიკულად, შეუმჩნეველი იყო. ნორმალური კამპანიის პირობებში, დარწმუნებული ვარ, გაცილებით მაღალ შედეგს აჩვენებდა, მაგალითად, დავით უსუფაშვილი.
_ არჩევნები არ არის დასრულებული ციკლი. ჩვენთან და ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ერთ არჩვენებს მეორე მოსდევს, მეორეს _ მესამე და მერე ისევ თავიდან გავდივართ წრეზე. რამდენად რეალურია, რომ მომავალში გასამართი არჩევნები მოიშორებს სიძულვილისა და დაპირისპირების მახასიათებლებს?
_ საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებული შედეგებიდან გამომდინარე რეალობა იმდენად რთულია, რომ ძნელი წარმოსადგენია, უახლოეს არჩევნებში პიარკამპანიის რაიმე კლასიკურ, კრეატიულ და მომავალზე ორიენტირებულ კამპანიას ველოდოთ. ელექტორატი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე უკიდურესად პოლარიზებული გახდა, საარჩევნო ორბიტაზე მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოსა“ და „ქართულ ოცნებას“ ხედავს. პრაქტიკულად, ორპოლუსიანობა ჩაბეტონდა და ყველანაირმა პიარკამპანიამ აზრი დაკარგა. დღეს გაცილებით მეტად მუშაობს და მომავალშიც იმუშავებს ამომრჩევლის მობილიზაციაზე იგივე კამპანიის წარმოება, რომელიც ამომრჩეველს ვინმეს წინააღმდეგ დარაზმავს, ნაცვლად იმისა, რომ ამომრჩეველი უკეთესი მომავლისთვის ირაზმებოდეს და მიდიოდეს საარჩევნო ყუთებთან.
_ მიზეზი?
_ მთავარ პოლიტიკურ ძალებს ეს რეალობა აწყობს, თუმცა ყოველი ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა, რომელიც ორივეს წინააღმდეგ აწარმოებს კამპანიას, საბედისწერო იქნება მათთვის. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატისთვის 780 000 ხმა არ არის მისი მყარი ელექტორატი. არც „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის 1 147 000 (მეორე ტურის შედეგებით, _ ავტ.) ხმა ყოფილა მათი გულმხურვალე ამომრჩეველი. ეს რეალობა შეიქმნა პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე. შესაბამისად, როგორც ერთმა, ასევე მეორე მხარემ ძალიან მარტივად შეიძლება დაკარგოს ამომრჩეველი და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მათთვის საბედისწერო აღმოჩნდეს.
_ 2020 წლამდე ჯერ კიდევ საკმარისი დროა, ახლა წინ შუალედური არჩევნებია. რა იქნება მისი მთავარი მახასიათებელი, რა კონტურები იკვეთება?
_ მოახლოებული შუალედური არჩევნები ასევე იქნება პრინციპული ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ. კამპანია გაჯერებული იქნება „იმ 9 წლისა“ და „ამ 7 წლის“ უარყოფითი მხარეებით. ლიდერი საარჩევნო პარტიები და კანდიდატები ელექტორატის მობილიზებას შეეცდებიან ოპონენტის მიმართ შავი პიარკამპანიით და არა იმით, რომ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რამდენად უკეთ გამოადგება კონკრეტულ ქალაქს, როგორც მერი ან როგორც საკრებულოს წევრი. არავინ იქნება ფოკუსირებული პროგრამებსა და ამომრჩევლისთვის უკეთესი მომავლის ხედვის შეთავაზებაზე, არც ამომრჩეველი ელოდება რაიმე განსხვავებულს.
ყველაზე მთავარი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია, რომლის რეპეტიციად არ შეიძლება ჩაითვალოს შუალედური არჩევნები.
_ რატომ?
_ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეცვლის ხელისუფლება და ოპოზიცია იმ კამპანიას, რაც ბოლო პერიოდში დამკვიდრდა, როცა პოლიტიკური ძალები ამომრჩეველს ესაუბრებიან არსებული „ცუდი“ ხელისუფლების დარჩენაზე და „უარესის“ მოსვლით მოსალოდნელ შედეგებზე.
პიარკამპანიის წარმოებისას არსებითად ახალი მეთოდები უნდა შემოვიდეს. ისეთი, როგორიც არის ამომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაცია მომავლის ხედვით და არა წარსულზე აპელირებით, თუ რომელი იყო უფრო ცუდი _ 9 თუ 7. ყველაზე მეტად, რაც პოლიტიკურ ძალებს დღეს აკლიათ, სწორედ პირდაპირი კომუნიკაციის არარსებობაა.
