ირაკლი ცქიტიშვილი: „როგორც ვითარდება სახელმწიფო, ისე ვითარდება მედიაც“

ქართულ მედიაში არსებული ვითარება ხშირად ექცევა საზოგადოების ინტერესის სფეროში. ჩვენ იშვიათად ვისმენთ მედიასაშუალებების ქებას, უფრო ხშირად მათი ძაგების მომსწრენი ვხდებით ხოლმე. პარალელურად, არც კი მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ როგორ ვითარდება ქართული მედია, რა პრობლემები აქვს მას და მეტიც _ რა მიზნები აქვთ კონკრეტულ მედიასაშუალებებს?

ქართულ მედიაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე „ქრონიკა+“ ესაუბრა დამოუკიდებელ ექსპერტ ირაკლი ცქიტიშვილს:

_ ჩვენი საუბარი ქართულ მედიაში არსებული ვითარების ზოგადი შეფასებით დავიწყოთ. რა მდგომარეობაა ქართულ მედიაში?
_ მედია არის ზუსტი ანარეკლი საზოგადოებაში არსებული მოთხოვნილებისა. ყველა ქვეყანაში ის სრულად შეესაბამება მოთხოვნა-მიწოდების ფორმულას. არც საქართველოა გამონაკლისი, რამეთუ ქართული მედია ზუსტად ისეთივეა, როგორიც _ საზოგადოება. თუ არსებობს საზოგადოებაში პოლარიზება _ პოლარიზებულია მედიაც, თუ შუა გაკრიფეს _ იმ შუაში გაიკრიფა მედიაც. ეს არც ცუდია და არც _ კარგი. ეს, უბრალოდ, ფაქტის კონსტატაციაა. რაც უფრო დაბალანსებულია საზოგადოება _ უფრო დაბალანსებულია მედიაც, რაც უფრო განვითარებაზე ორიენტირებულია საზოგადოება _ მედიაც ფეხს უწყობს ამ პროცესებს. კარგად თუ ცუდად, მედიასფერო პირდაპირ ასახავს ქვეყნის მდგომარეობას.
სამწუხაროდ, ძალიან შემცირდა ანალიტიკური მასალები, თუმცა ამასაც აქვს გარკვეული ობიექტური მიზეზები _ ის ადამიანები, რომლებიც ასეთ მასალებს აქვეყნებდნენ, წლების განმავლობაში აღმოჩნდნენ პოლიტიკაში. უამრავი გამოცემა, რომელიც აქვეყნებდა ანალიტიკურ მასალებს ეკონომიკაში, პოლიტიკაში, რაც საკმაოდ წარმატებული პროექტები იყო და ხელს უწყობდა საზოგადოების განვითარებას, უბრალოდ, სხვადასხვა მიზეზით, დაიხურა. პირველ რიგში, ფინანსური მიზეზით.
_ ვაღიაროთ, რომ ტრადიციულ მედიასაშუალებებს მნიშვნელოვანი კონკურენცია გაუწია სოციალურმა ქსელებმა. აქ ბევრი ფიქრისა და განსჯის დრო არ არის, მარტივად იტყვი რაღაცას, მერე ან ტაშს გიკრავენ, ან ჩაგქოლავენ. ერთი მხრივ, კარგია, მეორე მხრივ, ამ მარტივი ნათქვამის განმარტებები და კონტექსტი, ქვეტექსტიც კი, ბევრისთვის გაუგებარია და შეფასებებიც ზედაპირულია. ამაზე რას იტყვი?