_ ქართულ პოლიტიკურ ველზე, ძირითადი მოთამაშეების გარდა, არიან სხვა პოლიტიკური ძალებიც. როგორია მათი შანსები?
_ თუ დაბალრეიტინგულ პოლიტიკურ ძალებს უნდათ, რომ შედეგი დადონ, აუცილებელია, ამომრჩეველი თავისსავე შესაძლებლობებში დაარწმუნონ. დღეს მთავარი გამოწვევაა, რომ ამომრჩეველმა იგრძნოს მისი, როგორ ამომრჩევლის ძალა და არჩევნების მიმართ არ ჰქონდეს განცდა, „მაინც ის მოიგებს“ ან „მაინც ვერ მოიგებს და რა აზრი აქვს, მივცემ თუ არა ხმას“. პოლიტიკურმა ძალებმა არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების შესაძლებლობის რწმენა უნდა მისცენ მოსახლეობას. წარსულს უნდა ჩაბარდეს „აგიტატორების“ ინსტიტუტი, რომელიც, ხშირად, უარყოფითად მუშაობს. ზოგ შემთხვევებში მცდარია მათ მიერ შეგროვებული ინფორმაციაც. აქ პრობლემა პიროვნებებში არ არის, თავად სისტემაა მოძველებული და შესაცვლელი. ეს ხალხი უნდა იქცეს წარმომადგენლად, რომელსაც ადრესატამდე მიაქვს ამომრჩევლის პრობლემები, ამომრჩეველს პოლიტიკური გუნდისა და ქვეყნის უკეთესი მომავლის ხედვაში უნდა არწმუნებდეს და ამით მოიპოვოს მხარდაჭერა არჩევნებზე.
_ აგიტატორი თუ წარმომადგენელი, ეს გემოვნებისა და ცოდნის, საარჩევნო სტრატეგიისა და ტაქტიკის საკითხია, მე ვიტყოდი, ცოდნისაც. და მაინც, როგორია სამომავლოდ პარტიების მხრიდან ელექტორატის მიმხრობა-გადაბირების რესურსი?
_ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ არჩევნებში წარმატების გაცილებით მეტი იმედი გაუჩნდათ. თუ შევადარებთ 2012 წლის არჩევნებს 2018 წლის არჩევნების შედეგებს, საპარლამენტო არჩევნებზე 2 215 661 ამომრჩეველი მივიდა, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე _ 1 988 787 ამომრჩეველი. ანუ, დაახლოებით, 227 000-მდე ამომრჩევლით ნაკლები. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამომრჩეველთა სიაც 100 000-ით ნაკლები იყო 2012 წლის არჩევნებთან შედარებით. ელექტორატის მობილიზება მაქსიმალურად მოხერხდა, რადგან თუ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი 2012 წელს იყო 1 181 862, 2018 წელს მათმა რიცხვმა 1 147 701 შეადგინა. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოსთან ერთად“, 2012 წელი _ 867 432 და 2018 წელი _ 780 680. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს ერთ კონტექსტში იმიტომ განვიხილავ, რომ ორივე არჩევნები თავისი დატვირთვით მსგავსი იყო. ასეთად აქცია ბოლო არჩევნები თავად მმართველმა პარტიამ. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ითქვას, რომ ორივე პოლიტიკურმა ძალამ თავისი ელექტორალური მაქსიმუმი აჩვენა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. გაზრდა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, 2020 წლის არჩევნები რთული იქნება ყველა მხარისთვის, რაც კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ საარჩევნო კამპანიას ეს ორი ძალა შავი პიარით გააჯერებს.
_ მოსალოდნელი შავი პიარის კონტურები უკვე შეიმჩნევა?
_ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, სავარაუდოდ, ოქტომბერში გაიმართება. ეს დროში ემთხვევა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენიდან 9 წლის თავს. შესაბამისად, ვფიქრობ, უფრო გამძაფრდება 9-წლიანი პერიოდის შეხსენება, როგორც „ქართული ოცნების“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. სწორედ ამ საკრალურ 9-იანზე იქნება აგებული პიარკამპანია და ნეგატიური ხაზი გაგრძელდება. მშვიდი და პოზიტივზე ორიენტირებული პიარკამპანია ამ ორი ძალისთვის წამგებიანი იქნება. არც მისცემენ ამის საშუალებას ერთმანეთს როგორც „ქართული ოცნება“, ასევე „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.
_ ჩვენ ვხედავთ მესამე ძალის შექმნის კონტურებსაც. მათზე რას იტყვი?
_ ახალ რეალობაში შემოდის „დაიცავი საქართველო“, რომელიც ამ ორი ძალის ოპონენტი იქნება და შეეცდება, ელექტორატი წაართვას მას. ბუნებრივია, ეს ძალაც ნეგატიურ პიარკამპანიაზეა ორიენტირებული. ის ხომ „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წამოვიდა და სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემის წინააღმდეგ მებრძოლად აღიქმება საზოგადოებაში. შეძლებენ თუ არა ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილის გადაბირებას, ამაზე რთულია ახლა საუბარი, რადგან ლიდერი ჯერ არ იკვეთება და გამარჯვებისთვის მხოლოდ სასამართლო სისტემის პრობლემის მოგვარების დაპირება არასაკმარისი იქნება, თუმცა სწორი პიარკამპანიის შემთხვევაში გარკვეული ელექტორალური რესურსი აქვს.
სხვა პოლიტიკური ძალების გამოჩენასაც უნდა ველოდოთ და არსებულების გააქტიურებასაც.
_ კონკრეტულად?
_ „გირჩი“, „შენების მოძრაობა“. მათ აქვთ შესაძლებლობა, სწორი პიარკამპანია აწარმოონ და რეალობა შეცვალონ. რა თქმა უნდა, ეს ურთულესი იქნება არსებულ ვითარებაში, მაგრამ თუ მათ უნდათ, რომ ქართულ პოლიტიკაში განსხვავებული სიტყვა თქვან, შეუძლებელი უნდა შეძლონ. „გირჩმა“ თავისი ელექტორატი გამოკვეთა. მათი კამპანია და, ზოგადად, არსებობა პოლიტიკურ ველზე მხოლოდ იმიტომ არის დასაფასებელი, რომ ყველაზე არააქტიური ამომრჩეველი მიიყვანა საარჩევნო ყუთთან.
რაც შეეხება „შენების მოძრაობას“, მათაც აქვთ პოტენციალი, 2020-ში თავისი სიტყვა თქვან, თუ ამ დროისთვის ჩამოყალიბდებიან, როგორც პოლიტიკური გუნდი. ამ ორი ძალის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ და დავით უსუფაშვილმა, შეძლეს და საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, პრაქტიკულად, ხუთეულში მოხვდნენ. მართალია, დაბალი რეიტინგით, თუმცა იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც გვქონდა, ეს შედეგია. ახლა მთავარია, მათ პოლიტიკური გუნდი ჩამოაყალიბონ და ალტერნატივა შექმნან.
_ თუნდაც ამ ორმა ძალამ როგორი კამპანია უნდა აწარმოოს?
_ მათთვის წამგებიანი იქნება აგრესიული და ნეგატიური კამპანიის წარმოება, რადგან ამით ელექტორატის მობილიზებას მხოლოდ ლიდერ პოზიციებზე მყოფი პარტიებისთვის მოახდენენ. გამომდინარე იქიდან, რომ მათ აქვთ მწირი ფინანსური რესურსი და მედიაში ვერ აწარმოებენ აქტიურ კამპანიას, მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსების მაქსიმალური ჩართულობა. ბუნებრივია, მხოლოდ ეს არ წყვეტს არჩევნების ბედს, მაგრამ თვისებრივად განსხვავებული კამპანიის წარმოება, რომელიც ამომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაციით უნდა იყოს დატვირთული, ვფიქრობ, შედეგს გამოიღებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამომრჩეველთან კომუნიკაციის დაწყება არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, უშედეგო იქნება და განწირულია წარუმატებლობისთვის. შედეგის მისაღწევად, ყველა პოლიტიკურ ძალას, მინიმუმ 1-წლიანი აქტიური კომუნიკაცია სჭირდება. ამომრჩეველმა უნდა ირწმუნოს როგორც პოლიტიკური ძალის, ასევე საკუთარი შესაძლებლობების, რომ მას შეუძლია შეცვალოს _ თუკი პრინციპული იქნება და იმ არჩევანს გააკეთებს, რომელიც ყველაზე სწორად მიაჩნია.

კოკა წერეთელი