_ სოციალურმა ქსელებმა საერთოდ შეცვალა მედიასივრცე. ერთი მხრივ, ის აღმოჩნდა „ბოლის გამოშვების“ ადგილი და პოლიტიკური ქუჩა შეცვალა, მეორე მხრივ, ის გახდა ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო, ერთგვარი „ბირჟა“, სადაც აქტიურად ხდება ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა. რა თქმა უნდა, მედია არ ჩამორჩა ამ სივრცეს და თავადაც აქტიურად იყენებს მას. საკუთარი აზრის მოკლედ გამოთქმისა და ამ აზრზე საზოგადოების მყისიერი რეაგირების შესაძლებლობამ, ფაქტობრად, ჩაანაცვლა დიდი ანალიტიკური მასალების მედიასივრცეში გამოქვეყნების აუცილებლობა. თუ ადრე ექსპერტები და ანალიტიკოსები საკუთარი აზრის მკითხველამდე მისატანად ვრცელ მასალებს წერდნენ, რომ ამა თუ იმ მედიასაშუალებას ის გაევრცელებინა, დღეს მათ ასეთი აუცილებლობა აღარ აქვთ _ მათ თავად შეუძლიათ მიიტანონ საკუთარი აზრი მკითხველამდე და შესაბამისი უკურეაქცია მიიღონ. ამან მედიასაშუალებები უფრო მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე ორიენტირებული გახადა. ხშირად ზოგიერთის ეს მოკლე შეტყობინება ჭორაობის ნაირსახეობას წარმოადგენს, _ იმან ის თქვა, ამან ეს თქვა და რასაც ჰქვია „სიახლე“ _ news, თითქმის გააქრო სივრციდან.
_ ამ კონტექსტში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მეტის მოთხოვნილება არ არსებობს?
_ ეკონომიკაში არსებობს ფორმულა: მოთხოვნა წარმოშობს მიწოდებას. ამავე დროს, არსებობს საპირისპირო ფორმულაც: მიწოდება წარმოშობს მოთხოვნას. ინფორმაცია არის საშუალება, რომ სწორად მიწოდებამ წარმოქმნას მოთხოვნილება და ამას აქტიურად იყენებენ პოლიტიკაში. ინფორმაცია ოდითგანვე იყო იარაღი მასების კონტროლისთვის და ბოლო წლებში ეს ფორმები მეტად დაიხვეწა. აქაც დიდ როლს თამაშობს სწორედ სოციალური ქსელები. როგორც აღვნიშნე, გახდა რა სოციალური ქსელები ერგვარი „ბირჟა“, სწორედ აქ ხდება ძირითადი ინფორმაციების შემოგდება შემდგომი რეაგირების შესასწავლად ან თავზე მოსახვევად. არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ არ არსებობს რომელიმე პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც ამას არ იყენებს. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთს არ ვიცნობ. მაგრამ ყველაზე დიდ მასშტაბებს ამ პროცესმა მიაღწია რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომების ფარგლებში.
_ რუსეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომზე საუბრობს ყველა, თუმცა უმეტესობას არც კი აქვს გააზრებული, რას ნიშნავს ეს ომი _ ჰგონიათ, რომ არანაირი ომი არ არსებობს, რადგან ქვემეხების ხმა არ ესმით. რა არის ჰიბრუდული ომის უმთავრესი იარაღი, იქნებ, ეს განვმარტოთ ჩვენი მკითხველისთვის?
_ ინფორმაცია! ინფორმაციას ჰიბრიდულ ომში წამყვანი როლი უკავია. ინფორმაცია წინ უძღვის ნებისმიერ ქმედებას, შემდეგ ქმედების „სწორად“ წარმოჩენას, დაბოლოს _ შედეგების გამყარებას. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო, ფაქტობრივად, ინფორმაციულ ეპოქაში ცხოვრობს, იგებს ის, ვინც აკონტროლებს ინფორმაციას. უფრო სწორად, ასე იყო ყოველთვის, მაგრამ ბოლო დროს ამ პროცესმა ძალიან მკაფიო, ხისტი ფორმები მიიღო.
_ უფრო რომ დააკონკრეტო…
_ სწორედ რუსული ნოუ-ჰაუა „ტროლების ფაბრიკა“ _ დაქირავებული ხალხი, რომელიც ფულს იღებს მხოლოდ კომენტარების წერაში ყველა იმ თემაზე, რაც რუსულ სახელმწიფო ინტერესებშია. ისინი არიან თითქმის ყველგან _ აკონტროლებენ სოციალურ ქსელებში შესაბამის მიმართულებებს, ონლაინ-გამოცემებში კომენტარების სისტემებს, ფაქტობრივად, უპასუხოდ არ ტოვებენ არც ერთ თემას, რომელიც მათი სახელმწიფოს ინტერესების სფეროში შედის. მარტო ბოლო თვეში სოციალურმა ქსელმა Facebook-მა 2500-მდე რუსული მომხმარებლის გვერდი დაბლოკა, რომელიც ბოტების მეთოდით _ ერთდროულად, ერთიანი მიდგომითა და პრინციპით, ცდილობდა ამა თუ იმ საკითხზე მოეხდინა ზეგავლენა და შეექმნა მომხმარებლებში ესა თუ ის განწყობა. სამწუხაროა, რომ „ტროლების ფაბრიკების“ მეთოდით მუშაობის ნიშნები საქართველოშიც არსებობს.
_ რას გულისხმობ?
_ თითქმის ყველა სახელმწიფო უწყების გვერდებზე შეიძლება მათი შენიშვნა და, ჩემდა გასაკვირად, ზოგიერთი საელჩოს გვერდზე მორიგე ტროლებიც კი შემხვედრია. ასეთი მაგალითის მოყვანა ბევრი შეიძლება: ერთ-ერთ გვერდზე იყო დასმული შეკითხვა, თუ როგორ მოსწონთ თბილისის მერის, კახი კალაძის საქმიანობა? ფრიად საინტერესო გახლდათ კომენტარების კითხვა. ისეთი გრძნობა იყო, თითქოს ერთი ადამიანი წერს ყველა კომენტარს სხვადასხვა სახელსა და გვარს ამოფარებული _ ისე ჰგავდა ყველა კომენტარი ერთმანეთს. ტროლების მუშაობა ეჭვგარეშეა.
_ ტროლებისა და ბოტების გარდა არსებობს უამრავი სხვა მეთოდი, რომელსაც ნაკლები ყურადღება ეთმობა. ამაზე რას იტყოდი?
_ ბოლო დროს შეიმჩნევა ახალ-ახალი ვებგვერდების შექმნის ტენდენცია. ყველა მათგანი პირველი დღიდან ცდილობს, რაიმე სკანდალური მასალა დაბეჭდოს, რომ მალე გავრცელდეს ქსელებში და პოპულარული გახდეს. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ამ ვებგვერდებს მედიის ნიშანწყალი არ აქვს და შექმნილია ტყუილის, ე. წ. ფეიკების გასავრცელებლად, მაგრამ ეს ერთი შეხედვა იმათთვისაა საკმარისი, ვინც ერკვევა ამ საკითხებში, მასისთვის კი ეს სკანდალი მორიგი საშუალება ხდება, რამეზე წაიხითხითოს, შხამი გადმოანთხიოს ან სიბრძნეები გააზიაროს ისე, რომ ერთი წამითაც არ უშვებს, რომ შეიძლება ტყუილი იყოს. უფრო საშიში ამ შემთხვევაში კი ისაა, როდესაც უკვე დიდი ხნის განმავლობაში მომუშავე მედიასაშუალება, რომლის მიმართაც საზოგადოების ნაწილს გარკვეული ნდობა ჩამოუყალიბდა, ასეთ ინფორმაციას გადაუმოწმებლად ავრცელებს, და უფრო ხელს უწყობს იმ ვიგინდარებს მიზნების მიღწევაში, ვინც ეს ტყუილი ინფორმაცია შემოაგდო.
_ ამ ფონზე განსაკუთრებით საშიშებად მიმაჩნია ჩვენი „სასარგებლო იდიოტები“, რომლებიც სრულიად უანგაროდ დგანან მოწინააღმდეგის მხარეს და ამას ვერც კი იაზრებენ. მათზე რას იტყვი?
_ ვაღიაროთ, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ინფორმაციის შემოგდების დიდოსტატები არიან, ხოლო საქართველოს საზოგადოება, რომელიც ხშირად ტყუილს უფრო ადვილად იჯერებს, ვიდრე _ მართალს, ამ რუსული ექსპერიმენტების მშვენიერი შემსრულებლები. განსაკუთრებით კი ხაზს გავუსვამდი იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც საკუთარი მედიასივრცის შესავსებად ხშირად თარგმნიან რუსული გამოცემების ინფორმაციას ისე, რომ არ უკვირდებიან მათ შინაარსს, მიზანს, ხშირად კი მათსავე ტერმინოლოგიებს იყენებენ და ამით „სასარგებლო იდიოტის“ როლს ირგებენ. აქვე აღვნიშნავ ქართულ მედიასაშუალებებში საკმაოდ ხშირ შემთხვევას, როდესაც კონფლიქტებთან მიმართებით გამოყენებული ტერმინოლოგიის საერთოდ არ გაეგებათ და რუსული კალკით აღწერენ სიტუაციებს. ბოლო დროს ყველაზე გახშირებული ტერმინი იყო „რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავების“ შესახებ. უნდა გვესმოდეს, რომ რუსი სამხედროები ქართულ რეალობაში არიან რუსი ოკუპანტები, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ნებისმიერი დაკავება საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს კანონმდებლობით არის „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ ან, უბრალოდ, მოტაცება. და კიდევ ერთი მაგალითი: ტერმინ „სამხრეთ ოსეთის“ გამოყენება. ასეთი ტერმინი მსოფლიოში იურიდიულად მას შემდეგ არ არსებობს, რაც 1990 წლის 22 დეკემბერს საქართველოს უზენაესმა საბჭომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გააუქმა. ამ ტერმინის გამოყენება ნებისმიერ დონეზე, თუნდაც, იმ მოტივით, რომ დასავლეთი ამ კონფლიქტს უკვე იცნობს, როგორც „კონფლიქტს სამხრეთ ოსეთში“, არის სრულიად გაუმართლებელი, მით უმეტეს, თუ ამ ტერმინის დაფიქსირებას ვაგრძელებთ ოფიციალურ დოკუმენტებში. მაგრამ მედიის როლი არ არის ყველაფერში ხელისუფლებისთვის თავის ქნევა _ არამედ მითითება იმ არასწორ საქციელზე, რასაც ის სჩადის, მაგრამ ამისთვის, ყველაზე მცირე, თავად ჟურნალისტებს უნდა ესმოდეთ, რაზეა საუბარი და რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს.
_ ჟურნალისტები ახსენე და ისიც ვაღიაროთ, რომ ბევრი მათგანის უკიდეგანო თავდადების მიუხედავად, აშკარა და თვალნათელია არაპროფესიონალიზმი და თემების სიღრმისეული გაუაზრებლობა, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს წარმოსაჩენ პრობლემას, თემას და ხშირად ტოვებს პასუხგაუცემელ კითხვებს.
_ და რადგან ჟურნალისტების ხარისხს შევეხეთ, აქ უნდა აღვნიშნო, რომ არც ისე ბევრია ისეთი ჟურნალისტი, რომელიც გასაშუქებელ საკითხებს პროფესიონალურად უდგება და თემას ღრმად და ყოვლისმომცველად სწავლობს. ძირითადად ცდილობენ, მოკლე ინფორმაციით შემოიფარგლონ, სწრაფად გამოუშვან რაიმე ახალი ამბავი და ხელფასი აიღონ. იმისთვის, რომ მედიამ პროფესიონალურ დონეზე იფუნქციონიროს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ამ მედიასაშუალების გამომცემლების დამოკიდებულება, ინტერესები და მიზნები. მსოფლიოში დამოუკიდებელი მედია, ერთი მხრივ, არის ბიზნესი, და, მეორე მხრივ, _ ხელისუფლების მაკონტროლებელი ორგანო, მეოთხე ხელისუფლება, როგორც მას უწოდებენ. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რა მიზანი ამოძრავებს გამომცემელს, მედიასაშუალების მფლობელს, რის საფუძველზე იკრებს ის ჟურნალისტებს და რა ჩარჩოებს უდგენს მათ სამუშაოდ. სრული თავისუფლება არ არსებობს, შეუძლებელია, გამომცემელს ერთი მიზანი ამოძრავებდეს, ხოლო მისი ჟურნალისტი ამ მიზნის საწინააღმდეგოდ მუშაობდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას ასე სურს და ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლებას იყენებს.
_ მაგრამ რეალობაში ასე იშვიათად ხება ხოლმე…
_ დიახ, რეალობაში ასე არ ხდება. ყველაზე კარგად მუშაობს ის მედიასაშუალება, რომელიც იდეაზეა დაფუძნებელი და ამ იდეის ირგვლივ არიან გაერთიანებულები როგორც გამომცემელი, ისე ჟურნალისტები. ეს ერთიანობა აუცილებლად გადაეცემა მკითხველსაც და იდეის გამზიარებელი მკითხველიც ხდება ამ მედიასაშუალების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა. ის მედია, რომელიც ერთწუთიან მოგებაზეა ორიენტირებული და შეუძლია, პოზიცია იმის მიხედვით შეიცვალოს, თუ საით უბერავს ქარი, ვერასოდეს გაასწრებს იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც გარკვეულ იდეას ემსახურებიან.
_ ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხსაც შევეხოთ და ვაღიაროთ, რომ მედიის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ფინანსები. ამ მხრივ როგორია შენი შეფასებები?
_ დამოუკიდებელი მედიასაშუალებების განვითარება პირდაპირ არის დამოკიდებული ფინანსურ შესაძლებლობებზე. რა თქმა უნდა, ჯგუფმა შეიძლება იდეაზე გარკვეული პერიოდი იმუშაოს, მაგრამ ოდესღაც აუცილებლად წამოიწევს პირველ პლანზე ფინანსური საკითხი. და სწორედ აქ არის გამომცემლების უდიდესი პასუხისმგებლობა _ თავად იყოს დამოუკიდებელი, რათა არ მოახდინოს თავისუფალი მედიის აზრის უზურპირება და შემკვეთის პოლიტიკურ სამსახურში არ ჩააყენოს გამოცემა. როგორც უკვე აღვნიშნე, მედია არის ბიზნესი. დიდ ქვეყნებში _ საკმაოდ დიდი ბიზნესი. იმიჯი და სანდოობა გადამწყვეტია, რათა მომხმარებელი გაიმრავლოს, მეტი თანხა მოიზიდოს რეკლამებისა თუ სხვა სახით. და რადგან ის მაინც ბიზნესია _ ბიზნესის წარმოების ნებისმიერი კანონიერი ფორმა შეიძლება იყოს მისაღები მისი ფუნქციონირებისთვის. მაგრამ იმიჯისა და სანდოობის დამკვიდრებას დიდი დრო სჭირდება. მხოლოდ მრავალი წლის განმავლობაში მომუშავე სანდო საინფორმაციო საშუალებებს აქვს თავისუფალ გარემოში სახსრების მოზიდვის საშუალება. სამწუხაროდ, საქართველოს პირობებში ამ კუთხით საკმაოდ ბევრი პრობლემაა.
_ იქნებ, ამ პრობლემებსაც შევეხოთ…
_ პირველი: გარემო პოლიტიკით არის შეზღუდული, რომლის ფარგლებშიც ბიზნესი თავისუფალი იქნება, სახსრები ჩადოს იმ მედიასაშუალებაში, რომელშიც მას უნდა. ის მედიასაშუალება, რომელიც უფრო ახლოსაა ხელისუფლებასთან, მეტ სახსარს იზიდავს, ვიდრე ის, რომელიც თავისუფალია და დამოუკიდებელი. თავისუფალი სამყაროსთვის პარადოქსია, მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვართ თავისუფალი სამყარო. ჩვენ ჯერ კიდევ გვიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ ესა თუ ის მედიასაშუალება გადაურჩეს პოლიტიკურ ზეწოლას; მეორე: ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ბიზნესმენთა კასტა, რომელიც გარკვეულ სახსრებს დებს სახელისუფლებო პარტიის ხაზინაში და შემდგომ, „შემთხვევით“, საკმაოდ მსუყე შეკვეთებს იღებს და ტენდერებს იგებს. მათ არ სჭირდებათ რეკლამა, ისინი კონკურენციის გარეშე არიან, შესაბამისად, უკონკურენციო გარემოში არ არსებობს რეკლამის განთავსების საჭიროება; მესამე: იმისთვის, რომ მედიასაშუალებამ აიმაღლოს იმიჯი და ნდობა მოიპოვოს, საჭიროა, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურებას ჰპოვებდეს. კარგია, როდესაც თავად გამოცემა დოკუმენტურად ასაბუთებს ყველაფერს, მაგრამ თუ მის მიერ დაბეჭდილ სკანდალურ ინფორმაციას რეაგირება არ მოჰყვება ან მოჰყვება, მაგრამ ისე გადაწყდება, როგორც ეს ხელისუფალს უნდა მარტო იმიტომ, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლს სრულიად ის ფლობს, სანდოობის დამკვიდრების შესაძლებლობა მკვეთრად მცირდება. ამიტომაც, როგორც თავში ვთქვი, მედია არის საზოგადოების ანარეკლი _ როგორც ვითარდება სახელმწიფო, ისე ვითარდება მედიაც და ის ყოველთვის პასუხობს იმ მოთხოვნილებას, რაც ყოველ კონკრეტულ პერიოდში არსებობს საზოგადოებაში.

გეგა სილაგავა